ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და სულხან სალაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/17/1493 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 30 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 მაისი 2020 18:26 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
საქმის დასახელება: ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და სულხან სალაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
დავის საგანი: „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-4 წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 16 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით მომართეს ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და სულხან სალაძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2020 წლის 16 აპრილს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 30 აპრილს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით (შემდგომში – კოდექსი) გათვალისწინებული სკოპინგის დასკვნისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები (რომელთა მიმდინარეობისას კოდექსით გათვალისწინებული საჯარო განხილვები ვერ ჩატარდა/ჩატარდება ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით) განხორციელდეს საჯარო განხილვის ჩატარების გარეშე და ადმინისტრაციულ წარმოებაში საზოგადოების მონაწილეობა და მის მიერ მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა უზრუნველყოფილ იქნეს წერილობით ან/და ელექტრონული საშუალებით, კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-4 წინადადების თანახმად, „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით“.
5. მოსარჩელე მხარის მითითებით, სადავო ნორმის საფუძველზე, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე იზღუდება გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში საზოგადოების ზეპირი ფორმით მონაწილეობის უფლება. ამის ნაცვლად, ადმინისტრაციულ წარმოებაში საზოგადოების მიერ მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელია წერილობით ან/და ელექტრონული საშუალებით. მოსარჩელეების პოზიციით, კომუნიკაციის უშუალო კონტაქტის შეზღუდვა, ეფექტურობის თვალსაზრისით, ასუსტებს გარემოს დაცვის საკითხზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობას. მოსარჩელეების აღნიშვნით, ამგვარი შეზღუდვა შესაძლოა გამართლებული იყოს პანდემიიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით. თუმცა, მათთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ ხსენებული შეზღუდვა დადგენილია არა კანონის, არამედ მთავრობის დადგენილების საფუძველზე. კერძოდ, მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-4 წინადადებაზე და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის ხსენებული დებულების თანახმად, გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს კანონით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს უფლების შეზღუდვის ფორმალურ მოთხოვნას.
6. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილება მიღებულია „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის საფუძველზე. საგანგებო მდგომარეობისას საქართველოს პრეზიდენტს არ გააჩნია უფლებამოსილება, დეკრეტით შეზღუდოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი. მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის ხსენებული დებულება განსაზღვრავს პრეზიდენტის უფლებამოსილებას, საგანგებო მდგომარეობის დროს დეკრეტით შეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით დაცული მთელი რიგი უფლებები. თუმცა კონსტიტუციის ხსენებული ნორმა არ ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობისას პრეზიდენტის დეკრეტით საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის შეზღუდვის შესაძლებლობას. ამდენად, ვინაიდან დაუშვებელია პრეზიდენტის დეკრეტით საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლებების შეზღუდვა, ასევე დაუშვებელია ამ უფლების შეზღუდვის დელეგირებაც.
7. მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, „საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დადგენილებით განსაზღვროს საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესები“. მოსარჩელეების განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის ეს დანაწესი ეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებული უფლების შეზღუდვის მთავრობისთვის დელეგირებას. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი არის სპეციალური ნორმა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებული სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლებასთან მიმართ. კერძოდ, გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისთვის განხორციელებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლება დაცულია არა კონსტიტუციის მე-18 მუხლით, არამედ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-4 წინადადებით. ამდენად, პრეზიდენტის დეკრეტით მთავრობისთვის კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებული უფლების შეზღუდვის დელეგირებისას მთავრობას არ ჰქონდა უფლება, შეეზღუდა კონსტიტუციის 29-ე მუხლით გარანტირებული გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს უფლების შეზღუდვის ფორმალურ მოთხოვნას, რის გამოც იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-4 წინადადებასთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული სკოპინგის დასკვნისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებების საჯარო განხილვის ჩატარების გარეშე განხორციელების შესაძლებლობას. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმის საფუძველზე იზღუდება გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში საზოგადოების ზეპირი ფორმით მონაწილეობის უფლება, რაც გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე ზემოქმედების მოხდენის ეფექტური გზაა. ამასთან, ხსენებული შეზღუდვა დადგენილია არა კანონით, არამედ მთავრობის დადგენილების საფუძველზე. შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმა, ფორმალური თვალსაზრისით, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-4 წინადადებით განმტკიცებულ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებას.
3. როგორც აღინიშნა, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, მოსარჩელეს მოეთხოვება, მოიყვანოს არგუმენტები იმ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომელთან მიმართებითაც იგი ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ იდავოს კონსტიტუციით დადგენილი ფორმალური მოთხოვნების დარღვევაზე, პირველ რიგში, აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ მოახდინოს სადავო ნორმის საფუძველზე უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, პირის სარჩელის საფუძველზე, მხოლოდ უფლებაშემზღუდველი ნორმები ცნოს არაკონსტიტუციურად. პირი ვერ მოითხოვს, თუნდაც კონსტიტუციით დადგენილი ფორმის დარღვევით მიღებული ისეთი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლებიც მის უფლებას არ ზღუდავს.
4. მოცემულ საქმეზე, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-4 წინადადების შეზღუდვის იდენტიფიცირებისათვის მოსარჩელე მხარე მიუთითებს, სადავო ნორმის საფუძველზე, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსისაგან განსხვავებული რეგულირების დადგენასა და სკოპინგის დასკვნისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების საჯარო განხილვის ჩატარების გარეშე გაცემის შესაძლებლობაზე. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-4 წინადადების თანახმად, „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით“. აღნიშნული დებულება იცავს პირის შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ, ზოგადად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით, როგორც საჯარო განხილვის, ასევე საკუთარი პოზიციის წერილობით ან/და სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით წარდგენის გზით. კონსტიტუციის ხსენებული დანაწესი არ აკონკრეტებს მონაწილეობის რომელიმე ფორმას, თუმცა, ბუნებრივია, რომ, როდესაც კონსტიტუცია განამტკიცებს რაიმე უფლებას, იგი მისი განხორციელების რეალური შესაძლებლობის უზრუნველყოფას გულისხმობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ მოსარჩელემ იდავოს კონსტიტუციის ხსენებული უფლების დარღვევაზე, მან უნდა დაასაბუთოს სადავო ნორმის საფუძველზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეფექტიანი მონაწილეობის შესაძლებლობის შეზღუდვა.
5. ასევე აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციური დებულებებისა და კონსტიტუციაში არსებული ტერმინების შინაარსი თვითმყოფადია და არ არის დამოკიდებული კანონმდებლობაში არსებულ დეფინიციებზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუცია თავადვე განსაზღვრავს მასში რეგლამენტირებული უფლების შინაარსსა და მოცულობას. კონსტიტუციური უფლებების შინაარსზე, ისევე როგორც კონსტიტუციური უფლების აღსაწერად გამოყენებულ ტერმინთა მნიშვნელობაზე, ზეგავლენას ვერ მოახდენს ის, თუ როგორ ხდება კანონმდებლობით მათი რეგლამენტაცია. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის კანონი შესაფასებელ მოცემულობას წარმოადგენს და არა კონსტიტუციური სტანდარტების განმსაზღვრელ ინსტრუმენტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/654 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). შესაბამისად ის, რომ კანონი (გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისას საზოგადოების მონაწილეობით საჯარო განხილვას ითვალისწინებს, თავისთავად არ მიუთითებს, რომ ასეთი საჯარო განხილვა საკუთრივ კონსტიტუციის მოთხოვნაა. შესაბამისად, არც ამგვარი განხილვის გაუქმება განაპირობებს ავტომატურად გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლების შეზღუდვას. ამავე დროს, ამა თუ იმ საკითხის საჯარო განხილვა შესაძლოა ეხმარებოდეს სახელმწიფოს საკითხის სრულყოფილად გამოკვლევაში და, მთელ რიგ შემთხვევებში, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის სამართლიანად განხილვის უფლების ნაწილიც იყოს.
6. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელე მხარე არ ასაბუთებს, თუ რატომ იცავს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-4 წინადადება მის შესაძლებლობას, გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა მიიღოს აუცილებლად საჯარო განხილვის ფარგლებში, ზეპირი ფორმით. როგორც უკვე აღინიშნა, სადავოდ გამხდარი ნორმის საფუძველზე, ადმინისტრაციულ წარმოებაში საზოგადოების ზეპირი ფორმით მონაწილეობის შეზღუდვასთან ერთად, უზრუნველყოფილია დაინტერესებული მხარის მიერ მოსაზრებებისა და შენიშვნების წერილობით ან/და ელექტრონული საშუალებით წარდგენის შესაძლებლობა. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს არ მოჰყავს არგუმენტაცია, თუ რატომ არ არის ხსენებული ფორმებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა საკმარისი და ეფექტური შესაძლებლობა კონსტიტუციით დადგენილი გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლების რეალიზებისათვის.
7. მოსარჩელე მხარე მხოლოდ იმ გარემოებაზე აპელირებს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ზეპირი ფორმით მონაწილეობა უფრო ეფექტური გზაა მონაწილეობის სხვა ფორმებთან შედარებით, თუმცა არ ასაბუთებს, რომ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული რაიმე ტიპის მოსაზრებების/შენიშვნების წარდგენა ვერ ხერხდება წერილობით ან/და ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ბუნებრივია, მონაწილეობის სხვადასხვა ფორმის არსებობა (როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი) და მათ შორის არჩევანის შესაძლებლობა გაამარტივებს მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თუმცა კონსტიტუცია პირდაპირ არ მიუთითებს გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში პირის მისთვის ყველაზე უფრო მისაღები ფორმით მონაწილეობის გარანტირებაზე. მოსარჩელე მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ მის მიერ მოსაზრებებისა და შენიშვნების წერილობით ან/და ელექტრონული საშუალებით წარდგენა არ არის ეფექტური შესაძლებლობა საკუთარი პოზიციების გამოსახატად და, ამ თვალსაზრისით, გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე ობიექტური ზეგავლენის მოსახდენად.
8. ასევე აღსანიშნავია, რომ წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს არასამთვრობო ორგანიზაცია და მისი თავმჯდომარე. ისინი კონსტიტუციურ სარჩელში არ მიუთითებენ, რომ მათ მიერ მოსაზრებებისა და შენიშვნების წერილობით ან/და ელექტრონული საშუალებით წარდგენა რაიმე პრობლემასთან, ბარიერთან არის დაკავშირებული. მოსარჩელეები მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ არსებობს გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის უფრო ეფექტური საშუალება, რაც, როგორც უკვე აღინიშნა, არ არის საკმარისი უფლების შეზღუდვის ფაქტის დასასაბუთებლად.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1493 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1493 კონსტიტუციური სარჩელი („ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და სულხან სალაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი