საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/4/550 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 14 მაისი 2013 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლისა და 312-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 4 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №550) მომართა საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2013 წლის 8 იანვარს.
2. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2013 წლის 30 აპრილს.
3. №550 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, “შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე”. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით განმტკიცებულია რეესტრის მონაცემების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, კერძოდ, რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. ხოლო მე-4 ნაწილის მიხედვით, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა თანამესაკუთრეც, რომელიც რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტრში.
5. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, “საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება”. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში გათვალისწინებულია საკუთრების ძირითად უფლებაში შესაძლო ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლები.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ 2002 წლის 7 მარტს მოსარჩელე ნოდარ დვალმა შეიძინა და ფლობდა 2100 კვ.მ მიწის ნაკვეთს ქ. თბილისში. ამასთან, მას აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება დარეგისტრირებული ჰქონდა საჯარო რეესტრში. 2011 წლის 7 მარტს ნოდარ დვალის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის გამოყენებით, საკუთრების უფლება დარეგისტრირდა სხვა პირზე და, შესაბამისად, ნაკვეთის საკადასტრო მონაცემი შეიცვალა. ამის შემდგომ, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ორჯერ გასხვისდა. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა იმ ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, რომელთა საფუძველზეც აღნიშნული მიწის ნაკვეთი შეიძინეს მესამე პირებმა.
7. მოსარჩელის მტკიცებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი და 312-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებულ საკუთრების ძირითად უფლებას, ვინაიდან, იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირები, რომლებმაც აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შეიძინეს საკუთრება, კეთილსინდისიერი შემძენნი აღმოჩნდებიან, მისი სარჩელი სასამართლოში არ დაკმაყოფილდება, ის ვერ დაიბრუნებს კუთვნილ მიწის ნაკვეთს და ამით შეილახება მისი საკუთრების უფლება. მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებულ შეზღუდვას არ გააჩნია კონსტიტუციით გათვალისწინებულ საკუთრების ძირითად უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი. საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად, მოსარჩელე იშველიებს მოძრავი ნივთების შეძენისთვის კანონმდებლობით დადგენილ რეგულაციებს. აღნიშნული რეგულირებების თანახმად, არამართლზომიერად გასხვისებული მოძრავი ნივთის გამოთხოვა ხდება მესაკუთრის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნივთი მესაკუთრის მფლობელობიდან გავიდა მისივე ნების შესაბამისად. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ანალოგიური წესი უნდა მოქმედებდეს უძრავი ნივთების მიმართაც, რათა საკუთრების კონსტიტუციური უფლება დაცული იყოს.
8. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე მითითებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეხება მესაკუთრესა და კეთილსინდისიერ შემძენს შორის არსებულ სამართლებრივ რეჟიმს. დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენისას შემძენს უპირატესობა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ნივთის შეძენისას იგი კეთილსინდისიერი იყო.
9. “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე შუამდგომლობით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას, რათა აღნიშნულმა ნორმებმა არ გამოიწვიონ მისთვის გამოუსწორებელი შედეგი და მოუსპონ შესაძლებლობა, აღიდგინოს დარღვეული საკუთრების უფლება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად, აუცილებელია, იგი პასუხობდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. “კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინება №2/6/475 საქმეზე “საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”). ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინება №2/3/412 საქმეზე საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის განჩინება №2/2/438 საქმეზე საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცქიფურიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ).
2. №550 სარჩელში მოსარჩელე კანონის სხვა ნორმებთან ერთად სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-4 ნაწილს, რომლის თანახმად: “ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა თანამესაკუთრეც”. აღნიშნული ნორმა არეგულირებს საჯარო რეესტრში ერთადერთ მესაკუთრედ რეგისტრირებული თანამესაკუთრის მიერ საკუთრების დამოუკიდებლად განკარგვის სამართლებრივ შედეგებს. მოსარჩელე მართალია უთითებს, რომ იგი სადავოდ ამ ნორმასაც ხდის, თუმცა სარჩელში მოყვანილი არგუმენტაცია მიმართულია მხოლოდ საჯარო რეესტრში არასწორად რეგისტრირებული მესაკუთრის მიერ უძრავი ქონების განკარგვის კანონით გათვალისწინებული შედეგების არაკონსტიტუციურობისკენ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლით და 312-ე მუხლის მე-2 ნაწილით მოწესრიგებული შემთხვევები). მოსარჩელე მიუთითებს, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი უკანონოდ, ყალბი დოკუმენტის საფუძველზე დაირეგისტრირა სხვა პირმა, რომელმაც შემდგომში გაასხვისა კეთილსინდისიერ შემძენზე და, შესაბამისად, კეთილსინდისიერი შემძენი სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებიდან გამომდინარე, მოსარჩელის ქონების მესაკუთრე გახდა. სწორედ ამ ტიპის ურთიერთობების კეთილსინდისიერი შემძენის სასარგებლოდ გადაწყვეტას მიიჩნევს მესაკუთრე არაკონსტიტუციურად და სასარჩელო არგუმენტაციაც ამ საკითხს უკავშირდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილისგან თვისობრივად განსხვავებულ ურთიერთობას აწესრიგებს 312-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები. კერძოდ, ეს ნორმები არეგულირებენ ისეთ შემთხვევებს, როდესაც რეესტრში რეგისტირირებული პირი ნამდვილად არის ქონების მესაკუთრე, თუმცა არა ერთადერთი და მის გარდა სხვა მესაკუთრეც არსებობს.
3. №550 კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ გვხვდება არგუმენტაცია იმის შესახებ, თუ რა შემხებლობაშია მის უფლებებთან და რატომ მიიჩნევს მოსარჩელე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-4 ნაწილში მოცემულ რეგულირებას კონსტიტუციის 21-ე მუხლის საწინააღმდეგოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით, N№550 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ა” ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
4. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნათა თანახმად, სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდება სარჩელის საფუძვლიანობა. მათ შორის, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს შინაარსობრივი მიმართების არსებობა სადავო ნორმასა და კონსტიტუციურ დებულებას შორის. ამგვარად, “კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე “საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-1; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის №1/1/500 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე რევაზ ჩაგუნავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-1; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის № 1/2/541 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ხელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-6).
5. №550 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით. შესაბამისად, სარჩელში გამოკვეთილი უნდა იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება აღნიშნულ სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებულ საკუთრების ძირითად უფლებას შორის. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. აღნიშნული ნორმის თანახმად: “რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა”. სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის სადავო ნორმები პრობლემატურია იმდენად, რამდენადაც მისი საკუთრება შეიძლება სხვა პირის ხელში აღმოჩნდეს მისივე მონაწილეობის გარეშე. აღნიშნული თვალსაზრისით, დანაწესი, რომლის თანახმადაც, რეესტრის ჩანაწერი სწორად ითვლება, ვიდრე მისი უზუსტობა არ დამტკიცდება, არ ადგენს მესაკუთრის მონაწილეობის გარეშე მესამე პირზე საკუთრების უფლების გადასვლის საფუძველს. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის, კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა უკავშირდება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. არგუმენტაცია, რომლის საფუძველზეც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობაა მოთხოვნილი, რეალურად უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილს და არა ამავე მუხლის პირველ ნაწილს. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის დამდგენი ნორმის შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არმიღების “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ა” ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
6. მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლისა და 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებითაც. როგორც უკვე აღინიშნა, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, სარჩელში გამოკვეთილი იყოს შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და იმ კონსტიტუციურ დებულებას შორის, რომლის დარღვევაზეც დავობს მოსარჩელე. კონსტიტუციის 21-ე მუხლის სტრუქტურიდან გამომდინარე, საკუთრების უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი შემოწმება ხორციელდება ჩარევის ხასიათის მიხედვით. საკუთრების უფლების შესაძლო შეზღუდვის საფუძვლები განსაზღვრულია 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, ხოლო საკუთრების ჩამორთმევის კონსტიტუციურ წინა პირობებს ადგენს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
7. იმისათვის, რომ დადგინდეს, არსებობს თუ არა შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტს შორის, უნდა განისაზღვროს, წარმოადგენს თუ არა სადავო ნორმებით დადგენილი რეგულირება საკუთრების ჩამორთმევას კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის რეგულირების სფერო. სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, “21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევის ინსტიტუტს მკვეთრად გამოხატული ფორმალური ნიშნები ახასიათებს. ამ ცნებაში ვერ თავსდება ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც პირის მიერ მისი ნების საწინააღმდეგოდ საკუთრების დაკარგვას გულისხმობს. საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”). ასევე, აღსანიშნავია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის პირველი აპრილის №2/155 გადაწყვეტილება საქმეზე “აკაკი საღირაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, რომელშიც სასამართლომ განმარტა: “საკუთრების უფლების ჩამორთმევის წესი ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ამას ადგილი აქვს საამისოდ უფლებამოსილი სუბიექტების (სახელმწიფო ორგანოების) მხრიდან საჯარო ამოცანების შესასრულებლად... საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება საკუთრების ქონებრივ კომპონენტს. საკუთრების ჩამორთმევის ურთიერთობისათვის დამახასიათებელია ის, რომ სახელმწიფო არა მხოლოდ ადგენს ჩამორთმევის სამართლებრივ რეჟიმს, არამედ პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობს ჩამორთმევის კონკრეტულ პროცესში”.
8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი და 312-ე მუხლის მე-2 ნაწილი არეგულირებს კერძოსამართლებრივ ურთიერთობებს. აღნიშნული ნორმების მოქმედება არ ექცევა სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების ჩამორთმევის სამართლებრივ რეჟიმში და არ იკვეთება სახელმწიფოს მხრიდან ექსპროპრიაციის განხორციელების ნიშნები. შესაბამისად, სადავო ნორმებით დადგენილი ქცევის წესი ვერ შეფასდება როგორც ჩამორთმევა და არ არსებობს აღნიშნული ნორმების შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან. ხსენებულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლისა და 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ა” ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
10. მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, “თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგი, მას შეუძლია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება”. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, “ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ნორმის შეჩერებით გამოწვეული სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხეც” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის №1/3/509 საოქმო ჩანაწერი საქმეზე “საქართველოს მოქალაქე სოფიო ებრალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). განსახილველ შემთხვევაში საქმე ეხება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებს. მოცემული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, როდესაც საჭიროა არაერთი მნიშვნელოვანი ინტერესის არსებითი კონსტიტუციურ-სამართლებრივი შემოწმება, საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებით სხვათა კონსტიტუციური უფლებების დარღვევის შესაძლებლობას და დაუშვებლად მიიჩნევს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნტქის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №550 (საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის და 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №550 (საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის და 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლისა და 312-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოთ მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი