საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მერაბ ტურავას განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაზე
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do1/4/592 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | მერაბ ტურავა |
თარიღი | 24 ოქტომბერი 2015 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მერაბ ტურავას განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლისა და ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ თვალსაზრისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაზე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც აწესებს სასჯელს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
ნაწილობრივ ვეთანხმები ჩემი კოლეგების მიერ ხმათა უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებას ბექა წიქარიშვილის სარჩელთან დაკავშირებით (ე.წ. მარიხუანის საქმე). სწორია გადაწყვეტილებაში გამოხატული თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ ადამიანი სახელმწიფოს ხელში უნდა იყოს არა ინსტრუმენტი, არამედ დაცვის ობიექტი. გასაღების/რეალიზაციის მიზნის გარეშე, პირადი მოხმარების მიზნით გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის სახელმწიფოს მიერ სანქციის სახით უხეშად არაპროპორციული სასჯელის დაწესება თავისუფლების აღკვეთის სახით იმ პირობებში, როცა მინიმალური სასჯელი ზედმეტად მკაცრია და მოსამართლეს არა აქვს ბრალდებულისათვის მინიმუმზე დაბალი სასჯელის ან სხვა მსუბუქი ალტერნატიული ღონისძიების შეფარდების შესაძლებლობა, შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული ადამიანის ღირსების ხელყოფად. დემოკრატიულ და სამართლებრივ ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ სახელმწიფოში, გასაღების მიზნის გარეშე, პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე მარიხუანის შეძენა-შენახვისათვის არ შეიძლება დაწესებული იყოს 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, როგორც ამას ითვალისწინებდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია. 2015 წლის 8 ივლისის კანონით (ამოქმედდა 2015 წლის 31 ივლისს) სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში შეტანილი ცვლილება და მე-3 ნაწილით ამ ქმედებისათვის დაწესებული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთაც არ არის სარჩელში მითითებული ქმედების პროპორციული სასჯელი.
2015 წლის 8 ივლისის კანონით, საკანონმდებლო დონეზე, ერთმანეთისაგან გაიმიჯნა ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე შეძენა-შენახვისა და უკანონო გასაღების შემთხვევები, რაც სამართლებრივად სწორია, მაგრამ ეს ცვლილება უნდა ჩაითვალოს არასაკმარისად, რადგან პირადი მოხმარების მიზნით (70 გრამამდე) მარიხუანის შეძენა-შენახვისათვის დაწესებული მინიმალური სასჯელი გახდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ,,სამართლიანობის აღდგენის ფუნქცია რეალიზებადია მხოლოდ კონკრეტული დანაშაულის თანაზომიერი სასჯელის გამოყენებისას და სწორედ ამ გზით ემსახურება სასჯელის სხვა მიზნების რეალიზების შესაძლებლობას. მაგალითად, არაპროპორციული, არათანაზომიერად მკაცრი სასჯელი ხელს უშლის, ზოგჯერ კი სრულად გამორიცხავს რესოციალიზაციას, შედეგად, ეწინააღმდეგება სასჯელით მისივე მიზნების, ფუნქციების განხორციელების, მიღწევის შესაძლებლობას“ (იხ. პუნქტი II-46).
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, არ ვეთანხმები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებს, რომლის თანახმადაც, არა მხოლოდ სადავო ნორმით (და მისი ახალი შეცვლილი რედაქციით) დადგენილი სასჯელი, არამედ გასაღების მიზნის გარეშე, პირადი მოხმარების მიზნით (70 გრამამდე) მარიხუანის შეძენა-შენახვისათვის ზოგადად თავისუფლების აღკვეთის, როგორც სასჯელის დაწესება ნებისმიერი ვადით, მათ შორის 6 თვიდან 1, 2, 3 ან 5 წლამდეც კი, მიჩნეულ იქნა არაპროპორციულ სასჯელად, რომელიც თითქოს ხელყოფს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ღირსების უფლებას. სარჩელში მითითებული ქმედების კანონმდებლის მიერ ნაკლებად მძიმე დანაშაულად მიჩნევა და მისი ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დაბალი სასჯელის განსაზღვრა და მოსამართლის მიერ სხვა ალტერნატიული სასჯელებისა და ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობის დაწესება აღმოფხვრიდა იმ ხარვეზს, რომლის გამოც სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევა. თვით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების II-27-ე პუნქტში ჩამოყალიბებული დებულება გამორიცხავს სარჩელში მითითებული ქმედებისათვის, თავისუფლების აღკვეთის სახით, დაბალი სასჯელის დაწესების შემთხვევაში კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ღირსების უფლების ხელყოფის მტკიცების შესაძლებლობას. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ამ პუნქტის მიხედვით, მხოლოდ მაშინ არის შეუძლებელი არაადამიანურ მოპყრობად და სასჯელად არ იქნეს მიჩნეული ადამიანისთვის თავისუფლების აღკვეთა, როდესაც სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ადამიანის ამა თუ იმ უფლებაში ჩარევის ისეთ ინტენსივობას, რომელიც აშკარად სცდება კონსტიტუციით უფლებაში ჩარევისთვის მკაცრად დასაშვებ ფარგლებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამისთვის საფუძველი და, შესაბამისად, საჭიროება საერთოდ არ არსებობს ან, როდესაც თავისუფლების აღკვეთის კონკრეტული ვადა აშკარად არაპროპორციულია ჩადენილი ქმედებისთვის საკმარისი პასუხისმგებლობის მიზნების მისაღწევად.
ზოგადად, სახელმწიფოს, განსაკუთრებით, საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები განსაზღვრავს სისხლის სამართლის პოლიტიკას, თუ როგორი უნდა იყოს იგი - კონსერვატორული, ლიბერალური თუ შუალედური. ,,ბუნებრივია, სახელმწიფოს აქვს ფართო მიხედულების ზღვარი სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრის დროს“ (იხ. გადაწყვეტილების პუნქტი II-32-ე). ამასთან, ,,სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები ვერ იქნება უსაზღვრო“ (იხ. გადაწყვეტილების პუნქტი II-33-ე). იმისათვის, რომ სასჯელი ხელყოფდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ უფლებას, იგი განსაკუთრებული სიმკაცრის და არაპროპორციულობის ხარისხს უნდა აღწევდეს და კონკრეტული ქმედებისათვის ასეთი სასჯელის დაწესება იმდენად უხეშად არაპროპორციული უნდა იყოს, რომ ეწინააღმდეგებოდეს ცივილიზებულ სახელმწიფოთა სამართლებრივ შეხედულებებს. მსგავსი ქმედებისათვის ანალოგიური სიმკაცრის სასჯელი არ უნდა იყოს დაწესებული სხვა დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოებში, ცივილიზებული მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობის თვალსაზრისით, ამა თუ იმ ქმედებისათვის ასეთი სასჯელის დაწესება დაუშვებლად უნდა იყოს მიჩნეული. მაშასადამე, კონსტიტუციით გარანტირებული ღირსების უფლების ხელყოფის დასასაბუთებლად არ არის საკმარისი უბრალოდ სასჯელის არაპროპორციულობაზე მითითება, არამედ სახეზე უნდა იყოს აშკარა და უხეში არაპროპორციულობის შემთხვევა.
თვით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების II-22-ე პუნქტში მითითებულია, რომ ,,ზოგადად, როგორც არაჰუმანური, სასტიკი, ისე პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელი არის ადამიანზე განზრახ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, მორალური ზემოქმედება, იძულება, რაც, შედეგად, ადამიანს აყენებს განსაცდელს, სტრესს, სატანჯველს. ამასთან, ადამიანზე ასეთი წნეხი, იძულება, ზემოქმედება როგორც თვისობრივად, ისე ხანგრძლივობით ინტენსივობის გარკვეულ ხარისხს, მაღალ დონეს უნდა აღწევდეს... სასჯელის დამამცირებლად მიჩნევისთვის, ადამიანზე ზემოქმედების (ფსიქოლოგიური, მორალური), მისი შეზღუდვის და იძულების ფარგლები უნდა სცდებოდეს იმ ბუნებრივ ზღვარს, რომელიც თავისთავად თანმდევი და თანაარსია კონკრეტული სასჯელისა (რომელიც პირს შეფარდებული აქვს). დამამცირებელია მოპყრობა, რომელიც მსხვერპლში აღძრავს შიშს, ძლიერ ტანჯვას და დამცირებას, რომელიც შეურაცხყოფს მსხვერპლს“.
სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოების საკანონმდებლო პრაქტიკის, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოების გადაწყვეტილებების შესწავლამ დამარწმუნა, რომ სადავო ნორმით დადგენილი სასჯელი არ წარმოადგენს ქმედების (70 გრამამდე მარიხუანის გასაღების მიზნის გარეშე, პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვის) შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას. თუმცა აქვე ცალსახად უნდა ითქვას, რომ იგივე ქმედებისათვის შედარებით დაბალი ზომით თავისუფლების აღკვეთის დაწესებით, რომლის მინიმალური ზღვარი დაიწყებოდა 6 თვიდან, არ მოხდებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სფეროში შეჭრა და ადამიანის ღირსების ხელყოფა. სარჩელში მითითებული ქმედებისათვის თავისუფლების აღკვეთის 6 თვიდან გარკვეულ დაბალ ზღვრამდე დაწესება თვისობრივად და ხარისხობრივად ვერ აღწევს ინტენსივობის იმ ხარისხს, რომ იგი მიჩნეულ იქნეს ადამიანის ღირსების ხელყოფად არაადამიანური, სასტიკი სასჯელის დაწესების გზით.
სხვა საკითხია სარჩელში მითითებული ქმედებისათვის ისეთი მაღალი სასჯელის დაწესება თავისუფლების აღკვეთის სახით, რომლის მინიმალური ქვედა ზღვარია 7 წლით (ან თუნდაც 5 წლით) თავისუფლების აღკვეთა, როცა მოსამართლეს არა აქვს უფრო დაბალი ვადით თავისუფლების აღკვეთის ან სხვა უფრო მსუბუქი ალტერნატიული სასჯელის ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობა. აღნიშნული შეიძლება წარმოადგენდეს არაადამიანურ და სასტიკ მოპყრობას/სასჯელს, რაც არ შეიძლება ითქვას დაბალი ზომით თავისუფლების აღკვეთის ან სხვა მსუბუქი ალტერნატიული სასჯელების დაწესების შემთხვევაში. 70 გრამამდე მარიხუანის გასაღების მიზნის გარეშე, პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისათვის თავისუფლების აღკვეთის ნებისმიერი ვადით დაწესების აკრძალვა მიუღებელია და ხელს არ შეუწყობს სახელმწიფოს სხვა ლეგიტიმური ამოცანების შესრულებას, სასჯელის მიზნების რეალიზაციას. პროპორციულობის პრინციპის დაცვით სისხლის სამართლის კანონით დაწესებული თავისუფლების აღკვეთის მუქარა ხელს უწყობს სასჯელის გენერალური და სპეციალური პრევენციის ამოცანების განხორციელებას. მხედველობაში მაქვს, უპირველეს ყოვლისა, არა ნეგატიური, არამედ პოზიტიური პრევენციის ამოცანები.
შეიძლება ითქვას, რომ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის ნორმები იცავს არა იმდენად მის მომხმარებელს, რომელიც მიმართავს საკუთარი თავის თვითდაზიანებას, არამედ, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებას, მის ჯანმრთელობას, საზოგადოებრივ უშიშროებასა და წესრიგს. მარიხუანის შეძენა-შენახვის ფართო გავრცელებამ სახელმწიფოში, მისი ლიბერალიზაციის გზით, შეიძლება განაპირობოს მასობრივად ნარკოტიკულ საშუალებაზე დამოკიდებულ ადამიანთა გაზრდა, რაც შეიძლება ნეგატიურად აისახოს საზოგადოების დემოგრაფიულ განვითარებაზე, შრომისუნარიანობაზე, ფსიქიკურ მდგომარებაზე. შესაძლებელია, პირმა 70 გრამი მარიხუანა შეიძინოს და შეინახოს გასაღების წინასწარი განზრახვის გარეშე, მაგრამ ყოველთვის არსებობს იმის აბსტრაქტული საფრთხე, რომ მარიხუანის ეს ოდენობა შეიძლება სხვა პირების, განსაკუთრებით, ახალგაზრდების ხელში აღმოჩნდეს და მარიხუანის მფლობელი, ზოგჯერ მისდაუნებურად, გახდეს მისი გამსაღებელი წინასწარი განზრახვის გარეშე. 70 გრამამდე მარიხუანა წარმოადგენს დიდ ოდენობას, რომელიც არ არის ფიზიკური პირის ერთჯერადი, ორჯერადი ან თუნდაც ათჯერადი მოხმარებისათვის. როგორც გადაწყვეტილებაშია მითითებული, მოხმარებისათვის ერთი ღერის დასამზადებლად საჭიროა, დაახლოებით, ერთ გრამამდე მარიხუანა. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ 70 გრამი მარიხუანის ფლობა მომეტებული სოციალური საფრთხის მატარებელია. საქართველოს კანონმდებლობით, 50-დან 500 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის ოდენობა წარმოადგენს დიდ ოდენობას. პროპორციულობის პრინციპის დაცვით, 70 გრამამდე ნარკოტიკული საშუალების - მარიხუანის შეძენა-შენახვისათვის, სასჯელის სახით, ზომიერი ვადით თავისუფლების აღკვეთის მუქარის არსებობა საკანონმდებლო დონეზე არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის ღირსების ხელმყოფ არაადამიანურ, სასტიკი სასჯელის ღონისძიებად, არამედ ასეთი შეზღუდვა უნდა ჩაითვალო სასჯელის მიზნების მიღწევის ეფექტურ და თანაზომიერ საშუალებად.
სახელმწიფოში შექმნილი უნდა იყოს სისხლის სამართლის გამოყენების ისეთი სისტემა, რომ საკანონმდებლო დონეზე არსებული სასჯელის მუქარა თავისუფლების აღკვეთის სახით არ უნდა ავალდებულებდეს მოსამართლეს, რომ 70 გრამამდე მარიხუანის გასაღების მიზნის გარეშე, პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისათვის აუცილებლად გამოიყენოს თავისუფლების აღკვეთა. კანონიდან გამომდინარე, მოსამართლეს უნდა ჰქონდეს ყოველი კონკრეტული საქმისა და პიროვნებისადმი ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობა, არა 7-დან 14 წლამდე (ან 5-დან 8 წლამდე) თავისუფლების აღკვეთის ფარგლებში, არამედ უნდა შეეძლოს, პროპორციულობის პრინციპის გამოყენებით, მოკლე ვადით თავისუფლების აღკვეთის, პირობითი მსჯავრის ან სხვა მსუბუქი ალტერნატიული ღონისძიებების გამოყენება.
თვით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ კანონმა უნდა აღჭურვოს სასამართლო როგორც საკმარისი, ეფექტური პროცესუალური გარანტიებით, ისე მატერიალური ნორმებით, რომლებიც თავისუფლების აღკვეთას შესაძლებელს გახდის მხოლოდ მაშინ და იმ დროით, როდესაც და რამდენადაც ეს ობიექტურად აუცილებელია (იხ. გადაწყვეტილების პუნქტი II-29-ე).
მარიხუანის შეძენა-შენახვისათვის პასუხისმგებლობა საკანონმდებლო დონეზე გამიჯნულ უნდა იყოს სხვა ნარკოტიკებისათვის პასუხისმგებლობისაგან, რადგან იგი შედარებით მსუბუქი ნარკოტიკია და მისგან მოსალოდნელი მავნე შედეგებიც გაცილებით ნაკლებია.
სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი მარიხუანის მოხმარებისათვის კი არ აწესებს სასჯელს, არამედ მისი შეძენა-შენახვისათვის. გასაჩივრებული მუხლი არ ეხება მოხმარების ფაქტს, როცა ნარკოტიკი უკვე მიღებულია, არამედ მის შეძენა-შენახვას, როცა პირს ჯიბეში, სახლში, სამსახურში აღმოაჩნდება მარიხუანა, თუნდაც მოხმარების მიზნით, მაგრამ შეიძლება ნებისმიერ მის კოლეგას, მეგობარს გადასცეს (მოხმარების მიზნით შეძენილი/შენახული ნარკოტიკის გასაღების მომეტებული აბსტრაქტული საფრთხე). ასეთი ქმედება (შეძენა-შენახვა), როცა პირს მარიხუანა აღმოაჩნდება, მოხმარების ფაქტისგან განსხვავებით, შეიცავს გაცილებით მეტ საფრთხეს, მით უმეტეს 69 გრამი, რომელიც რამდენიმე დღისთვის არის განკუთვნილი. სახელმწიფოს მიზანია დაიცვას საზოგადოება აბსტრაქტული, მაგრამ მომეტებული საფრთხეებისაგან, მათ შორის სისხლისსამართლებრივი ღონისძიებებით, თავისუფლების აღკვეთის ჩათვლით, მაგრამ, ბუნებრივია, ეს არ უნდა მოხდეს აშკარად არაპროპორციული სასჯელის დაწესებითა და გამოყენებით. პირმა, რომელსაც გააჩნია დიდი ოდენობით მარიხუანა, გასაღების წინასწარი განზრახვის გარეშე, ყოველთვის შეიძლება გაასაღოს იგი უეცრად აღძრული განზრახვით. ნარკოტიკის გასაღება კი სისხლის სამართალში ფართოდ განიმარტება და არ გულისხმობს მაინცდამაინც მარტო მის რეალიზაციას მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს საკუთარი თავისთვის მიყენებული დაზიანებისათვის (თვითდაზიანების უფლება). ეს ასეც არის. საქმე იმაშია, რომ ეს დანაშაული მიმართულია საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ. იგი საზოგადოების ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული აბსტრაქტული საფრთხის დელიქტია და გათვალისწინებულია არა ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა, არამედ საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა კარში.
ეჭვს არ უნდა იწვევდეს ის გარემოება, რომ მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა-შენახვისათვის სასჯელი 7-დან 14 წლამდე ან თუნდაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთის სახით იმდენად მკაცრია, რომ კანონის გასაჩივრებული ნორმა არაკონსტიტუციურობის ხარისხს აღწევს. ეს იმ ვითარებაში, როცა ქართული სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით, მოსამართლეს საკუთარი მიხედულებით არა აქვს მინიმუმზე დაბალი სასჯელის დანიშვნის უფლება, ასევე არა აქვს სხვა ალტერნატიული მსუბუქი სასჯელების გამოყენების შესაძლებლობა. აღნიშნული ზღუდავს მოსამართლეს და შესაძლებლობას არ აძლევს, აუცილებლობის შემთხვევაში პირს არ შეუფარდოს უხეშად არაპროპორციული სასჯელი.
ზოგადად, ისეთ შემთხვევაში, როცა სასჯელი აშკარად და უხეშად არაპროპორციულია, მინიმუმზე დაბალი სასჯელის გამოყენების უფლებამოსილების თაობაზე სისხლის სამართლის კანონის ნორმის არარსებობის მიუხედავად, მოსამართლეს შეუძლია მიიღოს ბრალდებულის სასარგებლო გადაწყვეტილება და გამოიყენოს მინიმუმზე დაბალი ან სხვა ნებისმიერი ალტერნატიული სასჯელი, ან მიიღოს ბრალდებულის სასარგებლო სხვა გადაწყვეტილება, რომელიც კონსტიტუციური უფლებებიდან გამომდინარე უნდა დაასაბუთოს. მოსამართლის შესაძლებლობა, გამოიყენოს კანონი ბრალდებულის სასარგებლოდ, მისი სიტყვასიტყვითი ჟღერადობისგან განსხვავებით, კონსტიტუციის შესაბამისად და დაიცვას ადამიანის ღირსების უფლება, წარმოადგენს ნორმის ინტერპრეტაციისადმი ევროპულ მიდგომას.
გარდა ამისა, არასწორად უნდა იქნეს მიჩნეული სარჩელში მითითებული დანაშაულის მიკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიისათვის, როგორც ეს გასაჩივრებული ნორმის შემთხვევაში იყო კანონის 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციით. 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციით იგი მძიმე დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ იგი ფაქტობრივად სწორად გადაიყვანა ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში.
თვით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ,,საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, შეაფასოს სასჯელთა პოლიტიკა იმ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც მისი შედეგი ადამიანის ამა თუ იმ უფლების დარღვევაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სასჯელის ყველა ზომის კონსტიტუციურობაზე პოტენციურად მსჯელობაუნარიანია“ (იხ. გადაწყვეტილების პუნქტი 34-ე).
საკონსტიტუციო სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში პირდაპირ არ უნდა მიეთითებინა, რომ დიდი ოდენობით მარიხუანის შეძენა-შენახვისათვის არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენებოდეს თავისუფლების აღკვეთის ნებისმიერი, თუნდაც დაბალი ზომა. ასეთი მიდგომა დაარღვევს ბალანსს სასამართლოს და კანონმდებლის კომპეტენციებს შორის, შექმნის ცდუნებას, მართლმსაჯულებამ ჩაანაცვლოს კანონმდებელი, რადგან აღნიშნული ქმედებისათვის პროპორციულობის პინციპის დაცვით თავისუფლების აღკეთის სახით სასჯელის ზომის დაწესება არ შეიძლება ჩაითვალოს აშკარად არაგონივრულად და არათანაზომიერად, მისი არაადეკვატურობის, არაპროპორციულობის დონე ვერ აღწევს მნიშვნელოვან ხარისხს, დისბალანსი არ არის მკაფიოდ, მკვეთრად გამოხატული. ასეთი სასჯელის დაწესება არ სცდება თავის მიზნებს და არ წარმოადგენს მე-17 მუხლით გარანტირებული კონსტიტუციური უფლების ხელყოფას. ამ მხრივ საყურადღებოა თვით საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების 34-ე პუნქტი. ამ პუნქტში მითითებული მსჯელობის საწინააღმდეგოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია და სარჩელში მითითებული ქმედებისათვის დაადგინა ნებისმიერი ვადით თავისუფლების აღკვეთის დაწესების აბსოლუტური აკრძალვა.
აღნიშნულმა შეიძლება ხელი შეუწყოს იმას, რომ გაიზარდოს იმ შემთხვევების რაოდენობა, როცა პირს პირადი მოხმარების მიზნით ექნება, დაახლოებით, 70 გ. მარიხუანა სამუშაო მაგიდის უჯრაში, საცხოვრებელი ბინის კარადაში, რადგან სანქციის სახით არ იარსებებს თავისუფლების აღკვეთის მუქარა. ამან კი შეიძლება ხელი შეუშალოს სახელმწიფოს მიერ სხვა ლეგიტიმური ამოცანების (ნარკოტიკული საშუალების გავრცელების პრევენცია, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, დანაშაულის და სხვა ანტისოციალური ქცევის აღკვეთა და სხვ.) შესრულებას და ამით შეაფერხოს სახელმწიფოს მხრიდან ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანი გენერალური და სპეციალური პრევენციის ამოცანების განხორციელება.
მაგალითისათვის, გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს 1994 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით, ნარკოტიკული საშუალებების (მათ შორის მარიხუანის) ბრუნვის გამო პიროვნების დასჯა, მათ შორის თავისუფლების აღკვეთით, არ ეწინააღმდეგება პროპორციულობის კონსტიტუციურ პრინციპს, გამომდინარე იქიდან, რომ მან შეიძლება გამოიწვიოს გაცილებით უფრო სერიოზული უარყოფითი შედეგები, ვიდრე ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული საფრთხეებია, იმდენად, რამდენადაც უკავშირდება ნარკოტიკებით არალეგალურ ვაჭრობას, ორგანიზებულ დანაშაულს და სხვ. ამასთან, საფრთხის შემცველია ნარკოტიკული საშუალების გასხვისება არა მხოლოდ ანაზღაურების სანაცვლოდ, არამედ - უსასყიდლოდ, საჩუქრის სახით. ამგვარმა ქცევამ, შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს საზოგადოების განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებიც ფსიქიკური არასტაბილურობით ხასიათდებიან, რის გამოც დამოკიდებული გახდნენ ნარკოტიკულ საშუალებაზე.
გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ყურადღებაა გამახვილებული კანაფის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებების შენახვაზეც, გასაღების მიზნის გარეშე. სასამართლო აღნიშნავს, რომ ასეთ ნარკოტიკულ საშუალებათა არალეგალური შენახვა და ფლობა იმავდროულად საფრთხეს უქმნის საზოგადოებას, გამომდინარე იქიდან, რომ იგი შესაძლებელს ხდის ნარკოტიკულ საშუალებათა მესამე პირთათვის გადაცემას ყოველგვარი კონტროლის გარეშე. ამგვარი საფრთხე არსებობს ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც დასტურდება, რომ პირს გასაღების მიზანი არ ამოძრავებს - ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შენახვის აქტი ქმნის მოთხოვნილებას ნარკოტიკის მიმართ, რომელიც, თავის მხრივ, არალეგალური ნარკოტიკული საშუალებების ბაზრის არსებობას განაპირობებს. შესაბამისად, ამგვარი ქმედების დასჯადობა ზოგად პრევენციულ ღონისძიებას წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ არსებობდა ნათელი და მყარი არგუმენტები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის, რის გამოც, სადავო ნორმები კონსტიტუციასთან შესაბამისად მიიჩნია. სასამართლოს თვალსაზრისით, შესაბამისად, არსებული მეცნიერული ცოდნიდან გამომდინარე, არ არსებობს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გარდა, თანაბრად ეფექტური სხვა საშუალება, რომელიც არსებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას შეძლებდა. არსებულ ვითარებაში ზოგჯერ აკრძალვა არის პოტენციურ მომხმარებლებზე პრევენციული ზემოქმედების ერთადერთი ეფექტური გზა.
გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე იმსჯელა სადავო ნორმებზე თანასწორობის კონტექსტში. არსებობდა არგუმენტაცია, რომ ნარკოტიკული საშუალებები იწვევდა თამბაქოს და ალკოჰოლის მსგავს შედეგებს. სასამართლომ აღნიშნა, რომ თამბაქო არ წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალებას, შესაბამისად, ამ კუთხით, თანასწორობაზე მსჯელობა შეუძლებელი იყო, ვინაიდან არსებითად მსგავსი ზიანის მიყენების საფრთხე პოტენციურად არ არსებობდა. რაც შეეხება ალკოჰოლს, არ არსებობდა ამ ორი პროდუქტის შედარებადი მოხმარების შესაძლებლობა, ვინაიდან ალკოჰოლის გამოყენება შესაძლებელი იყო არაერთი მიზნით. ამასთან, ალკოჰოლის მოხმარება არ იწვევდა იმავე შედეგებს, რასაც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება.
ყოველივე ზემოაღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ქართველ კანონმდებელს არა აქვს უფლება, სისხლის სამართლის სფეროში განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე აირჩიოს სახელმწიფისათვის მისაღები ლიბერალური ნარკოპოლიტიკა და მოახდინოს მსუბუქი ნარკოტიკებისათვის არა მარტო სასჯელის დეპენალიზაცია, არამედ შეუძლია მისი დეკრიმინალიზაციაც კი. ასევე სახელმწიფო უფლებამოსილია, განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე დააწესოს სოციალური კონტროლის პროპორციული მკაცრი ღონისძიება სასჯელის, მათ შორის თავისუფლების აღკვეთის სახით, რომელიც ხელს შეუწყობს მის შეძენა-შენახვას სახელმწიფოს ტერიტორიაზე. აღნიშნული შეეხება ისეთ მსუბუქ ნარკოტიკულ საშუალებასაც, როგორიცაა მარიხუანა.
შესაბამისად, სისხლის სამართლის სფეროში ნარკოპოლიტიკას განსაზღვრავს კანონმდებელი. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იგი თავის გადაწყვეტილებაში ახდენს არა უბრალოდ დაწესებული სასჯელის არაპროპორციულობის დადგენას, როცა სასჯელი დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით არის უფრო მეტი, ვიდრე ,,უბრალოდ გადამეტებული“, არამედ დაწესებულ სასჯელს აძლევს არაადამიანური, სასტიკი სასჯელის კვალიფიკაციას, როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული ადამიანის ღირსების ხელმყოფ სახელმწიფო იძულების ღონისძიებას. როგორც თვით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაშია მითითებული, ნებისმიერი არაპროპორციული სასჯელი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას მაშინ, როდესაც ამისთვის საფუძველი არ არსებობს საერთოდ ან, როდესაც პასუხისმგებლობის ზომა დისპროპორციაშია ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან, არღვევს პირის თავისუფლების უფლებას. იმავდროულად, იმისათვის, რომ პატიმრობის კონკრეტული ვადა ჩაითვალოს არაადამიანურ და სასტიკ სასჯელად, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის ინტენსივობის, სიმკაცრის ძალიან მაღალ ხარისხს უნდა აღწევდეს, აშკარად, გამოკვეთილად, უხეშად არაპროპორციული უნდა იყოს (იხ. გადაწყვეტილების პუნქტი II-104-ე).
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ისეთი თანამედროვე სამართლებრივი აქტი, როგორიცაა ევროპის კავშირის ძირითად უფლებათა ქარტია, ერთმანეთისაგან მიჯნავს ადამიანის ღირსებას (მუხლი პირველი), წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი სასჯელისა და მოპყრობის აკრძალვასა (მუხლი მე-4) და დანაშაულისა და სასჯელის არაპროპორციულობის დაუშვებლობას (მუხლი 49-ე).
მაშასადამე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან მიმართებაში ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია იმის თქმა, რომ სასამართლოს არაკონსტიტუციურად არ უნდა ეცნო გასაღების მიზნის გარეშე, პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე მარიხუანის შეძენა-შენახვისათვის თავისუფლების აღკვეთის ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც დაბალი ზომით, გამოყენების შესაძლებლობის დაწესება, არამედ სისხლის სამართლის საქმის განმხილველ მოსამართლეს უნდა მისცემოდა სხვადასხვა ალტერნატიული ღონისძიებების, მათ შორის პროპორციულობის პრინციპის მკაცრად დაცვით, თავისუფლების აღკვეთის გამოყენების უფლებამოსილება. წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის სამართლის კანონი დაკარგავს თავის მთავარ, გენერალური და სპეციალური პრევენციის ფუნქციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი უნდა ჩამოყალიბებულიყო იმგვარად, რომ სასამართლოს არაკონსტიტუციურად უნდა ეცნო „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე), ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენის და შენახვის გამო სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის არა ნებისმიერი მინიმალური ვადით გამოყენების შესაძლებლობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, არამედ მხოლოდ გასაჩივრებული, ასევე დღეს მოქმედი ნორმით ამ ქმედებისათვის გათვალისწინებული აშკარად და უხეშად არაპროპორციული თავისუფლების აღკვეთა.
მერაბ ტურავა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი