საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში და ვახტანგ ხმალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/1/516 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 19 ნოემბერი 2012 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი -წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები _ ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში და ვახტანგ ხმალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1) „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით. 2) ამავე ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით. 3) „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 314-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე -ლაშა ტუღუში. მოპასუხე -საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები _ ზურაბ დეკანოიძე და თამარ ხინთიბიძე. მოწმე -საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი დიმიტრი საძაგლიშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 5 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №516) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა _ ალექსანდრე ბარამიძემ, ლაშა ტუღუშმა და ვახტანგ ხმალაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2011 წლის 19 აგვისტოს.
2. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2012 წლის 13 ივნისს.
3. №516 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის სადავოდ მითითებული ნაწილის (სიტყვების, ნორმების) თანახმად, საქართველოს ინტერესის საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით, სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, ხოლო ჯაშუშობა, ჩადენილი ომიანობის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ან რამაც საქართველოს ინტერესისათვის მძიმე შედეგი გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეები პროფესიით არიან: ადვოკატი, ჟურნალისტი და იურისტი. გარდა ამისა, ისინი არიან არასამთავრობო სექტორის აქტივისტები, ექსპერტები სამართლის, საერთაშორისო და შიდა პოლიტიკის სფეროებში. შესაბამისად, ისინი ხშირად, მათ შორის უცხოური ორგანიზაციების მიწვევის საფუძველზე, მონაწილეობენ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ გამართულ სხვადასხვა სახის სემინარებში, სიმპოზიუმებში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში, სადაც გამოდიან საინფორმაციო-ანალიტიკური ხასიათის მოხსენებებით სხვადასხვა საკითხებზე. მათი აზრით, სადავო ნორმების მოქმედი რედაქციის პირობებში, შესაძლებელია რომ მათი უფლებები მომავალში უშუალოდ დაირღვეს. შესაბამისად, სახეზეა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი და კონსტიტუციური სარჩელი მიღებული უნდა იქნეს არსებითად განსახილველად.
6. მოსარჩელე მხარის აზრით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები „აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა“ ბუნდოვანი შინაარსისაა და პირს არა აქვს შესაძლებლობა, წინასწარ განჭვრიტოს თუ რომელ მოქმედებას უკრძალავს მას კანონი. მოსარჩე მხარისათვის პრობლემატურია სადავო ნორმაში მოხსენიებული ტერმინი „სხვა ინფორმაცია“. მოცემული ტერმინის შინაარსი ფართო ხასიათისაა და მრავალგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, განსხვავებით ამავე ნორმის პირველი ნაწილისაგან, რომელიც დასჯადად აცხადებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემას, ხოლო თავის მხრივ, სახელმწიფო საიდუმლოების ცნება განსაზღვრულია „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით. შესაბამისად, ტერმინ სხვა ინფორმაციაში, მოიაზრება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არ არის სახელმწიფო საიდუმლოება, მათ შორის საჯარო ინფორმაცია, პირადი შეხედულებები და მოსაზრებები. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, შესაძლებელია, პირი დაისაჯოს იმ ქმედებისთვის, რომელიც მის კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას წარმოადგენს.
7. მოსარჩელეთა მტკიცებით, ასევე ბუნდოვანია ტერმინი „საქართველოს ინტერესის საზიანოდ“. მათთვის გაუგებარია, როგორ შეუძლია „სხვა ინფორმაციის“ გამჟღავნებას ან დაკარგვას, ზიანი მოუტანოს საქართველოს ინტერესებს, თუ ეს ინფორმაცია არ არის „სახელმწიფო საიდუმლო“, როგორც ამას განმარტავს საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია არ არის საიდუმლო, მის გამჟღავნებას ან დაკარგვას არ შეუძლია ზიანი მოუტანოს საქართველოს ინტერესებს. შესაბამისად, მათი აზრით, გასაჩივრებული დებულება დანაშაულად აცხადებს ისეთ ქმედებას, რომლის ფორმულირება შინაარსობრივად მცდარია.
8. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ინფორმაციის გადაცემა უცხოეთის ორგანიზაციისთვის, ამ უკანასკნელის დავალებით. სადავო ნორმა არ განმარტავს უცხოეთის ორგანიზაციას. შესაბამისად, იგი მოიაზრებს ნებისმიერ ორგანიზაციას, მათ შორის, კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომელსაც ადგილსამყოფელი უცხო ქვეყანაში გააჩნია და შეიძლება ჩაითვალოს „უცხოეთის ორგანიზაციად“ დანაშაულის შემადგენლობის ამ ელემენტის მიზნებისათვის. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა გულისხმობს ნებისმიერი სახის ინფორმაციის გადაცემას ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, რაც ზიანის მომტანია საქართველოს ინტერესისთვის, თუმცა აღნიშნული ტერმინების ბუნდოვანება ვერ აკმაყოფილებს კანონის წინასწარგანჭვრეტადობის კრიტერიუმს, რაც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით.
9. მოსარჩელე მხარემ განმწესრიგებელ სხდომაზე დამატებით მიუთითა, რომ სადავო ნორმა არ იქნება პრობლემატური, თუ მისი რედაქცია ჩამოყალიბდება იმგვარად, რომ დასჯადად გამოცხადდება მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემა და ასევე ამოღებული იქნება ის ტერმინები, რომლებიც ბუნდოვანია და ვერ აკმაყოფილებს განსაზღვრულობის პრინციპს. სხვა შემთხვევაში, სადავო ნორმა წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან.
10. მოსარჩელეთა აზრით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე“ და მე-2 ნაწილის სიტყვები „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს. მათი განმარტებით, გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში ჩარევისას, საჭიროა, შეფასდეს ჩარევის სიმკაცრე და თანაზომიერება. მოსარჩელეები თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად კონსტიტუციურ სარჩელში იშველიებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „კუმპანა და მაზარე რუმინეთის წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ ჟურნალისტებისათვის 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიიჩნია ისეთ საშუალებად, რომელსაც შეეძლო გამოეწვია მსუსხავი ეფექტი ჟურნალისტის კოლეგებს შორის. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული სანქციები ცალსახად არღვევენ კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას.
11. მოსარჩელე მხარე, თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად, დამატებით ასევე იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
12. მოპასუხე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმა მკაფიოდ და არაორაზროვნად განსაზღვრავს იმ ქმედების ობიექტურ ნიშნებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, ქმედება კვალიფიცირდება ჯაშუშობად და პირს ეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ტერმინი „საქართველოს ინტერესის საზიანოდ“ უნდა განიმარტოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVII თავის სათაურთან კავშირში. შესაბამისად, აღნიშნული ტერმინი გულისხმობს ქმედებას, რომელიც მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ამ ტერმინის განმარტებისთვის გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 23 დეკემბრის დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია“, რომელშიც განმარტებულია, თუ რა არის ეროვნული ინტერესი. კერძოდ, ასეთ ინტერესად ჩაითვლება: სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, ეროვნული უსაფრთხოების ეფექტიანი სისტემის განვითარება, ეროვნული თანხმობისა და სამოქალაქო თანხმობის განმტკიცება, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველოფა, სამოქალაქო ინტეგრაციის უზრუნველყოფა, კიბერუსაფრთხოებისა და დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
13. მოპასუხე მხარე ასევე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის მიზანია, აღკვეთოს ისეთი ქმედებები, რომლებიც გულისხმობენ პირის განზრახვას, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს კონფიდენციალური არხებით მიაწოდონ ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, თუმცა შესაძლებელია, ზიანის მომტანი იყოს ქვეყნის ინტერესებისთვის. შესაბამისად, სადავო ნორმის ლეგიტიმურობისა და კონსტიტუციურობის განმსაზღვრელი არის არა თავად გადაცემული ინფორმაციის სახეობა, არამედ ის გარემოება, რომ ქმედების ჩამდენი პირი, გარკვეული სარგებლის სანაცვლოდ, ხელს უშლის საზოგადოებრივი მიზნებისა და დეკლარირებული ამოცანების განხორციელებას.
14. მოპასუხე მხარე დამატებით მიუთითებს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ტერმინი „უცხოეთის ორგანიზაცია“ მნიშვნელოვანია, ვინაიდან სადაზვერვო საქმიანობა წარმოადგენს სპეციფიკურ საქმიანობას, რომელიც შესაძლოა ხორციელდებოდეს ფარული და სპეციალური მეთოდებით, მათ შორის, კონკრეტული იურიდიული პირების (ორგანიზაციების) მეშვეობით. სწორედ აღნიშნული ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის გადაცემა ითვლება დასჯად ქმედებად სადავო ნორმის მიზნებისთვის. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული ნორმის ფორმულირება გამორიცხავს მისი თავისუფალი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და, შესაბამისად, ვერ გავრცელდება ყველა უცხოურ ორგანიზაციაზე, რომელიც არ აგროვებს ინფორმაციას საქართველოს ინტერესის საზიანოდ.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა აკმაყოფილებს განსაზღვრულობის მოთხოვნას და მას მიმართება არა აქვს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან.
16. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედება გულისხმობს პირის მიერ ინფორმაციის შეგროვებას უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით. ამ შემთხვევაში, დავალების შემსრულებელი შებოჭილია იმ მოცემულობით, რომელიც დავალების გამცემის მიერა არის დაწესებული და იგი არ მოქმედებს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმით დაწესებული აკრძალვა არ უკავშირდება გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვას. შესაბამისად, სადავო ნორმას არა აქვს მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან.
17. მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ სადავო ნორმით დაწესებული სანქციის საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართების დასადგენად, საჭიროა იგი შეფასდეს იმ სტანდარტის მიხედვით, რაც დადგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის საოქმო ჩანაწერით ადმინისტრაციულ სახდელებთან მიმართებით. კერძოდ, ადმინისტრაციული სახდელი არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და, შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას. მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ ჯაშუშობა თავისი შინაარსით არის იმდენად მძიმე დანაშაული და საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი ქმედება, რომ სანქციის სახით თავისუფლების აღკვეთა 8-დან 12 წლამდე, არ წარმოადგენს მიზნის მიღწევის აშკარად არაგონივრულ და არაპროპორციულ საშუალებას.
18. საქმეზე მოწმედ მოწვეულმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი პროკურატურის იურიდიული სამმართველოს უფროსმა დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, რომ სადავო ნორმის თანახმად, ქმედება ჯაშუშობად ჩაითვლება, თუ არსებობს უცხოური ორგანიზაციის მიერ დავალების ფაქტი, პირს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი მოქმედებს ქვეყნის ინტერესის საზიანოდ და სახეზეა ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ შესაძლებელია არსებობდეს ინფორმაცია, რომელსაც არ ჰქონდეს მინიჭებული გრიფით საიდუმლო, შესაბამისად, იურიდიულად არ ითვლებოდეს საიდუმლო ინფორმაციად, თუმცა შემხებლობა ჰქონდეს ქვეყნის უშიშროებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებთან და მისი გადაცემა საზიანო იყოს ქვეყნისათვის. შესაბამისად, სადავო ნორმით განსაზღვრული ტერმინი „სხვა ინფორმაცია“ გულისხმობს ისეთ ინფორმაციას, რომელიც თავისი შინაარსით არის მნიშვნელოვანი და მისი გადაცემა იქნება ქვეყნის ინტერესებისთვის ზიანის მომტანი, თუმცა მისი გასაიდუმლოება გაჭიანურდა ან ვერ მოხერხდა გარკვეული მიზეზების გამო. ამასთანავე, შესაძლებელია იყოს სხვა ტიპის ინფორმაციაც, რომლის გადაცემაც ასევე საზიანოა ქვეყნის ინტერესებისთვის.
19. მოწმე ასევე მიუთითებს, რომ ტერმინი უცხოეთის ორგანიზაცია არის ზოგადი ხასიათის და მასში მოიაზრება ნებისმიერი ორგანიზაცია, თუმცა მისი აზრით, აღნიშნული ტერმინი უფრო კონკრეტულად ვერ ჩამოყალიბდებოდა. ვინაიდან, თუ კი ნორმაში იქნება მითითება მხოლოდ უცხოეთის დაზვერვაზე, ეს იქნება არაფექტური სამართლებრივი საშუალება, რადგან სადაზვერვო სამსახურები, ხშირ შემთხვევაში, სწორედ კონსპირაციული ორგანიზაციების მეშვეობით მოქმედებენ, შესაბამისად, ჯაშუშის გამოვლენა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება.
20. მოწმე ასევე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმაში მოცემული ტერმინი „სახელმწიფოს ინტერესის საზიანოდ“ უკავშირდება დანაშაულის სუბიექტურ მხარეს, კერძოდ, პირს, რომელიც ახორციელებს ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მისი ქმედება, შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს სახელმწიფოს ინტერესებისთვის. შესაბამისად, აღნიშნული დანაშაული წარმოადგენს ფორმალურ დანაშაულს, რომელიც არ გულისხმობს აუცილებლად ზიანის ფაქტის არსებობას, არამედ საკმარისია, პირს სურდეს ან ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის გარდუვალობას.
21. სადავო ნორმით დაწესებულ სანქციებთან მიმართებით მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული ქმედება იმდენად საშიშია სახელმწიფო უშიშროებისათვის, რომ მისი ჩადენისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ადეკვატური პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე, მოწმეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული სანქცია სრულიად თანაზომიერი და პროპორციულია სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე“ და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვები „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე“, თავად დასჯადი ქმედების განმსაზღვრელი ნორმისაგან დამოუკიდებლად (სისხლის სამართლის კოდესის 316-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები), ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს. მოსარჩელე მხარის აზრით, სადავო ნორმებით განსაზღვრული სასჯელი იმდენად მკაცრია, რომ მან შესაძლოა, მსუსხავი ეფექტი იქონიოს გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციის სადავო წინადადების („აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა“) კონსტიტუციურობის შეფასება, საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელი შეფასების საგანს წარმოადგენს. თუ სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს თავად ქმედების დასჯადობას (სრულად ან ნაწილობრივ), შინაარს დაკარგავს მისთვის დადგენილი სასჯელიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ სანქციის მოცულობის (ზომის) დამოუკიდებლად არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა ნიშნავს იმას, რომ იგი მოთხოვნას აყენებს იმ პირობებში, როდესაც ზოგადად დასჯადი ქმედების რეგლამენტაცია კონსტიტუციურია, თუმცა სასჯელი არაადეკვატურად მძიმეა.
2. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისას კანონმდებელი მკაცრადაა შეზღუდული პროპორციულობის მოთხოვნით. კერძოდ, გამოხატვის თავისუფლების სფეროში მოქმედი პირის ქმედების დასჯადობის დადგენისას სახელმწიფოს მკაცრად მოეთხოვება დადგენილი შეზღუდვა იყოს მკაფიო, არაორაზროვანი და შეზღუდვის თანაზომადი. თუმცა სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები გაცილებით უფრო ფართოა, როდესაც იგი განსაზღვრავს სამართალდარღვევისათვის სანქციის ოდენობას. ანუ, როდესაც უკვე დადგენილია, რომ ამა თუ იმ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევა და, შესაბამისად, მისი ჩამდენი პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება კონსტიტუციურია და კანონმდებელს ისღა დარჩენია, შეარჩიოს ადეკვატური სანქცია.
ქმედების სამართალდარღვევად განსაზღვრა, სახდელის დაწესება და მისი სიმძიმის განსაზღვრა სახელმწიფოს (კანონმდებლის) ექსკლუზიურ კომპეტენციას წარმოადგენს. კანონმდებელი უფლებამოსილია განსაზღვროს, თუ რა ურთიერთობასთან მიმართებით უნდა იქნეს გამოყენებული ესა თუ ის ადმინისტრაციული სახდელი და რამდენად ეფექტურად უზრუნველყოფს იგი იმ მიზნის მიღწევას, რაც კანონმდებელს სურს.
ადმინისტრაციული სახდელის დაწესებისას კანონმდებლისთვის მინიჭებული თავისუფალი მოქმედების ფარგლები განპირობებულია იმ გარემოებით, რომ შეუძლებელია წინასწარ იმის განსაზღვრა, ყოველი კონკრეტული სამართალდამრღვევისთვის სახდელის რა მოცულობითა და ზომით შეფარდება იქნება ადეკვატური. შესაბამისად, კანონმდებლის მიერ დაწესებული ადმინისტრაციული სახდელის ფორმა, მისი სიმკაცრე საშუალებას აძლევს სამართალშემფარდებელს, დაიცვას სამართლიანი ბალანსი სამართალდამრღვევის უფლებების შეზღუდვასა და სხვათა უფლებების დაცვას შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის №4/482,483,487,502 საოქმო ჩანაწერი, II-8).
3. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდარღვევისათვის სანქციის შერჩევისას კანონმდებლის მიხედულების ფარგლები ფართოა, იგი ამ სფეროში არ სარგებლობს აბსოლუტური თავისუფლებით. სასამართლო არ გამორიცხავს იმას, რომ სანქცია სამართალდარღვევად შერაცხული ქმედებისაგან დამოუკიდებლადაც შეიძლება იქცეს გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევის წყაროდ. ამ სფეროში კანონმდებლის ფართო მიხედულების ფარგლებიდან გამომდინარე, სანქციის ზომა საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასების საგანი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება გახდეს. „საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინახავს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან ადმინისტრაციული სახდელის მიმართებას, თუ ეს უკანასკნელი კანონმდებლის მიზნის მიღწევისა და კონსტიტუციური უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის აშკარად არაგონივრულ და არაპროპორციულ ზომას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის №4/482,483,487,502 საოქმო ჩანაწერი, II-8).
აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით განსაზღვრული სანქციის კონსტიტუციის შესაბამის უფლებასთან მიმართების არსებობის შეფასებისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს შეზღუდვის მიზანი, რომლის მიღწევასაც კანონმდებელი ცდილობს ქმედების დასჯადობის დაწესებით. ამავე დროს, სადავო სანქცია არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული ზომა ამ მიზნის მისაღწევად.
4. საქართველოს სისხლის საამართლის კოდექსის 314-ე მუხლით განსაზღვრული ქმედების დასჯადად გამოცხადებით აშკარაა, რომ კანონმდებელი ცდილობს, დაიცვას სახელმწიფო უსაფრთხოება უცხოური დაზვერვის ან სხვა ორგანიზაციის დავალებით, მათთვის საქართველოსათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეგროვების და გადაცემის გამორიცხვის გზით. ნორმა მიმართულია სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ინტერესების დაცვისკენ. ცალკე შეფასების საგანია, რამდენად სწორად ახდენს კანონმდებელი სახელმწიფოს ინტერესების იდენტიფიცირებას და არის თუ არა დასჯადი ქმედება განსაზღვრული ნათლად და მკაფიოდ, თუმცა ზოგადად ჯაშუშობის აკრძალვის მიზნები აშკარაა და სახელმწიფო უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს ელემენტებს წარმოადგენს. შესაბამისად, ამ მიზნების მისაღწევად, სადავო ნორმით დაწესებული სანქცია არ უნდა იქნეს განხილული აშკარად არაგონივრულ და არაპროპორციულ ზომად.
აღნიშნულიდან გამომდინარე №516 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში, დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება (აკმაყოფილებს) ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. შესაბამისად, №516 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე“ და მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე“ კონსტიტუციურობას კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
5. №516 კონსტიტუციური სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით, აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებული იქნეს არსებითად განსახილველად №516 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქეები _ ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში და ვახტანგ ხმალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №516 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქეები _ ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში და ვახტანგ ხმალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე“ და მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე“ კონსტიტუციურობას კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი