ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი, ირმა ჯანაშვილი, ასევე საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1-3/2/531 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 4 აპრილი 2013 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
2. ვახტანგ გვარამია – წევრი;
3. ქეთევან ერემაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
4. მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი, ირმა ჯანაშვილი, ასევე საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 6 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №531) მიმართეს ისრაელის მოქალაქეებმა – თამაზ ჯანაშვილმა, ნანა ჯანაშვილმა, ირმა ჯანაშვილმა, ასევე საქართველოს მოქალაქეებმა - გიორგი წაქაძემ და ვახტანგ ლორიამ. №531 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2012 წლის 11 ივნისს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2013 წლის 4 აპრილს.
3. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ" ქვეპუნქტი, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე" ქვეპუნქტი, 31–ე მუხლი, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტი, "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტი.
4. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელეები – თამაზ, ნანა და ირმა ჯანაშვილები 2000 წლამდე ცხოვრობდნენ საქართველოში, ქ. ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №88, მდებარე საჯარო რეესტრში მათ საკუთრებაში დარეგისტრირებულ სახლში. მოსარჩელეები 1999-2001 წლებში საცხოვრებლად გადავიდნენ ისრაელში. 2010 წელს მოსარჩელეებმა შეიტყვეს, რომ მათ საკუთრებაში არსებული სახლი 2005 წლის 10 მარტის №3-57 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ჩამოერთვა სოლომონ ბაკურიძეს, ხოლო მესაკუთრე ჯანაშვილებიდან ს. ბაკურიძეზე ამ ქონების საკუთრებაში გადასვლის ფაქტი არ დასტურდება. აღნიშნული ქონება გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში და მის მესაკუთრედ 2010 წლის 16 თებერვალს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. 2011 წლის 10 თებერვალს მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს ქალაქ ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს მათ საკუთრებაში არსებული ქონების სოლომონ ბაკურიძისთვის ჩამორთმევის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ, სადავო ნორმაზე დაყრდნობით, მოსარჩელეებს უარი უთხრა განცხადების მიღებაზე, ვინაიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასული იყო 5 წელზე მეტი.
7. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლებისა და 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვას. მისი აზრით, სადავო ნორმის საფუძველზე, შესაძლებელია, სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს პირის საკუთრების უფლების ხელყოფა ისე, რომ თავად მესაკუთრემ არაფერი იცოდეს ამის შესახებ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მან ხუთი წლის განმავლობაში ვერ შეიტყო ამის თაობაზე, იგი მოკლებულია შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს და დაიცვას საკუთარი უფლებები.
8. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ გარკვეული პროცესუალური ვადების არსებობა თავისთავად არ იწვევს კონსტიტუციური უფლების დარღვევას, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, პრობლემატურია კონკრეტული სადავო ნორმით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადა, რომელიც არაგონივრულია და პირის კონსტიტუციური უფლებების დარღვევის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საკუთრების კონსტიტუციური უფლება არ გულისხმობს მესაკუთრის ვალდებულებას უწყვეტად ფლობდეს თავის ქონებას. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, შესაძლებელია, 5 წლის განმავლობაში მან ვერ შეიტყოს, თუ რა სამართლებრივი სტატუსი შეიძინა მისმა საკუთრებამ და ეს არ უნდა გახდეს საკუთრების უფლების დარღვევის საფუძველი. ამასთან, მოსარჩელის მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა უძრავ ნივთებთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანისთვის გაიზრდება 10 წლამდე, სადავო ნორმას კონსტიტუციურობის პრობლემა არ ექნება.
9. მოსარჩელე ასევე მიიჩნევს, რომ განსხვავებული სიტუაციაა, როდესაც ხანდაზმულობის ვადა მოქმედებს კონკრეტული სასამართლო დავის მონაწილე მხარეებისთვის. ამ შემთხვევაში, პროცესში მონაწილე მხარეთათვის ცნობილია სასამართლოში მათ უფლებებთან და თავისუფლებებთან დაკავშირებით საქმის წარმოების ვადების თაობაზე. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პირი არ წარმოადგენს კონკრეტული სასამართლო დავის მონაწილე მხარეს, მეტიც არაფერი იცის კონკრეტული დავის და სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის, შესაბამისად, სათანადო საპროცესო ვადების შესახებ, სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა მასზე საერთოდ არ უნდა ვრცელდებოდეს.
10. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ იგივე სადავო ნორმასთან დაკავშირებით მსგავსი მოთხოვნის შემცველი სარჩელი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო 2003 წლის 30 აპრილს. მოსარჩელის აზრით, ვინაიდან მოცემული დავის ფარგლებში, იგი სადავოდ ხდის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან, არამედ ასევე 21-ე მუხლთან მიმართებითაც, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სარჩელი მიღებულ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად და არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
11. მოსარჩელე მხარე დამატებით მიუთითებს, რომ კონსტიტუციური სარჩელი ეხება საქართველოს კონსტიტუციის განმარტების და გამოყენების განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას. კერძოდ, მისი აზრით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით არ არის გათვალისწინებული სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის საფუძვლები. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქმე უნდა გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
12. მოსარჩელე მხარე თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით იშველიებს საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკას, ასევე საერთაშორისო აქტების შესაბამის დებულებებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №531 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ პირი არ წარმოადგენს კონკრეტული სასამართლო დავის მონაწილე მხარეს, არა აქვს ინფორმაცია მის საკუთრებასთან დაკავშირებით დავის არსებობის, სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილებისა და მისი შედეგების თაობაზე, შესაბამისად ობიექტურად არ აქვს ინტერესი, გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროცესო ღონისძიებები კანონითვე დადგენილ ვადებში, სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა მასზე საერთოდ არ უნდა ვრცელდებოდეს.
2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით უკვე იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი. საკონსტიტუციო სასამართლომ 2003 წლის 30 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლითაც არ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი და მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილი შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
3. საკონსტიტუციო სასამართლომ 2009 წლის 6 მაისის №2/4/470 განჩინებით, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თარხუჯ ჯავახიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღო არსებითად განსახილველად იმ მოტივით, რომ აღნიშნულ საქმეში, მსგავსად №161 კონსტიტუციური სარჩელისა, დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, რაც უკვე იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი და მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება.
4. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და განჩინებაში მოსარჩელეებად დასახელებულნი იყვნენ პირები, რომლებიც, როგორც მხარეები (№161 კონსტიტუციური სარჩელი) და მესამე პირი (№470 კონსტიტუციური სარჩელი), უშუალოდ მონაწილეობდნენ იმ სასამართლო განხილვაში, რომლის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების გადახედვასაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ითხოვდნენ. №531 კონსტიტუციურ სარჩელში კი მოსარჩელეებად დასახელებულნი არიან პირები, რომლებსაც საერთოდ არ მიუღიათ სასამართლო განხილვაში რაიმე ფორმით მონაწილეობა და არაფერი იცოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. შესაბამისად, ისინი საერთო სასამართლოებში დავისას ითხოვდნენ ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით („კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ... პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე“), რაზეც მათ უარი ეთქვათ ზუსტად სადავო ნორმით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
5. მაშასადამე, N531 კონსტიტუციურ სარჩელის ავტორები განსხვავდებიან N161 და N470 კონსტიტუციური სარჩელების ავტორებისაგან (მოსარჩელეებისგან), რადგან ისინი არ წარმოადგენდნენ საერთო სასამართლოში წარმოებულ კონკრეტულ დავებზე მხარეს ან პროცესში მონაწილე დაინტერესებულ პირს.
6. იმავდროულად, ყურადსაღებია შემდეგი გარემოება: საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2003 წლის 30 აპრილის N1/3/161 გადაწყვეტილების მიღების დროისთვის მოქმედებდა განსხვავებული საკანონმდებლო რეგულაციები. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლებოდა ბათილად ყოფილიყო ცნობილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ან ერთ-ერთი მხარე ან, თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდებოდა, ასეთი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში. „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2006 წლის 13 ივლისის N3435 - რს საქართველოს კანონის მიხედვით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდა სხვა რედაქციით და დაემატა „გ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. მაშასადამე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ №1/3/161 გადაწყვეტილების მიღების დროს არსებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის და შესაბამისად, ამავე კანონის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსი განსხვავდებოდა №531 კონსტიტუციურ სარჩელში გასაჩივრებული დებულების შინაარსისაგან და ივარაუდება, რომ N161 კონსტიტუციურ სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებისას ხანდაზმულობის ვადების კონსტიტუციურობის შეფასება მოხდა მხოლოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის კონტექსტში. ამავე გარემოებაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ თავად მოსარჩელეც, როგორც უკვე აღინიშნა, საერთო სასამართლოში განხილული დავის მხარეს წარმოადგენდა. საკონსტიტუციო სასამართლო კი შეზღუდული იყო სადავო ნორმით მოსარჩელის უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობის შეფასებით.
7. რაც შეეხება N470 კონსტიტუციურ სარჩელს, აქ მოსარჩელე, სადავო ნორმის მიზნებისთვის, წარმოადგენდა დაინტერესებულ პირს (და არა მხარეს), ამასთან მისი სამართლებრივი მდგომარეობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით უკვე განსაზღვრული იყო (2006 წლის 13 ივლისის ცვლილებების შედეგად) და მასზე ვრცელდებოდა სადავო ნორმით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. თუმცა ნიშანდობლივია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე არსებითად განსახილველად არ მიიღო იმ მოტივით, რომ ეს საკითხი მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა 2003 წლის გადაწყვეტილებით. როგორც უკვე აღინიშნა, N161 და N470 სარჩელზე მოსარჩელეები განსხვავებული სამართლებივი სტატუსით სარგებლობდნენ, ისევე როგორც განსხვავდებოდა ამ საქმისთვის რელევანტური კანონმდებლობა. ამიტომ, ერთი მხრივ, არსებობს საკმარისი საფუძველი იმის მტკიცებისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 2003 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში სადავო ნორმით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები შეაფასა მხოლოდ, საერთო სასამართლოში წარმოებულ დავაზე, მხარის კონტექსტში და გადაწყვეტილი არა აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის საკითხი, იმ ნორმატიული შინაარსის ფარგლებში, რომელიც №531 სარჩელში სადავოდ არის გამხდარი. თუმცა, იმავდროულად, N470 სარჩელზე მიღებული განჩინება იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ხანდაზმულობის ვადების კონსტიტუციურობაზე გადაწყვეტილება ეხება არა მხოლოდ მხარეებს, არამედ მესამე პირებსაც.
8. მაშასადამე, გამოიკვეთა შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოებები: ა) საკონსტიტუციო სასამართლოს არსებული პრაქტიკა არ იძლევა იმის სრულად გამორიცხვის საფუძველს, რომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას სასამართლომ გაითვალისწინა დაინტერესებულ პირებზე ხანდაზმულობის ვადების გავრცელების კონტექსტიც. ბ)ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო კოლეგია ერთანხმება 2003 წლის 30 აპრილის №1/3/161 გადაწყვეტილებას ხანდაზმულობის ვადების მხარეებზე გავრცელების ნაწილში, მიგვაჩნია, რომ დამატებით სპეციალურ შეფასებას მოითხოვს ამ ინსტიტუტის კონსტიტუციურობა დაინტერესებულ პირებზე (რომლებსაც საქმის განხილვაში მონაწილოება არ მიუღიათ) გავრცელების თვალსაზრისით. გ) მოცემული დავის ფარგლებში, სასამართლომ უნდა იმსჯელოს და დაადგინოს გონივრული ბალანსი ორ უმნიშვნელოვანეს ინტერესს შორის. კერძოდ: ერთი მხრივ, გვაქვს სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა, რომელიც წარმოადგენს მყარი სამოქალაქო ბრუნვის გარანტიას, ორიენტირებულია სასამართლოს გადაწყვეტილების შეუქცევადობის, სტაბილური სამართლებრივი ურთიერთობების და, საბოლოო ჯამში, სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციური პრინციპის, როგორც მნიშვნელოვანი საჯარო მიზნის უზრუნველყოფაზე. ხოლო, მეორე მხრივ, ამ ინტერესის საპირწონეს წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობის უზრუნველყოფის ვალდებულება. კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლებას დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს, ის როგორც ინსტრუმენტული უფლება, ადამიანის უფლებათა დაცვის უმთავრეს კონსტიტუციურ გარანტიას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება ეთმობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შინაარსისა და ფარგლების განმარტებას, მიგვაჩნია, რომ ის ამჯერადაც დგას საქართველოს კონსტიტუციის ამ მუხლის განმარტების მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე (განსახილველი საქმე წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას). კერძოდ: ხანდაზმულობის ვადები, ზოგადად, წარმოადგენს თავად სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელ პროცესუალურ კომპონენტს და ამავე უფლებით სარგებლობის მნიშვნელოვან გარანტიას, თუმცა, ამასთან აუცილებელია ამ ინსტიტუტის ადეკვატური, ფრთხილი და გონივრული ნორმატიული მოწესრიგება, რადგან ის, იმავდროულად, არ გახდეს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფუძველი.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია, საქმე არსებითად განიხილოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. №531 კონსტიტუციური სარჩელი გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი
2. ვახტანგ გვარამია
3. ქეთევან ერემაძე
4. მაია კოპალეიშვილი