საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/2/574 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 27 თებერვალი 2014 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი – სხდომის თავმჯდომრე;
კონსტანტინე ვარძელაშვილი - წევრი;
ქეთევან ერემაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
ზაზა თავაძე – წევრი;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე – გიორგი უგულავა, მოსარჩელის წარმომადგენლები – ბექა ბასილაია და თინათინ სირაძე; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი - თამარ მესხია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N574) მიმართა საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავამ.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე გადაწყვიტა, რომ საქმემ თავისი შინაარსით შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა და 2014 წლის 18 თებერვლის N3/1/574 საოქმო ჩანაწერით N574 კონსტიტუციური სარჩელი მიიღო პლენუმზე განსახილველად. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2014 წლის 25 თებერვალს.
3. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
4. მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის და ამავე კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, „ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება შეიძლება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ თანამდებობაზე (სამუშაოზე) დარჩენით იგი ხელს შეუშლის გამოძიებას, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ან განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას“. ამავე კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გამოძიების ადგილის მიხედვით, პროკურორი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რომელსაც საკმარისი საფუძვლის არსებობისას გამოაქვს განჩინება ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ. სასამართლო უფლებამოსილია, შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე გიორგი უგულავა 2010 წელს 4 წლის ვადით აირჩიეს საქართველოს დედაქალაქის - თბილისის მერად. 2013 წლის 18 დეკემბრიდან მოსარჩელის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა. 2013 წლის 21 დეკემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, გიორგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით. მოსარჩელის მითითებით, განსახილველი საკითხების მიმართ საზოგადოების უდიდესი ინტერესი არსებობდა და მან დღის განმავლობაში არაერთხელ განაცხადა მისი სურვილისა და მზადყოფნის შესახებ, ზეპირი მოსმენის ფარგლებში განხილულიყო თანამდებობიდან დროებით გადაყენების შესახებ შუამდგომლობა, სადაც ის შეძლებდა ბრალდების მხარის შუამდგომლობის უსაფუძვლობის წარმოჩენას. სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოებები, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და 2013 წლის 22 დეკემბერს მიიღო განჩინება, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, ბრალდებულ გიორგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
7. მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მას არაკონსტიტუციურად მიაჩნია აღნიშნული ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება ქალაქ თბილისის მერის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენებას.
8. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება“.
9. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება იცავს როგორც აქტიურ, ისე პასიურ საარჩევნო უფლებას. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს პირის უფლებას, არჩევნების გზით, არჩეულ იქნეს ამა თუ იმ თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით და ამ ვადის განმავლობაში განახორციელოს მისთვის მინიჭებული თანამდებობრივი უფლებამოსილებანი. ქალაქ თბილისის მერის შემთხვევაში კი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადა შეადგენს 4 წელს.
10. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, „1.საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 2. სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“.
11. მოსარჩელის მტკიცებით, პირის უფლება, არჩეულ იქნეს თანამდებობაზე, ასევე დაცულია აღნიშნული კონსტიტუციური ნორმებით. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის დაცვის ქვეშ ექცევა არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან პირის თანამდებობაზე დანიშვნისათვის გონივრული, არადისკრიმინაციული რეგულაციების დადგენის ვალდებულება, არამედ საჯარო მოსამსახურეების უფლება, დაცული იყვნენ სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისაგან.
12. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „შრომა თავისუფალია“. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული უფლებით დაცულია არა მხოლოდ უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო, დაცული იყო უმუშევრობისაგან და ისეთი რეგულირებისაგან, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ან იძლევა სამსახურიდან უსაფუძვლო გათავისუფლების შესაძლებლობას.
13. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, ზემოთ ხსენებული კონსტიტუციური დებულებები ერთმნიშვნელოვნად იცავენ მოსარჩელის უფლებას, განახორციელოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი, რომლებიც მას ქალაქ თბილისის ამომრჩევლებმა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრის გზით, 4 წლის ვადით მიანიჭეს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლით გათვალისწინებული რეგულირება კი ეწინააღმდეგება აღნიშნულ კონსტიტუციურ ნორმებს და ზღუდავს მის უფლებებს.
14. მოსარჩელის არგუმენტაციით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლი ასევე ეწინააღმდეგება განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის პრინციპს. ნორმა, სათაურიდან გამომდინარე, აწესრიგებს მხოლოდ ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების გამოყენების საფუძველს და არ ითვალისწინებს იმ ბრალდებულთა კატეგორიებს, რომელთა მიმართაც შესაძლებელია აღნიშნული საპროცესო მოქმედების გამოყენება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლი ნათლად არ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელთა მიმართაც შესაძლებელია აღნიშნული უფლებაშემზღუდველი ნორმის გამოყენება. ამავე დროს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განჩინება ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სავალდებულოა შესაბამისი დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის. იგი ვალდებულია, სასამართლოს განჩინება შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ აღასრულოს და ეს შეატყობინოს სასამართლოს“. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, თანამდებობიდან გადაყენება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ საწარმოს (დაწესებულების) თანამშრომლის მიმართ, რომელსაც ჰყავს ხელმძღვანელი, ვინაიდან სწორედ ხელმძღვანელს აკისრებს კანონმდებელი ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ განჩინების აღსრულებას. მისი აზრით, კანონის სხვაგვარი ინტერპრეტაცია შეუძლებელია, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, თანამდებობიდან გადაყენებულ პირს დაეკისრება საკუთარი თავის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ განჩინების აღსრულება.
15. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის თანახმად, ცალკეულ თანამდებობის პირთა თანამდებობიდან გადაყენების (თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისგან ჩამოცილების) საკითხი წყდება სპეციალური კანონმდებლობით. აღნიშნული ნორმა ადგენს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების დეპუტატების, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, გენერალური აუდიტორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთანავე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლი არ შეიცავს იმ პირთა ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა თანამდებობიდან გადაყენების საკითხი სპეციალური კანონმდებლობით წესრიგდება. მაგალითად, აღნიშნული ნორმა არ მოიაზრებს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს. მოსარჩელის მტკიცებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის სტრუქტურული განთავსება უშუალოდ იმ ნორმებთან ერთად, რომლებიც ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების საფუძველს, განჩინების მიღებისა და აღსრულების წესს ადგენს, წარმოადგენს საერთო სასამართლოების მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის იმგვარი განმარტების საფუძველს, თითქოს, მასზე დაყრდნობით, შესაძლებელია ნებისმიერი ბრალდებულის თანამდებობიდან დროებით გადაყენება, გარდა 162-ე მუხლში ჩამოთვლილი პირებისა. მოსარჩელის შემთხვევაში სწორედ ამგვარად განმარტა სასამართლომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის ფარგლები.
16. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აძლევდა სასამართლოს იმის შესაძლებლობას, რომ ის გამოყენებული ყოფილიყო არჩეული თანამდებობის პირის - ქ. თბილისის მერის მიმართ.
17. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა უნდა შეაფასოს კონსტიტუციის მიერ დადგენილი კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგის ფარგლებში და კონსტიტუციის ფუძემდებლური პრინციპების გათვალისწინებით. ამასთან, მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებზე, რომლებითაც გათვალისწინებულია დემოკრატიული სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპები.
18. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, ქალაქ თბილისის მერის გიორგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ განჩინების „აღსრულების ორგანიზების უზრუნველყოფა“ დაევალა მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორს. მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო ნორმის განმარტების შედეგად, სასამართლოს ეძლევა უფლებამოსილება, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალ პროკურატურის ორგანოებს დააკისროს სასამართლოს განჩინების აღსრულება, რაც ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს.
19. მოსარჩელე ასევე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
20. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.
21. მოსარჩელის არგუმენტაციით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული უფლება სამართლიან სასამართლოზე, გულისხმობს არა მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას, არამედ უზრუნველყოფს ადამიანის სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას. ამასთან, იმისათვის, რომ შედგეს კონკრეტული დავის სამართლიანი განხილვა და მიღებულ იქნეს ობიექტური გადაწყვეტილება, ეს უფლება მოიცავს შესაძლებლობათა შემდეგ მინიმუმს: პირის უფლებას, მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს საქმის სამართლიანი საჯარო მოსმენა, გამოთქვას თავისი მოსაზრებები და დაიცვას თავი პირადად ან დამცველის მეშვეობით.
22. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება, რომელიც ითვალისწინებს ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ შუამდგომლობის, ზეპირი მოსმენის გარეშე, განხილვის შესაძლებლობას, ბრალდებულთან მიმართებით უფლებაშემზღუდველი ნორმაა. აღნიშნული ნორმის როგორც სიტყვასიტყვითი, ისე სხვა ნორმებთან კონტექსტში განმარტება, მხოლოდ იმგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომ მის საბოლოო მიზანს წარმოადგენს მოსამართლისთვის გარკვეული დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება - ზეპირი მოსმენის გარეშე ან მხარეთა მონაწილეობით, ზეპირი მოსმენით განიხილოს შუამდგომლობა თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. მოსარჩელის მტკიცებით, ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ შუამდგომლობას სასამართლოები დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავენ. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა არ მიუთითებს უფლების შეზღუდვის კანონიერ მიზანზე და, შესაბამისად, ვერ იქნება დაცული თანაზომიერება დასახულ მიზანსა და დაწესებულ შეზღუდვას შორის.
23. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმა არღვევს მის უფლებას შეჯიბრებით მართლმსაჯულებაზე, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით. კონსტიტუციის დასახელებული ნორმის თანახმად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“.
24. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „დაცვის უფლება გარანტირებულია“.
25. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ დაცვის უფლება გულისხმობს საკუთარი თავის დასაცავად პოზიციის პირადად გამოხატვას და დამცველით უზრუნველყოფის შესაძლებლობას. პირის მიერ დაცვის უფლების და საჯარო მოსმენის უფლების განხორციელების გარეშე შეუძლებელია შესაბამის პროცედურასა და შედეგებზე ეფექტური გავლენის მოხდენა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ასევე არღვევს მოსარჩელის დაცვის უფლებას.
26. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“.
27. მოსარჩელის მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მიზანია, უზრუნველყოს უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კონსტიტუციით, მაგრამ გამომდინარეობს კონსტიტუციური პრინციპებიდან და ადამიანის უფლებების სფეროში სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებებიდან. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადებით, ირღვევა რა საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის პირველი პუნქტითა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის მე–6 მუხლით დაცული უფლებები, შესაბამისად, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლიც.
28. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმა ზოგადი ხასიათისაა და არ ითვალისწინებს მისი გამოყენების შესაძლებლობას მხოლოდ იმ გარემოებების არსებობისას, როდესაც დასაშვები იქნებოდა, ბრალდებულის დასწრების გარეშე, მის მიმართ მიმდინარე უფლებაშემზღუდველი საპროცესო ღონისძიების გამოყენების შესახებ საქმის წარმოება ზეპირი მოსმენის გარეშე.
29. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
30. განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159–ე მუხლის აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება კონსტიტუციის 28-ე, 29-ე და 30-ე მუხლებთან.
31. მოპასუხის განმარტებით, პასიური საარჩევნო უფლების ის სეგმენტი, რომელიც ეხება პირის უფლებას, იყოს არჩეული ამა თუ იმ თანამდებობაზე, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით. ვინაიდან სადავო ნორმა, თავისი არსით, არ ეხება აღნიშნულ საკითხს, შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან, რის გამოც, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში, კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული.
32. მოპასუხის წარმომადგენლის მითითებით, მოსარჩელე ასევე ვერ ასაბუთებს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტთან სადავო ნორმის მიმართებას. მთავარი არგუმენტაცია ასეთი მოქმედების შეფარდების პროცესუალურ მხარეს ეხება, ეს საკითხი კი სხვა ნორმებით წესრიგდება, რაც, თავისთავად, 159–ე მუხლის არაკონსტიტუციურობის საფუძველი ვერ იქნება.
33. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლზე აპელირება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ უფლება არ არის მოცემული საქართველოს კონსტიტუციაში ან კონსტიტუციური უფლების ფარგლები არის უფრო ვიწრო, ვიდრე ეს საერთაშორისო ვალდებულებებით არის გათვალისწინებული. ვინაიდან საქმის საჯარო მოსმენის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, აქედან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად იმ ნაწილში, რომელიც ეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების შეუსაბამობას კონსტიტუციის 39-ე მუხლთან.
34. მოპასუხის წარმომადგენელმა განმწესრიგებელ სხდომაზე მიუთითა, რომ შესაძლოა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებას მიმართება ჰქონდეს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, თუმცა, მისი აზრით, შეზღუდვა გამართლებულია, რასთან დაკავშირებითაც არგუმენტაცია საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე იქნება წარმოდგენილი.
35. მოსარჩელე შუამდგომლობით ითხოვს, საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით, მოწვეულ იქნას ირაკლი აბესაძე, რომელიც არის ქ. თბილისის მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი; ექსპერტის სახით - მამუკა ჟღენტი, მამუკა აბულაძე და კარსტენ მანკე.
36. მოსარჩელის წარმომადგენლებმა განმწესრიგებელ სხდომაზე ასევე დააყენეს შუამდგომლობა, არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეულ იქნეს ექსპერტი იან მიკალეფი, რომელიც პროფესიით იურისტია, ეკავა ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის ადგილობრივი თვითმმართველობის პალატის პრეზიდენტის პოსტი და წარმოადგენდა ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელს საქართველოში.
37. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობებთან დაკავშირებით მოპასუხის წარმომადგენელმა განმწესრიგებელ სხდომაზე განმარტა, რომ არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული მოსარჩელის შუამდგომლობა მოწმის სახით ირაკლი აბესაძის მოწვევის თაობაზე, ვინაიდან ის საკითხები, რომელთა განსახილველადაც მის მოწვევას ითხოვს მოსარჩელე, არ არის რელევანტური კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებული საკითხების გადასაწყვეტად.
38. მოსარჩელემ ასევე დააყენა შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში საფუძველი ეცლება იმ განჩინებას, რომელმაც არსებითად დაარღვია მოსარჩელე გიორგი უგულავას უფლებები. მოსარჩელე მხარის მითითებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი პირდაპირ არ ითვალისწინებს ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ განჩინების გადასინჯვის პროცედურასა და საფუძვლებს. თუმცა, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ანალოგიით აღკვეთის ღონისძიების შეცვლისათვის დადგენილი წესის გამოყენების შემთხვევაში, არსებობს შესაძლებლობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შედეგად გადაისინჯოს მოსარჩელის მიმართ გამოტანილი განჩინება თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
39. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სარწმუნო არგუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა სადავო ნორმის მოქმედების შედეგად უშუალოდ მის და არა სხვა პირების მიმართ გამოუსწორებელი შედეგების დადგომის გარდაუვალ საფრთხეს. ამასთან, მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებით, ნორმის შეჩერებით შეუძლებელი იქნება მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენა და მისი უფლებრივი მდგომარეობის შეცვლა. შესაბამისად, მოსარჩელის ეს მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1), „წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა მიანიშნებდეს სადავო ნორმის შინაარსობრივ მიმართებაზე კონსტიტუციის შესაბამის ნორმებთან“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინება N1/7/561, 568, II-3). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელის აზრით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 28–ე მუხლის პირველ პუნქტს, 29-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს და 30-ე მუხლის პირველ პუნქტს.
3. საქართველოს კონსტიტუციის 28–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება“. 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, „1.საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 2. სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“. ხოლო 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „შრომა თავისუფალია“. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 28–ე მუხლით დაცული პასიური საარჩევნო უფლება გულისხმობს არა მხოლოდ პირის უფლებას, არჩევნების გზით, არჩეულ იქნეს ამა თუ იმ თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით, არამედ მის უფლებასაც, ამ ვადის განმავლობაში განახორციელოს მისთვის მინიჭებული თანამდებობრივი უფლებამოსილებანი. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის დაცვის ქვეშ კი ექცევა საჯარო მოსამსახურეების უფლება, დაცული იყვნენ სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისაგან. ხოლო 30-ე მუხლით დაცულია არა მხოლოდ უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო, დაცული იყო უმუშევრობისა და ისეთი რეგულირებისაგან, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ან იძლევა სამსახურიდან უსაფუძვლო გათავისუფლების შესაძლებლობას.
4. საკონსტიტციო სასამართლო არ დგას ზემოთ დასახელებული კონსტიტუციური ნორმების ფარგლების ამომწურავი განმარტების საჭიროების წინაშე. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნებისთვის, მივუთითებთ მხოლოდ არსებით სხვაობაზე ამ უფლებებით დაცულ სფეროებს შორის.
5. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გამიჯნა საქართველოს კონსტიტუციის 29–ე და 30–ე მუხლებით დაცული სფეროები და მიუთითა სადავო ნორმების თითოეულ მათგანთან სწორი მიმართების მნიშვნელობაზე. კერძოდ: „საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი სპეციფიკურად უკავშირდება სახელმწიფო თანამდებობის დაკავების, საჯარო სამსახურის განხორციელების გარანტიებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის საოქმო ჩანაწერი N1/1/569 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 23 ). „მოცემული კონსტიტუციური წესრიგის პირობებში, მცდარი იქნებოდა შრომითი ურთიერთობის სრული სპექტრის კონსტიტუციის 30-ე მუხლით დაცულ სფეროში მოქცევა. ცალსახაა ის გარემოება, რომ კონსტიტუცია შრომითი ურთიერთობების გარკვეული სეგმენტის მოწესრიგებას, კერძოდ, საქმიანობას სახელმწიფო დაწესებულებებში, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თავისი არსით წარმოადგენს შრომით საქმიანობას, უკავშირებს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცულ სფეროს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის N2-9-556 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). ამასთან, „ის გარემოება, რომ შრომითი საქმიანობის სპეციფიკური სეგმენტი დაცულია სპეციალურად კონსტიტუციის 29-ე მუხლით, გამორიცხავს ამ სეგმენტის დასაცავად კონსტიტუციის 30-ე მუხლზე აპელირების შესაძლებლობას. ,,იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ერთი უფლების ცალკეული უფლებრივი კომპონენტისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებულია სპეციალური რეგულაცია, უფლებაში ჩარევის განსხვავებული შინაარსი და ფარგლები, ეჭვგარეშეა, რომ ასეთ დროს ამ უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობა შესაძლებელია და უნდა შეფასდეს მხოლოდ მის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმასთან მიმართებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება კონსტიტუციურობის საკითხის სწორად გადაწყვეტა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/7/454 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-4). შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც შეზღუდვა მიემართება სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას, მისი შეფასება მოხდება კონსტიტუციის 29-ე და არა 30-ე მუხლთან მიმართებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის საოქმო ჩანაწერი N1/1/569 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 24).
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმით დადგენილი რეუგლაცია ითვალისწინებს რა ქ. თბილისის მერის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს, იწვევს მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევას. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის კონსტიტუციურობის საკითხი შეფასდება საქართველოს კონსტიტუციის სწორედ ამ მუხლთან მიმართებით.
7. რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 28–ე მუხლის პირველ პუნქტს, ის იცავს რა საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლებას, ბოჭავს სახელმწიფოს ვალდებულებით, შექმნას შესაბამისი და საკმარისი გარანტიები, რომ ამომრჩეველთა ნებამ ადეკვატური ასახვა პოვოს არჩევნების შედეგებში და პირმა, რომელიც თავისუფალი, საყოველთაო და თანასწორი არჩევნების საფუძველზე რეალურად მიიღებს არჩევნებში გამარჯვებისათვის ხმების საკმარის რაოდენობას, დაიკავოს ეს თანამდებობა. ბუნებრივია, კონსტიტუცია იცავს არჩევით თანამდებობის პირებს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გადაყენებისაგან, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზოგადად თანამდებობის პირების, მათ შორის, არჩევითი თანამდებობის პირების უფლებამოსილების შეუფერხებლად და შეულახავად განხორციელების კონსტიტუციური გარანტიები მოცემულია კონსტიტუციის 29–ე მუხლში. შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 28–ე მუხლთან მიმართებით შეფასებისათვის.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, N574 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 28–ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ უნდა იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად.
9. მოსარჩელე ასევე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით, რომლის თანახმადაც: „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“.
10. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის შინაარსსა და მასთან მიმართებით კონსტიტუციური დავის განხილვა-გადაწყვეტის შესაძლებლობებზე საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეში მიუთითა. კერძოდ: „აღნიშნული კონსტიტუციური ნორმის მიზანია უზრუნველყოს უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კონსტიტუციით, მაგრამ გამომდინარეობს კონსტიტუციური პრინციპებიდან და ადამიანის უფლებების სფეროში სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან“ (2013 წლის 28 ივნისის საოქმო ჩანაწერი N1/4/548 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 39–ე მუხლთან დაკავშირებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ: „აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა ასევე გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც საერთაშორისო ხელშეკრულებით გარანტირებული უფლების შინაარსი არის უფრო ფართო, ვიდრე ამას კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი ითვალისწინებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის N1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-22); ასევე, რომ მოსარჩელეს შეუძლია 39–ე მუხლზე აპელირება იმ შემთხვევაში, „როდესაც უფლება არ არის მოცემული საქართველოს კონსტიტუციაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის განჩინება N1/2/458 საქმეზე „დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“).
11. მოსარჩელე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით აფუძნებს იმ არგუმენტაციას, რომ სადავო ნორმით ირღვევა მოსარჩელის უფლება სასამართლოში საქმის ღია (საჯარო) მოსმენაზე, რომელიც, მისი აზრით, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის პირველი პუნქტითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქმის ზეპირი, საჯარო განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანესი უფლებრივი კომპონენტია, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით (საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის N1/3/393,397 გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები – ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”). საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის ძირითად პრინციპებსა და საერთაშორისო აქტებზე, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე დაყრდნობით, ამასთან, სამართლიანი სასამართლოს უფლების არსის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი საკმაოდ ფართოდ განმარტა და სამართლიანი სასამართლოს უფლების ყველა ძირითადი უფლებრივი კომპონენტი სწორედ ამ ნორმით დაცულად მიიჩნია.
13. როგორც უკვე აღინიშნა, კონსტიტუციის 39-ე მუხლით დაცულ სფეროში შეიძლება მოექცეს მხოლოდ ის უფლებები, რომლებიც არ არის კონსტიტუციის სხვა ნორმათა დაცვის ფარგლებში. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება (მისი უფლებრივი კომპონენტები) არ ექცევა კონსტიტუციის 39-ე მუხლით დაცვის ქვეშ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 39–ე მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
14. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ N569 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
15. N574 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ასევე ითხოვს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
16. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ–ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მას შეუძლია, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება. სასამართლოს განმარტებით, ეს არის „... საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლებების პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისთვის გამოუსწორებელი შედეგი“ (საკონსტიტუციო სასამართლოს N1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის N1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
17. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ ვერც კონსტიტუციურ სარჩელში და ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც ცხადად და დამაჯერებლად დაასაბუთებდა, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მოსარჩელისათვის უფლების შეუქცევადი დარღვევის საფრთხეს, რომლის გამოსწორება შეუძლებელი იქნებოდა სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი სადავო ნორმის შეჩერებისათვის.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 212 მუხლის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 და მე–18 მუხლების, 21–ე მუხლის პირველი პუნქტის და 22–ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30–ე და 31–ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად N574 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად N574 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 28–ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი