საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/2/696 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 6 თებერვალი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 6 თებერვალი 2017 15:05 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში მცირე ოდენობის გრაფაში ფიქსირებული ტირეს (-) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ (ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისთვის გათვალისწინებული სასჯელი) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 20 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №696) მიმართა საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 24 ნოემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 6 თებერვალს.
2. №696 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრულია ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინი და მისი მცირე ოდენობის გრაფა აღნიშნულია ტირეთი (-), რაც გულისხმობს, რომ აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებას არ გააჩნია განსაზღვრული მცირე ოდენობა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე. მე-2 ნაწილის თანახმად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, პირველი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები, ჩადენილი დიდი ოდენობით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს, ხოლო მე-16 მუხლი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას განამტკიცებს. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელეს პირადი ჩხრეკისას თან აღმოაჩნდა 0,00009 გრამი ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინი და ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზადება-შენახვისთვის.
6. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ, ვინაიდან „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული დეზომორფინისთვის კანონმდებელმა არ განსაზღვრა ოდენობები (შესაბამისად, 0,00009 გრამიც ითვლება დიდ ოდენობად), სახელმწიფო ბრალმდებელს დანაშაულის კვალიფიკაციისას, ხოლო მოსამართლეს განაჩენის გამოტანისას არ აქვთ შესაძლებლობა, ინდივიდუალურად განსაზღვრონ დანაშაულის კვალიფიკაცია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, დანაშაულის გარემოებებისა და სხვა რელევანტური ფაქტების შეფასების საფუძველზე.
7. მოსარჩელე მხარის განცხადებით, სადავო ნორმა დისკრიმინაციულია, რადგან იწვევს არათანასწორ მოპყრობას არსებითად თანასწორი პირების მიმართ. მოსარჩელის აზრით, კანონმდებელმა უნდა შექმნას მინიმალური გარანტიები იმისთვის, რომ მოსამართლეს ჰქონდეს შესაძლებლობა, არსებითად თანასწორ პირებს სხვადასხვა ოდენობების შეძენა-შენახვის გამო სხვადასხვანაირი სანქცია დაუწესოს. არსებითად თანასწორობის ფაქტის სამტკიცებლად მოსარჩელე მიუთითებს იდენტური ბუნებისა და მიზნების მქონე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაზე. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოწესრიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას.
8. მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, საქართველოს სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის დადგენილი სანქციის გათანაბრება ისეთი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის განკუთვნილ სანქციებთან, როგორიც არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებზე, წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, ის, რომ სადავო ნორმით არ ხდება სანქციების გამიჯვნა სხვადასხვა ოდენობის ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინისთვის, მის არაკონსტიტუციურობას უსვამს ხაზს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს. გარდა ამისა, ვინაიდან კონკრეტული ქმედებისთვის გათვალისწინებულია ზედმეტად მკაცრი სისხლისსამართლებრივი სანქცია, სადავო ნორმა ზედმეტი ინტენსივობით ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.
9. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება პერსონალურად მოსარჩელის მიმართ. მოსარჩელის განცხადებით, თუკი საერთო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომა დასრულდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და მოსარჩელეს ცნობენ დამნაშავედ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს თეორიული შესაძლებლობა, გადაისინჯოს მისი სასჯელი, მოსარჩელეს შესაძლებელია რამდენიმე წლის გატარებაც კი მოუწიოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რაც მას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.
10. მოსარჩელე მხარე, თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად, დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. მოსარჩელე მხარე ითხოვს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში მცირე ოდენობის გრაფაში ფიქსირებული ტირეს (-) არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. მოსარჩელის აზრით, ის ფაქტი, რომ დეზომორფინს არ აქვს განსაზღვრული მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს არსებითად თანასწორ პირებთან მიმართებით.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანასწორ მოპყრობას და პირიქით. „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აქცევს.
4. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხოლოდ მიუთითებს, რომ დანაშაულს გააჩნია იდენტური ბუნება და იდენტური ნიშნები. სარჩელში არ არის იდენტიფიცირებული, პირთა რომელი წრის მიმართ და რა ფორმით იწვევს დიფერენცირებას სადავო ნორმა. გარდა ამისა, სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება გამოწვეულია მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორი აღქმით, კერძოდ, ნორმა არ განსაზღვრავს დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობის განმსაზღვრელ წესს, ის ასევე არ აწესებს პასუხისმგებლობას. შესაბამისად, სადავო ნორმა არ იწვევს მოსარჩელის მიერ იდენტიფიციერებულ პრობლემას. თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მიმართ დისკრიმინაციულად ხდება სისხლის სამართის პასუხისმგებლობის დაკისრება ან სასჯელის გამოყენება მან უნდა გაასაჩივროს პასუხისმგებლობის დამდგენი/სასჯელის განმსაზღვრელი წესი და, იმავდროულად, დაასაბუთოს, თუ რა ფორმით ხდება დიფერენცირება და ვის მიმართ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. მოსარჩელე ასევე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ (ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისთვის გათვალისწინებული სასჯელი) არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან. 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე. მე-2 ნაწილის თანახმად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, ზემოაღნიშნული ქმედებები, ჩადენილი დიდი ოდენობით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. მოსარჩელე პრობლემატურად მიიჩნევს აღნიშნული ნორმის მხოლოდ იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც აწესებს სასჯელს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზადება, შეძენა-შენახვისთვის. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო, შეზღუდულია რა სასარჩელო მოთხოვნით, ამ ეტაპზე შეაფასებს გასაჩივრებული ნორმის მხოლოდ ამ ნორმატიული შინაარსის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს.
6. მოსარჩელე ითხოვს ზემოაღნიშნული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, თუმცა სარჩელში არ არის მოყვანილი არც ერთი არგუმენტი სადავო ნორმის კონსტიტუციის დასახელებულ მუხლთან შესაძლო შემხებლობისა და, მით უფრო, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, არგუმენტებისა და სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში სასარჩელო მოთხოვნა ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნას კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი №696 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დიდი ოდენობით პირადი მოხმარების მიზნისთვის დამზადება, შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
7. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სხვა მხრივ №696 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
8. მოსარჩელე მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, სადავო ნორმის მოქმედების პერსონალურად მისდამი შეჩერების შესახებ. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ მის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს.
9. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი არის „...საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლებების პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისთვის გამოუსწორებელი შედეგი“ (საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37).
10. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის „არსს და მიზანს არ წარმოადგენს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება კონკრეტული პირების მიმართ ინდივიდუალურად, პერსონალურად. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმატიულ აქტს შეუძლია თუ არა რომელიმე მხარისთვის გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევა ისევე, როგორც, თუ რას წარმოადგენს „გამოუსწორებელი შედეგი“, უნდა დადგინდეს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებების შეფასების საფუძველზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 თებერვლის საოქმო ჩანაწერი №1/1/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
11. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
12. №696 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელის ძირითადი არგუმენტაცია გამოუსწორებელ შედეგთან მიმართებით ემყარება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფრთხეს. მოსარჩელე ხაზს უსვამს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის ხანგრძლივობის ფაქტზე, რის გამოც, მოსარჩელეს შესაძლოა რამდენიმე წელიც კი მოუხდეს არაკონსტიტუციური ნორმის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნა. თუმცა მოსარჩელე არ მიუთითებს კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებზე, რომლის გამოსწორებაც ვერ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. სარჩელში არ არის აღნიშნული, თუ რატომ ვერ აღადგენს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა მოსარჩელის დარღვეულ უფლებას. მოსარჩელის მსჯელობაში არ იკვეთება ობიექტური გარემოებები, რაც ხაზს გაუსვამდა უფლებათა შეუქცევადი დარღვევის საფრთხეს. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დასასაბუთებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი არ აქვს არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მისთვის საბოლოო ხასიათის და, შესაბამისად, გამოუსწორებელი შედეგის მატარებელია. ხსენებულიდან გამომდინარე, არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებისათვის.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №696 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დიდი ოდენობით პირადი მოხმარების მიზნისთვის დამზადება, შეძენა, შენახვისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №696 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში მცირე ოდენობის გრაფაში ფიქსირებული ტირეს (-) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
3. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №696 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დიდი ოდენობით პირადი მოხმარების მიზნისთვის დამზადება, შეძენა, შენახვისთვის, საქართველოს მე-16 მუხლთან მიმართებით.
4. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
5. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
6. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
8. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა