ვახტანგ ბარნაბაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/12/1456 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 30 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 მაისი 2020 18:07 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა − სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე − წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე − წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი − წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ვახტანგ ბარნაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 116-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 21 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1456) მიმართა საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ბარნაბიშვილმა. №1456 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2019 წლის 22 ოქტომბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 30 აპრილს.
2. №1456 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტი.
3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 116-ე მუხლის თანახმად, „მოხელე ქალი არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან მოხელის შეფასების შედეგების გამო“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად“. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია საჯარო თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლება.
5. კონსტიტუციური სარჩელიდან იკვეთება, რომ მოსარჩელე ვახტანგ ბარნაბიშვილი 2018 წლის 8 მაისს გათავისუფლდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო მოძრაობის რეგულირების სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან, დეპარტამენტში გამოცხადებული რეორგანიზაციის საფუძველზე. მოსარჩელის განმარტებით, მართალია, მისი თანამდებობიდან გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია ორი ინსტანციის სასამართლომ, თუმცა იგი კვალავ აგრძელებს მუშაობას საჯარო სამსახურში და შესაძლებელია, მომავალში ისევ მოხდეს მისი გათავისუფლება რეორგანიზაციის საფუძვლით. მოსარჩელის პოზიციით, რამდენადაც იგი არის 3 წლამდე ბავშვის მშობელი და მასზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, არსებობს მისი კონსტიტუციური უფლებების დარღვევის საფრთხე.
6. მოსარჩელის განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 116-ე მუხლის მიზანია 3 წლამდე ბავშვის სოციალური ინტერესების დაცვა, რომელიც მიიღწევა მშობლისათვის გარკვეული უფლების მინიჭების გზით. ასევე, ორივე მშობელს, მიუხედავად მათი სქესისა, აკისრია ბავშვზე ზრუნვისა და ცხოვრების სათანადო პირობებით უზრუნველყოფის თანაბარი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, მოხელე ქალი და მამაკაცი, ხსენებული სამართლებრივი ურთიერთობისათვის არიან თანასწორი სუბიექტები, თუმცა სადავო ნორმა მხოლოდ ქალებს ანიჭებს კონკრეტულ უფლებას და ამით დიფერენცირებულ მდგომარეობაში აყენებს მოხელე მამაკაცებს. მოსარჩელის პოზიციით, გაუგებარია, თუ რას ემსახურება საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან მოხელის შეფასების შედეგების საფუძვლით მხოლოდ მოხელე ქალის თანამდებობიდან გათავისუფლების აკრძალვა და მამაკაცების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობა.
7. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების აკრძალვის გავრცელება მხოლოდ მოხელე ქალებზე ვერ უზრუნველყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას. მოხელე მამაკაცებს, როგორც ბავშვის დაბადებამდე, ისე აღზრდისათვის განკუთვნილი 3 წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ მოხელე ქალთა თანაბარი უფლებები და, ამ მხრივ, თანასწორ პირებს შორის დიფერენცირებულ მოპყრობას არ გააჩნია რაციონალური გამართლება. შესაბამისად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას.
8. მოსარჩელე, ასევე განმარტავს, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს თანაბარი უფლება, დასაქმდეს სახელმწიფო სამსახურში და სხვა პირთა თანასწორად განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილება. ამასთან, ნებისმიერი მოხელისათვის, მიუხედავად მისი სქესისა, კანონი უნდა ითვალისწინებდეს იდენტურ პირობებს, როგორც დასაქმების, ისე სამსახურიდან გათავისუფლების კუთხით. ამის საპირისპიროდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო რეგულაცია ორსულობისა და ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში თანამდებობიდან გათავისუფლებისგან იცავს მხოლოდ მოხელე ქალს, რითაც ირღვევა სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის განხორციელების უფლება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების კონსტიტუციურ უფლებას.
9. ხსენებულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 116-ე მუხლის სიტყვა − „ქალი“ და ამავე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც აღნიშნული მუხლით განსაზღვრულ უფლებას ავრცელებს მხოლოდ მოხელე ქალზე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
2. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 116-ე მუხლის თანახმად, მოხელე ქალი არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან მოხელის შეფასების შედეგების გამო. მოსარჩელე მხარე კონსტიტუციური სარჩლის სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვაგვარი ფორმულირებით ითხოვს სადავო ნორმის/მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას, კერძოდ, მოსარჩელე, რიგ შემთხვევებში, არაკონსტიტუციურად მიიჩნევს მთლიანად ნორმას, ნორმის ცალკეულ სიტყვას („ქალი“) და აგრეთვე იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც აღნიშნული მუხლით განსაზღვრულ უფლებას ავრცელებს მხოლოდ მოხელე ქალზე. სხვადასხვა ფორმულირების მიუხედავად, მოსარჩელის მოთხოვნა შინაარსობრივად მსგავსია, იგი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული რეგულაციით განსაზღვრული უფლების მხოლოდ მოხელე ქალზე გავრცელებით ირღვევა მოხელე მამაკაცთა თანასწორობის და საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვით, მოსარჩელე, მიზნად ისახავს სადავო ნორმით მოხელე ქალისათვის დადგენილი უფლების მოხელე მამაკაცზე გავრცელების მიღწევას.
3. აღსანიშნავია, რომ მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებს ითვალისწინებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 107-ე და 108-ე მუხლები. დასახელებული ნორმების შესაბამისად, პირის თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება მოხდეს, მათ შორის, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის ან/და მისი სხვა დაწესებულებასთან შერწყმის ან მოხელის შეფასების შედეგების გამო. აღნიშნული წესიდან გამონაკლისს ადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 116-ე მუხლი, რომელიც წარმოადგენს უფლებააღმჭურველ წესს და მისი მოქმედება იმთავითვე შემოიფარგლება სქესით განსაზღვრულ პირთა კატეგორიის მიმართ. სადავო ნორმის შინაარსი ამოიწურება მოხელე ქალთა უფლებით, არ დაექვემდებარონ სამსახურიდან გათავისუფლებას ორსულობის ან 3 წლამდე ბავშვის აღზრდის პერიოდში საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციას ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმას ან მოხელის შეფასების შედეგების საფუძველზე.
4. შესაბამისად, ის, რომ მოხელე მამაკაცები, მათ შორის, ბავშვის დაბადებამდე და აღზრდისათვის განკუთვნილი 3 წლის განმავლობაში, შესაძლოა, გათავისუფლდნენ სამსახურიდან საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის ან/და მისი სხვა დაწესებულებასთან შერწყმის ან მოხელის შეფასების შედეგების გამო, გამომდინარეობს არა სადავო ნორმიდან, არამედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 107-ე და 108-ე მუხლებიდან და, ამ მხრივ, სადავო ნორმას ქალთა მიმართ გარკვეული უფლების დადგენის გარდა, სხვა შინაარსი არ გააჩნია. ამდენად, სადავო ნორმა არ ზღუდავს მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებას.
5. რა თქმა უნდა, ნორმა, რომელიც პირს აღჭურავს გარკვეული უფლებებით, შეიძლება იყოს დიფერენცირების დამდგენი და ზღუდავდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტით დაცულ უფლებებს. თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღმჭურველი ნორმა დისკრიმინაციული ხასიათისაა, იგი უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებასთან მიმართებით. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას უნდა წარმოადგენდეს სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირების აღმოფხვრა და არა სადავო ნორმის შინაარსის გაფართოება.
6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მხოლოდ მოხელე ქალებისთვის მსგავსი უფლების მინიჭებით, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი - ბავშვის სოციალური ინტერესების დაცვა, ვერ მიიღწევა, რადგან ამგვარი უფლების გარეშე რჩებიან ის 3 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა მშობლები მამრობითი სქესის საჯარო მოხელეები არიან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში სადავო ნორმიდან მომდინარე პრობლემად ასახელებს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შეზღუდვის მოხელე მამაკაცების მიმართ გაუვრცელებლობას, რის გამოც მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის დასაშვებ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას.
7. მოსარჩელე მხარე, ფაქტობრივად, აყენებს მოთხოვნას, რომ აღნიშნული ნორმიდან კონკრეტული სიტყვის ამოღების გზით შეიცვალოს დადგენილი საგამონაკლისო წესის ფარგლები და არ მოხდეს მოხელე მამაკაცების სამსახურიდან გათავისუფლება როგორც ბავშვის დაბადებამდე, ისე აღზრდისათვის განკუთვნილი 3 წლის განმავლობაში სადავო ნორმაში მითითებული საფუძვლებით. მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული სიტყვის ამოღების ან ნორმატიული შინაარსის გაუქმების შემთხვევაში შესაძლებელია, ნორმა მოდიფიცირდეს იმგვარად, რომ გაიზარდოს მისი რეგულირების სფერო და სადავო ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების აკრძალვა გავრცელდეს მოხელე მამაკაცებზეც. თუმცა სასარჩელო მოთხოვნის ამგვარი ფორმულირებით დაყენება და ნორმიდან კონკრეტული სიტყვების ამოღებით მისი მოქმედების ფარგლების გაფართოება არ შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ნეგატიური კანონმდებლის უფლებამოსილებას.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ გააუქმოს სადავო ნორმა მთლიანად ან/და მისი რომელიმე ნაწილი/ნორმატიული შინაარსი, თუმცა მას არ შეუძლია დაადგინოს ახალი წესრიგი, გააფართოოს სადავო ნორმის მოქმედება და ა. შ. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ სადავო ნორმის რომელიმე ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობაში, მის გაუქმებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22). „საქართველოს კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოს ... არ ანიჭებს ნორმატიული შინაარსის აქტების გამოცემის, რეგულაციების დადგენის უფლებამოსილებას. მისი ფუნქცია არსებული საკანონმდებლო სივრცის კონსტიტუციურობის უზრუნველყოფაში პოვებს ასახვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, თავისი არსით, „ასრულებს ნეგატიური კანონმდებლის ფუნქციას, გავლენას ახდენს ნორმაშემოქმედებით საქმიანობაზე – სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა (ნორმები) კარგავს იურიდიულ ძალას, მეტიც, კანონმდებელმა, ხშირ შემთხვევაში, უნდა მიიღოს ახალი, კონსტიტუციის შესაბამისი ნორმები, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყანაში ახალი წესრიგის დადგენას (შექმნას) კი არ ემსახურება, არამედ უზრუნველყოფს კონსტიტუციის უზენაესობას და ქმედითობას, ხელს უწყობს მის შესრულებას როგორც სახელმწიფოს, ისე ხალხის მიერ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18). „საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია მხოლოდ კანონმდებლობაში არსებული არაკონსტიტუციური რეგულაციების, წესებისთვის იურიდიული ძალის გაუქმებისა და მათთვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის რესურსის გაუქმების უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს სცდება უფლებამოსილება, ძალადაკარგული სამართლებრივი ნორმების ნაცვლად კანონმდებლობაში დაადგინოს განსხვავებული, თუნდაც კონსტიტუციური წესები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
10. ამდენად, სადავო ნორმას არ გააჩნია იმგვარი ნორმატიული შინაარსი, რომლის არაკონსტიტუციურად ცნობა მოხელე მამაკაცის უკანონოდ გათავისუფლების აკრძალვის შესაძლებლობას გააჩენს და, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებულ პრობლემას აღმოფხვრის. აღნიშნულ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის რომელიმე ნაწილის/რომელიმე ნორმატიული შინაარსის გაუქმებას შესაძლებელია, შედეგად მოჰყვეს მხოლოდ სადავო ნორმით განსაზღვრული უფლებით მოსარგებლე პირთა კატეგორიის შემცირება და არა პირიქით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება და მოხელე მამაკაცების მიმართ სადავო ნორმით განსაზღვრული უფლებების გავრცელება ნორმის მოქმედების ფარგლების გაფართოებას მოითხოვს. მსგავსი მოთხოვნა „შინაარსობრივად კანონმდებლობაში პოზიტიური ჩანაწერის გაკეთების იდენტურია, რაც კანონშემოქმედებითი პროცესის ნაწილია და არა ნეგატიური, კანონმდებლის კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე – ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24).
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამგვარი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება და მოსარჩელე მამაკაცის მიმართ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შეზღუდვების გავრცელება წარმოადგენს აღმჭურველი ნორმის მოქმედების ფარგლების გაფართოებას და სცდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე, ერთი მხრივ, ითხოვს სადავო ნორმის იმ ნორმატიულის შინაარსის გაუქმებას, რომელიც მას არ გააჩნია და, ამდენად, საჯარო თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია. ხოლო, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მისაღწევად სადავო ნორმის შინაარსის გაფართოების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს სცდება. ხსენებულის გათვალისწინებით, №1456 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1456 კონსტიტუციური სარჩელი („ვახტანგ ბარნაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი