ვებგვერდი დამუშავების პროცესშია. ვებგვერდის წინა ვერსიაზე გადასასვლელად მიჰყევით ბმულს.

საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი - გამოცემა 1 (2018)

სპეციალური გამოცემა

გამოცემის თარიღი: 2018


ზაზა თავაძე - წინასიტყვაობა


ავტორი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

აბსტრაქტი 

საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს ვალდებულება, წელიწადში ერთხელ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების შესახებ. ბოლო წლებში 2018 წელს სასამართლოს თავმჯდომარემ ეს ვალდებულება პირველად შეასრულა და შესაბამის ორგანოებს წარუდგინა, ასევე, საჯაროდ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც აფასებს 2017 წლის განმავლობაში საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების მდგომარეობას. წინამდებარე მიმოხილვა სწორედ ამ ვრცელტანიანი ანგარიშის მიხედვით არის შედგენილი და მოკლედ გადმოსცემს სასამართლოს მიერ წარდგენილ ინფორმაციას.

საკონსტიტუციო სასამართლო უზრუნველყოფს კონსტიტუციის უზენაესობისა და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. ქვეყანაში კონსტიტუციური კანონიერების შეფასებისათვის მნიშვნელოვანია სწორედ სასამართლოს მიერ განხილული საქმეების მიმოხილვა და გაანალიზება. წინამდებარე დოკუმენტი მიზნად ისახავს შეაჯამოს სასამართლოს მიერ 2017 წლის მანძილზე გამოცემული ყველაზე მნიშვნელოვანი აქტები და შეაფასოს მათი მნიშვნელობა კონსტიტუციური მართლმსაჯულების განვითარებისათვის. სტატიაში მიმოხილულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წელს მიღებულ რამდენიმე გადაწყვეტილებაში მოცემული მნიშვნელოვანი განმარტებები, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს ქვეყანაში სამართლის განვითარებაზე და მიზანშეწონილია, მათზე ფართო დისკუსიის წარმართვა. გარდა ამისა, 2017 წლის მანძილზე სასამართლომ რამდენიმე განჩინება გამოიტანა მისი გადაწყვეტილებების დამძლევი ნორმების გასაუქმებლად, რაც ხაზს უსვამს სასამართლოს პრაქტიკის კანონმდებლობაში ასახვის აუცილებლობას. სტატია განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს აღნიშნულ განჩინებებზე, რათა მიაწოდოს ინფორმაცია დაინტერესებული პირებსა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილი სტანდარტების პრაქტიკაში განხორციელების პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

 

ნაშრომი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები

გვერდები: 7-25


 

ავტორი: ჯონი ხეცურიანი

აბსტრაქტი 

2017 წელს საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა, რომელმაც დაასრულა ქვეყნის პოლიტიკური სისტემის საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გარდაქმნის პროცესი, საკონსტიტუციო სასამართლოსაც შეეხო. ცვლილებები განიცადა საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური საფუძვლების განმსაზღვრელმა ნორმებმა. სტატიაში განხილულია ამ ცვლილებათა არსი, მათი მიზანშეწონილობა და მნიშვნელობა, ნაჩვენებია საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირების გამოცდილება. საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირებისა და მოსამართლეთა განწესების წესს, აგრეთვე მისი ზოგიერთი უფლებამოსილების ფარგლების დაზუსტებას, ნაშრომში პოზიტიურად არის შეფასებული. თუმცა, იმ ფონზე, როდესაც კონსტიტუციის ახალი რედაქციით საგრძნობლად შემცირდა საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია, კერძოდ, გაუქმდა საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი უფლებამოსილება, მათ შორის, ნორმათა ფორმალური კონტროლი, კიდევ უფრო შეიზღუდა სასამართლოს უფლებამოსილება არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხებზე და სხვა, 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა ამ მხრივ წინგადადგმულ ნაბიჯად ვერ ჩაითვლება.

 

ნაშრომი: საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო

გვერდები: 27-42


 

ავტორი: ანა ფირცხალაშვილი

აბსტრაქტი

სახელმწიფოთა განვითარება თანამედროვე მსოფლიოში გლობალური პროცესების კვალდაკვალ და იმავდროულად ნაციონალური იდენტობის გათვალისწინებით მიმდინარეობს. ხშირად, სახელმწიფოებისთვის რთულია განვითარების ამგვარ კალაპოტში, ბალანსის შენარჩუნებით სვლა. სწორედ სამართალი უნდა იყოს ის ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ორი - საერთაშორისო და ეროვნული - ღირებულებების ოპტიმალურ ურთიერთკორელაციას. ცივი ომის, მის შემდგომ პერიოდზე და დღეს მომდინარე პროცესებზე დაკვირვება ნათელს ხდის, რომ სახელმწიფოებს, თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში არ შეუძლიათ იზოლირებულად, სხვა სახელმწიფოებისაგან და ხალხებისაგან დამოუკიდებლად განვითარდნენ. მსოფლიოს წინაშე მდგარი პრობლემები, როგორიცაა, მაგალითად, გარემოს დაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა და სხვა საფრთხეები, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის დაძლევადი. სახელმწიფოთა სუპრანაციონალური კავშირი, პირველ რიგში, სწორედ ამგვარი გლობალური პრობლემების დაძლევას ემსახურება. სახელმწიფოები სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილის დათმობის ხარჯზე, ინტეგრირდებიან საერთაშორისო თანამეგობრობაში. სუვერენიტეტის ამ „ნაწილის“ დათმობა, შესაძლოა ზოგჯერ კონსტიტუციური, ეროვნული იდენტობის შეზღუდვასაც კი წარმოადგენდეს. სწორედ ეროვნული იდენტობის კონტროლი არის წყალგამყოფი ნაციონალურსა და ინტერნაციონალურს შორის. დღეს თანამედროვე სახელმწიფოს ყველაზე დიდი გამოწვევაა, იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრი ისე, რომ შეინარჩუნოს თავისი კონსტიტუციის ეროვნული იდენტობა.

 

ნაშრომი: ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე

გვერდები: 43-53


ავტორი: საქართველოს საკონსტიტუტციო სასამართლო

ნაშრომი: დანართი - სასამართლოს საქმიანობის სტატისტიკური მიმოხილვა

გვერდები: 55-60