საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/3/663 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 11 მაისი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 11 მაისი 2018 16:06 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელის - თამარ თანდაშვილის წარმომადგენელი - მარიამ ბეგაძე. მოპასუხის - საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები - ლალი თევდორაშვილი, მიხეილ ტყეშელაშვილი და ავთანდილ ვასაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №663) მომართა საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილმა. №663 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2015 წლის 4 აგვისტოს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2015 წლის 25 ნოემბერს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2017 წლის 7 ივლისის №2/11/663 საოქმო ჩანაწერით საქმე არსებითად განსახილველად მიიღო სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. №663 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის სხდომა გაიმართა 2017 წლის 2 ოქტომბერს.
3. №663 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
4. ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, განაცხადი მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის არ მიიღება, თუ მაძიებელი უკანონოდ იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართში და ამ ფართის კანონიერი მესაკუთრე არ ეთანხმება ამ ფაქტს, რაც სააგენტოსთვის ცნობილი გახდა კანონიერი მესაკუთრის მომართვის საფუძველზე. აღნიშნული მუხლის მიზნებისთვის, ამავე დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ პუნქტით, მაძიებელი განიმარტება როგორც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ოჯახი, რომელიც შეიძლება გახდეს სოციალური დახმარების მიმღები.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას, ხოლო მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობა.
6. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, 2014 წლის 16 იანვარს მოსარჩელე თამარ თანდაშვილმა მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრს, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში „მონაცემთა ბაზა”) დარეგისტრირების მოთხოვნით. თუმცა სადავო ნორმის საფუძველზე, მოსარჩელეს უარი ეთქვა განაცხადის რეგისტრაციაში გატარებაზე, რადგან მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რის შესახებაც სააგენტოს აცნობა მესაკუთრემ.
7. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განმარტებით, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია, ვინაიდან ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას არსებითად თანასწორ პირებს შორის. კერძოდ, მაშინ, როდესაც სადავო ნორმით მოსარჩელეს ბლანკეტურად აქვს აკრძალული დარეგისტრირდეს მონაცემთა ბაზაში, იგივე შეზღუდვა არ არის გათვალისწინებული პირთა ისეთი ჯგუფების მიმართ, რომლებიც: ა) რეგისტრირებულები არიან მონაცემთა ბაზაში და არ ცხოვრობენ სახელმწიფო საკუთრებაში; ბ) ცხოვრობენ სახელმწიფო საკუთრებაში, თუმცა სადავო ნორმის ამოქმედებამდე დარეგისტრირდნენ მონაცემთა ბაზაში.
8. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ზემოთ მითითებულ შემთხვევებში სახეზეა შესადარებელ პირთა ჯგუფების თანაბარი სამართლებრივი ინტერესი, რომელიც გამომდინარეობს იდენტური სოციალური საჭიროებიდან. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სოციალური საჭიროების კუთხით, ის და ზემოთ დასახელებული პირთა ჯგუფები არსებითად თანასწორნი არიან, თუმცა სადავო ნორმა მხოლოდ მას ართმევს შესაძლებლობას, დარეგისტრირდეს მონაცემთა ბაზაში და ისარგებლოს სოციალური დახმარებით. მოსარჩელე მხარე შესადარებელ ჯგუფებთან მიმართებით დისკრიმინაციის ნიშნად მიუთითებს საცხოვრებელ ადგილსა და სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლის დროს.
9. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ვინაიდან შესადარებელ ჯგუფებს შორის დიფერენცირება ხდება დისკრიმინაციის კლასიკური ნიშნის - საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოთ ხსენებული უთანასწორო მოპყრობა მკაცრი ტესტის გამოყენებით უნდა შეაფასოს. მოსარჩელის პოზიციით, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს ევალება, რომ წარმოადგინოს დაუძლეველი ინტერესი, რათა შეძლოს სადავო ნორმით დადგენილი უთანასწორო მოპყრობის გამართლება.
10. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დისკრიმინაციის კლასიკური ნიშნის გარდა, დიფერენციაციის ინტენსივობა იმდენად მაღალია, რომ გასაჩივრებული ნორმით გათვალისწინებული უთანასწორო მოპყრობა, თავისი არსით, მკაცრი ტესტის გამოყენებით უნდა შეფასდეს. მისი განმარტებით, ადგილი აქვს შესაძლებლობების მკვეთრად დაშორების ფაქტს, რადგან იდენტური საჭიროებების მიუხედავად, სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრების მთელი პერიოდის განმავლობაში, მოსარჩელეს არასოდეს მიეცემა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესაძლებლობა. მოსარჩელე მიუთითებს ზოგადად სახელმწიფო პოლიტიკაზე და აღნიშნავს, რომ სოციალურ კონტექსტში ეს უკანასკნელი მორგებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში დარეგისტრირებული პირების საჭიროებებზე. უთანასწოროდ მოპყრობის შედეგად კი, პირები რჩებიან სახელმწიფოს ყურადღების მიღმა, არაერთი მნიშვნელოვანი შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობის გარეშე.
11. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ მოპასუხის მხრიდან შესაძლოა, ლეგიტიმურ მიზნად დასახელდეს სახელმწიფო საკუთრების რაციონალური გამოყენება, თუმცა, მისი აზრით, თანასწორობის უფლებაში ჩარევა და მისთვის სოციალური უზრუნველყოფის უფლების ჩამორთმევა მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებად ვერ ჩაითვლება. კერძოდ, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის აკრძალვის შემთხვევაშიც კი, პირი უფლებამოსილია, დარჩეს და ცხოვრება განაგრძოს სახელმწიფო საკუთრებაში. ანალოგიური შეიძლება ითქვას იმ პირების მიმართ, რომლებმაც სადავო ნორმის ამოქმედებამდე მიმართეს სააგენტოს და დარეგისტრირდნენ მონაცემთა ბაზაში. მოსარჩელე აცხადებს, რომ სადავო ნორმა მხოლოდ პრევენციული ხასიათისაა, ვინაიდან მისი მოქმედების შედეგად არ გათავისუფლებულა არც ერთი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა.
12. შეზღუდვის არარაციონალურობის წარმოსაჩენად მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმიდან გამომდინარე პირები, რომლებმაც განაცხადი შეიტანეს 2013 წლის პირველ ივნისამდე და დარეგისტრირდნენ მონაცემთა ბაზაში, კვლავ აგრძელებენ საარსებო შემწეობის მიღებას, შესაბამისად, დაუცველი დარჩება ყველა ის სახელმწიფო საკუთრება, რომელშიც ასეთი ოჯახები ცხოვრობენ.
13. მოსარჩელე მიუთითებს სახელმწიფო საკუთრებაში მცხოვრებ პირთა რეალური არჩევანის არარსებობაზე. კერძოდ, მას მიაჩნია, რომ, თუ შეთავაზებული ულტიმატუმის საფუძველზე აღნიშნული პირები დატოვებენ სახელმწიფო საკუთრებას, სახელმწიფოსგან ისინი შემწეობაზე კვლავ უარს მიიღებენ, ამჯერად მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არქონის გამო და კვლავ დარჩებიან მიუსაფარ მდგომარეობაში.
14. უფლების შედარებით ნაკლებ მზღუდავ საშუალებად მოსარჩელე მხარეს ესახება გამოსახლების მექანიზმი, რადგან ამ შემთხვევაში იარსებებდა საჭიროება, სახელმწიფოს შეესწავლა აღნიშნული პირების სოციალ-ეკონომიური მდგომარეობა, რეალური საჭიროებები და ამის შემდგომ შეეთავაზებინა ალტერნატივები. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სახელმწიფო არ ინტერესდება აღნიშნული პირების სოციალური და ეკონომიური პირობებით და სადავო ნორმის გამოყენება ხდება მანამდე, სანამ სახელმწიფო შეაფასებს მათ რეალურ საჭიროებებს. მოსარჩელე მხარე თვლის, რომ ლეგიტიმური მიზანი, სახელმწიფოს საკუთრების დაცვა არსებობს, თუმცაღა სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ალტერნატიული ხედვა იმ პირების საცხოვრისით უზრუნველსაყოფად, რომლებიც რეალურად დგანან ასეთი საჭიროების წინაშე. მოსარჩელის განმარტებით, სადამსჯელო ღონისძიებით პირის იძულება, რომ მან უარი თქვას სახელმწიფო საკუთრებაზე, რაციონალურ კავშირშიც კი არ არის იმ მიზანთან, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია.
15. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
16. მოსარჩელე განმარტავს, რომ სოციალური დახმარების მიღების უფლების დისკრიმინაციული ჩამორთმევა, კერძოდ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფაზე გაუმართლებელი უარი, ლახავს ადამიანის ღირსებას. ასევე, მოსარჩელის მტკიცებით, კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული ღირსების უფლება უნდა განვიხილოთ სოციალური სახელმწიფოს პრინციპთან კავშირში. კონსტიტუციის მე-17 მუხლი სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, განახორციელოს სათანადო ქმედებები, მათ შორის, გაატაროს სოციალური პოლიტიკა, ადამიანის იმ მინიმალური სოციალური მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, რაც აუცილებელია მისი ღირსეული ცხოვრებისთვის.
17. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო რეგულაცია, ერთი მხრივ, ართმევს სოციალური დახმარების მაძიებელს უფლებას, მიიღოს სოციალური დახმარება, ხოლო, მეორე მხრივ, სადამსჯელო ღონისძიებით აიძულებს მას, მიატოვოს საცხოვრებელი ადგილი. ზემოაღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალიწინებულ ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის უფლებას.
18. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული სადამსჯელო ღონისძიება პირის მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას იწვევს. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ სახელწიფოს მიერ ადამიანის სამართლის შიშველ ობიექტად გამოყენება დაუშვებელია სამართლებრივ სახელმწიფოში. ასეთ პირობებში სამართალს ექნება ცდუნება, საზოგადოებაში შეთანხმებული წესებისადმი და ერთმანეთისადმი პატივისცემა უზრუნველყონ მხოლოდ შიშზე დაყრდნობით. ასეთი მიდგომა კი თავისთავად შეურაცხყოფს ადამიანის ღირსებას და სამართლებრივ სახელმწიფოში სამართალს უკარგავს მთავარ ფუნქციას. კანონი სამართლიანობასა და წესრიგისთვის არის საჭირო და თუკი ის გადაიქცევა ადამიანებით მანიპულირების ხელისუფლების ინსტრუმენტად, ასეთ პირობებში, კანონი თავად გახდება იმ პრობლემების მთავარი წყარო, რომელთა თავიდან აცილებასა და აღმოფხვრისთვისაც არის იგი საჭირო.
19. პარალელურად, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სოციალური უფლებების უზრუნველყოფა, ცხადია, თავისი არსით პირდაპირ კავშირშია საბიუჯეტო ხარჯებთან, თუმცა თავისთავად ეს ფაქტი ვერ განაპირობებს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების დაცვაზე უარის გამართლებას. მისი მოსაზრებით, ისეთი ამოწურვადი სახელმწიფო რესურსი, როგორიც სახელმწიფო ბიუჯეტია, პირველ რიგში, ადამიანის ძირითადი უფლებების ეფექტურ რეალიზებას უნდა მოხმარდეს. საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა უნდა განხორციელდეს რაციონალურად, პრიორიტეტების სწორი განაწილებით და თითოეული მოქალაქის კანონიერი ინტერესის შეძლებისდაგვარად გათვალისწინებით.
20. მოპასუხე მხარე, საქართველოს მთავრობა, არ ეთანხმება წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელს და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძვლები.
21. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზნებისთვის არსებითად თანასწორი სუბიექტების დიფერენცირება არ განიხილება a priori დისკრიმინაციულ მოპყრობად. მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დისკრიმინაციული მოპყრობა, ვინაიდან პირთა დიფერენცირება ემსახურება საჯარო ინტერესებს და, ამავე დროს, დაცულია სამართლიანი ბალანსი საზოგადოების საერთო ინტერესსა და ინდივიდის უფლებებს შორის
22. მოპასუხე მხარე სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნად ასახელებს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ღირებულების - საკუთრების დაცვას. გასაჩივრებული ნორმით გათვალისწინებული რეგულირება ემსახურება სახელმწიფოს საკუთრებაში თვითნებური შეჭრის ფაქტების აღკვეთს. მოპასუხის მითითებით, სახელმწიფო ქონების განკარგვის შედეგად მიღებული სარგებელი მთლიანად აკუმულირდება სახელმწიფო ბიუჯეტში და, საჯარო მიზნებიდან გამომდინარე, თითოეული მოქალაქის ინტერესების შესაბამისად განიკარგება.
23. მოპასუხე მხარე არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას საცხოვრებელი ადგილის, როგორც დისკრიმინაციის კლასიკური ნიშნის არსებობასა და დიფერენცირებული მოპყრობის მკაცრი ტესტით შეფასების აუცილებლობასთან დაკავშირებით. მისი აზრით, საცხოვრებელი ადგილის ნიშნით დიფერენცირება გულისხმობს განსახლების სხვადასხვა გეოგრაფიულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთათვის განსხვავებული უფლებების დადგენას. სადავო ნორმა კი ნეიტრალურია ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრები პირების მიმართ.
24. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ პირები, რომლებიც არიან კეთილსინდისიერნი და არ იჭრებიან სახელმწიფო საკუთრებაში, არ შეიძლება თანაბარ მდგომარეობაში ჩავაყენოთ იმ პირებთან, რომლებიც ხელყოფენ სახელმწიფო საკუთრებას. მოპასუხის აზრით, პირთა ამ ორი წრის მიმართ ერთნაირმა მოპყრობამ შესაძლოა დანაშაულის ჩადენის წახალისებაც კი გამოიწვიოს.
25. მოპასუხის აზრით, არსებითად თანასწორ პირებს შორის დიფერენცირება უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის დროის ნიშანს და მისი კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს არა მკაცრი, არამედ „რაციონალური დიფერენცირების“ ტესტის გამოყენებით.
26. მოპასუხე მხარე თვლის, რომ საჭირო და აუცილებელი გახდა რეგულაციის შემოღება, რომელიც დაიცავს სახელმწიფო საკუთრებას სხვა პირთა უკანონო სარგებლობისგან, თუმცა ამგვარი რეგულაციის უგამონაკლისოდ გავრცელება სახელმწიფო საკუთრებაში უკანონოდ მცხოვრებ ყველა პირზე გამოიწვევდა მთელ რიგ უარყოფით შედეგებს. ამას მოჰყვებოდა სახელმწიფო საკუთრებაში შეჭრილი ყველა იმ პირის მდგომარეობის გაუარესება, რომლებიც საყოფაცხოვრებო პირობების შეფასების შედეგად წარმოადგენენ სოციალური დახმარების მიმღებ პირებს. სახელმწიფო პირველივე ეტაპზე საშუალებას აძლევს ზოგიერთ პირს, გააგრძელოს უკანონოდ დაკავებული ქონებით სარგებლობა, რითაც, ერთი მხრივ, მზრუნველობის გარეშე არ ტოვებს ასეთ მოქალაქეს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს უწყობს საზოგადოების ამ ნაწილის მომზადებას, ნებაყოფლობით გამოათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული ქონება.
27. არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხემ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია არ არის მუდმივი სტატუსი და მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს რეგისტრაციის შეწყვეტისა და შეჩერების მთელ რიგ საფუძვლებს. აღნიშნულ შემთხვევაში პირმა ხელახლა უნდა წარადგინოს განაცხადი მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით. შესაბამისად, თუკი პირი ცხოვრობს სახელმწიფო საკუთრებაში და იგი 2013 წლის 1 ივნისამდე, მიმართვის საფუძველზე, დარეგისტრირებული იყო ბაზაში, ხელახალი განაცხადის წარდგენისას მის მიმართ ავტომატურად გავრცელდება სადავო ნორმა, რაც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ყველა სახელმწიფო საკუთრებაში უკანონოდ მყოფ პირს თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა მოსარჩელის უფლებებს არ ზღუდავს იმაზე მეტი ინტენსივობით, ვიდრე ეს საჭიროა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
28. მოპასუხე მხარემ უარყო მოსარჩელის მიერ მოყვანილი არგუმენტი არჩევანის არქონასთან დაკავშირებით. მან მიუთითა, რომ უსახლკარობა არ წარმოადგენს სოციალური დახმარების მიღებაზე პირისთვის უარის თქმის საფუძველს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მიიჩნევს, რომ ნორმა აკმაყოფილებს კონსტიტუციურობის მოთხოვნებს და იგი კონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
29. მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო ნორმის მიღებისას საქართველოს მთავრობის მიზანს არ წარმოადგენდა პირთა რომელიმე ჯგუფის, მათ შორის მოსარჩელის როგორც სუბიექტის დამცირება და მისი მიზნის მიღწევის საშუალებად განხილვა. მოპასუხე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მოქმედებას გააჩნია მკაფიოდ გამოხატული მიზანი, რომელიც, თავის მხრივ, ემსახურება სახელმწიფოს განვითარებას, საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობას და მათი პატივისა და ღირსების დაცვას.
30. მოპასუხე მხარის განმარტებით, სახელმწიფო აღიარებს იმ ადამიანთა საჭიროებებს, რომლებიც უკიდურესი აუცილებლობის გამო შეიჭრნენ სახელმწიფო საკუთრებაში, თუმცა ამოსავალი ხედვა, ამ შემთხვევაში, არის სახელმწიფოს დაინტერესება კონკრეტული ქონების მიმართ. დიფერენციაცია ხდება კონკრეტული ქონების მიმართ ეკონომიკური დაინტერესებიდან გამომდინარე და არ უკავშირდება ამ ქონებაში უკანონოდ მცხოვრებ პირთა სოციალური საჭიროებებს თუ სხვა პიროვნულ მახასიათებლებს. ამასთან, აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით შემდგომი ინვესტირება ისევ საზოგადოების კეთილდღეობისკენაა მიმართული.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა კონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
32. №663 კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს სახალხო დამცველმა წარმოადგინა სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება. სასამართლოს მეგობარი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციული ბუნებისაა და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. სასამართლოს მეგობარი შესადარებელ ჯგუფებად გამოყოფს, ერთი მხრივ, მაძიებლებს, რომლებიც არ ცხოვრობენ სახელმწიფო საკუთრებაში, ან რომლებმაც სადავოდ გამხდარი ნორმის ამოქმედებამდე მიმართეს სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით და, მეორე მხრივ, მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფ მაძიებლებს, რომლებსაც სახელმწიფო საკუთრებაში შეჭრის გამო არ აქვთ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მიიღონ სოციალური დახმარება. სახალხო დამცველის მოსაზრებით, ხსენებულ პირებს, შესაძლებელია, თანაბრად ჰქონდეთ სოციალური დახმარების მიღების საჭიროება, რის გამოც ისინი უნდა განიხილებოდნენ არსებითად თანასწორ სუბიექტებად. სადავო ნორმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართში უკანონოდ მცხოვრებ პირებს ბლანკეტურად უკრძალავს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას და, შესაბამისად, ართმევს სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობას. სასამართლოს მეგობრის პოზიციით, ეს შეზღუდვა პირთა უფლებაში ჩარევის იმდენად ინტენსიურ ფორმას წარმოადგენს, რომ აღნიშნული თანასწორობის იდეას აზრს უკარგავს.
33. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმა ასევე არღვევს ღირსების ხელშეუვალობის უფლებას. სახალხო დამცველის განმარტებით, მართალია, სახელმწიფოს გააჩნია დისკრეცია სოციალური პოლიტიკის განხორციელების ეტაპზე, თუმცა საარსებო (სასიცოცხლო) შემწეობის მიღებაზე წვდომის აკრძალვა, სახელმწიფო საკუთრების დაცვის მიზნით, იწვევს ადამიანის დამცირებას, მისი ღირსების შელახვას, ინდივიდის, როგორც მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას.
34. შესაბამისად, სასამართლოს მეგობარი მიიჩნევს, რომ №663 კონსტიტუციური სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. შესაბამისად, კონსტიტუციური დავის გადაწყვეტა მოითხოვს სადავო ნორმის შესაბამისობის დადგენას არსებითად სხვადასხვა შინაარსის მქონე კონსტიტუციურ უფლებებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას თითოეულ კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით ცალ–ცალკე შეაფასებს.
სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით
2. კანონის წინაშე თანასწორობის უფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით, რომლის თანახმად: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული ეს უფლება არ შემოიფარგლება ამავე მუხლში სახელდებით ჩამოთვლილი ნიშნების საფუძველზე განხორციელებული უთანასწორო მოპყრობის აკრძალვით, მისი შინაარსი გაცილებით ფართოა. „კონსტიტუცია კრძალავს კანონის წინაშე არსებითად თანასწორთა უთანასწოროდ (ან პირიქით) გონივრული და ობიექტური დასაბუთების გარეშე მოპყრობის ნებისმიერ შემთხვევას” (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II -1). ამდენად, „კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ეს ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ,,„ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
4. ნიშანდობლივია, რომ „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით" (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).
5. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შეზღუდვა სახეზე იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნორმა არსებითად თანასწორ პირებს შეუქმნის განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს განსხვავებული უფლებებითა თუ ვალდებულებებით ან არსებითად უთანასწოროთა მიმართ გაავრცელებს ერთნაირ სამართლებრივ რეჟიმს.
6. სადავო ნორმის თანახმად, „განაცხადი მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის არ მიიღება, თუ მაძიებელი უკანონოდ იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართში და ამ ფართის კანონიერი მესაკუთრე არ ეთანხმება ამ ფაქტს, რაც სააგენტოსთვის ცნობილი გახდა კანონიერი მესაკუთრის მომართვის საფუძველზე“. ხსენებული ნორმა ზღუდავს სოციალური დახმარების მაძიებლის შესაძლებლობას, დარეგისტრირდეს მონაცემთა ბაზაში, თუ ის უნებართვოდ ცხოვრობს სახელმწიფო საკუთრებაში. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია კი, თავის მხრივ, არის სხვადასხვა სახის სოციალური სარგებლის მიღების აუცილებელი წინაპირობა.
7. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ მცხოვრებ პირთა სოციალური დახმარების გარეშე დატოვება ეწინააღმდეგება კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. კერძოდ, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სოციალური საჭიროებების კუთხით იგი იმ პირთა არსებითად თანასწორია, რომლებიც არ ცხოვრობენ სახელმწიფო საკუთრებაში და იღებენ სახელმწიფო შემწეობას. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში უნებართვოდ ცხოვრების გამო, სოციალური შემწეობის გარეშე დატოვებით, იგი დიფერენცირებულ მდგომარებაში ექცევა სოციალური დახმარების მიმღებ სხვა პირებთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში დიფერენცირება ხორციელდება საცხოვრებელი ადგილის ნიშნით.
8. გასაჩივრებული ნორმა მოქცეულია ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესში. აღნიშნული წესის მიზანს წარმოადგენს, განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების (რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი) მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება. უშუალოდ სადავო ნორმა განსაზღვრავს ხსენებული წესის ერთ-ერთ კომპონენტს, კერძოდ, ადგენს პირობას, რომელიც ერთიან ბაზაში პირის რეგისტრაციას გამორიცხავს.
9. სადავო ნორმის საფუძველზე, დიფერენცირების არსებობის დასაბუთებისათვის მოსარჩელე ვალდებულია, წარმოაჩინოს პირთა ორი წრე, რომელთა მიმართ დგინდება განსხვავებული უფლებრივი რეჟიმი. სადავო ნორმა განსაზღვრავს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის წინაპირობას, რომელიც ნეიტრალურია მოსარჩელის მიერ მითითებული პირთა წრეების მიმართ. ნებისმიერი პირი, რომელიც უნებართვოდ დაიკავებს სახელწიფო საკუთრებას, კარგავს მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების უფლებას. ამასთან, პირს მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების უფლება აღუდგება იმ შემთხვევაში, თუ გაათავისუფლებს სახელმწიფო საკუთრებას უნებართვო მფლობელობისაგან. ამ კუთხით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რაიმე გამონაკლისს. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზნებისათვის შეუძლებელია, გამოვყოთ პირთა მყარად იდენტიფიცირებადი ორი ჯგუფი, რომელთაც სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ ცხოვრების ფაქტის გამო, სადავო ნორმით, სხვადასხვა უფლებრივი რეჟიმი აქვთ დადგენილი.
10. აშკარაა, რომ სადავო რეგულირება ადგენს ერთნაირ უფლებრივ რეჟიმს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველი თითოეული პირისათვის. სადავო ნორმა მიმართულია არა პირთა მიმართ განსხვავებული უფლებების დადგენის, არამედ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველი თითოეული პირის მიმართ ერთნაირი მოთხოვნების დაწესებისკენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ მცხოვრებ პირებს, სხვა პირებთან შედარებით, არ უდგენს განსხვავებულ უფლებრივ რეჟიმს. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული უფლების შეზღუდვა არ ხდება.
11. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ დიფერენცირება ხორციელდება თავად იმ პირებს შორის, რომლებიც უნებართვოდ ცხოვრობენ სახელმწიფო საკუთრებაში, კერძოდ, სადავო ნორმა ზღუდავს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესაძლებლობას. შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე მძიმე შედეგები დგება სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ მცხოვრები მხოლოდ იმ პირებისათვის, რომლებიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის საჭიროების წინაშე სადავო ნორმის ამოქმედების (2013 წლის 1 ივნისი) შემდეგ დადგნენ. ხოლო სადავო ნორმის ამოქმედებამდე მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ მცხოვრები პირების უფლებრივი მდგომარეობა უცვლელი რჩება. მათი მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია აღნიშნული საფუძვლის არსებობის გამო არ უქმდება და მათი სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობა არ ფერხდება. ამდენად, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სახეზეა დიფერენცირება სამართლებრივ ურთიერთობაში (მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია) შესვლის დროის ნიშნით.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსარჩლის პოზიციას, რომლის თანახმადაც, სადავო ნორმა ზღუდავს სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ მცხოვრები პირის სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციის შესაძლებლობას. შესაბამისად, სადავო ნორმა სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობას არ ართმევს იმ პირებს, რომლებიც მის ამოქმედებამდე უნებართვოდ ცხოვრობდნენ სახელმწიფო საკუთრებაში და რეგისტრირებული იყვნენ სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში.
13. ასევე აღსანიშნავია, რომ ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ოჯახს სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია შეიძლება შეუწყდეს იმ შემთხვევაში, თუ: ა) ოჯახის წევრის განცხადების წარდგენის შემთხვევაში; ბ) ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას ყალბი და/ან არასწორი მონაცემების მიწოდების შემთხვევაში; გ) შემოსავლების გაზრდის/გაჩენის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებული ხელზე აღებული ხელფასის (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) ოდენობას (საშუალოდ, ბოლო 4 თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და „ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში „ხელფასი (ყველა სხვა სახის ანაზღაურების ჩათვლით)“ დაფიქსირებულ (საშუალოდ, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას შორის სხვაობა ტოლია ან ნაკლებია 150 ლარზე; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; ე) თუ ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი ამ წესით გათვალისწინებული პირობებით არ დარეგისტრირდა „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე. შესაბამისად, საცხოვრებელი ადგილის ცვლილება არ წარმოადგენს სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმებისა და ახალი რეგისტრაციის საჭიროების გაჩენის საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირები, რომლებმაც სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ ცხოვრება დაიწყეს სადავო ნორმის ამოქმედების შემდეგ, თუმცა ამ დრომდე რეგისტრირებული იყვნენ სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში, არ ექცევიან სადავო ნორმის რეგულირების ქვეშ. შესაბამისად, არც ხსენებულ მდგომარეობაში მყოფ პირთათვის არ ხდება სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვა.
14. აშკარაა, რომ სადავო ნორმის მოქმედების შედეგად, სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ ცხოვრების გამო ზოგი პირი კარგავს სოციალური დახმარების მიღების უფლებას, ზოგი კი არა. ამდენად, სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ მცხოვრებ პირთა მიმართ დადგენილია სხვადასხვა უფლებრივი რეჟიმი და, შესაბამისად, სახეზეა დიფერენცირებული მოპყრობა.
15. სადავო ნორმის კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შესაბამისობაზე მსჯელობისას, დიფერენცირების ფაქტის არსებობასთან ერთად, აუცილებელია განისაზღვროს, რამდენად წარმოადგენენ შესადარებელი ჯგუფები არსებითად თანასწორ სუბიექტებს. ამასთან, „მე-14 მუხლზე მსჯელობისას პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება #2/1/536 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-17).
16. სადავო ნორმა ზღუდავს სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ მცხოვრები პირების მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების და, შესაბამისად, სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობას. ზოგადად, სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ მცხოვრები პირები სოციალური დახმარების მიღების მიზნებისათვის არსებითად თანასწორები არიან. სოციალური დახმარების მიღების საჭიროებას პირის ფაქტობრივი მდგომარეობა განაპირობებს. ამ თვალსაზრისით, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის დრო არ გამოდგება იმ განმასხვავებელ ფაქტორად, რომელიც დიფერენცირებულ მდგომარეობაში მყოფი პირების არსებითად სხვადასხვა სოციალურ საჭიროებებზე მიუთითებდა. პირთა სოციალურ საჭიროებებზე მიუთითებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები და მათი მოცულობის განსაზღვრისათვის არ აქვს მნიშვნელობა საჭიროების წარმოშობის დროს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება შესადარებლ ჯგუფებს შორის რაიმე ისეთი განმასხვავებელი მახასიათებლის არსებობა, რომელიც შესაძლოა მიუთითებდეს მათ არსებითად უთანასწორობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დიფერენცირება ხორციელდება არსებითად თანასწორ პირებს შორის და სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული უფლების შეზღუდვა.
17. არსებითად თანასწორი პირების დიფერენცირებულ მდგომარეობაში ჩაყენება, თავისთავად, არ იწვევს თანასწორობის უფლების დარღვევას. რიგ შემთხვევებში, შესაძლოა დიფერენცირება კონსტიტუციურსამართლებრივად გამართლებული იყოს. ამავე დროს, დიფერენცირებულად მოპყრობის კონსტიტუციურობის შეფასების მეთოდი განსხვავებული შეიძლება იყოს თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევასთან მიმართებით. „ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას... სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ახალი მემარჯვენეები და საქართველოს კონსერვატიული პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, „სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით. კერძოდ, თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას - სასამართლო გამოიყენებს შეფასების მკაცრ ტესტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/603 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია გაირკვეს, სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება ხომ არ ემყარება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილ რომელიმე ნიშანს ან/და ხომ არ არის მაღალი ინტენსივობის.
19. განსახილველ შემთხვევაში არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებული უფლებრივი რეჟიმის განსაზღვრა უკავშირდება სოციალურად დაუცველთა ბაზაში მათი რეგისტრაციის დროს. შესაბამისად, დიფერენცირება ხორციელდება სამართლებრივ ურთიერობაში შესვლის დროის ნიშნით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში სახელდებით მოხსენიებული არ არის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის დიფერენცირების შესაფასებლად მკაცრი ტესტის გამოყენების პირველი საფუძველი.
20. ვინაიდან სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება არ უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე კლასიკურ ნიშანს, სასამართლოს მიერ მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენება დამოკიდებულია დიფერენცირების ინტენსივობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დიფერენცირების ინტენსივობის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ „არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში იმყოფებიან, დიფერენცირება რამდენად მკვეთრად დააცილებს ამ უკანასკნელთ კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებიდან“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება, II-25). სადავო ნორმა არეგულირებს პირის მიერ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის და სოციალური დახმარების მიღების წინაპირობებს. შესაბამისად, დიფერენცირების ინტენსივობის შესაფასებლად უნდა განისაზღვროს, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციაზე უარის თქმა რამდენად აშორებს პირებს სოციალური დახმარების მიღების თანაბარი შესაძლებლობისაგან.
21. სოციალურად დაუცველთა ბაზის წარმოების მიზანია სახელმწიფოს მიერ სოციალური დახმარების საჭიროების მქონე მოსახლების იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება. სწორედ ხსენებულ ბაზაში აღრიცხვით ახდენს სახელმწიფო პირის სოციალური დახმარების საჭიროების მქონე პირად იდენტიფიცირებას. როგორც წესი, სწორედ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის ფაქტს უკავშირდება პირის მიერ სოციალური დახმარების მიღება. ამდენად, პირის ხსენებულ ბაზაში დაურეგისტრირებლობა ნიშნავს, რომ სახელმწიფო მას არ განიხილავს სოციალური დახმარების საჭიროებების მქონედ და ფაქტობრივად სრულად გამორიცხავს სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობიდან.
22. სოციალური დახმარების მიღების შეუძლებლობასთან ერთად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე უარი გავლენას ახდენს სოციალურად დაუცველის სტატუსთან დაკავშირებულ სხვა სარგებელთა ხელმისაწვდომობაზე. მაგალითად, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მ1 ქვეპუნქტი სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლებას პირდაპირ უკავშირებს პირის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის ფაქტი ასევე რელევანტურია სხვა სახელმწიფო სერვისების სარგებლობასთან მიმართებითაც. მაგალითად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის N601 დადგენილება. ხსენებულ პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობად განსაზღვრულია ბავშვიანი ოჯახის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმის მოქმედების შედეგად ხდება სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ მცხოვრებ პირთა ნაწილისათვის სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობის სრული გამორიცხვა. აშკარაა, რომ სადავო ნორმა მკვეთრად აცილებს შესადარებელ ჯგუფებს სოციალური დახმარების მიღების თანაბარი შესაძლებლობებისაგან, შესაბამისად, დიფერენცირება ხასიათდება მაღალი ინტენსივობით, რაც არსებული დიფერენცირების მკაცრი ტესტით შეფასების საჭიროებას იწვევს.
24. საკონსტიტუციო სასამართლო დიფერენცირების კონსტიტუციურობას მკაცრი ტესტის ფარგლებში აფასებს თანაბარზომიერების პრინციპის გამოყენებით (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
25. აღნიშნულის გათვალისწინებით, „მკაცრი ტესტის“ ფარგლებში ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისათვის აუცილებელია, პირველ რიგში, დადგინდეს, ემსახურება თუ არა იგი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა ატარებს თვითნებურ ხასიათს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია ნორმის შემდგომი შემოწმების გარეშე“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-27).
26. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანია სახელმწიფო ქონების დაცვა. იგი მიუთითებს, რომ სახელმწიფო საკუთრების ეფექტური გამოყენება ხელს უწყობს ეკონომიკური ბრუნვის გაძლიერებასა და ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვას, რაც, თავის მხრივ, მიმართულია საზოგადოების კეთილდღეობის და სახელმწიფო ეკონომიკური და ფინანსური განვითარების ხელშეწყობისკენ.
27. მოპასუხე მხარემ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 8 თებერვლის №01-02/08/4195 წერილობით კორესპონდენციაზე, რომლის თანახმად, 2012 წელს დაფიქსირდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში და კერძო მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებულ 53 ობიექტში შეჭრის ფაქტი; ასევე სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 მარტის №14/11829 კორესპონდენციის თანახმად, თბილისის მასშტაბით უკანონო მფლობელობაშია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 240 ერთეულის შენობა-ნაგებობა. საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა განმარტებით, ამ გამოწვევის საპასუხოდ, სახელმწიფო იძულებული გახდა, მიეღო შესაბამისი ზომები სახელმწიფო საკუთრების დასაცავად.
28. სახელმწიფო ქონების ხელყოფისგან დაცვა ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს, შესაბამისად, სახელმწიფო უფლებამოსილია, ამის თავიდან ასაცილებლად მიიღოს შესაბამისი ზომები. არც მოსარჩელე არ აყენებს ეჭვქვეშ სახელმწიფო ქონების დაცვის საჭიროებას.ასევე გასაზიარებელია მოპასუხის არგუმენტი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ქონების დანიშნულებისამებრ გამოყენება მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ინტერესს წარმოადგენს. სახელმწიფო ქონების არსებობა აზრს დაკარგავს, თუ მისი ხელყოფის ფაქტები რეაგირების გარეშე დარჩება.აღნიშნულიდან გამომდინარე, პროპორციულობის პრინციპის მოთხოვნების გათვალისწინებით, შესაძლებელია კონსტიტუციურსამართლებრივად გამართლდეს სახელმწიფო ქონების დაცვის მიზნით, კანონის წინაშე თანასწორობის უფლების შეზღუდვა.
29. როგორც აღინიშნა, თანაზომიერების პრინციპი მოითხოვს, რომ უფლების შემზღუდველი ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება წარმოადგენდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას. სახელმწიფო ქონების უნებართვოდ ხელყოფისათვის გარკვეული ზომების მიღება, მათ შორის ბაზაში რეგისტრაციის შესაძლებლობის შეზღუდვა, სახელმწიფო ქონების დაცვისკენ მიმართული ღონისძიებაა. ამდენად, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება მიმართულია ზემოთ ხსენებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევისაკენ. თუმცა მოცემულ შემთხვევაში დიფერენცირებულ მდგომარეობაში მყოფ პირთა ორივე წრე (სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ მცხოვრები პირები, რომელებიც მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირდნენ 2013 წლის პირველ ივნისამდე და სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ მცხოვრები პირები, რომლებსაც რეგისტრაციის საჭიროება წარმოეშვათ 2013 წლის პირველი ივნისის შემდეგ) ახდენს სახელმწიფო ქონების უნებართვოდ ხელყოფას. ამდენად, ორივე მათგანის ქმედებასთან მიმართებით არსებობს ქონების დაცვის ღონისძიების განხორციელების საჭიროება. შესაბამისად, სახელმწიფო ქონების ხელმყოფთაგან საკუთრების დაცვის აუცილებლობა თავისთავად არ მიუთითებს დიფერენცირების დასაბუთებულობასა თუ მიზნობრიობაზე.
30. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება მოთხოვნილია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. ამდენად, იმისათვის, რომ დადგენილი შეზღუდვა მივიჩნიოთ ლეგიტიმური მიზნის გამოსადეგ საშუალებად, არა მხოლოდ უნდა გამოიკვეთოს გარკვეულ პირებთან მიმართებით ქონების ხელყოფის შემაკავებელი ეფექტის არსებობა, არამედ ასევე მნიშვნელოვანია წარმოჩინდეს, რომ თავად პირთა დიფერენცირების ფაქტი უწყობს ხელს სახელმწიფო საკუთრების დაცვას ან/და ნაკარნახევია ობიექტური აუცილებლობით. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით სადავო ნორმა არაკონსტიტუციური იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ ზოგადად პირის უფლების შეზღუდვა აუცილებელია, თუმცა მისი გავრცელება თვითმიზნურად ხდება მხოლოდ არსებითად თანასწორ პირთა კონკრეტულ ნაწილზე.
31. სახელმწიფოს საკუთრებაში უნებართვოდ მცხოვრებ პირთა შორის დიფერენცირების მიზნობრიობის წარმოსაჩენად მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ შესადარებელ პირთა წრეების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის დროის მიხედვით დიფერენცირება ემსახურება სახელმწიფო საკუთრებაში პირთა სამომავლო შეჭრის პრევენციას. მოპასუხე მხარის მოსაზრებით, სადავო ნორმა უზრუნველყოფს მისი ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო ქონების უნებართვოდ დაკავებისაგან თავის შეკავებას.
32. სახელმწიფო ქონების დაცვისთვის მნიშვნელოვანია როგორც მისი უნებართვო ხელყოფის არსებული ფაქტების აღმოფხვრა, ასევე სამომავლო ხელყოფის პრევენცია. ამდენად, დიფერენცირება, რომელიც ნაკარნახებია ქონების სამომავლო ხელყოფის პრევენციით, შესაძლებელია, მიზნის მიღწევის ვარგის საშუალებად იქნეს მიჩნეული იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა ღონისძიებებს ატარებს სახელმწიფო ქონების ხელყოფის უკვე არსებული ფაქტების აღმოსაფხვრელად. შესაბამისად, გარკვეული ლოგიკური ახსნა შეიძლება ჰქონდეს ბაზაში რეგისტრაციის უფლების შეზღუდვის მხოლოდ სადავო ნორმის მიღების შემდგომ განხორციელებულ სახელმწიფო საკუთრების ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებას. ამ ფორმით, არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირება შესაძლოა მიზნის მიღწევის ვარგის საშუალებად იქნეს მიჩნეული და პროპორციულობის პრინციპის სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში კონსტიტუციურსამართლებრივად გამართლებულიც იყოს.
33. თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმის საფუძველზე სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვა უკავშირდება სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციის დროს და არა საკუთრებაში უნებართვოდ ცხოვრების დაწყების პერიოდს. მოსარჩელეები დიფერენცირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან სახელმწიფო საკუთრებაში როგორც სადავო ნორმის მიღებამდე, ისე მის შემდგომ პერიოდში უნებართვოდ შეჭრილ პირებთან მიმართებით.
34. ამდენად, სადავო ნორმა სხვადასხვა სამართლებრივ შედეგს უკავშირებს მისი მიღების შემდგომ განხორციელებულ ერთსა და იმავე (საფრთხის შემცველ) ქმედებას. კერძოდ, ზოგიერთი პირი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრება, კარგავს სოციალური დახმარების მიღების უფლებას, მაშინ როდესაც იგივე ქმედების განმახორციელებელი სხვა პირები (რომლებიც მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირდნენ 2013 წლის 1 ივნისამდე) აღნიშნულ უფლებას არ კარგავენ. სადავო ნორმას სახელმწიფო ქონების უნებართვოდ სარგებლობის შემაკავებელი ეფექტი გააჩნია არა ზოგადად, არამედ მხოლოდ იმ პირების მიმართ, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულნი არ არიან. ამდენად, აშკარაა, რომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის მხოლოდ იმ პირების ნაწილზე გავრცელება, რომლებმაც სადავო ნორმის მიღების შემდგომ დაიწყეს სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ ცხოვრება, არათუ ლეგიტიმური მიზნის მიღწევას არ ემსახურება, არამედ პირიქით, ამცირებს გამოყენებული ღონისძიების ეფექტურობას.
35. მოპასუხე მხარე დიფერენცირების გონივრულობის წარმოსაჩენად ასევე მიუთითებს, რომ მონაცემთა ბაზაში უკვე დარეგისტრირებული პირების რეგისტრაციიდან მოხსნა მათ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩაყენებას გამოიწვევდა. ამ თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია თავისთავად არ გულისხმობს სოციალური დახმარების მიღებას. სოციალურ დახმარებას იღებს მხოლოდ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა ნაწილი. ამდენად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გაუქმება თავისთავად არ გულისხმობს პირის მიერ გარკვეული შემოსავლის დაკარგვას, მისი ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას. შესაბამისად, სადავო ნორმით დიფერენცირებულ პირთა ნაწილი ამ თვალსაზრისითაც ერთნაირ მდგომარეობაში არიან. ორივე წრეში შეიძლება არსებობდნენ პირები, რომლებიც სადავო ნორმის მიღებამდე არ იღებდნენ სოციალურ დახმარებას, თუმცა შემდგომში დადგნენ მსგავსი საჭიროების წინაშე.
36. ასევე აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული არგუმენტი დიფერენცირების გამართლებისათვის ასევე არ გამოდგება სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ მცხოვრებ იმ პირებთან მიმართებითაც, რომლებიც სადავო ნორმის მიღებამდე იღებდნენ სოციალურ დახმარებას. ზოგადად, სოციალურ დახმარების მიღების უფლების წარმოშობა დაკავშირებული პირის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასთან და ამ მდგომარეობიდან წარმოშობილ საჭიროებებთან. შესაბამისად, ბუნებრივია, სოციალური დახმარების შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს სოციალური დახმარების მიმღებ პირთა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩაყენება. ამავე დროს, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში ყოფნა, ზემოთ ხსენებული პირების მსგავსად, თანაბრად მტკივნეულია იმ პირებისთვისაც, რომელთაც სადავო ნორმის მიღების შემდეგ წარმოეშვათ სოციალური პრობლემები. ასეთ პირებს აქვთ თანაბარი საჭიროება და მოლოდინი, რომ სახელმწიფო მათ მატერიალურად დაეხმარება. ამდენად, მძიმე სოციალური მდგომარეობა წარმოადგენს იმ კრიტერიუმს, რომელსაც სოციალური დახმარების მიმღები ყველა პირი აკმაყოფილებს. მოსარჩელის მსგავს პირთა ჯგუფისთვის მონაცემთა რეგისტრაციაზე უარის თქმა, სოციალური დახმარების მიღების კუთხით, ისეთივე მტკივნეულია, როგორც სოციალურად დაუცველთა ბაზაში უკვე რეგისტრირებული პირისთვის რეგისტრაციის გაუქმება. აღნიშნულიდან გამომდინარე, უკვე დანიშნული სოციალური დახმარების გაუქმების მტკივნეულობაც კი ვერ გაამართლებს ერთნაირი საჭიროების მქონე ერთსა და იმავე პირობებში მყოფ პირებს შორის დიფერენცირებულ მოპყრობას.
37. მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა განმარტებით, სახელმწიფო საკუთრებაში შეჭრილი პირის ფინანსური მდგომარეობის ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს უკვე რეგისტრირებული პირის მონაცემთა ბაზიდან მოხსნა. ასეთ შემთხვევებში 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებული პირები მოიხსნებიან მონაცემთა ბაზიდან და შემდგომში, მოსარჩლის მსგავსად, მათაც აღარ ექნებათ მონაცემთა ბაზაში თავიდან რეგისტრაციის უფლება, რაც დროთა განმავლობაში გამოიწვევს ყველა სუბიექტის ერთ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევას. აღნიშნული არგუმენტით, მოპასუხე მხარე ფაქტობრივად მიუთითებს, რომ სოციალურად დაუცველი პირები სახელმწიფოს მხრიდან თანასწორი მოპყრობის მისაღწევად უნდა დაელოდონ სხვა სოციალურად დაუცველი პირების მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათი სოციალური დახმარების საჭიროების აღმოფხვრას. აღნიშნული არგუმენტი ვერ იქნება გაზიარებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. სადავო ნორმის კონსტიტუციურობის წარმოსაჩენად უნდა დასაბუთდეს, რომ დადგენილ დიფერენცირებულ მოპყრობას გონივრული ახსნა გააჩნია დიფერენცირების მომენტში. მსგავს ახსნად კი არ გამოდგება პოზიცია, რომლის თანახმადაც, გარკვეული, განუსაზღვრელი დროის გასვლის შემდეგ შესაძლოა დიფერენცირება თავისთავად აღმოიფხვრას.
38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმა განსხვავებულად ეპყრობა ერთნაირი საჭიროების მქონე პირებს. დიფერენცირება ხდება სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციის დროის მიხედვით, რაც სახელმწიფო საკუთრების დაცვის მიზნის მისაღწევად არარელევანტურ კრიტერიუმს წარმოდგენს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ვარგისი საშუალება. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილ დიფერენცირებულ მოპყრობას არ გააჩნია კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლება და, ამდენად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
39. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ღირსების უფლების უდიდეს მნიშვნელობაზე. ადამიანს ღირსების უფლება აქვს იმიტომ, რომ იგი ადამიანია „...და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ გააჩნია საზოგადოების შეხედულებას მასზე ან მის სუბიექტურ თვითშეფასებას. ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია. კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ... მთავარი ღირებულება არის ადამიანი როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი. ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. ღირსებაში იგულისხმება სოციალური მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის რესპექტირებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის #2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-30).
40. აღსანიშნავია, რომ ღირსების უფლების ერთ-ერთი პრაქტიკული გამოხატულება ადამიანის, როგორც თავისუფალი ინდივიდის და ძირითადი უფლებების მქონე სუბიექტად მიჩნევაში მდგომარეობს. „უფლება სამართალსუბიექტობაზე წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული ღირსების უფლების განუყოფელ ელემენტს. აღნიშნული უფლების თანახმად, სახელმწიფოსთვის ადამიანი უნდა იყოს მთავარი ფასეულობა, კონსტიტუციური უფლებების სუბიექტი და არა მიზნის მიღწევის საშუალება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-10).
41. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „საქართველოს კონსტიტუციით დაცული ამა თუ იმ უფლების მზღუდავი საკანონდებლო რეგულირება ავტომატურად არ იწვევს სამართალსუბიექტობაზე უფლების დარღვევას. საკონსტიტუციო სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლების მზღუდავი რეგულირების შინაარსის, მიზნის და შეზღუდვის ინტენსივობის გათვალისწინებით ადგენს გასაჩივრებული ნორმის (ნორმების) შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებასთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-11).
42. სადავო ნორმის თანახმად, პირი ვერ დარეგისტრირდება სოციალურად დაუცველ ოჯახების ერთიან ბაზაში, თუ ის უნებართვოდ ცხოვრობს სახელმწიფო საკუთრებაში. მოცემულ შემთხვევაში ნათლად გამოკვეთილია პირთა წრე, რომელზედაც სადავო ნორმას მკაფიო ეფექტი გააჩნია. ესენი არიან პირები, რომლებიც რეალურად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან მატერიალურ დახმარებას. ცხადია, მატერიალურად შეძლებული პირებისათვის სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შეზღუდვა ნაკლებად რელევანტურია. მათ შესაძლოა არც დარეგისტრირების ინტერესი გააჩნდეთ და არც სოციალური დახმარების მიღების რეალური პერსპექტივა. ამდენად, სადავო ნორმით დადგენილი წესი მიემართება სწორედ ისეთ პირებს, რომლებიც მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან და სადავო ნორმის მოქმედების შედეგად ისინი კარგავენ სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობას.
43. მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმა მნიშვნელოვნად მიემართება სოციალური დახმარების გაცემის წესის რეგულირებისაკენ, მოცემული დავის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ადამიანის სოციალურ უფლებებთან კონსტიტუციურობის შეფასების საჭიროების წინაშე. შესაბამისად, არც იმის გამოკვლევის აუცილებლობა არსებობს, აქვს თუ არა სახელმწიფოს შესაბამისი ფინანსური სახსრები, რათა დააკმაყოფილოს ადამიანის სოციალური საჭიროებები. განსახილველ შემთხვევაში პირი მოკლებულია შესაძლებლობას, დარეგისტრირდეს მონაცემთა ბაზაში და, შესაბამისად, მიიღოს სოციალური დახმარება, იმის გამო, რომ სახელმწიფო ცდილობს დაიცვას სახელმწიფო საკუთრება. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს, რამდენად არის უფლებამოსილი სახელმწიფო, პირის სოციალური დახმარების გარეშე დატოვება გამოიყენოს სახელმწიფო საკუთრების დაცვის საშუალებად.
44. მოცემულ შემთხვევაში სადავოდ არ არის გამხდარი სახელმწიფო საკუთრების დაცვის, მათ შორის, მასში უნებართვოდ მცხოვრები პირების იძულებით გამოსახლების შესაძლებლობა. თუმცა, ამისდა მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, იძულების მექანიზმად პირის სოციალური დახმარების გარეშე დატოვების გამოყენება რამდენად არის ადამიანის ღირსების უფლებასთან თავსებადი.
45. მოპასუხე მხარის არგუმენტაციით, განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმის მიღებისას საქართველოს მთავრობის მიზანს არ წარმოადგენდა პირთა რომელიმე ჯგუფის, მათ შორის მოსარჩელის, როგორც სუბიექტის დამცირება და მისი განხილვა მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალებად. სახელმწიფოს მოქმედებას გააჩნია მკაფიოდ გამოხატული მიზანი, რაც მდგომარეობს სახელმწიფო საკუთრების დაცვაში, რომელიც, თავის მხრივ, ემსახურება სახელმწიფოს განვითარებას, საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობას და მათი პატივისა და ღირსების დაცვას. ამასთანავე, მოპასუხე მხარის მოსაზრებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულაცია წარმოადგენს ხსენებული მიზნის მიღწევის ნაკლებად მზღუდველ საშუალებას, ვინაიდან სახელმწიფო საკუთრებაში უკანონოდ შეჭრილი პირის მიმართ თუნდაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება გაცილებით მძიმე ტვირთი იქნებოდა ამ უკანასკნელისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის პოზიციით, სადავო ნორმა შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან.
46. უდავოა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის ქმედება მიმართულია მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის, სახელმწიფო საკუთრების დაცვის უზრუნველყოფისკენ. მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტებით, სახელმწიფო საკუთრებაში შეჭრილი პირები ხელს უშლიან სახელმწიფოს აღნიშნული ქონების დანიშნულებისამებრ განკარგვაში, ინვესტორების მოზიდვაში და ა.შ. აღნიშნულის მიუხედავად, რეგულირების ადამიანის ღირსების შემლახველად მიჩნევისათვის აუცილებელი არ არის, კანონმდებელს უშუალოდ ადამიანის ღირსების შელახვის მიზანი ამოძრავებდეს. ხშირ შემთხვევაში, ნორმატიული აქტის მიმღებ ორგანოს შესაძლოა გააჩნდეს მკვეთრად გამოხატული, ღირებული ლეგიტიმური საჯარო მიზანი, თუმცა მიზნის მისაღწევად გამოყენებულმა საშუალებებმა, თავიანთი ინტენსივობით და მოქმედების ეფექტებით, შესაძლოა მაინც ხელყოს ადამიანის ღირსების კონსტიტუციური უფლება.
47. სადავო ნორმით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ქონებაში უნებართვოდ მცხოვრები პირები დატოვებენ სახელმწიფო საკუთრებას, მათ მიეცემათ მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების უფლება და, შესაბამისად, აღუდგებათ სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობა. ამდენად, აშკარაა, რომ სადავო ნორმის შემოღებით, მოპასუხე მხარე სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობას იყენებს პირების მძიმე არჩევანის წინაშე დაყენებისთვის. იგი ამ ფორმით ცდილობს, აიძულოს ადამიანები, გაათავისუფლონ უნებართვოდ დაკავებული სახელმწიფო საკუთრება, რომლებიც ძირითად შემთხვევებში წარმოადგენს პირის ერთადერთ საცხოვრებელ ადგილს.
48. მნიშვნელოვანია იმის გათვითცნობიერება, რომ საარსებო შემწეობის მიზანს ადამიანის პირველადი მოთხოვნილებების, მათ შორის, საკვებით, სასმელი წყლითა და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა წარმოადგენს. აღნიშნულის გარეშე შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს თავად ადამიანის არსებობაც კი.
49. სოციალური შემწეობის ფუნქციას ადამიანის პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გარდა ამ უკანასკნელის საზოგადოებაში ინტეგრაცია წარმოადგენს, რაც აგრეთვე განსაკუთრებული ყურადღების ღირსია. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანი, რომელიც მოკლებულია ელემენტარულ საყოფაცხოვრებო პირობებს, აგრეთვე სერიოზული დაბრკოლებები ექმნება საზოგადოებრივი ცხოვრების ამა თუ იმ ასპექტში მონაწილეობისას. საზოგადოებრივი ცხოვრების ამა თუ იმ ასპექტიდან პირის გარიყვა ქმნის სერიოზულ რისკს ე.წ. ჩრდილქვეშ მყოფი საზოგადოების შექმნისთვის, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმით უარყოფითად აისახება სახელმწიფოს კეთილდღეობაზე.
50. სოციალური დახმარება გაიცემა ადამიანის საჭიროებების შეფასების შედეგად. სახელმწიფო ადგენს მოსახლეობის ნაწილის მძიმე სოციალურ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტს, ითვალისწინებს ქვეყნის საბიუჯეტო შესაძლებლობებს და აღნიშნულის გათვალისწინებით უნიშნავს მათ სოციალურ დახმარებას. ამდენად, სადავო ნორმის საფუძველზე პირის სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციის შეზღუდვით, სახელმწიფო გაცნობიერებულად ტოვებს სოციალური დახმარების გარეშე პირებს, რომლებსაც, მისივე შეფასებით, ეს უკანასკნელი გადარჩენისათვის და საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის სჭირდებათ. ამდენად, სახელმწიფო ადამიანების გაჭირვებას, მათ მოწყვლადობას იყენებს სახელმწიფო საკუთრების დასაცავად. „სახელმწიფოს არ აქვს უფლება, გადაუხვიოს ადამიანის, როგორც მთავარი კონსტიტუციური ღირებულების აღიარების ვალდებულებას და განიხილოს ადამიანი, როგორც შიშველი ობიექტი და მიზნის მიღწევის საშუალება იმის მიუხედავად, თუ როგორი მნიშვნელოვანი კერძო ან საჯარო ინტერესის მიღწევას ისახავს მიზნად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-30).
51. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის არგუმენტაციას, რომლის მიხედვითაც, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება არის სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ მცხოვრებ პირთა გამოსახლებაზე ნაკლებად მზღუდველი და, შესაბამისად, კონსტიტუციის მე-17 მუხლის შესაბამისი საშუალება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე არ ითხოვს სახელმწოფო ქონებაში უნებართვოდ ცხოვრების შესაძლებლობის დადგენას. შესაბამისად, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას არარელევანტურია სახელმწიფო ქონების უკანონო გამოყენების აღსაკვეთად მოსარჩელეთა იძულებით გამოსახლება რამდენად აკმაყოფილებს კონსტიტუციურ მოთხოვნებს. შესაბამისად, ასევე არარელევანტურია არგუმენტი, რომელის მიხედვითაც ვინაიდან დასაშვებია მოსარჩელეთა სადავო ქონებიდან გამოსახლება, ასევე დასაშვები უნდა იყოს მათთვის არჩევანის მინიჭება, ან დატოვონ ქონება ან დათმონ სოციალური დახმარების მიღების უფლება. აღნიშნული არგუმენტაცია შეიძლება რელევანტური იყოს სახელმწიფო საკუთრების გათავისუფლების წესის კონსტიტუციურობის შემოწმებისას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სასამართლო წყვეტს არა იმას, მოსარჩლეებმა უნდა გაათავისუფლონ თუ არა უკანონოდ დაკავებული ქონება, არამედ იმას თუ რამდენად შეესაბამება ღირსების კონსტიტუციურ უფლებას სოციალური დახმარების მიღების უფლების ჩამორთმევის იძლებით ღონისძიებად გამოყენება.
52. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი კრძალავს არაჰუმანური და ღირსების შემლახველ მოპყრობასა და სასჯელის გამოყენებას, მიუხედავად იმისა თუ რამდენად მნიშნველოვანი სიკეთის დასაცავად ხორციელდება იგი. შესაბამისად, სახელმწიფოს ხელში არსებული იძულების ღონისძიებები დამოუკიდებლად ექვემდებარება კონსტიტუციის ხსენებულ დებულებასთან შესაბამისობის შემოწმებას. ზოგადად, ადამიანების მიმართ სასჯელის ან/და იძულების ღონისძიების გამოყენებს ბუნებრივად მოჰყვება მათთვის გარკვეული დისკომფორტის შექმნა. ამდენად, სახელმწიფოს გააჩნია ლეგიტიმური შესაძლებლობა გამოიყენოს უფლების მზღუდავი იძულების ღონისძიება, თუმცა ხსენებული შესაძლებლობა არ არის უსაზღვრო. გარკვეულ შემთხვევებში სახელმწოფოს მოპყრობა არაჰუმანურ ან/დ ღირსების შემლახველ ხარისხს აღწევს და შესაბამისად, კონსტიტუციის მე-17 მუხლის მოთხოვნებს არღვევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის გარემოება, რომ სახელმწიფო უფლებამოსილია, მის საკუთრებაში ცხოვრება აუკრძალოს პირებს, თავისთავად არ მიუთითებს, სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრების სანაცვლოდ, პირებისათვის ნებისმიერი ქმედების განხორციელების მოთხოვნის დასაშვებობაზე.
53. როგორც უკვე აღინიშნა, ხშირ შემთხვევებში სოციალური დახმარების მიღება ადამიანების ფიზიკურ გადარჩენისა და განვითარების პერსპექტივის შექმნას ემსახურება. ამდენად, სადავო ნორმების შედეგად სახელმწიფო ადამიანების გაჭირვებას იყენებს საკუთარი ქონების დაცვის მიზნით. სახელმწიფოს მიერ ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური გაჭირვების მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენება სცდება იძულების ღონისძიებისათვის დამახასიათებელი დასაშვები ზემოქმედების ფარგებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით დადგენილი ფორმით სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობის წართმევა, თავისი არსით, წარმოდგენს იმგვარ ღონისძიებას, რომელიც არ შეიძლება სახელმწიფო ქონების დასაცავად იქნეს გამოყენებული, იძულების ღონისძიების სახით. სადავო ნორმით დადგენილი ღონისძიება ორიენტირებულია მხოლოდ დასახული მიზნის მიღწევაზე, ხოლო მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებულია ადამიანების მძიმე სოციალური მდგომარეობა.
54. როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი კრძალავს ადამიანის სამართლის შიშველ ობიექტად განხილვას და მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას. განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფო, იმისათვის რომ მიაღწიოს ლეგიტიმურ მიზანს, იყენებს ადამიანის მძიმე სოციალ-ეკონომიურ მდგომარეობას, მის მოწყვლადობას კონკრეტული საჯარო მიზნის მიღწევის საშუალებად და ხსენებული a priori აქცევს სადავო ნორმას ადამიანის ღირსების შემლახველად.
III სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, 45-ე მუხლის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №663 („საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი