სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი- ნონა თოდუა
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac592 |
თარიღი | 14 მაისი 2015 |
თქვენ არ ეცნობით დოკუმენტის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ ტექსტური დოკუმენტი
საქმის დასახელება, რომელთან დაკავშირებითაც არის შეტანილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
„საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", კონსტიტუციური სარჩელი №592 |
"სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
საქართველოს სს კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე, რაც დასჯადი ქმედების სიმძიმესთან შედარებით არაპროპორციულ სასჯელად უნდა ჩაითვალოს. მიუხედავად იმისა, რომ სსკ 260-ე მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაული სოციალურად საშიშია, მისთვის გათვალისწინებული სასჯელი მაინც არ არის ამ ქმედების საშიშროების ხარისხის პროპორციული. საქმე ისაა, რომ თითქმის ასეთი ზომის სასჯელი გათვალისწინებულია ისეთი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, როგორიც განზრახი მკვლელობაა. განზრახ მკვლელობისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი იგივეა, რაც 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი. სასჯელის მაქსიმუმში მხოლოდ ერთწლიანი სხვაობაა, მაშინ, როცა 108-ე და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებათა სიმძიმეს შორის ბევრად უფრო დიდი განსხვავებაა. გამომდინარე აქედან, სასჯელის მაქსიმუმში ასეთი მცირე ზომის სხვაობა არაპროპორციულია. განზრახ მკვლელობა ნარკოტიკულ დანაშაულზე გაცილებით უფრო საშიში და მძიმეა იმდენად, რამდენადაც აღნიშნული დანაშაული მიმართულია უზენაესი სამართლებრივი სიკეთის – სიცოცხლის წინააღმდეგ. ამასთან მკვლელობა არის ძალადობითი დანაშაული. ის ისეთი დანაშაულია, რომელსაც ჰყავს მსხვერპლი, ხოლო ნარკოტიკული დანაშაულის ისეთ გამოვლინებას, როგორიც ნარკოტიკული საშუალების შენახვა, დამზადება, შეძენა და სხვა – არა. რაც შეეხება ნარკოტიკის გასაღებას, აქ სახეზეა ისეთი მსხვერპლი, რომელიც შეგნებულად უქმნის საფრთხეს საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. განზრახ მკვლელობა რომ განსაკუთრებით საშიში დანაშაულია, ხოლო სიცოცხლე – მეტად მნიშვნელოვანი სამართლებრივი სიკეთეა, ამაზე მიუთითებს ის, რომ სისხლის სამართლის კერძო ნაწილი სწორედ სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულით იწყება. საქართველოს სსკ 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მისი საშიშროების მიუხედავად, მაინც ვერ გაუტოლდება ძალადობით დანაშაულებს, სადაც ადგილი აქვს ძალის გამოყენებას. სადაო არაა, რომ ძალადობითი დანაშაული განსაკუთრებული საშიშოებით ხასიათდება დანაშაულის განხორციელების ხერხის გათვალისწინებით. ისეთი ძალადობითი დანაშაული, როგორიც გაუპატიურებაა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე, რაც 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელზე ბევრად მცირეა. შედარებით უფრო მსუბუქი სასჯელებია გათვალისწინებული სხვა ძალადობითი დანაშაულებისთვისაც. მაგალითად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება 117-ე მუხლის მიხედვით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება. ეს კიდევ ერთ არგუმენტად შეიძლება მოვიყვანოთ იმის დასასაბუთებლად, რომ 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი არაპროპორციულად დიდია. 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმუმი 7 წელია, მაშინ, როცა ამავე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის ქვედა ზღვარი არც კია განსაზღვრული. ეს იმას ნიშნავს, რომ სსკ 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, აქ მინიმალური სასჯელის სახით იგულისხმება თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. შესაბამისად, ვინაიდან 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი თავისუფლების აღკვეთის მინიმუმს არ განსაზღვრავს, მოსამართლეს შეუძლია მოცემული ნორმით დასჯადი ქმედებისთვის პირს თავისუფლების აღკვეთა ექვსი თვის ვადითაც შეუფარდოს, მაშინ, როცა ამავე მუხლის მე-2 ნაწილით მოსამართლეს შეუძლია მინიმალურ სასჯელად დანიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. 260-ე მუხლის 1-ლ და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებათა სიმძიმეს შორის არ არის ისეთი სხვაობა, რომ სასჯელთა ზომა ასეთი სიდიდით განსხვავდებოდეს. გარდა ზემოაღნიშნულისა, უნდა აღინიშნოს, რომ 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით ისჯება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების როგორც დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, ისე გასაღებაც. ნარკოტიკული საშუალების გასაღება გაცილებით მძიმე და საშიში ქმედებაა, ვიდრე შეძენა ან შენახვა. ამიტომ, ამ ქმედებათა ერთ შემადგენლობაში თავმოყრა და ერთი და იგივე სასჯელის დაწესება, პროპორციულობის პრინციპთან შეუსაბამოა. მართალია, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი არ არის აბსოლუტურად განსაზღვრული და მოცემულია სასჯელის როგორც ქვედა, ისე ზედა ზღვარიც, რაც მოსამართლეს სასჯელის შეფარდების დროს ქმედების სიმძიმის გათვალისწინების და სანქციის ფარგლებში სასჯელის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას აძლევს, მაგრამ ეს ხარვეზს მაინც ვერ ავსებს და სასჯელის პროპორციულობის პრობლემას ვერ წყვეტს, რადგანაც: ჯერ-ერთი, ასეთი შესაძლებლობა მოსამართლეს განზრახი მკვლელობისათვის (სსკ 108-ე მ.) სასჯელის დანიშვნის დროსაც აქვს. მეორეც, მთავარი ისაა, რომ სსკ 260-ე მ-ის მე-2 ნაწილით დასჯადი ქმედებები ტიპიურად განსხვავდება ერთმანეთისგან და ქმედებათა სიმძიმეს შორის სხვაობაც არაპროპორციულად დიდია. ნარკოტიკული საშუალების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა საფრთხის შემცველი ქმედებაა, მაგრამ მას მაინც არ ჰყავს უშუალო მსხვერპლი (დაზარალებული), ვინაიდან იგი აბსტრაქტული საფრთხის დელიქტია და არა კონკრეტული საფრთხის დელიქტი. რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, შეიძლება ითქვას, რომამ შემთხვევაში მსხვერპლი (დაზარალებული) არის შემძენი, თუ ადგილი აქვს მისი მხრიდან ნარკოტიკული საშუალების შეძენას მოხმარების მიზნით. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ როგორც უკვე აღინიშნა, აქ მსხვერპლი არ არსებობს იმ სახით, როგორც მკვლელობის, ჯანმრთელობის დაზიანების და სხვა მსგავს დანაშაულებში, რადგანაც მსხვერპლი თვითსაფრთხეს ქმნის თავისი გაცნობიერებული ქმედებით. სსკ 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი არაპროპორციული და უსამართლოა შემდეგი თვალსაზრისითაც: აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება “დიდი ოდენობით”. თუ “დიდი ოდენობით” გათვალისწინებულ ნარკოტიკული საშუალებების წონას აკლია სულაც უმნიშვნელო გრამი (მაგალითად, 0,001 გრ), ქმედება 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით უნდა დაკვალიფიცირდეს, ხოლო 1-ლ და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელებს შორის სხვაობა იმდენად დიდია, რომ ასეთ სხვაობას ნარკოტიკულ საშუალებათა წონაში მცირე სხვაობა ვერ გაამართლებს. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალების წონა ყოველთვის დიდ ოდენობას გვაძლევს. ეს ის ნარკოტიკებია, რომელთა მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის საკმარისი საწყისი ოდენობა კანონმდებლობით არაა განსაზღვრული (მაგალითად, ჰეროინი). 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მინიმუმსა და მაქსიმუმს შორის დიდი ამპლიტუდაა (7 წელი), რაც ასევე ქმნის მოსამართლის სუბიექტივიზმის გასაქანს. ერთი მხრივ, პროპორციულობის და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპების რეალიზაცია სასჯელის შეფარდების დროს, მოითხოვს სასჯელის შეფარდებით განსაზღვრას და აბსოლუტურად განსაზღვრულ სასჯელზე უარის თქმას, მაგრამ მეორე მხრივ, გაუმართლებელია სასჯელის მინიმუმსა და მაქსიმუმს შორის ასეთი დიდი სხვაობის არსებობა, ვინაიდან იგი ხელს უშლის იმ შედეგების განჭვრეტას, რასაც მიიღებს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი. განჭვრეტადობის პრინციპი გულისხმობს არა მხოლოდ იმის განჭვრეტას, თუ რა სახის სასჯელი შეიძლება შეეფარდოს სამართალდამრღვევს, არამედ იმისაც, თუ რა ზომის და მოცულობის შეიძლება იყოს იგი. ეს ყოველივე თითქმის შეუძლებელია მაშინ, როცა სასჯელის მინიმუმსა და მაქსიმუმს შორის ამპლიტუდა არაგონივრულად დიდია. სასჯელის მინიმუმსა და მაქსიმუმს შორის ასეთი დიდი ამპლიტუდის მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ 260-ე მუხლში მოცემულ შემადგენლობაშია გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების გასაღებაც (რაც ასევე ამ ნორმის სერიოზული ნაკლია), მაგრამ ეს მაინც არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მოსამართლემ ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა ისევე მკაცრად არ დასაჯოს, როგორც გასაღება. 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” პუნქტებით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოება დამნაშავის წარსულ ცხოვრებას უკავშირდება. ზოგადად, დამნაშავის წარსული ცხოვრების მიჩნევა დამამძიმებელ გარემოებად კონკრეტულ გარემოებათა მხედველობაში მიღების გარეშე, არ არის მართლებული, განსაკუთრებით აღნიშნული ნორმით განსაზღვრული სასჯელის ზომის გათვალისწინებით. კერძოდ, სსკ 260-ე მუხლის ნე-2 ნაწილის “ე” ქვ-ით დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულია იგივე ქმედება, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. წარსული ნასამართლობის ყველა შემთხვევის მიჩნევა დამამძიმებელ გარემოებად გაუმართლებელია მაშინ, როცა ნარკოტიკულ დანაშაულთა თავში არსებობს გაუფრთხილებელი დანაშაულიც (მაგალითად, სსკ 269-ე მ.) და ამდენად, ნასამართლობა გაუფრთხილებლობით დანაშაულსაც შეიძლება უკავშირდებოდეს. კერძოდ, სსკ 269-ე და 270-ე მუხლებით ისჯება ნარკოტიკული საშუალების ან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ნივთიერების დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილთან, რომლითაც დაუშვებელია არაჰუმანური, სასტიკი სასჯელის გამოყენება. ამასთან დაკავშირებით უნდა გვახსოვდეს, რომ კონსტიტუციის ამ ნორმის მიხედვით “სასჯელის გამოყენებაში” უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება კანონმდებლის მიერ ამგვარი სასჯელის დაწესება და არა ამ სასჯელის შეფარდება სასამართლოს მიერ. სხვა შემთხვევაში, თუ ასეთი სასჯელი არაა დაწესებული კანონით, სასამართლო მას ვერც გამოიყენებს. საინტერესოა ამ საკითხის განხილვა სამართალშედარებითი კუთხითაც. გერმანიაში მცირე ოდენობით საკუთარი მოხმარებისათვის მარიხუანას ფლობისათვის საქმე პროკურატურის მიერ წყდება ქმედების მცირემნიშვნელოვნებისა და საზოგადოებრივი ინტერესის არარსებობის გამო (გერმანიის სსსკ §153). თუ როდისაა ნარკოტიკი მცირე ოდენობის, გარმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ცალკეული მიწის პრაქტიკასა და ნარკოტიკის სახეობაზეა დამოკიდებული. პრაქტიკაში მარიხუანას მცირე ოდენობად ითვლება 6-15 გრამამდე. გერმანიის კანონმდებლობით (ნარკოტიკების შესახებ კანონის §29 ა) 100 გრ. მარიხუანა ანდა ჰაშიში არამცირე ოდენობად ითვლება და მისი ფლობა არანაკლებ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. საკუთარი მოხმარებისათვის ნარკოტიკის ფლობის გამო თავისუფლების აღკვეთის მისჯა მის აღსრულებას არ გულისხმობს. ხშირად სასჯელის აღსრულება ნარკოტიკის მფლობელს პირობითი მსჯავრით ეცვლება. ხშირია სასჯელის სხვა სახის - ჯარიმის გამოყენებაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ნარკოტიკების შესახებ გერმანიის კანონის §29 ა) ერთ შემადგენლობაში ათავსებს ნარკოტიკების ფლობას, დამზადებას, ნარკოტიკებით ვაჭრობას და მის გავრცელებას. აღნიშნული ნორმის სასჯელის ქედა ზღვარი ერთი წელია (ეს სასჯელი არამცირე ოდენობით საკუთარი მოხმარებისათვის მფლობელის მიმართ გამოიყენება), მისი ზედა ზღვარი კანონში არაა მითითებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზედა ზღვარს გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის ზედა ზღვარი ქმნის. გერმანიის სსკ §38 1-ლი ნაწილი კი თავისუფლების აღკვეთის ზედა ზღვრად 15 წელს მიიჩნევს. შესაძლებელია, რომ ქართულმა ნარკოკანონმდებლობამ ჰუმანიზაციის პროცესში გერმანიის კანონმდებლობის ეს გამოცდილებაც გაიზიაროს. ავსტრიაში 20 გრამამდე ტეტრაჰიდროკანაბინოლი (შეესაბამება 80-300 გრ. მარიხუანას) მცირე ოდენობად ითვლება და სისხლისსამართლებრივი რეაქცია მხოლოდ განმეორებით ფლობისასაა მოსალოდნელი. საკუთარი მოხმარებისათვის განმეორებითი ფლობისათვის ნარკოტიკების შესახებ კანონის §27 მე-2 ნაწილი 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს. დამატებით ინიშნება ასევე სამედიცინო რჩევები ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებით და ანალიზების სისტემატური ჩაბარება. ამ ორი ქვეყნის ნარკოკანონმდებლობის ეს მარტივი მაგალითიც კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს კანონმდებლობა ამ საკითხში მეტად მკაცირია და ჰუმანიზაციას საჭიროებს. საკუთარი მოხმარებისათვის მარიხუანას ფლობის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემსუბუქება საქართველოს მატერიალური სისხლის სამართლის ჰუმანიზაციის ერთ-ერთი საჭირბოროტო საკითხია. საქართველოს ნარკოკანონმდებლობა მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნების ნარკოკანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს. ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი ქვეყანამ სასჯელების ჰუმანიზაციის საშუალებითაც უნდა ცხადჰყოს. 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის ზომა არღვევს თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპსაც, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლშია ასახული. პროპორციულობის ერთ-ერთ კრიტერიუმს სამართლიანობა წარმოადგენს. პროპორციულობის პრინციპი სამართლიანობის იდეიდან იღებს სათავეს. არაპროპორციული სასჯელი უსამართლოც არის. სამართლიანობის დარღვევა და უსამართლო სასჯელი დამნაშავეს უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს. სამართლიანობა გულისხმობს თანასწორობას (თანასწორთა შორის). მაშასადამე, უსამართლობა უთანასწორობას იწვევს. რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს (ყველას აქვს, საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება), ამ ნორმას სსკ 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი არ მოდის მასთან წინააღმდეგობაში, რადგან იგი ხელს არ უშლის პირის თავისუფალი განვითარების უფლებას. პირის უფლება, განვითარდეს თავისუფლად, არაა დაკავშირებული ნარკოტიკისადმი მოპყრობის წესის დადგენასთან, რაც არ უნდა მკაცრ ჩარჩოებში იყოს იგი მოქცეული. პირიქით, ნარკოტიკის უკანონო მოხმარება უშლის ხელს პირის თავისუფალ განვითარებას. სწორედ ამიტომაა დაწესებული ამ ნივთიერებებზე სპეციალური კონტროლი. საკონსტიტუციო სასამართლოს #536-ე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, უპირველეს ყოვლისა გულისხმობს პიროვნების მოქმედების ზოგად თავისუფლებას. პიროვნების ავტონომიურობის, მისი თავისუფალი და სრულყოფილი განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როგორც გარე სამყაროსთან ურთიერთობის დამოუკიდებლად განსაზღვრის თავისუფლებას, ასევე ინდივიდის ფიზიკურ და სოციალურ იდენტობას. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პირის თავისუფალი განვითარების უფლების ასეთი განმარტებიდან სრულებით არ გამომდინარეობს, რომ სსკ 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის საქნცია წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მე-16 მუხლთან იმ თვალსაზრისით, რომ სს კოდექსის ეს მუხლი მკაცრი სანქციის გამოყენებით ზედმეტი ინტენსივობით ზღუდავს პირისათვის კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფალი განვითარების უფლებას (როგორც ამას ამტკიცებს მოსარჩელე). საკითხის ამ ჭრილში დასმაც კი არასწორად უნდა ჩაითვალოს, რადგან სადაო არაა, რომ პიროვნების მოქმედების თავისუფლებაში იგულისხმება მართლზომიერი ქმედების განხორციელების თავისუფლება (და არა მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავისუფლება). კონსტიტუცია არავის არ ანიჭებს თავისუფლებას მართლსაწინააღმდეგო ქმედების არჩევანში. შესაბამისად არც სისხლის სამართლის (ან სამართლის სხვა დარგის) კანონმდებლობა იძლევა ასეთი არჩევანის თავისუფლებას. ამდენად, როცა სახეზეა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, იგი ვერასოდეს ვერ გამორიცხავს ვერც დანაშაულის ობიექტურ შემადგენლობას და ვერც ქმედების მართლწინააღმდეგობას სწორედ იმიტომ, რომ პირს არა აქვს მინიჭებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების თავისუფლება. ერთადერთ გამონაკლისად უნდა ჩაითვალოს ექსტრემალურ ვითარებაში პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რაც შეიძლება ჩაითვალოს ბრალის გამომრიცხველ გარემოებად (სსკ 38-ე მ.) ასევე გარე სამყაროსთან ურთიერთობის დამოუკიდებლად განსაზღვრის თავისუფლება გულისხმობს ლეგიტიმურ ჩარჩოებში მის თავისუფლებას და არა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა განხორციელებით გარე სამყაროსთან ურთიერთობის თვითნებურად განსაზღვრას. რაც შეეხება ორგანულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ (25-ე მ-ის მე-5 პუნქტი), იქ ნათქვამია: თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგი, მას შეუძლია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადაო აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება. აქედან გამომდინარე, უნდა გაკეთდეს დასკვნა, რომ ისეთ შემთხვევაში, როცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული და სადაო აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგი, საკონსტიტუციო სასამართლო აჩერებს სადაო აქტის მოქმედებას არა მხოლოდ პერსონალურად მოსარჩელესთან მიმართებაში, არამედ საერთოდ, სხვა პირებთან მიმართებაშიც. |