ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/13/1424 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 26 დეკემბერი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 31 დეკემბერი 2019 13:05 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ და მე-20 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან და 31-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე -ლაშა ჯანიბეგაშვილი, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი - მარიამ ჭყონია; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი - ქრისტინე კუპრავა, მოწმე - ირმა ბრელიძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 13 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1424) მომართა ლაშა ჯანიბეგაშვილმა. №1424 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 14 მაისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2019 წლის 25 სექტემბერს.
2. №1424 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი, 34-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები, 59-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და მე-60 მუხლის პირველი პუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“. მოსარჩელისთვის პრობლემურია ნორმის ის ნაწილი, რომელიც ადგენს ადვოკატის პროფესიული ეთიკისადმი მორჩილების ვალდებულებას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სავალდებულო წევრობას. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის პირთა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი“, ხოლო მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები განისაზღვრება ასოციაციის წესდებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი გამორიცხავს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმების გავრცელებას ადვოკატთა ასოციაციაზე, რომელთა საფუძველზეც დადგენილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უფლებამოსილება, ასევე განსაზღვრულია წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის წევრთა კრების უფლებამოსილებისთვის საჭირო წევრთა მინიმალური ოდენობა.
4. 2019 წლის 25 სექტემბერს საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციიდან გამომდინარე დაზუსტდა, რომ იგი სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან და 31-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს გაერთიანების თავისუფლებას, 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადებით დაცულია მეწარმეობის თავისუფლება, ხოლო მე-2 წინადადებით დადგენილია მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვა. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს სასამართლოსადმი მიმართვის, სამართლიანი და დროული განხილვის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს პირის უფლებას, განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში და მისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ სადავო ნორმა მას სავალდებულოდ უდგენს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობას საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად. მისი მითითებით, აღნიშნული ეწინააღმდეგება გაერთიანების ნეგატიურ თავისუფლებას, რადგან იგი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ არის გაწევრიანებული ზემოხსენებულ ორგანიზაციაში.
6. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ადვოკატის საქმიანობა, მისი ბუნებიდან გამომდინარე, გაიგივებული უნდა იქნეს მეწარმის საქმიანობასთან. მას სურს, შექმნას საკუთარი გაერთიანება ადვოკატებისთვის და ამ გზით განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა, თუმცა სადავო ნორმა ამისათვის სავალდებულოდ ადგენს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობას და ამ ფორმით ზღუდავს მეწარმეობის თავისუფლებას. სავალდებულო წევრობის მოთხოვნა ასევე გამორიცხავს სხვა საადვოკატო გაერთიანებების არსებობას, რაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას მონოპოლიზებულ ორგანიზაციად აქცევს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვის პრინციპს.
7. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ მიუთითა, რომ ადვოკატისთვის პროფესიული ეთიკის ნორმებისადმი მორჩილების ვალდებულება მის სამართლიანი სასამართლოს უფლებას ლახავს იმდენად, რამდენადაც ადვოკატთა მიერ აღნიშნული ნორმების დარღვევასთან დაკავშირებულ შემთხვევებს ეთიკის კომისია განიხილავს მიკერძოებულად, ვადებისა და მთელი რიგი გარანტიების დარღვევით. მართალია, შესაძლებელია, ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებები გასაჩივრდეს უზენაეს სასამართლოში, თუმცა ხშირად ეს უფლების დაცვის არაეფექტური საშუალებაა.
8. მოსარჩელემ დამატებით განმარტა, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მიუხედავად ამისა, სადავო ნორმა გამორიცხავს მასზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას, რაც ასოციაციის შიგნით მიმდინარე პროცესებს გაუმჭვირვალეს ხდის და ზრდის თვითნებობის რისკებს.
9. №1424 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. ასევე მოითხოვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში მის მიმართ მიმდინარე დისციპლინური საქმის მიმდინარეობის შეჩერებას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საწევრო შენატანის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
10. საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გაერთიანების თავისუფლებასთან მიმართებით უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და ვინაიდან მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ რაიმე ახალი გარემოება, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
11. მოპასუხის განმარტებით, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის გასაჩივრებული სიტყვები საერთოდ არ შეიცავს მოსარჩელისთვის პრობლემურ შინაარსს და მისი მიზანია, განმარტოს, რომ ადვოკატი არის პირი, რომელიც გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. შესაბამისად, მოპასუხისთვის გაუგებარია, ადვოკატის დეფინიციის ჩამოყალიბებამ როგორ შეიძლება შელახოს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოსა და მეწარმეობის თავისუფლების უფლებები.
12. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი განსაზღვრავს ადვოკატთა ასოციაციის სამართლებრივ ფორმას. აღნიშნულ ნორმას არ აქვს შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მეწარმეობის თავისუფლებასთან და მონოპოლიის აკრძალვის პრინციპთან, ვინაიდან ადვოკატთა ასოციაცია წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და არა მოგებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას, ამავდროულად, იგი არ ახდენს არანაირ გავლენას პირების საადვოკატო უფლებამოსილების განხორციელებაზე.
13. მოპასუხე ასევე მიუთითებს, რომ დისციპლინური სახდელის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესები გათვალისწინებულია სხვა ნორმატიული აქტით, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემები, საერთოდ არ გამომდინარეობს აღნიშნული სადავო ნორმიდან. შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
14. მოპასუხე მხარემ სადავო ნორმების შეჩერებასთან მიმართებით აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, სადავო ნორმების მოქმედების შედეგად რა გამოუსწორებელი ზიანი ადგება მას, ხოლო უფლების შესაძლო შეზღუდვა არ არის სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საკმარისი საფუძველი.
15. საქმეზე მოწმედ დაკითხული ირმა ბრელიძე იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომ ადვოკატთა რამდენიმე გაერთიანების არსებობის შემთხვევაში უკეთესობისკენ შეიცვლება არსებული გარემო და ეს ჯანსაღ კონკურენციას შეუწყობს ხელს. ამასთანავე, მოწმემ აღნიშნა, რომ, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, ასოციაციის მიზნები ან იქ განვითარებული მოვლენები მისაღები არ იყოს რომელიმე ადვოკატისათვის, თუმცა მას კანონმდებლობიდან გამომდინარე არ აქვს ასოციაციის დატოვების შესაძლებლობა. რამდენიმე გაერთიანების არსებობის პირობებში ადვოკატს ექნება არჩევანის მეტი საშუალება და არ შეიბოჭება კანონის იმპერატიული დათქმით. მოწმემ ასევე მიმოიხილა საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული მოდელები ადვოკატთა ასოციაციის ფორმირებისა და ფუნქციონირების კუთხით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამასთან, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე, სხვა ნორმებთან ერთად, ითხოვს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან და 31-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „და პროფესიული ეთიკის ნორმებს“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.
3. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს არც კონსტიტუციურ სარჩელში და არც განმწესრიგებელ სხდომაზე არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია, რომელიც სასამართლოს დაანახვებდა, თუ რატომ მიიჩნევს მოსარჩელე სადავო ნორმებს არაკონსტიტუციურად კონსტიტუციის შესაბამის დებულებებთან მიმართებით.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე №1424 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან და 31-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „და პროფესიული ეთიკის ნორმებს“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
5. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „და პროფესიული ეთიკის ნორმებს“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. აღნიშნული ნორმა ადგენს ადვოკატის ვალდებულებას, ემორჩილებოდეს პროფესიული ეთიკის ნორმებს. მოსარჩელის განმარტებით, ეთიკის კომისია თავად განსაზღვრავს ადვოკატების პროფესიული ეთიკის ნორმებს და განიხილავს მათი შესაძლო დარღვევის ფაქტებს. აღნიშნულ პროცესში დარღვეულია მთელი რიგი პროცედურები, მათ შორის, განხილვის ვადები და ხდება ნორმების ინტერპრეტირება სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპებთან შეუსაბამოდ.
6. როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველი სადავო ნორმა ადგენს პროფესიული ეთიკის ნორმებისადმი ადვოკატის მორჩილების ვალდებულებას. სადავო ნორმა არ განსაზღვრავს პროფესიული ეთიკის ნორმების მიღების წესებსა და პროცედურებს, არც მათ საფუძველზე წარმოშობილი დავების განმხილველ ორგანოს და ამ ორგანოს მიერ ნორმების განმარტებისას სახელმძღვანელო პრინციპებს. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ თავად აღნიშნა, რომ მისთვის პრობლემურია არა პროფესიული ეთიკის ნორმებისადმი მორჩილების ზოგადი წესი, არამედ თავად არსებული ეთიკის ნორმები და მათი პრაქტიკული განმარტება. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პრობლემური საკითხები შეიძლება მომდინარეობდეს პროფესიული ეთიკის ნორმების კონკრეტული წესებიდან ან მათი გამოყენების პრაქტიკიდან და არა სადავოდ გამხდარი ნორმიდან.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელის მიერ არაკონსტიტუციურობის თაობაზე წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება მის მიერ დასახელებული სადავო ნორმის შინაარსს. შესაბამისად, №1424 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „და პროფესიული ეთიკის ნორმებს“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
8. მოსარჩელე ასევე ითხოვს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან და 31-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
9. სადავო ნორმა ადგენს, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადება და მე-11 მუხლი. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადება განსაზღვრავს წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის წევრთა კრების უფლებამოსილებისთვის საჭირო წევრთა მინიმალურ ოდენობას. იმავე კანონის მე-11 მუხლი შეეხება სახელმწიფო კონტროლს. ნორმის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირები ექვემდებარებიან სახელმწიფო კონტროლს, ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტები ადგენენ სახელმწიფო კონტროლის წესებს, განმახორციელებელ ორგანოსა და მის უფლებამოსილებას.
10. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციით, სადავო ნორმა მისთვის პრობლემურია იმდენად, რამდენადაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაზე, მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა, არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის დადგენილი ზოგადი წესები, მასზე არ ხორციელდება სახელმწიფო კონტროლი, რაც ამ უკანასკნელს მოქმედების ფართო არეალს ანიჭებს და თვითნებობის რისკს ქმნის. დამატებით, კერძო სახის კონტროლი არ არის გამჭვირვალე და ვერ უზრუნველყოფს ასოციაციის გამართულ ფუნქციონირებას.
11. კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ გამხდარი ნორმის მიზანია მხოლოდ იმ გარემოების დეკლარირება, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გამოირიცხება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კონტროლის მექანიზმისგან. სადავო ნორმას არ გააჩნია რაიმე დამატებითი, მით უფრო, უფლების შემზღუდველი ხასიათი. მისით არათუ არ არის მოწესრიგებული, რა ტიპის კონტროლის მექანიზმები უნდა გავრცელდეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობაზე, არამედ პირიქით, ნორმა სწორედ ამ საკითხის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგების მიღმა დატოვებისკენ არის მიმართული. ის გარემოება, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან მიმართებით არ გამოიყენება დასახელებული კანონის ნორმები, თავისთავად, ვერ გამოდგება მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის დასასაბუთებლად (mutatis mutandis, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/11/654 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1424 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან, 31-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
13. მოსარჩელე ასევე ითხოვს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მისი მითითებით, აღნიშნული სადავო ნორმის საფუძველზე ხდება მისი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების იძულება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ გაერთიანების თავისუფლებას.
14. საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, გაერთიანების ნეგატიური თავისუფლება იცავს პირებს რომელიმე გაერთიანების სავალდებულო წევრობისგან მისი ნების საწინააღმდეგოდ. ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი არ მოიცავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, ვინაიდან იგი წარმოადგენს საჯაროსამართლებრივ გაერთიანებას და, შესაბამისად, ემყარება სავალდებულო წევრობის პრინციპს. კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტში კი მოიაზრებიან მხოლოდ კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა უმთავრესი დამახასიათებელი ნიშანია გაერთიანების ნებაყოფლობითობა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის №1/5/323 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ვაჭარაძე, არტურ კაზაროვი, ლევან ჩხეიძე, გიორგი ბერიშვილი, შორენა ოსკოპელი და ნინო არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2).
15. შესაბამისად, პირთა ნებისმიერი გაერთიანება არ ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არ წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს და არ ეფუძნება გაერთიანების ნებაყოფლობით ასპექტს. ამდენად, მოსარჩელის უფლება, არ იქნეს სავალდებულო წესით ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებული, დაცული არ არის საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით და ამ თვალსაზრისით არ არსებობს შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციურ დებულებას შორის.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1424 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
17. მოსარჩელე „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს ასევე საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სასამართლოსადმი მიმართვისა და სამართლიანი განხილვის უფლებები, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია პირის უფლება, განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
18. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელისთვის სადავო ნორმა პრობლემურია იმდენად, რამდენადაც, მისი პოზიციით, იგი ადგენს ადვოკატთა ასოციაციის სავალდებულო წევრობის მოთხოვნას, რაც ადვოკატთა ასოციაციას აქცევს მონოპოლიზებულ ორგანიზაციად და ზღუდავს ადვოკატების მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას. მოსარჩელე მხარეს არც კონსტიტუციურ სარჩელში და არც საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია, რომელიც სასამართლოს დაანახვებდა, თუ რა კუთხით უზღუდავს აღნიშნული სადავო ნორმა მას საქართველოს კონსტიტუციის გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცულ რომელიმე უფლებრივ კომპონენტს. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე №1424 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
20. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1424 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
21. მოსარჩელე ითხოვს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ მის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი არის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლებების პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისთვის გამოუსწორებელი შედეგი“ (საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37).
22. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
23. მოსარჩელეს არც კონსტიტუციურ სარჩელში და არც განმწესრიგებელ სხდომაზე არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია, რომელიც სასამართლოს დაანახვებდა, თუ რატომ მიიჩნევს იგი, რომ სადავო ნორმების მოქმედებით მას გამოუსწორებელი ზიანი ადგება. შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1424 კონსტიტუციური სარჩელი („ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1424 კონსტიტუციური სარჩელი („ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „და პროფესიული ეთიკის ნორმებს“ და მე-20 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან და 31-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
ბ) „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე