ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/11/1361 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 17 დეკემბერი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 20 დეკემბერი 2019 15:18 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი:
ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის, 33-ე მუხლის მე-2 წინადადების, 233-ე, 236-ე და 237-ე მუხლების, 240-ე მუხლის პირველი ნაწილის, 264-ე მუხლის და 266-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით;
ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 წინადადების, 233-ე, 236-ე და 237-ე მუხლების, 240-ე მუხლის პირველი ნაწილის, 264-ე მუხლის და 266-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით;
გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1361) მომართა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ. №1361 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 30 ოქტომბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 17 დეკემბერს.
2. №1361 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლი და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდგომში - „კოდექსი“) 32-ე მუხლის პირველი ნაწილით განისაზღვრება ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების საგამონაკლისო წესი, ვადა და გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი პირი. იმავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 წინადადების თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი. კოდექსის 233-ე მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე. 236-ე მუხლით განისაზღვრება, თუ რა წარმოადგენს მტკიცებულებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე და რა საშუალებებით დგინდება მოცემული მონაცემები, ხოლო 237-ე მუხლებით დადგენილია მტკიცებულებათა შეფასების წესი. 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია გარემოებები, რომლებიც მიეთითება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში, ხოლო 264-ე მუხლით განისაზღვრება ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას გამოსაკვლევი გარემოებები. კოდექსის 266-ე მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შემდეგ დადგენილების გამოტანის უფლებამოსილება, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით კი განისაზღვრება გარემოებები, რომლებსაც დადგენილება უნდა შეიცავდეს.
4. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი იყო, რომ არავინ იყო ვალდებული, ემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა და ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა ბრალმდებელს. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით უზრუნველყოფილი იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი მიუთითებდა, რომ არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა და გარანტირებული იყო კანონის უკუძალით გამოყენების აკრძალვის კონსტიტუციური პრინციპი.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. იმავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს“. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილია, რომ არავინ აგებს პასუხს ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა, ხოლო კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის დადგენილებით, სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით განსაზღვრული ქმედებების, წვრილმანი ხულიგნობის და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის განხორციელებისთვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
7. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კოდექსი არის საბჭოთა კავშირის პერიოდში მიღებული სამართლებრივი აქტი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი არ დავობს სადავო ნორმით დადგენილ ინსტიტუტებზე, არამედ, მისთვის პრობლემურია სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გულისხმობს თავისი შინაარსით სისხლისსამართლებრივი სამართალდარღვევების განხილვასა და გადაწყვეტას სათანადო საპროცესო გარანტიების გარეშე.
8. მოსარჩელის მტკიცებით, კოდექსი მოიცავს არაერთ ქმედებას, რომელიც, თავისი არსით, სისხლისსამართლებრივი ბუნებისაა. ამის მაგალითად, მოსარჩელე ასახელებს კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით განსაზღვრულ ქმედებებს, რომლებიც ადგენენ სანქციას წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ამ მუხლებით გათვალისწინებული სახდელი შესაძლოა იყოს მძიმე და უთანაბრდებოდეს სისხლისსამართლებრივ სასჯელს, თუმცა მოცემულ სამართალწარმოებაში პირს ნაკლებ საპროცესო გარანტიებზე მიუწვდება ხელი.
9. მოსარჩელე მიუთითებს იმ კონსტიტუციური გარანტიების არარსებობაზე, რაც, მისი მტკიცებით, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას განაპირობებს. კერძოდ, მოსარჩელის აზრით, კოდექსი არასწორად ანაწილებს მტკიცების ტვირთს, ამასთან, იგი არ მოითხოვს სამართალდამცავი ორგანოს მიერ პატიმრობის გამოყენების საფუძვლების მტკიცებას. კოდექსი ასევე არ აღიარებს უდანაშაულობის პრეზუმფციის, მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპებს და გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
10. კოდექსის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრება, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა დგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა მოსამართლეს არ ავალდებულებს, დაასაბუთოს კონკრეტულ საქმეზე პატიმრობის გამოყენების საჭიროება. მოსარჩელის აზრით, სწორედ აღნიშნული გარემოება განაპირობებს საერთო სასამართლოების მიერ პატიმრობის აუცილებლობის და მიზანშეწონილობის დასაბუთებაზე უარის თქმას და პირისთვის სანქციის დაკისრებას მხოლოდ შაბლონური, ფორმალური მსჯელობის საფუძველზე. მოსარჩელის მითითებით, დასაბუთების არარსებობა შეუძლებელს ხდის იმის განსაზღვრას, თუ რატომ ეკისრებათ იდენტურ მდგომარეობაში მყოფ პირებს განსხვავებული ადმინისტრაციული სახდელი. მოსარჩელე ასევე მიიჩნევს, რომ დასახელებული ნორმა განუჭვრეტადია და შეუძლებელია განსაზღვრა, რა მოიაზრება საგამონაკლისო შემთხვევებში ან რა კრიტერიუმით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ პატიმრობის გამოყენების აუცილებლობის შესაფასებლად.
11. კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 წინადადებით განისაზღვრება ადმინისტრაციული სახდელის დადებისას მხედველობაში მისაღები გარემოებები, კერძოდ, ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი და სხვ. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც გამორიცხავს სათანადო საპროცესო გარანტიების გავრცელებას სისხლისსამართლებრივი ბუნების სამართალდარღვევებზე. კერძოდ, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სახდელის შეფარდებას წინ უნდა უძღოდეს სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასება შესაბამისი სტანდარტით, მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილება, პროცესუალური თანასწორობის უზრუნველყოფა და სახდელის შეფარდებისას კონკრეტული დასაბუთების არსებობა.
12. მოსარჩელე ასევე მიუთითებს კოდექსის 233-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ხსენებული ნორმა გამორიცხავს პროცესუალური თანასწორობის გარანტიების არსებობას სისხლისსამართლებრივი ბუნების სამართალდარღვევების განხილვისას. მოსარჩელის აზრით, მხარეს უნდა ჰქონდეს საქმის წარმოებაზე სამართლებრივი გავლენის მოხდენის, მტკიცებულების მოპოვების და წარდგენის, ასევე საკუთარი ინტერესების დაცვის გონივრული შესაძლებლობა, რაც მას არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში არ ჩააყენებდა მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით. თუმცა, სადავო ნორმები არ უზრუნველყოფს ხსენებული გარანტიებით ადმინისტრაციული საქმის განხილვას.
13. მოსარჩელე განმარტავს, რომ კოდექსი სამართალდამცავ ორგანოს არ უდგენს მტკიცების იმ სტანდარტს, რომელიც მას დაავალდებულებდა ნეიტრალური მტკიცებულებების წარდგენას. მისი შეფასებით, კოდექსის 236-ე მუხლი ადგენს, თუ რა განიხილება მტკიცებულებად ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში და რა საშუალებებით შეიძლება დადგინდეს აღნიშნული მონაცემები, თუმცა დასახელებული ნორმა არ უზრუნველყოფს მტკიცების სათანადო სტანდარტს, ამასთან, მტკიცებულებათა ჩამონათვალი ალტერნატიულია და სამართალდარღვევის ოქმში აღწერილი გარემოებების სხვა მტკიცებულებით დადასტურების აუცილებლობაზე არ მიუთითებს. ამდენად, მტკიცების სტანდარტის არარსებობის გამო, სამართალდამცავი ორგანოების მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რაც პირის პასუხისმგებლობის საფუძველი ხდება, ვერ აკმაყოფილებს უტყუარი მტკიცებულების სტანდარტს.
14. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ კოდექსის 237-ე მუხლი ადგენს ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ მტკიცებულებათა შინაგანი რწმენით შეფასების ვალდებულებას, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე. მოსარჩელის მტკიცებით, უტყუარობისა და კანონიერების პრეზუმფცია სამართალდამცავი ორგანოს სასარგებლოდ წყდება, ხოლო საქმის განხილვა მიმდინარეობს იმ დაშვებით, რომ პირი სამართალდამრღვევია, თუ საწინააღმდეგო არ დაამტკიცა. ამდენად, მტკიცების ტვირთი ეკისრება არა სამართალდამცავ ორგანოებს, არამედ - შესაძლო სამართალდამრღვევს, რაც, მოსარჩელის აზრით, დაუშვებელია. იმავდროულად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დასახელებული ნორმით განისაზღვრება მტკიცების სტანდარტის ზოგადი დეფინიცია, რაც საშუალებას იძლევა, სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან წარმოდგენილი იყოს მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დაკავების ოქმები და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტება. გამომდინარე იქიდან, რომ კანონი არ ავალდებულებს მხარეს მტკიცებულებათა ერთობლიობის წარმოდგენას ან რაიმე დამატებითი მტკიცებულების მოპოვების ვალდებულებას, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ირღვევა მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნა.
15. მოსარჩელე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შინაარსი განისაზღვრება კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძოდ, ხსენებული ნორმა მიუთითებს იმ რეკვიზიტებს, რომლებიც ოქმში აისახება. მოსარჩელის მტკიცებით, სამართალდარღვევის ოქმი ვერ აკმაყოფილებს მტკიცების სტანდარტს, ვინაიდან ოქმში არ კონკრეტდება დეტალურად, თუ რაში გამოიხატა სამართალდარღვევა, არამედ მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ზოგადი დეფინიცია არის მითითებული. ამასთან, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ოქმი საკმარისია პირის სამართალდამრღვევად ცნობისთვის, რაც გაუმართლებელია განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი არ აღიარებს მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს.
16. მოსარჩელე მიუთითებს, რომ კოდექსის 264-ე მუხლით განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას გამოსარკვევი გარემოებანი. მოსარჩელის აზრით, პრობლემურია მტკიცებულებათა შეფასების ის სტანდარტი, რომლის მეშვეობითაც ხდება გამოსარკვევი გარემოებების დადგენა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო გამოიკვლევს საქმეში არსებულ ყველა გარემოებას, უფლების დარღვევის რისკი მაინც ვერ გამოირიცხება, ვინაიდან ყოველთვის იარსებებს საფრთხე, რომ სამართალდამცავმა ორგანომ წარმოადგინოს მხოლოდ სამართალდარღვევისა და დაკავების ოქმები და ნეიტრალური მტკიცებულებების არარსებობის პირობებში დააკისროს პირს პასუხისმგებლობა.
17. მოსარჩელე კოდექსის 266-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების არაკონსტიტუციურობის ერთ-ერთ არგუმენტად მიიჩნევს სასამართლოს დადგენილების დასაბუთების პრობლემას. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა ჩამოთვლის იმ გარემოებებს, რომლებსაც უნდა მოიცავდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოცემული ჩამონათვალი მიემართება მხოლოდ საქმის განხილვის ფორმალურ ნაწილს, თუმცა ნორმა მოსამართლეს არ ავალდებულებს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. მოსარჩელის მტკიცებით, სწორედ ეს გარემოება განაპირობებს პრაქტიკას, რომლის მიხედვით, დადგენილება ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ მოიცავს სამოტივაციო ნაწილს ან შესაბამის არგუმენტაციას, თუ რატომ იზიარებს სასამართლო ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს და უარყოფს სხვას.
18. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს აკისრებს იმ მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულებას, რომელიც მის უდანაშაულობას დაადასტურებს. კოდექსი არ ითვალისწინებს მტკიცების სტანდარტს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ მხარეებმა საკუთარი პოზიციების დაცვისას. ამასთან, იმ შემთხვევაშიც, თუ მოსამართლემ მტკიცების ტვირთის განაწილება სწორად გადაწყვიტა, პირს მაინც თავად მოუწევს საკუთარი უდანაშაულობის მტკიცება, ვინაიდან პოლიციას არ ევალება ნეიტრალური მტკიცებულების წარდგენა.
19. მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
20. №1361 კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს სახალხო დამცველმა წარმოადგინა სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება. წერილობით მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის გასული წლების ანგარიშებში არაერთხელ გაიცა რეკომენდაცია საბჭოთა მმართველობის პერიოდში მიღებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შეცვლის აუცილებლობაზე, სისხლისსამართლებრივი ბუნების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების განხილვისას საპროცესო უფლებათა რეალიზაციის თვალსაზრისით. სახალხო დამცველი იზიარებს კონსტიტუციური სარჩელის ავტორის სამართლებრივ არგუმენტაციას გასაჩივრებული დებულებების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან წინააღმდეგობის საკითხზე.
21. სასამართლოს მეგობარი მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, რაც მისი შეფასებით, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას განაპირობებს. კერძოდ, კოდექსში სამართალდამრღვევად ცნობისთვის კონკრეტული მტკიცებულებითი სტანდარტისა და მტკიცების ტვირთის არარსებობა განაპირობებს პირის სამართალდამრღვევად ცნობას სამართალდარღვევის ოქმის და ამავე ოქმის შემდგენი პოლიციელის ზეპირი განმარტების საფუძველზე, ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებების უმრავლესობა დაუსაბუთებელია და შაბლონური ხასიათი აქვს. სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ ყველა მტკიცებულება მოიპოვება ერთი ორგანოს/პირის მიერ და მტკიცებულებათა ერთობლიობა მხოლოდ ფორმალურად არსებობს. ამასთან, სასამართლო პროცესზე არ ხდება მტკიცებულებათა გამოკვლევა, არამედ სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პოლიციელი ზეპირად განმარტავს ოქმის შინაარსს, აღნიშნული პროცედურის შემდეგ კი მოსამართლე მცირე ვადაში აცხადებს შეფარდებულ სახდელს. სამართალდარღვევის ოქმში არ აისახება პირის კონკრეტული ქმედება, მაგალითად, პოლიციელის მოთხოვნა, რომელსაც არ დაემორჩილა პირი ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტი. ამდენად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არ გამოირიცხება სამართალდამცავი ორგანოების მიერ უზუსტობის, მიკერძოების ან არაობიექტური შეფასების შესაძლებლობა, ხოლო სამართალწარმოების პროცესი ვერ პასუხობს სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ მოთხოვნებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის, 33-ე მუხლის მე-2 წინადადების, 233-ე, 236-ე და 237-ე მუხლების, 240-ე მუხლის პირველი ნაწილის, 264-ე მუხლის და 266-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით; ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 წინადადების, 233-ე, 236-ე და 237-ე მუხლების, 240-ე მუხლის პირველი ნაწილის, 264-ე მუხლის და 266-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით; გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
2. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324 კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის იმ დებულებებს, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი აქვთ.
3. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული იყო უფლება სამართლიან სასამართლოზე. უფლება სამართლიან სასამართლოზე გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით.
4. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებების შესატყვისია, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს“. ხსენებული მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
5. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. ხსენებული კონსტიტუციური დებულების შესატყვისია საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტი.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავოდ არის გამხდარი: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის, 33-ე მუხლის მე-2 წინადადების, 233-ე, 236-ე და 237-ე მუხლების, 240-ე მუხლის პირველი ნაწილის, 264-ე მუხლის და 266-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 წინადადების, 233-ე, 236-ე და 237-ე მუხლების, 240-ე მუხლის პირველი ნაწილის, 264-ე მუხლის და 266-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებთან მიმართებით; გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
8. მოსარჩელე მხარე ასაჩივრებს კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის მიხედვით, „ადმინისტრაციული პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ცალკეულ სახეობათა სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისათვის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის 15 დღემდე ვადით. პირს ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს შესაბამისი რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლე“. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა არ აკონკრეტებს, თუ რა გამონაკლისი შემთხვევა შეიძლება იყოს პატიმრობის საფუძველი. ასევე, სადავო ნორმა და კოდექსი მოსამართლეს არ ავალდებულებს პატიმრობის გამოყენების საჭიროების დასაბუთებას. ამის გარდა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დასახელებული ნორმა განუჭვრეტელია და შეუძლებელია განსაზღვრა, რა მოიაზრება საგამონაკლისო შემთხვევებში ან რა კრიტერიუმით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ პატიმრობის გამოყენების აუცილებლობის შესაფასებლად.
9. როგორც ზემოთ აღინიშნა, სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისთვის აუცილებელია, მასში წარმოდგენილი მსჯელობა შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას. მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ნორმა ადგენს პატიმრობის, როგორც ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების ზოგად საფუძველს. ის ზოგადად განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის პატიმრობა გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, 15 დღემდე ვადით. საკითხი იმის შესახებ, ხდება თუ არა, ანდა უნდა მოხდეს თუ არა შესაბამისი ორგანოს დადგენილებაში პატიმრობის, როგორც ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების დასაბუთება ან მისი შეფარდებისას რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, სადავო ნორმის რეგულირების ფარგლებს მიღმაა. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ თავად კონსტიტუციურ სარჩელშიც მითითებულია, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის არა ზოგადად პატიმრობას, როგორც ადმინისტრაციული სახდელის ერთ-ერთ ფორმას, არამედ შესაბამისი საპროცესო გარანტიების გარეშე მის გამოყენებას კონკრეტული ტიპის სამართალდარღვევების საქმეებზე. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარისთვის პრობლემა მომდინარეობს არა ზოგადად პატიმრობის, როგორც ადმინისტრაციული სახდელის მდგენელი ნორმიდან, არამედ იმ ნორმიდან, რომელიც იწვევს პატიმრობის სახით მის პასუხისმგებლობას შესაბამისი საპროცესო გარანტიების გარეშე - კოდექსის 266-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის №2/1/1322 განჩინება საქმეზე „ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილი ეფუძნება მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არაზუსტ აღქმას და, შესაბამისად, დაუსაბუთებელია.
10. მოსარჩელე მხარე ასაჩივრებს კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 წინადადებას, რომლის თანახმად, „სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი“. მოსარჩელის მითითებით, ხსენებული სადავო ნორმა გამორიცხავს სისხლისსამართლებრივი ბუნების სამართალდარღვევებზე სათანადო სამართალწარმოების განხორციელებას სახდელის დადებისას, რადგან ის თანაბრად ვრცელდება ყველა „ხასიათის“ სამართალდარღვევაზე. კერძოდ, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სახდელის შეფარდებას წინ უნდა უძღოდეს სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასება შესაბამისი სტანდარტით, მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილება, პროცესუალური თანასწორობის უზრუნველყოფა და სახდელის შეფარდებისას კონკრეტული დასაბუთების არსებობა.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაშიც, მოსარჩელის არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს. აღნიშნული ნორმა ორგანოს მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღოს საქმის სწორად გადაწყვეტისთვის ყველა რელევანტური ფაქტორი, მათ შორის, სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, ბრალის ხარისხი და ა.შ. მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი, მტკიცების ტვირთი, პროცესუალური თანასწორობა და დადგენილების (მათ შორის, სახდელის) დასაბუთების საკითხი ხსენებული სადავო ნორმის რეგულირების ფარგლებს მიღმაა.
12. მოსარჩელე მხარე ასევე ასაჩივრებს კოდექსის 233-ე მუხლს, რომლის თანახმად, „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავენ კანონის და საქმის განმხილველი ორგანოს (თანამდებობის პირის) წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობის საწყისებზე წარმოშობის, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასობრივი და ეროვნული კუთვნილების, სქესის, განათლების, ენის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, საქმიანობის სახეობისა და ხასიათის, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა გარემოებათა მიუხედავად“. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ კოდექსი საერთოდ არ ითვალისწინებს პროცესუალური გარანტიების სახით მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, ხოლო, ვინაიდან 233-ე მუხლში დადგენილია ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა მოხდეს მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე, ივარაუდება, რომ კოდექსისათვის თანასწორობის ფარგლები მხოლოდ ამ მუხლში არის მოცემული, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს პროცესუალური თანასწორობის გარანტიების არსებობას სისხლისსამართლებრივი ბუნების სამართალდარღვევების განხილვისას.
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილშიც მოსარჩელის მიერ სადავო ნორმით დადგენილი რეგულირების არაზუსტ აღქმას ეფუძნება. როგორც აღინიშნა, კოდექსის 233-ე მუხლი ადგენს ორგანოს ვალდებულებას, ადმინისტრაციული საქმის განხილვა მოხდეს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დაცვით, ყველა მოქალაქის თანასწორობის საწყისებზე, წარმოშობის, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასობრივი და ეროვნული კუთვნილების, სქესის, განათლების, ენის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, საქმიანობის სახეობისა და ხასიათის, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა გარემოებათა მიუხედავად. შესაბამისად, სადავო ნორმას არათუ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული შინაარსი (საპროცესო გარანტიების გამორიცხვა), არამედ უფლებაშემზღუდველი ხასიათიც კი არ გააჩნია. ნორმა უფლებააღმჭურველია და წარმოშობს ორგანოს ვალდებულებას, საქმე კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვიტოს. ამდენად, №1361 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.
14. მოსარჩელე მხარე ასაჩივრებს კოდექსის 236-ე და 237-ე მუხლებს. კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით“. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ კოდექსი სამართალდამცავ ორგანოს არ უდგენს იმ მტკიცების სტანდარტს, რომელიც დაავალდებულებდა „ბრალდების“ მხარეს ნეიტრალური მტკიცებულების წარმოდგენას. ასევე, მოსარჩელის მტკიცებით, კოდექსის 236-ე მუხლში ჩამოთვლილი მტკიცებულებები ალტერნატიულია და ოქმში აღწერილი გარემოებების სხვა მტკიცებულებით დადასტურებაზე არ მიუთითებს. ამდენად, მოსარჩელის აზრით, ხსენებული ნორმის შინაარსი არ უზრუნველყოფს მტკიცების სტანდარტის არსებობას, რომელიც დააკმაყოფილებდა სისხლისსამართლებრივი ბუნების სამართალდარღვევებზე სამართალწარმოების შესაბამისობას სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან და მტკიცებულებათა უტყუარობასთან.
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ზემოხსენებულ მოსაზრებას სადავო ნორმების განმარტების შესახებ. სადავო ნორმები არ ეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხს, არამედ ადგენს, ზოგადად, მტკიცებულების ინსტიტუტს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებზე და მიუთითებს კონკრეტული ტიპის მტკიცებულებებზე, რომლებითაც შეიძლება დადგინდეს საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები.
16. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მხარისათვის პრობლემას წარმოადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი, მტკიცებულებათა არასაკმარისობა და არაუტყუარობა სისხლისსამართლებრივი ბუნების ქმედებებთან დაკავშირებით. თუმცა, სადავო ნორმა პასუხისმგებლობის დადგენისთვის საკმარის რომელიმე მტკიცებულებაზე ან მტიცებულებათა ალტერნატიულობაზე არ მიუთითებს. შესაბამისად იგი მტკიცების ტვირთის საკითხს არ არეგულრიებს. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიჩნევს, რომ რომელიმე ტიპის მტკიცებულება საერთოდ არ უნდა იყოს გამოყენებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, მან უნდა წარმოადგინოს კონკრეტული დასაბუთება, თუ რატომ არ აკმაყოფილებს იგი მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციურ სტანდარტს (იხ. მაგ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). მსგავსი დასაბუთება კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაშიც სადავო ნორმებს არ გააჩნია მოსარჩელის მიერ მითითებული ნორმატიული შინაარსი და სასარჩელო მოთხოვნის ამგვარი ჩამოყალიბება ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას.
17. რაც შეეხება კოდექსის 237-ე მუხლს, მოსარჩელის მტკიცებით, ამ ნორმიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტის ზოგადი დეფინიცია შესაძლებლობას იძლევა, სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან წარმოდგენილი იყოს მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციული დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმები და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტება. სადავო ნორმის თანახმად, „ორგანო (თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონითა და მართლშეგნებით, მტკიცებულებას შეაფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათ ერთობლიობაში“. ხსენებული ნორმა არ ადგენს, თუ რა მტკიცებულება ან მტკიცებულებათა ერთობლიობა შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად იმისათვის, რომ პირი მიეცეს პასუხისგებაში. აღნიშნული ნორმა არც მტკიცების ტვირთის განაწილებას ეხება, არამედ ის ადგენს, ზოგადად, ორგანოს ვალდებულებას, იხელმძღვანელოს კანონითა და მართლშეგნებით და მტკიცებულებები შეაფასოს საქმის ყველა გარემოების სრული და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე მათ ერთობლიობაში. ამდენად, მოსარჩელე მხარე ამ შემთხვევაშიც არასწორად აღიქვამს სადავო ნორმის შინაარსს.
18. მოსარჩელე მხარე აგრეთვე ასაჩივრებს კოდექსის 240-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ, მათ შორის, პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან; დამრღვევის ახსნა-განმარტება; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები“. მოსარჩელის განმარტებით, ხსენებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სამართალდარღვევის ოქმი შინაარსობრივად ვერ აკმაყოფილებს მტკიცების სტანდარტს, მით უმეტეს, როდესაც ოქმში დეტალურად არ კონკრეტდება, თუ რაში გამოიხატა სამართალდარღვევა.
19. განსახილველ შემთხვევაში, აშკარაა, რომ მოსარჩელის მიერ კვლავ სადავო ნორმის შინაარსის არასწორი აღქმა ხდება. სადავო ნორმა სიტყვასიტყვით მიუთითებს ორგანოს ვალდებულებაზე, სამართალდარღვევის ოქმში ასახოს სამართალდარღვევის არსი. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელეს პრობლემურად მიაჩნია ოქმის სტრუქტურა (ოქმი საკმარის ადგილს არ უთმობს დასაბუთების გრაფას და ა.შ.), მან უნდა გაასაჩივროს ის ნორმა, რომელიც ამტკიცებს სამართალდარღვევის ოქმის ფორმას. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.
20. მოსარჩელე მხარე აგრეთვე ასაჩივრებს კოდექსის 264-ე მუხლს, რომლის თანახმად, „ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, არის თუ არა საფუძველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალების ამხანაგური სასამართლოს, საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილ საზოგადოებრივი ორგანიზაციის, შრომითი კოლექტივისათვის განსახილველად გადასაცემად, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის“. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლით განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას გამოსარკვევი გარემოებანი. მოსარჩელის აზრით, პრობლემურია მტკიცებულებათა შეფასების ის სტანდარტი, რომლის მეშვეობითაც ხდება გამოსარკვევი გარემოებების დადგენა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო გამოიკვლევს საქმეში არსებულ ყველა გარემოებას, უფლების დარღვევის რისკი მაინც ვერ გამოირიცხება, ვინაიდან ყოველთვის იარსებებს საფრთხე, რომ სამართალდამცავმა ორგანომ წარმოადგინოს მხოლოდ სამართალდარღვევისა და დაკავების ოქმები და ნეიტრალური მტკიცებულებების არარსებობის პირობებში დააკისროს პირს პასუხისმგებლობა.
21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ამ შემთხვევაშიც მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული პრობლემა არ გამომდინარეობს გასაჩივრებული ნორმიდან. კოდექსის 264-ე მუხლი ავალდებულებს საქმის განმხილველ ორგანოს, საქმის სწორად გადაწყვეტისთვის გამოარკვიოს საქმის მნიშვნელოვანი გარემოებები, მათ შორის, ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ა.შ. ხსენებულ ნორმაში არ არის მოცემული მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი, რომლის არარსებობასაც მოსარჩელე პრობლემად მიიჩნევს.
22. მოსარჩელე მხარე აგრეთვე სადავოდ მიიჩნევს კოდექსის 266-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმად, „დადგენილება უნდა შეიცავდეს: დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელებას; საქმის განხილვის თარიღს; ცნობებს იმ პირის შესახებ, რომლის მიმართ განიხილება საქმე; საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემას; იმ ნორმატიული აქტის მითითებას, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის; საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას“. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა მოიცავს გარემოებების ჩამონათვალს, რომელსაც უნდა მოიცავდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოცემული ჩამონათვალი მიემართება მხოლოდ საქმის განხილვის ფორმალურ ნაწილს, თუმცა ნორმა მოსამართლეს არ ავალდებულებს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას.
23. ამ შემთხვევაშიც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის არგუმენტაცია ემყარება სადავო ნორმის არასწორ აღქმას. სადავო ნორმით განსაზღვრულია, თუ რა ელემენტებს უნდა შეიცავდეს დადგენლება და არ გამორიცხავს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დასაბუთებას. შესაბამისად, სადავო ნორმა ვერ ჩაითვლება მოსარჩელის უფლების მზღუდავ საშუალებად და, ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილიც დაუსაბუთებელია.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1361 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის, 33-ე მუხლის მე-2 წინადადების, 233-ე, 236-ე და 237-ე მუხლების, 240-ე მუხლის პირველი ნაწილის, 264-ე მუხლის და 266-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 წინადადების, 233-ე, 236-ე და 237-ე მუხლების, 240-ე მუხლის პირველი ნაწილის, 264-ე მუხლის და 266-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებთან მიმართებით; გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1361 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის; „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1361 („ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 266-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-6 და მე-7 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1361 („ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის, 33-ე მუხლის მე-2 წინადადების, 233-ე, 236-ე და 237-ე მუხლების, 240-ე მუხლის პირველი ნაწილის, 264-ე მუხლის და 266-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 წინადადების, 233-ე, 236-ე და 237-ე მუხლების, 240-ე მუხლის პირველი ნაწილის, 264-ე მუხლის და 266-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებთან მიმართებით; გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე