კონსტანტინე ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/11/1510 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 12 ნოემბერი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 19 ნოემბერი 2020 16:11 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: კონსტანტინე ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 9 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1510) მომართა საქართველოს მოქალაქე კონსტანტინე ჩხეიძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2020 წლის 11 ივნისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 12 ნოემბერს.
2. №1510 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი; ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
5. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის დადგენილებით, სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით განსაზღვრული ქმედებების, წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის განხორციელებისთვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის დადგენილებით ძალაში დარჩა. სასამართლოები, გადაწყვეტილების მიღების დროს, მტკიცების ტვირთის გადანაწილებისას დაეყრდნენ სადავო ნორმებს და ვინაიდან მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაასაბუთა მის მიერ სამართალდარვევის ჩადენის არარსებობა, იგი მიცემულ იქნა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში.
7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხს სადავო ნორმების საფუძველზე წყვეტენ და განმარტავენ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დროს სადავოა სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა-არარსებობა, რა დროსაც მოდავე მხარეებზე მტკიცების ტვირთი პროპორციულად უნდა გადანაწილდეს. შესაბამისად, საერთო სასამართლოთა პრაქტიკით, სავარაუდო სამართალდამრღვევს ეკისრება იმის მტკიცების ვალდებულება, რომ მას სამართალდარღვევა არ ჩაუდენია.
8. მოსარჩელე მხარე ასევე აღნიშნავს, რომ სამართალდამცავი ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიმართ არსებობს უტყუარობის პრეზუმცია. ამავდროულად, პირის პასუხისგებაში მიცემისთვის საკმარისია, სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან წარმოდგენილი იყოს მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დაკავების ოქმები. შესაბამისად, საქმის განხილვა მიმდინარეობს იმ დაშვებით, რომ პირი სამართალდამრღვევია, თუ იგი საწინააღმდეგოს არ დაამტკიცებს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება პირის დუმილის უფლებასაც არღვევს. ვინაიდან, თუ სავარაუდო სამართალდამრღვევი ისარგებლებს დუმილის უფლებით და ოქმის შემდგენი თანამდებობის პირი უტყუარი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურებს სამართალდარღვევის ჩადენას, სასამართლო პირს მაინც სამართალდამრღვევად ცნობს.
9. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტთან, რომლის თანახმადაც ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება მბრალდებელს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, აღნიშნული სტანდარტი უნდა გავრცელდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დროსაც. შესაბამისად, ოქმის შემდგენმა თანამდებობის პირმა უნდა ამტკიცოს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ხოლო სავარაუდო სამართალდამრღვევს არ უნდა ეკისრებოდეს მისი უდანაშაულობის მტკიცების ვალდებულება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებას შესაძლოა მოჰყვეს სისხლისსამართლებრივი ხასიათის სასჯელი - ადმინისტრაციული პატიმრობა. ამავდროულად, ზოგიერთი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში პირს შეიძლება დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ასეთი სამართალდარღვევები თავიანთი არსით სისხლისამართლებრივი ბუნებისაა და მათზე უნდა ვრცელდებოდეს ყველა ის საპროცესო გარანტია, რაც სისხლის სამართლის საქმეზე ვრცელდება.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დროს სავარაუდო სამართალდამრღვევს აკისრებს იმის მტკიცების ტვირთს, რომ მას სამართალდარღვევა არ ჩაუდენია.
11. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ამერიკის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1510 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1510 („კონსტანტინე ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
3. №1361 და №1510 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი