საქართველოს მოქალაქე ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/2/542 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 19 ნოემბერი 2012 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ,,სისხლის სამართლის კოდექსის” 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების “საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 18 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №542) მიმართა საქართველოს მოქალაქე ვახტანგ მაისაიამ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2012 წლის 18 სექტემბერს.
2. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2012 წლის 31 ოქტომბერს.
3. №542 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. სადავო ნორმის თანახმად, “საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე”.
5. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, “ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით”.
6. 6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სარჩელი აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და შემოტანილია უფლებამოსილი პირის მიერ. მოსარჩელეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ჯაშუშობა) გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით (ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 იანვრის განაჩენი, საქმე № 1/3883-09. საქმეს ადევს საიდუმლო გრიფი, რის გამოც, განაჩენი სარჩელს თან არ ერთვის). განაჩენი ძალაში დატოვა როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო სასამართლომ. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ უკანონო განაჩენის დადგომა და მისი კანონიერი უფლებების შელახვა სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად მნიშვნელოვნად განაპირობა თავად 314-ე მუხლის ბუნდოვანმა შინაარსმა.
7. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება. მისი აზრით, სადავო ნორმის საფუძველზე შესაძლებელია, ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფეროს ფარგლებში, მიჩნეულ იქნეს ჯაშუშობად და პირს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
8. მოსარჩელისთვის პრობლემატურია სადავო ნორმით განსაზღვრული ტერმინები _ “სხვა ინფორმაცია” და “საქართველოს ინტერესის საზიანოდ”. მისი აზრით, აღნიშნული ტერმინები გაუგებარი და ბუნდოვანია. შესაბამისად, საჭიროა დაკონკრეტდეს მათი დეფინიცია, ვინაიდან ტერმინი “საქართველოს ინტერესის საზიანოდ” პოლიტიკურად შეფასებით კატეგორიას წარმოადგენს.
9. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ საჭიროა დაკონკრეტდეს სადავო ნორმით განსაზღვრული ტერმინი “უცხოეთის ორგანიზაცია”, ვინაიდან იგი წარმოადგენს ზოგად ტერმინს და მასში შესაძლებელია მოაზრებულ იქნეს ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთშია რეგისტრირებული.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აუცილებელი წინაპირობები. “კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინება №2/6/475 საქმეზე “საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”). ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინება №2/3/412 საქმეზე საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის განჩინება №2/2/438 საქმეზე საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცქიფურიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ).
2. №542 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების “საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმა, ერთი მხრივ, განსაზღვრავს ჯაშუშობის როგორც სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედების შემადგენლობას (დისპოზიციას), მეორეს მხრივ კი ადგენს ამ დანაშაულის ჩადენისთვის განსაზღვრულ სანქციას - თავისუფლების აღკვეთა 8 - დან 12 წლამდე. შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია, წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც შინაარსობრივ კავშირში იქნება სადავო ნორმის ორივე ნაწილთან, როგორც დანაშაულის დისპოზიციასთან, ასევე სანქციასთან.
3. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის სადავოდ გამხდარი ნაწილის არაკონსტიტუციურობას განაპირობებს ის გარემოება, რომ იგი შეიცავს ბუნდოვან და განუსაზღვრელ ტერმინებს, რაც იძლევა შესაძლებლობას, ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფეროს ფარგლებში, მიჩნეულ იქნეს ჯაშუშობად და პირს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. აშკარაა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები ცალსახად მიემართება სადავო ნორმის დისპოზიციის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხს. სარჩელში არ არის მოყვანილი სხვა არგუმენტი, რაც დაკავშირებული იქნებოდა სადავო ნორმით გათვალისწინებული სანქციის არაკონსტიტუციურობის მტკიცებასთან. ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამ მუხლის არა პირველი, არამედ მე-2 ნაწილით განსაზღვრული სანქციაა და იგი მოსარჩელის მიერ არ არის სადავოდ გამხდარი. შესაბამისად, ეს გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსარჩელის ინტერესის საგანს წარმოადგენს 314-ე მუხლის პირველი ნაწილის მხოლოდ დისპოზიციის კონსტიტუციურობის საკითხი.
4. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ №542 კონსტიტუციური სარჩელში მოცემული დასაბუთება, არ არის შინაარსობრივ შემხებლობაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სადავო სიტყვებთან ,,ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე“. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება (არ აკმაყოფილებს) ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის მოთხოვნებს. შესაბამისად, №542 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე” კონსტიტუციურობას კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
5. №542 კონსტიტუციური სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების “საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №542 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების “საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №542 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე” კონსტიტუციურობას კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. №542 კონსტიტუციური სარჩელი გაერთიანდეს №516 კონსტიტუციურ სარჩელთან ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი