სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი- მარიამი ბოჭორიშვილი
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac550 |
თარიღი | 25 ივნისი 2014 |
თქვენ არ ეცნობით დოკუმენტის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ ტექსტური დოკუმენტი
საქმის დასახელება, რომელთან დაკავშირებითაც არის შეტანილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
„საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", კონსტიტუციური სარჩელი №550 |
"სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
საქართველოს კონსტიტუციის 21 -ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს, რომ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.’’ ზემოაღნიშნული კონსტიტუციისეული რეგულაცია აღიარებს რა საკუთრება ძირითად და ხელშეუვალ უფლებას, აკისრებს სახელმწიფოს ერთი მხრივ, ნეგატიურ ვალდებულებას- არ მოახდინოს არამართლზომიერი ჩარევა დაცული სფეროს ამ ნაწილში, იმგვარად, რომ ხელყოს ნეგატიური ვალდებულების ფარგლები, ხოლო მეორე მხრივ, ავალდებულებს სახელმწიფოს, პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში ხელი შეუწყოს საკუთრების უფლების თავისუფლად, თანსწორობის პრინციპის საფუძველზე იმპლემენტაციას, რისთვისაც უნდა შექმნას სტაბილური და დაცული მართლწესრიგი, გააჩნდეს საკუთრების უფლების დაცვის ეფექტიანი და ქმედითი საშუალებები და მესამე პირთა მიერ კერძო მესაკუთრის საკუთრების უფლების ხელყოფის შემთხვევისას გაატაროს ყველა აუცილებელი ლეგიტიმური ღონისძიება უკანონო ხელყოფის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის. კონკრეტულ საქმეში სადავო ნორმებს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185- ე და ამავე კოდექსის 312- მუხლის მე-2 ნაწილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, ,, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.’’ ხოლო 312-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს, რომ ,, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.’’ იმისათვის, რათა დადგინდეს, რამდენად წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312 (2.)-ე მუხლები ჩარევას კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებით დადგენილ რეგულაციაში, უნდა შემოწმდეს ისეთი ელემენტები, როგორიცაა - კონსტიტუციით დაცულ უფლებაში ჩარევის დასაშვებობა, კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი, საკუთრების უფლების დაცულ სფეროში ჩარევისას დაცული იქნა თუ არა თანაზომიერების პრინციპი, და შესაბამისად, რამდენად აუცილებელი იყო სადავო ნორმების შემოღება და რამდენად პროპორციულია, დაცულია სამართლიანი ბალანსი საჯარო და კერძო ინტერესებს შორის საკუთრების უფლების შემზღუდავი ნორმიდან გამომდინარე (აუცილებლობისა და პროპორციულობის ტესტი). 1. უფლებაში ჩარევის დასაშვებობა - საკუთრების უფლება მართალია ძირითადი და კონსტიტუციით დაცული უფლებაა, თუმცა-არა აბსოლუტური, რაც თავად ამ უფლების კონსტიტუციულისეული რეგულაციიდან გამომდინარეობს. კერძოდ, კონსტიტუციის 21- ე მუხლის მე-2 პუნქტი, ამავე მუხლის პირველი პუნქტიდან გამონაკლის შეზღუდვას აწესებს, თუ საზოგადოებრივი ინტერესით განპირობებული ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების შეზღდუვა არის აუცილებელი. ამასთან, ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ საკუთრების უფლებაში ჩარევის ფორმალური და მატერიალური მხარეები. პირველ შემთხვევაში, ჩარევის დასაშვებობა იმანენტურად მოითხოვს, რომ საკუთრების უფლებაში ,,შეჭრას'' ჰქონდეს ფორმალურ-სამართლებრივი ბაზისი, რომელიც კანონმდებლის მიერ დადგენილი საფუძველია. კონკრეტულ შემთხვევაში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლისა და 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის ჩარევის მართლზმოერება საქართველოს კონსტიტუციის 21- ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან . სადავო მუხლების არსებობის, საკუთრების უფლებაში ჩარევის ფორმალურ-სამართლებრივი საფუძველი 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების სახით, ამ შემთხვევაში სახეზეა. ხოლო მეორე მხრივ, საკუთრების უფლების შეზღუდვის მატერიალური საფუძველი მოითხოვს, რომ დაცული სფეროს ამ ნაწილში ჩარევა უნდა იყოს დასაბუთებული და თითოეულ შემთხვევაში ჩარევის ისეთი ფორმა იქნას გამოყენებული, რომელიც ყველაზე ნაკლებად ზღუდავს საკუთრების უფლებას და ამ კონკრეტული ჩარევის ღონისძიების გარეშე დასახული ლეგიტიმური მიზანი ვერ იქნება მიღწეული. შესაბამისად, პრობლემურია, რამდენად დასაბუთებულია და შესაბამისად მართლზომიერი სადავო ნორმების არსებობა კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. 2. ლეგიტიმური მიზანი - კონკრეტულ საქმეში სადავო ნორმების - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლისა და 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის ფუნქციურ-სამართლებრივი დანიშნულება მეტად რელევანტურია და უკავშირდება სამართლებრივი უსაფრთხოების, სტაბილური სამოქალაქო ბრუნვისა და ერთიანი, დაცული მართლწესრიგის იმპლემენტაციის მიზანს. თავის მხრივ, სამართლებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის მიმართება საკუთრების უფლებით დაცულ სფეროსთან უმთავრესია, რადგან ,,ნებისმიერი წესრიგი საერთო კონსტიტუციური წესრიგის გამოხატულებას უნდა წარმოადგენდეს და სამართლით აღიარებულ ფასეულობებზე უნდა იყოს აგებული .’’ ხოლო სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა უწყობს ხელს იმდენად, რამდენადაც იცავს ამ ბრუნვაში მონაწილე სუბიექტების ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით (საქმე №ბს-367-363(კ-12), ,,საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. პალატამ აღნიშნა, რომ ტექნიკური ხასიათის საკითხებს არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები.’’ ასევე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმეზე Nას-189-182-2013 გააკეთა რელევანტური განმარტება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312- მუხლის - საჯარო რეესტრის მიმართ სისწორისა უტყუარობის პრეზუმფციისა და მასთან ამავე კოდექსის 185-ე მუხლის მიმართების შესახებ. კონკრეტულად, საკასაციო პალატის განმარტებით, ,,საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა, სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა. საჯაროობის პრინციპი კი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრაციის მომენტიდან იძენს ამგვარი უფლება იურიდიულ ძალას მესამე პირებისათვის. კანონმდებლობა უშვებს საჯარო რეესტრის სისწორის პრეზუმფციას, რაც ნიშნავს იმას, რომ მესამე პირებისათვის რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად საჯარო რეესტრი, ერთი მხრივ, სამოქალაქო ბრუნვის გარანტის ფუნქციას ასრულებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი სრულ კონსენსუსშია სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებულ ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპთან. კონფლიქტი წარმოიშობა მაშინ, როდესაც რეესტრში რეგისტრირებული უფლება არ შეესაბამება ამ უფლების ნამდვილ შინაარსს, ხოლო მესამე პირისათვის ეს ფაქტი უცნობია. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ასეთ ვითარებაში გადამწყვეტია, თუ ვის უნდა მიენიჭოს უპირატესობა - მესაკუთრეს თუ შემძენს და რა შემთხვევაში თითოეულს. ანუ იცავს თუ არა მსგავს სიტუაციაში შემძენს რომელიმე ნორმა, რაც დააბრკოლებდა სარჩელის დაკმაყოფილებას: მესამე პირთა დაცვის გარანტიები მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლში, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას, როგორც მესამე პირთა დაცვის საშუალებას, ამასთან, უშვებს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უფლებაში ხარვეზის შესაძლებლობას, თუმცა, მიუხედავად ამისა, იცავს ისეთ შემძენს, რომელიც ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. შემძენის ინტერესების დაცვის გარანტიებს შეიცავს ასევე სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი, რომლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. საკასაციო პალატის განმარტებით, აღნიშნული კონნფლიქტი კანონმდებელმა სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლების მიხედვით, შემძენის სასარგებლოდ გადაწყვიტა, რაც ნიშნავს იმას, რომ მესაკუთრეს აქვს უფლება, შესაბამისი საზღაური მოითხოვოს არამართლზომიერი გამსხვისებლის მიმართ, ხოლო კეთილსინდისიერ შემძენს უნარჩუნდება საკუთრების უფლება.'' მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის (1. 2. ) შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი ვლინდება სწორედ სტაბილური სამართლებრივი ბრუნვის, ეფექტური და სანდო საჯარო მართლწესრიგის მიზანში. რაც, თავის მხრივ, უფლების შეზღუდვის დასაბუთების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. თუმცა, ამასთან, აუცილებელია ლოგიკური კავშირის არსებობა საკანონმდებლო რეგულირებასა და მისაღწევ მიზანს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012წლის 11 აპრილის გადაწყვეტიება საქმეზე N1/1/468) ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ'') შორის, იმდენად, რამდენადაც უფლების შემზღუდავ სამართლებრივ ნორმასა და ამ ნორმის მიმართ მოქმედ საჯარო ინტერესს შორის ბმა უნდა იყოს დასაბუთებული, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა. 3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება - ლეგიტიმური მიზანი საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევისა თავის მხრივ, განპირობებულია იმით, რომ სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლისა და 312-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიმართ მოქმედებს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი. სადავო ნორმების მიხედვით, კეთილსინდისიერი შემძენი, კეთილსინდისიერების ფაქტისა და საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების მიმართ უტყუარობისა და სანდოობის დაცვის ძალით, ინარჩუნებს საკუთრებას, ხოლო თავდაპირველ მესაკუთრეს მის მიმართ მოთხოვნის უფლება ერთმევა. თუ დავუშვებთ იმ ჰიპოთეტურ შემთხვევას, რომ საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების მიმართ შეწყვიტა მოქმედება უტყუარობის პრეზუმფციამ, საფრთხის ქვეშ დადგება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა, მართლწესრიგისადმი სანდოობის პრინციპი, რომელთა მიმართაც მომეტებულად მოქმედებს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების ინსტიტუტი. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცულ სფეროში ჩარევა სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლისა და 312-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დანპირობებულია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე. 4. სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულება - კანონმდებლის პოზიტიური ვალდებულება მართლწესრიგის რეგულირებისას ვლინდება დაბალანსებული, სამართლიანი და ამასთან სამართლებრივი უსაფრთხოების მაიმპლემენტარებელი სამართლებრივი ნორმების შექმნაში, იმდენად, რომ საკუთრების უფლების მომწესრიგებელი და მაიმპლემენტარებელი ნორმები უნდა შეიცავდეს დაცვის თანაბარ სტანდარტებს სამოქალაქო ბრუნვის, მართლწესრიგის მონაწილე სუბიექტებისათვის. სადავო მუხლებთან მიმართებით, რამდენად შეასრულა სახელმწიფომ თავისი პოზიტიური ვალდებულება კონკრეტულ შემთხვევაში განმარტების საგანია. რაც შეეხება ნეგატიური ვალდებულების ფარგლებს, სახელმწიფო ვალდებულია არ მოახდინოს თვითნებური და დაუსაბუთებელი შეზღუდვა საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის დროს. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით, ,,საკუთრების უფლება მოძრავ ნივთებზე და საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე ერთნაირი სტანდარტით არის დაცული.'' მოსარჩელე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე, 185-ე და 312-ე მუხლების შეფასებისას აპელირებს იმაზე, რომ ,, სამოქალაქო კოდექსის სადავო ნორმებით პირიქით, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებაზე მოქმედებს არსებითად ნაკლები სამართლებრივი გარანტიები, ვიდრე ეს მოძრავი ნივთების მიმართ არის დადგენილი.მისივე განცხადებით, სამოქალაქო კოდექსის ასეთი დამოკიდებულება ცხადყოფს, რომ უფლება არ არის სათანადოდ დაცული და ამის მიზეზი სადავო ნორმებია.'' მართალია, კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები უძრავი და მოძრავი ნივთების მიმართ კანონმდებელი განსხვავებულ წესებს ადგენს, თუმცა ეს წესები განპირობებულია თავად უძრავ და მოძრავ ნივთებს შორის განსხვავებული ნიშან-თვისებებით. მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლება და ამ უფლების გადაცემა მოითხოვს რა სავალდებულო ასახვას საჯარო რეესტრის ჩანაწერებში, ექვემდებარება სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებულ და სპეციფიკურ რეგულირებას. აღნიშნული რეგულირება შეიცავს დამცავ მექანიზმებს (აისახოს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების გადაცემა, მიღება- შეძენა...) და არ ნიშნავს იმას, რომ უძრავი ნივთების მიმართ საკუთრების უფლება არის უფრო დაბალი ხარისხით დაცული. არამედ პირიქით, უძრავი ნივთების საკუთრების უფლების მიმართ დაწესებულია მეტი პროცედურული გარანტიები, ვიდრე- მოძრავი ნივთების მიმართ. რაც შეეხება მოსარჩელის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ,,საკუთრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს ოღონდ , შეზღუდვის შემთხვევაში სავალდებულოა კომპენსაციის წინასწარი გადახდა მესაკუთრისათვის, სადავო ნორმების წყალობით , კი საკუთრების უფლების გაუქმება და ჩამორთმევა კომპენსაციის ან სასყიდლის გარეშეა შესაძლებელი,'' - კონკრეტულ შემთხვევაში სადავო მუხლებთან დაკავშირებით გაკეთებეულია არასწორი განმარტება, რადგან სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი და 312-ე მუხლლის მე-2 ნაწილი არეგულირებს სამოქალაქო სამართლებრივი ხასიათის ურთიერთობებს, რომლებიც პირთა თანასწორუფლებიანობაზე არის დაფუძნებული და სახელმწიფო ამ ურთიერთობებში არ მონაწილეობს, მხოლოდ ადგენს სამართლებრივი რეგულირების ჩარჩოს, რომლის ფაგრლებშიც მოქმედებენ კერძო სამართლის სუბიექტები. შესაბამისად, ამ ურთიერთობის სუბიექტებს მოთხოვნის უფლება წარმოეშვებათ ერთმანეთის და არა სახელმწიფოს მიმართ. ამასთან, მოთხოვნის ეს უფლება წარმოიშვება სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლებიდან და არა საქართველოს კონსტიტუციის პირველი ან/და მე-2 მუხლებიდან. კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ სფეროში მხოლოდ ისეთი ჩარევა ექვემდებარება კომპენსაციას სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც შეეხება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ისეთ ჩამორთმევას, რომელსაც უშუალოდ სახელმწიფო/მის მიერ საჯარო უფლებამოსილებით დელეგირებული აღჭურვილი სუბიექტი ახორციელებს, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკუთრების ჩამორთმევის ნიშნები სახეზე არ არის, შესაბამისად მოსარჩელის აპელირება სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გაუცემლობაზე არ შეესაბამება უფლებაში ჩარევის არამართლზომიერების დასაბუთებულობას. 5. საკუთრების უფლების ჩარევაში დასაბუთება და საკუთრების უფლების არსი - კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება, კანონით გათვალისწინებული შემთხვევა და დადგენილი წესის ელემენტებიც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა მივიჩნიოთ მართლზომიერად. ამისათვის სახეზე უნდა იყოს კიდევ ერთი ელემენტი, რომელიც გულისხმობს, რომ შეზღუდვა დასაშვებია იმდენად, რამდენადაც, ამ შეზღუდვის შემდეგ უნდა შენარჩუნდეს საკუთრების უფლების არსი. საინტერესოა, რამდენად შეიძლება შენარჩუნდეს ზემო აღნიშნული არსი, სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლისა და 312-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგულაციების მოქმედების შედეგად? კონკრეტულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სადავო ნორმების მოქმედების შედეგად საკუთრების უფლებაში ხდება აშკარა ჩარევ, რომლის დროსაც თავდაპირველი მესაკუთრის მიმართ საკუთრების უფლების არსის შენარჩუნდება მეტად სადავოა. თავდაპირველ მესაკუთრეს აღარ აქვს შესაძლებლობა ფლობდეს, განკარგავდეს და სარგებლობდეს თავისი საკუთრებით. ანუ, სახეზე საკუთრების უფლებაში იმგვარი ჩარევა, რომლის შედეგადაც თავდაპირველი მესაკუთრის უფლებები საკუთრებაზე ანულირებულია. ამის საპირწონედ კი, თავდაპირველ მესაკუთრეს გააჩნია რეგრესის წესით არაუფლებამოსილი გამსხვისებლისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მიხედვით , ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახდებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.'' კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების ჩარევის მართლზომიერი შერაცხვისათვის სახეზე უნდა იყოს ისეთი ელემენტები, როგორიცაა - საზოგადოებრივი ან სოციალური მოთხოვნით განპირობებული საზოგადოებრივი საჭიროება, უფლების შეზღუდვის კანონიერი მიზანი და უფლების შეზღუდვის საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის პროპორციული თანაფარდობა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოთხოვნები საკუთრების უფლების შეზღუდვისას არ არის შესრულებული, საკუთრების უფლების არსი ხელყოფილად უნდა შეირაცხოს. კონკრეტულ საქმეში ერთი შეხედვით, სახელმწიფო მხარეებს შორის წარმოშობილ სამართალურთიერთობებში არ მონაწილეობს, ვინაიდან ეს ურთიერთბები ეხება კერძო ხასიათის სამართლებრივ ქმედებებს, თუმცა, საკუთრების უფლება და მის დაცაზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაშიც ფიქსირდება. სადავოა ნორმა, რომლის მიღებაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, როგორც კანონმდებელს. ადამიანის უფლებათა და ძირითა დთავისუფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,ბრამ ელიდი და მალმსტრომი შვედეთის წინააღმდეგ'' განაცხადა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებელობა და ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი ასევე მიემართება კერძო პირებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი კანონმდებლების მიმართ. შესაბამისად, სადავოა, სახელმწიფოს მიერ დადგენილი სამართლებრივი რეგულირებების გამოყენების შედეგად, ხომ არ ხდება საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში ისეთი ჩარევა, რომ საფრთხე შეექმნას საკუთრების უფლების არსს. კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლისა და 312-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ერთი შეხედვით სახეზეა საკუთრების უფლების არსის ხელყოფა, თუმცა, აღნიშნულ ნორმათა დეფინიციიდა და ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ ისინი ერთის მხრივ, უზღუდავენ თავდაპირველ მესაკუთრეს საკუთრებაზე უფლებას, თუმცა მეორე მხრივ მიემართებიან ასევე კეთილსინდისიერი შემძენის მიმართაც. ანუ, ნორმათა ადრესატები არიან როგორ თავდაპირველი მესაკუთრე, ისე - კეთილსინდისიერი შემძენი. მათგან ორივე კეთილსინდისიერია დამდგარი ფაქტის მიმართ. კანონმდებელს უწევს გადაწყვიტოს, რომელ ადრესატს მიანიჭოს უპირატესობა და საკუთრების დაცული სფეროთი სარგებლობის უფლება, რომელი მათგანი დატოვოს მესაკუთრედ. ამ შემთხვევაში შეუძლებელია, ორივე მათგანი თანაბრად დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი სასარგებლოდ შეიძლება შენარჩუნდეს საკუთრების უფლების არსი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სადავო ნორმებით შეიძლება ნებადართულ იქნას სამართლებრივი ურთიერთობის ერთი მონაწილის მიმართ მოქმედი ნორმა კონსტიტუციით დაცული უფლების ფარგლებში ექცეოდეს, ხოლო მეორე ადრესატის უფლებას მოქმედი ნორმა არაკონსტიტუციურად ზღუდავდეს. კონსტიტუციამ და მის შესაბამისად მიღებულმა სამართლებრივმა ნორმებმა დაცვის თანაბარი სტანდარტით უნდა უზრუნველყონ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტები. ამ ერთი შეხედვით დისკრეციული არჩევანის გადაწყვეტა აუცილებლად უნდა ემყარებოდეს ისეთი ელემენტის გათვალისწინებას როგორიცაა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით განპირობებული ლეგიტიმური მიზანი, რომელიც ამ შემთხვევაში კეთილსინდისიერი შემძენის სასარგებლოდ მოქმედებს. შესაბამისად, უფრო მიზანშეწონილი იქნება, თუ საკუთრების უფლების სფეროს მოქმედება იმგვარად, რომ იგი დარჩეს ქონების მესაკუთრედ, კეთილსინდისიერი შემძენის სასარგებლოდ იქნება გადაწყვეტილი. ხოლო ამის საპირწონედ, როგორც ზემოთ განვიხილე, თავდაპირველ მესაკუთრეს რჩება რეგრესის წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გამსხვილებლის მიმართ. 6. პროპორციულობა და სამართლიანი ბალანსი - საკუთრების უფლების ჩარევაში საჯარო და კერძო ინტერესს შორის თანაზომიერების დაცვის პრინციპს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს და ამდენად, სამართლიანი ბალანსის შეფასებითი სტანდარტის გამოყენება მეტად რელევანტური ელემენტია უფლებაში ჩარევის მართლზომიერების განსახილველად. საკუთრების უფლებაში ჩარევის მართლზომიერების შემოწმების დროს, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა, ისე - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისათვის, ჯეიმსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, ლითგოუ გაერთაინებული სამეფოს წინააღმდეგ ...) გამოყოფს თანასწორობისა და პროპორციულობის პრინციპს იმის შესამოწმებლად, რამდენად დაცულია გონივრული პროპორციულობა და თანაზომიერება გამოყენებულ საშუალებებსა და მისაღწევ მიზანს შორის. წარმოადგენს თუ არა სადავო ნორმები არაკონსტიტუციური შედეგის გამოვლინებას, ამის შემოწმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი სწორედ ნორმის მიმართ მოქმედი საჯარო ინტერესისა და კერძო ინტერესის შეპირისპირების შედეგებია. მართალია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,, აგოსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ '' განაცხადა, რომ სახელმწიფოს გააჩნია შეფასების ფართო ზღვარი მიზნის მისაღწევი საშუალების არჩევანსა და იმის შეფასებაში, გამართლებულია თუ არა ამ საშუალების გამოყენების შედეგად მოსალოდნელი შედეგები კანონიერი მიზნის მისაღწევად, თუმცა შეფასების ეს ფართო ზღვარი და დისკრეცია აუცილებლად უნდა იყოს შემოფარგლული თანაზომიერების ელემენტებით. კონკრეტულ შემთხვევაში, კანონმდებლის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდა, დაეცვა სამართლებრივი უსაფრთხოება, შეენარჩუნებინა სტაბილური სამოქალაქო ბრუნვა და მართლწესრიგის ფუნქციონირება. ამ მიზნის მიღწევისათვის, კი აუცილებელლობას წარმოადგენს სახალხოდ ხელმისაწვდომი და სანდოობის პრიციპით განპირობებული ერთიანი საჯარო რეესტრის ფუნქციონირება და მასში დაცულ მონაცემთა მიმართ ნდობის პრეზუმფციის შენარჩუნება, რომელთა მიმართაც მოქმედებს მომეტებული საჯარო ინტერესი. ზემოაღნიშნულის პარალელურად, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლისა და 312-ე მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად გამოცხადება, საფრთხე შეექმნება რეესტრში დაცულ მონაცემთა მიმართ სანდოობას, რაც თავის მხრივ, გონივრული დამკვირვებლის თვალში იწვევს სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის, მართლწესრიგისა და სამართლებრივი უსაფრთხოების იმპლემენტაციის ხელშეშლას. დასკვნა : შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულად მივიჩნევ, რომ საქართელოს სამოქალაქო კოდექსის 185 -ე მუხლი და 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, წარმოადგენს საკუთრებით უფლებით დაცულ სფეროში მართლზომიერი ჩარევის სახეს და თავიანთი ფორმალურ- სამართლებრივი, ისევე როგორც მატერიალურ- სამართლებრივი შინაარსიდან, ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე ატარებენ კონსტიტუციის 21 (1) (2) -ე მუხლთან შესაბამის ხასიათს. |