„შპს იუ-სი-ჯი გრინ ფაუერი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/8/680 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 24 ნოემბერი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: „შპს იუ-სი-ჯი გრინ ფაუერი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და ამავე კოდექსის 152-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 154-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №680) მომართა „შპს იუ-სი-ჯი გრინ ფაუერმა“. №680 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2015 წლის 5 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა №680 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 24 ნოემბერს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება განსაზღვრავს, რომ „სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქონებაზე ყადაღის დადების გამოყენება შესაძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, - 330-ე და 3311 მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ან სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებისას, აგრეთვე მათი აღკვეთის უზრუნველსაყოფად, როდესაც არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს ქონება გამოყენებული იქნება დანაშაულის ჩასადენად. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ „სასამართლოს შეუძლია ასევე ყადაღა დაადოს ქონებას, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს კორუფციული, რეკეტული ან ქურდული სამყაროს წევრის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის ქონებაა ან/და ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული“.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 152-ე მუხლის მიხედვით, „ქონებაზე ყადაღის დადება მესაკუთრეს ან მფლობელს უკრძალავს ქონების განკარგვას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – აგრეთვე ქონებით სარგებლობას“. ამავე კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით კი, ერთი მხრივ, დადგენილია ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მხარის მიერ სასამართლოსთვის შუამდგომლობის წარდგენის წესი, ხოლო, მეორე მხრივ, გაწერილია აღნიშნული შუამდგომლობის სასამართლოს მიერ განხილვის პროცედურა, რომლის თანახმადაც, „მოსამართლე შუამდგომლობისა და მისი განხილვისათვის საჭირო ინფორმაციის შესვლიდან არა უგვიანეს 48 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს შუამდგომლობის დამყენებელი მხარის მონაწილეობით. ამ შემთხვევაში შუამდგომლობის განხილვისას გამოიყენება ამ კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი“.
5. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საკუთრების საყოველთაო უფლებას, ხოლო მისი მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი“. კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი მეწარმეობის თავისუფლების უფლებას განამტკიცებს, ხოლო 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები შესაბამისად იცავს სასამართლოსადმი მიმართვისა და დაცვის უფლებებს.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 მარტის განჩინებით ყადაღა დაედო „შპს იუ-სი-ჯი გრინ ფაუერის“ უძრავ ქონებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თუმცა აღნიშნული შპს არ წარმოადგენდა ბრალდებულს დასახელებულ სისხლის სამართლის საქმეზე და ის მიჩნეულ იქნა ბრალდებულ პირთან დაკავშირებულ პირად, მაშინ როდესაც საქმეზე არ არსებობს ბრალდებული. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განჩინებით, ძალაში დარჩა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და ყადაღის დადების საფუძვლად მიეთითა დასახელებული კოდექსის 151-ე მუხლის როგორც მე-2, ისე მე-3 ნაწილიც.
7. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლი სისხლის სამართლის პროცესში ქონებაზე ყადაღის დადების მიზნისა და საფუძვლების განსაზღვრას ემსახურება. ამასთან, აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, მასში გადმოცემული ყადაღის ინსტიტუტის გამოყენება შესაძლებელია, როდესაც სახეზეა სპეციალური სუბიექტი ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის სახით. ამასთან, აუცილებელ წინა პირობას წარმოადგენს კონკრეტული საფრთხის/ფაქტობრივი მდგომარეობის არსებობა, რომლის მიხედვითაც არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ, ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული.
8. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები კიდევ უფრო აკონკრეტებს პირველ ნაწილში გადმოცემულ დისპოზიციას, თუმცა კანონის ჩანაწერი იძლევა მათი სტატუსის არმქონე პირის მიმართ გამოყენების შესაძლებლობას, ვინაიდან ამ მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ბრალდებულთან დაკავშირებული პირის ან მისი მოქმედებისთვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ქონების დაყადაღების შესაძლებლობას, ხოლო დასახელებული ტერმინების დეფინიციას კანონმდებლობა არ იცნობს და იქმნება მისი ფართოდ განმარტების შესაძლებლობა.
9. დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ჩანაწერიდან ცხადად არ იკითხება გათვალისწინებული ღონისძიების მხოლოდ გარკვეული, ნორმაში დასახელებული დანაშაულების მიმართ გამოყენების შესაძლებლობა, ისევე როგორც არ იკითხება ცალსახა ბმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილთან, რაც დისპოზიციიდან ბრალდებულის ამოვარდნის საფრთხეს ქმნის.
10. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე განმარტავს, რომ მსგავსად მოსარჩელის შემთხვევისა, დასახელებული ნორმებით გათვალისწინებული ქონებაზე ყადაღის დადების შესაძლებლობა გამოყენებულ იქნეს მესამე პირის მიმართ, რაც ამ უკანასკნელს სისხლის სამართლის პროცესში დაცვის გარანტიების გარეშე ტოვებს.
11. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 152-ე მუხლი სცდება ყადაღის არსს, რომელიც, თავის მხრივ, ყადაღადადებული ქონების განკარგვის აკრძალვით უნდა შემოიფარგლებოდეს. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმით ხდება საკუთრების უფლებაში ინტენსიური ჩარევა, ვინაიდან ის მესაკუთრესა და მფლობელს უკრძალავს ქონების განკარგვის, აუცილებლობის შემთხვევაში კი - სარგებლობის უფლებას. ამასთან, ჩარევის ინტენსივობას განსაზღვრავს აგრეთვე მისი დროში მოქმედება, ვინაიდან ქონებაზე ყადაღა შესაძლოა თვეების ან წლების განმავლობაში იყოს დადებული.
12. მოსარჩელე უთითებს, რომ სადავო ნორმის თანახმად, შესაძლოა ყადაღა დაედოს იმ პირის ქონებას, რომელსაც არ გააჩნია სტატუსი სისხლის სამართლის პროცესში და შესაძლოა ნებისმიერი პირის მიმართ იქნეს გავრცელებული. გარდა ამისა მოსარჩელე გაუმართლებლად მიიჩნევს მესაკუთრესთან ერთად ნორმის სუბიექტად აგრეთვე მფლობელის მოხსენიებას. ამასთან, ნორმა არ არის საკმარისად განჭვრეტადი, რაც კონსტიტუციის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება, მე-2 და მე-3 ნაწილები და ამავე კოდექსის 152-ე მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
14. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლით განსაზღვრული ქონება დაცულია საკუთრების უფლებით, თუმცა ის, იმავდროულად, კორპორაციის, როგორც სამეწარმეო სუბიექტის მეწარმეობის განხორციელების, მოგების მიღებისა და ქვეყნის ჯანსაღი ეკონომიკის საფუძველია.
15. მოსარჩელე განმარტავს, რომ, მართალია, ხსენებული სადავო ნორმებით, უპირველესად, ხდება შესაძლო საკუთრების უფლების დარღვევა, მაგრამ მესაკუთრეს შეუძლია გაასხვისოს აღნიშნული ქონება და ამ გზით მიიღოს მოგება. შესაბამისად, ის მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
16. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით არ ექვემდებარება გადასინჯვას და მისი არსებობა დამოკიდებულია გამოძიების ხანდაზმულობის ვადაზე. ამგვარი განჩინების მიღების საკითხს კი სასამართლო წყვეტს ზეპირი მოსმენის გარეშე, სწორედ სადავო ნორმის საფუძველზე.
17. მოსარჩელე მხარის განმარტებით, დასახელებული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლოს უწევს არაერთი ფაქტობრივი გარემოების გამორკვევა, განსაკუთრებით კი, რამდენად წარმოადგენს ქონების მესაკუთრე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ სპეციალურ სუბიექტს. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში პირის მონაწილეობას სასამართლოს მიერ საკითხის განხილვის პროცედურაში, შეუძლია გავლენა იქონიოს საკითხის საბოლოო გადაწყვეტაზე.
18. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 154-ე მუხლი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
19. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე უთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე. ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებლად ჩაითვლება, თუ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ უკავშირდება გასაჩივრებულ ნორმებს. „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინება N2/3/412 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9).
2. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება, მე-2 და მე-3 პუნქტები, აგრეთვე ამავე კოდექსის 152-ე მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს და აღნიშნავს, რომ ქონების განკარგვის ან ქონებით სარგებლობის აკრძალვა მას ართმევს შესაძლებლობას, მიიღოს სარგებელი ამ ქონებისგან, რაც მას გაუმართლებლად უზღუდავს მეწარმეობის უფლებას. ამასთან, მოსარჩელის არგუმენტაცია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ, მისი აზრით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებს შორის არ არის მკაფიო კავშირი, მათი დისპოზიციები განუსაზღვრელია, რაც ქმნის ამ მუხლში მოაზრებულ პირთაგან განსხვავებული სუბიექტის ქონების დაყადაღების საფრთხეს.
3. მეწარმეობის თავისუფლების მნიშვნელობას საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი. მისი განმარტებით, „მეწარმეობის თავისუფლება .... წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების მნიშვნელოვან გამოვლინებას, ეკონომიკური მართლწესრიგის, ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ურთიერთობების საფუძველს. აღნიშნული ვალდებულებებით სახელმწიფო მხარს უჭერს თავისუფალი ეკონომიკის პრინციპს, რომელშიც არა მარტო მეწარმეობის ასპარეზია თავისუფალი ნებისმიერი ქმედუნარიანი სუბიექტისათვის, არამედ თავად მეწარმეობაა თავისუფალი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-2). ამასთან, მეწარმეობის თავისუფლება, იმავდროულად, მჭიდრო კავშირშია საკუთრების უფლებასთან, რასთან დაკავშირებითაც საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ხელშეკრულების, საკუთრებისა და მეწარმეობის თავისუფლება წარმოადგენს იმ ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებულ პრინციპულ ფასეულობებს, რაც დამახასიათებელია საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისათვის. ისევე, როგორც საკუთრების უფლება წარმოადგენს საკუთრებითი წესრიგის გამოვლინებას, თავისუფალი მეწარმეობაც შესაძლებელია მხოლოდ სამეწარმეო წესრიგის ფარგლებში. სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს ისეთი ეკონომიკური წესრიგის ჩამოყალიბებას, რომელიც თავისუფალ მეწარმეობასაც ხელს შეუწყობს და ეკონომიკური უსაფრთხოებაც იქნება გარანტირებული (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-4).
4. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, შექმნას ქმედითი გარანტიები მეწარმე სუბიექტების საქმიანობის თავისუფლების რეალიზაციისა და თავად მეწარმეობის განვითარებისთვის. „სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი ნორმატიული გარემო, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს, იზრუნებს მათი გაჯანსაღებისათვის. სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ნორმატიული სანდოობა სუბიექტს სამოქალაქო (კომერციული) ბრუნვის მიღმა კი არ ტოვებს, არამედ უძლიერებს მას ამ ბრუნვაში ჩართვის ინტერესს. სახელმწიფო ვალდებულია, პატივი სცეს მეწარმე სუბიექტის არსებობას (არსებობის უფლებას) (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-3).
5. მართალია, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით არ არის მკვეთრად გამიჯნული და ზღვარი გავლებული საკუთრების უფლებასა და მეწარმეობის თავისუფლებას შორის, თუმცა მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კონსტიტუციის როგორც 21-ე მუხლის პირველ პუნქტს, ასევე 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, თვითმყოფადი დაცული სფეროები გააჩნია და კონკრეტულ შემთხვევაში გაუმართლებელი იქნებოდა მათი ხელოვნური გაფართოება, რაც თავად ამ კონსტიტუციური დებულებებით მოწესრიგებულ სფეროთა ურთიერთაღრევასა და გადაფარვას გამოიწვევდა.
6. განსახილველ შემთხვევაში საუბარია მოგების მიღების მიზნით შექმნილ ორგანიზაციულ წარმონაქმნზე, რომლის ქონებაზე სისხლის სამართლებრივი მიზნებისათვის ყადაღის დადება გულისხმობს მისი განკარგვის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - რეალიზაციის უფლების შეზღუდვას. საკუთრების უფლების მიზნებისათვის შესაძლოა რიგ შემთხვევებში გამართლებული იყოს განსხვავებული მიდგომა მესაკუთრე ფიზიკურ პირსა და სამეწარმეო მიზნით შექმნილ ორგანიზაციებს შორის. ბუნებრივია, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 30-ე მუხლები, შესაბამისად, იცავს საკუთრების უფლებასა და მეწარმეობის თავისუფლებას ორივე დასახელებული სუბიექტის მიმართ, თუმცა სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონება, მისი ფლობა, ქონებით სარგებლობა თუ მასზე ნებისმიერი სახის სამართლებრივი ზემოქმედება, საბოლოოდ სწორედ მოგების მიღების მიზანს ემსახურება. შესაბამისად, მარტოოდენ იმის მტკიცება, რომ კონკრეტული რეგულაციით ხდება სამეწარმეო მიზნით შექმნილი სუბიექტის საკუთრების უფლების შეზღუდვა, ვერ გამოდგება მეწარმეობის თავისუფლებით დაცულ სფეროში ჩარევის დასადასტურებლად.
7. სადავო ნორმების კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან შეუსაბამობის დასაბუთებისათვის მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში არ უთითებს რაიმე დამატებით არგუმენტს, რომლითაც დაასაბუთებდა მოსარჩელის სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლების ნებისმიერი ფორმით შეზღუდვას. მოსარჩელის არგუმენტაცია ძირითადად იმეორებს იმ პრობლემას, რაც გადმოცემულია სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან წინააღმდეგობის საილუსტრაციოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, №680 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 152-ე მუხლის არაკონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია. შესაბამისად,„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
8. მოსარჩელე მხარე სადავოდ მიიჩნევს აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელის განცხადებით, სასამართლოს მიერ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის გარეშე ქონების მესაკუთრის ან მფლობელის მონაწილეობის გარეშე, ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ უფლებებს.
9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ვინ და რომელ სასამართლოს შეიძლება მიმართოს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობით. მისი რეგულირების სფეროს სცილდება თავად ამ შუამდგომლობის სასამართლოში განხილვის წესი. მოსარჩელე არ ასაჩივრებს შუამდგომლობის წარდგენის პროცედურას. მოსარჩელემ არ წარმოადგინა არც ერთი არგუმენტი, იმასთან დაკავშირებით თუ რა კუთხით ეწინააღმდეგება სადავო ნორმა დაცვის უფლებას ან/და სამართლიანი სასამართლოს რომელი უფლებრივი ასპექტი ეზღუდება მოსარჩელეს. შესაბამისად, №680 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
10. სხვა მხრივ №680 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5, მე-7 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის „ე“, „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №680 კონსტიტუციური სარჩელი („შპს იუ-სი-ჯი გრინ ფაუერი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, მე-2 და მე-3 ნაწილების და ამავე კოდექსის 152-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტთან მიმართებით.
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №680 კონსტიტუციური სარჩელი („შპს იუ-სი-ჯი გრინ ფაუერი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, მე-2 და მე-3 ნაწილების და ამავე კოდექსის 152-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი