ა.ა.ი.პ. „საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/4/546 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 5 ნოემბერი 2013 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ა.ა.ი.პ. “საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს კანონის “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის” მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის, ამავე კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების “პროკურორმა და ბრალდებულმა” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვის “მხარეებს” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ბ) საქართველოს კანონის “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის” 207-ე მუხლის მე-6 ნაწილის სიტყვის “მხარეებს” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 27 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №546) მიმართა ა.ა.ი.პ. “საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა”. №546 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2012 წლის 28 ნოემბერს.
2. №546 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2013 წლის 28 ივნისს.
3. №546 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მთელ რიგ ნორმებს, რომელთა მიხედვით, კოდექსის მიზნებისთვის მხარედ მიიჩნევა ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადვოკატი, გამომძიებელი და პროკურორი. სადავო ნორმები მხარეს ანიჭებს უფლებამოსილებას, გაასაჩივროს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება, გონივრულ ვადაში ეცნობოს საჩივრის განხილვის დღისა და დროის შესახებ და გადაეცეს საჩივრის განხილვის შედეგად გამოტანილი განჩინების ასლები.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტს, სააქციო საზოგადოება ,,პროგრეს ბანკის" პირველი სერვის ცენტრის მმართველის მოვალეობის შემსრულებლის 2012 წლის 25 ივლისის №1-1421.07 წერილით ეცნობა, რომ აღნიშნული არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირის ს.ს. ,,პროგრეს ბანკში" არსებულ ანგარიშებს ადევს ყადაღა. 2012 წლის 26 ივლისს მოსარჩელემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შემდეგი სახის ინფორმაცია: თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა თუ არა გადაწყვეტილება ინსტიტუტის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, როდის და რის საფუძველზე მოხდა ყადაღის დადება, განმცხადებელს უნდა მიეღო თუ არა მონაწილეობა საქმის განხილვაში და შეეძლო თუ არა განჩინების გასაჩივრება.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სისხლის სამართლის სექტორის უფროსის 2012 წლის 30 ივლისის №105/13438 წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, სასამართლოს შეუძლია სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოს (მხარის) შუამდგომლობის საფუძველზე, ყადაღა დაადოს პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს ამავე კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლები. სასამართლოს განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაეცემა მხარეებს, რომელთაც უფლება აქვთ, გაასაჩივრონ იგი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. განმცხადებელი არ წარმოადგენს მხარეს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიზნებისთვის, შესაბამისად, მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელემ 2012 წლის 8 აგვისტოს აღნიშნულ უართან დაკავშირებით ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერს. ამ უკანასკნელმა თავისი 2012 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილა იმავე საფუძვლით.
7. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სადავო მე-3 მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს იმ სუბიექტთა წრეს, რომლებიც ითვლებიან სისხლის სამართლის პროცესის მხარეებად, კერძოდ, ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადვოკატი, გამომძიებელი და პროკურორი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, სასამართლოს განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საჩივრდება ამ კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. აღნიშნული მუხლის სადავოდ გამხდარი პირველი ნაწილის თანახმად, განჩინების გასაჩივრების უფლება აქვს ბრალდებულს ან პროკურორს. ამგვარად, სადავო ნორმები მხარედ არ განიხილავს იმ პირს, რომელსაც დაუყადაღეს ქონება და გამორიცხავს მის მიერ საკუთარი ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
8. მოსარჩელე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მხარეებს უნდა აცნობოს სასამართლო განხილვის დრო და ადგილი. სასამართლოს არ ევალება ამგვარი შეტყობინება გაუგზავნოს იმ პირს, რომელიც არ არის მხარე, თუმცა სასამართლოს განხილვის საგანს მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის დადება წარმოადგენს. სწორედ ქონების მესაკუთრეა ის ერთადერთი სუბიექტი, რომელზეც შესაძლებელია, უარყოფითი გავლენა მოახდინოს სასამართლო განხილვის შედეგად მიღებულმა განჩინებამ. მას აღარ აქვს თავისი საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა. ამის მიუხედავად, სადავო ნორმა ართმევს მესაკუთრეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოში პირისთვის პროცესში მონაწილეობის შეზღუდვა შესაძლებელია გამართლებულიც იყოს, ვინაიდან, თუკი პირს ეცოდინება, რომ სასამართლო სხდომა დანიშნულია ქონებაზე ყადაღის განხილვის საკითხთან დაკავშირებით, მას აქვს შესაძლებლობა, განჩინების გამოტანამდე გაასხვისოს ქონება და ყადაღის დადების საკითხის განხილვამ აზრი დაკარგოს.
10. მოსარჩელის აზრით, განსხვავებული სიტუაციაა საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის შემთხვევაში. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, გასაჩივრება არ აჩერებს ყადაღის დადებასთან დაკავშირებით მიღებული განჩინების აღსრულებას. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების მიღების შემდეგ ქონება მოქცეულია სამართალდამცავი ორგანოების ეფექტური კონტროლის ქვეშ. მესაკუთრეს არ აქვს მისი გასხვისებისა და პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის შესაძლებლობა. შესაბამისად, აღარ არსებობს ის ლეგიტიმური მიზანი, რის გამოც პირს არ მიეცა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. მეტიც, სააპელაციო სასამართლოში საჩივრის შეტანა და პროკურატურის საწინააღმდეგო მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელია სასამართლოს მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორების საშუალებადაც იქნეს მიჩნეული. ამდენად, კიდევ უფრო გაუგებარი ხდება ის ლეგიტიმური მიზანი, რის გამოც მესაკუთრეს, რომელიც არ სარგებლობს მხარის სტატუსით, ეკრძალება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების სააპელაციო წესით გასაჩივრება.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
12. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207–ე მუხლის მე–6 ნაწილი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 41–ე მუხლის პირველ პუნქტთან, რომელიც იცავს სახელმწიფო დაწესებულებებიდან ინფორმაციის მიღების უფლებას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, საჩივრის განხილვის შედეგად გამოტანილი განჩინების ასლები გადაეცემა მხარეებს, ეგზავნება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს და განჩინების აღმასრულებელ ორგანოს. ამგვარად, მესაკუთრეს, რომელიც არ სარგებლობს მხარის სტატუსით და რომელსაც სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებით ქონება დაუყადაღეს, არათუ სასამართლო პროცესში მიღების შესაძლებლობა არ გააჩნია, არამედ ისიც კი არ ეცნობება, რომ მისი საკუთრებაში არსებული ქონება დაყადაღებულია.
13. მოსარჩელე მხარის განმარტებით, გამოძიების ეტაპზე კონკრეტული საკითხების გასაიდუმლოება, რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია გამოძიების ინტერესების დაცვას ემსახურებოდეს. მაგალითად, საგამოძიებო ორგანოებს შეუძლიათ, ადამიანის კომუნიკაციებზე და გადარიცხვებზე ისე აწარმოონ დაკვირვება, რომ ამის შესახებ პირმა არც კი იცოდეს და, ამგვარად, მოიპოვონ სათანადო მტკიცებულებები კონკრეტული დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო ქონებაზე ყადაღის დადების სამართლებრივი საფუძვლის გასაიდუმლოებით, იმავე მიზნის მიღწევა შეუძლებელია. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულთან, ადვილად მიხვდება საგამოძიებო ორგანოების მიზნებს, როდესაც მოკლებული ხდება შესაძლებლობას, ისარგებლოს საკუთარი ქონებით.
14. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმებით ხდება არაპროპორციული ჩარევა კონსტიტუციის 41–ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში, იმდენად, რამდენადაც ქონებაზე ყადაღის დადება იმთავითვე ემსახურება დანაშაულის პრევენციას (პირის მიერ ქონების გასხვისებას და ა.შ.), ხოლო ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების გასაიდუმლოების მიზანი მოსარჩელისთვის გაუგებარია. აქედან გამომდინარე, იგი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი პასუხობდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინება N2/6/475 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). “კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). №546 კონსტიტუციურ სარჩელში, სხვა ნორმებთან ერთად, მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმით მის მიმართ დადგენილია შეზღუდვა, რომელიც შინაარსით მიემართება კონსტიტუციის ზემოთ ხსენებულ დებულებას.
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილი ახდენს ტერმინ მხარის განმარტებას. აღნიშნული ნორმის თანახმად, მხარეებს წარმოადგენენ: ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადოკატი, გამომძიებელი და პროკურორი. ნორმის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მოსარჩელის არგუმენტაცია უკავშირდება იმ ფაქტს, რომ პირს. რომლის მიმართაც გამოყენებული იქნა ქონებაზე ყადაღის დადების საპროცესო ღონისძიება, თუ ის მხარეს არ წარმოადგენს, არ ეძლევა ყადაღის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა. შესაბამისად, მოსარჩელის პრობლემა მდგომარეობს არა იმ ფაქტში, რომ ის პროცესის მხარე არ არის, არამედ იმაში, რომ მას მის მიმართ მიღებული განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა არ აქვს. მოსარჩელე მხარეს სხვა დამატებითი არგუმენტაცია არ მოჰყავს იმასთან დაკავშირებით, თუ სხვა რა დატვირთვის მატარებელია მისთვის პროცესის მხარედ ყოფნა. ქონებაზე ყადაღის შესახებ განჩინების გასაჩივრების წესი №546 კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანის დროს განსაზღვრული იყო არა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილით, არამედ ამავე კოდექსის 207-ე მუხლით. მოსარჩელისათვის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების შეუძლებლობას სწორედ 207-ე მუხლი განსაზღვრავდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის არაკონსტიტუციურობის მოთხოვნა, მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას ეფუძვნება. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის იმ შინაარსის გაუქმებას ითხოვს, რომელიც მას საერთოდ არ გააჩნია. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სარჩელის სასამართლოში შემოტანის შემდეგ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდა ცვლილებები, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 156-ე მუხლი ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა (საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ.) და მოსარჩელე მხარეს მის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების გასაჩივრების უფლება დღეს მოქმედი რედაქციიდან გამომდინარე გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №546 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ა” ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნტით გათვალისწინებული საფუძველი.
3. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების “პროკურორმა და ბრალდებულმა” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვის “მხარეებს” არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. აღნიშნულ შემთხვევაშიც მოსარჩელე სადავო ნორმებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, იმდენად, რამდენადაც პირს, რომლის ქონებაზეც სასამართლოს განჩინებით ხდება ყადაღის დადება, არ აქვს ამ განჩინების გასაჩივრების უფლება იმ შემთხვევაში, თუ ის პროცესის მხარეს არ წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლოში №546 კონტიტუციური სარჩელის შემოტანის შემდეგ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდა ცვლილებები, მათ შორის შეიცვალა 207-ე მუხლის პირველი ნაწილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის ის რედაქცია, რომელიც მოსარჩელემ სადავოდ გახადა, გაუქმებულია.
4. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განხილვის მომენტისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი რედაქცია ძალადაკარგულია. ამასთან, არ არსებობს საქმის განხილვის გაგრძელების “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის შემდეგი სიტყვების “პროკურორმა და ბრალდებულმა” არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №546 კონსტუტუციურ სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
5. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების “მხარეებს” კონსტიტუციურობას. როგორც უკვე აღინიშნა, ამ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას იგი ითხოვს, ვინაიდან მას არ ეძლევა შესაძლებლობა, გაასაჩივროს მისი ქონების დაყადაღების შესახებ განჩინება. №546 კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანის შემდეგ, მართალია, არ შეცვლილა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის მე-3 ნაწილი, თუმცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 156-ე მუხლის ახალი რედაქციით ჩამოყალიბების შემდეგ მოსარჩელეს მიეცა შესაძლებლობა, გაასაჩივროს მის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები აღარ ზღუდავენ მოსარჩელის შესაძლებლობას, მის ქონებაზე ყადაღის დადების შემთხვევაში გაასაჩივროს იგი. შესაბამისად, №546 კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არგუმენტაცია აღარ გამოდგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის მე-3 ნაწილის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართების წარმოსაჩენად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის მე-3 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №546 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ა” ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნტით გათვალისწინებული საფუძველი.
6. მოსარჩელი მხარე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის მე-6 ნაწილის სიტყვის “მხარეებს” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად: „საჩივრის განხილვის შედეგად გამოტანილი განჩინების ასლები გადაეცემა მხარეებს, ეგზავნება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს და განჩინების აღმასრულებელ ორგანოს“. მოსარჩელე უთითებს, რომ აღნიშნული ნორმა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტს ეწინააღმდეგება, ვინაიდან მას არ ეძლევა საშუალება, გაეცნოს მის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების, ანუ სახელმწიფო დაწესებულებაში მის შესახებ არსებული დოკუმენტის შინაარს. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნტის თანახმად, “საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას“. კონსტიტუციის აღნიშნული დებულებისაგან განსხვავებით, სადავო ნორმა არ არეგულირებს საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის გაცნობის საკითხებს. სადავო ნორმა ადგენს სასამართლოს მიერ მხარეებისთვის, სასამართლოს ინიციატივით, განჩინების გაგზავნის ვალდებულებას, ხოლო თავად ამ განჩინების (მისი ასლის) ხელმისაწვდომობის საკითხები რეგულირდება არა ამ ნორმით, არამედ იმ ნორმებით, რომლებიც ინფორმაციის თავისუფლების სფეროს არეგულირებენ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის მსგავსად, აღნიშნულ შემთხვევაშიც ნორმის ძალადაკარგულად ცნობის მოთხოვნა უკავშირდება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. სარჩელში მოყვანილი არგუმენტაცია არ გამოდგება სადავო ნორმის კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან შინაარსობრივი მიმართების დასასაბუთებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის მე-6 ნაწილის სიტყვის “მხარეებს” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №546 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ა” ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. კონსტიტუციური სარჩელი №546 (ა.ა.ი.პ “საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს კანონის “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის” მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის, ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვის “მხარეებს” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
ბ) საქართველოს კანონის “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის” 207-ე მუხლის მე-6 ნაწილის სიტყვის “მხარეებს” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. შეწყდეს სამართალწარმოება კონსტიტუციურ სარჩელზე №546 (ა.ა.ი.პ “საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კანონის “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის” 207-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების “პროკურორმა და ბრალდებულმა” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი