საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/11/663 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 7 ივლისი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 ივლისი 2017 15:59 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი - ვახტანგ მენაბდე; მოპასუხე მხარის წარმომადგენლები - ირაკლი გვასალია, ავთანდილ ვასაძე და ლალი თევდორაშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №663) მომართა საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 4 აგვისტოს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2015 წლის 25 ნოემბერს.
2. №663 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, 2014 წლის 16 იანვარს მოსარჩელე თამარ თანდაშვილმა მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრს, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში - „მონაცემთა ბაზა”) დარეგისტრირების მოთხოვნით. თუმცა, სადავო ნორმის საფუძველზე, მოსარჩელეს უარი ეთქვა განაცხადის რეგისტრაციაში გატარებაზე, რადგან მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რაც შეტყობინებულ იქნა სააგენტოსთვის მესაკუთრის მიერ.
4. სადავო ნორმის მიხედვით, განცხადება, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისთვის არ მიიღება, თუ განმცხადებელი უკანონოდ იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართში და ამ ფართის კანონიერი მესაკუთრე არ ეთანხმება ამ ფაქტს, რაც სააგენტოსთვის ცნობილი გახდა კანონიერი მესაკუთრის მომართვის საფუძველზე.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განსაზღვრავს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს. კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი იცავს სიცოცხლის უფლებას. კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობა. კონსტიტუციის 39-ე მუხლით განმტკიცებულია, რომ „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან.” კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია უფლება სამართლიან სასამართლოზე.
6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია და ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას არსებითად თანასწორ პირთა ჯგუფებს შორის. კერძოდ, მაშინ როდესაც სადავო ნორმით მოსარჩელეს ბლანკეტურად აკრძალული აქვს დარეგისტრირდეს მონაცემთა ბაზაში, იგივე შეზღუდვა არ არის გათვალისწინებული პირთა ისეთი ჯგუფების მიმართ, რომლებიც: ა) ცხოვრობენ სახელმწიფო საკუთრებაში, თუმცა სადავო ნორმის ამოქმედებამდე დარეგისტრირდნენ მონაცემთა ბაზაში; ბ) რეგისტრირებულები არიან მონაცემთა ბაზაში და არ ცხოვრობენ სახელმწიფო საკუთრებაში.
7. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სოციალური საჭიროების კუთხით ის და ზემოთ დასახელებულ პირთა ჯგუფები არსებითად თანასწორნი არიან, თუმცა სადავო ნორმა მხოლოდ მას და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა ჯგუფს ართმევს შესაძლებლობას, დარეგისტრირდნენ მონაცემთა ბაზაში და ისარგებლებენ სოციალური დახმარებით. მოსარჩელის აზრით, დისკრიმინაციის ნიშნად გამოყენებულია სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლის დრო და საცხოვრებელი ადგილი. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ დისკრიმინაციის ნიშანი შეიძლება გამოხატული იყოს სოციალური დახმარების მიღების მიზნებისთვის, რაც საკმარისი უნდა იყოს სადავო ნორმის კონსტიტუციის მე-14 მუხლით დადგენილ ტესტთან შესაბამისობის შემოწმებისთვის.
8. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოთ ხსენებული უთანასწორო მოპყრობა მკაცრი ტესტით უნდა შეაფასოს, ვინაიდან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დიფერენცირება წარმოადგენს დისკრიმინაციის კლასიკურ ნიშანს და მთავრობამ უნდა წარმოადგინოს დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესი იმისათვის, რომ შეძლოს, გაამართლოს სადავო ნორმით დადგენილი უთანასწორო მოპყრობა. მოსარჩელე აგრეთვე აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციის კლასიკური ნიშნის გარდა, დიფერენცირების ინტენსივობა იმდენად მაღალია, რომ გასაჩივრებული ნორმით გათვალისწინებული უთანასწორო მოპყრობა, ისედაც, მკაცრი ტესტის გამოყენებით უნდა შეფასდეს.
9. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმიდან ცალსახად არ იკვეთება, თუ რა წარმოადგენს სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს. ერთი მხრივ, ნორმა სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრების გამო, იმავე კატეგორიის, მაგრამ კერძო საკუთრებაში მცხოვრები პირების სოციალური უზრუნველყოფის უფლებას განსხვავებულად არეგულირებს. მეორე მხრივ, 2013 წლის 1 ივნისიდან სადავო ნორმა აღარ აძლევს სახელმწიფო საკუთრებაში მცხოვრებ პირებს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის უფლებას, მაშინ როდესაც აღნიშნულ თარიღამდე რეგისტრირებული იმავე კატეგორიის პირების უფლებრივი მდგომარეობა არ იცვლება.
10. სასარჩელო მოთხოვნაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ კანონმდებლის ლეგიტიმური მიზანი შესაძლებელია სახელმწიფო საკუთრების რაციონალური გამოყენება იყოს, თუმცა მოსარჩელის თანასწორობის უფლებაში ჩარევა და მისთვის სოციალური უზრუნველყოფის უფლების ჩამორთმევა მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებად ვერ ჩაითვლება. კერძოდ, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის აკრძალვის შემთხვევაშიც კი, პირი უფლებამოსილია, დარჩეს და ცხოვრება განაგრძოს სახელმწიფო საკუთრებაში. იგივე შეიძლება ითქვას იმ პირების მიმართ, რომლებმაც სადავო ნორმის ამოქმედებამდე მიმართეს სააგენტოს და დარეგისტრირდნენ მონაცემთა ბაზაში.
11. მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული რეგულაცია თავისი ბუნებით სადამსჯელო ხასიათისაა, ართმევს სოციალური საჭიროების მქონე პირებს არა მარტო სოციალური უზრუნველყოფის საშუალებებს, არამედ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის ფაქტთან მიბმულ ეკონომიკურ, სოციალურ და სამართლებრივ შეღავათებს, როგორებიცაა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, სახელმწიფოს ხარჯზე დაცვის უფლების გამოყენება, სხვადასხვა ქვეპროგრამაში მონაწილეობის უფლება და სხვა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ზემოთ დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელია უფრო რბილი საშუალებების გამოყენებით, მაგალითისთვის, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებით.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციულად ზღუდავს თანასწორობის უფლებას და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
13. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სიცოცხლის უფლების დაცვის ფარგლები არა უშუალოდ სიცოცხლის მოსპობის, არამედ მისთვის საფრთხის შემცველ ქმედებებზეც უნდა გავრცელდეს. ადამიანისთვის საარსებო მინიმუმის მიუღებლობა მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. ვინაიდან შეზღუდვა ისეთ ღირებულებას ეხება, როგორიც სიცოცხლეა, კანონით დაწესებული შეზღუდვა არ უნდა იყოს დისკრიმინაციული და მიკერძოებული. ამიტომ კონსტიტუციის მე-15 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევა უნდა განიხილებოდეს თანასწორობის უფლებასთან კავშირში, რადგან კონსტიტუციის თვითმიზანი სწორედ სიცოცხლის უფლების თვითნებური შეზღუდვის თავიდან აცილებაა. სადავო ნორმის მიზანი თავისი ბუნებით სადამსჯელო და დისკრიმინაციული ხასიათისაა, რაც, თავისთავად, ვერ ჩაითვლება სიცოცხლის უფლების შეზღუდვის მიზნად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტს.
14. მოსარჩელე განმარტავს, რომ სოციალური დახმარების მიღების უფლების დისკრიმინაციული ჩამორთმევა, კერძოდ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფაზე გაუმართლებელი უარი ლახავს ადამიანის ღირსებას. ასევე, მოსარჩელის მტკიცებით, კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული ღირსების უფლება უნდა განვიხილოთ სოციალური სახელმწიფოს პრინციპის გათვალისწინებით. ადამიანის ღირსების უფლება არ ამოიწურება სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებით. კონსტიტუციის მე-17 მუხლი სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, განახორციელოს სათანადო ქმედებები, მათ შორის, გაატაროს სოციალური პოლიტიკა, ადამიანის იმ მინიმალური სოციალური მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, რაც აუცილებელია მისი ღირსეული ცხოვრებისთვის.
15. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო რეგულაცია, ერთი მხრივ, ართმევს სოციალური დახმარების მაძიებელს უფლებას, მიიღოს სოციალური დახმარება, ხოლო, მეორე მხრივ, სადამსჯელო ღონისძიებით აიძულებს მას, მიატოვოს საცხოვრებელი ადგილი. ზემოაღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალიწინებულ ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის უფლებას.
16. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის კონსტიტუციის 39-ე მუხლთან შეუსაბამობის დადგენის დასამტკიცებლად ავითარებს ორგვარ მიდგომას. პირველი მიდგომის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქე სარგებლობს 39-ე მუხლით გარანტირებული სოციალური უფლებებით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ, მართალია, უფლება სოციალურ უსაფრთხოებაზე კონსტიტუციაში პირდაპირ არ არის განმტკიცებული, თუმცა ეს უკანასკნელი გამომდინარეობს სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდან, რომელიც ერთ-ერთი იმ პრინციპთაგანია, რაზეც დაფუძნებულია საქართველოს კონსტიტუცია. თავის მხრივ, უფლება სოციალურ უსაფრთხოებაზე აღიარებულია არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტით, მათ შორის, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტითა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე უთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 8 აპრილის № 1/1/126, 129, 158, ამავე წლის 20 დეკემბრის 1/3/136 გადაწყვეტილებებზე და აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებებით მოხდა კონსტიტუციის 39-ე მუხლში პირის სოციალური უფლებების აღიარება.
17. სასარჩელო მოთხოვნაში აღნიშნულია, რომ არსებობს მეორე მიდგომა, რომელიც სადავო ნორმის კონსტიტუციის 39-ე მუხლთან შეუსაბამობაზე მიუთითებს. კერძოდ, კონსტიტუციის 39-ე მუხლიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო საკანონმდებლო დონეზე განამტკიცებს პირის უფლებას სოციალურ დახმარებაზე, იგი ვალდებულია, ასეთი სივრცე არადისკრიმინაციულად და ეფექტურად მოაწესრიგოს. სახელმწიფოს მიერ სოციალური სისტემის დანერგვით შემოღებულ იქნა სოციალური დახმარების მიღების მექანიზმი, თუმცა სადავო რეგულაცია გაუმართლებლად უზღუდავს სოციალური საჭიროების მქონე პირს უფლებას, დარეგისტრირდეს მონაცემთა ბაზაში. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სოციალური დახმარების მიღების ინტერესისა და მოლოდინის მიუხედავად, სადავო რეგულაცია საწყის ეტაპზევე, ბლანკეტურად უკრძალავს მოსარჩელეს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას, იმის გათვალისწინების გარეშე, თუ რა მძიმე მატერიალურ პირობებში შეიძლება იყოს ეს უკანასკნელი. ასეთი შეზღუდვა, მოსარჩელის აზრით, თავისი არსით, უფლების ჩამორთმევასაც უტოლდება, რაც აშკარად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 39-ე მუხლს.
18. ამასთანავე, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა მოსარჩელეს უზღუდავს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების არდაშვების სახით. მოსარჩელის განცხადებით, სადავო ნორმის შემზღუდავი ბუნება (რეგისტრაციაზე უარის თქმა სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრების გამო) ასახვას პოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტში. ამიტომ სადავო ნორმა სწორედ ხსენებულ დებულებასთან ერთობლიობაში უნდა განიმარტოს.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. მოსარჩელის განცხადებით, სადავო ნორმა განცხადების რეგისტრაციის ეტაპიდანვე ართმევს მოსარჩელეს სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში რეგისტრაციის შესაძლებლობას მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრების ფაქტის გამო. შესაბამისად, მოსარჩელეზე სადავო ნორმით აღარ ვრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ხსენებული დებულება და იგი არ თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში რეგისტრაციის გაუვლელობის გამო. სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან არგათავისუფლება იმდენად მძიმე ტვირთად აწვება მოსარჩელეს, რომ ამით პრაქტიკულად იზღუდება მისი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, რაც გარანტირებულია კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით.
20. კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებულია შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმის შეჩერების განხილვისას გათვალისწინებული უნდა იყოს სადავო ნორმით დარეგულირებული სამართლებრივი ურთიერთობის ბუნება. პირი, რომელიც სოციალური დახმარების მიღებისთვის საჭირო პირობებს აკმაყოფილებს, ღებულობს სოციალურ დახმარებას, რაც პირდაპირ კავშირშია ადამიანის ღირსების უფლების რეალიზებასთან. საკონსტიტუციოს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე მოსარჩელეს ჩამორთმეული ექნება ბაზაში რეგისტრაციის შესაძლებლობა, რაც, თავისთავად, ართმევს მოსარჩელეს მთელ რიგ სოციალურ, ეკონომიკურ და სამართლებრივი შეღავათების მიღების შესაძლებლობას. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მიეკუთვნება სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა კატეგორიას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე ამ აკრძალვების დატოვება გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგს მოსარჩელისთვის, რადგან იგი ვერ შეძლებს სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურ რეალიზებას, საარსებო მინიმუმის, ბაზაში რეგისტრაციასთან თანმდევ ჯანდაცვის, სოციალურ-ეკონომიკური შეღავათების მიღებას.
21. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მათ შორის, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებს.
22. განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხე მხარემ - საქართველოს მთავრობამ - აღნიშნა, რომ, მიუხედავად კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებულ პირთა ჯგუფებს შორის არსებული უთანასწორო მოპყრობისა, სადავო ნორმა ემსახურება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს - სახელმწიფო ქონების რაციონალურ განკარგვას. კერძოდ, მოპასუხე ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფოს საკუთრების სარგებლობის მიზანზე. სახელმწიფოს მიერ საკუთარი ქონების განკარგვა დაკავშირებულია სახელმწიფო ბიუჯეტში გარკვეული ბენეფიტების ათვისებასთან, რომელიც, საბოლოო ჯამში, ისევ სახელმწიფოს ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს. სადავო ნორმით გათვალიწინებული რეგულაცია კი წარმოადგენს მნიშვნელოვან ბერკეტს იმისთვის, რომ არ მოხდეს მოქალეების მხრიდან სახელმწიფო საკუთრებაში თვითნებური შეჭრა და ზიანი არ მიადგეს ზემოხსენებულ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ინტერესებს.
23. მოპასუხის განმარტებით, ვინაიდან სახელმწიფოს მიერ გატარებული სხვა ზომები ვერ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ აღეკვეთა მოქალაქეთა თვითნებური შეჭრა სახელმწიფო საკუთრებებში, სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულაცია წარმოადგენს ყველაზე პროპორციულ ღონისძიებას ასეთი ქმედებების აღსაკვეთად.
24. მოპასუხე მხარე ასევე აღნიშნავს, რომ ვერ დაეთანხმება მოსარჩელის აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ნორმა ადგენს რაიმე სასჯელს. მოპასუხის აზრით, ეს არის არჩევანი იმ პირებისა, რომლებიც იჭრებიან სახელმწიფო საკუთრებაში და ამის პარალელურად უარს ამბობენ სხვა დანარჩენ ბენეფიტზე, რასაც მათ ალტერნატიულად სთავაზობს სახელმწიფო.
25. მოპასუხე მხარე ასევე არ ეთანხმება მოსარჩელის არგუმენტებს სასამართლოს ხელმისაწვდომობის ნაწილშიც. საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების ალტერნატიულ შემთხვევებს, მათ შორის, სისხლის სამართლის პროცესზე სავალდებულო დაცვის დანიშვნის კუთხით ან სახელმწიფო ბაჟის გადავადების შემთხვევებს, ამიტომ მოსარჩელის მიერ სასამართლოს ხელმისაწვდომობა შელახული არ არის.
26. მოპასუხე მხარე არ იზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას არც სხვა კონსტიტუციურ ნორმებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოქალაქე შეგნებულად აცხადებს უარს სოციალური დახმარების მიღებაზე, ვინაიდან მისი არჩევანი შეჩერებულია სახელმწიფო ქონებაში ცხოვრებაზე.
27. მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმის შეჩერება არ უნდა მოხდეს, ვინაიდან შეჩერების შემთხვევაში ყველა ის პირი, რომელიც უკანონოდ და სახელმწიფოს ნებართვის გარეშე სარგებლობს სახელმწიფო ქონებით, შეძლებს მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებას, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდგომ შეუძლებელი გახდება მათი რეგისტრაციის შეწყვეტა.
28. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 141 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, №663 კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს სახალხო დამცველმა წარმოადგინა სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება. საქართველოს სახალხო დამცველის პოზიცია არსებითად იზიარებს სასარჩელო მოთხოვნაში განვითარებულ მსჯელობას სადავო ნორმის კონსტიტუციის მე-14, მე-17 და 39-ე მუხლებთან შეუსაბამობის თაობაზე.
29. კერძოდ, სადავო ნორმის კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შესაბამისობის ნაწილში საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა ბლანკეტურად უკრძალავს სახელმწიფოს საკუთრებაში მცხოვრებ პირებს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციასა და სოციალური დახმარების მიღებას, მაშინ როდესაც ასეთი შეზღუდვა დადგენილი არ არის მოსარჩელის ჯგუფთან არსებითად თანასწორი პირების მიმართ. ეს შეზღუდვა პირთა უფლებაში ჩარევის იმდენად ინტენსიურ ფორმას წარმოადგენს, რომ აღნიშნული თანასწორობის იდეას აზრს უკარგავს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აუცილებელი წინაპირობები. „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინება №2/6/475 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II- 1).
2. სადავო ნორმის თანახმად, სოციალური დახმარების მაძიებელი ვერ დარეგისტრირდება მონაცემთა ბაზაში იმ შემთხვევაში, თუ ის უკანონოდ იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართში და ამ ფართის მესაკუთრე არ ეთანხმება ამ ფაქტს, რაც სააგენტოსთვის ცნობილი გახდა კანონიერი მესაკუთრის მომართვის საფუძველზე.
3. პირველ რიგში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განიხილოს სადავო ნორმის მიმართების საკითხი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან. მოსარჩელის განცხადებით, სადავო ნორმის შემზღუდავი ბუნება (რეგისტრაციაზე უარის თქმა სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრების გამო) ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვით, სასამართლოს ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა მას უზღუდავს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების არდაშვების სახით.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის N2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის N2/2/438 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცქიფურიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”). ამდენად, კონსტიტუციური სარჩელი ან სასარჩელო მოთხოვნის ნაწილი დაუსაბუთებლად ჩაითვლება, იმ შემთხვევაში, თუ სადავო ნორმასთან დაკავშირებული არგუმენტაცია ემყარება ამ ნორმის შინაარის არასწორ/არაზუსტ აღქმას.
5. მოსარჩლე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ქმნის პირის სახელმწიფო ბაჟისგან არგათავისუფლების საფუძველს და სწორედ ამ კონტექსტში მიუთითებს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე. რეალურად სადავო სამართლებრივი ნორმა ზღუდავს პირის შესაძლებლობას დარეგისტრირდეს მონაცემთა ბაზაში და არ არეგულირებს სასამართლო ბაჟის გადახდევინების ან/და მისგან გათავისუფლების საკითხებს. აშკარაა, რომ მოსარჩელე არასწორად აღიქვამს სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვას და უთითებს ნორმის იმგვარ შინაარსზე, რომელიც მას არ გააჩნია. ამგვარად, არგუმენტაცია, რომელიც ამ თვალსაზრისით არის წარმოდგენილი, არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის ის ნაწილი, რომელიც ეხება სადავო ნორმის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქთან მიმართებით, N663 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა” ქვეპუნქტითა და მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
6. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სოციალურ დახმარებაზე წვდომის შეუძლებლობა ლახავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მის სიცოცხლის უფლებას (კონსტიტუციის მე-15 მუხლი) და კონსტიტუციის 39-ე მუხლს.
7. საქმის არსებითად განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე. ამდენად, აუცილებელია, კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელემ წარმოადგინოს ის არგუმენტაცია, რომელიც სასამართლოს ცხადად დაანახებს შინაარსობრივ მიმართებას სადავო ნორმასა და კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებულ კონსტიტუციის დებულებებს შორის. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: „იღებს რა კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად, სასამართლო თვლის, რომ არსებობს შინაარსობრივი მიმართება, ერთი მხრივ, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ ნორმებსა და ამ ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ხოლო, მეორე მხრივ კი - კონსტიტუციის იმ ნორმებს შორის, რომლებთან მიმართებითაც არის დამდგარი კონსტიტუციურობის საკითხი. სწორედ ეს მიმართება აძლევს საკონსტიტუციო სასამართლოს საფუძველს, რომ არსებითი განხილვისას მას ექნება ობიექტური შესაძლებლობა, იმსჯელოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/2/389 საქმეზე “საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”).
8. განსახილველ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, აქვს თუ არა მიმართება პირის მოთხოვნას სოციალურ დახმარებაზე ისეთ ფუნდამენტურ კონსტიტუციურ უფლებასთან, როგორიცაა სიცოცხლის უფლება და, აგრეთვე, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. ამ საკითხების გაანალიზება უნდა მოხდეს მოცემული კონსტიტუციური სისტემისა და ხელისუფლების დანაწილების პრაგმატული გააზრებით.
9. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, რომ გასაჩივრებული ნორმა მოქცეულია ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესში. აღნიშნული წესის მიზანს წარმოადგენს, განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი.
10. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება მოიცავს სოციალური დახმარების მაძიებლის განაცხადის მიღებას და დამუშავებას, მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას, სარეიტინგო ქულის მინიჭებას, შესაბამის მონაცემთა დამუშავებას, ანალიზს, განახლებას და მონიტორინგს. სოციალური დახმარების პოტენციურ სუბიექტს, მაძიებელს წარმოადგენს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ოჯახი, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში და საჭიროებს დახმარებას.
11. აღნიშნული პროცესის მიზანს, საბოლოო ჯამში, წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ იმ ოჯახების სოციალური დაცვით უზრუნველყოფა, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ, რაც, თავისთავად, უნდა განხორციელდეს მიზანმიმართულად და ეფექტურად იმისთვის, რომ საბიუჯეტო სახსრები სამართლიანად იქნეს განაწილებული. ამდენად, სოციალური დახმარების გაცემით სახელმწიფო მიზნად ისახავს, უზრუნველყოს საკუთარი მოსახლეობის სოციალური უსაფრთხოება და დაეხმაროს მათ, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროება საზოგადოების სოლიდარობა.
12. მოსახლეობის სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა უპირველესად სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდან მომდინარეობს. ნიშანდობლივია, რომ სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრების ნება თავად საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულითვეა დადგენილი. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში ხაზგასმით აღნიშნულია საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებაზე, მათ შორის, დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. სოციალური უფლებები ასევე განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში.
13. განსახილველი საქმისთვის რელევანტურია საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლი. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ამ მუხლის პრინციპული დებულებაა ის, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 23 მარტის №1/3/301 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - დავით სილაგაძე, ლიანა დარსანია და ეკატერინე წოწონავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, პ.III.5). „კონსტიტუციის 32-ე მუხლის თანახმად… სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს დასაქმებაში. დასახელებული მუხლი ასევე ადგენს, სახელმწიფოს ვალდებულებას საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშევრის სტატუსი განსაზღვროს კანონით” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 12 დეკემბრის №2/6/322 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები კახაბერ ძაგანია და გიორგი გუგავა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”). ამდენად, პირის უფლება უზრუნველყოფილი იყოს საარსებო მინიმუმით და, შესაბამისად, მიიღოს სოციალური დახმარება, რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლით.
14. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე მხარე სადავო ნორმას, რომელიც უზღუდავს მას შესაძლებლობას, მიიღოს სოციალური დახმარება/შემწეობა, ასაჩივრებს სხვა კონსტიტუციურ დებულებებთან. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციიის მე-15 მუხლთან, რომელიც განამტკიცებს სიცოცხლის უფლებას და 39-ე მუხლთან.
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს კონსტიტუციური უფლების დაცული სფეროს ფარგლების სწორად იდენტიფიცირების მნიშვნელობაზე და ერთმანეთისაგან გამიჯვნის აუცილებლობაზე. „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული. კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები - სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-12).
16. ცხადია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლს შემხებლობა აქვს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან, თუმცა ფაქტია, რომ კონსტიტუცია ამ დებულებას მიჯნავს სხვა, თუნდაც სიცოცხლის ფუნდამენტური უფლებისგან და დამოუკიდებელ კონსტიტუციურ დანაწესში ითვალისწინებს, რაც, სულ მცირე, ამ უფლებაში ჩარევის განსხვავებულ კონსტიტუციურ სტანდარტზე უნდა მიანიშნებდეს ანდა ამ უფლების დაცვის განსხვავებულ კონსტიტუციურ სტანდარტებს მოითხოვდეს.
17. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ზემოაღნიშნული ორი ტიპის უფლებას შორის მათი აღსრულების თავისებურებაში გამოიხატება. მაშინ როდესაც ფუნდამენტური უფლებები უმეტეს შემთხვევაში თვითაღსრულებადია, სოციალური უფლებების რეალიზება პირდაპირ დამოკიდებულია სახელმწიფო რესურსებზე და მათი აღსრულებისთვის აუცილებელია სახელმწიფოს მიერ მნიშვნელოვანი თანხების აკუმულირება და შესაბამის ბენეფიციარებზე გადანაწილება.
18. ცხადია, რომ სოციალური სახელმწიფოს პრინციპის და ზოგადად, სოციალური უფლებების სრულად რეალიზება ვერ მოხდება სახელმწიფო სახსრებზე რეალური წვდომის და მათი მნიშვნელოვანი გადახალისების გარეშე, რაც ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, შეიძლება ზოგჯერ განუხორციელებელი დარჩეს ან ამის მიღწევას იმდენად ხანგრძლივი დრო დასჭირდეს, რომ სოციალური უფლებების აღსრულებას აზრი დაეკარგოს. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს კონსტიტუცია სოციალური სახელმწიფოს პრინციპთან და მის შემადგენელ ელემენტებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიმართ ნაკლებად მომთხოვნია, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში განმტკიცებული ფუნდამენტური კონსტიტუციური განსხვავებით, რომლებიც თვითაღსრულებადი არიან ანდა მათ აღსრულებას მნიშვნელოვანი სახელმწიფო რესურსები არ სჭირდება.
19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-11). ამდენად, თავად კონსტიტუცია გამორიცხავს ამა თუ იმ უფლებების ერთმანეთში აღრევას და კონსტიტუციის არქიტექტურის ფარგლებში მათ დამოუკიდებელ მნიშვნელობასა და შინაარს სძენს.
20. მოსარჩელე მხარე აგრეთვე ითხოვს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „აღნიშნული კონსტიტუციური ნორმის მიზანია, უზრუნველყოს უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კონსტიტუციით, მაგრამ გამომდინარეობს კონსტიტუციური პრინციპებიდან და ადამიანის უფლებების სფეროში სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ”, II-22,23).
21. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე აღინიშნა, რომ სოციალური შემწეობის მიღების საკითხი მოქცეულია საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლით დაცულ სფეროში. შესაბამისად, არ არსებობს სადავო ნორმის მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარე არასწორად აღიქვამს ზემოთ დასახელებული კონსტიტუციური უფლებების შინაარსს და სადავო ნორმას ასაჩივრებს საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებთან, რომელებიც არ არიან შემხებლობაში სასარჩელო მოთხოვნაში დასახელებულ პრობლემასთან. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა” ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
23. კონსტიტუციურ სარჩელში სადავო ნორმა აგრეთვე გასაჩივრებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, რომლითაც გარანტირებულია ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია. სახელმწიფოსათვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი, მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება...” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის #2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”, II-30). „სახელმწიფო საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტს არღვევს მაშინ, როდესაც ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გზით (შედეგად), მიზნად ისახავს ადამიანის დამცირებას, მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას ან/და მისი ფაქტობრივი ქმედება ასეთ შედეგს გარდაუვლად იწვევს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-16).
24. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, ადამიანის ღირსების შემლახველია ისეთი ნორმები, რომლებიც ამ უკანასკნელს მიზნის მიღწევის საშუალებად განიხილავს. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმით შექმნილია სახელმწიფო ქონებიდან გამოსახლების წახალისების მექანიზმი. სახელმწიფო სოციალური პაკეტს მიღმა ტოვებს პირებს, რათა უზრუნველყოს ქონების ხელყოფის ფაქტის აღკვეთა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო არსებითი განხილვის ფორმატში იმსჯელებს, რამდენად შეიძლება ხსენებული მიჩნეულ იქნეს როგორც ადამიანთა მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებული.
25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №663 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
26. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას.
27. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25–ე მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, მას შეუძლია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება.
28. №663 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნული შუამდგომლობის დასაბუთებისას მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეუძლებელი იქნება უკვე დამდგარი შედეგების აღმოფხვრა, რადგან შესაბამისი ბენეფიტების ჩამორთმევა მოსარჩელისათვის თავისი განგრძობადი ხასიათის გამო, ასახვას პოულობს ყოველი დღის სახით, ხოლო სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტური რეალიზება ვერ მოხერხდება ნორმის მოქმედების პირობებში.
29. მოსარჩელე ვერ უთითებს კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებზე, რომლის გამოსწორებაც ვერ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. სარჩელში არ არის დასაბუთებული, თუ რატომ ვერ აღადგენს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა მოსარჩელის დარღვეულ უფლებას.
30. არგუმენტი იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების საბოლოო გამოტანამდე პირს შესაძლოა კონსტიტუციური უფლებები ერღვეოდეს და ეს საკმარისი იყოს იმის დასასაბუთებლად, რომ პირი უფლებებში ვერ აღდგება, როგორც წესი, საკმარისი არ არის იმისთვის, რომ სასამართლომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25–ე მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად, შეაჩეროს სადავო ნორმის მოქმედება.
31. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452, 453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”).
32. კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს მიეცემა უფლება, დარეგისტრირდეს მონაცემთა ბაზაში და შესაძლებლობა ჰქონდეს, მიიღოს სოციალური დახმარება. ამდენად, მოსარჩელის მსჯელობაში არ იკვეთება ობიექტური გარემოებები, რაც ხაზს გაუსვამდა უფლებათა შეუქცევადი დარღვევის საფრთხეს. ხსენებულიდან გამომდინარე, არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებისათვის.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე-2, მე–5, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №663 კონსტიტუციური სარჩელი (“საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ”) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №663 კონსტიტუციური სარჩელი (“საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ”) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებული მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს”.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი