საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/8/696 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 13 ივლისი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 ივლისი 2017 18:57 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დიდი ოდენობით დამზადების, შეძენისა და შენახვის გამო.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები: ნინო გელაშვილი და ვახუშტი მენაბდე; მოპასუხე მხარის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები: ქრისტინე კუპრავა და გიორგი თორდია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 20 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №696) მიმართა საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 24 ნოემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 6 თებერვალს. 2017 წლის 6 თებერვლის №1/2/696 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული. საქმის არსებითი განხილვა გაიმართა 2017 წლის 5 აპრილს და 5 მაისს.
2. №696 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა ჩადენილი დიდი ოდენობით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს პირადი ჩხრეკისას თან აღმოაჩნდა 0,00009 გრამი ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინი და ბრალდებულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზადება-შენახვისთვის. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ, სადავო ნორმის საფუძველზე, მოსარჩელეს შეეფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და დამატებით სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათის ოდენობით.
6. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრულ დეზომორფინს არ გააჩნია მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობები, რის გამოც ნებისმიერი ოდენობის დეზომორფინი, რომელიც არ აღემატება ერთ გრამს, კვალიფიცირდება როგორც დიდი ოდენობა. სადავო ნორმით დაწესებულია სასჯელი, მათ შორის იმ ოდენობის დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის, რომელიც გამოუსადეგარია მოსახმარად. მოსარჩელის აზრით, 0,00009 გ. დეზომორფინი არ უქმნის საფრთხეს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. მისი თქმით, სადავო ნორმის ბლანკეტურობის გამო, სახელმწიფო ბრალმდებელს დანაშაულის კვალიფიკაციისას, ხოლო მოსამართლეს განაჩენის გამოტანისას არ აქვთ შესაძლებლობა, ინდივიდუალურად განსაზღვრონ დანაშაულის კვალიფიკაცია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, დანაშაულის გარემოებებისა და სხვა რელევანტური ფაქტების შეფასების საფუძველზე.
7. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ნარკოტიკული საშუალების დამზადება, შეძენა და შენახვა წარმოადგენს უფრო დიდი საზოგადოებრივი საფრთხის შემცველ ქმედებას, ვიდრე მისი მოხმარება, რადგან ამ უკანასკნელ შემთხვევაში აღარ არსებობს მისი შემდგომში მოხმარების ან/და გასაღების ჰიპოთეტური რისკიც კი. დეზომორფინის მოხმარება ხდება ინტრავენური გზით. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების სრულად, 100%-ით მოხმარება შეუძლებელია და ინიექციისთვის გამოყენებულ შპრიცში ყოველთვის რჩება მიკროსკოპული ოდენობის დეზომორფინი, რომლის შეუიარაღებელი თვალით დანახვა და გამოცალკევება შეუძლებელია. მოსარჩელის შემთხვევაში ინიექციისთვის გამოყენებულ შპრიცში დარჩენილმა დეზომორფინის ოდენობამ შეადგინა 0,00009 გ., რისთვისაც დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. მოსარჩელის წარმომადგენლის თქმით, პირის დასჯა იმ ოდენობის დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის, რომელიც დარჩა მისი მოხმარების შედეგად და, ამასთან, მისი სიმცირის გამო გამოუსადეგარია შემდგომი მოხმარებისთვის, უთანაბრდება ერთი ქმედებისთვის ორჯერ მსჯავრდებას, რადგან პირი ისჯება არა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, არამედ მისი შეძენისა და შენახვის გამოც.
8. მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის დადგენილი სანქციის გათანაბრება ისეთი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის განკუთვნილ სანქციებთან, როგორიც დაწესებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის, წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
9. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად, დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
10. მოპასუხე მხარის პოზიციით, დეზომორფინი მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ნარკოტიკულ საშუალებათა რიცხვს. მისი ანელგეზიური ეფექტი დაახლოებით 10-ჯერ აღემატება მორფინის ეფექტს. იგი ხასიათდება სწრაფად განვითარებადი მოქმედებითა და ხანმოკლე ნახევარ-გამოყოფის პერიოდით, რაც იწვევს ფიზიკური დამოკიდებულების სწრაფ განვითარებას და გამოყენების სიხშირის ზრდას. ამ თვისებების გამო, დეზომორფინი ხასიათდება დამოკიდებულების განვითარების მეტი პოტენციალით, ვიდრე მორფინი და ჰეროინი. დეზომორფინის მოხმარება იწვევს სისხლძარღვების, კუნთებისა და ძვლების მყისიერ დაზიანებას, აბსცესს, თრომბოფლებიტს, განგრენას (ამპუტაციას) და მასშტაბურ ნეკროზებს, აზიანებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, იწვევს კანის დაჩირქებასა და გარქოვანებას, პნევმონიას, სეფსისს, ფილტვების ანთებას, მენინგიტს, მეტყველებისა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევას, კონცენტრაციის უნარის დაქვეითებასა და ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშ სხვა დაზიანებებს. ვინაიდან დეზომორფინის მოხმარება ხდება ინტრავენური გზით, არსებობს ერთი და იმავე შპრიცის გაზიარების საფრთხე, რაც ზრდის დაავადებების გავრცელების შესაძლებლობას. ამასთან, არსებობს ზედოზირების მაღალი რისკიც.
11. პარლამენტის წარმომადგენლის თქმით, დეზომორფინის დამზადება შესაძლებელია კუსტარული წესით, რისთვისაც საჭიროა ძალიან მარტივი ლაბორატორიული აღჭურვილობა. იგი შესაძლებელია დამზადდეს ისეთი იაფი და ადვილად ხელმისაწვდომი მასალისგან, როგორიცაა: საყოფაცხოვრებო ქიმია, იოდი, მარილმჟავა, წითელი ფოსფორი (ასანთის თავები) და ორგანული გამხსნელები: ბენზინი, ეთილის აცეტატი ან საღებავის გამხსნელები. მისი განცხადებით, დეზომორფინის მარტივად დამზადების შესაძლებლობა კიდევ უფრო ზრდის მისგან მომდინარე რისკებს.
12. მოპასუხის პოზიციით, კანონმდებლის მიზანია, დაიცვას საზოგადოება აბსტრაქტული, მაგრამ მომეტებული საფრთხეებისგან. აუცილებელია, არსებობდეს ეფექტური ბრძოლის საშუალება ისეთი საშიში ნარკოტიკული საშუალების წინააღმდეგ, როგორიცაა დეზომორფინი. მისი მცირე, მიკროსკოპული ოდენობის აღმოჩენაც ადასტურებს დეზომორფინის დამზადებისა და შენახვის ფაქტს. შესაბამისად, კანონმდებელი სჯის იმ ქმედებას, რაც დეზომორფინის მოხმარებამდე განხორციელდა, რათა მოხდეს შემდგომში ანალოგიური დანაშაულის პრევენცია და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა.
13. ყოველივე ზემოხსენებულის საფუძველზე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან.
14. მოპასუხე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომლის თანახმადაც, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადამიანებს აბსოლუტურად იცავს ამავე ნორმით აკრძალული ქმედებებისგან. ანუ კონსტიტუციური აკრძალვა ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი, პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენების თაობაზე ადამიანების აბსოლუტური უფლებებია, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ჩარევას. ნიშანდობლივია, რომ ეს აკრძალვა ვრცელდება ომის და საგანგებო მდგომარეობის დროსაც. შესაბამისად, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, დაუძლეველი ინტერესი, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის (ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა, სახელმწიფო უსაფრთხოება და სხვა), რომლის დასაცავადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ უფლებებში ჩარევის გამართლება. კონსტიტუციამ პოტენციური კონფლიქტი მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციით დასაცავ ნებისმიერ სხვა ღირებულ ინტერესს შორის, რომლის დაცვის მუდმივი ვალდებულებაც ქვეყნის ხელისუფლებას აქვს, იმთავითვე და უპირობოდ გადაწყვიტა ადამიანის ღირსების სასარგებლოდ. ცხადია, ხელისუფლება არ თავისუფლდება კონსტიტუციური ვალდებულებისგან, დაიცვას მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები, კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნები (სახელმწიფო უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, სხვათა უფლებები, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება და სხვა), თუმცა ვერც ერთი ამ სიკეთის დაცვა ვერ გაამართლებს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ და სასტიკ მოპყრობას, პატივისა და ღირსების შემლახველ ქმედებას ან სასჯელს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).
3. საკონსტიტუციო სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მე-17 მუხლზე მსჯელობისას უკვე აღნიშნა, რომ „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).
4. ზოგადად, სასჯელის პოლიტიკის განსაზღვრისას განსაკუთრებულად ფართოა კანონმდებლის დისკრეცია და საკონსტიტუციო სასამართლო სასჯელს არაპროპორციულად და ღირსების შემლახავად მიიჩნევს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. „საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, შეაფასოს სასჯელთა პოლიტიკა იმ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც მისი შედეგი ადამიანის ამა თუ იმ უფლების დარღვევაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სასჯელის ყველა ზომის კონსტიტუციურობაზე პოტენციურად მსჯელობაუნარიანია. ასეთი მიდგომა დაარღვევდა ბალანსს სასამართლოს და კანონმდებლის კომპეტენციებს შორის, შექმნიდა ცდუნებას, მართლმსაჯულებამ ჩაანაცვლოს კანონმდებელი. თუმცა ამ სფეროში შესვლისას სასამართლოს სიფრთხილე უსაფუძვლო და უადგილო გახდება, როდესაც სასჯელის ზომა აშკარად არაგონივრული და არაპროპორციულია. სასამართლო უფლებამოსილია და ვალდებულიც, შეაფასოს იმ სასჯელთა კონსტიტუციურობა, რომელთა არაადეკვატურობის, არაპროპორციულობის დონე მნიშვნელოვან ხარისხს აღწევს, დისბალანსი მკაფიოდ, მკვეთრად გამოხატულია. რადგან ასეთ შემთხვევაში სასჯელი სცდება თავის მიზნებს და გაუმართლებლად ზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34).
5. მოცემული დავის ფარგლებში უნდა შეფასდეს კონკრეტული ქმედებისთვის გათვალისწინებული სასჯელი 0,00009 გ. დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის დაწესებული სანქცია − თავისუფლების აღკვეთა ხუთიდან რვა წლამდე წარმოადგენს თუ არა აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და, შესაბამისად, არღვევს თუ არა კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
6. მართალია, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ განაცხადა, რომ იგი სადავოდ ხდის დეზომორფინის ნებისმიერ ოდენობას, რომელიც ობიექტურად არ არის მოხმარებადი, მაგრამ, ვინაიდან, საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია სასარჩელო მოთხოვნით, მოცემული დავის ფარგლებში შეფასდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის მხოლოდ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სარჩელში სადავოდ არის გამხდარი მოსარჩელის მიერ. კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელისთვის პრობლემურია არა, ზოგადად, დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის დაწესებული სანქცია, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის მხოლოდ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 0,00009 გ. დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის.
7. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის არაპროპორციულობაზე მსჯელობა მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, სასჯელი დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული“. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: 1) მოწმდება აშკარა არაპროპორციულობა დანაშაულის სიმძიმესა და მისთვის გათვალისწინებულ სასჯელს შორის - კანონმდებლობით ამა თუ იმ ქმედებისთვის დაკისრებული სასჯელი გონივრულ და პროპორციულ დამოკიდებულებაში უნდა იყოს კონკრეტული დანაშაულით გამოწვევად ზიანთან, რომელიც ადგება/შეიძლება მიადგეს პირებს/საზოგადოებას. სასჯელი ჩაითვლება აშკარად არაპროპორციულად და არაადამიანურ, სასტიკ სასჯელად, თუ მისი ხანგრძლივობა მკვეთრად, უხეშად დისპროპორციულია ქმედების უმართლობის ხარისხთან, გამოწვევად საფრთხეებთან. 2) კანონი უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, მოსამართლემ სასჯელის დაკისრებისას გაითვალისწინოს კონკრეტული საქმის გარემოებები, ქმედებით გამოწვეული ზიანი, დამნაშავის ბრალეულობის ხარისხი და სხვა, რათა ფაქტობრივად გამოირიცხოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ყველა რელევანტური ფაქტორის/გარემოების გაუთვალისწინებლად არაპროპორციული სასჯელის შეფარდება. მაშასადამე, ერთი მხრივ, ზოგადად, ამა თუ იმ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით. ამასთან, მოსამართლის დისკრეციის ფარგლები ასევე განჭვრეტადი უნდა იყოს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს როგორც ერთგვაროვანი ურთიერთობების მიმართ ერთნაირი მიდგომა, ისე მოსამართლის დისკრეციის მიზნობრივი გამოყენება - გამოირიცხოს დისკრეციაზე დაყრდნობით მხოლოდ სუბიექტური შეხედულებებით გადაწყვეტილების მიღების რისკები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
8. „სასჯელის პროპორციულობის შემოწმება შეუძლებელი იქნება, თუ არ განისაზღვრება თავად დანაშაულებრივი ქმედების ხასიათი, მისი სიმძიმე და ქმედებით გამოწვევადი საფრთხე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
9. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ამა თუ იმ უკანონო ნივთიერების/საგნის ფლობის, შეძენის, შენახვის დასჯადობა, როგორც წესი, დაკავშირებულია სწორედ მათი ბრუნვაში გაშვებისა და რეალიზაციის რისკებთან. ცალკეულ შემთხვევაში, კონკრეტული საგნის, ნივთის ფლობა, შეძენა, შენახვა, დამზადება რეალიზაციის მიზნების გარეშეც საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს თავად ამ ნივთიერების/საგნის ბუნებიდან, თვისებებიდან გამომდინარე. მაგალითად, ასაფეთქებელი ნივთიერებები, რომელთა ფლობისა და შენახვის თავად ფაქტი უკვე საფრთხის შემცველი რისკის თავისთავად მატარებელია. ნარკოტიკული ნივთიერებები/საშუალებები, მათი მავნე თვისებების მიუხედავად, ასეთი თავისთავადი რისკის მატარებელი არ არის, ამიტომ მათი დამზადების, შეძენის, შენახვის და ა.შ. რეგულირება/აკრძალვა ხდება სწორედ იმ საფრთხეების გამოსარიცხად, რომელიც მათ მოხმარებას, რეალიზაციას უკავშირდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-65).
10. ზოგადად, დეზომორფინის, ისევე როგორც ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების დამზადებისა და შენახვისა, დასჯადობა განპირობებულია მათი მოხმარების, რეალიზაციის საფრთხეების თავიდან აცილების, პრევენციის მიზნით. სასამართლოს არსებით სხდომაზე მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი კვლევებით დასტურდება, რომ დეზომორფინის მოხმარება იწვევს სხვადასხვა სახის მძიმე დაავადებებს და წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უაღრესად საშიშ ნარკოტიკულ საშუალებას. ცხადია, სახელმწიფოს გააჩნია ლეგიტიმაცია, დაიცვას ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, შესაბამისად, დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის სასჯელის დაწესება ემსახურება ღირებულ საჯარო მიზანს - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას.
11. ამასთან, იმისთვის, რომ დეზომორფინის შეძენამ, შენახვამ ან დამზადებამ დასახელებულ სიკეთეს საფრთხე შეუქმნას, აუცილებელია, რომ სახეზე იყოს მისი ის ოდენობა, რაც გამოყენებადია მოსახმარად. ბუნებრივია, რომ, რაც უფრო მცირეა დეზომორფინის ოდენობა, მით უფრო ნაკლები ეფექტის მოხდენა შეუძლია მას ადამიანის ჯანმრთელობაზე. მართალია, დეზომორფინი წარმოადგენს ძლიერმოქმედ ნარკოტიკულ საშუალებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი ნებისმიერი, მიკროსკოპული ოდენობაც კი ავტომატურად უქმნის საფრთხეს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. მოსარჩელე მხარის განცხადებით, ნარკოტიკული თრობის მისაღწევად გამოიყენება საშუალოდ 0,01 გ. დეზომორფინი, რაც დაახლოებით 111-ჯერ აღემატება მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ ოდენობას. ადამიანის ჯანმრთელობისათვის დეზომორფინის საშიშროებას განაპირობებს მისი მოხმარების შესაძლებლობა, ამავე დროს, ბუნებრივია, იმისათვის, რომ დეზომორფინი იყოს მოხმარებადი, საჭიროა სახეზე იყოს მისი გარკვეული ოდენობა.
12. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „შეზღუდვას/რეგულირებას შეიძლება ექვემდებარებოდეს ქმედება, რომელიც ანტისოციალურია თავისი ხასიათით და რომელმაც, მაღალი ალბათობით, შეიძლება გამოიწვიოს რეალური საფრთხე ასეთი ქმედების განხორციელების მომენტში, პოტენციურად შეუქმნას საფრთხე სხვათა ჯანმრთელობას ან საზოგადოებრივ წესრიგს. ამასთან, ცხადია, რომ ანტისოციალურ ქმედებაზე სახელმწიფოს პასუხი უნდა მკაცრდებოდეს მხოლოდ ქმედებით გამოწვევადი საფრთხეების სიმწვავის, რეალურობის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-75). „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრულია დეზომორფინის ოდენობები. მოცემული რეგულაციის თანახმად, აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებას არ გააჩნია მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობები. შესაბამისად, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის შენიშვნის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, დეზომორფინის ნებისმიერი ოდენობა, რომელიც არ აღემატება ერთ გრამს, წარმოადგენს დიდ ოდენობას, განურჩევლად იმისა, გამოყენებადია თუ არა იგი მოსახმარად.
13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის რეგულირების ქვეშ ექცევა ერთ გრამზე ნაკლები (მათ შორის 0,00009 გ.) ნებისმიერი ოდენობის დეზომორფინის უკანონოდ დამზადება, შეძენა და შენახვა. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელემ განაცხადა, რომ ობიექტურად შეუძლებელია აღნიშნული ოდენობის დეზომორფინის მოხმარება. იგი წარმოადგენს დეზომორფინის მოსახმარად გამოყენებული შპრიცის ანაფხეკებს, რომელთა შეუიარაღებელი თვალით დანახვა და, მით უფრო, მისი გამოცალკევება შეუძლებელია სპეციალური ლაბორატორიული სამუშაოების გარეშე. შესაბამისად, არ არსებობს მისი მოხმარების ან/და ბრუნვაში გაშვებისა და რეალიზაციის რისკები. მოპასუხე მხარის მიერ აღნიშნული ფაქტის უარყოფა არ მომხდარა. ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც არ დგას ნარკოტიკის მოხმარების ან/და გავრცელებისგან საზოგადოების დაცვის საჭიროება.
14. ზოგადად, ნარკოტიკული საშუალების დამზადება, შეძენა და შენახვა მიიჩნევა უფრო დიდი საფრთხის მატარებელ ქმედებად, ვიდრე მისი მოხმარება. როგორც სასამართლოს არსებით სხდომაზე დადგინდა, დეზომორფინის მოხმარება ხდება ინტრავენური გზით, საამისოდ გამოყენებულ შპრიცში კი, როგორც წესი, რჩება მისი მიკროსკოპული ოდენობა. ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ მოსარჩელის შემთხვევაში აღნიშნულმა ოდენობამ შეადგინა 0,00009 გრამი. დეზომორფინის ის ოდენობა, რომელიც რჩება მისი მოხმარების შედეგად და რომლის გამოცალკევებაც ობიექტურად შეუძლებელია ან დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, არა მხოლოდ არ მიანიშნებს პირის განზრახვაზე, შემდეგ ჯერზე კვლავ მოიხმაროს დარჩენილი დეზომორფინი, არამედ არ წარმოშობს მისი მოხმარების ობიექტურ შესაძლებლობასაც კი.
15. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარეს საერთოდ არ მიუთითებია, რა ტიპის საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს სადავოდ გამხდარი ოდენობით დეზომორფინის შენახვა. იგი აპელირებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ დეზომორფინის თუნდაც მიკროსკოპული ოდენობით აღმოჩენა მიუთითებს მისი დამზადებისა და შენახვის ფაქტზე.
16. დეზომორფინის დასამზადებლად გამოყენებულ ჭურჭელში აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების კვალი მართლაც შეიძლება მიუთითებდეს, რომ დასახელებულ ჭურჭელში დამზადდა ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის შესაძლოა იმ ოდენობით, რომელიც საკმარისი იქნებოდა არაერთი პირის მიერ მოსახმარად. ამავე დროს, №696 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს არ წარმოადგენს დეზომორფინის იმ ოდენობით დამზადების, შეძენის ან/და შენახვის გამო სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების კონსტიტუციურობა, რომელიც ვარგისია თუნდაც ერთი პირის მიერ ერთჯერადად მოხმარებისთვის. სადავო არ არის არც ჭურჭელზე არსებული ნარკოტიკული საშუალების კვალის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობა, რათა სამართალდამცავმა ორგანოებმა ამტკიცონ ამა თუ იმ პირის მიერ მოსახმარად ვარგისი ოდენობით დეზომორფინის დამზადების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმით დასჯადია იმ ოდენობით დეზომორფინის დამზადება, რომელიც არ გამოდგება მოსახმარად. შესაბამისად, სწორედ ამ ქმედების საშიშროება უნდა შეფასდეს სასჯელის პროპორციულობაზე მსჯელობისას და არა იმ დანაშაულის, რომლის ჩადენის ეჭვებსაც შეიძლება აჩენდეს იგი.
17. როგორც უკვე აღინიშნა, საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელია დეზომორფინის იმ ოდენობით დამზადება, რაც გამოყენებადია მოხმარებისთვის. 0,00009 გ. დეზომორფინის დამზადება, ერთი მხრივ, მისი დამამზადებლის მხრიდან, წარმოადგენს ალოგიკურ და უმიზნო ქმედებას (სავსებით შესაძლებელია დეზომორფინის ამ ოდენობით დამზადება შეუძლებელიც კი იყოს სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენების გარეშე), ხოლო, მეორე მხრივ, ცხადია, რომ ზემოხსენებული ოდენობით დეზომორფინის დამზადება და შენახვა მისი მოხმარების ან/და გასაღების საფრთხეს არ ქმნის.
18. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ოდენობის დეზომორფინი პირის მფლობელობაში შესაძლებელია აღმოჩნდეს სხვადასხვა გზით. როგორც წესი, დეზომორფინის მოსახმარად გამოყენებულ შპრიცში ან/და მის დასამზადებლად გამოყენებულ ჭურჭელში ყოველთვის რჩება აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების მიკროსკოპული ოდენობა. ზემოხსენებული შემთხვევები შესაძლოა მიუთითებდეს პირის მიერ დეზომორფინის დამზადების ან/და მოხმარების ფაქტზე. თუმცა ცალკე აღებული, სადავოდ გამხდარი ოდენობით, დეზომორფინის დამზადებისა და შენახვის ფაქტი თავისთავად არ შეიცავს ისეთ საფრთხეებს, რომლებმაც, შესაძლოა, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გაამართლოს. აშკარაა, რომ სისხლისსამართლებრივად სადავო ნორმის პრაქტიკული რელევანტურობა გამოიხატება დეზომორფინის მოხმარების ფაქტის შენახვის ფორმით დასჯაში, რისთვისაც დასჯადად ცხადდება დეზომორფინის მოხმარების ან/და გასაღების მიზნით შენახვისაგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი ქმედება. ამდენად, აშკარაა, რომ სადავო ნორმით კანონმდებელი თავისი მიზნის, დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვის პრევენციის მისაღწევად სჯის ისეთ ქმედებას, რომელიც ზემოთ ხსენებულ საფრთხეებს თავისთავად არ ქმნის.
19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად მიიჩნია თავისუფლების აღკვეთის გამოყენება იმ შემთხვევაში, როდესაც პირი მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას აზიანებს და ნარკოტიკის გავრცელების ფაქტი ან გავრცელების გარდაუვალი აუცილებლობა არ დასტურდება. მოცემულ შემთხვევაში კი პირი ისჯება ისეთი ქმედებისათვის, რომელიც არ ქმნის არათუ ნარკოტიკული საშუალების გასაღების, არამედ მოხმარების საფრთხესაც კი. ამდენად, სადავო ნორმით დაწესებული სასჯელი (0,00009 გ. დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის) ემსახურება მხოლოდ დეზომორფინის შეძენის, დამზადებისა და მოხმარების ზოგადი პრევენციის მიზანს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანი, კონსტიტუციური გამაშუალებლის, ანუ პროპორციულობის გარეშე, მიემართება კონკრეტულ ინდივიდს და აქცევს მას ძალაუფლების ობიექტად, რადგან სასჯელი ლეგიტიმაციას არ იღებს ქმედებისგან, მას არ ამართლებს პირის ქმედებიდან მომდინარე საშიშროება. ამგვარად, ადამიანი იქცევა ინსტრუმენტად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რაც გარდაუვლად იწვევს მისი ღირსების ხელყოფას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-83). სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედებისათვის, თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, სახელმწიფო პირს იყენებს ზოგადი პრევენციის მიზნების მისაღწევად. ამ სიმკაცრის სასჯელის წყარო არის არა პირის მიერ ჩადენილი ქმედება, არამედ ზოგადი პრევენციის მიზნები, ხოლო მსჯავრდებული პირი ზემოხსენებული მიზნების მიღწევის საშუალებაა. „მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
20. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, სარჩელში მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გ.), ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.
21. მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს ამოცანას არ წარმოადგენს იმის გარკვევა, დეზომორფინის რა ოდენობა უნდა იქნეს მიჩნეული მისი გამოყენებისთვის ვარგის ოდენობად და რა არა. სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ 0,00009 გ. დეზომორფინი (რომელიც მოსარჩელეს აღმოაჩნდა) არ წარმოშობს მისი მოხმარების ან/და გასაღების რისკებს. შესაბამისად, სადავო ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ ემსახურება რომელიმე ღირებული საჯარო მიზნის მიღწევას. „ნორმა ამ მხრივ პრობლემატურია მისი ბლანკეტურობის გამო, რაც გამორიცხავს ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობას და პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას საფრთხის რეალურობისა და ხარისხის გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-95).
III
სარეზოლუციო ნაწილი
კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №696 (საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი) ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილებას დაერთოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის
გიორგი კვერენჩხილაძის
განსხვავებული აზრი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილებაზე
1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
2. ვიზიარებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ 0,00009 გრამი დეზომორფინი გამოუსადეგარია მოსახმარად და არ წარმოშობს მისი მოხმარების ან/და გასაღების რისკებს. შესაბამისად, დასახელებული ოდენობის დეზომორფინის დამზადება, შეძენა ან/და შენახვა არ არის საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელი. აღნიშნული ქმედებისთვის სადავო ნორმით დაწესებული პასუხისმგებლობა არ ემსახურება რაიმე ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევა. ამასთან, ვთვლი, რომ კოლეგიამ სასარჩელო მოთხოვნა დაინახა უფრო ვიწროდ, ვიდრე ის რეალურად იყო წარმოდგენილი, რის გამოც, მოცემული გადაწყვეტილებით ვერ მოხერხდა მოსარჩელის მიერ დასმული პრობლემის სრულყოფილად გადაჭრა. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, უნდა ემსჯელა არა დეზომორფინის კონკრეტული ოდენობით (მოცემულ შემთხვევაში 0,00009 გრამი) დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის დაწესებული პასუხისმგებლობის კონსტიტუციურობაზე, არამედ ნებისმიერ იმ ოდენობის დეზომორფინზე, რომელიც ობიექტურად გამოუსადეგარია მოსახმარად.
3. №696 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოსარჩელე მხარის მიერ არაერთხელ გაჟღერდა, რომ იგი სადავოდ ხდიდა არა კონკრეტული ოდენობის (მოცემულ შემთხვევაში 0,00009 გრამს) დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის დაწესებულ სანქციას, არამედ ნებისმიერ იმ ოდენობას, რომელიც არ არის ვარგისი მოსახმარად, რადგან იგი არ წარმოშობს არანაირ საზოგადოებრივ საფრთხეს. მოსარჩელის წარმომადგენლის სიტყვებით: “ჩვენ სასამართლოსგან ვითხოვთ, რომ არაკონსტიტუციურად ცნოს არა მხოლოდ 0,00009 გრამი, არამედ არაკონსტიტუციურად ცნოს იმგვარი ქმედებისთვის მსჯავრდება, რომელიც თავისი არსით ვერ მოემსახურება ლეგიტიმურ საჯარო მიზნებს, რადგან ამ ლეგიტიმურ საჯარო მიზნებს საფრთხეს არ უქმნის“. მისივე თქმით, „თუ სარჩელი დაკმაყოფილდება 0,00009 გრამზე, ეს უფლებრივ მდგომარეობას აღადგენს მოსარჩელის კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ, ზოგადი ეფექტურობის თვალსაზრისით, წარმოშობს პრობლემას იმიტომ, რომ 0,0009 გრამიც ისეთივე არაკონსტიტუციური იქნება, როგორც 0,00009 გრამი.“
4. ვერ დავეთანხმები ჩემი კოლეგების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე მხარის მიერ არსებით სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნის ამგვარი ფორმულირება არ გამომდინარეობდა თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნიდან და სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მოცემული დავის ფარგლებში ემსჯელა აღნიშნულ საკითხზე. №696 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული „სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დიდი ოდენობით პირადი მოხმარების მიზნისთვის დამზადება, შეძენა, შენახვისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 6 თებერვლის №1/2/696 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, III-1). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არის გაწერილი დეზომორფინის მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობები, „დიდი ოდენობის“ დეზომორფინის ნორმატიული შინაარსი აგრეთვე ფარავს ნებისმიერ იმ ოდენობას, რომელიც არ არის გამოსადეგი მოსახმარად.
5. ვფიქრობ, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მიერ გაჟღერებული სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირება, ისევე როგორც მთლიანი სასარჩელო სულისკვეთება, ნათლად მიანიშნებდა მოსარჩელის ნებაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს ემსჯელა ნებისმიერი იმ ოდენობის დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც გამოუსადეგარია მოსახმარად. მოცემული გადაწყვეტილებით, მართალია უშუალოდ მოსარჩელის უფლებაში აღდგენა მოხერხდება (რადგან იგი მსჯავრდებულია სწორედ 0,00009 გრამი დეზომორფინის დამზადებისა და შენახვისთვის), მაგრამ სადავო ნორმა კვლავაც პრობლემური დარჩება. კერძოდ, მომავალში, სადავო ნორმის საფუძველზე პირის (მათ შორის მოსარჩელის) მსჯავრდება შესაძლოა განხორციელდეს იმ ოდენობის დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის, რომელიც მართალია გამოუსადეგარია მოსახმარად, მაგრამ აღემატება 0,00009 გრამს. ასევე, ვერ მოხდება დასახელებული ქმედებისთვის (იმ ოდენობის დეზომორფინის დამზადება, შეძენა ან/და შენახვა, რომელიც გამოუსადეგარია მოსახმარად, მაგრამ აღემატება 0,00009 გრამს) მსჯავრდებულ პირთა უფლებაში აღდგენა. დაუშვებელია ადამიანს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდოს არა მხოლოდ 0,00009 გრამი, არამედ ნებისმიერი იმ ოდენობის დეზომორფინის დამზადების, შეძენისა თუ შენახვისათვის, რომელიც გამოუსადეგარია მოსახმარად და, შესაბამისად, არ არის რაიმე საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელი.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ მოცემული დავის ფარგლებში საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად უნდა ყოფილიყო ცნობილი სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის იმ ოდენობით დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის, რომელიც გამოუსადეგარია მოსახმარად.
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრი
გიორგი კვერენჩხილაძე
13 ივლისი, 2017 წელი.