საქართველოს მოქალაქე გიგა ბარათაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/1/614 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 4 თებერვალი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 4 თებერვალი 2016 19:24 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გიგა ბარათაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014წლის 27 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №614) მიმართა საქართველოს მოქალაქე გიგა ბარათაშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2014 წლის 28 ნოემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა,ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 4 თებერვალს.
2. №614 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მინისტრის ან მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით სამსახურებრივი გადაადგილებისას, შესაბამისი თანამდებობის შერჩევამდე, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ „კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს.“
4. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“ მე-2 პუნქტის მიხედვით, „სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“.
5. №614 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 30 სექტემბრის №2628 ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების II საარტილერიო ბრიგადის შტაბის G-1-ის კადრების ოფიცრის, მაიორის თანამდებობიდან გათავისუფლდა და გადაყვანილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 1-ლი მარტის №488 ბრძანების თანახმად კი, 2012 წლის 30 იანვრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ იქნა რეზერვში.
6. მოსარჩელის მტკიცებით, რადგან მასზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, კონსტიტუციით გარანტირებული მისი უფლება, ეკავოს თანანმდებობა საჯარო სამსახურში, სახელმწიფოს მხრიდან თვითნებური ჩარევის რისკის ქვეშაა. გიგა ბარათაშვილი აღნიშნავს, რომ სადავო ნორმების მოქმედების ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურე შესაძლოა ყოველგვარი ობიექტური მიზეზის არსებობის გარეშე გათავისუფლდეს სამსახურიდან და გადაყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში. მოსარჩელის განმარტებით, იმისთვის, რომ სადავო ნორმა კონსტიტუციასთან შესაბამისი იყოს, აუცილებელია სახელმწიფომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაამტკიცოს,რომ შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლება არის პასუხი სამხედრო მოსამსახურის კონკრეტულ ქმედებაზე, რომელმაც სახელმწიფოს მიმართ ნდობასა და ლოიალობაზე დაფუძნებულ კავშირს შეუქმნა საფრთხე, დაარღვია ან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა იგი.
7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის გათავისუფლებისას დაცვის ეფექტური საშუალებების არარსებობის თანმდევი შედეგია არაპირდაპირი გავლენა სამართლიან სასამართლოს უფლებაზე. მოსარჩელის აღნიშვნით, იმის გამო, რომ უფლებამოსილი თანამდებობის პირი მოსამსახურის გათავისუფლებისას არ არის ვალდებული, მიუთითოს სამხედრო მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანისა და ოთხი თვის გასვლის შემდგომ მისი გათავისუფლების მიზეზი, სამხედრო პირს ერთმევა შესაძლებლობა, ჯეროვნად დაიცვას თავი სასამართლოს მეშვეობით, რადგან მისთვის უცნობია მისი გათავისუფლების კონკრეტული მიზეზი.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
9. მოსარჩელე თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციონაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №614 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციონაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №614 (საქართველოს მოქალაქე გიგა ბარათაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა