ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 70 გრამამდე (მოცემულ შემთხვევაში 6,7 გრამი) ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური წარდგინება |
ნომერი | N1239 |
ავტორ(ებ)ი | ბოლნისის რაიონული სასამართლო |
თარიღი | 28 ივნისი 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) წარდგინება შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ბოლნისის რაიონული სასამართლო უფლებამოსილია, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ; გ) სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 70 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შეუსაბამოდ, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციასთან, კანონის, შესაბამისობის საკითხზე; დ) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით; ვ) არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა; ზ) სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ფაქტობრივი გარემოებები: 2017 წლის 27 აპრილის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ ნიკოლაი სომონიანს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში: ნიკოლაი სიმონიანმა უკანონოდ შეინახა ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა საერთო წონით 6,7 გრამი. მის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოვლენილი იქნა 2017 წლის 25 აპრილს საბაჟო გამშვები პუნქტის ,,სადახლოს“ თანამშრომლების მიერ ჩატარებული დათვალიერების დროს. ნიკოლაი სიმონიანს ასევე წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 25 აპრილს დაახლოებით 09:30 საათზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან ,,სადახლოს“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა ნიკოლაი სიმონიანმა, რომელმაც საქართველოში უკანონოდ შემოიტანა 6,7 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი ,,მარიხუანა“. მის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოვლენილ იქნა 2017 წლის 25 აპრილს საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სადახლოს“ თანამშრომლების მიერ ჩატარებული დათვალიერების დროს. სისხლის სამართლის საქმე ნიკოლაი სიმონიანის მიმართ არსებითად განსახილველად შემოვიდა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში 2017 წლის 10 მაისს. სამართლებრივი გარემოებები: 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო. 2. სასამართლო მხედველობაში იღებს აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომელშიც მითითებულია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს ზოგადად კონკრეტული საკითხის ნორმატიულ შინაარსზე და შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას გასაჩივრებული დებულებით განპირობებული სავარაუდო პრობლემის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე. ... შესაბამისად, კანონმდებლობაში იდენტური პრობლემის გამომწვევი ნორმის (ნორმების) შენარჩუნების შემთხვევაში, ის გადაწყვეტილების უგულებელმყოფელ და დამძლევ ნორმად ჩაითვლება“. 3. ხსენებული გადაწყვეტილების შინაარსი ცხადყოფს, რომ თავად საკონსტიტუციო სასამართლოა უფლებამოსილი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასოს, არის თუ არა კონკრეტული ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დამძლევი და, შესაბამისად, არაკონსტიტუციური. 4. მოცემულ საქმეში ნიკოლაი სიმონიანს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ - 6,7 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შენახვაში. ხსენებული ნორმა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე, რაც ამ შემთხვევაში საკონსტიტუცია სასამართლოს ზემოთხსენებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე სასჯელი არაკონსტიტუციურადაა ცნობილი. 5. ნიკოლაი სიმონიანს ასევე ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თვისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით. 5. სასამართლოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც, 70 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვის გამო პირის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ჩაითვალა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან შეუსაბამოდ, მიაჩნია, რომ არსებობს რისკი იმისა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა 70 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნით საქართველოში უკანონოდ შემოტანისათვის საპატიმრო სასჯელის ( ექვსი წლიდან ცხრა წლამდე) გამოყენების შესაძლებლობას, შესაძლოა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურად იქნეს მიჩნეული. დასკვნა: სასამართლო მხედველობაში იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშულ მსჯელობას და მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის - 6 წლიდან 9 წლამდე - გამოყენების შესაძლებლობას მოცემულ შემთხვევაში 6,7 გრამი ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო, შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტის შეუსაბამოდ. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა