ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარდგინება
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური წარდგინება |
ნომერი | N1642 |
ავტორ(ებ)ი | ბოლნისის რაიონული სასამართლო |
თარიღი | 29 ივლისი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 100 გრამამდე (მოცემულ შემთხვევაში 9,68 გრამი) ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო. | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი - დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი; „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) წარდგინება შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ბოლნისის რაიონული სასამართლო უფლებამოსილია, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ;
გ) სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 100 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შეუსაბამოდ, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის მეოთხე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციასთან, კანონის, შესაბამისობის საკითხზე;
დ) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით;
ვ) არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა;
ზ) სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ფაქტობრივი გარემოებები:
1. 2017 წლის 20 ნოემბრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ აზატ მხითარიანს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი 262-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 18 ნოემბერს, დაახლოებით 15:45 საათზე, სომხეთიოს რესპუბლიკის მოქალაქე აზატ მხითარიანმა თავისი მართვის ქვეშ მყოფი FREGHTLINER მარკის ავტომობილით - სახელმწიფო ნომრით 74AC61 საქართველოში უკანონოდ შემოიტანა 9.68 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა, რაც დათვალიერებისას აღმოჩენილი იქნა ავტომობილის სალონში გუგუთის საბაჟო გაშვები პუნქტის თანამშრომლის მიერ.
2. აზატ მხითარიანს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - მარიხუანას უკანონო შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
აზატ მხითარიანი თავისი მართვის ქვეშ მყოფი FREGHTLINER-ის მარკის ავტომობილის სალონში უკანონოდ ინახვადა 9.68 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რაც აღმოჩენილი იქნა გუგუთის საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლის მიერ 2017 წლის 18 ნოემბერს, დაახლოებით 15:45 საათზე.
სისხლის სამართლის საქმე აზატ მიხთარიანის მიმართ არსებითად განსახილველად შემოვიდა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში 2017 წლის 22 დეკემბერს.
სამართლებრივი გარემოებები:
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო.
2. სასამართლო მხედველობაში იღებს აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომელშიც მითითებულია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს ზოგადად კონკრეტული საკითხის ნორმატიულ შინაარსზე და შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას გასაჩივრებული დებულებით განპირობებული სავარაუდო პრობლემის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე. ... შესაბამისად, კანონმდებლობაში იდენტური პრობლემის გამომწვევი ნორმის (ნორმების) შენარჩუნების შემთხვევაში, ის გადაწყვეტილების უგულებელმყოფელ და დამძლევ ნორმად ჩაითვლება“.
3. ხსენებული გადაწყვეტილების შინაარსი ცხადყოფს, რომ თავად საკონსტიტუციო სასამართლოა უფლებამოსილი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასოს, არის თუ არა კონკრეტული ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დამძლევი და, შესაბამისად, არაკონსტიტუციური.
4. მოცემულ საქმეში აზატ მხითარიანს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ - 9.68 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შემოტანა. ხსენებული ნორმა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე, რაც ამ შემთხვევაში საკონსტიტუცია სასამართლოს ზემოთხსენებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე სასჯელი არაკონსტიტუციურადაა ცნობილი.
აზატ მხითარიანს ასევე ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოციდან ორას ოც საათამდე.
5. სასამართლოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც, 70 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვის გამო პირის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ჩაითვალა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან შეუსაბამოდ, მიაჩნია, რომ არსებობს რისკი იმისა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა 100 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნით საქართველოში უკანონოდ შემოტანისათვის საპატიმრო სასჯელის (ექვსი წლიდან ცხრა წლამდე) გამოყენების შესაძლებლობას, შესაძლოა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურად იქნეს მიჩნეული.
დასკვნა:
სასამართლო მხედველობაში იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშულ მსჯელობას და მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის - 6 წლიდან 9 წლამდე - გამოყენების შესაძლებლობას მოცემულ შემთხვევაში 9.68 გრამი ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო, შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტის შეუსაბამოდ.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა