საქართველოს მოქალაქეები - დავით ზაქარაია და ხათუნა გადელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/12/782,783 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 8 სექტემბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 8 სექტემბერი 2017 22:42 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - დავით ზაქარაია და ხათუნა გადელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1) №782 კონსტიტუციურ სარჩელზე „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 24 თებერვლის №662-IIს დადგენილების და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 25 დეკემბრის №543-რს დადგენილების სიტყვების - „გაუგრძელდეს უფლებამოსილების ვადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის ფაქტობრივ აღდგენამდე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 38-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, 44-ე მუხლის მე–2 პუნქტთან მიმართებით;
2) №783 კონსტიტუციურ სარჩელზე „აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში აფხაზეთიდან არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრების შეყვანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 14 ივნისის №759-IIს დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 38-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, 44-ე მუხლის მე–2 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები - დავით ზაქარაია და ხათუნა გადელია; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - ქრისტინე კუპრავა და გიორგი თოდრია; სპეციალისტი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სპეციალისტი გია წუწუნავა.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისს კონსტიტუციური სარჩელებით (რეგისტრაციის №782 და №783) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - დავით ზაქარაიამ და ხათუნა გადელიამ. №782 და №783 კონსტიტუციური სარჩელები არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 29 ივნისს. №782 და №783 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2017 წლის 31 მარტს.
2. კონსტიტუციურ სარჩელებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 24 თებერვლის №662-IIს დადგენილების (შემდგომში №662-IIს დადგენილება) პირველი მუხლის თანახმად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით და საკანონმდებლო ორგანოდ - უმაღლეს საბჭოდ - ცნობილი იქნეს 1991 წელს აფხაზეთის ასსრ უმაღლეს საბჭოში არჩეული ის დეპუტატები, რომლებიც რეალურად გამოხატავენ აფხაზეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ინტერესებს და არ მონაწილეობდნენ გუდაუთის სეპარატისტულ დაჯგუფებასთან ერთად ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში“. დადგენილებას თან ერთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 1991 წლის ოქტომბერში არჩეულ დეპუტატთა სია. მოსარჩელე მიუთითებს არჩეულ დეპუტატთა თანდართული სიის მე–2, მე–5 და 23–ე პუნქტებზე, რომელთა შესაბამისადაც, დადასტურებულია დავით გვაძაბიას (გულრიფშის რაიონის ფშავის №50 საარჩევნო ოლქი), ჯემალ გამახარიას (გალის რაიონის ნაბაკევის №37 საარჩევნო ოლქი) და რუდიკ ცატავას (გალის რაიონის სოფელი პირველი გალის №33 საარჩევნო ოლქი) უფლებამოსილებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში.
4. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 25 დეკემბრის №543-რს დადგენილებით (შემდგომში №543-რს დადგენილება) დადგენილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების გაგრძელება საქართველოში იურისდიქციის ფაქტობრივ აღდგენამდე.
5. „აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში აფხაზეთიდან არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრების შეყვანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 14 ივნისის №759-IIს დადგენილების (შემდგომში №759-IIს დადგენილება) მიხედვით, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში კოოპტაციის წესით შეყვანილი იქნენ აფხაზეთიდან არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრები.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიხედვით, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები.
7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აპარტეიდული და რასისტული საკანონმდებლო პრაქტიკის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 10 მარტის დადგენილებით საქართველოს პარლამენტმა დაითხოვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებს მოეხსნათ სადეპუტატო იმუნიტეტი. მიუხედავად ამისა, 1995 წლის 4 იანვარს საქართველოს პარლამენტის მიერ დათხოვნილი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა თვითნებურად, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, განაახლეს მუშაობა და საქართველოს პარლამენტს თხოვნით მიმართეს კომპეტენციის დადასტურების თაობაზე. მოსარჩელის მითითებით, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით საქართველოს პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციის ნორმების უგულებელყოფით აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს დაუდასტურა კომპეტენცია.
8. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ არაკონსტიტუციურია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს შესახებ“ დადგენილების თანდართულის სიის ნაწილი. დადგენილების თანახმად, სიაში შეყვანილი არიან უმაღლესი საბჭოს ის წევრები, რომლებიც რეალურად გამოხატავენ აფხაზეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ინტერესებს და არ მონაწილეობდნენ გუდაუთის სეპარატისტულ დაჯგუფებასთან ერთად ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში. მოსარჩელეების აზრით, სია აღნიშნული პრინციპის უხეში დარღვევითაა შედგენილი. სიაში შეყვანილია ჯემალ გამახარია, რომელმაც ხელი მოაწერა ქ. გუდაუთის 1992 წლის 5 ოქტომბრის პროტოკოლს, რომელშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის რესპუბლიკადაა აღიარებული. აგრეთვე სიაში შეყვანილი იყვნენ დეპუტატები დავით გვაძაბია და რუდიკ ცატავა, რომლებსაც აღმასრულებელ თანამდებობაზე დანიშვნის მიზეზით დეპუტატის სტატუსი შეუწყდათ ჯერ კიდევ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მოსარჩელეთა აზრით, აღნიშნული აქტით, დაირღვა აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების საარჩევნო უფლება. მოსარჩელეთა მოთხოვნით არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობა.
9. „აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში აფხაზეთიდან არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრების შეყვანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებასთან მიმართებით, მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ბუნებრივი პროცესებისა და სადეპუტატო უფლებამოსილებათა შეწყვეტის გამო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ამჟამინდელ შემადგენლობას გამოაკლდა დეპუტატების გარკვეული რაოდენობა, რის შედეგადაც, საბჭო გადაწყვეტილების მიღების უუნარო გახდა. შესაბამისად, აქტუალური გახდა აღნიშნული ორგანოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი კვორუმის საკითხი. ამ სამართლებრივი ვაკუუმის ამოვსების მცდელობა იყო საქართველოს პარლამენტის №759-IIს დადგენილება. მოსარჩელეების აზრით, წარმომადგენლობით ორგანოში დეპუტატების ამგვარი გზით მანდატის მინიჭება ეწინააღმდეგება მოქალაქეთა კონსტიტუციით მინიჭებულ საარჩევნო უფლებას - აირჩიონ და არჩეულ იქნენ წარმომადგენლობით ორგანოში. მოსარჩელეთა მითითებით, სადავო ნორმები, აგრეთვე ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის მე-5 და მე-6 მუხლებს, რომელთა მიხედვითაც დადგენილია კონსტიტუციის უზენაესობისა და სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი.
10. მოსარჩელე მხარის განმარტებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო დღევანდელ მდგომარეობაშიც ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მთავარ მოვალეობას, არ შეუძლია კანონშემოქმედებითი საქმიანობა, ვინაიდან ამისათვის საჭირო დეპუტატების რაოდენობა არ ჰყავს. დღევანდელ მდგომარეობაშიც, მათ აფხაზეთის კონსტიტუციაში არ შეუძლიათ არანაირი ცვლილებების შეტანა, ვინაიდან არ არის საკმარისი კვორუმი. მათ აგრეთვე განმარტეს, რომ ნებისმიერი ორგანო არის არა კონკრეტული ტერიტორიის, არამედ ხალხის წარმომდგენელი და ოკუპაციის პირობებშიც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რიგებიდან შესაძლებელია უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება. მოსარჩელეები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ არჩევნების მთავარი პრინციპის პერიოდულობის დარღვევას თან სდევს დეპუტატების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. მაგალითად, აფხაზეთის კონსტიტუციის ცვლილებების შედეგად, დეპუტატს შეუძლია შეიჩეროს უფლებამოსილება, იმუშაოს სხვა სახელმწიფო თუ კერძო სექტორში და შემდგომ კვლავ გაიგრძელოს უფლებამოსილება.
11. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეებმა კონსტიტუციის მე-14 მუხლზე მსჯელობისას აღნიშნეს, რომ მათ მიმართ ხორციელდება დისკრიმინაციული მოპყრობა. მოსარჩელეებს არ აქვთ იმის უფლება, რომ თავი გამოაცხადონ დეპუტატებად და ასეთი უფლება არც სხვას არ უნდა ჰქონდეს. იმ შემთხვევაში კი, როდესაც უმაღლესი საბჭოს წევრებს ყოველგვარი ლეგიტიმაციის გარეშე აქვთ დეპუტატის უფლებამოსილება, ამით ირღვევა კანონის წინაშე თანასწორობა. ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლზე მსჯელობისას მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ის შეეხება პოლიტიკურ ცხოვრებაში თანასწორი მონაწილეობის უფლებას, სწორედ იმ ჯგუფთან მიმართებით, რომლებიც მიჩნეული არიან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებად.
12. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი აქტების სამართლებრივ ბუნებასთან დაკავშირებით, მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ ისინი, თავისი არსით, ნორმატიული შინაარსისაა, ვინაიდან განგრძობადი ხასიათი აქვს, მათი მოქმედება დროში დასრულებული არ არის და ამ აქტების საფუძველზე შექმნილი ინტიტუტი დღესაც მოქმედებს.
13. მოპასუხე მხარის პოზიციით, №782 და №783 კონსტიტუციური სარჩელები არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული სადავოდ გამხდარი პარლამენტის დადგენილებების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს იმ შემთხვევაში აქვთ უფლება მიმართონ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ მიაჩნიათ, რომ ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი არღვევს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ მათ უფლებებს. საქართველოს პარლამენტი გამოსცემს როგორც ნორმატიულ, ისე არანორმატიული ხასიათის აქტებს. სადავოდ გამხდარი აქტები არ ადგენენ ნორმატიული აქტისთვის დამახასიათებელი ქცევის ზოგად წესებს, როგორც ფორმალურ-სამართლებრივი, აგრეთვე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით.
14. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარეს არც სასამართლოს წინაშე და არც კონსტიტუციურ სარჩელში არ წარმოუდგენია არგუმენტაცია იმის საილუსტრაციოდ, რომ საქართველოს პარლამენტის დადგენილებები იწვევს მოსარჩელის დიფერენცირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას არსებითად თანასწორ პირთა ჯგუფთან მიმართებით. მოპასუხის მტკიცებით, ვინაიდან ამ ეტაპზე საბჭოში არც არჩევნების ჩატარება და არც ახალი წევრების არჩევა ხდება, შეუძლებელია დაშვების გაკეთება, თუ ვისთან მიმართებით შეიძლება იყვნენ აღნიშნული პირები დიფერენცირებულ მდგომარეობაში.
15. მოპასუხე მხარის მტკიცებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობა 1991 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სრული მოსახლეობის ჩართულობითა და ლეგიტიმური მონაწილეობით იქნა არჩეული. 1991 წლის შემდგომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები არ ჩატარებულა. ხოლო არჩევნების ჩაუტარებლობა განპირობებულია შემდეგი ობიექტური მიზეზებით: სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველომ ფაქტობრივად დროებით დაკარგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მისი იურისდიქციის განხორცილების შესაძლებლობა. ახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში მხოლოდ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაწილეობით დაკომპლექტებული უმაღლესი საბჭო დაკარგავდა ლეგიტიმურობის ხარისხს. იმ პირობებში, როდესაც შეუძლებელი იქნება აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ნების ასახვა, არჩევნების ადმინისტრირება, მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია.
16. მოპასუხემ კონსტიტუციის 38-ე მუხლთან მიმართებით აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლისგან განსხვავებით, 38-ე მუხლი ეხება პირთა კონკრეტულ წრეს და სპეციფიკურ ურთიერთობებს, ამ მუხლის ფარგლებში აკრძალულია დიფერენცირება ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი კუთვნილებით. იმისათვის, რომ პირმა იდავოს 38-ე მუხლის დარღვევაზე, უნდა მიეკუთვნებოდეს ზემოაღნიშნულ იდენტიფიცირებად ჯგუფს და მისი სწორედ ასეთი კუთვნილების საფუძვლით განიცდიდეს დისკრიმინაციულ მოპყრობას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები არ წარმოადგენენ საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლით დაცული უფლების სუბიექტს და არც სადავო ნორმები ექცევა კონსტიტუციის ამ მუხლით მოწესრიგებული ურთიერთობის სფეროში.
17. მოპასუხე აგრეთვე მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლი არ ადგენს უფლებრივი შინაარსის მქონე გარანტიას, არამედ იგი ავალდებულებს საქართველოს იურისდიქციაში მყოფ ყველა პირს, დაემორჩილოს შესაბამის საკანონმდებლო მოთხოვნებს და ადგენს ზღვარს უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებისას.
18. საქმის განხილვაში სპეციალისტის სტატუსით მონაწილე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელმა გია წუწუნავამ თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად, ვინაიდან სადავო ნორმები არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს. სადავო დადგენილებები მითითებას აკეთებს პერსონებზე და მისი დანართი წარმოადგენს დეპუტატთა სიას, რომელთა უფლებამოსილებაც ცნეს და რომლებსაც შემდგომ გაუგრძელდათ უფლებამოსილება. ამავე დროს, სადავო აქტი არ არის მრავალჯერადი გამოყენების ქცევის წესი. სპეციალისტმა განმარტა, რომ უმაღლესი საბჭოსთვის უფლებამოსილების აღდგენის მიზანი იყო აფხაზეთში არსებულიყო ლეგიტიმური ორგანო და ასეთი ორგანო შესაძლოა ყოფილიყო მხოლოდ აფხაზეთში ჩატარებული არჩევნების შედეგად არჩეული დეპუტატები. ხოლო დღევანდელ პირობებში არჩევნების ჩატარებას არ ექნება მაღალი ლეგიტიმაცია, ვინაიდან არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღება განსახილველად, თუ მასში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
2. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები წარმოადგენენ ფიზიკურ პირებს. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო ფიზიკური და იურიდიული პირების სარჩელის საფუძველზე, იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. შესაბამისად, №782 და №783 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად სასამართლომ უნდა გამოარკვიოს სადავო დებულებების სამართლებრივი ბუნება, კერძოდ, არის თუ არა ისინი ნორმატიული შინაარსის.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნორმატიული აქტის სამართლებრივ ბუნებას განსაზღვრავს კონკრეტული კრიტერიუმები, კერძოდ, „ნორმატიულ აქტს აქვს საყოველთაობის პრეტენზია, იგი მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი და ასეთად რჩება იგი ამ წრის გვარეობითი ნიშნით იდენტიფიკაციის შემთხვევაშიც. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ეხება როგორც კონკრეტულ პირს, ისე მისი გამოცემის მომენტში განსაზღვრულ ან განსაზღვრებად პირთა ჯგუფს. ნორმატიული აქტი თავისი ბუნებით აბსტრაქტულ, საერთო ნორმას წარმოადგენს და დაკავშირებულია არა რაიმე კონკრეტულ მოვლენასთან ან შემთხვევასთან, არამედ თავის იურიდიულ მნიშვნელობას ინარჩუნებს მთელი რიგი ანალოგიური შემთხვევების მიმართ. მის საფუძველზე შესაძლებელია წარმოიშვას კონკრეტული შემთხვევის განუსაზღვრელი რაოდენობა. სწორედ ამაში მდგომარეობს ნორმატიული აქტის მრავალჯერადი გამოყენების თვისება. ამდენად, ნორმატიული აქტი, როგორ ქცევის ზოგადი წესი, მიმართულია მისი გამოცემის დროს განუსაზღვრელი ოდენობის ურთიერთობის განუსაზღვრელი რაოდენობის მონაწილეებისაკენ. განსხვავებით ნორმატიული აქტისგან, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი ხასიათდება თავისი შინაარსის კონკრეტულობით. იგი კონკრეტულ ურთიერთობას (შემთხვევას) ეხება. ამ თვალსაზრისით ერთჯერადი გამოყენების ნორმატიული აქტი ყოველთვის ზოგადი (აბსტრაქტულ-გენერალური) სახის აქტია, რაც არ შეიძლება ითქვას ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის შესახებ, რომელიც გამოიცემა ნორმატიული აქტის კონკრეტიზაციისა და ინდივიდუალიზაციისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 9 ნოემბრის №1/7/436 განჩინება საქმეზე „შპს „კავკასუს ონლაინი“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-5).
4. მოსარჩელე მხარის მიერ სხვა ნორმებთან ერთად სადავოდ არის გამხდარი №662-IIს დადგენილების (№782 კონსტიტუციურ სარჩელზე) და №759-IIს დადგენილების (№783 კონსტიტუციურ სარჩელზე) კონსტიტუციურობა.
5. №782 კონსტიტუციური სარჩელში №662-IIს დადგენილება სადავოდ არის გამხდარი სრულად. აღნიშნული დადგენილების პრეამბულის თანახმად: „1994 წლის 10 მარტს საქართველოს პარლამენტმა დაითხოვა აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო. აღნიშნული ნულოვანი ვარიანტი ქმნიდა იმის პირობებსაც, რომ აფხაზეთში ეთნოწმენდის შედეგად გამოძევებული ასიათასობით დევნილის დაბრუნების შემდეგ განისაზღვრებოდა აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი, მსოფლიოს მიერ ცნობილი, გაეროს რეზოლუციებით არაერთხელ დადასტურებული ქართული სახელმწიფოს ფარგლებში და მომზადდებოდა საფუძველი აფხაზეთში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. მიუხედავად ამისა, ყოველგვარ ლეგიტიმურობას მოკლებულმა, ეროვნული უპირატესობის ნიშნით, წინასწარი საპარლამენტო უმრავლესობის გარანტიით, მოსახლეობის უმცირესი ნაწილის მიერ 1991 წელს აფხაზეთის ასსრ უმაღლეს საბჭოში არჩეულმა გუდაუთის სეპარატისტულმა დაჯგუფებამ კვლავ უკანონოდ გააგრძელა ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს სახელით მოქმედება, უფრო მეტიც, მიიღო ე.წ. კონსტიტუცია, აირჩია პრეზიდენტი, გამოაცხადა აფხაზეთის რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკად და საერთაშორისო სამართლის სუბიექტად. აფხაზეთის ასს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იმ დეპუტატებმა, რომლებიც რეალურად გამოხატავენ აფხაზეთის მრავალეროვანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ინტერესებს, ჯერ კიდევ შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე შეაჩერეს საქმიანობა ხელისუფლების უმაღლეს ორგანოში გუდაუთის სეპარატისტული დაჯგუფების ანტიკონსტიტუციური საქმიანობისადმი პროტესტის ნიშნად. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მათ 1995 წლის იანვარში განაახლეს მუშაობა და სთხოვეს საქართველოს პარლამენტს კომპეტენციის დადასტურება. საქართველოს პარლამენტს მიაჩნია, რომ აფხაზეთში არსებული ხელისუფლების ვაკუუმი სეპარატისტთა დაჯგუფებას საშუალებას აძლევს გაიხანგრძლივოს დანაშაულებრივი უზურპატორული საქმიანობა, არ დაუშვას დევნილთა დაბრუნება, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და საქართველოს იურისდიქციის ფაქტობრივი აღდგენა აფხაზეთის რეგიონში”.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პრეამბულა მიმართულია, კონკრეტიზაციის გარეშე, კანონის იდეის და მიზნების დეკლარირებაზე, ამიტომაც გამოიყენება კანონის ინტერპრეტაციისათვის, მისი განმარტება შესაძლებელია კომპლექსურად კანონის ნორმებთან ერთად. პრეამბულა წარმოადგენს მექანიზმს, საშუალებას იმისა, რომ სამართლებრივი ძალა მიეცეს იმ იდეას, ლოგიკას, რომელსაც ეფუძნება კონკრეტული სამართლებრივი აქტი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 4 აპრილის №1/2/534 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ტრისტან მამაგულაშვილი და ფირუზ ვანიევი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
7. პრეამბულის ნორმატიულ აქტად მიჩნევასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ამ შემთხვევაში „გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ის უშუალოდ ადგენდეს სავალდებულო ხასიათის ქცევის წესს, განაპირობებდეს პირთა წრეზე კონკრეტული ურთიერთობების გარდაუვლად გავრცელებას, იწვევდეს შესაბამისი უფლებების ან/და ვალდებულებების გაჩენას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 4 აპრილის №1/2/534 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ტრისტან მამაგულაშვილი და ფირუზ ვანიევი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).
8. განსახილველ შემთხვევაში №662-IIს დადგენილების პრეამბულა ახდენს დადგენილების მიღებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების კონსტატაციას. აღნიშნული პრეამბულა არ შეიცავს რაიმე სახის მოწესრიგებას, არ ადგენს ქცევის წესს, არ იწვევს რაიმე წესის პირთა რომელიმე ჯგუფისადმი გავრცელებასა და უფლება-მოვალეობების წარმოშობას. შესაბამისად, №662-IIს დადგენილების პრეამბულა არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისთვის და მისი კონსტიტუციურობის შეფასება არ წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯად საკითხს.
9. №662-IIს დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით და საკანონმდებლო ორგანოდ – უმაღლეს საბჭოდ – ცნობილი იქნეს 1991 წელს აფხაზეთის ასსრ უმაღლეს საბჭოში არჩეული ის დეპუტატები, რომლებიც რეალურად გამოხატავენ აფხაზეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ინტერესებს და არ მონაწილეობდნენ გუდაუთის სეპარატისტულ დაჯგუფებასთან ერთად ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში (სია თან ერთვის)“. ამავე დადგენილებას თან ერთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 1991 წლის ოქტომბერში არჩეულ დეპუტატთა სია. ანალოგიურად, №759-IIს დადგენილება ადგენს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში კოოპტაციის წესით აფხაზეთიდან არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრების შეყვანას. როგორც №662-IIს დადგენილების პირველი მუხლი და ამავე დადგენილების თანდართული სია, ისე №759-IIს დადგენილება არ ადგენს პირთა განუსაზღვრელი წრისკენ მიმართულ ქცევის ზოგადსავალდებულო, მრავალჯერადი გამოყენების წესს. აღნიშნული სადავო დებულებები მიმართულია კონკრეტული პირთა წრის მიმართ. კერძოდ, №662-IIს დადგენილება უშუალოდ განსაზღვრავს იმ პირთა კონკრეტულ წრეს, რომელთა უფლებამოსილების ცნობაც ხდება აღნიშნული დადგენილებით. ესენი არიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 1991 წლის ოქტომბერში არჩეული დეპუტატები. ასევე, №759-IIს დადგენილება მიმართულია კონკრეტული პირთა წრის, კერძოდ, აფხაზეთიდან არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ. დადგენილება არ ითვალისწინებს პერიოდულად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შევსებას საქართველოს პარლმენტის წევრების მიერ, აწესრიგებს ერთ კონკრეტულ არჩევნებში აფხაზეთიდან არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრებთან დაკავშირებულ ურთიერთობას და ადგენს, რომ აღნიშნული პირები კოოპტაციის წესით უნდა იქნენ შეყვანილი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №662-IIს დადგენილების პირველი მუხლი და აღნიშნული დადგენილების თანდართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 1991 წლის ოქტომბერში არჩეულ დეპუტატთა სია, ასევე №759-IIს დადგენილება არ წარმოადგენენ ნორმატიულ აქტებს საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისთვის.
10. №662-IIს დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, „გაეროს წევრ სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ეთხოვოთ თავი შეიკავონ ყოველგვარი ურთიერთობისაგან ეთნიკურ წმენდაში – გენოციდში დამნაშავე აგრესიულ - სეპარატისტულ რეჟიმთან (გუდაუთის დაჯგუფებასთან), გარდა სამშვიდობო პროცესის მონაწილე ოფიციალური პირებისა, შუამავლებისა და დამკვირვებლებისა, რომელთაც ყველა პირობა უნდა შეექმნათ სამშვიდობო მოღვაწეობისათვის კონფლიქტის მოსაწესრიგებლად“. აღნიშნული დებულება ადგენს არა რაიმე სავალდებულო ქცევის წესს, არამედ წარმოადგენს მიმართვას გაეროს წევრი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი - თავი შეიკავონ ყოველგვარი ურთიერთობისაგან ეთნიკურ წმენდაში – გენოციდში დამნაშავე აგრესიულ - სეპარატისტულ რეჟიმთან (გუდაუთის დაჯგუფებასთან). ამდენად, №662-IIს დადგენილების მე-4 მუხლი არ შეიცავს მოწესრიგებას და არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისთვის.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №782 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება №662-IIს დადგენილების პრეამბულის, პირველი და მე-4 მუხლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 1991 წლის ოქტომბერში არჩეულ დეპუტატთა თანდართული სიის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 38-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, 44-ე მუხლის მე–2 პუნქტთან მიმართებით და №783 კონსტიტუციური სარჩელი არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
13. როგორც აღინიშნა, №782 კონსტიტუციურ სარჩელში №662-IIს დადგენილების კონსტიტუციურობა სადავოდ არის გამხდარი სრულად. აღნიშნული დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად, დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე დასაბუთება აღნიშნული ნორმის არაკონსტიტუციურობის თაობაზე. შესაბამისად, №782 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება №662-IIს დადგენილების მე-5 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 38-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, 44-ე მუხლის მე–2 პუნქტთან მიმართებით დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
14. №782 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე მოთხოვნილია №662-IIს დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლების, აგრეთვე №543-რს დადგენილების სიტყვების „გაუგრძელდეს უფლებამოსილების ვადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის ფაქტობრივ აღდგენამდე“ არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. თუმცა, სარჩელში საერთოდ არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, თუ რა გარემოებები განაპირობებს კონსტიტუციის ხსენებული დებულების დარღვევას. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში №782 კონსტიტუციურ სარჩელი დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
15. №782 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს №662-IIს დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 38-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. ხსენებული სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას მოსარჩელე მხარე ითხოვს იმდენად, რამდენადაც მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსათვის უფლებამოსილების გაგრძელება და ახალი არჩევნების ჩაუტარებლობა მის კონსტიტუციურ უფლებებს არღვევს. №662-IIს დადგენილების მე-2 მუხლი ადგენს: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ თავისი საქმიანობა წარმართოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 1978 წლის კონსტიტუციის და იმ საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კანონმდებლობას; შექმნას აუცილებელი სამართლებრივი ბაზა, რაც უზრუნველყოფს ავტონომიური რესპუბლიკის ყველა სტრუქტურის ნორმალურ ფუნქციონირებას და აფხაზეთში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად სათანადო ნორმატიული ბაზის შექმნას“. ხოლო მე-3 მუხლის თანახმად: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს მიენიჭოს უფლებამოსილება მონაწილეობა მიიღოს აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებულ ყველა მოლაპარაკებაში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული დელეგაციის თანხმობის გარეშე ბათილად ჩაითვალოს აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელშეკრულება, შეთანხმება და განცხადება“.
16. აშკარაა, რომ №662-IIს დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლები აწესრიგებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ზოგად უფლებამოსილებებს. ხსენებული უფლებამოსილებები არ არის დაკავშირებული მისი წევრების ვინაობასთან, მათი უფლებამოსილების ვადასთან ან/და დანიშვნის/არჩევის წესთან. მოსარჩლე არ მიუთითებს, რომ ხსენებული სადავო ნორმის საფუძველზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსათვის რომელიმე უფლებამოსილების მინიჭება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მისთვის პრობლემური მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გაგრძელებაა. შესაბამისად, აშკარაა, რომ მოსარჩლის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა №662-IIს დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლებიდან არ მომდინარებს.
17. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება №662-IIს დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 38-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, N782 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
18. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის №543-რს დადგენილების სიტყვების „გაუგრძელდეს უფლებამოსილების ვადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის ფაქტობრივ აღდგენამდე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფებიან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს იმ დეპუტატებთან მიმართებით, რომელთაც გაუგრძელდათ უფლებამოსილება. მათი აზრით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ისეთივე არალეგიტიმური თანამდებობის პირები არიან, როგორიც იქნებოდნენ პირები, რომლებსაც საერთოდ არ მიუღიათ მონაწილეობა არჩევნებში.
19. კონსტიტუციის მე-14 მუხლთან სადავო ნორმის შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორი პირებისაგან განსხვავებულად ეპყრობა ან ადგენს არსებითად არათანასწორი პირების მიმართ ერთნაირ მოპყრობას. „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).
20. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „მე-14 მუხლზე მსჯელობისას პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება #2/1/536 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-17). სადავო ნორმით მოწესრიგებულია 1991 წელს არჩეული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისათვის უფლებამოსილების გაგრძელების საკითხი. შესაბამისად, მოსარჩლე მხარე ვალდებულია დაასაბუთოს, რომ ამ ურთიერთობის მიზნებისათვის იგი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების არსებითად თანასწორია.
21. აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს დეპუტატების ლეგიტიმაციის წყაროს წარმოადგენს აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე 1991 წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნები, რის საფუძველზეც ისინი მოხვდნენ წარმომადგენლობით ორგანოში და, ამავდროულად, ამის შემდგომ, მოხდა პარლამენტის მიერ მათი უფლებამოსილების ცნობა. საპირისპიროდ, მოსარჩელეები არ ყოფილან არჩეული ხალხის მიერ, მათი უფლებამოსილების ცნობა არ მომხდარა საქართველოს პარლამენტის მხრიდან, არასდროს ახორციელებდნენ საკანონმდელო საქმიანობას და არ ყოფილან წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები. აქედან გამომდინარე, უფლებამოსილების ვადის გაგრძელებასთან მიმართებით, მოსარჩელეები, რომლებსაც არასდროს უსარგებლიათ სადეპუტატო მანდატით, ვერ იქნებიან განხილულნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების თანასწორ სუბიექტებად. ამასთან, მოსარჩელე მხარეს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია დამატებითი არგუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა სადავო ნორმის შინაარსობრივ მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებასთან.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №782 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება №543-რს დადგენილების სიტყვების „გაუგრძელდეს უფლებამოსილების ვადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის ფაქტობრივ აღდგენამდე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველზე.
23. მოსარჩელე მხარე, №782 კონსტიტუციური სარჩელით აგრეთვე ითხოვს №543-რს დადგენილების სიტყვების „გაუგრძელდეს უფლებამოსილების ვადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის ფაქტობრივ აღდგენამდე“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ კონსტიტუციის 28-ე მუხლი იცავს მათ უფლებას, აირჩიონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ან/და არჩეულ იქნენ დეპუტატად. შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩაუტარებლობით მათი კონსტიტუციური უფლება ირღვევა. №543-რს დადგენილება ახდენს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების გაგრძელებას. სადავო ნორმით არ წესრიგდება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებული ურთიერთობები, აღნიშნული არჩევნების ჩატარების პერიოდულობა და არც ხსენებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს არჩევნების დანიშვნას. ამრიგად, მოსარჩელეების მიერ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება სადავო ნორმის შინაარსის და მისგან მომდინარე შეზღუდვის არასწორ აღქმას. შესაბამისად, №782 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება №543-რს დადგენილების სიტყვების „გაუგრძელდეს უფლებამოსილების ვადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის ფაქტობრივ აღდგენამდე“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
24. მოსარჩელე მხარე, №543-რს დადგენილების სიტყვების „გაუგრძელდეს უფლებამოსილების ვადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის ფაქტობრივ აღდგენამდე“ არაკონსტიტუციურად ცნობას ასევე ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, ისევე როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში მყოფ დეპუტატებს, კონსტიტუციური ნორმა აღჭურავს პოლიტიკურ ცხოვრებაში თანასწორი მონაწილეობის უფლებით. აღნიშნული უფლება, მათ შორის, გულისხმობს წარმომადგენლობით ორგანოში სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობასაც. შესაბამისად, ვინაიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის უფლებამოსილების მანდატის მოქმედება აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის ფაქტობრივ აღდგენამდე გაგრძელდა, ამ დრომდე მოსარჩელეებს შესაძლებლობა არ აქვთ, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ ორგანოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მის დაკომპლექტებაში.
25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლისგან განსხვავებით, 38-ე მუხლი ეხება პირთა კონკრეტულ წრეს და სპეციფიკურ ურთიერთობებს. კერძოდ, ის ითვალისწინებს სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა თანასწორობას, ამასთან, მათი მხოლოდ ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისგან დამოუკიდებლად... საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის ძირითადი მიზანმიმართულება არის ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და ენობრივ უმცირესობებს მიკუთვნებული საქართველოს მოქალაქეების (როგორც ინდივიდუალურად, ისე ასეთ უმცირესობებს მიკუთვნებული მოქალაქეთა ჯგუფების) სწორედ ამ საფუძვლებით დისკრიმინაციის აკრძალვა და მათთვის საზოგადოებაში თავისუფალი ინტეგრირების, სრულყოფილი თვითრეალიზაციის უმრავლესობასთან თანაბარი შესაძლებლობის გარანტირება, საკუთარი იდენტურობის შენარჩუნების ხელშეწყობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 6 თებერვლის №1/1/564 განჩინება საქმეზე „შპს „მაგთიკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული მუხლის ასეთ შინაარსზე არაერთხელ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ. კერძოდ: „მისი მიზანია უმცირესობების დაცვა და უთანასწორობის დაუშვებლობა ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი ნიშნით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ); „დასახელებული მუხლი უნდა განვიხილოთ როგორც სპეციალური ნორმა, რადგანაც იგი ადგენს თანასწორობას, როგორც უმცირესობათა უფლებების დაცვის ერთ-ერთ ფორმას. უმცირესობა არის სახელმწიფოს დანარჩენ მოსახლეზე რიცხობრივად მცირე ჯგუფი, რომელსაც არ უკავია გაბატონებული პოზიცია და რომლის წევრებს ახასიათებთ ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი ნიშნები, რომლებიც მას სხვებისგან განასხვავებენ და გამოხატავს საკუთარი კულტურის, ტრადიციების, რელიგიის ან ენის შენარჩუნებისაკენ მიმართულ სოლიდარობის გრძნობას“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 31 მარტის №2/8/366 განჩინება საქმეზე „იურიდიული პირები - ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა, ვეტერანთა და ომის მონაწილეთა უფლებების დაცვის საერთაშორის კავშირი მიზანი - 2005-ის თავმჯდომარე ნოდარ ცოტნიაშვილი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
26. ამრიგად, იმისათვის, რომ პირმა იდავოს საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის დარღვევაზე, ის, პირველ რიგში, უნდა განეკუთვნებოდეს ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი ნიშნით იდენტიფიცირებად ჯგუფს და მისი სწორედ ასეთი კუთვნილების საფუძვლით დისკრიმინაციულ მოპყრობას, შედეგად, საკუთარი იდენტურობის შენარჩუნებისა და საზოგადოებაში თავისუფალი ინტეგრირების, განვითარებისთვის საფრთხის შექმნას უნდა ასაჩივრებდეს (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 6 თებერვლის №1/1/564 განჩინება საქმეზე „შპს „მაგთიკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
27. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია, რომ იგი მიეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლით გათვალისწინებულ ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიური ან ენობრივი ნიშნით იდენტიფიცირებად რომელიმე ჯგუფს და განიცდის დისკრიმინაციულ მოპყრობას აღნიშნული საფუძვლით. შესაბამისად, არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს დაანახვებდა შინაარსობრივ მიმართებას სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლით გარანტირებულ უფლებას შორის.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №782 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება №543-რს დადგენილების სიტყვების „გაუგრძელდეს უფლებამოსილების ვადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის ფაქტობრივ აღდგენამდე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
II
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №782 და №783 კონსტიტუციური სარჩელები („საქართველოს მოქალაქეები - დავით ზაქარაია და ხათუნა გადელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე