საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/2-1/550 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 29 ივნისი 2015 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
კონსტანტინე ვარძელაშვილი – წევრი;
ზაზა თავაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
ოთარ სიჭინავა – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა- წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის და 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 4 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N550) მომართა საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2013 წლის 8 იანვარს.
2. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2013 წლის 30 აპრილს და 2013 წლის 14 მაისის N2/4/550 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის და 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. საქმის არსებითი განხილვის სხდომა გაიმართა 2014 წლის 27 იანვარს, 4 თებერვალს და 27 თებერვალს.
3. N550 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, „შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე”. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.
5. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება”. ამავე მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულია აღნიშნულ უფლებაში შესაძლო ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლები.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ 2002 წლის 7 მარტს მოსარჩელე ნოდარ დვალმა შეიძინა და ფლობდა ქ. თბილისში 2100 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. ამასთან, მას აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება დარეგისტრირებული ჰქონდა საჯარო რეესტრში. 2011 წლის 7 მარტს ნოდარ დვალის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის გამოყენებით, საკუთრების უფლება დარეგისტრირდა სხვა პირზე და, შესაბამისად, ნაკვეთის საკადასტრო მონაცემი შეიცვალა. ამის შემდგომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ორჯერ გასხვისდა. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა იმ ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, რომელთა საფუძველზეც, აღნიშნული მიწის ნაკვეთი შეიძინეს მესამე პირებმა.
7. მოსარჩელის მტკიცებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი და 312-ე მუხლის მე-2 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებულ საკუთრების ძირითად უფლებას, ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირები, რომლებმაც აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შეიძინეს საკუთრება, კეთილსინდისიერი შემძენნი აღმოჩნდებიან, მისი სარჩელი სასამართლოში არ დაკმაყოფილდება, ის ვერ დაიბრუნებს კუთვნილ მიწის ნაკვეთს და ამით შეილახება მისი საკუთრების უფლება. მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებულ შეზღუდვას არ გააჩნია კონსტიტუციით გათვალისწინებულ საკუთრების ძირითად უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი. საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად მოსარჩელე იშველიებს მოძრავი ნივთების შეძენისთვის კანონმდებლობით დადგენილ რეგულაციებს. აღნიშნული რეგულირებების თანახმად, არამართლზომიერად გასხვისებული მოძრავი ნივთის გამოთხოვა ხდება მესაკუთრის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნივთი მესაკუთრის მფლობელობიდან გავიდა მისივე ნების შესაბამისად. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ანალოგიური წესი უნდა მოქმედებდეს უძრავი ნივთების მიმართაც, რათა საკუთრების კონსტიტუციური უფლება დაცული იყოს.
8. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე მითითებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეხება მესაკუთრესა და კეთილსინდისიერ შემძენს შორის არსებულ სამართლებრივ რეჟიმს. დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენისას შემძენს უპირატესობა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ნივთის შეძენისას იგი კეთილსინდისიერი იყო.
9. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველ პუნქტზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2015 წლის 26 ივნისის №2-3/1/550 განჩინებით საქმე გადასცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქმის პლენუმზე განხილვის საკითხის გადასაწყვეტად.
10. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განჩინებაში უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, რამდენადაა დაცული კონსტიტუციური ბალანსი ერთსა და იმავე ქონებაზე ორი მართლზომიერი ინტერესის მქონე პირს (ერთი მხრივ, ქონების პირველადი მესაკუთრე და, მეორე მხრივ, კეთილსინდისიერი შემძენი) შორის საკუთრების უფლების შემძენის სასარგებლოდ გადაწყვეტისას. მოსარჩელის საკუთრების უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიას, სადავო ნორმით რეგულირებული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, უპირისპირდება შემძენისა და სამოქალაქო ბრუნვის დაცვის ინტერესები. ხსენებულ კონსტიტუციურ სიკეთეებს შორის გონივრული ბალანსის დადგენა წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების განმარტებისა და გამოყენების განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას.
11. წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიიჩნია, რომ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის (რეგისტრაციის №550) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისთვის გადაცემის ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა, N550 კონსტიტუციური სარჩელის პლენუმის მიერ განხილვის საკითხის გადასაწყვეტად, გაიმართა 2015 წლის 29 ივნისს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციური დავის ფარგლებში სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად არის დაცული კონსტიტუციური ბალანსი ერთსა და იმავე ქონებაზე ორი მართლზომიერი ინტერესის მქონე პირს (ქონების პირველადი მესაკუთრე, კეთილსინდისიერი შემძენი) შორის საკუთრების უფლების შემძენის სასარგებლოდ გადაწყვეტისას. სადავო ნორმით რეგულირებული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელის საკუთრების უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიას უპირისპირდება შემძენისა და სამოქალაქო ბრუნვის დაცვის ინტერესები. ხსენებულ კონსტიტუციურ სიკეთეებს შორის გონივრული ბალანსის დადგენა უდავოდ წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების განმარტებისა და გამოყენების განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას.
2. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ საქმე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ განხილული უნდა იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 211 მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. საქმე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N550) განიხილოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა.
2. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. საოქმო ჩანაწერის ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი
ქეთევან ერემაძე
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ზაზა თავაძე
მაია კოპალეიშვილი
ოთარ სიჭინავა
მერაბ ტურავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი
ასლი დედანთან სწორია
საქართველოს საკონსტიტუციო ქეთევან ერემაძე
სასამართლოს მდივანი