საქართველოს მოქალაქეები უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/1/547 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 4 აპრილი 2013 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
2. ქეთევან ერემაძე – წევრი;
3. მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 110-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 10 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №547) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა უჩა ნანუაშვილმა და მიხეილ შარაშიძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2012 წლის 17 დეკემბერს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2013 წლის 4 აპრილს.
3. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
4. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 110-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
5. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 110-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის იქმნება 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, მათ შორის, თბილისში − 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი“, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, „საპარლამენტო არჩევნებისათვის თითოეული მუნიციპალიტეტი (თვითმმართველი ქალაქი, რაიონი), თბილისის გარდა, არის ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი“.
6. საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლის მიხედვით, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება“.
7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან როგორც ამომრჩევლები ქალაქ თბილისის ვაკის №2 და საბურთალოს №3 ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში.
8. სარჩელში არნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლში გარანტირებული დემოკრატიულობის, „ხალხის მმართველობის“ ძირითადი კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, იმისათვის რომ შედგეს „ხალხის მმართველობა“, მათ მონაწილეობა უნდა მიიღონ პოლიტიკაში, რაც არჩევნების მეშვეობით ხორციელდება. თავის მხრივ, იმისათვის, რომ შედგეს არჩევნები, ამომრჩევლებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ არჩევნებში. სწორედ ამომრჩევლის მონაწილეობა და მათი ნების გამოვლენა წარმოადგენს არჩევნებს. არჩევნები ტარდება მხოლოდ ერთი მიზნით, უზრუნველყოფილი და შესაბამისად ასახული იქნეს ამომრჩევლის პოლიტიკური ნება. თუ საარჩევნო პროცედურა, მისი უსამართლობის გამო, ვერ უზრუნველყოფს ამომრჩევლის პოლიტიკური ნების ადეკვატური შედეგის დადგომის შესაძლებლობას, შესაძლოა ჩაითვალოს, რომ არჩევნები არ შედგა. არჩევნები რომ შეესაბამებოდეს ამომრჩევლის პოლიტიკურ ნებას და ასახავდეს მას ადეკვატურად, აუცილებელია, იმგვარი საარჩევნო სისტემის არსებობა, რომელიც მაქსიმალურად ეფექტურად მოახდენს ამომრჩევლის ხმათა პროპორციულ ტრანსფორმაციას არჩევნების შედეგში, ანუ საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების შემთხვევაში, ამომრჩევლის პოლიტიკური ნების პროპორციულ გარდაქმნას შესაბამის სადეპუტატო მანდატში. საარჩევნო სისტემამ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეთა სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ჯგუფთა წარმომადგენლობის სამართლიანი არჩევა.
9. მოსარჩელე მხარის განცხადებით, საარჩევნო ოლქები, განსაკუთრებით, მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებთან მიმართებით, წარმოადგენენ უმნიშვნელოვანეს საარჩევნო ადმინისტრაციულ ერთეულებს, რომელთა ფარგლებშიც უნდა განხორციელდეს ამომრჩეველთა მიერ საკუთარი ნების გამოვლენა და ამ ნების შემდგომი ტრანსფორმირება საპარლამენტო წარმომადგენლობაში.
10. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის დროს ამომრჩევლის ერთი და იგივე რაოდენობას გააჩნია ერთი და იგივე შესაძლებლობა, რათა მათი სასურველი პოლიტიკური გაერთიანება პარლამენტში წარმოდგენილი იქნეს მათ მიერ მიცემული ხმების პროპორციულად. შინაარსობრივი თვალსაზრისით, ასევე გარკვეული პროპორცია და ბალანსი უნდა არსებობდეს მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემთხვევაშიც. ერთი და იგივე რაოდენობის ამომრჩეველს, ისევე როგორც პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების დროს, მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაშიც, უნდა გააჩნდეს თანაბარი საშუალება, უშუალოდ აირჩიოს მაჟორიტარი დეპუტატი.
11. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო არჩევნებისათვის შექმნილ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებული იყოს მეტ-ნაკლებად თანაბარი რაოდენობის ამომრჩეველი, რათა ოლქების მიხედვით რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ერთი და იმავე რაოდენობას მაჟორიტარი დეპუტატის არჩევის თანაბარი შესაძლებლობა გააჩნდეს. აღნიშნულის დარღვევა იწვევს ხმათა თანაბარწონადობის პრინციპის დარღვევას და, საბოლოოდ, ეს იწვევს არჩევნების შეუსაბამო შედეგს. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის დროს შესაბამისი საარჩევნო ოლქების თანაბარ განსაზღვრას, ე.წ. „საარჩევნო გეოგრაფიას“, უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. „საარჩევნო გეოგრაფიის“ არასწორი გამოყენება იწვევს შეუსაბამო საარჩევნო შედეგს. აქედან გამომიდინარე, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ კონსტიტუციურ სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს სწორედ ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ფორმირების წესი.
12. მოსარჩელე მხარეს შემოთავაზებული აქვს იმის გამოთვლა, თუ საშუალოდ საქართველოს რამდენ ამომრჩეველს უნდა გააჩნდეს უფლება, თავისი რაოდენობის პროპორციულად, უშუალოდ აირჩიოს მაჟორიტარი დეპუტატი. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, იმისათვის რომ არ დაირღვეს ხმათა თანაბარწონადობის პრინციპი, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 3 613 851 უნდა გაიყოს 73-ზე (მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების რაოდენობა) და, შესაბამისად, თითოეულ მაჟორიტარ დეპუტატს უნდა ირჩევდეს, დაახლოებით, 49504 ამომრჩეველი. აღნიშნულის გათვალისწინებით, თითოეულ საარჩევნო ოლქში საშუალოდ 49 000 ამომრჩეველი უნდა იყოს რეგისტრირებული. ამ საერთო ოდენობიდან დასაშვებია გადახრები, რომლებიც დამკვიდრებული სამართლიანი პრაქტიკის შესაბამისად, წარმოადგენს 10–15%–ს. ამის დასტურად, მოსარჩელე მხარე იშველიებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, დასკვნებს და ეუთოს ანგარიშს.
13. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ თანასწორობის პრინციპი საარჩევნო პროცესთან და საარჩევნო უფლებასთან მიმართებით შესაძლებელია შემდეგნაირად განისაზღვროს: თითოეულ ამომრჩეველს უნდა გააჩნდეს ერთი ხმა, ამომრჩეველთა ხმები კი უნდა იყოს თანაბარი, თანაბარწონადი, რაც გამოიხატება იმგვარი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნაში, რომლებშიც მეტ-ნაკლებად თანაბარი რაოდენობის ამომრჩეველია რეგისტრირებული. თავისი არგუმენტაციის დასტურად მოსარჩელე მხარე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებებს. საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-3 მუხლის მოშველიებით, მოსარჩელე მხარე ასკვნის, რომ საქართველოს ამომრჩეველი, როგორც თანასწორი, სარგებლობს თანასწორი საარჩევნო უფლებით საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზნებისათვის. თანასწორობის აღნიშნული პრინციპი კი, საქართველოში შექმნილი საარჩევნო ოლქების მიხედვით დაცული არ არის. მოსარჩელე მხარეს მაგალითად მოჰყავს საბურთალოს №3 საარჩევნო ოლქისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა, საიდანაც გამომდინარეობს, რომ ყაზბეგის ამომრჩევლის ხმა 22–ჯერ უფრო წონადია, ვიდრე საბურთალოს ან ვაკის საარჩევნო ოლქის ამომრჩევლის ხმა. ასეთი უსამართლო განსხვავებები კი წარმოადგენს ამომრჩეველთა დისკრიმინაციას.
14. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საარჩევნო უფლებასთან მიმართებით სრული თანასწორობის მიღწევა შეუძლებელია, გარკვეული დიფერენციაცია, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა იყოს დაშვებული, მაგრამ დიფერენცირებული მოპყრობა უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს. ასეთი ლეგიტიმური მიზნის საილუსტრაციოდ მოსარჩელე მხარეს მაგალითად მოჰყავს მაღალმთიანი და ძნელად მისადგომი რეგიონები, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონები. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სარჩევნო ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობებს შორის არსებული განსხვავებები რთულია აიხსნას მხოლოდ ლეგიტიმური მიზნებიდან გამომდინარე. ამასთანავე, დასაშვები ოდენობიდან არსებული გადახრები საკმაოდ აღემატება 10–15%.
15. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დღევანდელი საარჩევნო სისტემა არ არ არის განპირობებული მხოლოდ ლეგიტიმური მიზნებით. პრობლემის მოწესრიგება რთული საკითხია, თუმცა მისი მეტ-ნაკლები მიახლოება უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტებთან. მოსარჩელე მხარეს დამატებით მოჰყავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სახელმწიფოს ეკისრება ერთგვარი პოზიტიური ვალდებულება, მათ შორის, ხმების თანაბარწონადობის გარანტირების გზით უზრუნველყოს ამომრჩეველთა თანასწორი საარჩევნო უფლება.
16. მოსარჩელეთა მტკიცებით, სახელმწიფოს გააჩნია პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს მათი, როგორც ამომრჩევლის, საარჩევნო ხმის თანაბარწონადობა და თანასწორობა სხვა ოლქებში რეგისტრირებული ამომრჩევლების თანაბრად. საახელმწიფოს მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობა, რომელიც გამოიხატება საარჩევნო კოდექსის გასაჩივრებულ ნორმებში, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ თანასწორობის პრინციპს და წარმოადგენს მათი, როგორც ამომრჩევლის დისკრიმინაციას საცხოვრებელი ადგილის, ე.ი. შესაბამის საარჩევნო ოლქში მათი რეგისტრაციის მიხედვით, მაჟორიტარულ არჩევნებთან მიმართებით.
17. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 28–ე მუხლის პირველი პუნქტი უნდა განმარტოს ისე, როგორც სტრასბურგის სასამართლოს აქვს განმარტებული ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მესამე მუხლი, კერძოდ, თუ სახელმწიფო არ შეასრულებს თავის პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს სამართლიანი საარჩევნო პირობები და გარემო, კონსტიტუციის 28–ე მუხლით გათვალისწინებული უფლება გახდება ილუზორული და განუხორციელებელი. მოსარჩელეთა განცხადებით, ვინაიდან არ არის უზრუნველყოფილი მათი თანასწორი საარჩევნო უფლება, ამით ერღვევათ კონსტიტუციის 28–ე მუხლით გათვალისწინებული საარჩევნო უფლება, რადგან წაერთვათ შესაძლებლობა, სხვა მცირერიცხოვანი ოლქების ამომრჩევლებთან ერთად, თანაბრად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით უშუალოდ აირჩიონ მაჟორიტარი დეპუტატი.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №547 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21–ე მუხლის მე–2 პუნქტით, 271 მუხლის პირველი პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, 21–ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №547 (საქართველოს მოქალაქეები უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 110-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი