საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/466 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ბესიკ ლოლაძე, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 23 დეკემბერი 2009 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
კონსტანტინე ვარძელაშვილი - წევრი;
ქეთევან ერემაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
ბესიკ ლოლაძე – წევრი;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის სიტყვების “საქართველოში მცხოვრებ” და “საქართველოს” (რომელიც გრძელდება სიტყვებით “იურიდიულ პირებს”) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 5 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის№466) მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით გადაეცა 2008 წლის 9 დეკემბერს. განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2009 წლის 26 თებერვალს. საქმე არსებითად განსახილველად მიღებულ იქნა 2009 წლის 27 თებერვლის №1/1/466 საოქმო ჩანაწერით.
2. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი, “სახალხო დამცველის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტი და “საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. №466 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის სადავო დებულებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს. კერძოდ, დასახელებული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში მცხოვრებ სხვა ფიზიკურ პირებს და საქართველოს იურიდიულ პირებს. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმის მიხედვით, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება არა აქვთ: ფიზიკურ პირებს, თუ ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები და იმავდროულად, არ ცხოვრობენ საქართველოში, აგრეთვე იურიდიულ პირებს, თუ ისინი არ არიან რეგისტრირებული საქართველოში.
4. მოსარჩელე მიუთითებს სადავო ნორმის გამოყენების შესაბამის პრაქტიკაზეც, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 6 აპრილის №1/7/281 განჩინებაზე, რომლითაც საფრანგეთის ორ მოქალაქეს, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, უარი ეთქვათ მათი კონსტიტუციური სარჩელის განხილვაზე იმ მიზეზით, რომ ისინი არ ცხოვრობდნენ საქართველოში. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცებით, მათ ვერ დაიცვეს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული საკუთრების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ მათი საკუთრება საქართველოში არსებობდა და ისინი ექცეოდნენ საქართველოს იურისდიქციის ქვეშ.
5. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს ყველა ადამიანის უფლებას, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მოსარჩელის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის ეს ნორმა სახელმწიფოს ავალდებულებს, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება უზრუნველყოს ყველა იმ პირისათვის, რომელიც მისი იურისდიქციის ქვეშ ექცევა. საქართველოს იურისდიქციის ქვეშ კი შეიძლება მოექცნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი საქართველოში.
6. მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციაში მითითებული უფლებები და თავისუფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზეც. მოსარჩელე სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას ზუსტად ასეთ უფლებათა რიგს მიაკუთვნებს. სახალხო დამცველის აზრით, იურიდიულ პირებს, მათი რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად, უნდა ჰქონდეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, თუ ისინი ექცევიან საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში განმარტებულია, რომ სიტყვები: “საქართველოს იურიდიული პირი” “საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის” იდენტური შინაარსის მატარებელია.
7. საქართველოს სახალხო დამცველი ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველ მუხლზე, რომელიც ავალდებულებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, მათი იურისდიქციის ქვეშ მოქცეული ყველა პირისთვის უზრუნველყონ კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დაცვა. ამასთან კონვენციის მე-16 მუხლი ითვალისწინებს, რომ უცხო ქვეყნის პირებს შეიძლება დაუწესდეთ შეზღუდვები კონვენციის გარკვეული უფლებებით სარგებლობაზე, თუმცა ეს არ ვრცელდება კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლებაზე.
8. მოსარჩელე მტკიცებულებად იშველიებს საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით, ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას იხილავს “პირის” სარჩელის საფუძველზე.
9.საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიჩნია, რომ განსახილველი საქმე წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების იშვიათ და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას, რადგან სასამართლომ უნდა განმარტოს სახელმწიფოს იურისდიქციის განხორციელების ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქციის დიაპაზონი საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით. ამ საკითხის სრულყოფილი გადაწყვეტა კი მოითხოვს კონსტიტუციის არაერთი ნორმის ერთობლივ, სისტემურ განმარტებას. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქციის ფარგლების განმარტება, თავისთავად, მოითხოვს შემდეგ საკითხზე პასუხის გაცემასაც: საქართველოში არმცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, ისევე როგორც უცხო ქვეყნის იურიდიული პირები, შეიძლება თუ არა იყვნენ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლებების სუბიექტები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი კომპეტენციის კონსტიტუციით განსაზღვრული ფარგლების დადგენას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2009 წლის 4 დეკემბრის №1/1/466 განჩინებით საქმე გადასცა პლენუმს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა, საქმის პლენუმზე არსებითად განხილვის საკითხის გადაწყვეტის თაობაზე, ჩატარდა 2009 წლის 23 დეკემბერს.
II
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა შეაფასა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2009 წლის 4 დეკემბრის #1/1/466 განჩინებით გათვალისწინებული არგუმენტები და მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე ნამდვილად წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების იშვიათ და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას. შესაბამისად, არსებობს “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმის პლენუმის მიერ განხილვის საფუძველი.
III
ხელმძღვანელობს რა “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით, 212 მუხლის მე-4 პუნქტით, 43-ე მუხლის 52 და მე-8 პუნქტებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს №466 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად;
2. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება ,,საქართვლოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
3. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. საოქმო ჩანაწერის ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი – სხდომის თავმჯდომარე
კონსტანტინე ვარძელაშვილი - წევრი
ქეთევან ერემაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე
მაია კოპალეიშვილი – წევრი
ბესიკ ლოლაძე – წევრი
ოთარ სიჭინავა – წევრი
ლალი ფაფიაშვილი – წევრი
ასლი დედანთან სწორია
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი ქეთევან ერემაძე