გიორგი გულაბერიძე და ბადრი შუშანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/4/1300 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 20 ნოემბერი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 20 ნოემბერი 2024 18:34 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: გიორგი გულაბერიძე და ბადრი შუშანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის184-ე მუხლის (2021 წლის 29 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი – ემზარ პაქსაძე; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – ქრისტინე კუპრავა და ვახტანგ ქანაშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1300) მომართეს გიორგი გულაბერიძემ და ბადრი შუშანიძემ. №1300 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №1/6/1300 საოქმო ჩანაწერით ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. №1300 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 8 ნოემბერს.
2. №1300 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-7 პუნქტები, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-2 პუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტები; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის (2021 წლის 29 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე შეიძლება დაინიშნოს სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ცვლის სასამართლო შემადგენლობიდან გასულ მოსამართლეს და საქმის განხილვა გრძელდება.
4. №1300 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებდა სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრიდან მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“.
6. №1300 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე გიორგი გულაბერიძის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის მოსამართლე სათადარიგო მოსამართლით შეიცვალა სამჯერ. ამასთანავე, გიორგი გულაბერიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი მოსამართლემ დააფუძნა იმ მტკიცებულებებს, რომლებიც უშუალოდ მისი თავმჯდომარეობით გამართულ სასამართლო განხილვებზე არ ყოფილა გამოკვლეული. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მსგავსი ვითარებაა მოსარჩელე ბადრი შუშანიძის საქმეში. მისი საქმის არსებითი განხილვის მოსამართლე ჩაანაცვლა სათადარიგო მოსამართლემ, ხოლო ამ უკანასკნელმა საქმის განხილვა განაგრძო იმ ეტაპიდან, რომელზეც წინამორბედმა მოსამართლემ შეაჩერა სასამართლო პროცესის მსვლელობა.
7. მოსარჩელეების მოსაზრებით, არაკონსტიტუციურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს საქმის განხილვის დაწყების შემდეგ დანიშნული სათადარიგო მოსამართლის მიერ საქმის განხილვის გაგრძელების შესაძლებლობას. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა, სათადარიგო მოსამართლის დანიშვნით, ადგენს მოსამართლის ცვლილებისას საქმის განხილვის თავიდან დაწყების წესიდან გამონაკლისს. მართალია, გასაჩივრებული დებულება არ ითვალისწინებს სათადარიგო მოსამართლის დანიშვნის კონკრეტულ მომენტს, თუმცა ის უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ არ დაირღვეს სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობის პრინციპი. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ საქმის განხილვა გრძელდება სათადარიგო მოსამართლის მიერ, იგი უნდა დაინიშნოს საქმის განმხილველი მოსამართლისათვის სისხლის სამართლის საქმის გადაცემის პარალელურად. ამდენად, სათადარიგო მოსამართლის სასამართლოს შემადგენლობაში ყოფნა სავალდებულო უნდა იყოს საქმის განხილვის დაწყებისთანავე.
8. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობა უზრუნველყოფს მტკიცებულებების ზეპირად და უშუალოდ გამოკვლევის პრინციპის რეალიზებას. დასახელებული პრინციპი ემსახურება მტკიცებულებების უშუალოდ აღქმასა და გამოკვლევას, ხელს უწყობს სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებას კონკრეტულ მტკიცებულებებთან და ბრალდების დასაბუთებულობასთან დაკავშირებით. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე აღინიშნა, რომ მოსამართლეს მტკიცებულებების უშუალოდ გამოკვლევის პროცესში მონაწილეობა აძლევს შესაძლებლობას, განსაზღვროს მოწმის სანდოობა, დასვას დამაზუსტებელი შეკითხვები ან განარიდოს მხარეების მიერ დასმული კითხვები, ხოლო სათადარიგო მოსამართლე ასეთი შესაძლებლობით არ არის აღჭურვილი, რამეთუ არსებითი განხილვის დაწყებისთანავე არ არის ჩართული მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესში.
9. მოსარჩელე მხარე სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობის პრინციპს აგრეთვე უკავშირებს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების უფლებას. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა სათადარიგო მოსამართლეს აღჭურავს შესაძლებლობით, განაჩენი დააფუძნოს იმგვარ მტკიცებულებებს, რომლებიც პროცესზე არ ყოფილა მის მიერ უშუალოდ გამოკვლეული. მტკიცებულებების უშუალოდ გამოკვლევის გარეშე კი, ვერ შეფასდება მათი უტყუარობა, რის გამოც ასეთი მტკიცებულებების გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
10. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ სადავო ნორმაში მითითებული სიტყვა „გრძელდება“ გულისხმობს იმას, რომ სათადარიგო მოსამართლეს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით, მოითხოვოს სხვა მოსამართლის მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულების თავიდან გამოკვლევა ან საქმის თავიდან განხილვა. დამატებით, მხარემ მიუთითა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 183-ე და 184-ე მუხლების (2021 წლის 29 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) რეგულირების სფეროების გამიჯვნის პრობლემაზე, რაც განპირობებულია ნორმის ბუნდოვანებითა და სათადარიგო მოსამართლის დანიშვნის თარიღის საკანონმდებლო დონეზე განუსაზღვრელობით.
11. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ნორმა სათადარიგო მოსამართლის დანიშვნას უშვებს, როგორც სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლისათვის საქმის გადაცემის პარალელურად, ისე საქმის განხილვის დაწყების შემდეგ ეტაპზე. მოპასუხის პოზიციით, სათადარიგო მოსამართლე ყოველთვის ვერ დაინიშნება განმხილველი მოსამართლისათვის სისხლის სამართლის საქმის გადაცემის პარალელურად, ვინაიდან, შეუძლებელია ყოველ ჯერზე სათადარიგო მოსამართლის ინსტიტუტის გამოყენების საჭიროების წინასწარ განსაზღვრა.
12. მოპასუხემ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 183-ე და 184-ე მუხლებით (2021 წლის 29 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) განსაზღვრული რეგულირებების გამიჯვნისას მიუთითა, რომ 183-ე მუხლით დადგენილი წესი ზოგადი ხასიათისაა და სასამართლოს შემადგენლობის ცვლილებისას ადგენს საქმის თავიდან განხილვის წესს, ხოლო 184-ე მუხლით (2021 წლის 29 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული მოწესრიგება ხსენებული დებულების საგამონაკლისო შემთხვევაა. სადავო ნორმა მიემართება ვითარებას, როდესაც, ერთი მხრივ, განჭვრეტადია სასამართლოს შემადგენლობის ცვლილება და სათადარიგო მოსამართლე ინიშნება საქმის განხილვის დაწყებისთანავე, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოს თავმჯდომარეს ანიჭებს დისკრეციას, გადაწყვიტოს, საქმის განხილვის დაწყების შემდეგ დანიშნულმა ჩამნაცვლებელმა მოსამართლემ საქმის განხილვა თავიდან დაიწყოს თუ გააგრძელოს. ამასთან, სასამართლოს თავმჯდომარე ხსენებულ გადაწყვეტილებას საქმის განხილვის ეტაპის, მხარეთა ინტერესებისათვის ზიანის მიყენების საფრთხის და სხვა გარემოებების შეფასების საფუძველზე იღებს.
13. მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა ემსახურება სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების, საქმეთა განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილებისა და პროცესის ეკონომიურობის უზრუნველყოფის ლეგიტიმურ მიზნებს. პარლამენტის წარმომადგენლის პოზიციით, სათადარიგო მოსამართლის მიერ საქმის თავიდან განხილვა, შესაძლოა, აფერხებდეს ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას, რამდენადაც ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ზოგიერთი მოწმის ხელახლა გამოძახება შეუძლებელია ან სირთულესთანაა დაკავშირებული.
14. მოპასუხე მხარემ მტკიცებულებათა ზეპირად და უშუალოდ გამოკვლევის პრინციპთან მიმართებით მიუთითა, რომ ზეპირობის პრინციპი დაკმაყოფილებულია, თუკი მხარეს პროცესის ერთ ეტაპზე მაინც მიეცა მტკიცებულებათა ზეპირად წარმოდგენის შესაძლებლობა, ხოლო სათადარიგო მოსამართლის მიერ უშუალობის პრინციპის რეალიზება ხორციელდება ვიდეო და აუდიო ჩანაწერების, აგრეთვე, სხდომის ოქმის გაცნობით. შესაბამისად, საქმის განხილვის დაწყებისთანავე, სათადარიგო მოსამართლის სასამართლო განხილვაზე არყოფნა, a priori, არ იწვევს პროცესის მთლიანობის დარღვევას. დამატებით, პარლამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სათადარიგო მოსამართლე, რომელიც საქმის განხილვას ესწრება საქმის დაწყებისთანავე, შეზღუდულია რიგ უფლებამოსილებაში. კერძოდ, იგი არ არის გავლენაუნარიანი სხდომის მიმდინარეობაზე, ვერ ერთვება მტკიცებულებათა გამოკვლევაში და ვერ სვამს დამაზუსტებელ შეკითხვებს. შესაბამისად, სათადარიგო მოსამართლის საწყისი ეტაპიდანვე დანიშვნა ვერ მოახდენს არსებით გავლენას მისი შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებაზე.
15. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა მიუთითა საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ გარანტიებზე. სახელდობრ, მოპასუხე მხარის პოზიციით, სათადარიგო მოსამართლე, საქმის განმხილველი თავდაპირველი მოსამართლის მსგავსად, აფასებს მტკიცებულებებს რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. რიგი საპროცესო ნორმები სათადარიგო მოსამართლეს ავალდებულებს, გადაწყვეტილების მიღებისას დაეფუძნოს საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, იხელმძღვანელოს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით და, საბოლოოდ, გამოიტანოს დასაბუთებული განაჩენი.
16. №1300 კონსტიტუციურ სარჩელზე სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება წარმოადგინა საქართველოს სახალხო დამცველმა. სახალხო დამცველის მოსაზრებით, სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობის გარანტია განაპირობებს საქმის ზეპირი განხილვისა და მტკიცებულებათა უშუალოდ გამოკვლევის უფლებების რეალიზებას. საერთაშორისო და ეროვნული სასამართლოების პრაქტიკისა და სამართლებრივ დოქტრინაში ჩამოყალიბებული სტანდარტების შესაბამისად, სასამართლოს მეგობრის პოზიციაში გაკეთებულია დასკვნა, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე (მათ შორის, სათადარიგო მოსამართლე) უნდა ესწრებოდეს მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესს. აღნიშნული უზრუნველყოფს მოწმეთა სანდოობის განსაზღვრის, შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ამასთანავე, ფაქტების დადგენის საჭიროების შემთხვევაში, არსებობს საქმის ზეპირი მოსმენის მომეტებული ინტერესი. სახალხო დამცველი დამატებით მიუთითებს, რომ უშუალობის პრინციპის დარღვევა დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების უფლების დარღვევასაც იწვევს, რადგან მტკიცებულებათა უშუალოდ გამოკვლევის გარეშე, მათი უტყუარობის შეფასება შეუძლებელია. ამდენად, სასამართლოს მეგობარი იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას და მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური დებულებისა და სადავო ნორმის ცვლილება
1.1. კონსტიტუციური დებულების ცვლილება
1. №1300 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის (2021 წლის 29 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და ხსენებული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას შეაფასებს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის იმ დებულებასთან მიმართებით, რომელსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით ხსენებული უფლება დაცულია 31-ე მუხლის პირველი პუნქტით.
3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის (2021 წლის 29 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
1.2. სადავო ნორმის ცვლილება
4. სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებამდე აუცილებელია აღინიშნოს, რომ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდგომ, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2021 წლის 28 ივნისის №707-Vრს-Xმპ საქართველოს კანონის საფუძველზე, სადავო ნორმა ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, ძალადაკარგულია სადავო ნორმის კონსტიტუციური სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის დროს მოქმედი რედაქცია.
5. გასათვალისწინებელია ის, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმაში ცვლილება განხორციელდა საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებული პრაქტიკის თანახმად, როდესაც „სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა/გაუქმება ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულების შემდეგ (როდესაც სასამართლო იმყოფება სათათბირო ოთახში), არ არსებობს საკანონმდებლო საფუძველი საქმის შეწყვეტისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
6. სასამართლოს სათათბირო ოთახში გასვლის ეტაპზე „ნორმის ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში, საქმის განხილვის ავტომატური შეწყვეტა გამოიწვევს კონსტიტუციური კონტროლის აბსოლუტურ დამოკიდებულებას სამართალშემოქმედების დინამიკურ პროცესზე, რამაც შესაძლებელია, არაგონივრულად გაართულოს საკონსტიტუციო სასამართლოში უფლების დაცვა და დაუშვას სამართალშემოქმედებითი პროცესით ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობა, ეს კი უარყოფითად აისახება კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებული უფლებების ეფექტიან უზრუნველყოფაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-4).
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობამ ყველა შემთხვევაში შეიძლება არ გამოიწვიოს სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსის გაუქმება. ნორმის გაუქმების შემდეგ, იგი შეიძლება ჩანაცვლებულ იქნეს სხვა ისეთი დებულებით, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ შეინარჩუნებს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ ნორმატიულ შინაარსს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
8. მოცემულ შემთხვევაში, ცვლილების შედეგად მიღებული რეგულაცია არსებითად იმეორებს ამავე ნორმის ძველი (გასაჩივრებული) რედაქციის ნორმატიულ შინაარსს და კვლავაც, სათადარიგო მოსამართლის დანიშვნის შემთხვევაში საქმის განხილვა გრძელდება, რაშიც მდგომარეობს მოსარჩელის პრობლემა. ნათელია, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2021 წლის 28 ივნისის №707-Vრს-Xმპ საქართველოს კანონის საფუძველზე, სადავო ნორმას, შინაარსობრივად, მოსარჩელე მხარის უფლების დაცვის თვალსაზრისით, რაიმე არსებითი ცვლილება არ განუცდია. შესაბამისად, კვლავაც არსებობს უფლების შესაძლო დარღვევის რისკი და სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება უზრუნველყოფს პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურ დაცვას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს ძალადაკარგული სადავო ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობას.
2. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო
9. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. [სამართლიანი სასამართლოს უფლება] ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). სამართლიანი სასამართლოს უფლება „ფორმალურად სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას ნიშნავს, ხოლო შინაარსობრივად - ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნების გათვალისწინებით, კანონმდებელი ვალდებულია, შექმნას იმგვარი მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტიანად დაცვას.
10. სამართლიანი სასამართლოს უფლება ასევე ადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობის დაკომპლექტების საფუძვლებთან და პროცედურასთან დაკავშირებულ გარანტიებს, რომლებიც მოიცავს, მათ შორის, სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობისა და საქმის განხილვის უშუალობის პრინციპებს.
11. ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება სახელდებით მიუთითებს საქმის სამართლიანი განხილვის უფლებაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა, რომლის მიზანია პირისათვის კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით დაცვის ეფექტური შესაძლებლობის მინიჭება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება „არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59). საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ თითოეულ პირს ანიჭებს შესაძლებლობას, რომ მისი დამნაშავეობის საკითხი განიხილებოდეს და წყდებოდეს სამართლიანი პროცედურების დაცვით. ამდენად, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, მათ შორის, მოიცავს პირის უფლებას, მისი საქმე განხილულ იქნეს შესაბამისი სამართლიანი პროცესუალური გარანტიების დაცვით. ამ მხრივ, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროცესუალურ გარანტიას წარმოადგენს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქმის ზეპირი მოსმენა ითვალისწინებს რა მხარეთა უშუალო მონაწილეობას საქმის განხილვაში, რაც ნიშნავს მათ შესაძლებლობას, წარადგინონ მტკიცებულებები, გამოთქვან მოსაზრებები, დაიცვან თავი პირადად ან დამცველის მეშვეობით, სწორედ ამ გზით წარმოადგენს მნიშვნელოვან გარანტიას პროცესის შეჯიბრებითობის, დაცვის უფლებით ადეკვატურად სარგებლობისთვის, ამასთან, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს მხარეთა შესაძლებლობას, უკეთ დაიცვან საკუთარი ინტერესები, გავლენა მოახდინონ საქმის გადაწყვეტაზე, ხელი შეუწყონ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-61).
12. ზეპირი მოსმენა პირდაპირ კავშირშია მოსამართლის მიერ საქმის უშუალოდ განხილვასა და მტკიცებულებების უშუალოდ გამოკვლევასთან. საქმის უშუალოდ განხილვა სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი გარანტიაა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს მოსამართლის მიერ უშუალოდ შესწავლილ მტკიცებულებებს. პირის უფლებაა, მტკიცებულებები და არგუმენტები წარადგინოს და მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენოს სწორედ იმ მოსამართლის წინაშე, რომელიც იღებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას. ასეთ პირობებში მოსამართლეს აქვს შესაძლებლობა, უშუალო შესწავლის გზით, გადაამოწმოს მტკიცებულებათა სანდოობა და მის შესაბამისად ჩამოიყალიბოს შინაგანი რწმენა.
3. სადავო ნორმის შინაარსი და უფლების შეზღუდვა
13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის (2021 წლის 29 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, „სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე შეიძლება დაინიშნოს სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ცვლის სასამართლო შემადგენლობიდან გასულ მოსამართლეს და საქმის განხილვა გრძელდება“. სადავო ნორმა აწესრიგებს ამავე კოდექსის 183-ე მუხლით დადგენილი წესის საგამონაკლისო შემთხვევას, რომელიც, თავის მხრივ, განსაზღვრავს, რომ „სასამართლომ საქმე უცვლელი შემადგენლობით უნდა განიხილოს. თუ რომელიმე მოსამართლეს არ შეუძლია სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მიღება, მას ცვლიან იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლით და საქმის განხილვა ხელახლა იწყება, გარდა ამ კოდექსის 184-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა“.
14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლი (2021 წლის 29 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), ერთი მხრივ, განსაზღვრავს მოსამართლის ჩანაცვლების საფუძველსა და პროცედურას, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს სათადარიგო მოსამართლის მიერ საქმის განხილვის წესს.
15. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, „სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას საკონსტიტუციო სასამართლო, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, მხედველობაში იღებს მისი გამოყენების პრაქტიკას. საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, იღებს და იხილავს საკანონმდებლო ნორმას სწორედ იმ ნორმატიული შინაარსით, რომლითაც იგი საერთო სასამართლომ გამოიყენა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის №1/2/522 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16).
16. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი მოსარჩელის მიმართ საქმის განხილვისას, სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, რამდენჯერმე შეიცვალა საქმის განმხილველი მოსამართლე სათადარიგო მოსამართლით, საქმის განხილვა კი ყველა შემთხვევაში გაგრძელდა ჩანაცვლების მომენტიდან. ამასთან, სათადარიგო მოსამართლეების დანიშვნა მოხდა არა განმხილველი მოსამართლისთვის საქმის გადაცემის ეტაპზე, არამედ მათი ჩანაცვლების პარალელურად ან ჩანაცვლებამდე რამდენიმე დღით ადრე. შედეგად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ, რომელსაც საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება უშუალოდ და ზეპირად არ გამოუკვლევია.
17. გარდა განხილული კონკრეტული შემთხვევისა, საქმეში არსებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს წერილიდან და კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანის დროისთვის საერთო სასამართლოების არსებული პრაქტიკის ანალიზიდან ნათლად იკვეთება, რომ სასამართლოს თავმჯდომარე არ იყო ვალდებული, მოსამართლისათვის სისხლის სამართლის საქმის გადაცემასთან ერთად დაენიშნა სათადარიგო მოსამართლე. მეტიც, სასამართლოს თავმჯდომარის მიერ სათადარიგო მოსამართლის დანიშვნა და საქმის განმხილველი მოსამართლის შეცვლა შესაძლებელი იყო ერთმანეთის პარალელურად, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის, პროცესის იმ სტადიაზე, როდესაც მტკიცებულებების გამოკვლევა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა უკვე დასრულებული იყო. ამასთან, სადავო ნორმა გამორიცხავდა სათადარიგო მოსამართლის მიერ საქმის განხილვის თავიდან დაწყების შესაძლებლობას. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანის დროისთვის, საერთო სასამართლოებს, სადავო ნორმის შინაარსთან დაკავშირებით, ჰქონდათ თანმიმდევრული და ხანგრძლივი პრაქტიკა და სადავო ნორმას განმარტავდნენ იმგვარად, რომ იგი საბოლოო გადაწყვეტილების გამომტან მოსამართლეს ართმევდა შესაძლებლობას, თავიდან განეხილა საქმე და უშუალოდ გამოეკვლია საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება.
18. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში მოიძებნება გადაწყვეტილებები, სადაც იგი ერთმანეთისგან განსხვავებულად განმარტავს სათადარიგო მოსამართლის დანიშვნის საკითხს. კერძოდ, 2013 წლის 28 ინისის №40აპ-132 გადაწყვეტილებაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სისხლის სამათლის საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის დარღვევად არ მიიჩნია, საქმის განმხილველი მოსამართლის ჩამოცილების შემდეგ, საქმის განხილვის გაგრძელება იმ სათადარიგო მოსამართლის მიერ, რომელიც საქმის განხილვის დაწყებიდან არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს, ხოლო 2021 წლის 21 აპრილის №316აპ-19 გადაწყვეტილებაში უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლით გათვალისწინებული სათადარიგო მოსამართლის დანიშვნა გულისხმობს, საქმის განმხილველი მოსამართლის ჩამოცილების შემდეგ, მის ჩანაცვლებას იმ სათადარიგო მოსამართლით, რომელიც საქმის განხილვის დაწყებიდანვე ესწრებოდა სასამართლო სხდომებს. როგორც უკვე აღინიშა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკანონმდებლო ნორმას სწორედ იმ ნორმატიული შინაარსით იღებს, რომლითაც იგი საერთო სასამართლომ გამოიყენა. ამ მხრივ, უმნიშვნელოვანესია უზენაესი სასამართლოს განმარტებები, რომელიც წარმოადგენს საბოლოო ინსტანციის სასამართლოს და მისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონთან შეუთავსებლობის გამო აუქმებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს - შესაბამისად, აკეთებს მნიშვნელოვან განმარტებებს კანონის შინაარსთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთგვაროვანი პრაქტიკის არსებობა მიუთითებს, რომ არ გამოირიცხება სადავო ნორმის იმგვარი განმარტება, რომელიც ადგენს სათადარიგო მოსამართლის მიერ (რომლის დანიშვნაც არ მომხდარა საქმის განმხილველი მოსამართლისათვის საქმის გადაცემის ეტაპზე) საქმის განხილვის გაგრძელების ვალდებულებას და ართმევს მას შესაძლებლობას, თავიდან განიხილოს საქმე და უშუალოდ გამოიკვლიოს საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება. ამგვარი მოწესრიგება, თავის მხრივ, ზღუდავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებას, სრულყოფილად წარადგინოს საკუთარი მტკიცებულებები და გააბათილოს მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები, უშუალოდ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლის წინაშე.
19. როგორც აღინიშნა, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების გარანტირებას ემსახურება საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობის პრინციპის დაცვა და მოსამართლის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების უშუალო და ზეპირი გამოკვლევა. სადავო ნორმა აწესრიგებს საქმის განმხილველი მოსამართლის სათადარიგო მოსამართლით ჩანაცვლების შემთხვევას ისე, რომ არ აძლევს სათადარიგო მოსამართლეს შესაძლებლობას, თავიდან დაიწყოს საქმის განხილვა, რათა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სათანადოდ გამოიკვლიოს და შეისწავლოს ყველა მტკიცებულება უშუალოდ მისი მონაწილეობით გამართულ პროცესზე. ამგვარი მოცემულობა ზღუდავს სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობისა და საქმის განხილვის უშუალობის პრინციპებს. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, იწვევს თუ არა ზემოაღნიშნული პრინციპების შეზღუდვა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების დარღვევას.
4. შეფასების ტესტი
20. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, შეზღუდვას ექვემდებარება სამართლიანი სასამართლო განხილვის ისეთი უფლებრივი კომპონენტებიც, როგორიცაა მტკიცებულების უშუალოდ გამოკვლევისა და საქმის ზეპირად განხილვის უფლებები. ზოგადად, მტკიცებულებების უშუალოდ გამოკვლევისა და საქმის ზეპირად განხილვის უფლებების შეზღუდვა, თავისთავად, არ გულისხმობს საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევას. საკონსტიტუციო სასამართლო თანაზომიერების პრინციპების მოთხოვნის საფუძველზე, ამოწმებს, სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვა არღვევს თუ არა სამართლიანი განხილვის უფლებას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც, სასამართლო, თანაზომიერების ტესტის მოთხოვნების საფუძველზე დაადგენს, არღვევს თუ არა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას სადავო ნორმით დადგენილი წესი, რომლის თანახმადაც, სათადარიგო მოსამართლის მიერ საქმის განხილვა გრძელდება და სათადარიგო მოსამართლე საქმეს იხილავს იმ ეტაპიდან, რომელზეც ხდება მოსამართლის ჩანაცვლება.
4.1. ლეგიტიმური მიზანი
21. მოპასუხის განმარტებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა ემსახურება სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების, საქმეთა განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილებისა და პროცესის ეკონომიურობის უზრუნველყოფის ლეგიტიმურ მიზნებს. ეფექტიანი და სწრაფი მართლმსაჯულება სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების უფლებრივი კომპონენტებია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სასამართლო დაცვა ეფექტიანია, თუ პასუხობს სწრაფი/დროული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მოთხოვნებს. სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლებიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს გონივრულად მისაღებ ვადებში, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, ვინაიდან მართლმსაჯულების გაუმართლებელი დაყოვნება ძირს უთხრის მისდამი საზოგადოების ნდობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
22. საქმის განხილვის სისწრაფესა და ეფექტიანობასთან ერთად, ლეგიტიმურ მიზნად დასახელებულია პროცესის ეკონომიურობის საჯარო ინტერესი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პროცესის ეკონომიურობა უმნიშვნელოვანესია მართლმსაჯულების ხარისხის უზრუნველყოფისთვის და დასაშვებია სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა მის უზრუნველსაყოფად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის 3/1/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-69). პროცესის ეკონომიურობა პირდაპირ კავშირშია მართლმსაჯულების განხორციელებისათვის აუცილებელი ადამიანური და მატერიალური რესურსების რაციონალურ გამოყენებასთან. მართლმსაჯულების წარმოება, ამისათვის საჭირო გონივრული რესურსის გამოყენებით, ხელს უწყობს, ერთი მხრივ, გადაჭარბებული დანახარჯების თავიდან აცილებას, ხოლო, მეორე მხრივ, არსებული რესურსის იმგვარად განაწილებას, რომ ყველას მიუწვდებოდეს ხელი ხარისხიან და ეფექტიან მართლმსაჯულებაზე. ამდენად, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება, საქმეთა განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილება და პროცესის ეკონომიურობის უზრუნველყოფა მიეკუთვნება ისეთ ლეგიტიმურ მიზნებს, რომელთა მისაღწევად დასაშვებია სამართლიანი სასამართლო განხილვის ისეთი უფლებრივი კომპონენტების შეზღუდვა, როგორიც არის სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობისა და საქმის განხილვის უშუალობის პრინციპები.
4.2. გამოსადეგობა და აუცილებლობა
23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, კანონმდებლის მხრიდან მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის დასახელება, თავისთავად, არ ნიშნავს, რომ უფლებაში ჩარევა გამართლებულია. შეზღუდვის თანაზომიერებისათვის ასევე აუცილებელია, დაკმაყოფილდეს გამოსადეგობის და აუცილებლობის მოთხოვნა. გამოსადეგობაზე მსჯელობისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის N3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48). იმავდროულად, გამოსადეგობასთან ერთად, შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებად მზღუდველ) საშუალებას. უფრო კონკრეტულად, „საშუალების აუცილებლობას ობიექტური გარემოებები იწვევს და მას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. საშუალებისადმი ასეთი მიდგომა გამორიცხავს შეზღუდვის ხელოვნურობას. აუცილებლობით გამოწვეული შეზღუდვა აუცილებელი საშუალების გამოყენებით გამართლდება. მხოლოდ ასეთი შეზღუდვა შეიძლება პასუხობდეს პრაქტიკული გონიერების მოთხოვნებს და სუბიექტის მზაობას, უფლების შეზღუდვა მიიჩნიოს, როგორც გარდაუვალი აუცილებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-30).
24. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმა ითვალისწინებს სათადარიგო მოსამართლის მიერ საქმის განხილვის იმ ეტაპიდან გაგრძელებას, რომელზეც მოხდა მოსამართლის ჩანაცვლება და გამორიცხავს საქმის განხილვის თავიდან დაწყებას. აღნიშნულისგან განსხვავებით, სათადარიგო მოსამართლის მიერ საქმის თავიდან განხილვა გულისხმობს სამართალწარმოების იმ ეტაპის (ეტაპების) თავიდან წარმოებას, რომელიც ჩანაცვლებული მოსამართლის მონაწილეობით უკვე გაიმართა. საქმის ზეპირი განხილვის ფორმატში მტკიცებულებების თავიდან შესწავლა, მათ შორის, მოწმეთა კვლავ მოწვევა და მხარეთა პოზიციების მოსმენა ერთდროულად დაკავშირებულია პროცესის დროში გახანგრძლივებასა და, სასამართლოს მხრიდან, ადამიანური და მატერიალური რესურსის გამოყოფასთან.
25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის ეფექტურად განხორციელება დაკავშირებულია სასამართლოს დროისა და რესურსების ხარჯვასთან. საქმის ზეპირი განხილვა, მხარეების მტკიცებულებების შესწავლა და მათი პოზიციის მოსმენა, შეჯიბრებითი და თანასწორი პროცესის ჩატარება, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცესუალური უფლებების განხორციელება სასამართლოში მოითხოვს გარკვეული დროის დათმობას, რაც თავის მხრივ აისახება სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტის ვადებზე, პროცესუალური უფლებების სიმრავლე და მათი განხორციელებისათვის განკუთვნილი დრო პირდაპირ ზეგავლენას ახდენს სამართალწარმოების სისწრაფეზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/8/734 გადაწყვეტილება საქმეზე „ააიპ „ფრემა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).
26. სადავო ნორმით დადგენილი წესი, რომელიც მოსამართლის ჩანაცვლების შემთხვევაში, ითვალისწინებს საქმის განხილვის გაგრძელებას, სამართალწარმოების პროცესს უფრო მარტივსა და მოქნილს ხდის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ „პროცედურის სიმარტივე განაპირობებს მართლმსაჯულების სისწრაფესა და ეფექტურობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30). ამრიგად, სადავო ნორმით განსაზღვრული წესი, რომელიც ადგენს საქმის თავიდან განხილვის დაუშვებლობას, წარმოადგენს სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიღწევის გამოსადეგ საშუალებას. ამასთანავე, სასამართლოში საქმის განხილვის ვადების შემცირება, თავისთავად, იწვევს სასამართლოს რესურსის ხარჯვის კლებას. ამდენად, გასაჩივრებული რეგულირებით დადგენილი შეზღუდვა, ლოგიკურად, შესაძლებელს ხდის სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებისა და პროცესის ეკონომიურობის მიზნების მიღწევას. ამავდროულად, არ იკვეთება უფლების უფრო ნაკლებად მზღუდავი რომელიმე ალტერნატიული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც იმავე ეფექტურობით უზრუნველყოფდა დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შემზღუდველი ღონისძიება ასევე აკმაყოფილებს აუცილებლობის მოთხოვნას.
4.3. პროპორციულობა ვიწრო გაგებით
27. გამოსადეგობის და აუცილებლობის მოთხოვნების გარდა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს, რამდენად არის დაცული პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto sensu). პროპორციულობა ვიწრო გაგებით მოითხოვს, რომ „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
28. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვის პირობებში, ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, პროცესის ეკონომიურობისა და სწრაფი მართლმსაჯულების ლეგიტიმური მიზანი და, მეორე მხრივ, პირის ინტერესი, ჰქონდეს საპროცესო შესაძლებლობა, უშუალოდ წარუდგინოს მტკიცებულებები იმ მოსამართლეს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მისი მსჯავრდების შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, შეცდომების თავიდან აცილების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი და, ზოგადად, სამართლიანი საზოგადოების არსებობის განუყოფელი ნაწილია, რომლის გარეშეც ჩამოიშლება ნდობა სამართლის აღსრულების, მისი უზენაესობისა და, ზოგადად, სახელმწიფოს მიმართ. ამდენად, ჯეროვანი მართლმსაჯულების განხორციელება, საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულება, წარმოადგენს არა მხოლოდ კონკრეტული მხარის, არამედ მთლიანი საზოგადოების ინტერესს. ამგვარად, მაღალია საჯარო ინტერესი სამართლიანი სასამართლო განხილვის მიმართ. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად სამართლიანად არის დადგენილი ბალანსი ზემოაღნიშნულ ინტერესებს შორისს.
29. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვირდებული პრაქტიკის თანახმად, „სწრაფი მართლმსაჯულება და საქმეთა განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილება, პროცესის ეკონომიურობა, ისევე, როგორც არდაშვება სასამართლოს ხელოვნური გადატვირთვისა, რაც, საბოლოო ჯამში, ნეგატიურ გავლენას ახდენს მართლმსაჯულების ხარისხზე, უმნიშვნელოვანესი ლეგიტიმური მიზნებია, ვინაიდან თითოეული მათგანის დაცვა ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტურად სარგებლობას ემსახურება. [...] [თუმცა] სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების ლეგიტიმური მიზნების დაცვა ალოგიკურია, თუ ამის შედეგი ისევ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობის შეუძლებლობაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-90).
30. ამრიგად, უნდა შეფასდეს სადავო ნორმით დაწესებული საპროცესო უფლების შეზღუდვის გავლენა პირის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოების საბოლოო შედეგზე, შესაბამისად, კონკრეტული მატერიალური უფლების დაცვაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს უფლებაში ჩარევის შეფასებისას, „მხედველობაშია მისაღები იმ უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის მნიშვნელობა, რომლის დაცვის შესაძლებლობაც არის შეზღუდული. ცხადია, შეფასების სტანდარტები განსხვავებული იქნება განსხვავებული მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი ინტერესების შემთხვევაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).
31. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პირს, რომელსაც სახელმწიფო სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სრულად ისარგებლოს საქმის სამართლიანი განხილვის პროცედურული გარანტიებითა და გასაჩივრების უფლებით. ამასთანავე, სხვადასხვა სიმძიმის პასუხისმგებლობის დაკისრების მიმართ შესაძლებელია არსებობდეს განსხვავებული პროცედურული გარანტიები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16).
32. სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა უკავშირდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების/მსჯავრდების პროცედურას, რომლის მიმართაც პირს განსაკუთრებული ინტერესი აქვს. ამავდროულად, პირის ინტერესი, მისი საქმის ან საქმის რომელიმე ეტაპის განხილვას უშუალოდ ესწრებოდეს გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლე, მეტწილად, დამოკიდებულია სამართალწარმოების კატეგორიაზე და იმ საკითხებზე, რომელიც უნდა გადაწყვიტოს მოსამართლემ. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები საქმის ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით, ვინაიდან ზეპირი მოსმენა მჭიდრო კავშირშია საქმის განხილვის უშუალობის პრინციპთან და პირის ინტერესთან - საკუთარი არგუმენტაციის ზეპირ სხდომაზე წარმოდგენით, გავლენა მოახდინოს სამართალწარმოების შედეგზე.
33. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ზეპირი მოსმენის ჩატარების ინტერესი განსაკუთრებით მაღალია მაშინ, როდესაც საქმის გადაწყვეტა საჭიროებს ფაქტების გამოკვლევას და სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენას. „უმთავრესი საკითხი, რომელიც მხედველობაში მიიღება ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის უფლების შეზღუდვისას, არის - როგორია კონკრეტული საკითხის განმხილველი სასამართლოს კომპეტენცია მოცემულ შემთხვევაში, კერძოდ კი, თვისობრივად რა საკითხების შესწავლა/შეფასება/გამოკვლევა უწევს სასამართლოს. ამ თვალსაზრისით, გადამწყვეტია, სასამართლო იხილავს მხოლოდ სამართლებრივ საკითხებს, თუ, იმავდროულად, ახდენს ფაქტების (ფაქტობრივი გარემოებების) შეფასება/შესწავლასაც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-74).
34. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ზეპირი განხილვის უფლების დაცვის სტანდარტი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამართალწარმოების შინაარსზე. იმ შემთხვევაში, როდესაც საქმის განხილვა უკავშირდება ფორმალურ-სამართლებრივი საკითხების დადგენას, ნაკლებია ზეპირი მოსმენის გამართვის ინტერესი. ამ შემთხვევაში მოქმედებს პრინციპი “jura novit curia” („სასამართლომ იცის კანონი“) და მხარეების მიერ სამართლებრივ გარემოებებზე მითითებას მხოლოდ დამხმარე ფუნქცია აქვს. განსხვავებულია მიდგომა იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წყვეტს როგორც ფორმალურ-სამართლებრივ საკითხებს, აგრეთვე აფასებს ფაქტობრივ გარემოებებს. ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზეპირი მოსმენის ჩატარებასა და პირისთვის მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობის მინიჭებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-42).
35. თავის მხრივ, იმ საქმეებზე, რომლებშიც გადაწყვეტილება მიიღება ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენის საფუძველზე ანუ ფაქტების დამდგენი სასამართლოს შემთხვევაში, მხარის ინტერესი, საქმე განიხილოს უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებმა მოსამართლემ, დამოკიდებულია საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ბუნებაზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის მიხედვით, მტკიცებულება არის „კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზედაც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ასრულებენ მოვალეობებს, იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას“, ამავე მუხლის 24-ე ნაწილის მიხედვით კი, მოწმის ჩვენება განმარტებულია როგორც „მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ“.
36. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეზე მხარემ ფაქტობრივი გარემოებები შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს სხვადასხვა სახის მტკიცებულებით. მტკიცებულებები ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც წარდგენის ფორმით, ისე მათი გამოკვლევის, შეფასებისა და მათ საფუძველზე ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების მეთოდების მიხედვით. ცალკეული მტკიცებულებების, მაგალითად, ნივთიერი მტკიცებულებების, დოკუმენტების, კომპიუტერული მონაცემების შეფასება უშუალოდ მათ გამოკვლევას, ნიშან-თვისებებისა და რაობის ანალიზს საჭიროებს, ხოლო ისეთი მტკიცებულება, როგორიც არის მოწმისა და ექსპერტის ჩვენება, ბევრად კომპლექსურად შესაფასებელია. მოწმის ჩვენების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენების შინაარსის დადგენა, არამედ ჩვენების მიცემის პროცესში პირის ქცევაზე დაკვირვება. საქმის არსებითი განხილვისას მოწმე იკითხება პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის წესით, სადაც ის გადმოსცემს სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტებს შესაბამისი ქცევის თანხლებით, რაზე დაკვირვებაც იძლევა მოწმის სანდოობის შეფასების შესაძლებლობას.
37. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალკეულ შემთხვევაში, გადასაწყვეტი საქმის ეტაპის, მისი ბუნების, საქმეში არსებული მტკიცებულებების სახესხვაობების გათვალისწინებით, პირის ინტერესი, სადავო ნორმის საფუძველზე მოსამართლის შეცვლის შემთხვევაში, საქმის განხილვა დაიწყოს თავიდან, ერთმანეთისგან განსხვავდება. ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლებელია, პროცესის ეკონომიურობის საჭიროებამ გადაწონოს საქმის თავიდან განხილვის ინტერესი და პირის ინტერესი დაბალანსდეს იმით, რომ ახალ შემადგენლობას მიეცეს საქმის მასალების, სხდომის ოქმების და ჩანაწერების გამოკვლევის შესაძლებლობა, ხოლო, ზოგ შემთხვევაში, აღნიშნული ინტერესი შესაძლებელია, ვერ დაბალანსდეს სათადარიგო მოსამართლის მიერ საქმის მასალების გაცნობის გზით და საჭირო გახდეს საქმის (მისი შესაბამისი ნაწილის) თავიდან განხილვა.
38. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სისხლის სამართლის პროცესის მიზანი საქმეზე სიმართლის დადგენა და ჯეროვანი მართლმსაჯულების განხორციელებაა. შესაბამისად, კონსტიტუციური პრინციპების დაცვით საქმის სრულყოფილი გამოკვლევა, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებიდან მომდინარე, მოსამართლის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს. ბუნებრივია, აღნიშნული ინტერესების მიღწევა ვერ იქნება უზრუნვეყოფილი, თუ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებ მოსამართლეს არ მიეცემა შესაძლებლობა, გამოიკვლიოს ის მტკიცებულებები, რომელთა მიმართაც წარმოეშობა გარკვეული ბუნდოვანება ან გაუჩნდება ეჭვი, მათი სანდოობის შესახებ. იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას, მოსამართლეს ეზღუდება შესაძლებლობა, უშუალოდ გამოიკვლიოს ის მტკიცებულებები, რომლებიც აუცილებელია შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისათვის, ხელი ეშლება გადაწყვეტილების მიღების პროცესს, საქმეზე ობიექტური, სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. უფრო მეტიც, შესაძლებელია, შეიქმნას რეალობა, რომელშიც სრულიად შეუძლებელი იქნება, სასამართლოს მხრიდან არათუ დასაბუთებული და სამართლიანი, არამედ რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღებაც კი. ასეთ მოცემულობაში, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღება ხელყოფს მთლიანად მართლმსაჯულების ინტერესებს - აფერხებს საქმის გარემოებების დადგენას, შესაძლებელია, გამოიწვიოს უდანაშაულო პირის მსჯავრდება ან დამნაშავე პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის №3/2/1478 გადაწყვეტილება საქმეზე „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის მე-2 წინადადების, 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 წინადადების, 48-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, მე-5 ნაწილის პირველი წინადადებისა და მე-7 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-40, 44, 48-51)
39. როგორც აღინიშნა, საქმის თავიდან განხილვის საჭიროება ნაკლებად არსებობს იმ შემთხვევებში, როდესაც გადასაწყვეტია მხოლოდ ფორმალურ-სამართლებრივი საკითხები ან სასამართლოს შემადგენლობის ცვლილებამდე არ მომხდარა ისეთი ფაქტობრივი გარემოებების/მტკიცებულებების გამოკვლევა, რომელსაც უნდა დაეყრდნოს ახალი სასამართლო შემადგენლობა. ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც სასამართლოს შემადგენლობის ცვლილებამდე გამოკვლეული იქნა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები/მტკიცებულებები, რომლებსაც უნდა დაეყრდნოს სასამართლო, საქმის თავიდან განხილვის საჭიროება დამოკიდებულია მტკიცებულებების ბუნებაზე. კერძოდ, თუ გამოკვლეულია ისეთი მტკიცებულებები, რომელთა შეფასება სრულად შესაძლებელია უშუალოდ გამოკვლევის პროცესზე დასწრების გარეშე, სათანადო დოკუმენტაციის (სხდომის ოქმი, ჩანაწერები და ა.შ.) გაცნობის გზით, შესაძლებელია, ახალმა შემადგენლობამ საქმე გადაწყვიტოს თავიდან განხილვის გარეშე. თუმცა ასეთ პირობებშიც აუცილებელია, მოსამართლეს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ცალკეულ შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება საქმის თავიდან განხილვის შესახებ, როდესაც სრულყოფილად ვერ ახერხებს, საქმის მასალების გაცნობის გზით, მტკიცებულებების შეფასებას.
40. განსხვავებულია პირის ინტერესი საქმეებზე, როდესაც სასამართლოს შეცვლილმა შემადგენლობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც გამოკვლეული იყო სასამართლოს შემადგენლობის ცვლილებამდე და რომელთა სანდოობის შეფასებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოსამართლის პირად დაკვირვებას. ასეთ მტკიცებულებებს, როგორც წესი, წარმოადგენს ე.წ. „ცოცხალი მტკიცებულებები“, რომლის მიმართაც საქმის განმხილველი მოსამართლე უშუალოდ დაკვირვების შედეგად, იყალიბებს შინაგან რწმენას. მაგალითად, მოწმისა და ექსპერტის მიერ ჩვენების მიცემა ცოცხალი პროცესია და ამ შემთხვევაში რელევანტურია არა მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელსაც მოწმე/ექსპერტი აწვდის სასამართლოს, არამედ მნიშვნელოვანია დაკვირვება პირის ქცევაზე, მის მიმიკაზე, ჟესტიკულაციაზე, გამომეტყველებასა და სხვა რელევანტურ გარემოებებზე, რომელთა მეშვეობითაც მოსამართლეს უყალიბდება შინაგანი რწმენა სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის სანდოობის შესახებ. ამდენად, მნიშვნელოვანია, მოსამართლეს შთაბეჭდილებები უყალიბდებოდეს მოწმესთან/ექსპერტთან პირადი, უშუალო კომუნიკაციის და არა საქმეში არსებული წერილობითი ან/და აუდიო მასალების გაცნობის გზით. სხვა მხრივ, შეუძლებელია, მოსამართლემ შეიქმნას გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი შინაგანი რწმენა, რომელიც, თავის მხრივ, სასამართლოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია საქმის განმხილველი მოსამართლე დარწმუნდეს მოწმის/ექსპერტის არა მხოლოდ სანდოობაში, არამედ იმაში, რომ მათ მიერ მიცემული ჩვენება შინაარსობრივად სრული, თანმიმდევრულია და არ წარმოშობს დამატებითი კითხვების საჭიროებას. ამ მხრივ, აღსანიშნავია ის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო რეგულაცია, რომელიც სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლისათვის კითხვის დასმის უფლებას ზღუდავდა. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, შესაძლებელია, მოწმემ, ექსპერტმა თუ სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილემ, განზრახ ან შესაბამისი კომპეტენციის არქონის გამო არასაკმარისი სიცხადით მიაწოდოს სასამართლოს ინფორმაცია, რის გამოც საქმის განმხილველ მოსამართლეს გაუჭირდეს სრულყოფილად გაიაზროს მტკიცებულებები და წარმოიშვას კითხვის დასმის საჭიროება, ჩვენებაში სიცხადის შეტანისა და მისი უკეთ გაგების მიზნით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის №3/2/1478 გადაწყვეტილება საქმეზე „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის მე-2 წინადადების, 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 წინადადების, 48-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, მე-5 ნაწილის პირველი წინადადებისა და მე-7 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-47-51). ამდენად, მოსამართლემ, რომელმაც სადავო ნორმის საფუძველზე განაგრძო საქმის განხილვა, შესაძლებელია, არათანმიმდევრულობისა თუ არასრულყოფილების გამო, საკმარისად ცხადად ვერ აღიქვას მოწმის/ექსპერტის თუ პროცესის სხვა მონაწილის მიერ მიცემული ინფორმაცია, რომელსაც იგი სხდომის ოქმის საშუალებით ეცნობა და გაუჩნდეს კითხვები მათი ბუნდოვანების გასაფანტად. თუ ახალ შემადგენლობას შეეზღუდება უფლება, დასვას კითხვები იმ გაუგებარ, გაურკვეველ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც აუცილებელია შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისათვის, ხელი შეეშლება გადაწყვეტილების მიღების პროცესს და საქმეზე ობიექტური, სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. შესაბამისად, თუ მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მოწმის/ექსპერტის ჩვენებაზე დაყრდნობით, იზრდება ინტერესი, რომ საქმის განხილვა თავიდან დაიწყოს და ასეთ შემთხვევებში, მოსამართლის ცვლილებისას, აღნიშნული ინტერესი ვერ დაბალანსდება მოსამართლის მიერ საქმის მასალების, მათ შორის, მოწმის ჩვენების ოქმის გაცნობის გზით. ამდენად, ე.წ. „ცოცხალ მტკიცებულებებთან“ მიმართებით, საქმის თავიდან განხილვის საჭიროების წარმოშობის ალბათობა გაცილებით მაღალია.
41. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოიშობა მხოლოდ გარკვეული მტკიცებულებების ხელახალი გამოკვლევის საჭიროება, არ არის აუცილებელი მთლიანი საქმის ხელახალი განხილვა, არამედ საკმარისი იქნება, სათადარიგო მოსამართლის მიერ, მხოლოდ იმ მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევა, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 39-ე და მე-40 პუნქტების შესაბამისად, მოითხოვს სათადარიგო მოსამართლის მიერ ხელახლა გამოკვლევას. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქმის განმხილველი შემადგენლობის ცვლილებისას, საქმის თავიდან განხილვა, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლებიდან მომდინარე გარანტია, ბრალდებულის უფლებაა, რომლის რეალიზაციაც დამოკიდებულია დაცვის მხარის პოზიციაზე. კერძოდ, შესაძლებელია, ზემოთ დასახელებული წინაპირობების არსებობისას, საქმის თავიდან განხილვა ხდებოდეს არა ავტომატურად, ყველა შემთხვევაში, არამედ - უკავშირდებოდეს დაცვის მხარის მოთხოვნას.
42. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს კანონმდებლის შესაძლებლობას, საპროცესო ეკონომიის უზრუნველსაყოფად, რთულ/ხანგრძლივ საქმეებზე შეიმუშაოს სათადარიგო მოსამართლის მონაწილეობის ისეთი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც სათადარიგო მოსამართლე საქმის განხილვის დაწყებიდანვე ესწრება ყველა სხდომას, აკვირდება მტკიცებულებათა გამოკვლევას და, საჭიროების შემთხვევაში, საქმის განმხილველი მოსამართლის ჩანაცვლებით, უზრუნველყოფს პროცესის გაგრძელებას საქმის თავიდან განხილვის გარეშე.
43. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ იმ საქმეების შემთხვევაში, როდესაც სათადარიგო მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, ისეთ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც მის მიერ საქმეში ჩართვამდე იქნა გამოკვლეული, შესაძლებელია, გონივრულად გაჩნდეს საქმის თავიდან განხილვის საჭიროება, კერძოდ, თუ საქმე შეეხება მოწმის/ექსპერტის ჩვენებას ან სხვა ისეთ მტკიცებულებას, რომლის სანდოობის შეფასება მოითხოვს მოსამართლის უშუალო, პირად მონაწილეობას, მაშინ საქმის (მისი შესაბამისი ნაწილის) თავიდან განხილვის საჭიროება უფრო მეტად არსებობს. ხოლო მაშინ, როდესაც სახეზეა სხვა კატეგორიის მტკიცებულებები (ნივთიერი მტკიცებულება, დოკუმენტი, კომპიუტერული მონაცემი და ა.შ.), შესაძლოა, პირის ინტერესი დაბალანსდეს მოსამართლის მიერ საქმის მასალების გაცნობით. თუმცა ამ უკანასკნელ შემთხვევაშიც, მოსამართლე აღჭურვილი უნდა იყოს უფლებამოსილებით, მოითხოვოს საქმის თავიდან განხილვა, თუ საჭიროებს კონკრეტული საკითხის/მტკიცებულების დაზუსტებას.
44. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლი (2021 წლის 29 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) იმპერატიულად ადგენს, რომ სათადარიგო მოსამართლის ჩართვის შემთხვევაში „საქმის განხილვა გრძელდება“. ნორმა არ ითვალისწინებს სათადარიგო მოსამართლის მიერ საქმის (მისი რომელიმე ეტაპის) თავიდან განხილვის არც უფლებამოსილებას და არც ვალდებულებას, მათ შორის, იმ პირობებშიც, როდესაც არსებობს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და ცალკეული მტკიცებულებების ხელახალი გამოკვლევის ზემოთ განხილული მომეტებული ინტერესი და დაცვის მხარე ითხოვს საქმის განხილვის თავიდან დაწყებას. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმით დადგენილი ბლანკეტური მოწესრიგება სამართლიანად ვერ აბალანსებს დაპირისპირებულ ინტერესებს და არ შეესაბამება თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.
45. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის (2021 წლის 29 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სათადარიგო მოსამართლეს, რომლის დანიშვნაც არ მომხდარა საქმის განმხილველი მოსამართლისათვის საქმის გადაცემის ეტაპზე, ართმევს საქმის/ცალკეული მტკიცებულებების თავიდან განხილვის/გამოკვლევის შესაძლებლობას მაშინ, როდესაც: ა) მის მიერ საქმეში ჩართვამდე იქნა გამოკვლეული ისეთი მტკიცებულებები, რომელთა სანდოობის შეფასებაც მოითხოვს მოსამართლის უშუალო, პირად მონაწილეობას; ბ) არსებობს კონკრეტული საკითხის/მტკიცებულების დაზუსტების საჭიროება და სათადარიგო მოსამართლე სრულყოფილად ვერ ახერხებს, საქმის მასალების გაცნობის გზით, მის მიერ საქმეში ჩართვამდე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. დაკმაყოფილდეს №1300 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი გულაბერიძე და ბადრი შუშანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის (2021 წლის 29 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სათადარიგო მოსამართლეს, რომლის დანიშვნაც არ მომხდარა საქმის განმხილველი მოსამართლისათვის საქმის გადაცემის ეტაპზე, ართმევს საქმის/ცალკეული მტკიცებულებების თავიდან განხილვის/გამოკვლევის შესაძლებლობას მაშინ, როდესაც:
ა) მის მიერ საქმეში ჩართვამდე იქნა გამოკვლეული ისეთი მტკიცებულებები, რომელთა სანდოობის შეფასებაც მოითხოვს მოსამართლის უშუალო, პირად მონაწილეობას;
ბ) არსებობს კონკრეტული საკითხის/მტკიცებულების დაზუსტების საჭიროება და სათადარიგო მოსამართლე სრულყოფილად ვერ ახერხებს, საქმის მასალების გაცნობის გზით, მის მიერ საქმეში ჩართვამდე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას.
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე