საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/1/592 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 13 თებერვალი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ქეთევან ერემაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ (ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისთვის გათვალისწინებული სასჯელი) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან, ასევე მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 5 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №592) მიმართა საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2014 წლის 6 მაისს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 12 თებერვალს.
2. №592 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტ წლამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, ზემოაღნიშნული ქმედებები, ჩადენილი დიდი ოდენობით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. კონსტიტუციის მე-16 მუხლი განსაზღვრავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, ხოლო მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის.
6. მოსარჩელე მხარის განცხადებით, სადავო ნორმა დისკრიმინაციულია, რადგან იწვევს არათანასწორ მოპყრობას არსებითად თანასწორი პირების მიმართ. კერძოდ, პირს, რომელსაც 50 გრამი ან მეტი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანააღმოაჩნდება, მისი მსჯავრდება მოხდება დამამძიმებელი გარემოებისთვის გათვალისწინებული სანქციით, ხოლო პირს, რომელსაც 50 გრამზე ნაკლები ოდენობის იგივე ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდება, მისი ქმედება უფრო მსუბუქი სანქციით დაკვალიფიცირდება, მაშინ, როდესაც ამ პირების მიერ ჩადენილია იდენტური ბუნებისა და მიზნების მქონე დანაშაულებრივი ქმედება.
7. მოსარჩელის განმარტებით, იმ პირების მიმართ, რომელთაც აღმოაჩნდებათ 50 გრამზე ნაკლები ნარკოტიკული საშუალება, სასჯელი გაცილებით მსუბუქია, რადგან კანონმდებლის მიერ არ არის დადგენილი სასჯელის მინიმალური ზღვარი („ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტ წლამდე“). მოსარჩელის აზრით, კანონმდებელმა უნდა შექმნას მინიმალური გარანტიები იმისთვის, რომ მოსამართლეს ჰქონდეს შესაძლებლობა, არსებითად თანასწორ პირებს დაუწესოს ერთნაირი სანქცია. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოწესრიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას.
8. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, კონკრეტული ქმედებისთვის გათვალისწინებული სასჯელი გამოყენებული უნდა იყოს ინდივიდუალურად, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, დანაშაულის გარემოებებისა და სხვა რელევანტური ფაქტების შეფასების საფუძველზე. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, კანონმდებელმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს სასჯელის ზომის განსაზღვრისას, რის გაუთვალისწინებლობის გარეშეც შეიქმნება ზედმეტად მკაცრი სანქციის გამოყენების საფრთხე.
9. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედებისთვის დადგენილი სანქციის გათანაბრება ისეთი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის განკუთვნილ სანქციებთან, როგორიცაა მკვლელობა და გაუპატიურება, წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს ამ კონკრეტული დანაშულისთვის. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმით არ ხდება სანქციების გამიჯვნა სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებებისთვის მათი ხასიათის გათვალისწინებით, რაც კიდევ ერთხელ რეგულაციის არაკონსტიტუციურობას უსვამს ხაზს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ლახავს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას.
10. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ვინაიდან კონკრეტული ქმედებისთვის გათვალისწინებულია ზედმეტად მკაცრი სისხლისსამართლებრივი სანქცია, სადავო ნორმა ზედმეტი ინტენსივობით ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.
11. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება პერსონალურად მოსარჩელის მიმართ. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი უნდა განიმარტოს არა მხოლოდ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით, არამედ მისი შინაარსისა და მიზნის გათვალისწინებით, რაც სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას, ნორმის მოქმედება შეაჩეროს ინდივიდუალურად მოსარჩელისათვის. აღნიშნული არგუმენტაციის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, შუამდგომლობაში მოთხოვნილია ნორმის შეჩერება ზოგადად ყველა პირის მიმართ, ვისზეც ის ვრცელდება. მოსარჩელის განცხადებით, თუკი საერთო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომა დასრულდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და მოხდება მოსარჩელის დამნაშავედ ცნობა, მხოლოდ მცირე თეორიული შესაძლებლობა არსებობს, გადაისინჯოს მისი სასჯელი, რაც მას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.
12. მოსარჩელე მხარე, თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად, დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1.მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ (ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისთვის გათვალისწინებული სასჯელი) არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან, ასევე მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი იმაზე ფართო შინაარსისაა, ვიდრე ეს მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ არის გამხდარი. კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტ წლამდე. ხოლო მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, ზემოაღნიშნული ქმედებები, ჩადენილი დიდი ოდენობით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე. მოსარჩელე პრობლემატურად მიიჩნევს აღნიშნული ნორმის მხოლოდ იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც აწესებს სასჯელს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო, შეზღუდულია რა სასარჩელო მოთხოვნით, ამ ეტაპზე შეაფასებს გასაჩივრებული ნორმის მხოლოდ ამ ნორმატიული შინაარსის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს.
2.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, სასამართლოს პრაქტიკაში ჩამოყალიბდა ის მოთხოვნები, რაც წაეყენება კონსტიტუციურ სარჩელს მის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით. სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, რომ ნებისმიერი კონსტიტუციური სარჩელი, რომლის არსებითად განსახილველად მიღების საკითხიც განიხილება, შემოწმდეს სწორედ აღნიშნული მოთხოვნების მიხედვით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 6 თებერვლის განჩინება №1/1/564 საქმეზე „შპს „მაგთიკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
3.„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელში აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მის საფუძვლიანობას. ანალოგიური მოთხოვნა მეორდება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში და გულისხმობს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი მტკიცებულებები რელევანტური უნდა იყოს და მიანიშნებდეს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე.
4.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა იმ მოთხოვნებზე, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი მტკიცებულება. უპირველეს ყოვლისა, “სარჩელში მოყვანილი ... მტკიცებულებები უნდა შეეხებოდეს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის ნორმას (საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინება N2/3/412, II-8). ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა მიანიშნებდეს სადავო ნორმის შინაარსობრივ მიმართებაზე კონსტიტუციის შესაბამის ნორმებთან” (საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინება N1/7/561, 568, II-3). საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). „სარჩელის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საკმარისი არ არის მოსარჩელემ მხოლოდ აღნიშნოს, რომ ის სადავო ნორმის ადრესატს წარმოადგენს, არამედ სარჩელი მაშინაა დასაბუთებული, როცა მოსარჩელე სათანადო არგუმენტებით მიუთითებს, რაში გამოიხატება სადავო ნორმებით მისი კონკრეტული კონსტიტუციური უფლების დარღვევა, ანუ, მოსარჩელემ საფუძვლიანად უნდა წარმოაჩინოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობა, თუ რა შინაარსობრივი მიმართება არსებობს სადავო ნორმასა და შესაბამისი კონსტიტუციური ნორმით დაცულ მის უფლებრივ სფეროს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის № 1/3/480 განჩინება საქმეზე „პოლიტიკური მოძრაობა ,,სამართლიანი საქართველოსთვის“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-2).
5.როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. მოსარჩელის აზრით, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი მას უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს იმ პირებთან მიმართებით, რომლებსაც ჩადენილი აქვთ ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.
6.„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართით გათვალისწინებული „უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის“ მიხედვით დგინდება, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ისჯება 5გ-ზე მეტი ოდენობიდან 50 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვა (სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა თერთმეტ წლამდე ვადით). ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს სასჯელს 50გ-ზე მეტი ოდენობიდან 500 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვისათვის (სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან თოთხმეტ წლამდე ვადით).
7.საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი შესაბამისი არგუმენტაცია, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს სადავო რეგულაციის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებისა და უშუალოდ მოსარჩელის კანონის წინაშე თანასწორობის უფლების სავარაუდო დარღვევის არსებობაში. კერძოდ, სარჩელში არ არის მოყვანილი არგუმენტები, რომლებიც მიუთითებდა, რატომ არიან სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენი პირები არსებითად თანასწორები და, შესაბამისად, რატომ არ უნდა გავრცელდეს მათ მიმართ განსხვავებული სანქციები. მოსარჩელე, ნორმის დისკრიმინაციულობის მტკიცებისთვის, მიუთითებს მხოლოდ შემდეგ გარემოებაზე: 49 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის შენახვისთვის ბრალდებული პირი ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა თერთმეტ წლამდე ვადით, ხოლო 50 გრამზე მეტი ოდენობის იგივე ნარკოტიკული საშუალების შენახვისთვის პირის მსჯავრდება მოხდება ამავე კოდექსის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციით, რომელიც გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 14 წლამდე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ 49 გრამსა და 50 გრამს შორის არსებული სხვაობა იმდენად მცირეა, რომ ამ ოდენობის მარიხუანის შეძენა-შენახვა არ უნდა იწვევდეს განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს. თუმცა ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელეს აღმოაჩნდა 69.5 გრამი გამომშრალი მარიხუანა. ამავე დროს, სარჩელიდან არ იკვეთება, მიიჩნევს თუ არა მოსარჩელე, რომ 500 გრამამდე ნარკოტიკული საშუალების - გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვა უნდა ისჯებოდეს ისევე, როგორც ამავე ნარკოტიკული საშუალების 49 გრამამდე ოდენობით შეძენა-შენახვა. მაშასადამე, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი დასაბუთება, რომ, ერთი მხრივ, 5გ-ზე მეტი ოდენობიდან 50 გრამამდე მარიხუანის შეძენა-შენახვა და, მეორე მხრივ, 50გ-ზე მეტი ოდენობიდან 500 გრამამდე მარიხუანის შეძენა-შენახვა ერთნაირი ქმედებებია და, ამდენად, კანონმდებელი ერთნაირი ქმედებისთვის ადგენს განსხვავებულ სასჯელებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია.
8.მოსარჩელე ასევე ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, თუმცა სარჩელში არ არის მოყვანილი არც ერთი არგუმენტი სადავო ნორმის კონსტიტუციის დასახელებულ მუხლთან შესაძლო შემხებლობისა და, მით უფრო, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, არგუმენტებისა და სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, სასარჩელო მოთხოვნა ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნას კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობის თაობაზე.
9.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი N592 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ (ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისთვის გათვალისწინებული სასჯელი) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
10.მოსარჩელე მხარე, ასევე, სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, სადავო ნორმის მოქმედების პერსონალურად მისდამი შეჩერების შესახებ. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ მისი ეს კონკრეტული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ყველას მიმართ.
11. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25–ე მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად, „თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ–ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგი, მას შეუძლია შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ რეგულაციის არსს და მიზანს არ წარმოადგენს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება კონკრეტული პირების მიმართ ინდივიდუალურად, პერსონალურად. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმატიულ აქტს შეუძლია თუ არა რომელიმე მხარისთვის გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევა, ისევე, როგორც, თუ რას წარმოადგენს „გამოუსწორებელი შედეგი“, უნდა დადგინდეს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებების შეფასების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სასამართლოს არ წარუდგინა სარწმუნო არგუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა სადავო ნორმის მოქმედების შედეგად მის მიმართ გამოუსწორებელი შედეგების დადგომის გარდაუვალ საფრთხეს. შესაბამისად, მოსარჩელის ეს მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
12. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ N592 კონსტიტუციური სარჩელი მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ (ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისთვის გათვალისწინებული სასჯელი) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1.მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი N592 (საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც აწესებს სასჯელს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2.არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად N592 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც აწესებს სასჯელს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით.
3.არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4.საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
5.საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6.საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7.საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი