ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი, ირმა ჯანაშვილი, ასევე საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/2/531 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ვახტანგ გვარამია, გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 10 აპრილი 2013 |
პლენუმის შემადგენლობა:
1. გიორგი პაპუაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
2. ვახტანგ გვარამია – წევრი;
3. ქეთევან ერემაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
4. კონსტანტინე ვარძელაშვილი – წევრი;
5. ზაზა თავაძე – წევრი;
6. მაია კოპალეიშვილი - წევრი;
7. ოთარ სიჭინავა – წევრი;
8. ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
9. თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი, ირმა ჯანაშვილი, ასევე საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 6 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №531) მიმართეს ისრაელის მოქალაქეებმა - თამაზ ჯანაშვილმა, ნანა ჯანაშვილმა, ირმა ჯანაშვილმა, ასევე საქართველოს მოქალაქეებმა - გიორგი წაქაძემ და ვახტანგ ლორიამ. №531 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2012 წლის 11 ივნისს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2013 წლის 4 აპრილს.
3. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ" ქვეპუნქტი, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე" ქვეპუნქტი, 31–ე მუხლი, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტი, "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტი.
4. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელეები - თამაზ, ნანა და ირმა ჯანაშვილები 2000 წლამდე ცხოვრობდნენ საქართველოში, ქ. ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №88 მდებარე, საჯარო რეესტრში მათ საკუთრებაში დარეგისტრირებულ სახლში. მოსარჩელეები 1999-2001 წლებში საცხოვრებლად გადავიდნენ ისრაელში. 2010 წელს მოსარჩელეებმა შეიტყვეს, რომ მათ საკუთრებაში არსებული სახლი 2005 წლის 10 მარტის №3-57 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ჩამოერთვა სოლომონ ბაკურიძეს, ხოლო მესაკუთრე ჯანაშვილებიდან ს. ბაკურიძეზე ამ ქონების საკუთრებაში გადასვლის ფაქტი არ დასტურდება. აღნიშნული ქონება გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში და მის მესაკუთრედ 2010 წლის 16 თებერვალს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. 2011 წლის 10 თებერვალს მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს ქალაქ ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს მათ საკუთრებაში არსებული ქონების სოლომონ ბაკურიძისთვის ჩამორთმევის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ, სადავო ნორმაზე დაყრდნობით, მოსარჩელეებს უარი უთხრა განცხადების მიღებაზე, ვინაიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასული იყო 5 წელზე მეტი.
7. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა, რაც უკავშირდება სამოქალაქო დავაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანისთვის დაწესებულ 5 წლიან ვადას, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლებისა და 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვას. მისი აზრით, სადავო ნორმის საფუძველზე, შესაძლებელია, სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს პირის საკუთრების უფლების ხელყოფა ისე, რომ თავად მესაკუთრემ არაფერი იცოდეს ამის შესახებ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მან ხუთი წლის განმავლობაში ვერ შეიტყო ამის თაობაზე, იგი მოკლებულია შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს და მისი მეშვეობით დაიცვას საკუთარი უფლებები.
8. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ გარკვეული პროცესუალური ვადების არსებობა თავისთავად არ იწვევს კონსტიტუციური უფლების დარღვევას, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, პრობლემატურია კონკრეტული სადავო ნორმით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადა, რომელიც არაგონივრულია და პირის კონსტიტუციური უფლებების დარღვევის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საკუთრების კონსტიტუციური უფლება არ გულისხმობს მესაკუთრის ვალდებულებას, უწყვეტად ფლობდეს თავის ქონებას. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, შესაძლებელია, 5 წლის განმავლობაში მან ვერ შეიტყოს, თუ რა სამართლებრივი სტატუსი შეიძინა მისმა საკუთრებამ და ეს არ უნდა გახდეს საკუთრების უფლების დარღვევის საფუძველი. ამასთან, მოსარჩელის მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა უძრავ ნივთებთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანისთვის გაიზრდება 10 წლამდე, სადავო ნორმას კონსტიტუციურობის პრობლემა არ ექნება.
9. მოსარჩელე ასევე მიიჩნევს, რომ განსხვავებული სიტუაციაა, როდესაც ხანდაზმულობის ვადა მოქმედებს კონკრეტული სასამართლო დავის მონაწილე მხარეებისთვის. ამ შემთხვევაში, პროცესში მონაწილე მხარეთათვის ცნობილია სასამართლოში მათ უფლებებთან და თავისუფლებებთან დაკავშირებით საქმის წარმოების ვადების თაობაზე. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პირი არ წარმოადგენს კონკრეტული სასამართლო დავის მონაწილე მხარეს, მეტიც, არაფერი იცის კონკრეტული დავის და სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის, შესაბამისად, სათანადო საპროცესო ვადების შესახებ, სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა მასზე საერთოდ არ უნდა ვრცელდებოდეს.
10. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ იგივე სადავო ნორმასთან დაკავშირებით მსგავსი მოთხოვნის შემცველი სარჩელი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო 2003 წლის 30 აპრილს. მოსარჩელე მხარის აზრით, მოცემული დავის ფარგლებში, იგი სადავოდ ხდის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან, არამედ ასევე 21-ე მუხლთან მიმართებით. შესაბამისად, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სარჩელი მიღებულ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად და არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
11. მოსარჩელე მხარე დამატებით მიუთითებს, რომ კონსტიტუციური სარჩელი ეხება საქართველოს კონსტიტუციის განმარტების და გამოყენების განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას. კერძოდ, მისი აზრით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით არ არის გათვალისწინებული სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის საფუძვლები. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქმე უნდა გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
12. მოსარჩელე მხარე თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით იშველიებს საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკას, ასევე საერთაშორისო აქტების შესაბამის დებულებებს.
13. №531 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დაადგინა, რომ განსახილველი საქმე წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების იშვიათ და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას. კერძოდ, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე გარემოებაზე: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით უკვე იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი. საკონსტიტუციო სასამართლომ 2003 წლის 30 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლითაც არ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი და მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილი შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს. ასევე საკონსტიტუციო სასამართლომ, 2009 წლის 6 მაისის №2/4/470 განჩინებით, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თარხუჯ ჯავახიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღო არსებითად განსახილველად იმ მოტივით, რომ აღნიშნულ საქმეში, მსგავსად №161 კონსტიტუციური სარჩელისა, დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, რაც უკვე იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი და მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება.
14. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და განჩინებაში მოსარჩელეებად დასახელებულნი იყვნენ პირები, რომლებიც, როგორც მხარეები (№161 კონსტიტუციური სარჩელი) და მესამე პირი (№470 კონსტიტუციური სარჩელი), უშუალოდ მონაწილეობდნენ იმ სასამართლო განხილვაში, რომლის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების გადახედვასაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ითხოვდნენ. №531 კონსტიტუციურ სარჩელში კი მოსარჩელეებად დასახელებულნი არიან პირები, რომლებსაც საერთოდ არ მიუღიათ სასამართლო განხილვაში რაიმე ფორმით მონაწილეობა და არაფერი იცოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. შესაბამისად, ისინი საერთო სასამართლოებში დავისას ითხოვდნენ ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით („კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ... პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე“), რაზეც მათ უარი ეთქვათ ზუსტად სადავო ნორმით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. მაშასადამე, გაირკვა, რომ N531 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელეები განსხვავდებიან N161 და N470 კონსტიტუციური სარჩელების ავტორებისაგან (მოსარჩელეებისგან), რადგან ისინი არ წარმოადგენდნენ საერთო სასამართლოში წარმოებულ კონკრეტულ დავებზე მხარეს ან პროცესში მონაწილე დაინტერესებულ პირს.
15. იმავდროულად, სასამართლო კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებაზე: საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2003 წლის 30 აპრილის N1/3/161 გადაწყვეტილების მიღების დროისთვის მოქმედებდა განსხვავებული საკანონმდებლო რეგულაციები. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, დაინტერესებული მხარის განცხადებით, შეიძლებოდა ბათილად ყოფილიყო ცნობილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად, უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ან ერთ-ერთი მხარე ან, თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდებოდა, ასეთი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში. „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2006 წლის 13 ივლისის N3435 - რს საქართველოს კანონის მიხედვით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდა სხვა რედაქციით და დაემატა „გ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. მაშასადამე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ №1/3/161 გადაწყვეტილების მიღების დროს არსებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის და, შესაბამისად, ამავე კანონის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსი განსხვავდებოდა №531 კონსტიტუციურ სარჩელში გასაჩივრებული დებულების შინაარსისაგან, რამაც საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას მისცა ვარაუდის შესაძლებლობა, რომ N161 კონსტიტუციურ სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებისას ხანდაზმულობის ვადების კონსტიტუციურობის შეფასება მოხდა მხოლოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის კონტექსტში. ამავე გარემოებაზე მიუთითებდა ის ფაქტიც, რომ თავად მოსარჩელეც, როგორც უკვე აღინიშნა, საერთო სასამართლოში განხილული დავის მხარეს წარმოადგენდა. საკონსტიტუციო სასამართლო კი შეზღუდული იყო სადავო ნორმით მოსარჩელის უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობის შეფასებით.
16. რაც შეეხება N470-ე კონსტიტუციურ სარჩელს, აქ მოსარჩელე, სადავო ნორმის მიზნებისთვის, წარმოადგენდა დაინტერესებულ პირს (და არა მხარეს), ამასთან, მისი სამართლებრივი მდგომარეობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით უკვე განსაზღვრული იყო (2006 წლის 13 ივლისის ცვლილებების შედეგად) და მასზე ვრცელდებოდა სადავო ნორმით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. თუმცა ნიშანდობლივია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე არსებითად განსახილველად არ მიიღო იმ მოტივით, რომ ეს საკითხი მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა 2003 წლის გადაწყვეტილებით. როგორც უკვე აღინიშნა, N161 და N470 სარჩელის ავტორები განსხვავებული სამართლებივი სტატუსით სარგებლობდნენ, ისევე როგორც განსხვავდებოდა ამ საქმისთვის რელევანტური კანონმდებლობა. ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლომ 2013 წლის 4 აპრილის განჩინებით N1-3/2/531 აღნიშნა, რომ, ერთი მხრივ, არსებობს საკმარისი საფუძველი იმის მტკიცებისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 2003 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში სადავო ნორმით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები შეაფასა მხოლოდ, საერთო სასამართლოში წარმოებულ დავაზე, მხარის კონტექსტში და გადაწყვეტილი არა აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის საკითხი, იმ ნორმატიული შინაარსის ფარგლებში, რომელიც №531 სარჩელში სადავოდ არის გამხდარი. თუმცა, იმავდროულად N470 სარჩელზე მიღებული განჩინება იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ხანდაზმულობის ვადების კონსტიტუციურობაზე გადაწყვეტილება ეხება არა მხოლოდ მხარეებს, არამედ მესამე პირებსაც.
17. მაშასადამე, საბოლოო ჯამში, სასამართლო კოლეგიამ, 2013 წლის 4 აპრილის განჩინებაში N1-3/2/531 ყურადღება გაამახვილა შემდეგ მნიშვნელოვან გარემოებებზე: ა) საკონსტიტუციო სასამართლოს არსებული პრაქტიკა არ იძლევა იმის სრულად გამორიცხვის საფუძველს, რომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას სასამართლომ გაითვალისწინა დაინტერესებულ პირებზე ხანდაზმულობის ვადების გავრცელების კონტექსტიც. ბ)ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო კოლეგია ერთანხმება 2003 წლის გადაწყვეტილებას ხანდაზმულობის ვადების მხარეებზე გავრცელების ნაწილში, კოლეგიის აზრით, დამატებით, სპეციალურ შეფასებას მოითხოვს ამ ინსტიტუტის კონსტიტუციურობა დაინტერესებულ პირებზე (რომლებსაც საქმის განხილვაში მონაწილოება არ მიუღიათ) გავრცელების თვალსაზრისით. გ) მოცემული დავის ფარგლებში, სასამართლომ უნდა იმსჯელოს და დაადგინოს გონივრული ბალანსი ორ უმნიშვნელოვანეს ინტერესს შორის. კერძოდ: ერთი მხრივ, არის სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა, რომელიც წარმოადგენს მყარი სამოქალაქო ბრუნვის გარანტიას, ორიენტირებულია სასამართლოს გადაწყვეტილების შეუქცევადობის, სტაბილური სამართლებრივი ურთიერთობების და, საბოლოო ჯამში, სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციური პრინციპის, როგორც მნიშვნელოვანი საჯარო მიზნის უზრუნველყოფაზე. ხოლო, მეორე მხრივ, ამ ინტერესის საპირწონეს წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობის უზრუნველყოფის ვალდებულება. კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს, ის როგორც ინსტრუმენტული უფლება ადამიანის უფლებათა დაცვის უმთავრეს კონსტიტუციურ გარანტიას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება ეთმობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შინაარსისა და ფარგლების განმარტებას, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სასამართლო ამჯერადაც დგას საქართველოს კონსტიტუციის ამ მუხლის განმარტების მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე (განსახილველი საქმე წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას). კერძოდ: ხანდაზმულობის ვადები, ზოგადად, წარმოადგენს თავად სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელ პროცესუალურ კომპონენტს და ამავე უფლებით სარგებლობის მნიშვნელოვან გარანტიას, თუმცა, ამასთან აუცილებელია ამ ინსტიტუტის ადეკვატური, ფრთხილი და გონივრული ნორმატიული მოწესრიგება, რადგან ის იმავდროულად არ გახდეს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფუძველი.
18. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2013 წლის 4 აპრილის განჩინებით №1–3/2/531 საქმე გადასცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
19. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა, №531 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2013 წლის 10 აპრილს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1.№531 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგნად მითითებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2.,,კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; 2011 წლის 13 მაისის N1/1/500 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე რევაზ ჩაგუნავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426–ე მუხლის მე–4 ნაწილის სადავო ნორმის შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლთან.
3.პლენუმი მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელის მიერ როგორც სადავო ნორმის შინაარსის, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლების შინაარსისა და ფარგლების მცდარ აღქმას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426–ე მუხლის მე–4 ნაწილი არეგულირებს სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ვადებთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, განსაზღვრავს დროის იმ მონაკვეთს, 5 წელს, რომლის განმავლობაშიც პირს აქვს შესაძლებლობა, მოახდინოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადახედვის ინიცირება, თუკი იგი თვლის, რომ ეს უკანასკნელი არღვევს მის ამა თუ იმ უფლებას (და არა მხოლოდ საკუთრების უფლებას). მაშასადამე, სადავო ნორმა ემსახურება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების ერთ-ერთი უფლებრივი კომპონენტის პროცედურულ მოწესრიგებას, ანუ ახდენს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეგლამენტაციას. სადავო ნორმის შემოღების მიზანს და რეგულირების უშუალო სფეროს არ განეკუთვნება საკუთრებით-სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება. შესაბამისად, სადავო ნორმას არა აქვს შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან, რომელიც თავის მხრივ საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების უფლებას, ასევე საკუთრების უფლების შეზღუდვასა და საკუთრების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ საკითხებს განამტკიცებს.
4.საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ კონსტიტუციის 42–ე მუხლი ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც უზრუნველყოფს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლოს მეშვეობით დაცვას. კერძოდ: „აღნიშნულ ნორმას დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს. ის ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის 1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). “სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის ... უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც ... წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას...” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის 1/3/421, 422 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”). მაშასადამე, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც ინსტრუმენტული უფლება, არის სხვა უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობა, გარანტია.
5.ცხადია, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის უშუალო შედეგი შეიძლება იყოს საკუთრების, თავისუფლების, თანასწორობის და ნებისმიერი სხვა უფლების დარღვევა. მაგრამ ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების ცალკეული უფლებრივი კომპონენტების მარეგლამენტირებელი ნორმები, კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, იმავდროულად, შეფასებადია ყველა იმ უფლებასთან, რომელთა დასაცავადაც პირი სასამართლოსადმი მიმართვის საჭიროების წინაშე დგება. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმა არეგულირებს რა სასამართლოსადმი მიმართვის უფლების რეალიზაციის ერთ-ერთ პროცესუალურ გარანტიას, ის შეიძლება წარმოადგენდეს როგორც საკუთრების, ისე მთელი რიგი სხვა უფლებების სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, ამიტომ ეს არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ ის იმავდროულად შემხებლობაშია საკუთრების უფლებასთან, რომლის დასაცავადაც პირი საჭიროებს ამ ნორმის გამოყენებას.
6.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არმიღების “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა” ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
7.№531 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეებად დასახელებულნი არიან საქართველოს მოქალაქეები – გიორგი წაქაძე და ვახტანგ ლორია. ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მიხედვით, „საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ ... საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. შესაბამისად, მოქალაქეებს შეუძლიათ მხოლოდ საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. კონსტიტუციური სარჩელის, ისევე როგორც მასზე თანდართული მასალის ანალიზის შედეგად არ ირკვევა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, აღნიშნულ პირებს დაერღვათ ან შესაძლებელია მომავალში უშუალოდ დაერღვეთ კონსტიტუციური უფლებები.
8.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეები გიორგი წაქაძე და ვახტანგ ლორია მოცემულ შემთხვევაში ვერ ჩაითვლებიან საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლების მქონე სუბიექტებად და მათთან მიმართებით არსებობს კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რომლის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი... განსახილველად არ მიიღება, თუ ... შეტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის მიერ)“.
9.საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი თვლის, რომ #531 კონსტიტუციური სარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში დაცულია `საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ~ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის არც ერთი საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-4 პუნქტით, 211 მუხლის პირველი პუნქტით, 212 მუხლის მე-4 პუნქტით, 271-ე მუხლის პირველი პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის 5², მე-7 და მე-8 პუნქტებით, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და 21-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად ისრაელის მოქალაქეების – თამაზ ჯანაშვილის, ნანა ჯანაშვილის და ირმა ჯანაშვილის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №531) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად ისრაელის მოქალაქეების – თამაზ ჯანაშვილის, ნანა ჯანაშვილის, ირმა ჯანაშვილის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №531) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.
3. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად N531 კონსტიტუციური სარჩელი მოქალაქეების გიორგი წაქაძისა და ვახტანგ ლორიას სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება ,,საქართვლოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერის ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
პლენუმის შემადგენლობა:
1. გიორგი პაპუაშვილი
2. ვახტანგ გვარამია
3. ქეთევან ერემაძე
4. კონსტანტინე ვარძელაშვილი
5. ზაზა თავაძე
6. მაია კოპალეიშვილი
7. ოთარ სიჭინავა
8. ლალი ფაფიაშვილი
9. თამაზ ცაბუტაშვილი