ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/10/1490 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 12 ნოემბერი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 19 ნოემბერი 2020 16:52 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-12 მუხლთან და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 11 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1490) მომართა ლაშა ჯანიბეგაშვილმა. №1490 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2020 წლის 13 მარტს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 12 ნოემბერს.
2. №1490 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 34-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები, 59-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და მე-60 მუხლის პირველი პუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“. მოსარჩელისთვის პრობლემურია ნორმის ის ნაწილი, რომელიც ადგენს ადვოკატისთვის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სავალდებულო წევრობას.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას, ხოლო მე-12 მუხლი იცავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებების თანახმად, „ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით“.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში და მისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ სადავო ნორმა მას სავალდებულოდ უდგენს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობას საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად. მისი მითითებით, ამგვარი რეგულირება გამორიცხავს მის მიერ სხვა ასოციაციის შექმნას ან წევრობას და, შესაბამისად, ხელს უშლის მას განვითარებაში.
6. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ადამიანის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება მოიცავს ადვოკატის უფლებას, შექმნას ან გაწევრიანდეს ასოციაციაში, ვინაიდან სასურველი ასოციაციის წევრობა პირის უნარებისა და ნიჭის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პირობაა. არსებულ საკანონმდებლო რეალობაში მოსარჩელეს უწევს იმგვარი ადვოკატთა ასოციაციის წევრობა, რომლის იდეებსაც არ იზიარებს და არ ეთანხმება მისი საქმიანობის ძირითად ასპექტებს. სწორედ ამიტომ, მას სურს შექმნას საკუთარი ასოციაცია, სადაც დაადგენდა მისთვის სასურველ სამოქმედო გეგმას, ასევე თავადვე მოიძიებდა სასურველ დაფინანსებებს, განაგებდა ხარჯებსა და ბიუჯეტს. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ თუ იარსებებდა რამდენიმე ადვოკატთა ასოციაცია და ნებაყოფლობითი წევრობის პრინციპი, მას ექნებოდა შესაძლებლობა, თავად განესაზღვრა, სად სურდა მისი საქმიანობის განხორციელება. სადავო ნორმა მას ართმევს ამგვარ შესაძლებლობებს და, შესაბამისად, ხელს უშლის განვითარებაში, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან.
7. №1490 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ სადავო ნორმით ჩარევა ხდება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებით დაცულ სფეროში. ხსენებული კონსტიტუციური დებულებით დაცული ადვოკატის თვითორგანიზების უფლება მოიცავს პირის შესაძლებლობას, საადვოკატო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, თავად გადაწყვიტოს და ორგანიზება გაუკეთოს საკუთარ პროფესიულ განვითარებას. კერძოდ, პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გაწევრიანდეს ისეთ ასოციაციაში, რომლის საქმიანობის ძირითად პრინციპებს ეთანხმება და, შესაბამისად, საქმიანობა განახორციელოს მისი სურვილისამებრ. სადავო ნორმა, ამის საპირისპიროდ, მას აიძულებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობას, რაც აფერხებს მის საქმიანობასაც და ერევა ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელების უფლებით დაცულ სფეროშიც.
8. სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ეთიკის კომისია არ არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი, პირიქით, მისი წევრები არსებულ რეგულაციებს მათ სასარგებლოდ იყენებენ და ადვოკატთა ასოციაციის წევრებს ეპყრობიან დისკრიმინაციულად. მოსარჩელე მიუთითებს იმაზეც, რომ ადვოკატთა ასოციაციის არსებული მოდელი სრულად დისკრიმინაციულია.
9. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, უთითებს როგორც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის შესაბამის დებულებებზე, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამასთან, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1490 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე, მათ შორის, ითხოვს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციის ხსენებული ნორმა განამტკიცებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აქცევს. ამასთან, არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. „პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-17).
4. სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით მსჯელობისას მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოში არსებული ადვოკატთა ასოციაციის მოდელი დისკრიმინაციული ხასიათისაა და, შესაბამისად, დისკრიმინაციულ მიდგომას აყალიბებს ადვოკატების მიმართ. კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ არის იდენტიფიცირებული შესადარებელი ჯგუფები, რომელთა მიმართაც სადავო ნორმა შესაძლოა ადგენდეს განსხვავებულ მოპყრობას. ამდენად, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც სასამართლოს დაანახებდა შინაარსობრივ მიმართებას სადავო ნორმასა და კონსტიტუციის ხსენებულ დებულებას შორის.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1490 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
6. განსახილველ საქმეში მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით. სადავო ნორმა, როგორც უკვე აღინიშნა, ადგენს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სავალდებულო წევრობას.
7. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით გარანტირებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება იცავს ადვოკატის, როგორც თავისუფალი პროფესიის პირის შესაძლებლობას, საკუთარი შეხედულებისამებრ გაწევრიანდეს ამა თუ იმ ასოციაციაში ან შექმნას საკუთარი გაერთიანება. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო ნორმა მას ავალდებულებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობას, რაც აფერხებს მისი განვითარების შესაძლებლობას და, შესაბამისად, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მიუხედავად საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში განმტკიცებულ ზოგიერთ უფლებასა და თავისუფლებას შორის არსებული შინაარსობრივი ურთიერთკავშირისა, ხსენებული კონსტიტუციური ნორმების დაცულ სფეროებში ჩარევის დადგენა საჭიროებს ცალკეულ, ინდივიდუალურ შეფასებას კონკრეტული უფლებისა თუ თავისუფლების კონტექსტში. საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული. კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/7/667 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-62).
9. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“. „პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, თავისი არსით, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების ფუნდამენტურ გარანტიას, რომელიც იცავს ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების საკუთარივე შეხედულებისამებრ წარმართვის თავისუფლებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის N2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-4).
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პიროვნების თავისუფალი განვითარება უზოგადესი, ძალზე ფართო შინაარსის მქონე უფლებაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მიზანია, დაუცველი არ დარჩეს ცხოვრების ის სფეროები, რომლებიც პიროვნებასთან დაკავშირებული კონკრეტული უფლებებით არ არის მოცული. კონსტიტუციის მე-12 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას ურთიერთობებისთვის, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებში, თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-57). იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ პიროვნების თავისუფალი განვითარების ესა თუ ის უფლებრივი კომპონენტი დაცულია სპეციალური კონსტიტუციური დებულებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი უნდა შეაფასოს არა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან, არამედ იმ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით, რომელიც პიროვნების თავისუფალი განვითარების ამა თუ იმ უფლებრივი კომპონენტის დაცვის სპეციალურ კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტებს ადგენს (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამდენად, კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებაში, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისათვის, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ მის საფუძველზე იზღუდება პიროვნების თავისუფალი განვითარების ის ასპექტები, რომლებიც არ არის დაცული კონსტიტუციის სხვა დებულებებით.
11. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება უზოგადესი უფლებაა, რომელიც ბევრ სხვადასხვა ასპექტს მოიცავს, რასაც შესაძლოა, კონსტიტუციის სხვა დებულებებით დაცული უფლებების შინაარსობრივ მხარესთან ჰქონდეს გადაკვეთა. ამიტომ კონსტიტუციის მე-12 მუხლი ხშირად წარმოადგენს ზოგად ნორმას სხვა სპეციალურ ნორმებთან მიმართებაში, რომლებიც ამა თუ იმ უფლებას უფრო კონკრეტულად და საგნობრივად აღწერს და განმარტავს. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის დასასაბუთებლად, მოსარჩელემ სასამართლო უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ მას ეზღუდება ისეთი უფლებრივი ასპექტი, რომელიც გარდა კონსტიტუციის მე-12 მუხლისა, კონსტიტუციის რომელიმე სხვა, ამ უფლებისადმი მიძღვნილი სხვა სპეციალური ნორმით არ არის დაცული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული უფლებრივი კომპონენტი ერთდროულად ექცევა როგორც კონსტიტუციის მე-12 მუხლით, ისე რომელიმე სხვა კონსტიტუციური დებულებით დაცულ სფეროში, რომელიც ამ უფლების უფრო კონკრეტულ რეგლამენტაციას შეიცავს, ამ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო მას სწორედ ამ უკანასკნელთან მიმართებაში შეაფასებს.
12. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, სადავო ნორმის საფუძველზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სავალდებულო წევრობის დადგენით, სხვა ასოციაციების შექმნის შესაძლებლობის შეზღუდვაზე. მისი განმარტებით, საკუთარი ასოციაციის არსებობის შემთხვევაში, ის შეძლებდა, თავადვე განესაზღვრა ასოციაციის სამოქმედო გეგმა, მოეპოვებინა გრანტები და გაენაწილებინა ბიუჯეტი. აღსანიშნავია, რომ პირის ამგვარი უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით. სწორედ ხსენებული კონსტიტუციური დებულება იცავს პირის უფლებას, სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, შექმნას საკუთარი ასოციაცია. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული უფლებრივი ასპექტი მოქცეულია საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაცულ სფეროში, რომელიც კონკრეტულად მეწარმეობის თავისუფლების კონსტიტუციურ გარანტიას განამტკიცებს.
13. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სავალდებულო წევრობის დადგენით, ის სრულფასოვნად ვერ ახორციელებს საკუთარ საადვოკატო საქმიანობას, ხოლო სხვა ასოციაციებისა და ნებაყოფლობითი წევრობის პრინციპის არსებობის შემთხვევაში, ექნებოდა შესაძლებლობა, საკუთარი შეხედულებისამებრ აერჩია ასოციაცია და პროფესიულად განვითარებულიყო. უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული აღნიშნული უფლებრივი ასპექტი დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებით. დასახელებული კონსტიტუციური დებულება იცავს ადვოკატთა თვითორგანიზების უფლებას, რაც მოიცავს ადვოკატის უფლებას, მისთვის სასურველ ასოციაციაში გაწევრიანდეს. ამასთანავე, კონსტიტუციის ეს ნორმა იცავს ადვოკატთა უფლებების შეუფერხებელ განხორციელებას, შესაბამისად, ადვოკატის საქმიანობისთვის ბარიერების დაწესება სწორედ ამ უფლებით დაცულ სფეროში ექცევა.
14. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მითითებული პრობლემური საკითხი, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სავალდებულო წევრობა აფერხებს მის საქმიანობასა და განვითარების შესაძლებლობას, ვერ შეფასდება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით, ვინაიდან ამ უფლებრივი ასპექტის დაცვას ემსახურება სხვა, შინაარსობრივად უფრო კონკრეტული კონსტიტუციური დებულებები.
15. ამდენად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სავალდებულო წევრობა შესაძლოა, განაპირობებდეს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით განმტკიცებული მეწარმეობის თავისუფლების ან/და კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებით დაცულ ადვოკატთა უფლებების შეზღუდვას. მოსარჩელე მხარეს კონსტიტუციურ სარჩელში არ მიუთითებია, ადვოკატთა ასოციაციის სავალდებულო წევრობის საფუძველზე, რაიმე ისეთი სხვა უფლებრივი კომპონენტის შეზღუდვაზე, რომელიც არ არის დაცული ზემოხსენებული კონსტიტუციური დებულებებით. იგი მხოლოდ მიუთითებს ორ უფლებრივ კომპონენტზე: ერთი მხრივ, საკუთარი ასოციაციის შექმნის და, შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შეუძლებლობაზე, რაც, როგორც უკვე აღინიშნა, ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაცულ სფეროში; მეორე მხრივ კი - სხვა ასოციაციაში გაწევრიანების შეუძლებლობაზე და, შესაბამისად, მისთვის არასასურველი ასოციაციის წევრობაზე, რაც, თავის მხრივ, მიეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადების დაცულ სფეროს. სადავო ნორმით, საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული მუხლების შეზღუდვის შესაძლებლობა კი იმაზე მიუთითებს, რომ არ არსებობს სადავო ნორმის კონსტიტუციის მე-12 მუხლთან შეფასების საჭიროება. ამდენად, მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა, რომ გარდა კონსტიტუციის 26-ე და 31-ე მუხლების შესაბამისი დებულებებისა, დამატებით კიდევ არსებობს, კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებაში, სადავო ნორმის შეფასების საჭიროება.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1490 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1490 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1490 კონსტიტუციური სარჩელი („ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1490 კონსტიტუციური სარჩელი („ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-12 მუხლთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. №1424 და №1490 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი