საქართველოს მოქალაქე კარინე შახპარონიანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/2/616 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 4 თებერვალი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 4 თებერვალი 2016 19:21 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე კარინე შახპარონიანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №616) მიმართა საქართველოს მოქალაქე კარინე შახპარონიანმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2014 წლის 12 დეკემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 4 თებერვალს.
2. №616 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილებით სამსახურებრივი გადაადგილებისას შესაბამისი თანამდებობის შერჩევამდე. რაც შეეხება ამავე მუხლის მე-3 პუნქტს, ის ადგენს მოსამსახურის კადრების განყოფილებაში ყოფნისა და მისი შემდგომი დათხოვნის/განთავისუფლების კონკრეტულ პროცედურებს, კერძოდ, განსაზღვრულია, რომ „კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა , თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
5. №616 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე კარინე შახპარონიანი, სადავო ნორმების საფუძველზე მიღებული, თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 27 დეკემბრის ბრძანებით გათავისუფლებულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს III სამმართველოს მთავარი ინსპექტორის თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო 2014 წლის 29 აპრილის ბრძანებით, იგი გათავისუფლდა სამსახურიდან. მოსარჩელემ აღნიშნული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაასაჩივრა სასამართლოში, თუმცა მისი სასარჩელო მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული არც თბილისის საქალაქო და შემდგომში, არც სააპელაციო სასამართლოს მიერ.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს რაიმე ობიექტურ გარემოებას, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნებოდა საჯარო მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლება და მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანა. ამასთან, კადრების განკარგულებაში ყოფნის განმავლობაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს, თუკი არ მოხდება მისი თანამდებობაზე დანიშვნა, ის უნდა იქნეს დათხოვნილი.
7. მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს სადავო ბრძანების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც, ერთი შეხედვით, ითვალისწინებს ატესტაციის ჩატარებასა და მისი შედეგების საფუძველზე მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხის გადაწყვეტას, თუმცა აღნიშნავს, რომ დასახელებული ნორმა არ არის იმპერატიული ხასიათის და მისით მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილებაა დადგენილი. გამომდინარე აქედან, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ პირს შეუძლია, საკუთარი შეხედულებით შეამოწმოს კადრების განკარგულებაში გადაყვანილი მოსამსახურის კვალიფიკაცია და დანიშნოს ან არ დანიშნოს თანამდებობაზე.
8. მოსარჩელე მხარის აზრით, სადავო ნორმები საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო არ იქნებოდა, თუკი კანონმდებლობა გაითვალისწინებდა იმ ობიექტურ კრიტერიუმებს, რომლითაც უფლებამოსილი პირი იხელმძღვანელებდა მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანისას. ასევე, კონსტიტუციური იქნებოდა რეგულაცია, რომლის თანახმადაც, გათვალისწინებული იქნებოდა კადრების განკარგულებაში მყოფი პირის დათხოვნა, როდესაც ეს უკანასკნელი ვერ აკმაყოფილებს ვერც ერთი თანამდებობისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
9. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სამხედრო მოსამსახურის გათავისუფლებისას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დასაბუთების ვალდებულებას იმგვარად, რომ გათავისუფლებული მოსამსახურისათვის ცხადი იყოს მისი გათავისუფლების მიზეზი. აღნიშნული გამორიცხავს ეფექტურ სასამართლო კონტროლის მექანიზმს. იმ შემთხვევაში კი, როდესაც საჯარო მოხელეს დაუსაბუთებლად ათავისუფლებენ დაკავებული თანამდებობიდან, ირღვევა არა სამართლიანი სასამართლოს უფლება, არამედ სწორედ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
11. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ევროკავშირის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №580 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №616 (საქართველოს მოქალაქე კარინე შახპარონიანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ).
2. №616 კონსტიტუციური სარჩელი გაერთიანდეს №614 კონსტიტუციურ სარჩელთან ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა