საქართველოს მოქალაქე ზაქარია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/12/781 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 29 ნოემბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 29 ნოემბერი 2017 17:47 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ზაქარია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის სიტყვების „უზრუნველყოფის ღონისძიებები საქართველოშია აღსასრულებელი ან“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელის წარმომადგენელი - გიორგი მშვენიერაძე; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - ქრისტინე კუპრავა და გიორგი ჩიფჩიური; ექსპერტი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, კოლიზიური სამართლის ექსპერტი გიორგი ვაშაკიძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №781) მიმართა საქართველოს მოქალაქე ზაქარია ყიფშიძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 28 ივნისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 23 მარტს. 2017 წლის 23 მარტის №1/9/781 საოქმო ჩანაწერით №781 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის სიტყვების „უზრუნველყოფის ღონისძიებები საქართველოშია აღსასრულებელი ან“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. საქმის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2017 წლის 3 მაისსა და 26 ივნისს.
2. №781 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის გასაჩივრებული სიტყვები საქართველოს სასამართლოებს ანიჭებს უცხო ქვეყნის სასამართლოში მიმდინარე დავაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების კომპეტენციას, როდესაც უზრუნველყოფის ღონისძიებები საქართველოშია აღსასრულებელი.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი აღიარებს საკუთრების საყოველთაო უფლებას და მას ხელშეუვალ უფლებად აცხადებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ითვალისწინებს საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივ საფუძველს და ადგენს, რომ შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
5. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2016 წლის 24 მარტის განჩინებით, ყადაღა დაადო მოსარჩელის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს. აღნიშნული ღონისძიება გამოყენებულ იქნა იმ დავაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად, რომელიც კვიპროსის სასამართლოში მიმდინარეობს. მოსარჩელის მტკიცებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განცხადებაში მითითებული გარემოებები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, თუმცა, რამდენადაც საქალაქო სასამართლოს ობიექტურად არ გააჩნდა მათი ნამდვილობის გადამოწმების შესაძლებლობა, იგი დაეყრდნო განმცხადებლის განმარტებებს და სადავო ნორმის საფუძველზე დააკმაყოფილა შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
6. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა საქართველოს სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, იმსჯელოს უცხო ქვეყანაში არსებულ სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. უშუალოდ ამ ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით კი სასამართლო მსჯელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი შესაბამისი რეგულაციების გამოყენებით. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ საკუთრების უფლების შეზღუდვასთან არის დაკავშირებული, რაც, შესაბამისად, იწვევს საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას.
7. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა საქართველოს სასამართლოს ანიჭებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას იმ საქმეზე, რომლის ფაქტობრივ გარემოებებსაც არ იცნობს. ამ პროცესიდან სრულიად არის გამორიცხული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ადრესატი, განსაკუთრებით იმ რეალობაში, როდესაც ამგვარი კატეგორიის საქმეებს სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, ქონების მესაკუთრისთვის შეუტყობინებლად განიხილავს.
8. კონსტიტუციურ სარჩელში ჩამოყალიბებული პოზიციის თანახმად, მოსარჩელე გაუმართლებლად და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან შეუსაბამოდ მიიჩნევს სასამართლოსთვის ისეთი კომპეტენციის მინიჭებას, რომელიც a priori არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს მესაკუთრეს. გასაჩივრებული რეგულაციით გაუმართლებლად იზღუდება საკუთრების უფლება და ამგვარი კომპეტენცია საქართველოს სასამართლოს საერთოდ არ უნდა გააჩნდეს.
9. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ სადავო ნორმის მოქმედებით, უცხო ქვეყანაში წარმოებულ დავასთან მიმართებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება საქართველოს სასამართლოების მიერ ხდება საქართველოში მიმდინარე სამართლებრივი დავებისთვის დადგენილი წესებით. თუმცა საქართველოს სასამართლოს ვერ ექნება მის მიერ განსახილველი საქმის მასალებზე ისეთივე წვდომა, როგორიც ეს საქართველოში წარმოებულ საქმეებზე აქვს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსში არ არსებობს ნორმა, რომელიც საქართველოს სასამართლოს დაავალდებულებდა ე.წ. „უცხო ელემენტით“ დატვირთულ დავაში უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას შეესწავლა საქმის მასალები, რომლებიც წარმოდგენილია ძირითად დავაში და მხოლოდ მათზე დაყრდნობით მიეღო გადაწყვეტილება. როდესაც დავა სხვა ქვეყანაში მიმდინარეობს, მოსამართლისთვის უცნობია შესაბამისი სამართალწარმოების ეტაპი, მივიდა თუ არა სასამართლო შუალედურ გადაწყვეტილებამდე, როგორ შეიძლება დასრულდეს დავა, არსებობს თუ არა სარჩელის დაკმაყოფილების ალბათობა და ა.შ. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისთვის საკმარისია მხოლოდ მტკიცებულება, რომ სხვა ქვეყანაში მხარეებს შორის არსებობს სამართლებრივი დავა. ამავდროულად, მოსამართლე მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს სამართლებრივი დავის საფუძვლიანობა, ვინაიდან საფუძვლიანობა უნდა შეფასდეს უშუალოდ იმ კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც გამოიყენება ძირითადი დავის გადაწყვეტისთვის. საქართველოს მოსამართლე არ არის ვალდებული, დაწვრილებით იცნობდეს სხვა ქვეყნის კანონმდებლობას, რათა შეაფასოს სამართლებრივი დავის საფუძვლიანობა, თუნდაც მხოლოდ ხანდაზმულობის ვადებთან მიმართებით.
10. მოსარჩელის აზრით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მომწესრიგებელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები დამოუკიდებლად არ ქმნის პრობლემას, ვინაიდან ეს ნორმები მიემართება ისეთი ტიპის დავებს, როდესაც სარჩელი საქართველოს სასამართლოშია წარდგენილი. პრობლემას ქმნის საერთაშორისო ელემენტით დატვირთულ დავებთან მიმართებით სპეციალური ნორმების არარსებობა, რაც მთლიანად ინსტიტუტის არაკონსტიტუციურობას იწვევს, ვინაიდან არსებობს სასამართლოს კომპეტენცია, რომლითაც ხდება საკუთრების უფლების შეზღუდვა და ამ ინსტიტუტის მიღმა არ არსებობს სათანადო რეგულაცია, რომელიც უზრუნველყოფდა საკუთრების უფლების დაცულობას. ამრიგად, პრობლემის წყარო სწორედ კომპეტენციის დამდგენ ნორმაშია, რომელსაც თან არ ახლავს შესაბამისი გარანტიები. სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც იზღუდება საკუთრების უფლება და ფორმალურად იგი კანონიერია, ვინაიდან კანონი არ მოითხოვს ძირითადი დავის ფუნდამენტურ შესწავლას. აღნიშნული განაპირობებს უფლებაში არაპროპორციულ ჩარევას და საკუთრების უფლების ხელყოფას.
11. მოსარჩელემ განმარტა, რომ საქართველოს სასამართლოს ამ ტიპის საქმეებზე უნდა ჰქონდეს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საშუალება, რადგან ყადაღის ინსტიტუტს აქვს ისეთი მკაფიო ლეგიტიმური მიზანი, როგორიცაა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. თუმცა უნდა არსებობდეს სხვა, ნაკლებად მზღუდავი ღონისძიება, რომლითაც კანონმდებელი იპოვის ბალანსს კერძო ინტერესსა და საჯარო ინტერესს შორის. ამ შემთხვევაში საკუთრების უფლების შეზღუდვის ღონისძიება არ არის აუცილებელი და არსებობს ნაკლებად მზღუდავი საშუალებებიც. სასამართლოს მიერ საკუთრების უფლების შეზღუდვა მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის უნდა მოხდეს, რაც გულისხმობს, რომ სასამართლომ უნდა შეაფასოს სარჩელის რეალურობა და დავის საგნის საფუძვლიანობა.
12. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის სიტყვები „უზრუნველყოფის ღონისძიებები საქართველოშია აღსასრულებელი ან“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
13. მოსარჩელე მხარე საკუთარ პოზიციას ასაბუთებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკაზე მითითებით.
14. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საკუთრების უფლება არააბსოლუტური უფლებაა და მასში ჩარევა შესაძლებელია ლეგიტიმური მიზნის არსებობის და მისი მიღწევის პროპორციული ქმედების არსებობის შემთხვევაში. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი ზოგადი ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც საერთაშორისო კერძო ურთერთობებში მონაწილე სუბიექტებს აძლევს შესაძლებლობას, ეფექტურად დაიცვან საკუთარი უფლებები სასამართლოში. ეს ნორმა უზრუნველყოფს უცხო ქვეყანაში წარმოებულ დავაზე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. ამრიგად, მისი ლეგიტიმური მიზანია, შექმნას სარჩელის უზრუნველყოფის ისეთი ღონისძიება, რომელიც, მხარის წარმატების შემთხვევაში, განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილებას.
15. მოპასუხემ აგრეთვე მიუთითა, რომ სადავო ნორმის არარსებობის პირობებში მის ნებისმიერ ადრესატს ექნებოდა საკმარისი დრო იმისათვის, რომ მოეხდინა საქართველოში არსებული ქონების რეალიზაცია. ამავდროულად, აღსრულების ეფექტური მექანიზმი ვერც დავის განმხილველი უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება იქნება, ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილება შემდგომში მოითხოვს საქართველოს სასამართლოს მიერ ცნობა-აღსრულებას, რაც გარკვეულ ვადებთანაა დაკავშირებული და მხარე ამ შემთხვევაშიც დაუბრკოლებლად მოახერხებს ქონების რეალიზაციას. სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ამგვარი საფრთხე საბოლოოდ აზრს უკარგავს სასამართლო დავას მოგებული მხარისთვის. ამრიგად, ეს ინსტიტუტი წარმოადგენს მოსარჩელისთვის ქონებრივი უფლების დაცვის გარანტიას და ემსახურება მისი დარღვეული უფლების სრულ და რეალურ აღდგენას.
16. მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კომპეტენციის დამგენ ნორმას თან ახლავს შესაბამისი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მოწესრიგებული საპროცესო გარანტიები. სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს შესაბამის მტკიცებულებებს, რომლის წარდგენის ვალდებულებაც გააჩნია მხარეს. ამავდროულად, სასამართლო ვალდებულია, სრულყოფილად გამოიკვლიოს აღნიშნული მტკიცებულებები და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამრიგად, სადავო ნორმა, კეთილსინდისიერი წაკითხვის, კომპლექსური ანალიზისა და შესაბამისი საპროცესო ნორმების გააზრების შემთხვევაში, ადგენს უფლების დაცვის ეფექტურ მექანიზმს და არ არღვევს საპროცესო მხარის საკუთრების უფლებას.
17. მოპასუხე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკას.
18. საქმეზე მოწვეულმა ექსპერტმა გიორგი ვაშაკიძემ აღნიშნა, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი გამოიყენება სამ ალტერნატიულ შემთხვევაში: პირველი, როდესაც დავა საქართველოს სასამართლოს განსჯადია და განიხილება საქართველოში. ასეთ შემთხვევაში ნორმა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, განიხილოს სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი; მეორე, როდესაც დავა საქართველოს სასამართლოს განსჯადია, თუმცა განიხილება უცხოეთში, რადგან უცხო ქვეყნის სასამართლოს შესაძლოა ჰქონდეს ალტერნატიული განსჯადობა; მესამე, როდესაც დავა საქართველოს სასამართლოს განსჯადი არ არის, თუმცა გადაწყვეტილების აღსრულება შეიძლება მოხდეს საქართველოში. სწორედ ამ უკანასკნელს ითვალისწინებს განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული დებულება. სადავო ნორმა უდგენს საქართველოს სასამართლოს საერთაშორისო განსჯადობას უზრუნველყოფის ღონისძიებებთან მიმართებით. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი არის მხოლოდ განსჯადობის დამდგენი ე.წ. რეფერირებადი ნორმა, რომელიც საქართველოს სასამართლოს აღჭურავს ამ ტიპის დავის განხილვის უფლებამოსილებით. ამავდროულად, საქართველოს სასამართლოებისთვის ამ ტიპის დავებზე საერთაშორისო განსჯადობის დადგენა წინააღმდეგობაში არ მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან.
19. ექსპერტმა აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საპროცესო სამართლებრივი მოწესრიგება დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, ვინაიდან დამოუკიდებელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ე.წ. „უცხო ელემენტებით“ დატვირთული ურთიერთობებისთვის საქართველოში არ მოქმედებს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას სასამართლომ სიღრმისეულად უნდა გამოიკვლიოს ყველა ის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, რომელიც წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს. აღნიშნული გათვალისწინებულია როგორც საპროცესო კანონმდებლობით, აგრეთვე გამომდინარეობს კანონმდებლობაში არსებული ისეთი პრინციპებიდან, როგორებიცაა შეჯიბრობითობის პრინციპი, მხარეთა თანასწორობის პრინციპი და ა.შ.
20. ექსპერტის მოსაზრებით, საპროცესო კანონმდებლობა ავალდებულებს მოსამართლეს, უზრუნველყოფის ღონისძიების დადგენისას მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან მიმართებით სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობის მთავარ პრობლემას ქმნის გადაწყვეტილების მიღების ვადები და ის გარემოება, რომ საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. ამავდროულად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს საპროცესო მხარისთვის გარკვეულ სამართლებრივ უპირატესობას, შესაბამისად, სწორედ მას ეკისრება მტკიცების ტვირთი ამ ღონისძიების საჭიროებასთან მიმართებით და მან უნდა წარადგინოს მტკიცებულებები, რის საფუძველზეც სასამართლო მიიღებს შესაბამის განჩინებას. თავის მხრივ, მოსამართლე უნდა დარწმუნდეს ამ გარემოებების არსებობაში და მისი გადაწყვეტილება გამართლებული იყოს შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობით. თუ მხარე ვერ გამოკვეთს შესაბამის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
21. ექსპერტმა ასევე განმარტა, რომ ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ალტერნატიულ მექანიზმებს. უცხო ქვეყნის სასამართლოს, რომელიც არსებითად იხილავს დავას, შეუძლია მომართოს საქართველოს სასამართლოს და სთხოვოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. აგრეთვე, მხარემ, რომლის სასარგებლოდაც უცხო ქვეყანაში მიღებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, შეუძლია მომართოს საქართველოს სასამართლოს ამ გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების მოთხოვნით. თუმცა სადავო ნორმით გათვალისწინებული მექანიზმი წარმოადგენს უფლების დაცვის ყველაზე სწრაფ და ეფექტურ საშუალებას, ვინაიდან ორივე დასახელებული მექანიზმის განხორციელება გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული და ვერ ემსახურება ქონების რეალიზაციისგან დაცვის საბოლოო მიზანს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32). საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, ერთი მხრივ, წარმოადგენს კერძო საკუთრების ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივ გარანტიას, ხოლო, მეორე მხრივ, განამტკიცებს ძირითად უფლებას. „აღნიშნული ნორმით დეკლარირებულია საკუთრების ინსტიტუტის როგორც დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც დამკვიდრებული მართლწესრიგის ფარგლებში პირის მოქმედების თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის №1/6/666 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქე შოთა ჯიბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-1). საკუთრების ძირითადი უფლების დაცვა წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
2. ამავე დროს, საკუთრების უფლება წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების განვითარების საყრდენს, რომელსაც ეფუძნება ეკონომიკური თავისუფლება და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).
3. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, „სარჩელის უზრუნველყოფისას საქართველოს სასამართლო კომპეტენტურია, თუ უზრუნველყოფის ღონისძიებები საქართველოშია აღსასრულებელი ან საქართველოს სასამართლოებს აქვს საერთაშორისო კომპეტენცია“. №781-ე კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი სიტყვების კონსტიტუციურობის შეფასებისას, პირველ რიგში, უნდა მოხდეს თავად ხსენებული ნორმის შინაარსის და რეგულირების სფეროს დადგენა. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად: „ეს კანონი განსაზღვრავს, თუ რომელი სამართლებრივი წესრიგი გამოიყენება უცხო ქვეყნის სამართალთან დაკავშირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, აგრეთვე საპროცესო სამართლის იმ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება ასეთი საქმის წარმოებისას“. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზოგადად, ხსენებული კანონის მიზანია განსაზღვროს, რა შემთხვევაში გააჩნია საქართველოს სასამართლოებს კომპეტენცია, განიხილონ უცხოური ელემენტის შემცველი დავა (მე-8-მე-20 მუხლები) და რომელი ქვეყნის სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული ხსენებული სამოქალაქო დავის გაწყვეტისას (21-ე-56-ე მუხლები). კანონი ასევე შეიცავს გარკვეულ საპროცესო წესებს, რომლებიც დაკავშირებულია უცხო ქვეყნაში მიღებული გადაწყვეტილების ცნობასთან, აღსრულებასა და სხვა საკითხებთან (57-ე-73-ე მუხლები). ამდენად, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია განსაზღვროს ის, თუ რა შემთხვევაში და რომელი ქვეყნის სამართლის გამოყენებით უნდა გადაწყვიტოს ქართულმა სასამართლომ უცხოური ელემენტის შემცველი დავა.
4. როგორც უკვე აღინიშნა, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის რიგი ნორმები განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საქართველოს სასამართლოებს აქვს საერთაშორისო კომპეტენცია. ზემოაღნიშნული კანონი შეიძლება ანიჭებდეს სასამართლოს როგორც სამართლებრივი დავის სრული განხილვა-გადაწყვეტის უფლებამოსილებას, აგრეთვე კონკრეტული საპროცესო ღონისძიების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. სწორედ ამ უკანასკნელს მიეკუთვნება საქართველოს სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადების განხილვა, რომლის კომპეტენციაც საქართველოს სასამართლოებს სადავო ნორმით აქვთ მინიჭებული. ამ კომპეტენციის განხორციელებისათვის აუცილებელია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოში იყოს აღსასრულებელი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა წარმოადგენს საქართველოს საერთო სასამართლოებისთვის იურისდიქციის დამდგენ ნორმას, განიხილოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი უცხო ქვეყნის სასამართლოში მიმდინარე დავაზე.
5. №781 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის სადავო სიტყვები არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებდა მოპასუხე მხარეს და გაუმართლებლად ზღუდავდა მის საკუთრების უფლებას. შესაბამისად, მოსარჩელის განმარტებით, საერთო სასამართლოსთვის ასეთი კომპეტენციის მინიჭება გაუმართლებელი იყო. ზოგადად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ხშირ შემთხვევაში თავის თავში მოიაზრებს საკუთრების უფლების შეზღუდვას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-40). ვინაიდან სადავო ნორმის საფუძველზე მოსამართლე აღიჭურვება საკუთრების შეზღუდვის უფლებამოსილებით, ხსენებულ საკითხზე საქართველოს სასამართლოებისათვის საერთაშორისო კომპეტენციის მიმნიჭებელი ნორმის კონსტიტუციურობა შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ №781 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო ქართული სასამართლოსათვის ხსენებული კომპეტენციის მინიჭების კონსტიტუციურობის შემოწმების მიზნით.
6. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელემ შეცვალა საკუთარი არგუმენტაცია და განმარტა, რომ იგი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს არა ზოგადად სადავო ნორმით დადგენილ ინსტიტუტს, არამედ სასამართლოსათვის ხსენებული კომპეტენციის მინიჭებას სათანადო საპროცესო გარანტიების განსაზღვრის გარეშე. კერძოდ, მოპასუხე მიუთითებს, რომ ამ ტიპის დავებზე საქართველოს სასამართლოში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართვისას საკმარისია მხოლოდ მხარეებს შორის სხვა ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივი დავის შესახებ ცნობის წარდგენა. შესაბამისად, მისი აზრით, არ ხდება საქმის მასალების სათანადო გამოკვლევა, მოსამართლეს არ შეუძლია, შეაფასოს სარჩელის საფუძვლიანობა და მისი გადაწყვეტილება ვერ დაემყარება ვარაუდს, რომ სარჩელი შესაძლოა დაკმაყოფილდეს. ამრიგად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სწორედ შესაბამისი საპროცესო გარანტიების არარსებობა განაპირობებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას.
7. აღნიშნული დავის გადაწყვეტისას ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ქართული სასამართლოსთვის კომპეტენციის დამდგენი ნორმა და მისი განხორციელებისთვის საჭირო პროცედურის მარეგულირებელი წესი. სასამართლოსთვის გარკვეული კომპეტენციის მინიჭება გულისხმობს კონკრეტული სამართლებრივი შემთხვევების შეფასების უფლებამოსილებას. ამასთან, სასამართლოს მიერ განსახორციელებელი ნებისმიერი სახის ქმედებებისათვის აუცილებელია არსებობდეს ის პროცედურული წესრიგი, სამართლებრივი ჩარჩო, რომელთა დაცვითაც მოხდება ამ კომპეტენციის რეალურად რეალიზება. სასამართლოსთვის რაიმე სახის კომპეტენციის მინიჭება თავის თავში არ მოიაზრებს შესაბამისი საპროცესო ღონისძიების არსებობას.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ სამოქალაქო სასამართლოები მათ შორის განიხილავენ საქმეებს, რომლებშიც მონაწილეობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, საწარმოები და ორგანიზაციები. მართალია, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის IX თავით განსაზღვრულია საპროცესო ნორმები, თუმცა ეს ნორმები წარმოადგენს სპეციალურ საპროცესო ნორმებს, რომლებიც დამახასიათებელია უშუალოდ საერთაშორისო კერძო ურთიერთობებისთვის. ყველა სხვა შემთხვევაში, მათ შორის უცხო ქვეყნის სასამართლოში მიმდინარე დავაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ასევე აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი პროცესუალური ნორმებით იხელმძღვანელეს საერთო სასამართლოებმა. აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ საქართველოს სასამართლოებში მიმდინარე ნებისმიერი სამოქალაქო სამართლებრივი დავის, მათ შორის, უცხოური ელემენტის შემცველი დავების განხილვის საპროცესო წესებს, უპირველესად, სწორედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი რეგულაციები წარმოადგენენ.
9. ამდენად, სადავო ნორმით დადგენილია სასამართლოს კომპეტენცია, გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოში არსებულ აღსასრულებელ ქონებაზე. ხოლო ამ ღონისძიების გამოყენების საპროცესო წესებს სრულად ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე აღარ დავობს, თავისთავად, ქართული სასამართლოს მიერ სადავო ნორმის საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების კონსტიტუციურობაზე. შესაბამისად, უნდა შეფასდეს მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია მიემართება სადავო ნორმას თუ საპროცესო წესრიგის მარეგულირებელ ნორმებს. ზოგადად, შესაძლებელია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას სათანადო საპროცესო გარანტიების არარსებობამ კონსტიტუციური უფლების დარღვევა გამოიწვიოს. თუმცა იგი ყოველთვის არ იქნება შეფასებადი თავად უფლებამოსილების დამდგენი ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმების ფარგლებში. იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობით განსაზღვრულია გადაწყვეტილების მიღების საპროცესო წესი, რომელიც მოსარჩელეს არასათანადოდ მიაჩნია, მან სწორედ ამ წესის არაკონსტიტუციურობაზე უნდა იდავოს და არა, ზოგადად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების უფლებამოსილების დამდგენ ნორმაზე. მოსარჩლის მიერ მითითებული საფუძვლით უზრუნველყოფის ღონისძიების უფლებამოსილების განმსაზღვრელი წესის არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებებს საპროცესო მოწესრიგება და არა იმ შემთხვევაში, თუ თავად ეს საპროცესო წესრიგი მიაჩნია მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად. მხოლოდ ამ პირობებშია შესაძლებელი მოსარჩელის იმ არგუმენტის გაზიარება, რომლის თანახმადაც, სათანადო პროცესუალური გარანტიების არარსებობა უფლებამოსილების დამდგენი ნორმის არაკონსტიტუციურობას განაპირობებს.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავი აწესრიგებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წესს. კერძოდ, 191-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს ღონისძიების გამოყენების წინაპირობებსა და სასამართლოს მიერ ღონისძიების გამოყენების გადაწყვეტილების მიღებისას სახელმძღვანელო სტანდარტს. ამავე კოდექსის 198-ე მუხლი განსაზღვრავს უზრუნველყოფის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების ჩამონათვალს. ამავე თავით არის დადგენილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების წარდგენის, ამ განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღების, გადაწყვეტილების აღსრულებისა და გასაჩივრების წესები. ამავე დროს, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე ასევე ვრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესები მტკიცებულებათა გამოკვლევასა და გამოყენებაზე, სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობაზე და ა.შ.
11. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სრულად არის მოწესრიგებული, თუ რა შემთხვევებში, რა ტიპის მტკიცებულებებზე დაყრდნობით და როგორი დასაბუთების არსებობისას უნდა გამოიყენოს სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტს, რომლის თანახმად, სადავო ნორმა შესაძლოა კონსტიტუციას არღვევდეს შესაბამისი საპროცესო გარანტიების არარსებობის გამო.
12. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს არ მიუთითებია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების რომელი ასპექტი არ არის რეგულირებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, რომლის არარსებობაც მისი უფლების დარღვევას იწვევს. ხსენებულ მსჯელობას ვერ გააბათილებს მოსარჩელის არგუმენტი, რომლის თანახმადაც, კანონი პირდაპირ არ აწესრიგებს განცხადებაზე სარჩელის დართვის, დოკუმენტების თარგმნისა და სხვა მსგავს ვალდებულებებს. უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც განცხადების წარდგენის წესი თანდართული დოკუმენტების მითითებით, ასევე გადაწყვეტილების მიღებისას გამოსაყენებელი დასაბუთების სტანდარტი განსაზღვრულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავის ნორმებით. ამდენად, თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კანონი რომელიმე დოკუმენტის დართვას აუცილებლად უნდა მოითხოვდეს, მან იმ საპროცესო ნორმის კონსტიტუციურობა უნდა გახადოს სადავოდ, რომელიც განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების ჩამონათვლის განსაზღვრით ან გადაწყვეტილების მიღების დაბალი მტკიცებითი სტანდარტის დადგენით უშვებს უზრუნველყოფის ღონისძიების საჭირო დოკუმენტების გამოკვლევის გარეშე გამოყენებას.
13. ამავე დროს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, „განჩინებაში უნდა აღინიშნოს მოტივები, რომლებითაც სასამართლო მივიდა თავის დასკვნამდე და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა“. ამრიგად, სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნულის პირდაპირი ვალდებულება გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან. სასამართლო აქტის დასაბუთებულობა გულისხმობს ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას და შესაბამის სამართლებრივ კვალიფიკაციას. ამდენად, სასამართლო, ზოგადად, ვალდებულია, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთებას რაიმე დოკუმენტის გამოკვლევა სჭირდება და მისი გამოკვლევის საშუალებას საპროცესო კოდექსის ნორმები არ იძლევა, ეს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი უნდა გახდეს. საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს ექსპერტის პოზიციას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს მოსარჩელის ინტერესების დამცავ მექანიზმს, რომლის ფარგლებშიც მას აკისრია მტკიცების ტვირთი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა საფრთხეს შეუქმნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. მოსარჩელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში სამართლებრივი დავა მის საწინააღმდეგოდ უნდა გადაწყდეს.
14. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის რეგულირების სფერო და მისი ნორმატიული შინაარსი ამოიწურება სასამართლოსთვის შესაბამისი კომპეტენციის მინიჭებით. მის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება შეაფასოს ქართული სასამართლოსათვის შესაბამისი კომპეტენციის მინიჭების კონსტიტუციურობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ აღარ ხდის. როგორც ზემოთ აღინიშნა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების პროცედურული გარანტიები დადგენილია არა უშუალოდ სადავო ნორმით, არამედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენს დავის საგანს. ამდენად, მოსარჩელის პრობლემა მიემართება არა სადავო ნორმას, რომელიც არის საერთო სასამართლოებისთვის განსჯადობის დამდგენი, არამედ საპროცესო ნორმებს, რომლებიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. სადავო ნორმის მოწესრიგების საგანს არ წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განხილვის პროცედურა, შესაბამისად, იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, 45-ე მუხლის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს №781 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ზაქარია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა