წევრობა

კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენცია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2011 წლიდან არის „კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის“ წევრი.

“კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენცია” აერთიანებს 121 საკონსტიტუციო სასამართლოს, საკონსტიტუციო საბჭოს და უზენაეს სასამართლოს აფრიკაში, ამერიკაში, აზიაში, ავსტრალიაში/ოკეანიასა და ევროპაში. ის ხელს უწყობს კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას, ერთი მხრივ, როგორც კონსტიტუციური კონტროლისა და ადამიანის უფლებათა იურისპრუდენციის განვითარების თვალსაზრისით, ასევე, როგორც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის ძირითად ელემენტს (დებულების 1.1 მუხლი).

ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენცია

2000 წელს ბრიუსელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის“ სრულუფლებიანი წევრი გახდა. ამ კონფერენციის თავმჯდომარე მხოლოდ ამ კონფერენციის სრულუფლებიანი წევრი სასამართლო შეიძლება გახდეს - სამი წლით, როტაციის პრინციპით. 2014 წლიდან 2017 წლამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავმჯდომარეობდა „ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციას“.

2015 წლის 9-12 სექტემბერს, ქ. ბათუმში ჩატარებულ „ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის წევრი სასამართლოების „თავმჯდომარეთა წრემ“ განიხილა კონფერენციის მიმდინარე საქმიანობა, განსაზღვრა მომავალი კონგრესის თემა და დაგეგმა ორგანიზაციული საკითხები. ქ. ბათუმს ეწვივნენ ევროპის 41 ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოების და სხვა რელევანტური ინსტიტუტების თავმჯდომარეები და მაღალი დონის დელეგატები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს, რეგიონული საერთაშორისო სასამართლოების წარმომადგენლები და ჯგუფები.

„ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის“ XVII ყრილობა გაიმართა 2017 წლის 28 ივნისს - 1 ივლისს, ქ. ბათუმში.

შავი ზღვის და ბალტიისპირეთის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაცია

„შავი ზღვის და ბალტიისპირეთის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის“ მიზანია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ხელშეწყობა, საკონსტიტუციო სასამართლოების დამოუკიდებლობის მხარდაჭერა, კანონის უზენაესობის პრინციპების იმპლემენტაცია და ასოციაციის წევრებს შორის გამოცდილების გაცვლის გაღრმავება. „შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის რეგიონის ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის“ დეკლარაციას ხელი მოეწერა ვილნიუსში 2015 წლის 25 ოქტომბერს უკრაინის, საქართველოს, ლიეტუვასა და მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეების მიერ.

დეკლარაციის თანახმად, წევრი ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოები აცხადებენ მათ განზრახვას, გააძლიერონ კონსტიტუციური მართლმსაჯულება თავიანთ ქვეყნებში; თანახმა არიან, ხელი შეუწყონ დიალოგს კონსტიტუციურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; აცხადებენ მათ სურვილს, ეფექტურად გამოიყენონ თავიანთი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობები კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ზრდისა და გაღრმავების მიზნით. ასოციაციის ორგანოებს წარმოადგენენ გენერალური ასამბლეა და გენერალური სამდივნო, რომელთა მეშვეობითაც იგი ახორციელებს თავის საქმიანობას. ასოციაციის მიზნები და ფუნქციები, მისი სტრუქტურა, მასში გაწევრიანება და ფინანსური ასპექტები წესდებით განისაზღვრება. ასოციაციის თავმჯდომარეობა, როტაციის წესით, ერთი წლის ვადით გადადის ასოციაციის წევრ სახელმწიფოზე ანბანური თანმიმდევრობის პრინციპით.

2018 წელს შავი ზღვის და ბალტიისპირეთის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციას (BBCJ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავმჯდომარეობდა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ასოციაციის თავმჯდომარეობა უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოსგან გადმოიბარა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ასოციაციის მესამე კონგრესი 2018 წლის მაისში ქალაქ თბილისში ჩატარდა.

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია

საკონსტიტუციო სასამართლო ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობით ატარებს საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებს, რომელთა თემატიკა ეხება კონსტიტუციური მართლმსაჯულების პრობლემებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ამზადებს ინფორმაციას ვენეციის კომისიის პერიოდული გამოცემისთვის (e-Bulletin on Constitutional Case-Law), ვენეციის კომისიის ოფიციალური გამოცემისთვის და, აგრეთვე, თავისი წვლილი შეაქვს ვენეციის კომისიის მიერ ჩატარებულ კვლევებში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სხვადასხვა ფორმატში აქტიურად თანამშრომლობს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიასთან (ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიისთვის). ვენეციის კომისიის ექსპერტების მონაწილეობით ყოველწლიურად იმართება საერთაშორისო კონფერენციები მნიშვნელოვან კონსტიტუციურ-სამართლებრივ საკითხებზე. ამასთანავე, სასამართლო მიმართავს ვენეციის კომისიას სასამართლოს მეგობრის დასკვნის მომზადების თხოვნით.