სასამართლო მეგობრის მოსაზრება: ავტორი - ჯეიმს ი. მოლიტერნო
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac1424 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ჯეიმს ი. მოლიტერნო |
თარიღი | 17 აგვისტო 2020 |
თქვენ არ ეცნობით სასამართლოს მეგობრის სააპლიკაციო ფორმის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. საქმე/საქმეები რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრებაა შემოტანილი
ა. N1/13/1424 ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
2. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
შენიშვნა: ჯეიმს მოლიტერნო არის ვინსენტ ბრედფორდის საპატიო პროფესორი ვაშინგტონის და ლის უნივერსიტეტში. იგი 38 წელია იურიდიულ პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე ლექციებს კითხულობს აშშ-ს ხუთ სამართლის სკოლაში და რვა ქვეყანის იურიდიულ ფაკულტეტებზე, მათ შორის საქართველოში. იგი კონსულტაციებს უწევს ათ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ადვოკატთა, მოსამართლეთა და პროკურორთა ეთიკის კოდექსებთან დაკავშირებით. იგი ხშირად გამოდის კონფერენციებზე მოხსენებებით იურიდიული პროფესიების წარმომადგენელთა ეთიკის საკითხებთან დაკავშირებით. იგი არის ათი წიგნის ავტორი ან თანაავტორი. იგი მუშაობდა ევროპის რვა ქვეყანაში, რომელთაგან ზოგი ევროკავშირის წევრი, ხოლო ზოგი კი არა-წევრი ქვეყანაა. 2006 წლიდან იგი მუშაობს ადვოკატებთან, მოსამართლეებთან და პროკურორებთან საქართველოში USAID-ის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, მათ შორის, USAID/PROLoG-ის პროექტის ფარგლებში, და განხორციელებული აქვს დაახლოებით 20 პროფესიული ვიზიტი საქართველოში.
პროფესორ ჯეიმს მოლიტერნოს სურს წინამდებარე მოსაზრებაში გამოთქვას თავისი შეხედულებები კონსტიტუციური სარჩელის შესახებ N1/13/1424, ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რამდენადაც სარჩელის განხილვა უშუალო გავლენას ახდენს საქართველოში იურიდიული პროფესიის სიძლიერესა და დამოუკიდებლობაზე.
„სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით, ბ-ნი ჯანიბეგაშვილის (საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი) საკონსტიტუციო სარჩელი მიღებული იქნა არსებითად განსახილველად ორი ასპექტში, კერძოდ, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით, რომლის შესაბამისადაც „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა.“
1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი პირდაპირ გამორიცხავს ადვოკატთა საქმიანობას სამეწარმეო საქმიანობიდან. კერძოდ, კანონის 1.2 მუხლი ადგენს, რომ „სამეწარმეო საქმიანობად არ ითვლება ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა), სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო-სამეურნეო საქმიანობა.“
2. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები „და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 26.4 მუხლის მეორე წინადადებას, რომლის თანახმად „აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა“. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ”პროფესიული გაერთიანებების შექმნა არის გაერთიანების თავისუფლების ნაწილი და არა ცალკე და დამოუკიდებელი უფლება. სახელმწიფო ვალდებულია ნება დართოს პირებს შექმნან პროფესიული გაერთიანებები თავიანთი ინტერესების შესაბამისად.“ როგორც მოსარჩელე აღნიშნავს მის სარჩელში , ”განსაკუთრებით დაუშვებელია მხოლოდ ერთი პროფესიული გაერთიანების შექმნა, სადაც წევრობა სავალდებულოა”.
3. წინამდებარე „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრების ავტორის აზრით, მოსარჩელეს არასწორად ესმის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ბუნება. კერძოდ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არ არის ნებაყოფლობითი პროფესიული კავშირი, არამედ იგი საჯარო ინსტიტუციაა, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ შექმნა გარკვეული დელეგირებული საჯარო ფუნქციების შესასრულებლად. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობა მათთვის, ვისაც სურს, განახორციელოს საადვოკატო საქმიანობა, როგორც ამას „ადვოკატთა შესახებ“ კანონი ადგენს, აუცილებელია საკანონმდებლო ორგანოს მიერ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შექმნასთან დაკავშირებული მიზნების მისაღწევად. წევრობის მოთხოვნა იწვევს საკანონმდებლო ორგანოს მიერ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაზე დელეგირებული ფუნქციების ამოქმედებას. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მართავს იურიდიულ პროფესიაში შესვლას. იგი განიხილავს ადვოკატის ქცევასთან დაკავშირებულ საჩივრებს და გადაწყვეტილებას იღებს ამ საჩივრებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოს მიერ მისთვის დელეგირებული ფუნქციების შესაბამისად. სავალდებულო წევრობის გარეშე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას არ ექნებოდა საკანონმდებლო ორგანოს მიერ მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა, რაც გულისხმობს ადვოკატთა პროფესიის მარეგულირებელი კანონის იურიდიული პროფესიის წევრების მიმართ გამოყენებას.
4. მოსარჩელის მტკიცების საწინააღმდეგოდ უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი ადვოკატი, რომელიც „ადვოკატთა შესახებ“ კანონის შესაბამისად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი უნდა იყოს, თავისუფალია შექმნას სხვადასხვა სახის ნებაყოფლობითი გაერთიანებები, რომლებიც თავს მოუყრის ერთნაირი შეხედულებების მქონე ადვოკატებს. მაგალითად, დასაშვებია ბიზნეს ადვოკატთა ასოციაციის, სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის, საოჯახო სამართლის ადვოკატთა ასოციაციის შექმნა, და ა.შ. საქართველოში საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სავალდებულოა, მაგრამ ადვოკატები ასევე უფლებამოსილი არიან შექმნან და შეუერთდნენ ადვოკატთა სხვა ნებაყოფლობით გაერთიანებებს. შედეგად, მოსარჩელეს არ ეზღუდება გაერთიანების უფლება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის ტექსტის გამო, რომელსაც იგი ასაჩივრებს.
5. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არ ახორციელებს ეკონომიკურ ან სამეწარმეო საქმიანობას, არამედ იგი არის სახელმწიფო ორგანო, რომელიც შეიქმნა საკანონმდებლო ორგანოს მიერ მისთვის დელეგირებული ფუნქციების შესასრულებლად. იგი შეიქმნა სახელმწიფოს მიერ, ადვოკატების საქმიანობის რეგულირებისთვის. ადვოკატთა საქმიანობა კი არ არის სამეწარმეო საქმიანობა, როგორც ნათლად არის მითითებული „მეწარმეთა შესახებ“ კანონში.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა რამდენიმე საქმე დაკავშირებული იურიდიულ პროფესიასა და „ადვოკატთა შესახებ“ კანონთან, სადაც სასამართლომ მთელი რიგი მნიშვნელოვანი პრინციპები ჩამოაყალიბა იურიდიულ პროფესიასთან მიმართებით. ერთობლიობაში, ეს საქმეები ადგენენ, რომ ადვოკატთა საქმიანობა არც სამეწარმეო და არც ეკონომიკური საქმიანობაა, და რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის სახელმწიფოს მიერ შექმნილი ორგანიზაცია, რომელსაც „ადვოკატთა შესახებ“ კანონით აქვს მინიჭებული რამდენიმე აუცილებელი ფუნქციის განხორციელება იურიდიული პროფესიის დამოუკიდებლობის და მისი სათანადო რეგულირების უზრუნველყოფის მიზნით.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავის 2000 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე N 1/1/207, რომელიც ეხებოდა ნოტარიუსების დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, დაადგინა, რომ სანოტარო საქმიანობა წარმოადგენს არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას ამ საქმიანობის შედეგიდან გამომდინარე. იმავე გადაწყვეტილებაში სასამართლო შეეხო ადვოკატთა საქმიანობას და აღნიშნა, რომ „ადვოკატის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვა გაცილებით მეტი ფასეულობაა სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, ვიდრე მისი საქმიანობით მიღებული შემოსავლების დაბეგვრის მატერიალური შედეგები“.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავის 2004 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე N 2/10/256 აღნიშნა, რომ „რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ადვოკატთა ტესტირების დაწესებას, სასამართლო კოლეგია თვლის, რომ იგი არის მინიმალური სტანდარტი იმისათვის, რათა ადვოკატების მიერ კვალიფიციურად იქნეს განხორციელებული ადამიანის ინტერესების დაცვა“. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ „კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ თითქოს სახელმწიფოს არა აქვს უფლება კანონით განსაზღვროს კერძო სამსახურის ძირითადი პირობები, მით უმეტეს, როდესაც საუბარია საადვოკატო საქმიანობაზე, რომლის დროსაც ე.წ. „თავისუფალი პროფესიების“ სხვა სახეებისაგან განსხვავებით, ადვოკატებს უფრო სახელშეკრულებო ვალდებულებების პირობებში უხდებათ საქმიანობის განხორციელება“.
9. მე-7 და მე-8 პუნქტებში მითითებული გადაწყვეტილებები ცალსახად აღიარებენ საადვოკატო საქმიანობას, როგორც ლიბერალურ პროფესიას და არასამეწარმეო საქმიანობას, რომელიც ძირითადად ხორციელდება სახელშეკრულებო ვალდებულებების ჩარჩოებში - ანუ არა სახელმწიფოს მიერ დადგენილ პირობებზე, არამედ ადვოკატსა და იმ მხარეს შორის შეთანხმებული პირობების საფუძველზე, რომელსაც იგი წარმოადგენს.
10. რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს მიერ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის დელეგირებული ფუნქციების შესრულების კონსტიტუციურობას (საქმე N 1/6/319, 2005 წლის 7 მარტი), საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა სამი ადვოკატის სარჩელის მიღებაზე, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არ უნდა იყოს უფლებამოსილი შეუწყვიტოს პირს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა, რადგან ეს სასამართლოების ფუნქციის შესრულების ტოლფასია. საკონსტიტუციო სასამართლომ სწორად მიიჩნია სარჩელი დაუშვებლად, რადგან „ვერც მოსარჩელეებმა უჩვენეს, თუ რატომ არ უნდა ჰქონოდა ადვოკატთა ასოციაციას მასში გაწევრიანებულ პირთა წევრობის შეწყვეტის უფლებამოსილება“. სასამართლოს განმარტებით, „ამის საწინააღმდეგო არგუმენტად ვერ ჩაითვლება ის გარემოება, რომ არ არსებობს ადვოკატისათვის ალტერნატიული ასოციაცია საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად“. საკანონმდებლო ორგანოს აუცილებლად უნდა მიენიჭებინა ეს უფლებამოსილება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის, რათა მას საკანონმდებლო ორგანოს მიერ მისთვის დელეგირებული ფუნქციები შეესრულებინა. სასამართლომ მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას განსაზღვრავს როგორც ორგანოს, რომელიც ერთპიროვნულად უფლებამოსილია დააკისროს ადვოკატებს სანქციები.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავის 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე N 1/5/323 სწორად მიიჩნია, რომ „ადვოკატთა ასოციაცია არის არა საზოგადოებრივი გაერთიანება, არამედ სპეციალური კანონით (პარლამენტის აქტით) შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ამ თვალსაზრისით, მასზე არ ვრცელდება კერძო გაერთიანებისათვის დამახასიათებელი ნებაყოფლობითობის პრინციპი“. მოსარჩელეები იყვნენ ექვსი ადვოკატი, რომლებიც თვლიდნენ, რომ „ადვოკატთა შესახებ“ კანონის შემდეგი დებულებები იყო არაკონსტიტუციური: ა) 1.2-ე მუხლის სიტყვები „ და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.“; და ბ) 20.1 მუხლის სიტყვები „საჯარო სამართლის იურიდიული პირი“. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეს მუხლები არღვევენ კონსტიტუციის 26-ე მუხლს, რომლის თანახმად „ყველას აქვს პროფესიული კავშირის შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება“. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ „ისინი უნდა ყოფილიყვნენ წევრები, რათა განეხორციელებინათ საადვოკატო საქმიანობა და თუკი არ გაწევრიანდებოდნენ მათ ერთმეოდათ საადვოკატო საქმიანობის უფლება, ანუ იმის შესაძლებლობა, რომ მოეპოვებინათ საარსებო სახსრები“. საკონსტიტუციო სასამართლო არ დაეთანხმა მათ არგუმენტებს და უარყო მათი სარჩელი არსებითად განხილვის გარეშე. სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის არა გაერთიანება, არამედ საჯარო სამართლის იურიდიული პირი.” სასამართლომ ასევე აღნიშნა, „კანონმდებლის ნებაზე იყო დამოკიდებული ამა თუ იმ პროფესიის დაფუძნებისათვის რა ორგანიზაციულ ფორმას აირჩევდა, რაც არ შეიძლებოდა ყოფილიყო კონსტიტუციის 26-ე მუხლის საგანი“.
12. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ „იმის გამო,რომ ადვოკატი გარკვეულწილად ახორციელებს საჯარო ფუნქციას, კანონმდებელი მას, ... უფრო მაღალ სტანდარტებს უწესებს და მოითხოვს მის სავალდებულო გაწევრიანებას სპეციალურ პროფესიულ გაერთიანებაში. იძულებითი წევრობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში კონსტიტუციურ-სამართლებრივად გამართლებულია იმით, რომ ეს გაერთიანება სახელმწიფომ ლეგიტიმური საჯარო ამოცანების შესასრულებლად დააარსა“. სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეზე Le Compte, Van Leuven and De Meyere v. Belgium, სადაც სასამართლომ მიიჩნია, რომ ბელგიაში ექიმებს შეიძლება მოეთხოვოთ ბელგიის სამედიცინო ასოციაციაში სავალდებულო წევრობა.
13. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ „ადვოკატთა ასოციაციის შექმნის მიზნის თავისებურებამ თვით ორგანიზაციის არაორდინალური იურიდიული სტატუსი განაპირობა. ადვოკატის პროფესიის სპეციფიკის გათვალისწინებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საჯარო სამართლის თავისებური – სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით გამორჩეული იურიდიული პირის სახით ჩამოყალიბდა“.
14. საქართველოს კონსტიტუციის, „ადვოკატთა შესახებ“ კანონის, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ (ა) ადვოკატთა საქმიანობა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას; (ბ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საკანონმდებლო ორგანოს მიერ შეიქმნა კანონიერი საჯარო ფუნქციების შესასრულებლად (ანუ, პროფესიის რეგულირება, ადვოკატების მიმართ სანქციების დაკისრება და ა.შ.); (გ) ამრიგად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობა გამართლებულია კონსტიტუციური თვალსაზრისით.
15. აშკარაა, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არ არის რაიმე პროდუქტის გამყიდველი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არ აწარმოებს პროდუქტს და არ აწვდის იურიდიულ მომსახურებას. „ადვოკატთა შესახებ“ კანონის შესაბამისად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები, და არა ადვოკატთა ასოციაცია, უზრუნველყოფს იურიდიულ მომსახურების გაწევას. ადვოკატის პროფესია არ არის სამეწარმეო ან ეკონომიკური საქმიანობა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ვერ იქნება მონოპოლია, ამ ტერმინის ქართული დეფინიციის მნიშვნელობით, რადგან იგი საზოგადოებისთვის არ ყიდის პროდუქტს ან მომსახურებას. სახელმწიფო არცერთ სხვა ორგანოს არ ანიჭებს უფლებამოსილებას დაარეგულიროს ადვოკატების საქმიანობა.
16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2006 წლის 10 ივლისს გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე N 2/13/391, სადაც იურისტი ამტკიცებდა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6802-ე მუხლი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 26.6 მუხლს (რომლის შესაბამისადაც „საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერება ან მათი აკრძალვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“), იმის გამო, რომ 6802 მუხლით გათვალისწინებულია ორი წესი სისხლის სამართლის პროცესში პირის ინტერესების წარმომადგენლობასთან დაკავშირებით: ა) ადვოკატს უნდა ჰქონდეს ადვოკატის სერთიფიკატი და ბ) ამავე დროს, იგი უნდა იყოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. ამასთან, მოსარჩელე ამტკიცებდა რომ „ზემოხსენებული მუხლი 6802 ასევე ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის 30.2 მუხლს („სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურანციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით“), რადგან იგი მონოპოლიურ მდგომარეობაში აყენებდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, რითაც იზღუდებოდა კონკურანცია და მომხმარებელთა უფლებები“. საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო არსებითად განსახილველად სარჩელი, და აღნიშნა, რომ „კონსტიტუციის ზემოხსენებული 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით უზრუნველყოფილი იყო თავისუფალი მეწარმეობის ხელშეწყობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ გარანტიები, ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სადავო ნორმით მოწესრიგებული იყო ადვოკატის საქმიანობის საკითხი, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას არ განეკუთვნებოდა.“ განსხვავებული შედეგი ეფექტურად დაუშვებდა სისხლის სამართლის ადვოკატების პროფესიის რეგულირების გარეშე დატოვებას, რადგან საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას მიანიჭა ადვოკატების გადაცდომების შემთხვევებში მათზე სანქციების დაკისრების უფლებამოსილება. თუ იურიდიული განათლების მქონე პირს უფლება მიეცემა წარმოადგინოს სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებულთა ინტერესები ასოციაციაში წევრობის გარეშე, არცერთ სახელმწიფო ორგანოს არ ექნებოდა უფლებამოსილება დააკისროს სანქციები ადვოკატს მისი გადაცდომების გამო.
17. როგორც ეს დამაჯერებლად წარმოაჩინა ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭოს (CCBE) სასამართლო მეგობრის მოსაზრებამ, რომელიც სრულ თანხვედრაშია ევროპულ ადვოკატთა ასოციაციაციებთან, განსაკუთრებით კი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ასოციაციაცებთან მუშაობის ჩემს გამოცდილებასთან, ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მის კონსტიტუციურ სარჩელში N1/13/1424, ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, მოყვანილი არც ერთი არგუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს მართებულად. კერძოდ, მოსარჩელემ წარმოადგინა შემდეგი არგუმენტები: (1) ადვოკატის საქმიანობა, მისი ბუნებიდან გამომდინარე, გაიგივებული უნდა იქნეს მეწარმის საქმიანობასთან; (2) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობა, რასაც „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი ითვალისწინებს („ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი ... რომელიც გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“) არღვევს იურისტის თავისუფალი მეწარმეობის უფლებას, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის 26.4 მუხლით („მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია“) და გაერთიანების თავისუფლებას, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლით („გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია“); და (3) ის ფაქტი, რომ საქართველოში მხოლოდ ერთი ადვოკატთა ასოციაცია არსებობს, კერძოდ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, იმაზე მიანიშნებს, რომ მონოპოლია არსებობს, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 26.4 მუხლის მეორე წინადადებას: ”აკრძალულია მონოპოლური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა”.
18. ჩემი დასკვნები ევროპული პრეცედენტული სამართლის, სამართლებრივი ნორმებისა და პრაქტიკის შესახებ თანხვედრაშია ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭოს (CCBE) სასამართლო მეგობრის მოსაზრებასთან, აქედან გამომდინარე, არ გავიმეორებ ამ დოკუმენტში მითითებულ ყველა მნიშვნელოვან ასპექტს. ამის მხოლოდ ევროპული სამართალის და პრაქტიკის მნიშვნელოვანი ასპექტების შეჯამებას შემოგთავაზებთ.
19. იურისტის პროფესია არ არის სამეწარმეო საქმიანობა. ეს ნათლად არის მითითებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანის იურიდიული პროფესიის მარეგულირებელ კანონებში. იურისტები მართლმსაჯულების სფეროს დამოუკიდებელი მონაწილეები არიან და არა იურიდიული რჩევების გამყიდველები. მათზე პროფესიის მარეგულირებელი მკაცრი კანონები ვრცელდება, მაგალითად, როგორიცაა დამოუკიდებლობის ვალდებულება, კლიენტისადმი ერთგულების დაცვა, კონფიდენციალურობის დაცვა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება, და სხვა. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში არცერთ სამეწარმეო საქმიანობაზე პროფესიის მარეგულირებელი ასეთი კანონები და მოთხოვნები არ ვრცელდება.
20. ადვოკატთა ასოციაცია არ არის კომპანია. ევროპის ყველა ქვეყანაში, ადვოკატთა ასოციაცია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია პარლამენტის აქტის საფუძველზე მნიშვნელოვანი საჯარო ფუნქციების შესასრულებლად, როგორც მართლმსაჯულების სისტემაში, ისე ზოგადად, საზოგადოებაში. ადვოკატთა ასოციაცია თვითრეგულირების მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს, როგორიცაა პროფესიაში დაშვება, ადვოკატთა მიერ პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელი კანონების დაცვაზე ზედამხედველობა, და დისციპლინური წარმოების განხორციელება პროფესიის მარეგულირებელი კანონების დარღვევის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ეფექტური თვითრეგულირება შესაძლებელია მხოლოდ სავალდებულო წევრობის საფუძველზე, რაც ყველა ადვოკატს, გამონაკლისის გარეშე, ერთნაირი რეგულირების ქვეშ აქცევს. სავალდებულო წევრობა უზრუნველყოფილია ევროპის ქვეყნების დიდ უმრავლესობაში და შეიძლება ჩაითვალოს თვითრეგულირების და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი ადვოკატთა ასოციაციაციების და სამართლის საზოგადოებების არსებობის წინაპირობად, რაც აუცილებელია იურიდიული მომსახურების ხარისხისა და ადვოკატების დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.
21. მაშასადამე, ადვოკატთა ასოციაცია არ არის კომერციული ორგანიზაცია, რომლის მიზანია შემოსავლის გამომუშავება. ევროპაში ადვოკატთა ასოციაციები მხოლოდ მათი წევრების შენატანებიდან ფინანსდება. გარდა ამისა, ადვოკატთა სავალდებულო წევრობა ასოციაციაში არ ზღუდავს მათ თავიანთი კონსტიტუციური უფლებების განხორციელებაში და ნებაყოფლობითი პროფესიული ასოციაციების ჩამოყალიბებაში. ყველა ევროპულ ქვეყანაში ადვოკატთა რამდენიმე პროფესიული ასოციაცია არსებობს, მაგალითად, სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციები, ოჯახის ადვოკატთა ასოციაციები და ა.შ.
22. ადვოკატთა ასოციაციები არც საწარმოებია და არც ბიზნეს სუბიექტია; ისინი იურიდიული პროფესიის თვითრეგულირების ინსტიტუტები არიან. ანტიმონოპოლიური კანონების მიზანია მტაცებლური ბიზნეს პრაქტიკის თავიდან აცილება. ეს კანონები არ შეიძლება გავრცელდეს ადვოკატთა ასოციაციებზე.
23. ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობის გაუქმება სერიოზულ ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს იურისტთა და თავად ადვოკატთა ასოციაციის დამოუკიდებლობაზე. დამოუკიდებელი იურიდიული პროფესია არის თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი, რომელიც კანონის უზენაესობას ემყარება.
24. ერთ ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობა ხელსაყრელია მოქალაქეებისთვის. დისციპლინური წარმოება, პროფესიული ქცევის კოდექსის დარღვევასთან დაკავშირებული წარმოება, და პროფესიულ განვითარებაზე მიმართული ღონისძიებები უზრუნველყოფს ადვოკატთა ასოციაციისთვის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილებების სათანადო განხორციელებას.
25. ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ადვოკატისთვის მისი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების შეწყვეტა ან ნაწილობრივ შეჩერება, თუ იგი არ ასრულებს უწყვეტი იურიდიული განათლების ვალდებულებას. ეს პროცედურა შესაძლებელია მხოლოდ სავალდებულო წევრობის შემთხვევაში, და თუ ადვოკატთა ასოციაცია უფლებამოსილია განსაზღვროს პროფესიული განვითარების სტანდარტები და უწყვეტ იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებულ ვალდებულებები.
26. შეჯამების სახით: (ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე აღიარა, რომ ადვოკატთა საქმიანობა არ არის სამეწარმეო საქმიანობა; (ბ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არ შეიძლება ჩაითვალოს მონოპოლიად, რადგან იგი არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას; (გ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საკანონმდებლო ორგანოს მიერ შეიქმნა კანონიერი საჯარო ფუნქციების შესასრულებლად (ანუ, პროფესიის რეგულირება, ადვოკატებზე სანქციების დაკისრება და ა.შ.) და ამრიგად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობა გამართლებულია კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით; (დ) ევროპული თვალსაზრისით, იურისტის პროფესია არ არის სამეწარმეო საქმიანობა. ეს ნათლად არის ჩამოყალიბებული კანონებში, რომლებიც იურიდიულ პროფესიას არეგულირებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში; ე) ევროპის ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებმა ნათლად გაიაზრეს იურიდიული პროფესიის განსაკუთრებული სტატუსი და განმარტეს მისი არასამეწარმეო ხასიათი თავიანთ კანონებში; (ვ) ავტონომია და დამოუკიდებლობა უპირველეს ყოვლისა უზრუნველყოფილია ადვოკატთა დამოუკიდებელი ასოციაციების მეშვეობით; (ზ) ადვოკატთა სავალდებულო წევრობის გაუქმება სერიოზულ უარყოფით ზეგავლენას მოახდენს იურისტთა და ადვოკატთა ასოციაციების დამოუკიდებლობაზე.
27. ამრიგად, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, პროფესორი ჯეიმს მოლიტერნო სთავაზობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უარი ეთქვას ლაშა ჯანიბეგაშვილის სარჩელს, როგორც დაუსაბუთებელს. ამით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოში ძლიერი და დამოუკიდებელი იურიდიული პროფესიის შენარჩუნება.