საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ირინე იმერლიშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის №3/2/1239 საოქმო ჩანაწერზე
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do3/2/1239 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | ირინე იმერლიშვილი |
თარიღი | 14 თებერვალი 2020 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ირინე იმერლიშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის №3/2/1239 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით
1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 14 თებერვლის №3/2/1239 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით.
2. წინამდებარე განსხვავებული აზრი ეთმობა იმის დასაბუთებას, რომ საქმეში სადავოდ გამხდარი ნორმა წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმას. შესაბამისად, არსებობდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისა და მისი განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზე ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორებად. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის, სადავო ნორმის მიზანმიმართულობის, მასში გამოხატული კანონმდებლის ნებისა და სამართლებრივი საშუალებების გათვალისწინებით. შინაარსობრივ მსგავსებასთან გვექნება საქმე არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნორმა სიტყვასიტყვით იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს, არამედ მაშინაც, როდესაც სადავო ნორმაში მოცემული წესი არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგის მომტანია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). გასაჩივრებული რეგულაცია „დამძლევ ნორმად“ მიიჩნევა, „როდესაც სადავო ნორმა სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, იწვევს იგივე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, შეიცავს უფლების მზღუდავ მსგავს სამართლებრივ საშუალებებს და იდენტურ სამართლებრივ შედეგს იწვევს. ამასთან, არ არსებობს სხვა ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც სადავო ნორმის ხელახალი შეფასების საფუძველს/წინაპირობას შექმნიდა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12).
4. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში უნდა შეფასებულიყო ურთიერთმიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმას შორის და დადგენილიყო მათ შორის შინაარსობრივი მსგავსება რამდენად შეიძლება ყოფილიყო საკმარისი განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზე სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადებისათვის.
5. წინამდებარე საოქმო ჩანაწერში არაერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებით სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას გამომშრალი მარიხუანის (70 გრამამდე), პირადი მოხმარების მიზნით, შეძენისა და შენახვის გამო. მოცემული საქმის ფარგლებში კონსტიტუციური წარდგინების ავტორი ითხოვს სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის გაუქმებას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას გამომშრალი მარიხუანის (6,7 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო.
6. ნათელია, რომ სხვაობა სადავო და არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმებს შორის ვლინდება, ერთი მხრივ, დასჯადი ქმედების ხასიათში, ხოლო, მეორე მხრივ, ნარკოტიკული საშუალების ოდენობებში. კერძოდ, არაკონსტიტუციური ნორმა სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას განსაზღვრავდა გამომშრალი მარიხუანის (70 გრამამდე ოდენობით) უკანონოდ შეძენისა და შენახვისთვის, ხოლო მოცემულ შემთხვევაში დასჯად ქმედებას წარმოადგენს გამომშრალი მარიხუანის (6,7 გრამის ოდენობით) საქართველოში უკანონოდ შემოტანა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს გამომშრალი მარიხუანის საქართველოში შემოტანა, ქმედების ბუნებიდან გამომდინარე, ხომ არ წარმოშობს რაიმე ისეთ დამატებით საზოგადოებრივ საფრთხეს, რაც სახეზე არ იქნებოდა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის შემთხვევაში.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ამა თუ იმ უკანონო ნივთიერების/ საგნის ფლობის, შეძენის, შენახვის დასჯადობა, როგორც წესი, დაკავშირებულია სწორედ მათი ბრუნვაში გაშვებისა და რეალიზაციის რისკებთან. ცალკეულ შემთხვევაში, კონკრეტული საგნის, ნივთის ფლობა, შეძენა, შენახვა, დამზადება რეალიზაციის მიზნების გარეშეც საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს თავად ამ ნივთიერების/ საგნის ბუნებიდან, თვისებებიდან გამომდინარე. მაგალითად, ასაფეთქებელი ნივთიერებები, რომელთა ფლობისა და შენახვის თავად ფაქტი უკვე საფრთხის შემცველი რისკის თავისთავად მატარებელია. ნარკოტიკული ნივთიერებები/საშუალებები, მათი მავნე თვისებების მიუხედავად, ასეთი თავისთავადი რისკის მატარებელი არ არის, ამიტომ მათი დამზადების, შეძენის, შენახვის და ა.შ. რეგულირება/აკრძალვა ხდება სწორედ იმ საფრთხეების გამოსარიცხად, რომელიც მათ მოხმარებას, რეალიზაციას უკავშირდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-65).
8. მოცემულ შემთხვევაშიც, სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედება – გამომშრალი მარიხუანის საქართველოში შემოტანა, მსგავსად ამავე ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა, საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელია იმდენად, რამდენადაც არსებობს მისი მოხმარების ან/და გასაღების რისკები. სწორედ აღნიშნული რისკები შეაფასა საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებით. კერძოდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარება ჯანმრთელობისთვის საზიანოა, თუმცა არაგონივრულია, პირს სასჯელის სახედ დაეკისროს თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ქმედების გამო. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ არ დასტურდებოდა კავშირი მარიხუანის მოხმარებასა და სხვა დანაშაულის ზრდას შორის. ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ 70 გრამამდე ოდენობის გამომშრალი მარიხუანა, მაღალი ალბათობით, არ მიანიშნებდა მისი რეალიზაციის მიზნებისთვის შეძენა/შენახვის გარდაუვალობაზე.
9. აღსანიშნავია, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში, გამომშრალი მარიხუანის ოდენობა არ აღემატება 6,7 გრამს, რაც გაცილებით ნაკლებია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით შეფასებულ გამომშრალი მარიხუანის ოდენობაზე - 70 გრამზე. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც, 6,7 გრამი მარიხუანა, მაღალი ალბათობით, არ მიანიშნებს მისი რეალიზაციის მიზნით საქართველოში შემოტანის გარდაუვალობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, უაღრესად ჰიპოთეტურია რისკი იმისა, რომ აღნიშნული ოდენობის მარიხუანის საქართველოში შემოტანამ საფრთხე შეუქმნას სხვა ადამიანების ჯანმრთელობას. ამასთან, არ იკვეთება სხვა ისეთი დამატებითი საფრთხე, რაც შეიძლებოდა წარმოეშვა 6,7 გრამი გამომშრალი მარიხუანის საქართველოში შემოტანას და რაც არ იარსებებდა 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვის შემთხვევაში.
10. კონსტიტუციური წარდგინებით სადავოდ მიჩნეული ნორმა იწვევს იგივე კონსტიტუციური უფლების (არაადამიანური სასჯელის გამოყენების აკრძალვა) შეზღუდვას. ამასთან, უფლების შეზღუდვა ხდება მსგავსი სამართლებრივი საშუალებთ - სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გათვალისწინებით და იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავს სამართლებრივ შედეგს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ წარმოდგენილ საქმეში სადავოდ გამხდარი ნორმა წარმოადგენს არსებითად მსგავსი შინაარსის რეგულაციას, რაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში არსებობდა საკმარისი საფუძველი, რათა გასაჩივრებული რეგულაცია მიჩნეულიყო „დამძლევ ნორმად“ და არსებითად განხილვის გარეშე, განჩინებით ყოფილიყო არაკონსტიტუციურად ცნობილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
ირინე იმერლიშვილი