საქართველოს მოქალაქე რევაზი კოპალიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/8/567 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 11 ნოემბერი 2014 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე რევაზი კოპალიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის სიტყვების „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია“, 240-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „ოქმის შედგენისას“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის პირველი, მე-2, 21, მე-3 და მე-4 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით.
გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის მე-6 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის სიტყვების „ამ კოდექსის 421, 422, 45-ე და 166-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 173-ე და 1752 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება ერთი დღე-ღამის განმავლობაში“, 240-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „ოქმის შედგენისას“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი – გიორგი გოცირიძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი – ზურაბ მაჭარაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №567) მომართა საქართველოს მოქალაქე რევაზ კოპალიანმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2013 წლის 28 ოქტომბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2014 წლის 20 მაისს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–15 და მე–16 მუხლები.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად პირის დაკავება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია. იმავე კოდექსის 240-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტება უფლებები და მოვალეობები. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის სადავო ნაწილები განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევებში შეიძლება განხორციელდეს დამრღვევის მიყვანა შესაბამის დაწესებულებაში. იმავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ნებაყოფლობითი სახალხო რაზმეულის შტაბში მიყვანილი პირი არ შეიძლება იმყოფებოდეს ერთ საათზე მეტ ხანს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების გარკვეული ნაწილის განხილვის ვადად ერთ დღე-ღამეს აწესებს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის თანახმად, ადამიანის დაკავება დასაშვებია მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ, ხოლო დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი სასამართლოს განსჯადობის მიხედვით უნდა წარედგინოს არა უგვიანეს 48 საათისა. ამასთანავე, დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მიხედვით კი, დაცულია დაცვის უფლება, აგრეთვე ბრალდებულის უფლება, ისეთივე პირობებში გამოიძახოს და დაკითხოს მოწმეები, როგორც ბრალდების მხარემ.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ 2013 წლის 1 მაისს რევაზი კოპალიანი ადმინისტრაციული წესით იქნა დაკავებული, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მას გადაეცა შედგენისთანავე, კერძოდ, 2013 წლის 8 მაისს. იმავე დღეს სასამართლომ რევაზი კოპალიანი ცნო სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათაა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევისთვის.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, იგი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს 244-ე მუხლის მხოლოდ იმ წინადადებას, რომელიც უშვებს ადამიანის დაკავებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზნით. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ პასუხისგებაში მიცემულ პირს თავისი უფლებები მხოლოდ ოქმის შედგენისას განემარტება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ 240-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვები „ოქმის შედგენისას“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებას, რადგან სადავო ნორმა უფლებების განმარტების ვალდებულებას უკავშირებს არა პირის დაკავების, არამედ – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მომენტს. აქედან გამომდინარე, თუ ადმინისტრაციულ დაკავებას წინ არ უძღვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, დაკავებულისათვის თავისი უფლებების განმარტების მოვალეობა შესაბამის ორგანოებს არ ეკისრებათ.
7. მოსარჩელე მხარემ განმწესრიგებელ სხდომაზე დამატებით მიუთითა, რომ მისთვის პრობლემურია როგორც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლი, ასევე 240-ე მუხლის მე-4 ნაწილი ცალკე აღებული. მოსარჩელის აზრით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლი იძლევა ადამიანის დაკავების შესაძლებლობას ისე, რომ მას არ ეცნობება მისი უფლებები დაკავების მომენტში. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის მე-4 ნაწილი კი დროის თვალსაზრისით ზღუდავს ადამიანისთვის უფლებების განმარტების შესაძლებლობას. მოსარჩელემ აგრეთვე მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმა მთლიანობაში აღმჭურველი ხასიათისაა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ უფლების განმარტების ვალდებულების წარმოშობას უკავშირებს კონკრეტულ დროს, იგი შემზღუდველი ხასიათის ხდება.
8. მოსარჩელის აზრით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განსხვავდება დაკავების ოქმისგან და მიუთითებს, რომ, მართალია, პირის დაკავების დროს დგება შესაბამისი ოქმი, თუმცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე დამკავებელ თანამდებობის პირს არ ეკისრება ამ ოქმის წარდგენის და დაკავების საფუძვლების განმარტების მოვალეობა. ამგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, დამრღვევს 252-ე მუხლით გარანტირებული უფლებები განემარტება სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისას, ხოლო 252-ე მუხლით დაცულია საქმის მასალების გაცნობის უფლება. მოსარჩელის მტკიცებით, იმის გამო, რომ დაკავებისას პირს არ განემარტება საქმის მასალების გაცნობის უფლება, შესაძლებელია, სამართალდამრღვევმა ვერ გაიგოს დაკავების მიზეზი მხოლოდ დაკავების ოქმის გაცნობის საშუალებით.
9. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული დაკავების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამგვარი რეგულირების ფარგლებში, პირი შესაძლებელია 12 საათის განმავლობაში ისე იყოს დაკავებული, რომ არ იცოდეს მისთვის თავისუფლების აღკვეთის საფუძველი. გარდა ამისა, თუ აღნიშნული 12 საათის განმავლობაში არ გამოიკვეთა დაკავებული პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დამადასტურებელი გარემოებები, დაკავებული პირი შეიძლება გათავისუფლდეს. თუმცა ადმინისტრაციული ორგანო მაინც არ არის ვალდებული, პირს განუმარტოს დაკავების მიზეზი. მოსარჩელის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მოქმედება ვრცელდება არა მხოლოდ სისხლის სამართლის, არამედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზეც, ხოლო პირი დაკავებულად ითვლება მისთვის თავისუფლების ფაქტობრივად აღკვეთის მომენტიდან. შესაბამისად, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებას.
10. გარდა ამისა, მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტს, ვინაიდან 12 საათის განმავლობაში პირის დაკავება იმგვარად, რომ არ განემარტოს ამ ღონისძიების საფუძველი, მას ართმევს შესაძლებლობას, დაკავებისთანავე საკუთარი უფლებების დაცვა ეფექტურად განახორციელოს.
11. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის პირველი, მე-2, 21, მე-3 და მე-4 ნაწილები, რომლებიც ადგენენ დამრღვევის პოლიციაში მიყვანასთან დაკავშირებულ საკითხებს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის მეორე წინადადებას, რომლის თანახმად, „დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არა უგვიანეს 48 საათისა“. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები პოლიციას აძლევს შესაძლებლობას, 48 საათზე მეტი ხნის განმავლობაში პირი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდეს სასამართლო კონტროლის გარეშე. გარდა ამისა, შესაძლებელია, პირი განყოფილებაში მიიყვანონ იმ სამართალდარღვევისთვის, რომლისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაკავება არ არის გათვალისწინებული.
12. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის ან პიროვნების ვინაობის დადგენის მიზნით პირის პოლიციაში მიყვანას, წარმოადგენს „თავისუფლების სხვაგვარ შეზღუდვას“ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მიზნებისთვის, რადგან პირის მიყვანა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება დახურულ სივრცეში – პოლიციის განყოფილებაში. სადავო ნორმები არ ითვალისწინებს რაიმე შეზღუდვას ადამიანის პოლიციის განყოფილებაში ყოფნის ვადასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ამგვარი ვადა შეიძლება აღემატებოდეს 48 საათს.
13. მოსარჩელე დამატებით აღნიშნავს, რომ მიყვანა და დაკავება ორი სრულიად დამოუკიდებელი ღონისძიებაა. დაკავების უფლებამოსილება არსებობს მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში და იმავე კოდექსით დადგენილი დაკავების მაქსიმალური ვადა – 12 საათი მიყვანის შემთხვევებზე ვერ გავრცელდება. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმები ცალსახად არ ახდენენ იმის რეგლამენტირებას, თუ რამდენ ხანს შეიძლება ჰქონდეს მიყვანილ პირს თავისუფლება შეზღუდული, შესაბამისად, სადავო ნორმა არ აკმაყოფილებს განსაზღვრულობის მოთხოვნას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან მიმართებით.
14. მოსარჩელე მხარემ განმწესრიგებელ სხდომაზე აგრეთვე აღნიშნა, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული სახალხო რაზმეულის ინსტიტუტის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული რეგულაციის არარსებობა ეწინააღმდეგება ნორმის განჭვრეტადობის პრინციპს, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთ პირობებში, როდესაც საქმე ადამიანის თავისუფლებაში ჩარევას ეხება. ამასთანავე, მოსარჩელე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, ანალოგიურ პირობებში, იმის მიუხედავად, რომ სადავო ნორმა რეალურად არ მოქმედებდა, სასამართლომ მაინც ცნო იგი არაკონსტიტუციურად.
15. მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის მე-6 ნაწილის კონსტიტუციურობის საკითხს. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმით ერთი საათის განმავლობაში მიყვანილი პირის თავისუფლების შეზღუდვაზე პასუხისმგებელია არა სახელმწიფო, არამედ – სახალხო რაზმეული, რომლის უფლებამოსილება, მათ შორის, ადამიანის დაკავების მანდატი კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის. მოსარჩელის აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ არანაირი მოქმედი სამართლებრივი აქტი არ განსაზღვრავს სახალხო რაზმეულის უფლებამოსილების სფეროს, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებას, რომლის თანახმად, „ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ“.
16. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილით გარკვეული საქმეების განსახილველად დაწესებულია ერთდღიანი ვადა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის მიხედვით, სამართალდარღვევის საქმეებზე, რომლებისთვისაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული დაკავება, საქმის სასამართლოში განხილვა უნდა დასრულდეს ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ვინაიდან დაკავებიდან 12 საათის განმავლობაში პირისთვის არ ხდება დაკავების მიზეზების განმარტება, მას საშუალება ერთმევა, ეფექტურად დაიცვას საკუთარი უფლებები. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმის არსებული რედაქციის პირობებში დაკავებულ პირს მხოლოდ ოქმის შედგენის შემდეგ ეძლევა შესაძლებლობა, აიყვანოს ადვოკატი, შეიმუშავოს დაცვის სტრატეგია, მოიპოვოს მტკიცებულებები და განახორციელოს სხვა ააუცილებელი საპროცესო მოქმედებები და ამისთვის მხოლოდ ერთი დღე-ღამე აქვს, მაშინ როდესაც მოწინააღმდეგე მხარეს ყველა საჭირო ქმედების განხორციელების შესაძლებლობა დაკავების მომენტიდან, ე.ი. დაკავებულ პირთან შედარებით 12 საათით უფრო ადრე ენიჭება, შესაბამისად, სადავო ნორმები არათანაბარ პირობებში აყენებს მხარეებს, დაკავებულ პირს ართმევს დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობას, რის გამოც სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტს.
17. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტს, რომლის თანახმადაც, „ბრალდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს თავისი მოწმეების ისეთივე პირობებში გამოძახება და დაკითხვა, როგორიც აქვს ბრალდების მოწმეებს”. მოსარჩელე განმარტავს, რომ კონსტიტუციაში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია ავტონომიური მნიშვნელობა და მათი შინაარსი დამოკიდებული ვერ იქნება ამ ტერმინების დარგობრივ შინაარსზე. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს გააჩნია დანაშაულებრივი ბუნება და, იმავდროულად, სანქცია, რომელიც პირს ეკისრება, ასრულებს სადამსჯელო და პრევენციულ ფუნქციას, აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევებზე უნდა გავრცელდეს 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოქმედება, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად საქმეში არ მონაწილეობს ბრალდებული. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ოქმის შემდგენი ადმინისტრაციული ორგანო პრივილეგირებულია იმ მხრივ, რომ მას პირის დაკავების 12 საათის განმავლობაში შეუძლია მიმართოს სასამართლოს კონკრეტული პირის მოწმედ დაკითხვის მოთხოვნით, ხოლო დაკავებულ პირს იგივე შესაძლებლობა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცნობის შემდეგ ეძლევა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმები არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტს.
18. მოსარჩელემ განმწესრიგებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა სარჩელის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ამ კოდექსის 421, 422, 45-ე და 166-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 173-ე და 1752 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება ერთი დღე-ღამის განმავლობაში“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტთან მიმართებით, აგრეთვე ამავე ნორმის იმ შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 421 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი დღე-ღამის განმავლობაში განხილვის საკითხის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებთან მიმართებით.
19. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელე მხარე დამატებით იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
20. მოპასუხე მხარის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლი დამოუკიდებლად არ ადგენს იმ შეზღუდვას, რომელიც მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია. შესაბამისად, არ არსებობს შინაარსობრივი მიმართება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლსა და საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებას და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტს შორის.
21. მოპასუხე მხარემ განმწესრიგებელ სხდომაზე აგრეთვე აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლით გათვალისწინებულმა რომელიმე სადავო ნორმამ დაარღვია მისი უფლებები. შესაბამისად, სარჩელი შეტანილია საამისოდ უფლებამოსილების არმქონე სუბიექტის მიერ. გარდა ამისა, მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული მიყვანის ინსტიტუტი დაკავებისგან მხოლოდ პირის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებით განსხვავდება და მასზე ვრცელდება დაკავებისთვის განსაზღვრული პროცედურები და ვადები.
22. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის მე-6 ნაწილთან დაკავშირებით მოპასუხემ მიუთითა, რომ სადავო ნორმა რეალურად არ მოქმედებს და არ ადგენს დაკავებაზე უფლებამოსილ სუბიექტებს, შესაბამისად, არ არსებობს შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებას შორის.
23. მოპასუხე მხარეს ასევე მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილით საქმის განხილვისთვის განსაზღვრული ერთ დღიანი ვადა არ არღვევს მოსარჩელის უფლებებს, ვინაიდან კანონმდებლობაში არსებობს დაცვის გარანტიები, კერძოდ – დამრღვევს აქვს შესაძლებლობა, სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის გზით გადადოს სხდომა. ამასთანავე, მოპასუხის აზრით, სადავო ნორმას არ დაურღვევია უშუალოდ მოსარჩელის უფლებები და, შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს კონსტიტუციური სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილ სუბიექტს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. ამავდროულად, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად.
2. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე, სხვა ნორმებთან ერთად, ითხოვს საქართველოს ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის სიტყვების „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია” (1992 წლის 3 აგვისტოს რედაქცია), ამავე კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის (1984 წლის 15 დეკემბრის რედაქცია), მე-6 ნაწილის (1984 წლის 15 დეკემბრის რედაქცია) და ამავე კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „421, 422, 45-ე და 166-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 173-ე და 1752 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება ერთი დღე-ღამის განმავლობაში” (2013 წლის 12 ივნისის რედაქცია) არაკონსტიტუციურად ცნობას.
3. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” 2014 წლის 1 აგვისტოს საქართველოს კანონის (№2649-რს) შესაბამისად, სადავო კანონში შევიდა ცვლილება და ზემოთდასახელებული სადავო ნორმების რედაქცია შეიცვალა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმის რედაქციის ცვლილება განიხილება ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადებად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე და სხვები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ”, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/1/520 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბენიამინ აბრამიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/545 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალბერტ ნურბეგიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/537 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის №2/4/526 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ ჯავახაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №2/6/496 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მამუკა ნინუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №2/8/501 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი ქურდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/1/474 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამავე დროს, №567 კონსტიტუციური სარჩელი არ არის მიღებული არსებითად განსახილველად და არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის გამოყენების და საკონსტიტუციო სამართალწარმოების გაგრძელების წინაპირობა.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №567 კონსტიტუციურ სარჩელზე უნდა შეწყდეს სამართალწარმოება სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის სიტყვების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია” (1992 წლის 3 აგვისტოს რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის (1984 წლის 15 დეკემბრის რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის მე-6 ნაწილის (1984 წლის 15 დეკემბრის რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „421, 422, 45-ე და 166-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 173-ე და 1752 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება ერთი დღე-ღამის განმავლობაში” (2013 წლის 12 ივნისის რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებთან მიმართებით.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა სარჩელის დასაბუთებულობა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინება №2/6/475 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
6. მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „ოქმის შედგენისას” არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებთან მიმართებით.
7. მოსარჩელის განცხადებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების ,,ოქმის შედგენისას” არაკონსტიტუციურობა იმაში მდგომარეობს, რომ ნორმის ეს ნაწილი უფლებების განმარტების ვალდებულებას უკავშირებს არა პირის დაკავებას, არამედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მომენტს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმიდან გამომდინარე, შესაძლოა პირის დაკავება მოხდეს იმგვარად, რომ არ განემარტოს უფლებები, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს.
8. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” 2014 წლის 1 აგვისტოს საქართველოს კანონის (№2649-რს) შესაბამისად, სადავო კანონში შევიდა ცვლილება და ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმადაც, ადმინისტრაციული დაკავების დროს დამკავებელი მოხელე ვალდებულია, დაკავებულს დაკავებისთანავე გასაგები ფორმით განუმარტოს: ა) მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დაკავების საფუძველი; ბ) რომ აქვს უფლება ადვოკატზე; გ) რომ აქვს უფლება, მისი სურვილის შემთხვევაში, მისი დაკავების ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს, აგრეთვე მისი სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციას. შესაბამისად, ადმინისტრაციული დაკავების პროცესში პირს განემარტება მისი უფლებები და დაკავების საფუძველი. ამდენად, დასახელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, გადაიჭრა მოსარჩელის მიერ დასმული პრობლემა და წარმოდგენილი არგუმენტაცია აღარ გამოდგება მოცემული სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი №567 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „ოქმის შედგენისას” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებთან მიმართებით, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.
10. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის პირველი, მე-21, მე-3 და მე-4 ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
11. აღნიშნულ ნორმებთან დაკავშირებით კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმები პოლიციას აძლევს შესაძლებლობას, 48 საათზე მეტი ხნის განმავლობაში პირი იყოლიოს პოლიციის განყოფილებაში სასამართლო კონტროლის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-18 მუხლის მოთხოვნებს.
12. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის პირველი, მე-21, მე-3 და მე-4 ნაწილებით დადგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის იდენტიფიცირების მიზნით დამრღვევის მიყვანის შესაძლებლობა. უნდა აღინიშნოს, რომ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” 2014 წლის 1 აგვისტოს საქართველოს კანონის (№2649-რს) შესაბამისად, სადავო კანონში შევიდა ცვლილება და ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ამ მუხლით გათვალისწინებული დამრღვევის მიყვანის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ხდება დამრღვევის ადმინისტრაციული დაკავება. იგი მიყვანილი უნდა იქნეს, რაც შეიძლება მცირე დროში. ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციულმა დაკავებამ არ უნდა გასტანოს თორმეტ საათზე მეტ ხანს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დამრღვევის მიყვანის შემთხვევაში, პირის თავისუფლება შესაძლოა შეზღუდული იყოს არაუმეტეს თორმეტი საათისა და არ გადააჭარბებს კონსტიტუციის მე-18 მუხლით დადგენილ 48-საათიან ზღვარს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ კონსტიტუციურ სარჩელში დასმული პრობლემა გადაჭრილია და წარმოდგენილი არგუმენტაცია აღარ გამოდგება ხსენებული სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად.
13. ამგვარად, კონსტიტუციური სარჩელი №567 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის პირველი, მე-21, მე-3 და მე-4 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის `ვ~ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის `ე~ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის `ა~ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის `ე” ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის `ა” ქვეპუნქტის, მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. კონსტიტუციური სარჩელი №567 (საქართველოს მოქალაქე რევაზი კოპალიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „ოქმის შედგენისას” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებთან მიმართებით.
ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის პირველი, მე-21, მე-3 და მე-4 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით
2. შეწყდეს სამართალწარმოება კონსტიტუციურ სარჩელზე №567 (საქართველოს მოქალაქე რევაზი კოპალიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის სიტყვების „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია” (1992 წლის 3 აგვისტოს რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის (1984 წლის 15 დეკემბრის რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის მე-6 ნაწილის (1984 წლის 15 დეკემბრის რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „421, 422, 45-ე და 166-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 173-ე და 1752 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება ერთი დღე-ღამის განმავლობაში” (2013 წლის 12 ივნისის რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებთან მიმართებით
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი