ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი, ირმა ჯანაშვილი, ასევე საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N3/1/531 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ვახტანგ გვარამია, გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 5 ნოემბერი 2013 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
კონსტანტინე ვარძელაშვილი - წევრი;
ქეთევან ერემაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ვახტან გვარამია - წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
ზაზა თავაძე – წევრი;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეების წარმომადგენელი გიორგი წაქაძე; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები –– თამარ მესხია და თამარ ხინთიბიძე; სპეციალისტი - ადვოკატი ზვიად კორძაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 6 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №531) მიმართეს ისრაელის მოქალაქეებმა - თამაზ ჯანაშვილმა, ნანა ჯანაშვილმა, ირმა ჯანაშვილმა. №531 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2012 წლის 11 ივნისს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2013 წლის 4 აპრილს.
3. სასამართლო კოლეგიამ დაადგინა, რომ განსახილველი საქმე წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების იშვიათ და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 4 აპრილის განჩინებით №1–3/2/531 საქმე გადასცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
4. №531 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2013 წლის 10 აპრილს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა №531 კონსტიტუციური სარჩელი მიიღო არსებითად განსახილველად სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
5. საქმის არსებითი განხილვის სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2013 წლის 30 აპრილს და 1 მაისს.
6. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ" ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე" ქვეპუნქტი, 31–ე მუხლი, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტი.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.
8. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელეები - თამაზ, ნანა და ირმა ჯანაშვილები 2000 წლამდე ცხოვრობდნენ საქართველოში, ქ. ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №88 მდებარე, საჯარო რეესტრში მათ საკუთრებაში დარეგისტრირებულ სახლში. მოსარჩელეები 1999-2001 წლებში საცხოვრებლად გადავიდნენ ისრაელში. 2010 წელს მოსარჩელეებმა შეიტყვეს, რომ მათ საკუთრებაში არსებული სახლი 2005 წლის 10 მარტის №3-57 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ჩამოერთვა სოლომონ ბაკურიძეს, ხოლო მესაკუთრე ჯანაშვილებიდან ს. ბაკურიძეზე ამ ქონების საკუთრებაში გადასვლის ფაქტი არ დასტურდება. აღნიშნული ქონება გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში და მის მესაკუთრედ 2010 წლის 16 თებერვალს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. 2011 წლის 10 თებერვალს მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს ქალაქ ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს მათ საკუთრებაში არსებული ქონების სოლომონ ბაკურიძისთვის ჩამორთმევის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ, სადავო ნორმაზე დაყრდნობით, მოსარჩელეებს უარი უთხრა განცხადების მიღებაზე, ვინაიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასული იყო 5 წელზე მეტი.
9. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა, რაც უკავშირდება სამოქალაქო დავაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანისთვის დაწესებულ 5 წლიან ვადას, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლების დარღვევას. მისი აზრით, შესაძლებელია, სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს პირის უფლებების ხელყოფა ისე, რომ თავად მესაკუთრემ არაფერი იცოდეს ამის შესახებ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მან ხუთი წლის განმავლობაში ვერ შეიტყო ამის თაობაზე, იგი მოკლებულია შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს და მისი მეშვეობით დაიცვას საკუთარი უფლებები.
10. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ გარკვეული პროცესუალური ვადების არსებობა თავისთავად არ იწვევს კონსტიტუციური უფლების დარღვევას, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, პრობლემატურია კონკრეტული სადავო ნორმით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადა, რომელიც არაგონივრულია და პირის კონსტიტუციური უფლებების დარღვევის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. მოსარჩელის მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა უძრავ ნივთებთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანისთვის გაიზრდება 10 წლამდე, სადავო ნორმას კონსტიტუციურობის პრობლემა არ ექნება.
11. მოსარჩელე ასევე მიიჩნევს, რომ განსხვავებული სიტუაციაა, როდესაც ხანდაზმულობის ვადა მოქმედებს კონკრეტული სასამართლო დავის მონაწილე მხარეებისთვის. ამ შემთხვევაში პროცესში მონაწილე მხარეთათვის ცნობილია სასამართლოში მათ უფლებებთან და თავისუფლებებთან დაკავშირებით საქმის წარმოების ვადების თაობაზე. თუმცა, როდესაც პირი არ წარმოადგენს კონკრეტული სასამართლო დავის მონაწილე მხარეს, მეტიც, არაფერი იცის კონკრეტული დავის და სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის, შესაბამისად, სათანადო საპროცესო ვადების შესახებ, სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა მასზე საერთოდ არ უნდა ვრცელდებოდეს.
12. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლების რაიმე სახით შეზღუდვის შესაძლებლობა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული არ არის.
13. მოსარჩელეთა წარმომადგენელმა მიუთითა, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობა არის გამონაკლისი შემთხვევა, რომელიც სხვაგვარ რეგულირებას მოითხოვს და აღნიშნული ინსტიტუტისადმი უნდა იყოს უფრო გონივრული და დაბალანსებული მიდგომა, ვიდრე ეს გათვალისწინებულია სადავო ნორმით. მან პარალელები გაავლო სამოქალაქო კანონმდებლობის მატერიალურ ნაწილში არსებულ ნორმებთან, რომელთა თანახმადაც, ხანდაზმულობის ვადა უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებზე ორჯერ მეტია. მოსარჩელეთა წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ გონივრული იქნებოდა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქმის წარმოების განახლების ვადა ყოფილიყო 10 წელი. მისი მითითებით, შექმნილ სიტუაციაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილობის მოთხოვნა მოსარჩელეთა უფლების დაცვის ერთადერთი ეფექტური სამართლებრივი საშუალებაა.
14. მოსარჩელე მხარე თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით იშველიებს საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკას, ასევე საერთაშორისო აქტების შესაბამის დებულებებს.
15. მოპასუხე მხარემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე განაცხადა, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არ არის აბსოლუტური და შესაძლებელია დაექვემდებაროს გონივრულ შეზღუდვებს. მოპასუხის წარმომადგენელმა ხანდაზმულობის მნიშვნელობაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ, ზოგადად, ხანდაზმულობის ვადის როგორც ინსტიტუტის გაუქმება არ არის მიზანშეწონილი, თუმცა სადავო ნორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტთან ერთობლიობაში იწვევს იმ პირებისათვის სამართლიანი სასამართლოს უფლების არათანაზომიერ შეზღუდვას, რომლებმაც საერთოდ არ იცოდნენ აღნიშნული ვადის დინების შესახებ, ასეთ პირებს ფაქტობრივად ერთმევათ შესაძლებლობა, დარღვეული უფლებების დასაცავად მიმართონ სასამართლოს, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოში დაუშვებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით მოპასუხისთვის მინიჭებული უფლების შესაბამისად, მოპასუხემ ცნო კონსტიტუციური სარჩელი სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსით, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს.
16. საქმეზე სპეციალისტად მოწვეულმა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ აღნიშნა, რომ არსებობს საკმაოდ მაღალი ალბათობა იმისა, რომ პირი, რომლის უფლებებს და მოვალეობებსაც ეხება კონკრეტული საქმე, არ მონაწილეობდეს საქმის განხილვაში. სპეციალისტის მითითებით, არსებობს თეორიული შესაძლებლობა, რომ მესამე პირმა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გარეშე დაიწყოს დამოუკიდებელი სასარჩელო წარმოება, რადგან სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის პირდაპირი საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს, თუმცა პრაქტიკაში ასე არ ხდება და საერთო სასამართლოები არ იღებენ ასეთ სარჩელებს. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ სასამართლოები თავიდან იცილებენ ერთი დავის საგანზე ორი გადაწყვეტილების არსებობას. შესაბამისად, მესამე პირებისთვის უფლების დაცვის ამ საშუალების გამოყენება არაეფექტური იქნებოდა. სპეციალისტი ასევე მიუთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების პირობებში არაეფექტური იქნებოდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც, რადგან გადაწყვეტილებით დადგენილი კანონიერების ეჭვქვეშ დაყენება პრობლემურია.
17. სპეციალისტის აზრით, თუ კანონმდებელი ადგენს ხანდაზმულობის ვადებს წესრიგის გამო, პირს გარკვეული დრო უნდა ჰქონდეს უფლების რეალიზებისთვის. სადავო ნორმის მოქმედების პირობებში იქმნება სიტუაცია, როდესაც პირს ფაქტობრივად არ რჩება უფლების რეალიზების დრო. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო საქმის განახლებისათვის დადგენილია ორი სახის ვადა: პირველი - ერთთვიანი ვადა, რომლის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობა; მეორე კი - ზოგადი 5 წლიანი ვადა, რომელიც აითვლება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან. სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობა უნდა ვრცელდეობდეს მხოლოდ უფლების სავარაუდო დარღვევის შესახებ საფუძვლის შეტყობის მომენტიდან და გაუგებარია, რატომ არის მნიშვნელოვანი სტაბილურობისთვის ზოგადი ვადის არსებობა.
18. საკონსტიტუციო სასამართლოს წერილობითი დასკვნა წარმოუდგინა საქმეზე სპეციალისტად მოწვეულმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ნუნუ კვანტალიანმა. სპეციალისტი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით იმპერატიულად დადგენილი და უზრუნველყოფილია პირის ფუნდამენტური უფლების დაცვა - ინფორმირებული იყოს მის უფლებასთან დაკავშირებული საქმის განხილვის თაობაზე და შესაბამისი სტატუსით მიიღოს მონაწილეობა. იმ პირისათვის, რომელიც არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე და რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით საქმის წარმოების განახლების გარდა, სხვა რაიმე უფლების დაცვის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. თუ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება იმ პირის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია პროცესში, მას შეუძლია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით დაიცვას უფლება.
19. სპეციალისტი მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით ვადის ათვლა ობიექტურ სისტემაზეა ორიენტირებული - ვადის ათვლა ობიექტურ ფაქტორზე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზეა დამოკიდებული. აღნიშნული, მისი აზრით, ეჭვქვეშ აყენებს იმ პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების დაცვის რეალურობას, რომლისთვისაც ობიექტურად უცნობია მის ინტერესებთან დაკავშირებული სამართალწარმოების მიმდინარეობის შესახებ. სპეციალისტი თვლის, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალის არსის, სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრება ვადაში შეზღუდული უნდა იყოს, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის გადაწყვეტილების ვადის ათვლის წესი განსხვავებულად უნდა განისაზღვროს - ასეთი გარემოებების არსებობისას პირს უნდა შეეძლოს მის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრება იმ დროიდან, როდესაც მან შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. აღნიშნულ ნორმას დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს. ის ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. მის ასეთ ღირებულებაზე არაერთხელ მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლომ. კერძოდ: „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც ... წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 1). სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ „სამართლიანი სასამართლოს უფლება ... უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისაგან დაცვას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/403,427 საქმეზე „კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 1). სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირველ რიგში, ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილების (ქმედების) სასამართლოში გასაჩივრებისა და სამართლებრივი შეფასების შესაძლებლობას, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს. ამ თვალსაზრისით, სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელება „სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს უკავშირდება და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მის არსს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/393,397 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 1). ვინაიდან სამართლებრივი სახელმწიფოს პირველადი ფუნქციაა ადამიანის უფლება-თავისუფლებების სრული რეალიზაცია და ადეკვატური დაცვა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. „... კონკრეტული ინტერესის უფლებად განსაზღვრის შედეგი არის სწორედ ის, რომ მისი ხელყოფის ან შესაძლო ხელყოფის შემთხვევაში, უფლების სუბიექტს შეუძლია მოითხოვოს ხელყოფის საფრთხისგან დაცვა ან მიყენებული ზიანის ანაზღაურება” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 1). „მაშასადამე, ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, უფლება-თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ, იმავდროულად, შეიცავს საფრთხეს თავად იმ უფლების უგულებელყოფისა, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული)” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 14).
2. სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს არა მარტო სასამართლოსადმი ფორმალურ ხელმისაწვდომობას, არამედ ასევე მოითხოვს, რომ საქმის განმხილველ სასამართლოს ჰქონდეს უფლების დარღვევის ფაქტზე რეაგირების ეფექტური საშუალება. ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში, სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობა იქნება თეორიული, ფიქციური და არა რეალური მექანიზმი უფლებების დასაცავად. „...კონსტიტუციის 42-ე მუხლი მოითხოვს, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს სასამართლო ხელისუფლების კომპეტენციის იმგვარად განსაზღვრა, რომელიც პასუხობს სასამართლოს გზით კონსტიტუციური უფლებების ადეკვატურ დაცვას. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება და ამ გზით უფლების დაცვის ეფექტური სამართლებრივი საშუალების მოთხოვნა თანმხვედრი უნდა იყოს სასამართლოს კომპეტენციისა, ადეკვატურად მოახდინოს უფლების დარღვევაზე რეაგირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად უფლებით სარგებლობა დადგება საფრთხის ქვეშ... „უფლება“ ვერ იქნება პირის ლეგიტიმური ინტერესების დაცვის რეალური გარანტია, ის იქნება მხოლოდ თეორიული და ფიქციური, თუ მას არ ახლავს სასამართლო წესით მისი დაცვის შესაძლებლობა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 1). ამიტომ სასამართლო ხელისუფლების ... უფლებამოსილება უნდა წარმოადგენდეს 42-ე მუხლის რეალიზაციის ეფექტურ შესაძლებლობას და, იმავდროულად, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებით სრულყოფილად სარგებლობის კონსტიტუციურ გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 14).
3. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ, მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება. „სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ვერ იქნება გაგებული აბსოლუტური სახით, პროცესუალურ-სამართლებრივი წესრიგის გარეშე, რაც უფლების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამ თვალსაზრისით, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეების მოსაზრებას. კერძოდ, მათ (მოსარჩელეებს) მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია, მათ შორის, იმის გამოც, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება აბსოლუტური უფლებაა, კონსტიტუციის ამ ნორმაში, მთელი რიგი სხვა ნორმებისგან განსხვავებით, არ არის მითითებული უფლების შეზღუდვის შესაძლებლობაზე, რის გამოც, კანონმდებელი არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს ამ უფლებაში, შეზღუდოს ის.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს საკუთარ გადაწყვეტილებებში, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება „შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 15). „შეზღუდვები უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს და დაცული უნდა იყოს გონივრული თანაზომიერება დაწესებულ შეზღუდვასა და დასახულ მიზანს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/393,397 საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები - ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 1).
5. იმის გასარკვევად, იწვევს თუ არა სადავო ნორმა სამართლიანი სასამართლოს უფლების არათანაზომიერ შეზღუდვას, დარღვევას, პირველ რიგში, აუცილებელია გასაჩივრებული რეგულაციის არსის გაანალიზება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, “კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები”. ამასთან, 422-ე და 423-ე მუხლები ცალ-ცალკე ჩამოთვლიან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადების და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძვლებს (წინა პირობებს).
7. მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმა 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადით ზღუდავს საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას როგორც გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ისე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია სასარჩელო მოთხოვნით და ვალდებულია, იმსჯელოს სადავო ნორმის მხოლოდ გასაჩივრებულ ნორმატიულ შინაარსზე. კერძოდ კი, სასარჩელო მოთხოვნა შეეხება ხანდაზმულობის 5 წლიანი ვადის გავრცელების კონსტიტუციურობის შეფასებას საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობაზე მხოლოდ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გამო (და არ ეხება საქმის წარმოების განახლებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო), ამასთან, მხოლოდ 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, როდესაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ “პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე”.
8. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებისთვის ასევე აუცილებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის განმარტება, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ ზუსტად დაადგინოს პირთა წრე და ის შემთხვევები, როდესაც სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა ამ პირებზე ვრცელდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება დავის სწორად გადაწყვეტა.
9. ვინ არიან 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები და რა სხვაობაა ამ თვალსაზრისით დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებს შორის?
ზოგადად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა შეუძლიათ „დაინტერესებულ პირებს”. „დაინტერესებული” შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომლის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებსაც ეხება (შეეხო) გადაწყვეტილება. ასეთი შეიძლება იყოს როგორც უშუალოდ მხარე, ისე სხვა პირი. კერძოდ, “ბ” ქვეპუნქტის ფორმულირება მიუთითებს, რომ დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. იმავდროულად, ვინაიდან ამ მუხლს საგანგებოდ დაემატა “გ” ქვეპუნქტი („საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2006 წლის 13 ივლისის №3435 - რს საქართველოს კანონით), ცხადია, რომ ის ვერ იქნება თავისი შინაარსით „ბ” ქვეპუნქტის იდენტური, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის შემოღებას აზრი არ ექნებოდა. შესაბამისად, „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები არიან დაინტერესებული პირები, რომლებიც ვერ ხვდებიან „ბ” ქვეპუნქტით მოაზრებულ პირთა წრეში. ესენი შეიძლება იყვნენ: მესამე პირები (როგორც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, ისე ასეთი მოთხოვნის გარეშე), ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მესამე პირები; ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე (არასათანადო მოსარჩელის შეცვლა) და 85-ე (არასათანადო მოპასუხის შეცვლა) მუხლებით გათვალისწინებული პირები - სათანადო მოსარჩელე და სათანადო მოპასუხე, თუ მათ მიმართ დაირღვა ამ მუხლების მოთხოვნები. დასახელებული მუხლები მიუთითებს, რომ შესაძლებელია, სადავოდ მიჩნეული უფლება მოსარჩელეს არ ეკუთვნოდეს ან მოპასუხე არ იყოს ამ უფლებასთან დაკავშირებული პირი. ასეთ შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, სათანადო მხარით შეცვალოს მოთხოვნის არმქონე (“სხვისი” უფლებით მოდავე) ან არასათანადო მოპასუხის მიმართ არ დაადგინოს არარსებული ვალდებულება. მაგრამ თუ ეს მოთხოვნები დაირღვევა ან თუ სასამართლო ობიექტურად ვერ გამოავლენს სათანადო მოსარჩელეს/მოპასუხეს ან საქმეში ვერ ჩაერთვება მესამე პირი, მათ კანონმდებელი აძლევს დამატებით შესაძლებლობას, დაიცვან საკუთარი უფლებები მათი მონაწილეობის გარეშე და მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის გზით.
10. მაშასადამე, სხვაობა 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებს შორის მდგომარეობს შემდეგში: „ბ” ქვეპუნქტი ეხება მოსარჩელეს და მოპასუხეს (პირებს, რომლებიც მოსარჩელედ ან მოპასუხედ იქნენ ცნობილი), რომლებიც არ იყვნენ მოწვეული საქმის განხილვაზე, ხოლო „გ” ქვეპუნქტი ეხება არასათანადო მოსარჩელის მიერ შეტანილი სარჩელისა თუ არასათანადო მოპასუხის წინააღმდეგ დავის შემთხვევაში, სათანადო მოსარჩელეს/მოპასუხეს, როდესაც ვერ მოხდა მათი გამოვლენა და არ/ვერ მოხდა მათი პროცესში ჩართვა, ასევე მესამე პირებს (როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, ისე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მესამე პირებს), რომელთა ინტერესებსაც უშუალოდ ეხება გადაწყვეტილება და რომლებიც ასევე არ იყვნენ მოწვეული საქმის განხილვაზე („გ“ ქვეპუნქტის სწორედ ასეთ შინაარსზე მიუთითებს საერთო სასამართლოების პრაქტიკაც, მაგალითად: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინება №3/1374-09; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინება; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 მარტის განჩინება №3/862-08).
11. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ გაარკვია 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით მოაზრებულ პირთა წრე, შეზღუდულია რა სასარჩელო მოთხოვნით, სასამართლომ ასევე უნდა გაარკვიოს, ამ პირთაგან რომელს შეესაბამება მოსარჩელის პროცესუალური მდგომარეობა. მოქმედი კანონმდებლობის და საქმეში არსებული მასალების გაანალიზების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ მოსარჩელის მდგომარეობაში მყოფი პირების საქმეში ჩართვა პოტენციურად შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ან სათანადო მოპასუხედ. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობა უნდა შეაფასოს მხოლოდ ამ პირებთან მიმართებით მისი მოქმედების კონტექსტში.
12. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ მოქმედი კანონმდებლობა უშვებს ალბათობას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა, ვინაიდან ისინი არ არიან მხარეები, რომლებიც თავიდანვე ცნობილი იყვნენ სასამართლოსთვის და რომელთა მოწვევის ვალდებულება (შესაბამისი პროცედურებით გაფრთხილების გზით) სასამართლოს აქვს, შეიძლება არაფერი იცოდნენ მათ ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების არსებობის თაობაზე და, შესაბამისად, ვერც გადაწყვეტილების ბათილობა მოითხოვონ სადავო ნორმით დადგენილ ხანდაზმულობის ვადაში. მართალია, თუ საქმის განხილვის დროს გამოიკვეთა, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, ან არა იმ პირის მიმართ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს არასათანადო მოსარჩელისა ან/და მოპასუხის შეცვლა (მუხ.84-85); დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე პირებს შეუძლიათ, ჩაერთონ საქმეში მესამე პირებად (მუხ.88), მაგრამ, თუ საქმის მასალებიდან არ გამოიკვეთა მხარეთა გარდა სხვა პირების ინტერესები, დავის საგნის შემხებლობა მათ უფლებებთან და, ამასთან, არც მხარეები (განგებ თუ უნებლიედ) მიუთითებენ ასეთ გარემოებაზე, სასამართლო მოკლებულია ამ პირთა ინტერესების გამოვლენისა და მათი საქმეში ჩართვის შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მიმართულია საქმის ყოველმხრივ გამოკვლევის უზრუნველყოფაზე (მუხ. 103, 128, 203, 222), საბოლოოდ, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რაც უშვებს ალბათობას, რომ საქმესთან დაკავშირებული სხვა პირების ინტერესები არ გამოიკვეთოს საქმის განხილვისას, რის გამოც, მათი ჩართვა პროცესში არ/ვერ იქნება უზრუნველყოფილი. ეს ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს სასამართლოს შეცდომით ან კანონის დარღვევით.
13. მაშასადამე, სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება ეხებოდეს კონკრეტულ პირთა უფლებებს, კანონიერ ინტერესებს და, იმავდროულად, ეს პირები არა მხოლოდ არ იღებდნენ საქმის განხილვაში მონაწილეობას, არამედ ვერც შეიტყონ სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე. ერთი მხრივ, სწორედ ასეთი პირების უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტი, რომელიც აძლევს მათ შესაძლებლობას, განაახლონ საქმის განხილვა, მოითხოვონ იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლის მიღებაზეც მათ გავლენა ვერ მოახდინეს და უფლების დარღვევა თავიდან ვერ აიცილეს. თუმცა, მეორე მხრივ, ეს შესაძლებლობა სადავო ნორმით შეზღუდულია 5 წლიანი ვადით, რომლის ათვლა ხდება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან და რომლის გასვლის შემდეგ ისინი კარგავენ ამ შესაძლებლობას. სწორედ ასეთი შეზღუდვის კონსტიტუციურობას ხდიან მოსარჩელეები სადავოდ. მათი აზრით, მათ შესაძლოა ობიექტურად ვერ ისარგებლონ სამართლიანი სასამართლოს უფლების ამ უფლებრივი კომპონენტით სადავო ნორმით დადგენილ ხანდაზმულობის ვადაში. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს პარლამენტმაც ამ მიზეზით ცნო კონსტიტუციური სარჩელი. კერძოდ, მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნა: „ჩვენ კონსტიტუციურ სარჩელს ვცნობთ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტს... ამასთანავე, ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ იმ მიმართულებით, რათა ნორმა ჩამოყალიბდეს ისე, რომ გათვალისწინებულ იქნეს სუბიექტური სისტემა. ანუ ვადების ათვლა დაიწყოს კონკრეტული ფაქტის შეტყობინებიდან... მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ნორმის გააზრების თვალსაზრისით, ზუსტად მოსარჩელის პრობლემის დანახვით, ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ისეთ პირებს, რომლებსაც არ ეცნობათ მათი უფლების დარღვევის შესახებ და არც ჰქონდათ შესაძლებლობა, სცოდნოდათ ამის შესახებ, 42-ე მუხლით სარგებლობის უფლება ესპობათ”. მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე არაერთგზის ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი პირებისთვის უფლების დაცვის სხვა საშუალება არ არსებობს. პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს არც კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვთ, რადგან ვიდრე კანონიერ ძალაში არსებობს კონკრეტული გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგები ვერ შეიცვლება.
14. ზოგადად, საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, შესაბამისი საფუძვლების, პირობების არსებობისას, სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს ინსტიტუტი უდავოდ ემსახურება სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევის ლეგიტიმურ მიზანს, რაც, საბოლოო ჯამში, ადამიანის უფლებების სრულყოფილ რეალიზაციას და ადეკვატურ დაცვას უზრუნველყოფს. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობით იყოს შექმნილი ამ ინსტიტუტის ეფექტურად გამოყენებისთვის ადეკვატური და საკმარისი გარანტიები. მოცემულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, სადავო ნორმა, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, ხომ არ იწვევს ამ უფლებრივი კომპონენტით სარგებლობის არათანაზომიერ შეზღუდვას და, შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას?
15. უფლების შემზღუდველი ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნის არსებობას. “სადავო აქტების შეფასებისას, პირველ რიგში, უნდა გაირკვეს ის მიზანი, რომელიც ამოძრავებდა კანონმდებელს მათი მიღებისას... თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით შეიძლება შეფასდეს კანონმდებლის მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებათა კონსტიტუციურობა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/2/411 საქმეზე „შპს “რუსენერგოსერვისი”, შპს “პატარა კახი”, სს “გორგოტა”, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო “ფერმერი” და შპს “ენერგია” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“). ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია.
16. ზოგადად, ვადებს დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლებრივ ურთიერთობებში წესრიგის შეტანისთვის. დროის ფაქტორი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს პირთა შორის ურთიერთობების სამართლებრივ მოწესრიგებაში. გარკვეული დროის დადგომას ან ვადის გასვლას უკავშირდება კონკრეტული იურიდიული შედეგები – სამართლებრივი ურთიერთობების (შესაბამისად პირთა უფლებებისა ან/და მოვალეობების) წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. ხანდაზმულობით უფლების შეძენის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 165-ე და 167-ე მუხლები.
17. ვადებს მნიშვნელოვანი წესრიგი შეაქვს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის პროცესშიც. დრო სამართლიანი სასამართლოს უფლებას გასდევს მთლიანად უფლებით სარგებლობის განმავლობაში. ხშირ შემთხვევაში, ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა თავიდანვე გარკვეული დროით არის პირობადებული – ამა თუ იმ უფლების, ინტერესის დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვა უფლების დარღვევიდან გარკვეული ვადით არის შეზღუდული (მაგალითად, საარჩევნო უფლების დაცვისას). ასევე კანონმდებლობა ვადებით ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ისეთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტების გამოყენებას, როგორებიცაა – სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრების უფლება. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაც განსაზღვრავს სასამართლოში საქმეთა განხილვის წესს და მათ შორის ვადებს, რომლის განმავლობაშიც მხარემ უნდა შეასრულოს მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ მოქმედების მოგვიანებით შესრულების უფლებას. მაგალითად: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: “საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში”. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: “სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია”. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად: “საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება”.
18. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. ასე მაგალითად, სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო და საკასაციო წესით გასაჩივრების ვადები (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე და 397-ე მუხლები). თუ განსაზღვრულ ვადებში მხარე არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებას, გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და პირი კარგავს მისი გასაჩივრების შესაძლებლობას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
19. ვადების ზოგადი მნიშვნელობის პარალელურად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა მნიშვნელოვან საჯარო ინტერესებს ემსახურება, როგორებიცაა: ეფექტური, ობიექტური და სამართლიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა; სამართლებრივი უსაფრთხოების, განსაზღვრულობის, სამოქალაქო ურთიერთობებში წესრიგისა და სტაბილურობის დამყარება (მოწესრიგებული და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფა). დასახელებული ლეგიტიმური მიზნები მჭიდროდ უკავშირდებიან და განაპირობებენ ერთიმეორეს. სამართლებრივი უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია, ერთი მხრივ, ეფექტური მართლმსაჯულებით, რომლის საბოლოო მიზანი არის სწორი, ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება ნებისმიერ საქმეზე; მეორე მხრივ, სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილებისადმი სანდოობით, რასაც ორი მთავარი საფუძველი (ასპექტი) აქვს: სასამართლოს ავტორიტეტი და სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოოობა – სადავო საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა და ამით სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობა.
20. მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანესი მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა, რაც შესაძლებელია საქმეზე მხოლოდ სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების გზით. მართლმსაჯულების შედეგი სამართლიანობის მიღწევა, აღდგენა, უზრუნველყოფა უნდა იყოს. „ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია განცდა, რომ მათ სამართლიანად ეპყრობიან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/534 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 3.). ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილებები სწორედ ამის უზრუნველყოფისკენ უნდა იყოს მიმართული. ამ მიზნის მიღწევას ემსახურება სამართლიანი სასამართლოს უფლების არაერთი პროცესუალური გარანტია, უფლებრივი კომპონენტი, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის, გასაჩივრების, დავის ხელახლა წარმოების უფლება საამისოდ შესაბამისი საფუძვლების, პირობების არსებობის შემთხვევაში.
21. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები ასევე მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისგან.
22. ზემოაღნიშნული რისკები, ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლოა მეტი საფრთხის მატარებელი აღმოჩნდეს მოპასუხე მხარისთვის. ხანგრძლივი დროის შემდეგ დავის განახლება მათ ავტომატურად აყენებს საჭიროების წინაშე, ხელახლა მოიძიონ მტკიცებულებები, რომლებიც მათი პოზიციის მართებულობას დაადასტურებდა, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შესაძლოა რთული ან შეუძლებელიც იყოს – მტკიცებულებები შესაძლოა ბუნებრივად აღარ არსებობდეს ან არასათანადო იყოს. შედეგად, მოპასუხემ შესაძლოა საკუთარი ინტერესი ვერ დაიცვას უტყუარი მტკიცებულებების არარსებობის გამო. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ერთ-ერთი მიზანია მხარის ინტერესების დაცვა იმ პროცესის ნაწილად გახდომისაგან, რომელშიც პოზიციის დაცვა რთული ან შეუძლებელია მოთხოვნის სიძველის მიზეზით.
23. მაშასადამე, ხანდაზმულობის ვადები ხელს უწყობს ფაქტების, მტკიცებულებების შემოწმების სანდოობას. ხანდაზმულობის ვადების დაწესების ერთ-ერთ ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს სწორედ ის, რომ მტკიცებულებათა საიმედოობა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი და შენარჩუნებული იქნეს. ბუნებრივია, მტკიცებულებებს საფრთხე ხანდაზმულობის ვადებშიც შეიძლება შეექმნას, ამიტომ ეს ინსტიტუტი ვერ იქნება მტკიცებულებათა უტყუარობის შენარჩუნების აბსოლუტური გარანტია, მას მხოლოდ ასეთი რისკების შეძლებისდაგვარად შემცირება შეუძლია.
24. ხანგრძლივი დროის გასვლის გამო უტყუარი მტკიცებულებების განადგურების, სანდოობის დაკარგვის მიზეზით, ხანდაზმულობის ვადები, ერთი მხრივ, იცავს სასამართლოს ყალბ/თაღლითურ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სარჩელებისაგან (ხანდაზმულობა, ერთგვარად, უფლების ბოროტად გამოყენების პრევენციას ახდენს იმ თვალსაზრისით, რომ დროში განუსაზღვრელი დავის შესაძლებლობის შემთხვევაში, პირს შეეძლებოდა მისთვის უფრო სასურველ დროს შეეტანა სარჩელი, როდესაც მისთვის არასასურველი მოწმე ან სხვა მტკიცებულება არ იარსებებდა) და, მეორე მხრივ, ემსახურება სასამართლო ხელისუფლების ხელოვნური გადატვირთვის თავიდან აცილებას, რაც დაზოგავს ადმინისტრაციულ რესურსს და, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული რესურსის მიმართვას რეალური და სწორი, ობიექტური გადაწყვეტის პერსპექტივის მქონე დავებზე. ამ გაგებით, ხანდაზმულობის ვადები ფოკუსირებულია საზოგადოების ინტერესზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული „თაღლითური“, ასევე „უპერსპექტივო“ სარჩელების განხილვა, რომლებიც დროის გასვლის გამო იქცნენ ასეთად. ხანდაზმულობის ვადები სასამართლოს საშუალებას აძლევს, არ იმსჯელოს იმ საქმეზე, რომლის ობიექტური გადაწყვეტაც ფაქტობრივად შეუძლებელია. ასევე ხანდაზმულობის ვადის არსებობა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შედარებით გონივრულ დროში გადაწყვიტოს დავა.
25. იმავდროულად, სამართლიანი მართლმსაჯულება, სასამართლოსადმი სანდოობა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების შეუქცევადობა სამართლებრივი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს გარანტიას წარმოადგენს. სასამართლო ვალდებულია, სიცხადე შეიტანოს და განსაზღვრულობა შესძინოს დავას, გადაწყვეტილებით საბოლოოდ გააქარწყლოს ეჭვი. ამიტომ სასამართლო, როგორც კონფლიქტის მოგვარების ინსტიტუტი, უტყუარობისა და სანდოობის პრეზუმფციით სარგებლობს, სასამართლო პროცესზე განხილული საკითხი კი საბოლოოდ გადაწყვეტილად და დადგენილად ითვლება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. „ის, რაც იწვევდა კონფლიქტს მხარეებს შორის, სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ითვლება დადგენილად და უდავოდ. დაუშვებელია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მუდმივად ეჭვქვეშ დაყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფუძველი გამოეცლებოდა სასამართლოსადმი სანდოობის ვარაუდს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
26. ამასთან, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუზღუდავად გასაჩივრების შესაძლებლობა შექმნიდა მოდავე მხარეთა ურთიერთობებში მუდმივ გაურკვევლობას და იმის საშიშროებას, რომ დავა და კონფლიქტი ვერასდროს პოვებდა საბოლოო გადაწყვეტას. როგორც აღვნიშნეთ, საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმ პრეზუმფციის მატარებელია, რომ საკითხი მხარეთა შორის გადაწყდა სწორად და რომ ისინი ამ საკითხთან, უფლებასთან, სიკეთესთან, ქონებასთან დაკავშირებით შემდგომ სამართლებრივ ურთიერთობებს გააგრძელებენ გადაწყვეტილებით დადგენილი სინამდვილის გათვალისწინებით, მასზე დაყრდნობით ან მისგან გამომდინარე. ამიტომ პოტენციური მოპასუხე დაცული უნდა იყოს იმისგან, რომ კვლავ დადგეს ძველი სარჩელის წინაშე, რომელიც ერთხელ უკვე გადაწყვეტილი იყო სასამართლოს მიერ, ამასთან, დაცული იყოს იმისგან, რომ საეჭვო, სათუო გახდეს მის მიერ დამყარებული სამართლებრივი ურთიერთობები.
27. საბოლოო ჯამში, დაუსრულებელი დავის შესაძლებლობა დააფრთხობს პირებს, გაართულებს სამართლებრივი ურთიერთობების დამყარებას – უფლების მუდმივი საეჭვოობის დაშვება მოსპობს თავად უფლების სიცოცხლისუნარიანობას, რადგან ის ვერ იქნება გამოყენებული მომავალი ურთიერთობების დასამყარებლად, უფლებების შესაძენად. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავისუფლად ჩაერთონ ურთიერთობებში, მსგავსი სარჩელებიდან მომდინარე დანაკარგის შიშის გარეშე. ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნება გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგება.
28. ზემოთ ჩამოთვლილი ლეგიტიმური მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „ ... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ. 51).
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ინსტიტუტის არსებობა, სამართლიანი სასამართლოს სხვა უფლებრივ კომპონენტებთან და გარანტიებთან ერთად, ემსახურება ზემოთ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას. თუმცა, იმავდროულად, ძალზე მნიშვნელოვანია თითოეული პროცესუალური გარანტიის, ხანდაზმულობის ვადების ინსტიტუტის ჩათვლით, კონკრეტული საკანონმდებლო რეგულაცია ეფუძნებოდეს ინტერესთა გონივრულ და სამართლიან ბალანსს, რათა, ერთი მხრივ, რეალურად ემსახურებოდეს საჯარო მიზნების მიღწევას, ხოლო, მეორე მხრივ, არ იწვევდეს კონკრეტული პირების უფლებაში გაუმართლებელ, არათანაზომიერ ჩარევას. ამისთვის კი კანონმდებლის მიერ შერჩეული რეგულაცია უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. “ვინაიდან ნებისმიერი სამართლებრივი წესრიგი მიზნისა და საშუალების მიმართებაზეა აგებული, ეს ავალდებულებს სახელმწიფოს, მიზნის მისაღწევად გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომლითაც, როგორც მიზნის მიღწევა იქნება გარანტირებული, ასევე თანაზომიერების პრინციპი იქნება დაცული” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/2/411 საქმეზე “შპს “რუსენერგოსერვისი”, შპს “პატარა კახი”, სს “გორგოტა”, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო “ფერმერი” და შპს “ენერგია” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ”; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/534 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 30). ამასთან, „თანაზომიერების შეფასებისას გადამწყვეტია მიზანსა და საშუალებას შორის პროპორციულობის საკითხის გარკვევა.…... ეს უზრუნველყოფს გონივრულ ბალანსს კერძო და საჯარო ინტერესებს შორის, როდესაც არც ერთი მათგანის დაცვა არ ხდება მეორის არაპროპორციულად შეზღუდვის ხარჯზე“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 22).
30. სწორედ ინტერესთა სამართლიანი დაბალანსებისთვის, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესაძლებლობის ზოგადი შემთხვევებიდან უნდა გაიმიჯნოს და დამოუკიდებლად შეფასდეს ის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული დავა (რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება) გადაწყდა სახელმწიფოს და არა კერძო პირის სასარგებლოდ, ამასთან, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „სათანადო“ მოპასუხის ან დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირის ინტერესების დარღვევა გამოწვეულია სახელმწიფოს (სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო დაწესებულებების, თანამდებობის პირების) ან/და სხვა პირების (მოწმის, ექსპერტის, მხარის ან მისი წარმომადგენლის) მართლსაწინააღმდეგო/ბრალეული ქმედებით ან, თუ მათთვის ცნობილია ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ამასთან, როდესაც ასეთ შემთხვევაში, უფლების დაცვა/აღდგენა შეუძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილობის გარეშე. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის კონსტიტუციურობა ცალ-ცალკე უნდა შეაფასოს დასახელებული განსხვავებული შემთხვევების სპეციფიკურობის გათვალისწინებით.
31. ზოგადად, სადავო ნორმით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნები, საბოლოო ჯამში, ორიენტირებულია კონკრეტული ადამიანების ინტერესებსა და უფლებების დარღვევის თავიდან აცილებაზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთი მხრივ, ხანგრძლივი ვადის შემდგომ, მტკიცებულებათა არარსებობისა თუ სათანადო მტკიცებულებების ობიექტურად ვერმოპოვების გამო, კონკრეტულმა პირებმა, რომელთა მიმართაც დავა განახლდება, შესაძლოა, სათანადოდ ვერ დაიცვან საკუთარი ინტერესები და უფლებათა გარდაუვალი დარღვევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ხოლო, მეორე მხრივ, უფლების განუსაზღვრელი დროით სადავოდ ქცევა პირს უქმნის ბუნდოვანების განცდას მომავლთან დაკავშირებით, შესაბამისად, იგი ერიდება ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება მომგებიანი იყოს მისთვის. მაშასადამე, აქ ერთმანეთს უპირისპირდება კერძო პირების ინტერესები – საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების (სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში – სათანადო მოპასუხის და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირის) უფლების დაცვის საჭიროებას უპირისპირდება იმ პირების ინტერესების დაცვის საჭიროება, რომლებიც მათ მიმართ დავის განახლების შემთხვევაში შეიძლება უფლების (უფლებების) დარღვევის გარდაუვალი საფრთხეების პირისპირ აღმოჩნდნენ.
32. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით საქმის წარმოების განახლების კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობის არსებობა მიზნად ისახავს პირის უფლებების სრულყოფილად დაცვას, სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურ რეალიზაციას და კონკრეტულ საქმეზე სამართლიანი, ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. მაგრამ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობის ადეკვატური უფლებრივი კომპონენტების მხოლოდ საკანონმდებლო რეგლამენტაცია ვერ იქნება ამ უფლებით სარგებლობის გარანტია, თუკი კანონმდებლობით ასევე გარანტირებული არ იქნება მათზე (უფლებრივ კომპონენტებზე) ეფექტური, რეალური ხელმისაწვდომობა.
33. ცხადია, იმისათვის, რომ პირმა ისარგებლოს მის ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, მას უნდა ჰქონდეს საკმარისი შესაძლებლობა, იცოდეს მასთან (მის უფლებებთან, ინტერესებთან) დაკავშირებული გადაწყვეტილების არსებობის თაობაზე. ამიტომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადით სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა მხოლოდ მაშინ იქნება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება, თუ პირი აღჭურვილი იქნება საკმარისი და ადეკვატური ბერკეტებით, იცოდეს კონკრეტული უფლების დაცვის საჭიროებისა და ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის თაობაზე.
34. დაინტერესებული პირების (სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში – სათანადო მოპასუხის და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირების) უფლების დაცვის საჭიროების სხვა კონკრეტული პირების ინტერესებისა და უფლებების დარღვევის საფრთხესთან დაპირისპირებისას, სადავო ნორმით გათვალისწინებული 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადა დაარღვევდა ინტერესთა შორის სამართლიან ბალანსს დაინტერესებული პირების საზიანოდ, თუ ის იმდენად აშკარად, არაგონივრულად მცირე, ხანმოკლე იქნებოდა, რომ ობიექტურად არასაკმარისი აღმოჩნდებოდა უფლების გამოყენებისა და დაცვისადმი კეთილსინდისიერად განწყობილი პირებისათვის, რითაც მათ არათანაზომადად უფრო მძიმე ტვირთს დააკისრებდა იმ პირებთან შედარებით, რომელთა უფლებები ასევე საფრთხის წინაშე დგება მათ მიმართ გარკვეული ვადის შემდეგ დავის განახლების შემთხვევაში. მიგვაჩნია, რომ კერძო პირების ინტერესების ასეთი დაპირისპირების შემთხვევაში, 5 წელი შეიძლება ჩაითვალოს მინიმალურ, თუმცა ობიექტურად საკმარის, გონივრულ, განჭვრეტად ვადად დაინტერესებული პირებისთვის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესაძლებლობის გამოყენებისთვის და, შესაბამისად, ინტერესთა შორის ბალანსის შენარჩუნებისთვის. მოცემულ შემთხვევაში 5 წელი არ არის იმდენად აშკარად მცირე დრო, რომ გამოირიცხოს დაინტერესებული პირის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით უფლებრივი მდგომარეობის შეცვლის თაობაზე ინფორმაციის მიღების ალბათობა, მით უფრო იმ პირობებში, რომ უძრავი ქონების თაობაზე საჯარო რეესტრის მონაცემები ხელმისაწვდომია პირის ადგილსამყოფლის მიუხედავად. გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობა უძრავი ქონების მესაკუთრეს მთელ რიგ ვალდებულებებს (მაგ., კომუნალური გადასახადები, ქონების გადასახადი) აკისრებს დამოუკიდებლად იმისგან, იმყოფება თუ არა ის საქართველოში და ფაქტობრივად სარგებლობს თუ არა ამ ქონებით. ასეთი ვალდებულებების ცოდნა და შესრულება ასევე ზრდის უძრავ ქონებაზე უფლებრივი მდგომარეობის ცვლილების ფაქტის შეტყობის ალბათობას. კანონმდებლობის არცოდნა კი ვერ გმოდგება საფუძვლად ვერც ვალდებულებების შესრულებისაგან თავის არიდებისთვის და, მით უფრო, ვერც სასარჩელო ხანდაზმულობის ვადების გაუქმების/გაზრდის მოთხოვნისთვის, რომელთა არსებობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნებით, მათ შორის, კონკრეტული ადამიანების უფლებების დარღვევის თავიდან არიდების საჭიროებით არის განპირობებული.
35. ცხადია, კანონმდებელი არ არის შეზღუდული, დააწესოს ხანდაზმულობის უფრო ხანგრძლივი ვადა, რაც დაინტერესებულ პირებს მისცემდა მეტ შესაძლებლობას, შეიტყონ მათი უფლების დარღვევის და, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გამოყენების აქტუალობის შესახებ ან/და შემოიღოს სხვა მექანიზმები, რაც უფრო ეფექტურად ხელმისაწვდომს გახდიდა დაინტერესებული პირებისთვის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარგებლობის შესაძლებლობას, ასევე გაითვალისწინოს გამონაკლისები ისეთ შემთხვევაში, როდესაც პირმა ვერ შეიტყო უფლების დარღვევის თაობაზე ან ვერ ისარგებლა უფლების დაცვის შესაძლებლობით დაუძლეველი გარემოების ან ქმედუუნარობის გამო და სხვა. მაგრამ, იმავდროულად, დაინტერესებული პირების დაცვაზე ორიენტირებული კანონმდებლის გადაწყვეტილება არ უნდა გამორიცხავდეს სხვა პირების უფლებების დარღვევის თავიდან აცილების შესაძლებლობას.
36. განსხვავებულია ვითარება, როდესაც დაინტერესებული პირების უფლების დაცვის შესაძლებლობას უპირისპირდება სახელმწიფო ინტერესი, ანუ, როდესაც კონკრეტული დავა გადაწყდა სახელმწიფოს და არა კერძო პირის სასარგებლოდ, ამასთან, როდესაც დაინტერესებული პირების (სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში – სათანადო მოპასუხის და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირის) უფლებების დარღვევა გამოწვეულია სახელმწიფოს (სახელმწიფო ორგანოების/თანამდებობის პირების) ან/და სხვა პირების (მოწმის, ექსპერტის, მხარის ან მისი წარმომადგენლის) მართლსაწინააღმდეგო/ბრალეული ქმედებით ან, თუ დაინტერესებული პირისთვის ცნობილია ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. სამართლებრივი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ასპექტია, უზრუნველყოფილ იქნეს სახელმწიფოს მხრიდან კანონის დარღვევით გამოწვეული ზიანის გამოსწორების/უფლების აღდგენის შესაძლებლობა. სამართლებრივი სახელმწიფო ეფუძნება ადამიანის, როგორც უმთავრესი ფასეულობის არა მხოლოდ აღიარებას, არამედ რეალურ უზრუნველყოფას ძირითადი უფლებებით სრულყოფილად და ეფექტურად სარგებლობის გარანტირების გზით. „ფასეულობათა კონსტიტუციური სისტემა დაფუძნებულია ძირითადი უფლებების პრიორიტეტსა და პატივისცემაზე“ („საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილება №2/3/423 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 6), რადგან სამართლებრივ სახელმწიფოში სახელმწიფო არის მხოლოდ შესაძლებლობა, ინსტრუმენტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად. სწორედ სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის არდაშვება და უფლებების დაცვის/აღდგენის საკმარისი, ეფექტური გარანტიების, მექანიზმების უზრუნველყოფა არის სამართლებრივი უსაფრთხოების ფუნდამენტი. მართალია, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადით შეზღუდვა ზოგადად ინარჩუნებს ლეგიტიმურ მიზნებს, მაგრამ ეს მიზნები თვისობრივად სახეცვლილია სახელმწიფოსთან მიმართებით, ვინაიდან ისინი არ უკავშირდება კონკრეტული კერძო პირების უფლებების დარღვევის საფრთხეს. სახელმწიფოს, რომელიც თავად უნდა იყოს სამართლებრივი უსაფრთხოების გარანტი, არ აქვს ამ ინტერესის (სამართლებრივი უსაფრთხოების) სხვისგან დაკმაყოფილების მოლოდინი, რაც განასხვავებს მას კერძო პირებისგან. მაშასადამე, აქ განსხვავებულია დაპირისპირებული ინტერესები და, შესაბამისად, განსხვავებული უნდა იყოს მიდგომაც ამ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის არსებობის შეფასებისთვის. როდესაც ლეგიტიმური საჯარო მიზნებისთვის საფრთხის მიყენების რისკები უმნიშვნელოა ან არ არსებობს, ან/და სამართლებრივი უსაფრთხოების დაცვის მცდელობას თავად შეუძლია გამოიწვიოს ამავე ლეგიტიმური მიზნის უგულებელყოფა, მაშინ უფლებაში ჩარევის საჭიროება გაცილებით ნაკლებია. ამიტომ დაინტერესებულ პირებს ასეთ შემთხვევაში უნდა ჰქონდეთ რეალური შესაძლებლობა, დაიცვან საკუთარი უფლება, მათ შორის, მოითხოვონ სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებული მათი უფლების დამრღვევი სასამართლო გადაწყვეტილების ბათილობა, როდესაც ეს არის უშუალო და აუცილებელი გზა უფლების აღდგენისა თუ კომპენსაციის მიღებისთვის.
37. მოცემულ საქმეზე მოსარჩელეების შემთხვევაში, მათ, ბუნებრივია, უნდა ჰქონოდათ საჯარო რეესტრისადმი ნდობა, რომ უძრავ ქონებაზე მათი საკუთრების დარეგისტრირებული უფლება არ შეიცვლებოდა მათი ინფორმირების გარეშე. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი გარემოებაა საჯარო რეესტრში ასეთი უფლების დარეგისტრირება. უძრავი ქონების როგორც შეძენა, ისე შემდგომში ამ უფლების ნებისმიერი ტრანსფორმაცია საჯარო რეესტრში დარეგისტრირებას მოითხოვს უფლების ნამდვილობისთვის. სწორედ საჯარო რეესტრში უძრავი ქონების დარეგისტრირებით პირს უჩნდება კონკრეტულ ქონებაზე საკუთრების უფლების გარანტია, რაც, იმავდროულად, სახელმწიფოს მხრიდან, მისი ამ უფლების დაცვის ვალდებულებაცაა. ამასთან, უძრავი ქონების რეგისტრაცია სახელმწიფოს ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. ამის შემდეგ მოქმედებს სახელმწიფოს ქმედების კეთილსინდისიერებისა და საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობის პრეზუმფცია (აღსანიშნავია, რომ საერთო სასამართლო დავის გადაწყვეტისას საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობას ეყრდნობა). პირს აქვს გონივრული მოლოდინი, რომ მის მიერ კანონის შესაბამისად ქმედების პირობებში, კანონი არ ითვალისწინებს, მისი ინფორმირების გარეშე, მისი ქონების გასხვისების შესაძლებლობას. შესაბამისად, მესაკუთრის ინფორმირების გარეშე მისი საკუთრების გასხვისების გადაწყვეტილება შესაძლოა დიდი ალბათობით კანონის დარღვევაზე მიუთითებდეს. ამიტომ მოცემულ შემთხვევაში ასეთი კატეგორიის პირებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სათანადო მოპასუხეს ან მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით) უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მოითხოვონ სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების ბათილობა მაშინ, როდესაც მათ შეუძლიათ ისეთ გარემოებებზე/მტკიცებულებებზე მითითება, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მათთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას და როდესაც ამ პირებისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა აუცილებელი გზაა უფლების დაცვის/აღდგენისთვის.
38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში, ვერ გამოდგება დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის პროპორციულ საშუალებად, 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა არაპროპორციულად ზღუდავს 422-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათანადო მოპასუხის და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირის სამართლიანი სასამართლოს უფლებას იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც მათ უფლებებს/ინტერესებს ეხება, სახელმწიფოს სასარგებლოდ არის მიღებული და, ამავე დროს, არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, ამასთან, ამ პირებისთვის სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა უფლების დაცვის, აღდგენისთვის აუცილებელი წინა პირობაა. ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, პრევალირებს სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის თავიდან აცილების უპირატესი ინტერესი, როგორც სამართლებრივი უსაფრთხოების ფუნდამენტური ასპექტი, დაინტერესებულ პირებს უნდა ჰქონდეთ ასეთი საფრთხის თავიდან ასაცილებლად და უფლების დასაცავად გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესაძლებლობა, 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადის მიუხედავად. სახელმწიფოს არსებობა ზოგადად უკავშირდება რა ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებას, დრო ვერ გააბათილებს ასეთ ვალდებულებას. ამავე დროს, ყველა ადამიანის მიმართ სახელმწიფოს სწორედ ასეთი ვალდებულების თანაბრად არსებობის ძალით, კონკრეტული პირის უფლების დროში უსასრულოდ დაცვის შესაძლებლობას უპირისპირდება სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხის თავიდან აცილების აუცილებლობა. ამიტომ დავის განახლების შეზღუდვა შესაძლებელი უნდა იყოს იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოსთვის პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება დავის სწორად გადაწყვეტა და კონკრეტული პირების უფლებების დარღვევის თავიდან აცილება.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართლმსაჯულების შედეგების უსაფუძვლოდ ეჭვის ქვეშ დაყენების გამოსარიცხად, აუცილებელია სადავო ნორმით გათვალისწინებული შესაბამისი პირებისა და შემთხვევების სწორად, უტყუარად გამოვლენა. ამ თვალსაზრისით, ყურადღებას გავამახვილებთ რამდენიმე გარემოების ერთდროულად არსებობის აუცილებლობაზე:
ა)კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, უფლების თავიდან სადავოდ ქცევა უქმნის რა საფრთხეს ისეთ მნიშვნელოვან საჯარო ინტერესებს, როგორებიცაა სამართლებრივი უსაფრთხოება, სტაბილურობა, სასამართლოს გადაწყვეტილების იურიდიული ძალის მნიშვნელობა და, ზოგადად, მართლმსაჯულებისადმი სანდოობა, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა უფლებამოსილი პირებისათვის არსებობს იმ შემთხვევაში, როდესაც სწორედ ეს გზა არის რეალური შესაძლებლობა უფლების დასაცავად, ანუ, როდესაც გადაწყვეტილების ბათილად ცნობას პოტენციურად შეუძლია უზრუნველყოს უფლების თავდაპირველი სახით აღდგენა ან შესაბამისი კომპენსაციის მიღება, რაც შეუძლებელი იქნებოდა გადაწყვეტილების ბათილობის გარეშე. არ შეიძლება სასამართლოსადმი მიმართვა თვითმიზნურ ხასიათს ატარებდეს, მით უფრო, თუ საუბარია უკვე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილობის მოთხოვნაზე და დავის თავიდან დაწყებაზე. მართლმსაჯულების საბოლოო შედეგები მხოლოდ განსაკუთრებულ, იშვიათ შემთხვევაში შეიძლება დადგეს ეჭვის ქვეშ და მხოლოდ მაშინ შეიძლება გაბათილდეს, თუ ეს აუცილებელი გზაა სავარაუდოდ დარღვეული უფლების აღდგენის, მისი დაცვისთვის. ამიტომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ინსტიტუტი, თავისი დანიშნულებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, უკავშირდება მხოლოდ ისეთ შემთხვევაში მისი გამოყენების შესაძლებლობას, როდესაც ის წარმოადგენს უშუალო გზას სავარაუდოდ დარღვეული უფლების დაცვისთვის, აღდგენისთვის. დაუშვებელია, კანონმდებლობა მართლმსაჯულების შედეგების საეჭვოობას ასეთი საფუძვლების გარეშე იწვევდეს და შედეგად მართლმსაჯულებისადმი სანდოობის შერყევისთვის საკანონმდებლო საფუძველს ქმნიდეს.
ბ) სადავო ნორმით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა უკავშირდება რა ლეგიტიმურ მიზნებს, რომელთა არსებობა და დაცვის საჭიროება ამ გადაწყვეტილებით კითხვის ქვეშ არ დამდგარა, სასამართლო უნდა სარგებლობდეს მკაფიო და ხელშესახები კრიტერიუმებით იმის შესამოწმებლად და დასადგენად, რომ პირმა არ იცოდა და ობიექტურად არც შეიძლებოდა სცოდნოდა მის ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების არსებობის შესახებ. უნდა მოხდეს იმის პრევენცია, რომ პირმა დროში უმიზეზოდ არ გაახანგრძლივოს უფლების განხორციელება, ის შეზღუდული უნდა იყოს შესაძლებლობაში, მიმართოს სასამართლოს იმ შემთხვევაში, თუ მას შეეძლო ეს თავის დროზე განეხორციელებინა და არ ისარგებლა ამ შესაძლებლობით. ხანდაზმულობის ვადის მიუხედავად, უფლების დაცვის შესაძლებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გზით, უნდა უკავშირდებოდეს მხოლოდ რეალურ და ობიექტურ საჭიროებას და არა პირის დაუდევრობას ან საკუთარი უფლებებისადმი ინდიფერენტულ დამოკიდებულებას.
გ) ამასთან, იმისათვის, რომ 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა დაინტერესებულმა პირმა (სათანადო მოპასუხემ და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით), ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის შემდეგ მოითხოვოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მან უნდა წარადგინოს სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობაზე.
40. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო, შეზღუდულია რა სასარჩელო მოთხოვნით, მოკლებულია შესაძლებლობას, 426-ე მუხლის მე-4 ნაწილი განიხილოს მთელი სისრულით, მათ შორის, ინდივიდუალურად გააანალიზოს მისი ქმედითობა სამოქალაქო საპროცეცსო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით გათვალისწინებული თითოეული სუბიექტისა და საფუძვლის მიხედვით. ამიტომ კანონმდებლობით ამ საკითხის მოწესრიგებისას, უმნიშვნელოვანესია, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადების მოქმედება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზნებს და, იმავდროულად, კონკრეტული რეგულაცია არ იწვევდეს არც ერთი პირის უფლებაში არათანაზომიერ ჩარევას, უფლების დარღვევას, მათ შორის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ის არ იწვევდეს პირთა გაუმართლებელ, დაუსაბუთებელ დიფერენცირებას ამ უფლებით სარგებლობის პროცესში.
III
სარეზოლუციო ნაწილი
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 211 მუხლის პირველი პუნქტით, 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტებით, 44-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. დაკმაყოფილდეს ისრაელის მოქალაქეების – თამაზ ჯანაშვილის, ნანა ჯანაშვილის და ირმა ჯანაშვილის კონსტიტუციური სარჩელი №531 საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
2. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” 15 დღის ვადაში.
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
ვახტანგ გვარამია
მაია კოპალეიშვილი
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი