სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი:-საქართველოს სახალხო დამცველი
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac1361 |
თარიღი | 10 ივნისი 2019 |
თქვენ არ ეცნობით დოკუმენტის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ ტექსტური დოკუმენტი
საქმის დასახელება, რომელთან დაკავშირებითაც არის შეტანილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი N1361) |
"სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 214 მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას, სადაც დაფიქსირებულია საქართველოს სახალხო დამცველის პოზიცია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონტექსტში. საკონსტიტუციო სარჩელის თანახმად, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 წინადადება[1], 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები[2], 233-ე მუხლი[3], 237-ე მუხლი[4], 240-ე მუხლის პირველი ნაწილი[5], 264-ე მუხლი[6], 266-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები[7] საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან[8], მე-40 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან[9] (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი[10] საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-5 პუნქტთან[11] (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით. საკონსტიტუციო სარჩელის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული საპროცესო წესრიგის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი ბუნების სამართალდარღვევებზე მართლმსაჯულების განხორციელება არ ხდება საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დაცვით და სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გულისხმობს თავისი ბუნებით/შინაარსით სისხლისსამართლებრივი სამართალდარღვევების განხილვა/გადაწყვეტას სათანადო საპროცესო გარანტიების (მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილების, უტყუარი მტკიცებულებების, უდანაშაულობის პრეზუმციის, მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის) გარეშე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველსა და მე-5 პუნქტებს და მე-40 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს. წარმოგიდგენთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გასაჩივრებული ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან, ასევე, მე-40 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) შეუსაბამობის საკითხზე. საქართველოს სახალხო დამცველის გასული წლების ანგარიშებში[12] არაერთხელ გაიცა რეკომენდაცია 1984 წელს საბჭოთა მმართველობის პერიოდში მიღებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, როგორც არასრულყოფილი ნორმატიული აქტის შეცვლის, ახალი კოდექსის შემუშავებისა და მიღების აუცილებლობის თაობაზე. ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმით (2014-2015 წწ.)[13], საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სისტემური გადასინჯვის და ახალი პროექტის შემუშავების გათვალისწინების, სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის[14] შექმნის და კოდექსის პროექტის შემუშავების შემდეგ, ახალი სამოქმედო გეგმით (2018-2020 წწ.)[15], ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ახალი კოდექსის ინიცირების ვადად 2018-2019 წწ.-ის განსაზღვრის მიუხედავად, კანონი დღემდე მიღებული არ არის. შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ სისხლისსამართლებრივი ბუნების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების განხილვისას პირი არ არის უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს გარანტიებით (მტკიცებულებათა სტანდარტი, უდანაშაულობის პრეზუმფცია, უტყუარი მტკიცებულებების არსებობის საჭიროება, დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება). გასაჩივრებული ნორმების არაკონსტიტუციური ნორმატიული შინაარსი სასამართლოს პრაქტიკაში ვლინდება. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ასახავს საქართველოს სახალხო დამცველის 2011-2017 წლების საპარლამენტო ანგარიშებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების შესწავლის შედეგად კანონმდებლობასა და პრაქტიკაში გამოვლენილ ხარვეზებს და საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ 2018 წელს განხილული საქმეების (155 საქმე) ანალიზს. საქართველოს სახალხო დამცველი იზიარებს საკონსტიტუციო სარჩელის ავტორის სამართლებრივ არგუმენტაციას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გასაჩივრებული დებულებების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან შეუსაბამობის საკითხზე; ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეების გაცნობისა[16] და შესწავლის შედეგების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგენა მიზნად ისახავს საერთო სასამართლოების პრაქტიკით ჩამოყალიბებული გასაჩივრებული ნორმების არაკონსტიტუციური შინაარსის დადასტურებას. 1.საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებში ასახული საკითხებისაქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებში[17] წლების განმავლობაში ფიქსირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას არსებული პრობლემები: კოდექსში სამართალდამრღვევად ცნობისთვის კონკრეტული მტკიცებულებითი სტანდარტისა და მტკიცების ტვირთის არარსებობა განაპირობებს პირის სამართალდამრღვევად ცნობას სამართალდარღვევის ოქმის და ამავე ოქმის შემდგენი პოლიციელის ზეპირი განმარტების საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებების უმრავლესობა დაუსაბუთებელია და შაბლონური ხასიათი აქვს: არ ხდება პირის მიერ ჩადენილი ქმედების სუბსუმცია ნორმაში აღწერილ სამართალდარღვევასთან, დადგენილებები ეყრდნობა მხოლოდ სამართალდარღვევისა და დაკავების ოქმების მონაცემებს და სასამართლო სხდომაზე ოქმის შემდგენი სამართალდამცავი პირის განმარტებას. ყველა მტკიცებულება მოპოვებულია ერთი ორგანოს/პირის მიერ და მტკიცებულებათა ერთობლიობა მხოლოდ ფორმალურად არსებობს.[18] საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მტკიცების ტვირთის არარსებობის გამო შესწავლილ საქმეებში ფიქსირდება სასამართლოს მსჯელობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის უტყუარობის პრეზუმფციის შესახებ. ადმინისტრაციულ ორგანოს არ ეკისრება მტკიცების ტვირთი, შესაბამისად, მტკიცების ტვირთის განაწილების წესისა და მტკიცების სტანდარტების არარსებობის გამო მხოლოდ ოქმის სისწორის ფორმალური კანონიერების შემოწმება ხდება, გაზიარებული ან უარყოფილი მტკიცებულებების მითითების გარეშე, ოქმში დაფიქსირებული შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტის გამოკვლევის შესახებ სასამართლოს მსჯელობა ფაქტობრივად არ გვხვდება.[19] პრობლემას წარმოადგენს ქმედების კვალიფიკაცია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედების გაგრძელებისას. სპეციალური ნორმისა და დამამძიმებელი გარემოების დისპოზიციის (35-ე და 173-ე მუხლები) ფაქტობრივი იდენტურობის გამო მოსამართლეები განმარტების გარეშე იყენებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლს კონკრეტული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამძიმების ნაცვლად.[20] ამის გამო, პირის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ერთი მუხლით ბრალეულად ცნობის ნაცვლად, ხდება კოდექსის ორი მუხლით სამართალდამრღვევად ცნობა და შესაბამისად, სახდელიც იზრდება. დაუსაბუთებელია სასამართლოს დადგენილებები სახდელის გამოყენების თვალსაზრისითაც: სასამართლოს გადაწყვეტილებები შემოიფარგლება მხოლოდ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ თუ შემამსუბუქებელ გარემოებაზე მითითებით და არ აღინიშნება სახდელის გამოყენების მიზეზი და საფუძველი.[21] ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების განხილვისას, მტკიცებულებების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია სამხრე ვიდეოკამერების გამოყენებასთან დაკავშირებული ხარვეზები. საპატრულო პოლიციელებს აქვთ უფლება და არა ვალდებულება, განახორციელონ ვიდეო-აუდიო ჩაწერა კანონმდებლობით დადგენილი წესით.[22] ვიდეო ჩანაწერის (ნეიტრალური მტკიცებულების) არარსებობისას და მტკიცებულებითა სტანდარტის არარსებობის პირობებში, კოდექსი მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების უპირატესი დაცვის მიზნებს არ ემსახურება. [23] 2017 წელს აპარატის მიერ შესწავლილ ზ.რ.-ს საქმეში[24] ორივე ინსტანციის სასამართლომ უგულებელყო კონსტიტუციური პრინციპი, რომლის თანახმად, არავის ევალება საკუთარი უდანაშაულობის მტკიცება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები საფუძველზე სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს დაკავებისას, პოლიციელებმა არ შეასრულეს კანონით პირდაპირ დადგენილი ვალდებულება[25] და არ ასახეს დაკავების პროცესი სამხრე ან ვიდეოკამერით. ამასთან, არცერთმა ნეიტრალურმა მოწმემ არ დაადასტურა დაკავების პროცესამდე ზ.რ.-ს მხრიდან წესრიგის დარღვევა. თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი სასამართლოს მეგობრის[26] მოსაზრებით, ნეიტრალური მტკიცებულებების გარეშე პირის პასუხისგებაში მიცემა მტკიცების ტვირთს მოქალაქეს აკისრებს, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლებას არღვევს. სასამართლომ სახალხო დამცველის მიერ მითითებულ საკითხებზე საერთოდ არ იმსჯელა.[27] შედეგად, უყურადღებოდ დარჩა კანონის პირდაპირი მოთხოვნის დარღვევა, ხოლო გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს დაეყრდნო. გასათვალისწინებელია, 2018 წელს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებში ვიზიტისას დაკავებული პირების საქმეების შემოწმებისას გამოვლენილი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის[28] 508 შემთხვევიდან 136 შემთხვევაში (26,8%) დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ, ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა პირებმა სხეულის დაზიანება მიიღეს.[29] ამასთან, პრევენციულმა ჯგუფმა გამოარკვია, რომ დაკავების ოქმებში არ არის მითითებული დაზიანებები, რომელიც იზოლატორების სამედიცინო ჩანაწერებში აღიწერება. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა გასცა რეკომენდაცია ადმინისტრაციული დაკავების ოქმებში დაზიანებების აღმნიშვნელი გრაფების დამატების თაობაზე.[30] 2.საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ 2018 წელს განხილული საქმეების ანალიზისაქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოების მიერ 2018 წლის ოქტომბერში განხილული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლით (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი ან განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობა) გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 155 საქმე[31]. ადმინისტრაციული წესით დაკავება განხორციელდა 134 საქმეში. შესწავლილი 155 საქმიდან მხოლოდ 13 საქმეზე შეწყდა წარმოება სამართალდარღვევის არაარსებობის საფუძვლით, დანარჩენ საქმეებში სამართალდარღვევის ფაქტი დადგინდა და გამოყენებული იქნა: 48 საქმეში - სიტყვიერი შენიშვნა, 66 საქმეში - ჯარიმა, ხოლო 34 საქმეზე - პატიმრობა. მოცემულ საქმეებში გამოიკვეთა საერთო სასამართლოების მიერ საქმეთა განხილვა კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევით, რასაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გასაჩივრებული ნორმების ნორმატიული შინაარსი განაპირობებს: 2.1.მტკიცებულებების გამოკვლევა და საქმის განხილვის პროცედურასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლი საქმეების განხილვისას გამოსარკვევ შემდეგ სავალდებულო გარემოებებს განსაზღვრავს: სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ბრალეულობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. ამასთან, არ არის დადგენილი მტკიცებულებათა გამოკვლევის ვალდებულება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების სასამართლო განხილვის პროცესების უმრავლესობა ზედაპირული და ფორმალურია: სასამართლო პროცესზე მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, სამართალდამრღვევის ოქმის შემდგენი პოლიციელი ზეპირად განმარტავს ოქმის შინაარსს, აღნიშნული პროცედურის შემდეგ კი მოსამართლე მცირე ვადებში აცხადებს შეფარდებულ სახდელს. განხილვის ფორმალურ ხასიათს ადასტურებს განხილვის ხანგრძლივობა: 131 საქმიდან პროცესის დრო 5 წუთამდე - დაფიქსირდა 33 საქმეში; 10 წუთამდე - 50 საქმეში, 10-20 წუთამდე - 33 საქმეში და 20 წუთზე მეტი პერიოდი - მხოლოდ 15 საქმეში. 2.2.მტკიცებულებითი სტანდარტის, მტკიცების ტვირთის არარსებობა, მტკიცებულებათა შეფასებასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილი მტკიცებულების ცნებას განსაზღვრავს, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილი მტკიცებულებათა სახეების ჩამონათვალს. კოდექსი არ განსაზღვრავს მტკიცებულებათა შეფასების წესს, როგორც ეს სისხლის სამართლის პროცესში არის დადგენილი (დასაშვებობა, რელევანტურობა, უტყუარობა), გარდა მტკიცებულებათა შინაგანი რწმენით, საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტური გამოკვლევით, მათი ერთობლიობით შეფასებისა.[32] ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი ოქმის შემდგენ სამართალდამცავ ორგანოს/პირს მტკიცების ტვირთს არ აკისრებს; არ ადგენს უდანაშაულობის პრეზუმფციის მოთხოვნას, არ ადგენს სამართალდამრღვევად პირის ცნობისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს. აღნიშნული გარანტიების არარსებობა პრაქტიკაში პირის სამართალდამრღვევად ცნობისთვის სამართალდარღვევის ოქმის და პოლიციელის ახსნა-განმარტების საკმარის საფუძვლად მიჩნევას იწვევს. საქმეების უმრავლესობაში მტკიცებულებებს წარმოადგენდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დაკავების ოქმები, პოლიციელის პატაკი ან ახსნა-განმარტება სასამართლო პროცესზე, რომელიც იმეორებს ოქმში დაფიქსირებულ მონაცემებს, იშვიათ შემთხვევებში - მოწმეთა წერილობითი ახსნა-განმარტებები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან პირის შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე საქმეში იყო ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა[33], ნეიტრალური მტკიცებულება (ვიდეო ჩანაწერი) მხოლოდ 7 საქმეში იყო წარმოდგენილი, მოწმის დაკითხვა სხდომაზე 5 საქმეში განხორციელდა. სამართალდარღვევის ოქმებში და შემდეგ სასამართლოს დადგენილებებში წვრილმან ხულიგნობად ფასდება სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა, გინება უშვერი სიტყვებით ან უმისამართოდ, ყვირილი, ქუჩაში უცენზურო ხმამაღლა საუბარი და ყველა ასეთ შემთხვევაში არ არის მითითებული სიტყვიერი შეურაცხყოფით ირღვევა არა თუ არა საზოგადოებრივი წესრიგი. ოქმის შინაარსს სასამართლოს დადგენილებაში იზიარებს კონკრეტულ მტკიცებულებებზე მსჯელობის გარეშე. რაც შეეხება პოლიციის მოთხოვნისადმი ან განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობას, არც ოქმში არ არის მითითებული და არც სასამართლო განიხილავს რა მოთხოვნა წაუყენა პოლიციელმა პირს. საერთო სასამართლოების პრაქტიკის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საქმეების განხილვისას სასამართლოები არ იკვლევენ სამართალდამცავი პირის მოთხოვნის/განკარგულების კანონიერების/უკანონობის საკითხს და მხოლოდ პირის დაუმორჩილებლობის საკითხს ადგენენ. სასამართლოს რამდენიმე დადგენილებაში გვხვდება პოლიციელის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმისა და ახსნა-განმარტების უტყუარობის შესახებ მითითება: ივარაუდება, რომ პოლიციელს აქვს პროფესიული უნარ-ჩვევები შეაფასოს ფაქტი. სასამართლოს აზრით, აღნიშნული, რასაკვირველია, არ გამორიცხავს უზუსტობას, მიკერძოებას ან არაობიექტურს შეფასებას კონკრეტული შემთხვევის დასაშვებობას, თუმცა ზოგადად ივარაუდება, რომ პოლიციელი მოქმედებს კეთილსინდისიერად და სასამართლო იზიარებს პოლიციელთა განმარტებებს. გასათვალისწინებელია, რომ ასეთ შემთხვევებში სასამართლო დადგენილებებში არ მსჯელობს სხვა მტკიცებულებების არსებობის საკითხზე. შესწავლილი 155 საქმიდან მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში სასამართლომ შეწყვიტა წარმოება საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო: მიუხედავად იმისა, რომ პირმა აღიარა სამართალდარღვევა, წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეხამების შედეგად არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, რადგან მტკიცებულებებით უტყუარად არ იყო დადასტურებული მოქალაქის მიერ ისეთი კონკრეტული ქმედების ჩადენის ფაქტი, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს; სხვა საქმეში - არ იყო შესაბამისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა კონკრეტულად რა ქმედებით გამოიხატა წვრილმანი ხულიგნობა. სასამართლომ მხოლოდ 4 საქმეში დააკისრა მტკიცების ტვირთი ოქმის შემდგენ მხარეს და აღნიშნა, რომ პირს არ ეკისრება უდანაშაულობის მტკიცების ვალდებულება და განმარტა, რომ ორი პირის კამათით არ ირღვევა საზოგადოებრივი წესრიგი, ხოლო ოქმი არ წარმოადგენდა საკმარის მტკიცებულებას; ასევე, საცხოვრებელ სახლში ოჯახის წევრებთან ინციდენტის დროს იზოლირებული საცხოვრებელი ბინა არ ჩაითვალა საზოგადოებრივ ადგილად, ხოლო ოქმით და მასალებით არ დასტურდებოდა, რომ კონფლიქტმა სხვა პირები შეაწუხა. მიუხედავად ზემოაღნიშნული გამონაკლისი შემთხვევებისა, სხვა საქმეებში საცხოვრებელ სახლში განხორციელებული ქმედებების 166-ე მუხლით კვალიფიკაცია გვხვდება, აღნიშნული ქმედებით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მტკიცებულების არარსებობის მიუხედავად. 2.3.სასამართლოს დადგენილებების დაუსაბუთებლობასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 266-ე მუხლის მე-2 ნაწილით სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებაში უნდა მიეთითოს განხილვისას დადგენილი გარემოებების გადმოცემა, თუმცა მოცემულ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებების მითითების ვალდებულებას არ აწესებს, შესაბამისად, რომელი ფაქტი დადგინდა კონკრეტული მტკიცებულების საფუძველზე გადაწყვეტილებებში არ აისახება, რაც სასამართლოს დადგენილებების დაუსაბუთებლობასაც განაპირობებს. სასამართლოს დადგენილებების უმრავლესობა შაბლონურ ხასიათს ატარებს, იცვლება მხოლოდ სამართალდამრღვევად ცნობილი პირის მონაცემები, გადაწყვეტილება იმეორებს სამართალდარღვევის ოქმის ზოგად ფორმულირებას. მიუხედავად იმისა, რომ საქმეთა უმრავლესობაში გვხვდება სამართალდარღვევის ფაქტის აღიარება[34] სასამართლო არ მსჯელობს აღიარების გარდა საქმეში მტკიცებულებათა სტანდარტის შესახებ, სხვა გარემოებები ადასტურებენ თუ არა ამ გარემოებას, საკმარისია თუ არა მტკიცებულებები ფაქტის დასადგენად და პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. დაფიქსირდა შემთხვევაც, როცა საქმეში იყო პოლიციელების მიერ სამხრე კამერებით გადაღებული ვიდეო ჩანაწერი, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩანაწერში ასახულ გარემოებებზე მსჯელობა არ გვხვდება. საგულისხმოა, რომ ყველა საქმეში სამართალდარღვევათა ოქმში არ არის აღწერილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, უშუალოდ რა ქმედება განახორციელა პირმა, რაც სამართალდარღვევად (წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) დაკვალიფიცირდა, არამედ საკანონმდებლო დეფინიცია მიეთითება (დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას), რაც სასამართლოს დადგენილებებშიც აისახება დადგენილ სამართალდარღვევად კონკრეტული ქმედების, ფაქტების სამართალდარღვევის არსის აღნიშვნის გარეშე. საგულისხმოა 2 საქმე[35], სადაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სასამართლომ სახდელი (ერთ საქმეში პატიმრობა) დააკისრა პირებს სუიციდის მცდელობის ფაქტზე გამოძახებული სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ საქმეებში აღნიშნულის დამადასტურებელი მასალები არსებობდა, სასამართლომ არ იმსჯელა სუიციდის მცდელობის მომენტში პირის ემოციურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო ბრალის გამომრიცხველი ან შემამსუბუქებელი გარემოების არსებობის თაობაზე. პოლიციის მოწოდების მიუხედავად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის განგრძობა მიიჩნევა არა პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად, არამედ დამატებით კვალიფიცირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით. შესწავლილი საქმეებიდან მხოლოდ 2 საქმეში განმარტა სასამართლომ, რომ 173-ე მუხლში იგულისხმება პოლიციის კანონით დადგენილი უფლება-მოვალეობებისადმი დაუმორჩილებლობა და საქმეში არ იყო საკმარისი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, რამდენადაც არ იყო დადასტურებული რომელიმე კონკრეტული კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო ქცევის შეწყვეტის მოთხოვნის მიუხედავად აღნიშნული წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას და დამოუკიდებლად კვალიფიკაციის საფუძველს არ წარმოადგენს. შესწავლილ საქმეთა თითქმის ნახევარში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლები ერთობლივად იქნა გამოყენებული. სასამართლოს დადგენილებებში სახდელის გამოყენების დასაბუთება იშვიათ შემთხვევებში გვხვდება, მათ შორის, მსჯელობა დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოებების, დამრღვევის პიროვნული მახასიათებლების შესახებ. დადგენილებებში სახდელის (ჯარიმა, პატიმრობა) გამოყენების ან პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისას სიტყვიერი შენიშვნით თითქმის არ გვხვდება. დადგენილებებში ვლინდება ტენდენცია, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებისას სასამართლო ზოგადად უთითებს, რომ ქმედებისთვის დამახასიათებელი დამამძიმებელი გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით იყენებს პატიმრობას, ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება - ჯარიმის დაკისრება ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნების განხორციელებას. თუმცა, რა კონკრეტული გარემოებები განაპირობებს დამამძიმებელი გარემოების არსებობას ან რა თვისებები ახასიათებს პიროვნებას, არ მსჯელობს, კონკრეტულად არ უთითებს მტკიცებულებებს, რასაც ეს დასკვნა ემყარება. ერთ საქმეში სასამართლომ პატიმრობის გამოყენების საფუძვლად სხვა გარემოებებთან ერთად სამართალდარღვევის ალკოჰოლური ზემოქმედების მდგომარეობაში ჩადენა მიუთითა, ალკოჰოლური თრობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულების - ალკოტესტით შემოწმების ამსახველი დოკუმენტის საქმეში არარსებობის მიუხედავად (პოლიციელის პატაკის თანახმად, პირმა ალკოტესტით შემოწმებაზე უარი განაცხადა). სიტყვიერი შენიშვნის გამოყენების შემთხვევაშიც სასამართლო უთითებს, რომ სარგებლობს ფართო დისკრეციით და ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს დასკვნა სანქციის ადეკვატურობაზე და პასუხიმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ, თუმცა არც ამ შემთხვევაში ასაბუთებს მტკიცებულებებით გადაწყვეტილებას. მხოლოდ მცირე შემთხვევებში გვხვდება სახდელის გამოყენების ან პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების დასაბუთება: მაგ. სიტყვიერი შენიშვნის გამოყენებას საფუძვლად დაედო პირის ახსნა-განმარტება მძიმე ფინანსური მდგომაროების, მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის თაობაზე, აღიარება, არსებითი ზიანი არავის მიდგომია. სხვა ერთეულ შემთხვევაში სახდელის დაკისრებისას მსჯელობა პირის აგრესიაზე და სამართლდარღვევის სავარაუდო სიძულვილის მოტივით განხორციელების შესახებ. დასკვნაამდენად, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკის წლების განმავლობაში შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ სისხლისსამართლებრივი ბუნების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები) საქმეებზე სამართალწარმოების პროცესში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გასაჩივრებული მუხლების ნორმატიული შინაარსი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გასაჩივრებული მუხლების ნორმატიული შინაარსი (საერთო სასამართლოების განვითარებული პრაქტიკა) არ უზრუნველყოფს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას, არ აკისრებს ოქმის შემდგენ ორგანოს/პირს მტკიცების ტვირთს, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების უფლებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოქალაქე ზურაბ ჯაფარიძის საკონსტიტუციო სარჩელი შეიცავს მნიშვნელოვან საკითხს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით და რომლის გადაწყვეტა ხელს შეუწყობს საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტით[36] და მე-40 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით[37] (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გარანტირებული უფლების რეალიზაციას, მოგმართავთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით. დამატებით, გაცნობებთ, რომ გამოვთქვამთ მზადყოფნას საქმის არსებით განხილვაზე ზეპირი განმარტების მისაცემად.
[1] სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი. [2] 1.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. 2. ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით. [3] ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავენ კანონის და საქმის განმხილველი ორგანოს (თანამდებობის პირის) წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობის საწყისებზე წარმოშობის, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასობრივი და ეროვნული კუთვნილების, სქესის, განათლების, ენის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, საქმიანობის სახეობისა და ხასიათის, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა გარემოებათა მიუხედავად. [4] ორგანო (თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონითა და მართლშეგნებით, მტკიცებულებას შეაფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათ ერთობლიობაში [5] ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ, მათ შორის, პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან; დამრღვევის ახსნა-განმარტება; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. [6] ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, არის თუ არა საფუძველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალების ამხანაგური სასამართლოს, საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილ საზოგადოებრივი ორგანიზაციის, შრომითი კოლექტივისათვის განსახილველად გადასაცემად, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. [7] 1.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შემდეგ ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს დადგენილება აღნიშნულ საქმეზე. 2. დადგენილება უნდა შეიცავდეს: დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელებას; საქმის განხილვის თარიღს; ცნობებს იმ პირის შესახებ, რომლის მიმართ განიხილება საქმე; საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემას; იმ ნორმატიული აქტის მითითებას, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის; საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას. [8] ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. [9] 2. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. 3.დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. [10] ადმინისტრაციული პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ცალკეულ სახეობათა სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისათვის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის 15 დღემდე ვადით. პირს ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს შესაბამისი რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლე. [11] [12] იხ. 2013 წლის ანგარიში, გვ. 281, 2014 წლის ანგარიში, გვ. 404, 2015 წლის ანგარიში, გვ.469, 2017 წლის ანგარიში, გვ. 117. 2018 წლის ანგარიში, გვ. 109 [13] საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივლისის N445 დადგენილება. [14] საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N1981 განკარგულება. [15] საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აპრილის N182 დადგენილებით დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა 2018-2020 წწ.-სთვის. [16] „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი. [17] იხ. 2011 წლის ანგარიში, გვ. 15-16, 2012 წლის ანგარიში, გვ.448-450; 2013 წლის ანგარიში, გვ.271-277; 2014 წლის ანგარიში, გვ.303-307; 2015 წლის ანგარიში, გვ.462-467; 2017 წლის ანგარიში, გვ.114. 2018 წლის ანგარიში, გვ. 103-106 [18] 2013 წლის ანგარიში, გვ. 272; 2014 წლის ანგარიში, გვ. 304; 2015 წლის ანგარიში, გვ. 463-464. [19] 2014 წლის ანგარიში, გვ. 304; 2015 წლის ანგარიში, გვ.464-467. [20] იხ. სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში, გვ. 467. [21] 2013 წლის ანგარიში, გვ. 273; 2014 წლის ანგარიში, გვ. 304-305. [22] „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ვიდეო გადაღების ვალდებულება არსებობს მხოლოდ სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას. იმავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიცია უფლებამოსილია ფორმის ტანსაცმელზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაამონტაჟოს, განათავსოს ფოტო და ვიდეო ტექნიკა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის N1310 ბრძანების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. [23] 2015 წლის ანგარიში, გვ.466-467 [24] იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში, გვ. 115 [25] „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტი. [26] 2018 წლის 15 იანვრის სახალხო დამცველის N15-11/671 სასამართლო მეგობრის მოსაზრება. [27] 2018 წლის 30 იანვრის დადგენილება. [28] დაკავების გარემოებების, დაზიანების ლოკალიზაციის, რაოდენობისა და ხასიათის მხედველობაში მიღებით მონიტორინგის ჯგუფს ეჭვი გაუჩნდა პირის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე. [29] იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში, გვ. 58 [30] საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში, გვ. 68 [31] თბილისის საქალაქო სასამართლო - 105, ქუთაისის საქალაქო სასამართლო - 18 და ბათუმის საქალაქო სასამართლო - 32. 155 საქმიდან: 37 საქმე ეხებოდა 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, 53 საქმე - 166-ე მუხლს, 63 საქმე - 166-ე და 173-ე მუხლებს, 1 საქმე - 173-ე და 45-ე მუხლებს, 1 საქმე - 166-ე, 173-ე, 45-ე მუხლებს. [32] 237-ე მუხლი. [33] იარაღიდან გასროლით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. დასკვნის თანახმად, არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ კატეგორიას. [34] 155 საქმიდან - სამართალდარღვევის ფაქტის აღიარება დაფიქსირდა 123 საქმეში, ნაწილობრივი აღიარება - 7 საქმეში, პროცესზე არ გამოცხადების გამო გაურკვეველია პოზიცია - 1 საქმეში, არაღიარება - 24 საქმეში. საგულისხმოა, რომ სამართალდარღვევის ჩადენის აღიარების მიუხედავად, პირმა განმარტა, რომ არაფერი ახსოვს, სხვა საქმეში აღიარა სამართალდარღვევა და განმარტა, რომ რომ შეურაცხყოფა არ მიუყენებია (166-ე მუხლი). [35] სასწრაფო დახმარების ექიმის ოქმის თანახმად, პირა დაზიანებები აღენიშნებოდა, იღებდა ფსიქოტროპულ ნივთიერებას ექიმის დანიშნულებით, სხდომაზე პოლიციელმა განმარტა, რომ სუიციდის მცდელობის შეტყობინებაზე პირი ბინაში მისვლისას დახვდათ ჩაკეტილი საპირფარეშოში და პოლიციელებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა; სხვა საქმეში - სუიციდის მცდელობაზე შესული შეტყობინების (მოქალაქეს ხელებზე ჰქონდა დაზიანებები) გამო მისულ სასწრაფოს და პოლიციას, გარშემომყოფებს პირი აყენებდა შეურაცხყოფას. [36] საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი (2018 წლის 16 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია). [37] საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები (2018 წლის 16 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია). |