საქართველოს მოქალაქე ზაქარია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/9/781 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 23 მარტი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 მარტი 2017 20:59 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ზაქარია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის სიტყვების „უზრუნველყოფის ღონისძიებები საქართველოშია აღსასრულებელი ან“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №781) მიმართა საქართველოს მოქალაქე ზაქარია ყიფშიძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 28 ივნისს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 23 მარტს.
2. №781 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის სამართლებრივი საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის გასაჩივრებული სიტყვები საქართველოს სასამართლოს ანიჭებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების კომპეტენციას, როდესაც უზრუნველყოფის ღონისძიებები საქართველოშია აღსასრულებელი.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი აღიარებს საკუთრების საყოველთაო უფლებას და მას ხელშეუვალ უფლებად აცხადებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ითვალისწინებს საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივ საფუძველს და ადგენს, რომ შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.
5. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 24 მარტის განჩინებით ყადაღა დაადო მოსარჩელის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს. აღნიშნული ღონისძიება გამოყენებულ იქნა იმ დავაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად, რომელიც უცხო ქვეყნის სასამართლოში მიმდინარეობს. კონსტიტუციური მოსარჩელის მტკიცებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განცხადებაში მითითებული გარემოებები არ იყო ნამდვილი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საქალაქო სასამართლოს ობიექტურად არ გააჩნდა მათი ნამდვილობის გადამოწმების შესაძლებლობა, დაეყრდნო განმცხადებლის განმარტებებს და სადავო ნორმის საფუძველზე, დააკმაყოფილა შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
6. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა საქართველოს სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, იმსჯელოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, ხოლო უშუალოდ ამ ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლო მსჯელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი შესაბამისი რეგულაციების გამოყენებით. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ საკუთრების უფლების შეზღუდვასთან არის დაკავშირებული, რაც, შესაბამისად, იწვევს საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას.
7. კონსტიტუციურ სარჩელში განმარტებულია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფა. თავისთავად ეს უკანასკნელი მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს, თუმცა ის ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს, ვინაიდან სადავო ნორმით გათვალისწინებული მოწესრიგება მიზნის მიღწევის უვარგისი და არაპროპორციული საშუალებაა.
8. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს სასამართლოს არც კანონმდებლობით და არც ფაქტობრივად არ გააჩნია შესაძლებლობა, ობიექტურად შეაფასოს სხვა ქვეყანაში მიმდინარე დავის ისეთი ასპექტები, რომელთა ცოდნა და შეფასებაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, აუცილებლად არის მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხის გადასაწყვეტად. კერძოდ, საქართველოს სასამართლოს არ შეუძლია ობიექტურად გადაწყვიტოს დასახელებული საკითხი, როდესაც მას ფაქტობრივად არ შეუძლია შეაფასოს სხვა ქვეყანაში მიმდინარე დავის არც საფუძვლიანობა ამ ქვეყნის კანონმდებლობასთან მიმართებით, არც მისი დაკმაყოფილების ალბათობა, არც ის, თუ რა ეტაპზეა სხვა ქვეყნის სასამართლოში საქმის განხილვა. ამგვარი ვითარება გამორიცხავს, საქართველოს სასამართლოს მხრიდან, გადასაწყვეტი საკითხის ადეკვატური შეფასებისა და მასზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე გაუმართლებლად და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან შეუსაბამოდ მიიჩნევს სასამართლოსთვის ისეთი კომპეტენციის მინიჭებას, რომელიც a priori არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს მესაკუთრეს. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლზე დაყრდნობით კი განმარტავს, რომ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს იმგვარი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომელიც გაუმართლებლად არ შეზღუდავს პირის საკუთრების უფლებას. გასაჩივრებული რეგულაციით სწორედ გაუმართლებლად ხდება საკუთრების უფლების შეზღუდვა და ამგვარი კომპეტენცია საქართველოს სასამართლოს საერთოდ არ უნდა გააჩნდეს.
10. №781 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ უფლება სამართლიან სასამართლოზე მოიცავს აგრეთვე უფლებას, საქმე განიხილოს და გადაწყვიტოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ. ამგვარი მიუკერძოებლობის გარანტიას უპირველესად კანონმდებლობა უნდა უზრუნველყოფდეს, რომელიც იძლევა საქმის ობიექტურად, სამართლიანად და ადეკვატურად, საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და ამგვარად შესწავლილ გარემოებებზე მოსამართლის შინაგანი რწმენის დაფუძნების შესაძლებლობას. გაუმართლებელია სასამართლოსთვის კომპეტენციის მინიჭება, რომელთან მიმართებითაც ის შეუძლებელია იყოს ობიექტური, გამომდინარე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის ფაქტობრივი შეუძლებლობიდან.
11. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმა საქართველოს სასამართლოს ანიჭებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას იმ საქმეზე, რომლის ფაქტობრივ გარემოებებსაც არ იცნობს. ამგვარ ვითარებაში შეუძლებელია სასამართლომ მიიღოს ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც დაეფუძნება აგრეთვე საქმის ობიექტური შესწავლის, გამოკვლევის საფუძველზე ჩამოყალიბებულ შინაგან რწმენას.
12. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე მხარე უთითებს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის მნიშვნელობაზე და აღნიშნავს, რომ დაუშვებელია, კანონმდებლობა სამართლებრივი დავის რომელიმე მხარეს ანიჭებდეს უპირატესობას, რაც საბოლოოდ, განაპირობებს უსამართლო და არაობიექტური გადაწყვეტილების მიღებას.
13. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, ვინაიდან სასამართლოს არ გააჩნია შესაძლებლობა, ობიექტურად შეამოწმოს სხვა ქვეყნის სასამართლოში მიმდინარე დავის ფაქტობრივი გარემოებები, ის სრულად ეყრდნობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მოთხოვნის წარმდგენი პირის არგუმენტაციას, მიუხედავად მათი სისწორისა და მხოლოდ ამ მტკიცებულებების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას. ამ პროცესიდან სრულიად არის გამორიცხული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ადრესატი, განსაკუთრებით იმ რეალობაში, როდესაც ამგვარი კატეგორიის საქმეებს სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, დასახელებული სუბიექტისთვის შეუტყობინებლად განიხილავს.
14. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ, მართალია, ქართული კანონმდებლობით არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა, თუმცა ეს, თავისთავად, ვერ გახდება სადავო ნორმის კონსტიტუციურობის არგუმენტი, ვინაიდან ამგვარი გასაჩივრება არ აჩერებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს განჩინების მოქმედებას. ამასთან, კონკრეტული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება დამატებით დროით და ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული.
15. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, მართალია, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, თავისთავად, მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს, თუმცა სადავო ნორმით დადგენილ რეგულაციას არ გააჩნია ამგვარი მიზანი და, თუნდაც მისი არსებობის შემთხვევაში, უფლებაში ჩარევა ხდება მაღალი ინტენსივობით, სრულიად უგულებელყოფს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ადრესატის ინტერესებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
16. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად ფართოდ მიმოიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს საერთო სასამართლოების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის სიტყვების „უზრუნველყოფის ღონისძიებები საქართველოშია აღსასრულებელი ან“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლთან მიმართებით. მისი არგუმენტაციით, სასამართლოსთვის ისეთი კომპეტენციის მინიჭება, რომლის სრულფასოვანი, ობიექტური და სწორი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შესაძლებლობაც ფაქტობრივად არ არსებობს, იწვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით საქართველოს სასამართლოსთვის მინიჭებული კომპეტენციის არსებობა გაუმართლებლად ზღუდავს უფლებას სამართლიან სასამართლოზე.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცული სფერო და მისი სხვადასხვა ასპექტები. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი „ფორმალურად სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას ნიშნავს, ხოლო შინაარსობრივად - ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს. სრულყოფილი დაცვა კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კანონმდებლის ვალდებულებას, შექმნას ისეთი ნორმატიული წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებას დროულ, სამართლიან და ეფექტიან სასამართლოზე, რათა პირმა სრულყოფილად შეძლოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სასამართლოსადმი მიმართვის გზით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის N3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4)“. ამასთან, „ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც ... წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
4. სადავო ნორმის თანახმად, საქართველოს სასამართლოს ენიჭება კომპეტენცია, უცხო ქვეყნის სასამართლოში შეტანილ სარჩელზე გადაწყვიტოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი, როდესაც უზრუნველყოფის ღონისძიებები საქართველოშია აღსასრულებელი. სადავო ნორმა ადგენს სასამართლოს კომპეტენციას, რომელიც, იმავდროულად, არ მოიცავს მხარის პროცესუალურ გარანტიებთან დაკავშირებულ საკითხს. თავისთავად, სასამართლოსთვის რაიმე სახის კომპეტენციის მინიჭება შესაძლოა იყოს მატერიალური უფლებების შემზღუდველი, თუმცა არა პროცესუალურის. როდესაც მხარე სადავოდ არ ხდის წესებს, რომლის საშუალებითაც სასამართლო ახორციელებს კონკრეტულ კომპეტენციას, სადავო ნორმას არ გააჩნია მოსარჩელის პროცესუალური უფლებების შეზღუდვის რესურსი. გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე მხარე არ ითხოვს უშუალოდ იმ რეგულაციათა არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელთა გამოყენებითაც საქართველოს სასამართლო იხილავს ან წყვეტს სხვა ქვეყანაში მიმდინარე დავაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხს.
5. შესაბამისად, №781 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის სიტყვების „უზრუნველყოფის ღონისძიებები საქართველოშია აღსასრულებელი ან“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
6. №781 კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ სრულად აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №781 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ზაქარია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის სიტყვების „უზრუნველყოფის ღონისძიებები საქართველოშია აღსასრულებელი ან“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №781 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ზაქარია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის სიტყვების „უზრუნველყოფის ღონისძიებები საქართველოშია აღსასრულებელი ან“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა