საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/11/697 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 7 აპრილი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 აპრილი 2017 16:59 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი:
ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლისშენიშვნის მე-2 ნაწილის, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან, მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან, მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან, 42-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტებთან მიმართებით.
ბ) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციის“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან, მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან, მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
დ) საქართველოს შინაგან საქმეთამინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244–№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ სათაურის, პირველი მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებისა და „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტისა და მე-3 პუნქტის, მე-2 მუხლის, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ან რომელსაც ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებული აქვს ნარკოტიკული საშუალება“, მე-41 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის სათაურის სიტყვების „ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე“, მე-2 პუნქტის სიტყვების „ნარკოტიკული საშუალების მოხმარების“, მე-3 პუნქტის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების“, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ნარკოტიკული საშუალების მოხმარების“, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებებისა და მე-9 მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16, მე-17 და მე-18 მუხლებთან, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან, 42-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელის წარმომადგენელი - მიხეილ შარაშიძე; საქართველოს პარლამეტის წარმომადგენელი - თამარ მესხია; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარმომადგენელი - ნინო ქევხიშვილი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარმომადგენლები - ირაკლი გვასალია და მარინა ლაცაბიძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №697) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №697 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2015 წლის 26 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა №697 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენით გაიმართა 2016 წლის 24 ნოემბერს.
2. №697 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი.
3. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244–№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ ცალკეული ნორმებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციის“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16, მე-17, მე-18 მუხლებთან, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან, 42-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტებთან მიმართებით.
4. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს პოლიციელის მიერ გამოკვლევის მიზნით იმ პირის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან წარდგენას, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებასთან დაკავშირებით. ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მონაცემების დადგენის საშუალებები, რომელთაგანაც სადავოდ არის გამხდარი „ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგების“ კონსტიტუციურობა.
5. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრულია პოლიციის უფლებამოსილებანი. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ , „თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ნარკოტიკული ნივთიერება მოიხმარა, მას გამოკვლევის მიზნით წარადგენს საამისოდ უფლებამოსილ პირთან.“
6. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარების, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“
7. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციით“ (შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრება ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში გამოსაკვლევად წარდგენის პირობები და პროცედურა.
8. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244–№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ (შემდგომში - ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესი) პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესით“ განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დადგენის მეთოდები და სამართლებრივი მექანიზმები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესის მიზანია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების აღკვეთა, აღნიშნული სახის სამართალდარღვევების პროფილაქტიკა, მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა. მე-3 პუნქტი, კი განსაზღვრავს უფლებამოსილი პირის მიერ, კლინიკური შემოწმების ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევით ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების, ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტის დადგენას.
9. ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენას, კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის გზით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევით დადასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. მე-3 პუნქტი კი შეეხება, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, რომელშიც აისახება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე ტესტირების შედეგები.
10. ამავე წესის მე-4 მუხლი ადგენს სატრანსპორტო საშუალების მართვიდან მძღოლის ჩამოშორების წესს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშორებს პირს, რომლის მიმართ არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი იმყოფება ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ან რომელსაც ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებული აქვს ნარკოტიკული საშუალება.
11. ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-41 მუხლი განსაზღვრავს ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალებების განმეორებით უკანონო მოხმარებასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესს. მე-41 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის გზით თუ დადგინდება ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარების ფაქტი, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ასეთი ქმედებისათვის დადებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, იწყება გამოძიება.
12. ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლი განსაზღვრავს გამოსაკვლევი პირის უფლებებსა და მოვალეობებს. კერძოდ, ადგენს იმ პირის, ვალდებულებას დაემორჩილოს პოლიციელის და უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნას, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი არის ამ წესით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩამდენი და ასევე განსაზღვრავს სამართალდამრღვევის უფლებას, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ან/და გამოკვლევიდან 2 საათის განმავლობაში საკუთარი ხარჯით მოითხოვოს კლინიკური გამოკვლევის განმეორებით ჩატარება და 14 დღის განმავლობაში (ან ამ ბრძანების მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 1 თვის განმავლობაში) საკუთარი ხარჯით მოითხოვოს დალუქული ბიოლოგიური მასალის (შარდის) საკონტროლო ულუფის ლაბორატორიული გამოკვლევის განმეორებითი ჩატარება.
13. ამავე წესის მე-6 მუხლი განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე ან ნარკოტიკულ ან/და ფსიქოტროპულ სიმთვრალეზე კლინიკურ ან/და ლაბორატორიულ (ქიმიო–ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევაზე უფლებამოსილ პირს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების და ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტის დადგენის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში კლინიკური ან/და ლაბორატორიულ (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევას ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით საამისოდ უფლებამოსილი პირები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი, კი ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების, ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტის დასადგენად კლინიკურ გამოკვლევაზე და ქიმიო-ტოქსიკოლოგიურ გამოკვლევაზე უფლებამოსილ პირთათვის ადგენს შესაბამის პროფესიულ მოთხოვნებს.
14. ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლი ადგენს გამოსაკვლევი პირის რეგისტრაციის წესს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ან ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტის დადგენის დროს უფლებამოსილი პირის მიერ სარეგისტრაციო ჟურნალისა და გამოკვლევის ბარათების შევსების პროცედურას.
15. ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლი განსაზღვრავს ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების წესს. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ნერწყვში ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების აღმოჩენის შემთხვევაში გამოსაკვლევი პირისაგან ხდება ბიოლოგიური მასალის (შარდის) აღება და შემოწმება ტარდება უპირველესად ნერწყვში არსებული ნარკოტიკული საშუალების შემცველობაზე. სხვა ნარკოტიკული საშუალების შემცველობაზე გამოკვლევა ტარდება წარმომდგენი მხარის მითითებით, რაც ფიქსირდება გამოკვლევის ბარათის შესაბამის გრაფაში. თუ ნერწყვში ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების შემცველობა არ დადგინდა, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების მოხმარებაზე, ხდება ბიოლოგიური მასალის (შარდის) შემოწმება წარმომდგენის მითითების შესაბამისად. თუ ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების შემცველობა არ დადგინდა და არც ერთ მხარეს პრეტენზია არ აქვს, რასაც გამოკვლევის ბარათში ხელმოწერით ადასტურებენ, ბიოლოგიური მასალა შეიძლება არ დაილუქოს.
16. ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლით კი დადგენილია კლინიკური გამოკვლევის ჩატარების წესი, რომლის თანახმადაც ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის ან/და ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული თრობის მდგომარეობის დადგენის წარმოების დროს უფლებამოსილი პირი ავსებს გამოკვლევის ბარათის შესაბამის გრაფას. ამავე მუხლის თანახმად, კლინიკური გამოკვლევის შემდეგ უფლებამოსილი პირის მიერ დგება დასკვნა.
17. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი ადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია“, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დაუშვებლად არის გამოცხადებული ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება, რაც შეეხება მე-3 პუნქტს, მის საფუძველზე აკრძალულია დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება.
18. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობის უფლებას, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დაუშვებლად არის მიჩნეული სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა, მე-3 პუნქტის თანახმად კი, „ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არა უგვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“. მე-18 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულია დაკავებული ან დაპატიმრებული პირისთვის დაკავების ან დაპატიმრებისთანავე მისი უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვის საფუძველის შესახებ განმარტებისა და დაცვის უფლებით სარგებლობის გარანტია. ამავე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულია ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. მე-7 პუნქტის თანახმად კი, „ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა ისჯება კანონით. უკანონოდ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება“.
19. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე, ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.
20. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დაცვის უფლება გარანტირებულია, მე-7 პუნქტი ადგენს, რომ „კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს“, ხოლო მე-8 პუნქტის ძალით, არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით.
21. კონსტიტუციურ სარჩელით სადავოდ არის გამხდარი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების დადგენის წესი. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ნულოვანი ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი ტოლერანტობის პოლიტიკით, ხდება ნარკომომხმარებელთა არა მხოლოდ არაპროპორციული დასჯა, არამედ მათი სტიგმატიზაცია. მოსარჩელის მოსაზრებით, ნარკოდამოკიდებულების პრობლემის მიმართ აუცილებელია უპირატესობა მიენიჭოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიდგომას.
22. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, გარდა ადამიანის კონსტიტუციური უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვისა, ნარკომანიასთან ბრძოლის მკაცრი პოლიტიკის განხორციელება წარმოადგენს არაეფექტურ საშუალებასაც, რასაც ადასტურებს დაკავებული და ნარკოლოგიურ გამოკვლევაზე წარდგენილი პირების უმრავლესობაში ტესტირების უარყოფითი შედეგები. როგორც კონსტიტუციურ სარჩელშია აღნიშნული, უშუალოდ ნარკოლოგიურ გამოკვლეულთა 60-70%-ის შემთხვევაში ტესტირების შედეგი უარყოფითია.
23. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, როგორც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ასევე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის ნორმებში, ნარკოლოგიურ გამოკვლევაზე წარდგენის საფუძვლად, მითითებულია ნარკოტიკული საშუალების ერთჯერადი მოხმარების თაობაზე ეჭვი ან ვარაუდი. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ნარკოლოგიურ გამოკვლევაზე წარდგენის საფუძვლად, ერთჯერადი მოხმარების თაობაზე ეჭვი, და არა უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი, შეიცავს უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან თვითნებობის მაღალ საფრთხეს. ვინაიდან, ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, სამედიცინო-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით, შეიძლება დადასტურდეს უშუალო მოხმარებიდან რამოდენიმე დღის, ან თვეების შემდეგაც კი. ასევე თუ სახეზე არ არის, ნარკოტიკული სიმთვრალის თვალნათელი კლინიკური ნიშნები, საკმაოდ რთულია მოხმარების ფაქტის ობიექტურად იდენტიფიცირება.
24. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის შინაარსმა იმდენად გაზარდა კოდექსის ამ მუხლის გამოყენების შესაძლებლობა, რომ მისი მოქმედების ქვეშ მოექცა ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც თუნდაც ერთხელ, ექიმის დანიშნულების გარეშე მოუხმარია, არა თუ ნარკოტიკული საშუალება, არამედ, ამგვარი ნივთიერების, თუნდაც მცირე ოდენობით შემცველი ნებისმიერი სამედიცინო პრეპარატი, ნებისმიერი მიზნით.
25. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, ზემოაღნიშნული ნორმების სამიზნე გახდა პიროვნება, და არა მის მიერ ჩადენილი საზოგადოებრივი საფრთხის შემცველი ქმედება. დასჯადი გახდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, როგორც ცალკეული, ერთჯერადი შემთხვევა, მიუხედავად სამართალდარღვევითი ქმედების თავისებურებისა და მისი საზოგადოებრივი საფრთხის ხარისხისა. მოსარჩელის მტკიცებით, სახდელის დადებისას, მხედველობაში არ მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი. მოსარჩელე მხარე საერთო სასამართლოების პრაქტიკაზე მითითებით განმარტავს, რომ მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს მხოლოდ ნარკოლოგიური შემოწმების შედეგს და მის მიერ არ ხდება ისეთი გარემოებების გათვალისწინება, როგორიც არის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დრო, ვითარება, დაკავების მომენტში პირის ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი. მოსარჩელის განმარტებით სასამართლო გადაწყვეტილებებში აღნიშნულიც არ არის, თუ რომელი ნარკოტიკული საშუალება იქნა მოხმარებული და განხორციელდა თუ არა სამართალდარღვევა საქართველოს ტერიტორიაზე.
26. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სასამართლოს მიერ უნდა გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, ნარკოტიკული საშუალების მიღება, როგორც ნარკომანია, ხოლო, მეორე მხრივ, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატის ექიმის დანიშნულების გარეშე, მაგრამ, არა ნარკომანიის მიზნით მიღება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით დასჯადი შეიძლება იყოს არა ადამიანის ბიოლოგიური მასალის ქიმიური შემადგენლობა, არამედ ის ქმედება, რამაც განაპირობა აღნიშნული ქიმიური შემადგენლობის არსებობა, კერძოდ, ქმედება, რომელიც გამოიხატება უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკომანიის მიზნით მიღებაში. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, ადმინისტრაციული სახდელის ან სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაკისრებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, ჩადენილი ქმედების ხასიათი, ქმედების ჩამდენის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი სხვა გარემოებანი. მოსარჩელის პოზიციით, სასამართლო უნდა იყოს ის უმთავრესი ინსტანცია, რომელიც გამიჯნავს სოციალური საფრთხის შემცველ ქმედებას, ამგვარი საფრთხის არმქონე - ადამიანური წინდაუხედავობისგან. ძალოვანი სტრუქტურების მოქმედება კი, შეიძლება მიმართული იყოს უშუალოდ ამგვარი ქმედებების გამოვლენისკენ.
27. როგორც მოსარჩელე მხარე განმარტავს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილით და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ „საფუძვლიანი ეჭვის“ ან „ვარაუდის“ ობიექტურობის სამართლებრივი კონტროლის მექანიზმს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. სასამართლომდე მიდის პოლიციის მიერ განხორციელებული ადამიანის პირადი თავისუფლებისა და პირადი სფეროს ხელშეუხებლობის შემზღუდავი არა ყველა მოქმედება, არამედ, მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის უფლებამოსილი პირის მიერ ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების შედეგი. სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას შეზღუდულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესით.
28. მოსარჩელე მხარე სადავოდ მიიჩნევს ნარკოტესტირების განხორციელების ფორმას, უფლებამოსილი პირების მიერ პირის ნების საწინააღმდეგოდ გამოსაკვლევად წარდგენასა და ნარკოტესტირების ჩატარებას, წარდგენისა და ნარკოლოგიური გამოკვლევის დროს პირის პროცესუალურ უფლებებს. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, კანონი არ განმარტავს რა იგულისხმება ტერმინ „წარდგენაში“. ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე, პირველი ინსტანციის სასამართლოების დადგენილებებზე მითითებით მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ მათ ნაწილში საუბარია ნარკოლოგიური გამოკვლევის მიზნით „წარდგენაზე“, ან „გადაყვანაზე“, ნაწილში კი - „ადმინისტრაციული წესით დაკავებაზე.“ მოსარჩელე მხარე, ასევე უთითებს ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლზე, რომლის თანახმად, უფლებამოსილი პირი ავსებს გამოკვლევის ბარათის შესაბამის გრაფას, რომელშიც უნდა აღიწეროს გამოსაკვლევი პიროვნების დაკავებიდან გამოკვლევაზე წარმოდგენამდე გასული დრო.იგივე წესის #2 დანართში, ასევე მითითებულია გამოსაკვლევად წარმოდგენილი პირის „დაკავების დროის“ მითითების გრაფა. მოსარჩელისთვის აღნიშნული გარემოებით, კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება „წარდგენის“ სამართლებრივი ბუნება და მისი განხორციელების ფორმა.
29. მოსარჩელე მხარე საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების 2006 წლის 24 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ მე-5 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-41 მუხლის პირველ პუნქტებზე დაყრდნობით, განმარტავს, რომ წარდგენის პროცედურა წარმოადგენს გამოსაკვლევი პირის თავისუფლების შეზღუდვის ფორმას, ვინაიდან უკავშირდება კონკრეტული პირის სამართლებრივ (რიგ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივ) დევნას, იგი შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი პირის ნების საწინააღმდეგოდ და უკავშირდება თავისუფლების შეზღუდვას, სპეციალურ დაწესებულებაში მისი წარდგენის მიზნით.
30. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის მიხედვით, დაკავება უნდა განხორციელდეს, როგორც ultima ratio, უნდა არსებობდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სავარაუდო ნიშნები და არა ზოგადი ეჭვი ან ვარაუდი, რომ ამგვარ ქმედებას ჰქონდა ადგილი. მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ პირადი თავისუფლების ადმინისტრაციული წესით შეზღუდვა კოდექსით განიხილება მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როგორც ultima ratio და მხოლოდ კონკრეტული სამართლებრივი წინაპირობების არსებობის დროს. კანონმდებლობა არ იცნობს ადამიანის პირადი თავისუფლების შეზღუდვას მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის „საფუძვლიანი ეჭვის“ ან დარღვევის არსებობის თაობაზე „ვარაუდისათვის საკმარისი საფუძვლის“ გამო. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, გასაჩივრებული ნორმები ნარკოლოგიური გამოკვლევის მიზნით ადამიანის პირადი თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებენ ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად აუცილებელია ამგვარი შეზღუდვა კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების მიზნებისათვის, რაც, მისი განმარტებით, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტს და მე-3 პუნქტის პირველ წინადადებას.
31. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ნარკოლოგიურ გამოკვლევაზე წარდგენა სასამართლო კონტროლს მიღმა ხორციელდება. ამასთან ერთად, ე.წ. „წარდგენა“, ისევე, როგორც ამ მიზნით განხორციელებული ადმინისტრაციული დაკავება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლის შესაბამისად, დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან პროკურორთან და არა სასამართლოში, რაც მოსარჩელის მოსაზრებით, კიდევ უფრო ზრდის თვითნებობის შესაძლებლობას.
32. მოსარჩელე მხარე დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილისაგან განსხვავებით, რომლის შესაბამისად, ნარკოლოგიურ გამოკვლევაზე პირის წარდგენისათვის საჭიროა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების თაობაზე ეჭვი, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის გასაჩივრებული ნორმით, გამოკვლევაზე წარდგენისათვის საკმარისია ნარკოტიკული ნივთიერების არა თუ ექიმის დანიშნულების გარეშე, არამედ, უბრალოდ მოხმარების ვარაუდი. მოსარჩელის განმარტებით, ნორმის ასეთი აბსტრაქტული შინაარსი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანიჭებს შეუზღუდავ ძალაუფლებას, რომლის დროსაც, შესაბამის უფლებამოსილ პირს არ ეკისრება არც ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის რეალურად არსებობის და არც თავისუფლების შეზღუდვის გარდაუვალი აუცილებლობის მტკიცების ვალდებულება.
33. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საუბარია „ნარკოტიკული საშუალების“ მოხმარებაზე. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი ნარკოლოგიური შემოწმებისათვის წარდგენის საფუძვლად მიუთითებს „ნარკოტიკული ნივთიერების“ სავარაუდო მოხმარებას. მოსარჩელე განმარტავს, რომ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უკანონო მოხმარების თვალსაზრისით, ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ნარკოტიკული ნივთიერება და მისი მოხმარების საბოლოო პროდუქტი - ნარკოტიკული საშუალება. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის და, შესაბამისად, ნარკოტიკული სამართალდარღვევის თაობაზე ეჭვის ან ვარაუდის საფუძველი უნდა იყოს არა ნარკოტიკული ნივთიერების, არამედ მისი, როგორც ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარება.
34. მოსარჩელე მხარის განმარტებით „წარდგენის“ პროცედურას წინააღმდეგობრივი სამართლებრივი ბუნება გააჩნია. ერთი მხრივ, „ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქცია“ ნარკოლოგიურ გამოკვლევაზე გადაყვანას მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განიხილავს, როგორც ნებაყოფლობითს, თუმცა, ამავე მუხლის მესამე პუნქტი საუბრობს პოლიციელის არა ვალდებულებაზე, არამედ, უფლებამოსილებაზე - უარის შემთხვევაში განახორციელოს დაკავება. მოსარჩელისთვის გაუგებარია, რა დანიშნულება აქვს ნებაყოფლობითი გადაყვანის შეთავაზებას თუ არსებობს გამოკვლევაზე იძულებითი წარდგენის სამართლებრივი საფუძველი.
35. მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამოსაკვლევად წარდგენის სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი. მოსარჩელისთვის ბუნდოვანია, თუ რა იგულისხმება „შესაბამის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში“ - ნებისმიერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა თუ მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევა. იგი დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი ნარკოლოგიურ გამოკვლევაზე წარდგენის საფუძვლებად მიუთითებს ეჭვს ან ვარაუდს, რომ პირმა, სავარაუდოდ, ჩაიდინა არა ნებისმიერი ადმინისტრაციული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არამედ, მხოლოდ ისეთი, რომელიც გამოიხატება უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაში. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ინსტრუქციით - კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტით განისაზღვრება პირის დაკავების ახალი, საკანონმდებლო აქტებისაგან განსხვავებული სამართლებრივი საფუძველი, რაც წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან.
36. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობის მხოლოდ ვარაუდი არ უნდა წარმოადგენდეს თავისუფლების შეზღუდვის საფუძველს. იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სავარაუდო ნარკოტიკული სამართალდარღვევის ჩადენის რეალური ფაქტი, ან სათანადოდ მოპოვებული მამხილებელი ინფორმაცია, რაც გათვალისწინებულია ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, უნდა მოხდეს სასამართლოსთვის მიმართვა, მტკიცებულებების წარდგენა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნა. იმ შემთხვევაში კი, თუ მტკიცებულებები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი მართლმსაჯულების მიზნებისათვის და საჭიროებს დამატებით კვლევას, შესაბამისმა ორგანომ უნდა მიმართოს სასამართლოს ექსპერტიზის დანიშვნის მოთხოვნით, რომელსაც განახორციელებს არა აუცილებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეული, არამედ ნეიტრალური საექსპერტო დაწესებულება. მოსარჩელის მოსაზრებით, ინსტრუქცია უშვებს ადმინისტრაციული წესით თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობას ისეთი სამართლებრივი საფუძვლით, რომელიც არ დააკმაყოფილებდა სასამართლოს, როგორც ობიექტურ დამკვირვებელს ამგვარი ღონისძიების ჩატარების აუცილებლობის დასაბუთებულობის თვალსაზრისით.
37. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, გამოკვლევაზე წარდგენის საფუძველიც. მოსარჩელე მხარე განმარტავს რომ, მოხმარების თაობაზე ვარაუდისათვის საკმარისი საფუძველის არსებობისას, ამავე მუხლის სხვა ნორმების თანახმად, ეს გარემოებები, თავისთავად უკვე წარმოადგენენ გამოკვლევაზე წარდგენისათვის საკმარის სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად მოსარჩელისთვის გაუგებარია რა ობიექტურად იდენტიფიცირებად ინფორმაციას ეფუძნება „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის“. მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ზემოაღნიშნული ნორმა დამოუკიდებელ საფუძვლებად განიხილავს, ერთი მხრივ, მოხმარებას, ხოლო, მეორე მხრივ, ზემოქმედების ქვეშ ყოფნას. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი შინაარსობრივადაც ვერ პასუხობს ნორმის განსაზღვრულობის მოთხოვნებს. მისი განმარტებით, ვარაუდისთვის საკმარისი საფუძვლის არსებობა, წარმოადგენს წარდგენის საკმარის საფუძველს. ამდენად, მისთვის ბუნდოვანია დამატებით რატომ არის აუცილებელი პირის მიერ წინააღმდეგობის გაწევა ან სხვა გარემოების არსებობა გამოკვლევაზე წარდგენისთვის.
38. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ ინსტრუქციის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტიდან ცალსახად არ გამომდინარეობს, პოლიციელის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სამართალდარღვევებს უკავშირდება თუ სხვა მიზნით ხორციელდება. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება (მაგ: ადგილის დატოვების მოთხოვნა ან კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა) და, მოსარჩელისთვის გაუგებარია, პირის მიერ კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა რა შინაარსობრივ და სამართლებრივ კავშირშია ნარკოტიკული საშუალების მოხმარების საფუძვლიან ვარაუდთან. მისი განმარტებით, უფლების შემზღუდველი ნორმები იმგვარად უნდა იყოს ფორმულირებული, რომ ნორმის ადრესატმა შეძლოს ზუსტად მიუსადაგოს მას თავისი ქმედება.
39. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ინსტრუქცია განსაზღვრავს გასაჩივრების ბუნდოვან მექანიზმს. კერძოდ, ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „დაკავებულ და ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ მოხმარების ფაქტის დასადგენად წარსადგენ პირს მისი უფლებების შესახებ განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 251-ე მუხლის შესაბამისად.“ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავება დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან პროკურორთან და არა სასამართლოში. ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ შესაბამისი პირი უფლებამოსილია, მოსამსახურის მოქმედება გაასაჩივროს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოსარჩელისთვის გაუგებარია, როდესაც კოდექსის 251-ე მუხლი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული დაკავების გასაჩივრებას სასამართლოში, მოსამსახურის რომელი მოქმედების გასაჩივრებას განსაზღვრავს ინსტრუქცია.
40. მოსარჩელის მოსაზრებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დაკავებულ პირს ექნება სასამართლოში გასაჩივრების უფლება, მას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. კერძოდ, თუ პირი სასამართლოს მეშვეობით დაამტკიცებს, რომ მის მიმართ ადმინისტრაციული დაკავების სახით განხორციელებული ნარკოლოგიური გამოკვლევა ჩატარდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, საკამათოა მხოლოდ ეს გარემოება რამდენად წარმოშობს გამოკვლევის არალეგიტიმურად და მისი შედეგის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძველს, ვინაიდან ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ერთმანეთს არ უკავშირებს უკანონო დაკავების და მის საფუძველზე ჩატარებული ნარკოლოგიური გამოკვლევის გასაჩივრებას.
41. მოსარჩელე მხარისთვის, ასევე, ბუნდოვანია ინსტრუქციის თანახმად რა უფლებები გააჩნია, მათ შორის, ადვოკატის მოწვევის თვალსაზრისით გამოსაკვლევ პირს, ისეთ შემთხვევაში, როდესაც იგი „ნებაყოფლობით“ თანხმდება გამოკვლევაზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ინსტრუქციით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელების დროს შესაძლებელია დაირღვეს წარდგენილი პირის საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებები.
42. მოსარჩელე მხარის განმარტებით, გასაჩივრებული საკანონმდებლო ნორმები საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებენ არალეგიტიმური საფუძვლით და ამიტომ, წინააღმდეგობაში მოდიან მასთან. ამასთან ერთად, ნარკოლოგიურ გამოკვლევაზე თავისუფლების შეზღუდვის ფორმით განხორციელებული წარდგენისას შესაბამისი პირი სრულყოფილად ვერ სარგებლობს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული პროცესუალური გარანტიებითაც.
43. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ინსტრუქციის პრეამბულა და მე-2 მუხლი ბუნდოვანს ხდის ინსტრუქციის მოქმედების ფარგლებს. მოსარჩელე მხარისთვის, ასევე, გაუგებარია, როდესაც სატრანსპორტო საშუალებას პირი მართავს სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში, ინსტრუქციის თანახმად რა შემთხვევაში წარმოიშობა მისი მართვიდან ჩამოშორებისა და გამოკვლევის მიზნით წარდგენის საჭიროება. სარჩელის თანახმად, ინსტრუქციაში, ისევე, როგორც მისი დამტკიცების შესახებ ბრძანების პრეამბულაში, არ არის მითითებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი. ამდენად, მოსარჩელისთვის გაუგებარია, მოქმედებს თუ არა ინსტრუქციით დადგენილი წესები იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო სახდელშეფარდებულ ან ნასამართლევ პირს.
44. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის პირველ მუხლში საუბარია არა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების, არამედ, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენაზე. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, მოხმარების თვალსაზრისით დასჯადი უნდა იყოს მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების და არა ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარება. ვინაიდან, საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით, ფსიქოტროპული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, თუ იგი არ არის დაკავშირებული ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვასთან, არ წარმოადგენს დასჯად ქმედებას. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარებას განიხილავს, როგორც თავისუფლების შეზღუდვის ფორმით განხორციელებული ნარკოლოგიური გამოკვლევის ჩატარების ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძველს, რაც მისი განმარტებით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებას, ვინაიდან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილია შესაბამისი საკანონმდებლო აქტებისაგან განსხვავებული, თავისუფლების შეზღუდვის დამოუკიდებელი სამართლებრივი საფუძველი.
45. მოსარჩელე მხარე დამატებით აღნიშნავს, რომ ინსტრუქცია არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ, შინაარსობრივადაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებას და არღვევს მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თავისუფლების ხელშეუხებლობის უფლებას, ვინაიდან ინსტრუქციით გათვალისწინებული გარემოებები საფუძვლად შეიძლება დაედოს მხოლოდ კონკრეტული სამართალდარღვევის ჩადენის ვარაუდს და არა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვას. მოსარჩელის განმარტებით, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების ფორმალური მოთხოვნა ირღვევა იმითიც, რომ საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ „წარდგენას“, თავისუფლების შეზღუდვის ფორმად კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი გარდაქმნის.
46. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ე.წ. ადმინისტრაციული დაკავების თავისებურებიდან გამომდინარე, როგორც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმებით, ასევე ინსტრუქციით გათვალისწინებული თავისუფლების შეზღუდვა თავიდანვე გამორიცხავს, როგორც სასამართლოს ნებართვას, ასევე შემდგომ სასამართლო კონტროლს, რაც წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებასთან. როგორც კონსტიტუციურ სარჩელშია აღნიშნული, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი, სადაც საუბარია სასამართლოსადმი წარდგენაზე არა უგვიანეს 48 საათისა, არ უნდა იქნეს აღქმული იმგვარად, თითქოს სახელმწიფოს უფლება აქვს, პირის თავისუფლება შეზღუდოს სასამართლოს წინასწარი თანხმობის ან შემდგომი კონტროლის გარეშე ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დაკავების ხანგძლივობა არ აღემატება 48 საათს.
47. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და ინსტრუქციით გათვალისწინებული უფლებამოსილების შინაარსიდან გამომდინარე, „წარდგენის“, როგორც პირადი თავისუფლების ინტენსიური შეზღუდვის ფორმის მიზანს წარმოადგენს არა მართლმსაჯულების განხორციელება, არამედ, მხოლოდ ნარკოლოგიური გამოკვლევა. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ დაკავების, როგორც პირადი თავისუფლების შეზღუდვის ფორმის გამოყენების შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ფაქტობრივი გარემოებები და მონაცემები ობიექტურად უნდა იძლეოდეს იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ სახეზეა სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, გარდა ამისა, უნდა არსებობდეს საფუძვლიანი და გონივრული ეჭვი, რომ პირმა, რომელიც დაკავებულია, ჩაიდინა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. მოსარჩელის განმარტებით, თუ სადავო ნორმები დაუშვებს აღნიშნული მოთხოვნების დარღვევით დაკავებას, მაშინ ის არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, არ ექვემდებარება თანაზომიერების ტესტს და ხელყოფს ძირითადი უფლების ხელშეუხებელ არსს.
48. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, ასევე, მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებს და მე-5 პუნქტს.
49. სარჩელში აღნიშნულია, რომ პირის ფიზიკური ან მორალური ხელშეუხებლობა პირადი ცხოვრების უფლებით დაცული სიკეთეა. მოსარჩელის განმარტებით, ფიზიკური ხელშეუხებლობის შინაარსი მოიცავს ნებისმიერი სახის იძულებით ტესტირებას მათ შორის, ბიოლოგიური თუ სხვა სახის ნიმუშის აღებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სისხლისა და შარდის სავალდებულო ანალიზი ხვდება პირადი ცხოვრების, კერძოდ, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებით დაცულ სფეროში.
50. მოსარჩელე მხარე უთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტავს, რომ „კანონიერი მოთხოვნის“ შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის სახის განუსაზღვრელობა სახელმწიფო ორგანოს ანიჭებს მოქმედების ფართო დისკრეციას და ნორმის თვითნებურად წაკითხვის და გამოყენების შესაძლებლობას. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ტესტირებაზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგის ბუნდოვანება წარმოშობს, ასევე, პირის იძულებას ნარკოტესტირებაზე. აღნიშნულზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ერთობლივი ბრძანების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ფორმულირება, სათანადო ნორმატიული გარანტიების არარსებობის პირობებში არის ბუნდოვანი და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ პირადი ცხოვრების უფლებას. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ასევე წარმოადგენს პირადი ცხოვრების უფლებაში იმგვარ ჩარევას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გათვალისწინებულ უფლების შეზღუდვის არცერთ ფორმალურ საფუძველს არ შეიცავს. სასამართლო კონტროლს მიღმა არის დარჩენილი როგორც ტესტირების ჩატარება, ასევე, არ არის გაწერილი ის „გადაუდებელი აუცილებლობა,“ რომელსაც შემდგომი სასამართლო კონტროლის შემთხვევაში შესაძლოა გაემართლებინა უფლებაში ჩარევა.
51. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი ბრძანების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი სამართალდამრღვევს ანიჭებს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ ადმინისტრაციული დაკავების, გასინჯვის, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის გასაჩივრებას ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან პროკურორთან, გამორიცხავს ცალკე აღებული იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების გასაჩივრებას. მოსარჩელის მოსაზრებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქმედება ადმინისტრაციული დაკავების ფარგლებში ტოვებს გასაჩივრების შესაძლებლობას, კანონმდებლობა კონტროლს უქვემდებარებს მხოლოდ ზემდგომ ორგანოს ან პროკურატურას და არა სასამართლოს. გარდა ამისა, ნარკოტესტირების ჩატარების, როგორც ფაქტის, გასაჩივრება ინსტრუქციით დადგენილი წესით ვერ მოხდება, ვინაიდან ამავე ბრძანებით დადგენილია, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის წესი და მასთან დაკავშირებული პროცედურა განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვივარაუდებთ რომ №725 ბრძანებით დადგენილი ადმინისტრაციული დაკავება, ასევე გულისხმობს ნარკოტესტირებას, კანონმდებლობა მაინც ვერ დააკმაყოფილებს ნორმის განჭვრეტადობის მოთხოვნებს, ვინაიდან თუ შეუძლებელი გახდება იმის გარკვევა, რა შეიძლება ჩაითვალოს კანონის დარღვევად, ასეთ კანონზე დაყრდნობით, სასამართლოსადმი მიმართვის უფლებაც სათუო გახდება.
52. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ერთობლივი ბრძანების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი მისი გონივრული განმარტების შედეგად არ გამორიცხავს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დაცული პირადი ცხოვრების უფლების საწინააღმდეგო შინაარსს. ნორმა ვერ პასუხობს კანონის განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის მოთხოვნებს. კანონმდებლობა არ შეიცავს საკმარის გარანტიებს, უფლების შესაძლო შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში სასამართლო კონტროლის განსახორციელებლად და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
53. მოსარჩელე მხარე იმისათვის, რომ ნარკოტიკულ სამართალდარღვევათა ფაქტის დადგენის წესი სასამართლოს შეფასების მიღმა არ დარჩეს, საჭიროდ მიიჩნევს, სადავო ნორმის კონსტიტუციის მე-16 მუხლთან შესაბამისობის ალტერნატიული სახით წარმოდგენას. მოსარჩელე მხარე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანის ბიოლოგიურ ნიმუშს ეხება, უნდა ექცეოდეს ინდივიდის ავტონომიურობის პრინციპის, ფიზიკური სფეროს განკარგვის თავისუფლების ქვეშ. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, როდესაც კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ნარკოტესტირებაზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები, პირი იძულებულია დაემორჩილოს პროცედურას, რომელიც მისი ნების საწინააღმდეგოდ ხორციელდება. ამგვარი იძულებითი ხასიათის ღონისძიება კი წარმოადგენს ინდივიდის ავტონომიურობის უფლებაში უხეშ ჩარევას.
54. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მართლმსაჯულების განხორციელება შესაძლოა წარმოადგენდეს იმ ლეგიტიმურ მიზანს, რომლის შესრულებასაც ნარკოტესტირების იძულებითი ხასიათი ემსახურება, თუმცა მნიშვნელოვანია, ასევე განისაზღვროს, თუ რამდენად წარმოადგენს იგი მიზნის მიღწევის დასაშვებ, აუცილებელ და თანაზომიერ საშუალებას. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, არ არსებობს უფლების თვითნებური შეზღუდვისგან დაცვის საშუალება. ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლოა მხოლოდ ინდივიდუალური საქმის შეფასებით და სათანადო სამართლებრივი გარანტიების რეჟიმში, რასაც ერთობლივი ბრძანება არ ითვალისწინებს. მისი ტექსტი ბუნდოვანია და შეუძლებელია პირმა განსაზღვროს მოთხოვნის შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები. შესაბამისად მოსარჩელის მტკიცებით ნარკოტესტირების იძულებითი ხასიათი და სამართლებრივი გარანტიების არარსებობა წარმოადგენს პირის კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების უფლების იმაზე მეტად შეზღუდვას, ვიდრე ეს საჭირო ან პროპორციულია დასახელებული მიზნის მისაღწევად.
55. კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არგუმენტაციის თანახმად, სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლს. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, სახელმწიფოს დამოკიდებულება ნარკოტიკების მომხმარებლის მიმართ, გამოიხატება არა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების ერთჯერადი მოხმარების ნებისმიერი შემთხვევის აუცილებელ დასჯადობაში, არამედ, ასევე, მომხმარებლის სრულ უფლებრივ დელეგიტიმაციაში. როგორც სარჩელშია განმარტებული, სახელმწიფოს მხრიდან ნარკომომხმარებლის ერთგვარი მორალური მიუღებლობა ეფუძნება იმ სტერეოტიპს, რომ ქრონიკულ ნარკომანს დაკარგული აქვს ღირსება, ვინაიდან მისთვის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სურვილი ფასეულობათა სისტემაში შეიძლება პირველ ადგილზე იყოს, რაც გამოიხატება ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების დაუძლეველი მოთხოვნილებით. მოსარჩელის მოსაზრებით, სახელმწიფოს მიერ ნარკომომხმარებლის აღქმა „ამორალურად“ და „პოტენციურ დამნაშავედ“ ლახავს მის ღირსებას.
56. მოსარჩელე მხარე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას და აღნიშნავს, რომ როდესაც სახელმწიფო გაუმართლებლად და უსაფუძვლოდ ერევა ადამიანის თავისუფლებაში, მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებელ სფეროში, სახელმწიფოს ასეთი მოქმედება შეუძლებელია არ იქნეს აღქმული არაადამიანურ, დამამცირებელ და ღირსების შემლახველ მოპყრობად. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, გარდა აღნიშნულისა, გასაჩივრებული ნორმებით გათვალისწინებული პროცედურები მსხვერპლში გარდაუვლად იწვევს დაუცველობის, არასრულფასოვნების, სახელმწიფოს წინაშე აბსოლუტური უძლურების განცდას. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, ნარკოლოგიური გამოკვლევის პროცედურა ხორციელდება არა მხოლოდ თავისუფლების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მაღალი ინტენსივობით შეზღუდვის ფორმით, არამედ, მისი განხორციელების დროს, მსხვერპლი მოკლებულია პროცესუალური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს დაუცველობის შეგრძნებას.
57. კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არგუმენტაციის თანახმად, ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ მე-5 მუხლი ითვალისწინებს პირის ვალდებულებას, დაემორჩილოს პოლიციელის ან უფლებამოსილი პირის მოთხოვნას. ასეთი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა კი, თავის მხრივ, გულისხმობს პოლიციის საპირისპირო უფლებას, იძულების გამოყენებით დაძლიოს ამგვარი დაუმორჩილებლობა. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული შესაძლოა გულისხმობდეს ძალის გამოყენებას და გამოსაკვლევი პირის ბიოლოგიური მასალის ნიმუშის იძულებით აღებას, რომელიც შეიძლება განხორციელდეს სამედიცინო მანიპულაციის, თუ გარკვეული შარდმდენი პრეპარატების გამოყენებით ადამიანის ორგანიზმის პათოლოგიური რეაქციის გამოწვევის საფუძველზე. მოსარჩელის მოსაზრებით, სახელმწიფოს ინტერესი, ამ გზით მოახდინოს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების პრევენცია, აბსოლუტურად გაუმართლებელია.
58. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებას ითხოვს, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-8 პუნქტთან მიმართებით. როგორც კონსტიტუციურ სარჩელშია განმარტებული, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლი, მე-41 მუხლის პირველი პუნქტი, მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებები, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია ითვალისწინებს უდანაშაულო ადამიანის იძულებას, სახელმწიფოს მიაწოდოს თავისი ბიოლოგიური მასალის ნიმუში, რომელიც წინ უსწრებს კონკრეტული სამართალდარღვევის თაობაზე საქმის წარმოების დაწყებას და მოგვიანებით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის წინააღმდეგ, როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. მოსარჩელე მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოების პრაქტიკაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ შესაბამისი პირების გასამართლების ერთადერთ საფუძველს და მტკიცებულებას წარმოადგენს ნარკოლოგიური გამოკვლევის შედეგები.
59. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტში, ასევე უნდა მოვიაზროთ ისეთი მტკიცებულებები, რომელთა მოსაპოვებლადაც ხელისუფლების მხრიდან ხდება პირის იძულება და რომლებიც, მოგვიანებით, შეიძლება გამოყენებული იქნეს მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებაში. მოსარჩელე მხარის განმარტებით, აღნიშნული პრინციპის არსი, inter alia, მდგომარეობს იმაში, რომ დაიცვას ბრალდებული, ხელისუფლების მხრიდან არაკეთილსინდისიერი იძულებისგან და მიზნად ისახავს სასამართლო შეცდომების თავიდან აცილებას.
60. კონსტიტუციურ სარჩელით მოთხოვნილია, ასევე, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-7 პუნქტთან მიმართებით.
61. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი მსჯელობის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების დადგენის წესი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-17, მე-18, მე-20 და 42-ე მუხლების შესაბამისი პუნქტებით გათვალისწინებული უფლებებს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, აღნიშნული სამართალდარღვევის საქმის წარმოების იძულების ღონისძიებები, რომლებიც ზღუდავენ ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ხორციელდება სასამართლოს გვერდის ავლით, რაც, თავის მხრივ, მთლიანად უკარგავს აზრს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმეების სამართლო წესით განხილვას.
62. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სასამართლო კონტროლი მთლიანად გამორიცხულია ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დროს, მტკიცებულებათა მოპოვების კანონიერების შეფასების პროცესიდან. ინსტრუქციის მე-6 მუხლის შესაბამისად, თუ პირი დაამტკიცებს, რომ იგი უკანონოდ იქნა დაკავებული, ძალაში შეიძლება დარჩეს ნარკოლოგიური გამოკვლევის შედეგი, რომელიც ამ პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთადერთ და ძირითად ფაქტორს წარმოადგენს.
63. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტითა და ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცედურა არ წარმოადგენს პოლიციის მოქმედების კანონიერების კონტროლის ეფექტურ მექანიზმს, ვინაიდან ბუნდოვანია რა იგულისხმება „ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაში“. მოსარჩელის მოსაზრებით, ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში, სავარაუდოდ, საუბარია ექსპერტიზის დაწესებულების დასკვნის გასაჩივრებაზე, თუმცა, ნორმატიული აქტი არ აკონკრეტებს სად და რომელი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს.
64. კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არგუმენტაციის თანახმად, ზემოაღნიშნული გასაჩივრების უფლება არ არის ქმედითი, ეფექტური და წარმოადგენს გასაჩივრების ფორმალურ და ილუზორულ მექანიზმს. მოსარჩელე უთითებს ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტზე და განმარტავს, რომ პირს არა აქვს შესაძლებლობა, თავიდან მოითხოვოს, მისი ბიოლოგიური მასალის ხელახალი ჩაბარება გამოკვლევის მიზნით და ეს გააკეთოს ექსპერტიზის სხვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის გარეთ არსებულ, შედარებით უფრო ნეიტრალურ დაწესებულებაში.
65. მოსარჩელე მხარე დასკვნის სახით აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევათა დადგენა ხორციელდება ცალმხრივად, პოლიციის მიერ, ხოლო შესაბამის პირს არ გააჩნია უფლება, მის მიმართ განხორციელებული თავისუფლების შეზღუდვის და მის წინააღმდეგ მტკიცებულებების მოპოვების პროცესი დაუქვემდებაროს ეფექტურ სასამართლო კონტროლს, ისევე, როგორც მის მიმართ წარდგენილი სამართალდარღვევის ბრალდება დაექვემდებაროს სამართლიან სასამართლო განხილვას. მოსარჩელე მხარე პოზიციის გასამყარებლად იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას და მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტს და, შესაბამისად, არღვევს 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
66. კონსტიტუციურ სარჩელში სადავო ნორმები, ასევე გასაჩივრებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. სარჩელის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ამავე კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმეს. თუმცა, მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს აღნიშნული სამართალდარღვევის დადგენის წესზე, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების 2006 წლის 24 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ერთობლივი ბრძანებით დადგენილია არა მხოლოდ ნარკოლოგიური გამოკვლევის ჩატარების, არამედ, უშუალოდ „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესი“. ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში: ა) ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დადგენის მეთოდებსა და სამართლებრივ მექანიზმებს; ბ) ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტის დადგენის მეთოდებსა და სამართლებრივ მექანიზმებს. ამ წესით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს ტესტირებით – ლაბორატორიული ან/და კლინიკური გამოკვლევის გზით ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარება შეუძლებელია დამტკიცდეს ლაბორატორიული გამოკვლევებით, ვინაიდან ეს არის იურიდიული ფაქტი და არა კლინიკური შემთხვევა, რომლის არსებობა უნდა დაადგინოს სასამართლომ, ყოველი კონკრეტული საქმიდან გამომდინარე. მისი განმარტებით, ლაბორატორიული გამოკვლევებით შეიძლება დადასტურდეს, მხოლოდ კონკრეტული ნარკოტიკული ნივთიერების არსებობა ადამიანის ბიოლოგიური მასალის ნიმუშში, ხოლო ქმედების საბოლოო კვალიფიკაცია კი, სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
67. კონსტიტუციურ სარჩელში, ასევე განხილულია, ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლი, რომლიც განსაზღვრავს ბიოლოგიური მასალის ნიმუშში არათუ ნარკოტიკული ნივთიერების არსებობის დადგენის, არამედ, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის წესს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესი ასევე ადგენს შესაბამისი პირისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების წესს.
68. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილზე და ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების, როგორც სამართალდარღვევის დადგენის წესს და ამ სამართალდარღვევების ე.წ. „მკაცრ ადმინისტრირებას“ მთლიანად, განსაზღვრავს და ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასამართლოს კი ეკისრება მხოლოდ ფორმალური, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უკვე დადგენილი ფაქტის სამართალდარღვევად სავალდებულო ცნობის კომპეტენცია.
69. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც სამართალდამრღვევს ანიჭებს კლინიკური გამოკვლევის განმეორებით ჩატარების შესაძლებლობას, არ წარმოადგენს პოლიციის, ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის მოქმედების კანონიერების კონტროლის ეფექტურ მექანიზმს. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, გაუგებარია რა იგულისხმება „ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაში“, ასევე ნორმატიული აქტი არ აკონკრეტებს სად და რომელი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს.
70. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მხედველობაშია მისაღები მტკიცებულებების წარდგენის რა ალტერნატიულ საშუალებებს ფლობს პირი იმ შემთხვევაში, თუკი მაინც გადაწყვეტს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება. ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შესაბამის პირს არა აქვს უფლება, თავიდან მოითხოვოს მისი ბიოლოგიური მასალის ხელახალი ჩაბარება გამოკვლევის მიზნით და ეს გააკეთოს ექსპერტიზის სხვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის გარეთ არსებულ, დამოუკიდებელ დაწესებულებაში. მოსარჩელე მხარის განმარტებით, იმისათვის, რომ ზემოაღნიშნული გასაჩივრების უფლება იყოს ქმედითი, შესაბამისი კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს გასაჩივრების ეფექტურ მექანიზმს.
71. ყოველი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე დასკვნის სახით აღნიშნავს, რომ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევათა დადგენა ხორციელდება ცალმხრივად, პოლიციის მიერ, ხოლო შესაბამის პირს არ გააჩნია უფლება, მის მიმართ განხორციელებული თავისუფლების შეზღუდვის და მის წინააღმდეგ მტკიცებულებების მოპოვების პროცესი დაუქვემდებაროს ეფექტურ სასამართლო კონტროლს, ისევე, როგორც მის მიმართ წარდგენილი სამართალდარღვევის ბრალდება დაექვემდებაროს სამართლიან სასამართლო განხილვას, რაც მისი განმარტებით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
72. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, მოსამართლე შეზღუდულია ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესით დადგენილი ფაქტის სამართალდარღვევად ცნობის ვალდებულებით. კერძოდ, პოლიციის მიერ წარდგენილ მტკიცებულებას - ტესტირების შედეგს, სასამართლოსთვის აქვს წინასწარ დადგენილი, ერთგვარი პრეიუდიციული ძალა, რაც ზღუდავს სასამართლო მიხედულების ფარგლებს იმდენად, რომ სასამართლო განხილვას უკარგავს აზრს. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სასამართლო კონტროლი მთლიანად გამორიცხულია ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დროს მტკიცებულებათა მოპოვების კანონიერების შეფასების პროცესიდან.
73. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლი მხოლოდ ადმინისტრაციული დაკავების შემთხვევაში ითვალისწინებს დაკავებულის უფლებას ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით, თუმცა მისთვის გაურკვეველი რჩება ვრცელდება თუ არა ეს უფლება უშუალოდ ნარკოლოგიური გამოკვლევის პროცედურაზე, ვინაიდან ნარკოლოგიურ გამოკვლევაზე წარდგენა, ინსტრუქციის თანახმად, შეიძლება განხორციელდეს „ნებაყოფლობით“ და ფორმალურად არ მოხდეს პირის დაკავება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის მოსაზრებით ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების დადგენის წესი, ასევე არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დაცვის უფლებას.
74. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვები „ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგები“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი და ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის სათაური „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესი“, პირველი მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება და „ა“ ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტი და მე-3 პუნქტი, მე-2 მუხლი, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბოლო სიტყვები „ან რომელსაც ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებული აქვს ნარკოტიკული საშუალება“, მე-41 მუხლის პირველი პუნქტი, მე-5 მუხლი, მე-6 მუხლის სათაურის სიტყვები „ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე“, მე-2 პუნქტის სიტყვები „ნარკოტიკული საშუალების მოხმარების“, მე-3 პუნქტის სიტყვები „ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების“, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ნარკოტიკული საშუალების მოხმარების“, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებები და მე-9 მუხლის სიტყვები „ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის“.
75. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ დამატებით აღნიშნა, რომ სადავო ნორმებით დადგენილი ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მტკიცებულების მოპოვების წესი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ კონსტიტუციურ სტანდარტებთან, იმისდამიუხედავად, ადგილი ჰქონდა პირის ნებაყოფლობით გადაყვანას თუ ადმინისტრაციულ დაკავებას.
76. მოსარჩელე მხარემ დასკვნით სიტყვაში შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და აღნიშნა, რომ იგი ითხოვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით“ კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-7 პუნქტებთან მიმართებით და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებისა და „ა“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისობის დადგენას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ამასთან, მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა სადავო ნორმების მიმართებას კონსტიტუციის მე-16 მუხლთან.
77. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45–ე მუხლის შენიშვნის მე–2 ნაწილის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–17 მუხლის მე–2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციის“ მე–3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოქმედება. შუამდგომლობებში აღნიშნულია, რომ სადავოდ გამხდარი ნორმები დაკავშირებულია ადამიანის უფლებათა შეუქცევად დარღვევასთან, ამასთან, გასაჩივრებული რეგულაციების მოქმედების შეჩერებით შეიზღუდება მხოლოდ ქუჩის ნარკომონიტორინგი და სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებით საჯარო ინტერესს არ მიადგება ზიანი, ვინაიდან პოლიციას მოუწევს უფრო სერიოზული ოპერატიული მუშაობის ჩატარება 45-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებების გამოსავლენად.
78. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
79. მოპასუხე მხარის პოზიციით, №697 კონსტიტუციურ სარჩელში არ არის სათანადოდ დასაბუთებული სადავო ნორმების მიმართება მთელ რიგ კონსტიტუციურ დებულებებთან, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
80. პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ნორმები განსაზღვრავს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის წესს. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურდება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, სასამართლო შეაფასებს აღნიშნული ქმედება განხორციელდა თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე.
81. მოპასუხის წარმომადგენლის აზრით, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის შუამდგომლობა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მისი თქმით, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შემთხვევაში სახელმწიფოს აღარ დარჩება რეალური შესაძლებლობა პასუხისმგებლობა დააკისროს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს ზემოხსენებული გადაცდომისთვის, რაც დაარღვევს მესამე პირთა ინტერესებს.
82. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარმომადგენლი იზიარებს საქართველოს პარლამენტის პოზიციას და აცხადებს, რომ №697 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად. მისი აზრით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანება ისევე, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანება სრულ შესაბამისობაშია როგორც საკანონმდებლო დანაწესებთან, ასევე, კონსტიტუციის მოთხოვნებთან.
83. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარმომადგენლის თქმით, მას შემდეგ, რაც კანონმდებლობით გაწერილი პროცედურის შესაბამისად დადგინდება, რომ პირმა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. ეს უკანასკნელი ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტებით, რომელთა მიხედვითაც უნდა დადგინდეს ისეთი გარემოებები, როგორებიცაა პირის მიერ აღნიშნული ქმედების განხორციელება მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე თუ მის ფარგლებს გარეთ, ასევე, ხომ არ იყო სახეზე ექიმის დანიშნულების შესაბამისად ნარკოტიკული საშუალების მოხმარება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა. სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა, აგრეთვე საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა განმწესრიგებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან, მე-18 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებთან მიმართებით; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16, მე-17, მე-18, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტებთან მიმართებით; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ სათაურის, პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის და მე-3 პუნქტის, მე-2 მუხლის, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ან რომელსაც ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებული აქვს ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალება“, მე-41 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის სათაურის სიტყვების „ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე“, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „ნარკოტიკული საშუალების მოხმარების“ და მე-3 პუნქტის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების“, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ნარკოტიკული საშუალების მოხმარების“, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების და მე-9 მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.
3. შესაბამისად, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №697 კონსტიტუციურ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმე სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან, მე-18 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებთან მიმართებით; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16, მე-17, მე-18, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტებთან მიმართებით; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ სათაურის, პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის და მე-3 პუნქტის პირველი წინადადების, მე-2 მუხლის, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ან რომელსაც ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებული აქვს ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალება“, მე-41 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის სათაურის სიტყვების „ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე“, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „ნარკოტიკული საშუალების მოხმარების“ და მე-3 პუნქტის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების“, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ნარკოტიკული საშუალების მოხმარების“, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების და მე-9 მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.
4. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით მისთვის წაყენებულ მოთხოვნებს. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო ფიზიკური და იურიდიული პირების სარჩელის საფუძველზე, იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაჭრელად სასამართლომ უნდა გამოარკვიოს სადავო დებულების სამართლებრივი ბუნება, კერძოდ, არის თუ არა ის ნორმატიული შინაარსის. „საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს და შეაფასოს კონსტიტუციური უფლების დარღვევის რისკი მხოლოდ უფლების შემზღუდველი ნორმის არსებობის შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუციური უფლებების განხორციელებისას ადამიანის თავისუფალი მოქმედების ფარგლების შემცირება ნორმატიული აქტით არის განპირობებული” (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინება №1/494 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-11).
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ნორმის ნორმატიული ხასიათი ვლინდება ადამიანთა ქცევის სავალდებულო რეგულირებაში და განსაზღვრავს ამ ქცევათა მოქმედების ფარგლებს. შესაბამისად, სამართლებრივი დებულება მაშინ არის ნორმატიული ხასიათის მატარებელი, თუ იგი ადგენს ქცევის სავალდებულო წესს, რომელიც კონკრეტული პირის ან პირთა წრის მიმართ ადგენს აკრძალვებს ან, პირიქით, ნებას რთავს გარკვეულ ქმედებებთან დაკავშირებით. სამართლებრივი ნორმის სავალდებულო ხასიათი ემსახურება სწორედ ამ ფუნქციების განხორციელებას და მიზნად ისახავს ახალი სამართლებრივი წესრიგის დადგენას მისი მეშვეობით” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინება №1/494 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-10).
6. მოსარჩელე ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ სათაურის და მე-6 მუხლის სათაურის სიტყვების „ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და მე-18 მუხლებთან, ასევე მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტებთან მიმართებით.
7. იმისათვის, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სათაური და სათაურის ცალკეული ტექსტი საკონსტიტუციო სასამართლოს კონტროლს დაექვემდებაროს „აუცილებელი და მინიმალური მოთხოვნაა, რომ კანონის სათაური (ან მისი გასაჩივრებული ნაწილი) ნორმატიული შინაარსის იყოს. ამასთან, ამ სავალდებულო პირობის დაკმაყოფილებასთან ერთად, აუცილებელია, კანონის სათაურით/მისი გასაჩივრებული ნაწილით, უფლების დარღვევის რისკების გამოწვევის დემონსტრირება...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 4 აპრილის საოქმო ჩანაწერი №1/2/534 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ტრისტან მამაგულაშვილი და ფირუზ ვანიევი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-5.)
8. მოცემულ შემთხვევაში არც სადავო ნორმატიული აქტის სათაური და არც მისი მე-6 მუხლის სათაურის გასაჩივრებული სიტყვები არ ადგენს ქცევის წესს და, შესაბამისად, არ იწვევს უფლების დარღვევის საფრთხეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანების სათაური ზოგადად მიუთითებს იმ საკითხზე, რომლის დარეგულირებასაც ეხება მოცემული ბრძანება. აღნიშნული საკითხია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის დადგენა. არსებითად იმავეს თქმა შეიძლება ზემოხსენებული ბრძანების მე-6 მუხლის სათაურის სადავოდ გამხდარ სიტყვებზეც იმ განსხვავებით, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება იმ პირთა წრეს, რომელიც უფლებამოსილია ჩაატაროს კლინიკური ან/და ლაბორატორიული გამოკვლევა პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დადგენის მიზნით. სადავოდ გამხდარი სათაურებით არ არის რეგლამენტირებული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის რაიმე კონკრეტული წესი, ასევე არაა განსაზღვრული იმ პირთა წრე, რომელიც უფლებამოსილია ჩაატაროს კლინიკური ან/და ლაბორატორიული გამოკვლევა. შესაბამისად, სადავო ნორმები არ ადგენს ქცევის ზოგად წესს.
9. ყოველივე ზემოხსენებულის საფუძველზე კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ სათაურის და მე-6 მუხლის სათაურის სიტყვების „ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და მე-18 მუხლებთან, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტებთან მიმართებით, არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
10. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
11. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ან რომელსაც ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებული აქვს ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალება“, მე-41 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „ნარკოტიკული საშუალების მოხმარების“ და მე-3 პუნქტის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების“, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ნარკოტიკული საშუალების მოხმარების“ და მე-9 მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და მე-18 მუხლებთან, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან, 42-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტებთან მიმართებით.
12. ზემოაღნიშნული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების, ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტის დადგენას კლინიკური შემოწმების ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევით ახდენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი. ამავე წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების და ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტის დადგენის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში (შემდგომში – საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო) კლინიკური ან/და ლაბორატორიულ (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევას ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით საამისოდ უფლებამოსილი პირები (შემდგომში – უფლებამოსილი პირი), ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების, ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტის დასადგენად კლინიკურ გამოკვლევაზე უფლებამოსილ პირს უნდა ჰქონდეს ნარკოლოგიის სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან უმაღლესი სამედიცინო აკადემიური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სამკურნალო ან პედიატრიული ფაკულტეტი) და გავლილი უნდა ჰქონდეს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული ექიმთა გადამზადების პროგრამა, ხოლო ქიმიო-ტოქსიკოლოგიურ გამოკვლევაზე უფლებამოსილ პირს უნდა ჰქონდეს შესაბამისი განათლება.
13. ზემოთ მოყვანილი ნორმები განსაზღვრავს შესაბამისი კვლევების ჩატარებაზე უფლებამოსილ სუბიექტს და იმ მოთხოვნებს, რომლებიც წაეყენება პირს, რომელიც უფლებამოსილია ჩაატაროს გამოკვლევა. განსახილველ შემთხვევაში თავისთავად ის ფაქტი, რომ გამოკვლევას ატარებს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ უფლებამოსილი პირი, ვერ გამოდგება ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია, რომელიც მიუთითებდა უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრის განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ კვლევების ჩატარება ან/და ის სტანდარტები, რასაც კვლევის ჩამტარებელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს, არღვევს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. შესაბამისად, ამ ნაწილში წარმოდგენილი არგუმენტაციით არ დასტურდება დასახელებული ნორმის შინაარსობრივი მიმართება მოსარჩელის მიერ მითითებულ კონსტიტუციურ დებულებებთან.
14. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელს უფლება აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართ არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი იმყოფება ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ან რომელსაც ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებული აქვს ნარკოტიკული საშუალება. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება პოლიციელის უფლებამოსილებას, სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს ესა თუ ის პირი, არც იმის არგუმენტაციაა მოცემული, თუ რა უფლებებს არღვევს პოლიციელის მიერ აღნიშნული პრევენციული ღონისძიების გამოყენება.
15. ამავე წესის მე-41 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის გზით თუ დადგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარების ფაქტი, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ასეთი ქმედებისათვის დადებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, იწყება გამოძიება. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ გამოძიება იწყება საქმეზე მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, არ გამოდგება ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, გამოძიება იწყება დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე. ის გარემოება, რომ ეს ინფორმაცია უკვე გამყარებულია ამა თუ იმ მტკიცებულებით, თავისთავად არ მიუთითებს მის არაკონსტიტუციურობაზე. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია, თუ რატომ მიიჩნევს, რომ ზემოთდასახელებულ ფაქტზე გამოძიების დაწყება ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ უფლებებს.
16. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ან ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტის დადგენის დროს უფლებამოსილი პირი ავსებს სარეგისტრაციო ჟურნალს და გამოკვლევის ბარათის შესაბამის გრაფას. უფლებამოსილ პირს უნდა წარედგინოს გამოსაკვლევი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში). ასეთი დოკუმენტის უქონლობა არ წარმოადგენს გამოკვლევის ჩატარებაზე უარის თქმის საფუძველს. ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო ჟურნალში და გამოკვლევის ბარათში ფიქსირდება მომართვაში/დადგენილებაში აღნიშნული მონაცემები. თუ წარმომდგენი ორგანოს მიერ შემდგომში წარმოდგენილი (დაზუსტებული) პიროვნების საიდენტიფიკაციო მონაცემები განსხვავდება გამოკვლევის ბარათში შეტანილი მონაცემებისაგან, შესწორება დასტურდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის ხელმოწერით და საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ბეჭდით. ხოლო ამავე წესის მე-9 მუხლის შესაბამისად ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის ან/და ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული თრობის მდგომარეობის დადგენის წარმოების დროს უფლებამოსილი პირი ავსებს გამოკვლევის ბარათის შესაბამის გრაფას, რომელშიც უნდა აღიწეროს გამოსაკვლევი პირის საპასპორტო მონაცემები, სოციალური სტატუსი, გამოკვლევის ჩატარების თარიღი და ზუსტი დრო, პიროვნების დაკავებიდან გამოკვლევაზე წარმოდგენამდე გასული დრო, ოპერატიული მონაცემები, ღებულობს თუ არა ნარკოტიკებს, რომელი ჯგუფის ან რომელ საშუალებას, რა სიხშირით და რა ხერხით უნდა აღიწეროს გამოსაკვლევი პირის გარეგნობა, ფიზიკური, ნევროლოგიური და ფსიქიკური სტატუსი. კლინიკური გამოკვლევის შემდეგ უფლებამოსილი პირი ადგენს დასკვნას. მოცემული ნორმები განსაზღვრავს, თუ როგორ ხდება პირის გამოკვლევის შედეგების დოკუმენტირება. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია უშუალოდ გამოკვლევის დოკუმენტირების დამდგენი პროცედურის არაკონსტიტუციურობის თაობაზე.
17. ზემოაღნიშნული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამართალდამრღვევს უფლება აქვს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ან/და გამოკვლევიდან 2 საათის განმავლობაში საკუთარი ხარჯით მოითხოვოს კლინიკური გამოკვლევის განმეორებით ჩატარება და 14 დღის განმავლობაში (ან ამ ბრძანების მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 1 თვის განმავლობაში) საკუთარი ხარჯით მოითხოვოს დალუქული ბიოლოგიური მასალის (შარდის) საკონტროლო ულუფის ლაბორატორიული გამოკვლევის განმეორებითი ჩატარება. მოცემული ნორმა გარკვეულწილად უფლებააღმჭურველია და სამართალდამრღვევს ანიჭებს უფლებას, გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ან მოითხოვოს კლინიკური გამოკვლევის თავიდან ჩატარება. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია, რომელიც დაასაბუთებდა, თუ რატომ მიაჩნია მას არაკონსტიტუციურად მოცემული უფლებააღმჭურველი ნორმა. აღნიშნული ნორმის არაკონსტიტუციურობის თაობაზე მოსარჩელე მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ ნორმით მას ეზღუდება უფლება, განმეორებით ჩაატაროს გამოკვლევა სხვა კვლევით დაწესებულებაში. ხსენებული სადავო ნორმა მიუთითებს კლინიკური გამოკვლევის განმეორებით ჩატარებაზე და არ არეგულირებს საკითხს, თუ რომელ დაწესებულებაში შეიძლება ჩატარდეს გამოკვლევა. ამდენად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია ემყარება სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას და კონსტიტუციური სარჩელი ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი N697 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ან რომელსაც ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებული აქვს ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალება“, მე-41 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „ნარკოტიკული საშუალების მოხმარების“ და მე-3 პუნქტის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების“, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ნარკოტიკული საშუალების მოხმარების“ და მე-9 მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და მე-18 მუხლებთან, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან, 42-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტებთან მიმართებით დაუსაბუთებელია და სახეზეა არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გამო.
19. მოსარჩელე ითხოვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
20. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმისა და კონსტიტუციის შესაბამისი დებულებების შინაარსის არასწორად აღქმას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული. კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). „ბუნებრივია, ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით დაცულ სფეროში მოექცეს ისევე, როგორც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით დაცული სფეროები გარკვეულწილად ფარავდეს (მოიცავდეს) ერთმანეთს. თუმცა, კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
21. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს იმ საშუალებათა ჩამონათვალს, რომელთა საფუძველზეც შეიძლება დადგინდეს ის ფაქტობრივი მონაცემები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მტკიცებულებად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ერთ-ერთ ასეთ საშუალებას წარმოადგენს ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის შედეგი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის შედეგი დგინდება არაკონსტიტუციური რეგულაციებით დადგენილი წესით, ხოლო მოცემული სადავო ნორმის საფუძველზე ხდება არაკონსტიტუციური გზით მოპოვებული მტკიცებულების გამოყენება. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული არგუმენტაცია მთლიანად მიემართება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტით დაცულ უფლებას, რომლის თანახმად, „კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არ გააჩნია“ და არა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით კონსტიტუციური სარჩელი №697 დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
23. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდაა გამხდარი, აგრეთვე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
24. სადავო ნორმის თანახმად, „I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარების, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით“. სასარჩელო არგუმენტაციის თანახმად, სადავო ნორმის საფუძველზე მოსამართლე ვალდებულია სამართალდარღვევად ცნოს ის ფაქტი, რომლის დადგენაც ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული წესით.
25. საპროცესო კანონმდებლობა, რომელიც ახდენს სამართალწარმოების რეგლამენტაციას, არ უნდა იქნეს განხილული, სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევად. ის გარემოება, რომ მოსამართლე ემორჩილება საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ წესრიგს არ წარმოადგენს მოსამართლის დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს. ამგვარად, ამა თუ იმ სამართალდარღვევის დადგენისთვის საჭირო საპროცესო ნორმების განსაზღვრა ვერ ჩაითვლება სასამართლოს საქმიანობაში ჩარევად და სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვად.
26. ზემოხსენებულის საფუძველზე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გამო.
27. მოსარჩელე, ასევე ითხოვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციის“, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
28. მოსარჩელის თქმით, სადავო ნორმებით დადგენილი წესი ბუნდოვანია და ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტისა და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს. კერძოდ, მოსარჩელისთვის დაუდგენელია აქვს თუ არა პირს ადვოკატის ყოლის უფლება მაშინ, როდესაც სახეზეა არა მისი ადმინისტრაციული დაკავება, არამედ, წარდგენა ნარკოტიკული საშუალების მის მიერ მოხმარების დადგენის მიზნით. ამასთან, ბუნდოვანია ეცნობება თუ არა აღნიშნულ პირს მისი უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის საფუძვლები.
29. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №:725 ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციის“ მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „დაკავებულ და ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ მოხმარების ფაქტის დასადგენად წარსადგენ პირს მისი უფლებების შესახებ განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 251-ე მუხლის შესაბამისად“. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავების დროს დამკავებელი მოხელე ვალდებულია დაკავებულს დაკავებისთანავე გასაგები ფორმით განუმარტოს: მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დაკავების საფუძველი; რომ აქვს უფლება ადვოკატზე; რომ აქვს უფლება, მისი სურვილის შემთხვევაში, მისი დაკავების ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს, აგრეთვე, მისი სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციას. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დებულებების ანალიზი ცხადყოფს, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დადგენის მიზნით წარდგენილ ან დაკავებულ პირს უფლება აქვს ისარგებლოს როგორც ადვოკატის დახმარებით, აგრეთვე განემარტოს მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით იმ პირს, ვისი წარდგენაც ხდება ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დადგენის მიზნით, გააჩნია ის საპროცესო უფლებები, რომელთა არარსებობაზეც უთითებს მოსარჩელე მხარე. ამდენად, სადავო ნორმებს არ გააჩნიათ მოსარჩელის მიერ მითითებული ნორმატიული შინაარსი.
30. ყოველივე ზემოხსენებულის საფუძველზე სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციის“, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე- 2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი.
31. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდაა გამხდარი აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.
32. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს“. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი შესაბამისი არგუმენტაცია სადავო ნორმების კონსტიტუციის შესაბამის დებულებასთან მიმართებასთან დაკავშირებით. გასაჩივრებული რეგულაციები შეეხება ნარკოტიკული საშუალების მოხმარების თაობაზე გამოკვლევის ჩატარებას. მოცემული ნორმებით არ არის დადგენილი სასამართლოს ვალდებულება პირის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დადგენისას იხელმძღვანელოს ზემოაღნიშნული ნორმებით განსაზღვრული წესით და მტკიცებულებად მიიღოს გამოკვლევის შედეგები. შესაბამისად, არ არსებობს მიმართება სადავო ნორმებსა და კონსტიტუციის მოცემულ დებულებას შორის.
33. ზემოხსენებულის საფუძველზე, სასარჩელო მოთხოვნის ის ნაწილი, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „ნარკოტიკული საშუალების მოხმარების“, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების, „ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების“, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ნარკოტიკული საშუალების მოხმარების“, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების, მე-9 მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
34. მოსარჩელე მხარე, აგრეთვე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის, მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
35. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ქმნის სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურსამართლებრივ გარანტიას და მოიაზრებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლო წესით სრულყოფილი და ეფექტური დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/3/601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-9).
36. ამასთანავე, „სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირველ რიგში, ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილების (ქმედების) სასამართლოში გასაჩივრებას და სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს. ამ თვალსაზრისით, სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს უკავშირდება და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მის არსს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
37. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით უკვე დადგენილია, რომ კანონმდებლობით უფლების განუსაზღვრელობა მის რეალიზაციას ხელს არ უშლის. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუცია არა მხოლოდ აღიარებს და იცავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ განსაზღვრავს მათ შინაარსსა და მოცულობას. შესაბამისად, კონსტიტუციური უფლება არსებობს კანონის მიერ მისი აღიარების, დეკლარირების გარეშეც, ის არსებობასა და მოქმედებას განაგრძობს მაშინაც, როდესაც კანონმდებლობით ამ უფლების რეალიზაციის საფუძვლები არ არის განსაზღვრული. კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება საქმე, როდესაც ამის შესაძლებლობას მოქმედი საკანონმდებლო აქტი ითვალისწინებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს და შეაფასოს კონსტიტუციური უფლების დარღვევის რისკი მხოლოდ უფლების შემზღუდველი ნორმის არსებობის შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუციური უფლებების განხორციელებისას ადამიანის თავისუფალი მოქმედების ფარგლების შემცირება ნორმატიული აქტით არის განპირობებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11) .
38. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის საფუძველზე სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის წარმოსაჩენად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს, რომ სახეზეა ნორმატიული აქტი, რომელიც მას უზღუდავს შესაძლებლობას, გაასაჩივროს შესაბამისი ღონისძიება. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურობის სამტკიცებელად მიუთითებს, რომ „ნორმატიული აქტი არ აკონკრეტებს სად და რომელი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს“. მოსარჩელეს არ მიუთითებია არცერთ ისეთ ნორმაზე, რომელიც შეიცავს ამა თუ იმ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლების შეზღუდვას. წარმოდგენილი არგუმენტაციით არ დასტურდება, რომ არსებობს შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას შორის.
39. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ის ნაწილი, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის, მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №697 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
40. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდაა გამხდარი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის, მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტთან მიმართებით.
41. კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი არეგულირებს ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადებს. კერძოდ, აღნიშნული დანაწესის თანახმად, „ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს“. სადავო ნორმებით გაწერილია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესი. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი არგუმენტი თუ რა შემხებლობა გააჩნია აღნიშნულ რეგულაციებს ისეთ საკითხთან, როგორიცაა ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა.
42. ზემოხსენებულის საფუძველზე, სასარჩელო მოთხოვნის ის ნაწილი, რომელიც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის, მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტთან მიმართებით, №697 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
43. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის, მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.
44. საქართველოს კონსტიტუციის მოცემული დებულება შედგება ორი წინადადებისგან. პირველი ადგენს, რომ კონსტიტუციის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დარღვევა უნდა დაისაჯოს კანონით. მეორე წინადადებით კი, განმტკიცებულია უკანონოდ დაკავებული ან დაპატიმრებული პირის უფლება კომპენსაციაზე. სადავო ნორმებით, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, დადგენილია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესი. გასაჩივრებული რეგულაციები საერთოდ არ ეხება ისეთ საკითხს, როგორიცაა უკანონოდ დაკავებული ან დაპატიმრებული პირის მიერ კომპენსაციის მიღების საკითხი. შესაბამისად, არ დასტურდება სადავო ნორმების შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.
45. ზემოხსენებულის საფუძველზე, სასარჩელო მოთხოვნის ის ნაწილი, რომელიც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის, მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით, №697 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
46. მოსარჩელე ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ მე-2 მუხლის და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების, არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
47. აღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა ხდება ლაბორატორიული გამოკვლევის გზით“, მე-2 პუნქტის მიხედვით, „პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ ტესტირებით – ლაბორატორიული გამოკვლევით დადასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი“, ხოლო მე-3 პუნქტი განსაზღვრავს, რომ „ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აისახება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე ტესტირების შედეგები“. მოცემული ბრძანების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების თანახმად, „ნერწყვში ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების აღმოჩენის შემთხვევაში გამოსაკვლევი პირისაგან ხდება ბიოლოგიური მასალის (შარდის) აღება და შემოწმება ტარდება იმუნოქრომტესტით უპირველესად ნერწყვში არსებული ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების შემცველობაზე. სხვა ნარკოტიკული საშუალების შემცველობაზე გამოკვლევა ტარდება წარმომდგენი მხარის მითითებით, რაც ფიქსირდება გამოკვლევის ბარათის შესაბამის გრაფაში თუ ნერწყვში ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების შემცველობა არ დადგინდა, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების მოხმარებაზე, ბიოლოგიური მასალის (შარდის) აღების შემდეგ შემოწმება ხდება იმუნოქრომტესტით წარმომდგენის მითითების შესაბამისად. თუ ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალების შემცველობა არ დადგინდა და არც ერთ მხარეს პრეტენზია არ აქვს, რასაც გამოკვლევის ბარათში ხელმოწერით ადასტურებენ, ბიოლოგიური მასალა არ ილუქება“. სადავო ნორმებით განსაზღვრულია ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენისა ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების წესი. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია იმის შესახებ თუ რატომ ირღვევა სადავო ნორმებით საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებული დებულებებით დაცული ადამიანის თავისუფლება და შესაბამისი პროცესუალური გარანტიების დამდგენი უფლებები.
48. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ მე-2 მუხლის და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების, არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
49. მოსარჩელე ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებითაც.
50. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი შედგება სამი წინადადებისგან: 1) ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ; 2) დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არა უგვიანეს 48 საათისა; 3) თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია მიემართება აღნიშნული კონსტიტუციური დებულების მხოლოდ პირველ ორ წინადადებას. სადავო ნორმა არ შეეხება მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებით განსაზღვრულ შემთხვევებს, როდესაც დაკავებული პირი წარდგენილია სასამართლოში და სასამართლო მომდევნო 24 საათის განმავლობაში არ იღებს გადაწყვეტილება დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ.
51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი N697 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველზე არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
52. სხვა მხრივ N697 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
53. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ასევე ითხოვს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45–ე მუხლის შენიშვნის მე–2 ნაწილის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–17 მუხლის მე–2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციის“ მე–3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოქმედება. შუამდგომლობებში აღნიშნულია, რომ სადავოდ გამხდარი ნორმები დაკავშირებულია ადამიანის უფლებათა შეუქცევად დარღვევასთან, ამასთან, გასაჩივრებული რეგულაციების მოქმედების შეჩერებით შეიზღუდება მხოლოდ ქუჩის ნარკომონიტორინგი და სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებით საჯარო ინტერესს არ მიადგება ზიანი.
54. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ აღნიშნული დებულებით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგს.
55. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სარწმუნო არგუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა გამოუსწორებელი შედეგის დადგომის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
56. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმები ადგენს იმ პირის გამოკვლევის მიზნით წარდგენის სამართლებრივ საფუძვლებს, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში აღარ იარსებებს ის წესი, რომლითაც დგინდება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით მხოლოდ „ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მხარის უფლებების შესაძლო დარღვევა ხორციელდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საოქმო ჩანაწერის მიღებიდან საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე არსებულ პერიოდში თავისთავად ვერ გამოდგება გამოუსწორებელი შედეგის არსებობის დამადასტურებელ გარემოებად. უფლების შესაძლო შეზღუდვა, როგორც წესი, ყველა იმ საქმეზე არსებობს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განსახილველად იღებს. უფლების შეზღუდვის განგრძობადი ხასიათი არ გულისხმობს, რომ არსებობს სადავო ნორმით გამოუსწორებელი შედეგი. ცხადია, შეუძლებელია უფლების ნებისმიერი შეზღუდვის სრული ფაქტობრივი გამოსწორება. გამოუსწორებელი შედეგი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ხდება ნორმის მოქმედების შეჩერება, გულისხმობს ისეთ კრიტიკულ შემთხვევებს, როდესაც ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება ნორმით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/8/665,683 საოქმო ჩანაწერი საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ” II-16). ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ სადავო ნორმების გაუქმების შემთხვევაში იარსებებს ნორმებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრის სამართლებრივი შესაძლებლობა. ამდენად, განსახილველ საქმეზე არ დასტურდება სადავო ნორმების მოქმედებით გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის შუამდგომლობა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №697 („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციის“, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, აგრეთვე მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით;
ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციის“, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან მიმართებით;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციის“, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით;
ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №697 (საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ან რომელსაც ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებული აქვს ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალება“, მე-41 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „ნარკოტიკული საშუალების მოხმარების“ და მე-3 პუნქტის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების“, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ნარკოტიკული საშუალების მოხმარების“ და მე-9 მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და მე-18 მუხლებთან, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან, 42-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტებთან მიმართებით;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ სათაურის და მე-6 მუხლის სათაურის სიტყვების „ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და მე-18 მუხლებთან, ასევე მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტებთან მიმართებით;
გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციის“, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით;
დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით;
ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით;
ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, 236-ე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით“ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ მე-2 მუხლის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით;
თ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებთან მიმართებით;
ი) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით.
3. შეწყდეს სამართალწარმოება №697 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით“, კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან, მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან, მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან და 42-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებთან მიმართებით;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16, მე-17, მე-18, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტებთან მიმართებით;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ სათაურის, პირველი მუხლის მე-3 პუნქტის, მე-2 მუხლის, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ან რომელსაც ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებული აქვს ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალება“, მე-41 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის სათაურის სიტყვების „ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე“, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „ნარკოტიკული საშუალების მოხმარების“ და მე-3 პუნქტის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების“, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ნარკოტიკული საშუალების მოხმარების“, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების და მე-9 მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.
4. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45–ე მუხლის შენიშვნის მე–2 ნაწილის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–17 მუხლის მე–2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციის“ მე–3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
5. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
6. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
8. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა