საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/15/1802 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 24 ოქტომბერი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 ნოემბერი 2024 14:50 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში - წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 139-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 140-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-12 მუხლთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 6 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1802) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1802 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2023 წლის 9 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 24 ოქტომბერს.
2. №1802 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 139-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ, თუ ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას. ხოლო მითითებული კანონის 140-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით, რომელთა ჩამონათვალი დგინდება მინისტრის ბრძანებით“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება, მე-12 მუხლი განამტკიცებს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, ხოლო მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“.
5. №1802 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტისას, გაუპატიურების მსხვერპლი ქალები დაბრკოლებას აწყდებიან. კერძოდ, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ 12 კვირიანი ვადის გასვლის შემდეგ, ძალადობრივი აქტის, გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის არსებობისას არის შესაძლებელი, რომლითაც დადგენილი იქნება, რომ ჩადენილია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, გაუპატიურება. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქმის განმხილველ საერთო სასამართლოებში სამართალწარმოების ხანგრძლივობა, როგორც წესი, აღემატება არა მხოლოდ აბორტის გაკეთებისთვის დასაშვებ ვადას, არამედ, ზოგჯერ, ორსულობის მთლიან პერიოდსაც კი. შედეგად, უმრავლეს შემთხვევაში, გაუპატიურების მსხვერპლი ქალებისთვის შეუძლებელი ხდება, საგამონაკლისო წესის შესაბამისად, დადგენილ ვადაში ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა.
6. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, სადავო მოწესრიგება, მათ შორის, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას, რადგან ადგენს თანაბარ მოპყრობას არსებითად არათანასწორ პირებს შორის, აგრეთვე, იწვევს არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობას, კერძოდ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შესადარებელ, არსებითად უთანასწორო პირთა ჯგუფის კატეგორიაში არიან, ერთი მხრივ, ორსული ქალები, რომელთა ორსულობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შედეგია და, მეორე მხრივ, სხვა ორსული ქალები, რომლებიც არ არიან ასეთი დანაშაულის მსხვერპლები. ამ მხრივ, მოსარჩელის აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის მიღება ხშირად ორსულობის ხელოვნური შეწყვეტისთვის დასაშვებ ვადას სცდება, შედეგად, გაუპატიურების მსხვერპლი ქალები პრაქტიკულად ვერ სარგებლობენ საგამონაკლისო მოწესრიგებით და უთანაბრდებიან სხვა ორსულ ქალებს, რომლებიც ძალადობის შედეგად არ დაორსულებულან. ამასთან, მოსარჩელე მხარე ასახელებს შესადარებელი პირების მეორე კატეგორიას, რომლებიც არიან თანასწორნი, თუმცა მათ მიმართ ხორციელდება დიფერენცირებული მოპყრობა. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, აღნიშნული პირთა ჯგუფი, ერთი მხრივ, შედგება იმ პირებისგან, რომელთაც განაცხადეს გაუპატიურების შესახებ და მათ საქმეზე სასამართლო ამთავრებს სამართალწარმოებას 22 კვირის ვადაში და, შესაბამისად, შეუძლიათ ისარგებლონ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის კანონმდებლობით დადგენილი საგამონაკლისო შესაძლებლობით, ხოლო, მეორე მხრივ, გაუპატიურების მსხვერპლი პირებისგან, რომელთა საქმეზე სამართალწარმოება აღნიშნულ ვადაში არ მთავრდება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კანონმდებლობით, მართალია, ფორმალურად განსხვავებულად წესრიგდება გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნური შეწყვეტისთვის დასაშვები ვადები და პირობები, თუმცა განსაზღვრულია არაგონივრული პირობა - გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის საჭიროება, რაც დაინტერესებულ პირთათვის, საგამონაკლისო წესის პრაქტიკულად სარგებლობისას, დაუძლეველ დაბრკოლებად იქცევა.
7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, გასაჩივრებული ნორმებით დადგენილი მოწესრიგება ასევე ეწინააღმდეგება პიროვნების თავისუფალი განვითარების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ პირის უფლება, თავად მიიღოს საკუთარი რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ გადაწყვეტილებები, განსაზღვროს საკუთარ სხეულთან, ჯანმრთელობასთან, ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებასთან დაკავშირებული მოქმედებები და დაგეგმოს შვილის ყოლის დრო, დაცულია კონსტიტუციით. გასაჩივრებული ნორმები კი ზღუდავს სქესობრივი ძალადობის შედეგად დაორსულებული ქალის მიერ აბორტის გაკეთების შესაძლებლობას, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით ან/და მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებრივ სფეროებში ჩარევა.
8. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო მოწესრიგების ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს უკანონო აბორტების შემცირება და, შედეგად, ქალთა ჯანმრთელობის დაცვა, თუმცა მხარის აზრით, მითითებული მიზანი მიღწევადია ნაკლებად მზღუდავი და ძალადობის მსხვერპლის ინტერესებზე უფრო მეტად მორგებული საშუალებებითაც. კერძოდ, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ გაუპატიურების შემთხვევაში, 12 კვირის შემდგომ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა შესაძლებელი უნდა იყოს, ქალის მიერ სქესობრივი დანაშაულის შესახებ, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვის შემთხვევაში. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სქესობრივი ძალადობის ჩადენის ფაქტის შესახებ, სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვის წინაპირობა საკმარისი საშუალება იქნება ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის, ვინაიდან, ერთი მხრივ, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ქალს ბარიერი არ შეექმნება და ის არ იქნება სხვა პირის/ორგანოს ქმედებებზე დამოკიდებული, ხოლო, მეორე მხრივ, არასასურველი ორსულობის 12 კვირის ვადაზე გვიან შეწყვეტის მიზნით, სამართალდამცავი ორგანოსთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების და აღნიშნული საგამონაკლისო შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად გამოყენების რისკი დაზღვეული იქნება კანონმდებლობით. კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, სადავო მოწესრიგების პირობებში, აგრეთვე, ირღვევა სამართლიანი ბალანსი საჯარო და კერძო ინტერესებს შორის, რადგან გაუპატიურების თაობაზე ცრუ ინფორმაციის მიცემის ჰიპოთეზური საფრთხე გადაწონის ძალადობის მსხვერპლი ქალის ლეგიტიმურ ინტერესებს.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს, მე-12 მუხლსა და მე-15 მუხლის პირველ პუნქტს. ამასთან, მოსარჩელე მხარე, საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც, მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1802 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 139-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და ამავე კანონის 140-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმებით გათვალისწინებული 12-კვირიანი ვადის გასვლის შემდეგ, ძალადობრივი აქტის, გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა შესაძლებელია, მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევაში - სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის არსებობისას, რომლითაც დადგენილი იქნება, რომ ჩადენილია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, გაუპატიურება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის მიღება, ხშირად, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტისთვის დასაშვებ საგამონაკლისო 22-კვირიან ვადას სცდება, შედეგად, გაუპატიურების მსხვერპლი ქალები, პრაქტიკულად, ვერ სარგებლობენ აღნიშნული წესით და მათზეც ვრცელდება გასაჩივრებული ნორმებით განსაზღვრული ზოგადი მოწესრიგება.
3. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული რეგულირებით, დადგენილია თანაბარი მოპყრობა არსებითად არათანასწორ პირებს შორის, ამასთან, სადავო მოწესრიგება იწვევს არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე ასახელებს შესადარებელ პირთა ორ კატეგორიას, კერძოდ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პირველი კატეგორიის შესადარებელი, არსებითად არათანასწორი პირები არიან, ერთი მხრივ, ორსული ქალები, რომელთა ორსულობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შედეგია და, მეორე მხრივ, სხვა ორსული ქალები, რომლებიც არ არიან ასეთი დანაშაულის მსხვერპლები. ამასთან, მოსარჩელე მხარე აიდენტიფიცირებს შესადარებელი პირების მეორე კატეგორიას, რომლებიც არიან თანასწორი პირები, თუმცა მათ მიმართ ხორციელდება განსხვავებული მოპყრობა. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, აღნიშნულ პირთა ჯგუფი, ერთი მხრივ, შედგება იმ პირებისგან, რომელთაც განაცხადეს გაუპატიურების შესახებ და მათ საქმეზე სასამართლო ამთავრებს სამართალწარმოებას 22 კვირის ვადაში, ხოლო, მეორე მხრივ, გაუპატიურების მსხვერპლი პირებისგან, რომელთა საქმეზე სამართალწარმოება აღნიშნულ ვადაში არ მთავრდება.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი აღნიშნული დებულება წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, შეფასებას ექვემდებარება სამი განსხვავებული შემთხვევა: ა) სახელმწიფო არსებითად თანასწორ პირებს, ნებისმიერი ნიშნის საფუძველზე, ეპყრობა განსხვავებულად; ბ) სახელმწიფოს მიერ დადგენილი, ფორმალურად თანასწორი მოპყრობა, ფაქტობრივად, იწვევს პირთან მყარად დაკავშირებული, კონსტიტუციურად მნიშვნელოვანი ნიშნით იდენტიფიცირებადი რომელიმე ჯგუფის (არაპირდაპირ) დიფერენცირებას; გ) როდესაც სახეზეა პირთან მყარად დაკავშირებული ნიშანი, რომლის გამოც ისინი კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით, მიჩნეული უნდა იქნენ არსებითად არათანასწორად და წარმოეშობათ განსხვავებული მოპყრობის მოთხოვნის უფლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).
6. სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს სადავო ნორმები ხომ არ იწვევს პირთა დიფერენცირებას. პირდაპირი დიფერენცირება არის ისეთი შემთხვევა, როდესაც სადავო ნორმატიული აქტი გამოყოფს თანასწორი პირებიდან რომელიმე ჯგუფს და მათ აყენებს განსხვავებულ მდგომარეობაში. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმები დიფერენცირებულად ეპყრობა არსებითად თანასწორ პირებს. კერძოდ, №1802 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, უთანასწორო მდგომარეობაში არიან, ერთი მხრივ, პირები, რომლებმაც განაცხადეს გაუპატიურების შესახებ და მათ საქმეზე სასამართლო ამთავრებს სამართალწარმოებას 22 კვირის ვადაში, ხოლო, მეორე მხრივ, გაუპატიურების მსხვერპლი პირები, რომელთა საქმეზეც სამართალწარმოება აღნიშნულ 22-კვირიან ვადაში არ მთავრდება.
7. განსახილველ შემთხვევაში, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 139-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ, თუ ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას. ხოლო მითითებული კანონის 140-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით, რომელთა ჩამონათვალი დგინდება მინისტრის ბრძანებით“. აღნიშნული სადავო ნორმები ზოგადი და ნეიტრალური ხასიათისაა, თანაბრად ვრცელდება ყველა პირზე, რომელსაც სურს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა. განსახილველი ნორმები უშუალოდ არ ადგენს განსხვავებულ, საგამონაკლისო წესს - არ ახდენს რაიმე ნიშნით პირთა ჯგუფების დიფერენცირებას, არამედ აწესებს იდენტურ უფლებრივ რეჟიმს სადავო რეგულირების ყველა პოტენციური ადრესატისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ, არსებითად თანასწორ პირთა შორის დიფერენცირება არ მომდინარეობს ხსენებული სადავო ნორმებიდან, ასეთი შინაარსი გასაჩივრებულ რეგულირებას არ აქვს და, ამ მხრივ, არ იზღუდება სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება.
8. სადავოდ გამხდარი რეგულაცია შესაძლოა იყოს ნეიტრალური, არ ითვალისწინებდეს განსხვავებულ მოპყრობას, თუმცა განსხვავებულ შედეგებში ტრანსფორმირდებოდეს მყარად დაკავშირებული ნიშნის ქვეშ გაერთიანებულ პირთა ჯგუფის მიმართ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყურადღების მიღმა არ დარჩეს ფორმალურად ნეიტრალური რეგულაციები, რომლებიც პრაქტიკაში განსხვავებულ ფაქტობრივ შედეგებს იწვევს. ფორმით ნეიტრალურ, თუმცა დისკრიმინაციული შედეგის მქონე მოპყრობას მყარად დაკავშირებული ნიშნით იდენტიფიცირებულ პირთა ჯგუფის მიმართ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ასევე მიიჩნევს დისკრიმინაციად, თუმცა პირდაპირი დისკრიმინაციის აკრძალვისაგან განსხვავებით, მას არ ანიჭებს თანასწორობის უნივერსალური პრინციპის ხასიათს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10,11). ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული თანასწორობის კონსტიტუციური უფლება შესაძლებელია, ფორმით ნეიტრალურმა ნორმამაც დაარღვიოს, თუ იგი, კონსტიტუციურად მნიშვნელოვანი ნიშნის გათვალისწინებით, ახდენს პირთა პრაქტიკულ დიფერენცირებას. თანასწორობის უფლებასთან ამგვარი მიმართების სამტკიცებლად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს, რომ სადავო ნორმების მოქმედების შედეგად, რომელიმე მყარად დაკავშირებული ნიშნით გამორჩეული ჯგუფისთვის, რეალურად განსხვავებული შედეგები დგება.
9. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული რეგულირებით, დადგენილია თანაბარი მოპყრობა არსებითად უთანასწორო პირებს შორის. კერძოდ, მოსარჩელის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ გაუპატიურების მსხვერპლი ქალებისთვის კანონმდებლობაში გათვალისწინებულია საგამონაკლისო წესი, დაინტერესებული პირები ხშირად აწყდებიან დაუძლეველ დაბრკოლებას, რადგან საქმის განმხილველ საერთო სასამართლოებში სამართალწარმოების ხანგრძლივობა, როგორც წესი, აღემატება არა მხოლოდ აბორტის გაკეთებისთვის დასაშვებ 22-კვირიან ვადას, არამედ ზოგჯერ ორსულობის მთლიან პერიოდსაც კი. შედეგად, გაუპატიურების მსხვერპლი ქალები, პრაქტიკულად, ვერ სარგებლობენ საგამონაკლისო წესით და მათზეც ვრცელდება გასაჩივრებული ნორმებით განსაზღვრული ზოგადი მოწესრიგება, რომელიც სათანადოდ ვერ პასუხობს აღნიშნული დანაშაულის მსხვერპლთა განსაკუთრებულ საჭიროებებს.
10. სადავო ნორმებით განსაზღვრული რეგულირება, როგორც აღინიშნა, ზოგადი და ნეიტრალური ხასიათისაა. შესაბამისად, იგი თანაბრად ვრცელდება ყველა დაინტერესებულ პირზე, თუმცა მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოწესრიგება ზღუდავს თანასწორობის უფლებას განსაკუთრებული საჭიროებების მქონე გაუპატიურების მსხვერპლი ქალების მიმართ. იმისთვის, რათა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით შეფასდეს ნეიტრალური სადავო ნორმების კონსტიტუციურობა, სახეზე უნდა იყოს მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებულ პირთა ჯგუფთან მყარად დაკავშირებული რაიმე ნიშანი/კუთვნილება. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, კონკრეტული ჯგუფის შესადარებელ სუბიექტად მიჩნევისთვის, დასასაბუთებლად ვერ გამოდგება ცვლადი ფაქტობრივი გარემოებების გავლენით ჩამოყალიბებულ პირთა განსხვავებულ მდგომარეობაზე მითითება. მსგავსი დაცვა შესაძლოა შეეხოს მხოლოდ იმ ჯგუფებს, რომლებიც მკვეთრად გამოყოფილი, პიროვნებასთან მყარად დაკავშირებული ნიშნის ქვეშ ერთიანდებიან (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
11. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე განიმარტა, შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, ორსული ქალები, რომელთა ორსულობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შედეგია და, მეორე მხრივ, სხვა ორსული ქალები, რომლებიც არ არიან ასეთი დანაშაულის მსხვერპლები. აღნიშნული დანაშაულის მსხვერპლი შეიძლება გახდეს სხვადასხვა ნიშნისა თუ კუთვნილების მქონე პირი, თავად განსახილველი ძალადობრივი აქტი არის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს მრავალგვარი პერსონალური ნიშნით იდენტიფიცირებად პირთა ჯგუფთან მიმართებით. ამ მხრივ, მოსარჩელე მხარეს არ დაუკონკრეტებია სასარჩელო მოთხოვნა, მაგალითისთვის, იგი არ დავობს და, შესაბამისად, არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია, რომ შესაძლოა, არსებობდეს ერთი ნიშნის მატარებელ ქალთა ცალკეული ჯგუფი, რომელთა მიმართაც განსაკუთრებით მაღალი ვიქტიმიზაციის საფრთხე არსებობს. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებულ პირთა ჯგუფის მიმართ არ იკვეთება მყარად დაკავშირებული ნიშანი/კუთვნილება, რაც საერთო იქნებოდა გაუპატიურების მსხვერპლი ქალებისთვის და, შესაბამისად, თანასწორობის კონსტიტუციური უფლებიდან გამომდინარე, შექმნიდა განსხვავებული მოწესრიგების განსაზღვრის ვალდებულებას.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1802 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 139-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 140-ე მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1802 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1802 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 139-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 140-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1802 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 139-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 140-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
თეიმურაზ ტუღუში