ა(ა)იპ „ერთობა 2013“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/15/1462 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 4 ნოემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 16 ნოემბერი 2022 21:51 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ა(ა)იპ „ერთობა 2013“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 49-ე მუხლის პირველი პუნქტის (2020 წლის 5 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლისა და 193-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1462) მომართა ა(ა)იპ „ერთობა 2013-მა“. №1462 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2019 წლის 26 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 4 ნოემბერს.
2. №1462 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 49-ე მუხლის პირველი პუნქტი (2020 წლის 5 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) განმარტავს გაფიცვას, როგორც დასაქმებულის დროებით ნებაყოფლობით უარს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე და მიუთითებს, რომ გაფიცვაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლი არეგულირებს კანონისა და სამართლის ანალოგიის გამოყენების შემთხვევებს. ამავე კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესრიგებს სასამართლოსადმი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართვისა და სასამართლოს მიერ შესაბამისი განჩინების გამოტანის საფუძვლებსა და წესს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლი განსაზღვრავს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განხილვის წესს, ხოლო ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთ ღონისძიებად ითვალისწინებს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვას.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით განმტკიცებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება; 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაცულია გაფიცვის უფლება; საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის დროულად და სამართლიანად განხილვის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულია დაცვის უფლება.
5. №1462 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე მიღებული განჩინებების საფუძველზე, მოსარჩელე პროფესიულ კავშირში გაერთიანებული პირების, თბილისის მეტროპოლიტენის ელ-მატარებლების მემანქანეების (შემდგომში - მეტროს მემანქანეები) დაგეგმილი გაფიცვა, პირველ ჯერზე, გადაიდო 30 კალენდარული დღით, ხოლო შემდგომში, სასამართლომ აღნიშნულ პირებს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, სრულად აუკრძალა სამუშაო საათებში გაფიცვა და სანაცვლოდ, ნება დართო გაფიცულიყვნენ არასამუშაო დროს.
6. მოსარჩელის განმარტებით, გაფიცვის უფლება წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს დასაქმებულთათვის, სამუშაოს შესრულებაზე უარით აიძულონ დამსაქმებელი, შექმნას სამართლიანი სამუშაო გარემო. შესაბამისად, გაფიცვის უფლების ეფექტურად რეალიზებისათვის უმნიშვნელოვანესია მისი გამოყენება სწორედ სამუშაო საათებში. თბილისის საქალაქო სასამართლომ, მეტროს მემანქანეებს უვადოდ შეუზღუდა გაფიცვის უფლება სამუშაო საათებში და შეზღუდვის დამაბალანსებლად ნება დართო გაფიცულიყვნენ არასამუშაო დროს. მოსარჩელის განმარტებით, არასამუშაო დროს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულებები ისედაც არ მოქმედებს, შესაბამისად, დროის ამ მონაკვეთში გაფიცვა აზრს მოკლებულია, რადგან გავლენას ვერ მოახდენს დამსაქმებელზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს შრომის კოდექსის 49-ე მუხლის პირველი პუნქტისათვის (2020 წლის 5 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) მინიჭებული ნორმატიული შინაარსი, რომელიც გაფიცვის უფლებაში მოიაზრებს არასამუშაო საათებში პროტესტის შესაძლებლობას, უგულებელყოფს გაფიცვის უფლების ძირითად არსს და შეუსაბამოა კონსტიტუციით დადგენილ წესრიგთან.
7. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, მიმართა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას და მეტროს მემანქანეებს, სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, ფაქტობრივად უვადოდ აუკრძალა სამუშაო საათებში გაფიცვის უფლება.
8. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ გაფიცვის უფლების მსგავსი ინტენსივობით შეზღუდვა მოხდეს სპეციალური კანონმდებლობის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შრომის კოდექსის საფუძველზე. აღნიშნულის საპირისპიროდ, გაფიცვის უვადოდ აკრძალვა მოხდა არა სპეციალური, არამედ ზოგადი საპროცესო კანონმდებლობის ნორმებზე დაყრდნობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე განმარტავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, გაფიცვის უფლების შეზღუდვა მოხდა შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლის არარსებობის პირობებში, ხოლო, მეორე მხრივ, ზოგადი საფუძვლებით ფუნდამენტური უფლების შეზღუდვა ვერ პასუხობს კანონის ხარისხობრივ მოთხოვნებს.
9. მოსარჩელე მხარის განმარტებით, გაფიცვა უნდა ჩაითვალოს კანონიერად, ვიდრე მისი უკანონობა არ დამტკიცდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, როდესაც დადგენილი არ არის გაფიცვის კანონიერება, გაფიცვის წინასწარი, უვადო აკრძალვა, გაფიცვის უკანონობის თაობაზე სასამართლოს შესაძლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, თვისობრივად გაუმართლებელია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მეტროს მემანქანეები არ მიეკუთვნებიან იმ პირთა კატეგორიას, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების დაცვის მოტივით ეკრძალებათ გაფიცვა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებაში არ უმსჯელია გაფიცვის კანონიერებაზე და სადავო გადაწყვეტილებამდე არ მისულა შეპირისპირებულ ინტერესთა დაბალანსების შედეგად. სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ იმ პოტენციურ საფრთხეებზე, რაც გაფიცვას შეიძლება მოჰყოლოდა.
10. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე ასკვნის, რომ სადავო ნორმები იძლევა გაფიცვის უკანონოდ გამოცხადებამდე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახედ, გაფიცვის ინტენსიური შეზღუდვის, კერძოდ, უვადო აკრძალვის შესაძლებლობას, მხოლოდ დამსაქმებლის ინტერესებზე დაყრდნობით, დასაქმებულისათვის მიყენებული ზიანისა და უფლების შეზღუდვის პროპორციულობაზე მსჯელობის გარეშე, რაც ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
11. მოსარჩელე მხარე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსი ითვალისწინებს გაფიცვის 30 დღით გადადების მექანიზმს, რომელიც გამოიყენა კიდეც სასამართლომ მათ წინააღმდეგ. თავის მხრივ, გაფიცვის 30 დღით გადადება, გაფიცვის უვადოდ აკრძალვასთან შედარებით, უფლებაში ნაკლები ინტენსივობით ჩარევას წარმოადგენს. ამ ფონზე, როდესაც არსებობს უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალება, მოსარჩელისათვის გაუგებარია, ზოგადი საპროცესო ნორმების საფუძველზე ფუნდამენტური უფლების შეზღუდვის საფუძვლების გაფართოება და მისი გამოყენება სამუშაო საათებში გაფიცვის განუსაზღვრელი ვადით ასაკრძალად.
12. წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის (2020 წლის 5 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გაფიცვის უფლებაში მოიაზრებს არასამუშაო საათებში პროტესტის შესაძლებლობას, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახედ ითვალისწინებს გაფიცვის უფლების უვადო აკრძალვას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლითა და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
13. მოსარჩელე მხარე დამატებით განმარტავს, რომ გაფიცვის გადადებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახედ გაფიცვის უვადოდ აკრძალვის შესახებ განჩინებები სასამართლომ მიიღო ზეპირი მოსმენის გარეშე. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის განხილვისას, სასამართლო დაეყრდნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლს, ხოლო გაფიცვის გადადების შემთხვევაში, ვინაიდან არ არსებობდა მსგავს საკითხზე განცხადების განხილვის საპროცესო წესი, სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის საფუძველზე, მიმართა კანონის/სამართლის ანალოგიას და განცხადებები განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, მოპასუხისათვის შეუტყობინებლად.
14. მოსარჩელის განმარტებით, მსგავსი საკითხების გადაწყვეტა მოითხოვს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას, რისთვისაც აუცილებელია ზეპირი მოსმენის გამართვა. ამასთან, გაფიცვის გადადებითა და აკრძალვით ხდება პირის უფლებაში ინტენსიური ჩარევა, რაც დამატებით მიუთითებს სასამართლოს მხრიდან საკითხის სკრუპულოზურად შესწავლისა და ზეპირი მოსმენის ფორმატში მხარეთა პოზიციების სრულყოფილად გამოკვლევის საჭიროებაზე.
15. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც: ა) სპეციალური საკანონმდებლო საფუძვლის არარსებობისას უშვებს ზეპირ მოსმენაზე უფლების შეზღუდვას კანონის/სამართლის ანალოგიაზე დაყრდნობით და ბ) ანალოგიით გამოსაყენებელი ორი წესის შემთხვევაში უშვებს უფლების მეტად მზღუდავი საშუალების გამოყენებას კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის საფუძვლის შექმნისთვის და ამავე კოდექსის 193-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად გაფიცვის უვადოდ აკრძალვის გამოყენების შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის მოპასუხე მხარისათვის შეუტყობინებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას, არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
16. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებსა და იურიდიულ დოქტრინაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №1462 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 49-ე მუხლის პირველი პუნქტის (2020 წლის 5 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. კერძოდ, მოსარჩელე მხარეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმად, გაფიცვის უფლება განხორციელებადი შეიძლება იყოს, მათ შორის, არასამუშაო საათებში.
3. №1462 კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, საქართველოს შრომის კოდექსში შეტანილ იქნა ცვლილებები. კერძოდ, „„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის №7177-Iს საქართველოს ორგანული კანონით, დასახელებული კოდექსის 49-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და ამჟამად აწესრიგებს სადავო საკითხისგან სრულიად განსხვავებულ სამართლებრივ ურთიერთობას. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის სადავო ნორმა ძალადაკარგულია. ამასთან, სადავო ნორმამ ძალა დაკარგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე.
4. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა a priori არ იწვევს აღნიშნულ ნორმაზე სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10).
5. აღნიშნული პრაქტიკის ცვლილება მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც, ერთი მხრივ, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მიღებულია უფლების მზღუდავი ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმა, რომელსაც სადავო ნორმის იდენტურად გააჩნია უფლების შეზღუდვის პოტენციალი, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობით აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით.
6. წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელე მხარე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 49-ე მუხლის პირველი პუნქტის (2020 წლის 5 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მეტროს მემანქანეებს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, აუკრძალა სამუშაო საათებში გაფიცვის უფლება. აღნიშნული შეზღუდვის დამაბალანსებლად კი ნება დართო გაფიცულიყვნენ არასამუშაო საათებში. ნათელია, რომ მოსარჩელე მხარის უფლების შეზღუდვას განაპირობებს არა მეტროს მემანქანეებისათვის არასამუშაო დროს გაფიცვის შესაძლებლობის მინიჭება, არამედ სამუშაო საათებში გაფიცვის აკრძალვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამუშაო საათებში გაფიცვის აკრძალვა გამოიყენა როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმებით, მათ შორის, 191-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რომელიც ასევე გასაჩივრებულია წინამდებარე სარჩელით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა მომდინარეობს სამუშაო საათებში გაფიცვის ასაკრძალად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებიდან და არა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 49-ე მუხლის პირველი პუნქტის (2020 წლის 5 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) დანაწესიდან, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს არ გამოუყენებია სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული განჩინების მიღების საფუძვლად.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 49-ე მუხლის პირველი პუნქტის (2020 წლის 5 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, სარჩლის შემოტანის მომენტში არსებობდა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
8. აღნიშნული გარემოება იმთავითვე გამორიცხავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, საქმისწარმოების გაგრძელების საჭიროებას. №3/6/1547 საოქმო ჩანაწერით დადგენილი საქმისწარმოების გაგრძელების წესი ემსახურება სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიღწევას. ბუნებრივია, აზრს მოკლებულია მოსარჩელის პოზიციის გადამოწმება საქმის წარმოების გაგრძელების ინტერესთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც სარჩელის ხსენებულ ნაწილთან მიმართებით, არსებობს არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი.
9. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1462 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 49-ე მუხლის პირველი პუნქტის (2020 წლის 5 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება კი ადგენს, რომ „საქმეს, რომელიც მოიცავს როგორც პლენუმის, ისე კოლეგიის განსჯად საკითხებს, განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი“. №1462 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოა როგორც საქართველოს ორგანული კანონის, ასევე საქართველოს კანონის კონსტიტუციურობა. ამდენად, აღნიშნული სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯად საკითხს.
11. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განმწესრიგებელ სხდომაზე გადაწყვეტს, რომ საქმე, რომელიც მოიცავს პლენუმის განსახილველ საკითხებს, სასამართლოში არსებითად განსახილველად არ მიიღება, იგი საქმის იმ ნაწილს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის განსჯადია, დაუყოვნებლივ გადასცემს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას 7 დღის ვადაში, ამ კანონის 312 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადასცემს კოლეგიას“. მოცემულ შემთხვევაში, №1462 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმების კონსტიტუციურობის შეფასება, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 49-ე მუხლის პირველი პუნქტისა (2020 წლის 5 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია), კოლეგიის განსჯადი საკითხია.
12. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით და ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლისა და 193-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, №1462 კონსტიტუციური სარჩელი უნდა გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კოლეგიებს შორის გასანაწილებლად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1462 კონსტიტუციურ სარჩელზე („ა(ა)იპ „ერთობა 2013“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 49-ე მუხლის პირველი პუნქტის (2020 წლის 5 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
2. სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლისა და 193-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით,
№1462 კონსტიტუციური სარჩელი გადაეცეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კოლეგიებს შორის გასანაწილებლად.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში