ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, ნარკოტიკული საშუალება ‒ გამომშრალი მარიხუანის (9,68 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/2/1642 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 23 თებერვალი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 9 მარტი 2022 17:53 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, ნარკოტიკული საშუალება ‒ გამომშრალი მარიხუანის (9,68 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრულ ნარკოტიკული საშუალება ‒ გამომშრალი მარიხუანის (9,68 გრამის ოდენობით) პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. 2021 წლის 29 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1642) მომართა ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე ‒ თეა ლეონიძე). №1642 კონსტიტუციური წარდგინება, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2021 წლის 30 ივლისს. №1642 კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 23 თებერვალს.
2. №1642 კონსტიტუციურ წარდგინებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას.
5. №1642 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, 2017 წლის 20 ნოემბრის დადგენილებით, აზატ მხითარიანს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანის (9,68 გრამის ოდენობით) საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის. ბოლნისის რაიონულ სასამართლოში საქმე არსებითად განსახილველად შევიდა 2017 წლის 22 დეკემბერს. მოცემულ საქმეზე თანდართული დოკუმენტების თანახმად, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვის საფუძვლით, 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, შეაჩერა საქმის წარმოება ბრალდებულის მიმართ.
6. №1642 კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიუთითებს, რომ სადავო ნორმა შესაძლოა, წარმოადგენდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმას, რის გამოც იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1642 კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმას გააჩნია იგივე შინაარსი, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, ... მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ“.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტი, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პროცესის ეკონომიურობის პრინციპის დაცვას, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული საკითხი მატერიალური თვალსაზრისით სასამართლოს უკვე გადაწყვეტილი აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს არ უწევს ნორმის კონსტიტუციურობაზე საქმის არსებითი განხილვის ფორმატში განმეორებით მსჯელობა. მეორე მხრივ, ხსენებული ნორმა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი გადაწყვეტილების შესრულების ზედამხედველობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციის ეფექტურ მექანიზმს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). ამგვარად, დასახელებული ინსტიტუტი უნდა ჩაითვალოს მნიშვნელოვან მექანიზმად საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, ამ უკანასკნელის მხრიდან, მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ამ უფლებათა შემდგომი დარღვევის პრევენციისთვის.
4. სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების გარეშე ძალადაკარგულად ცნობისათვის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, აუცილებელია, სახეზე იყოს ორი წინაპირობა: (ა) სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად და (ბ) არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე არაერთხელ განმარტა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 მუხლში არსებული ტერმინი „იმავე შინაარსის ნორმა“ არ გულისხმობს სიტყვასიტყვით იგივე ფორმულირების შემცველი წესის მიღებას/არსებობას. „სადავო ნორმების მსგავსება არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, არამედ იმ სამართლებრივი შედეგის მიხედვით, რომელიც შესაძლოა სადავო ნორმებს აერთიანებდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის N1/5/525 განჩინება საქმეზე „მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). „ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორად. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის, სადავო ნორმის მიზანმიმართულების, მასში გამოხატული კანონმდებლის ნებისა და სამართლებრივი საშუალებების გათვალისწინებით. შინაარსობრივ მსგავსებასთან გვექნება საქმე არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნორმა სიტყვასიტყვით იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს, არამედ მაშინაც, როდესაც სადავო ნორმაში მოცემული წესი არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგის მომტანია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).
6. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, არის თუ არა სადავო ნორმა არსებითად იმავე შინაარსის, რაც ერთხელ უკვე იქნა არაკონსტიტუციურად ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებით და რამდენად შეიძლება, იგი მიჩნეულ იქნეს დასახელებული გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიზნებისათვის ნორმებს შორის შინაარსობრივი მსგავსების დადგენისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, „სადავო ნორმა იწვევს თუ არა იმავე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, რომელსაც არღვევდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს … გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა. ამასთან, რამდენად ხდება უფლების შეზღუდვა მსგავსი სამართლებრივი საშუალების გამოყენებით და დგება თუ არა არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/855 განჩინება საქმეზე „ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო“, II-5). შესაბამისად, ზემოხსენებული საკითხის გადასაწყვეტად, სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად გააჩნია სადავო ნორმას უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმისაგან განმასხვავებელი ნიშნები ან რამდენად არსებობს სხვა ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოება, რომელიც მისი კონსტიტუციურობის არსებითი განხილვის ფორმატში ხელახალი შეფასების საჭიროებას წარმოშობს.
7. საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენის და შენახვის გამო. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში შეფასებულ იქნა, ზოგადად. მარიხუანის, როგორც ნარკოტიკული საშუალების, მოხმარების შედეგად საზოგადოების/კონკრეტული პირის მიმართ მომდინარე საფრთხეები, მოხმარების მიზნით მისი შეძენა/შენახვის დასჯადობის ლეგიტიმური მიზნები და ამგვარი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესების პროპორციულობის საკითხი.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაში სასამართლომ სადავო ნორმით დადგენილი სასჯელის კონსტიტუციურობა შეაფასა ამ რეგულაციითვე განსაზღვრულ ლეგიტიმურ მიზნებთან კავშირის გზით, თავად სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობის გათვალისწინებით. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის ლეგიტიმურ მიზნად განისაზღვრა, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის გავრცელების პრევენციის მეშვეობით, ადამიანის ჯანმრთელობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
9. ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლომ განასხვავა საფრთხე, რომელიც უკავშირდება მომხმარებლის ჯანმრთელობას და საფრთხე, რომელსაც გამავრცელებელი უქმნის სხვის ჯანმრთელობას. საკონსტიტუციო სასამართლომ, საქმეში არსებული მასალებისა და ექსპერტების ჩვენებების საფუძველზე დაადგინა, რომ მარიხუანის მომხმარებლის ჯანმრთელობას შეიძლება მიადგეს საფრთხე, რომლის ინტენსივობა და ხარისხი სხვადასხვა გარემოებებზე შეიძლება იყოს დამოკიდებული. თუმცა ყველაზე მძიმე შედეგების გამოწვევის შემთხვევაშიც კი, სასამართლომ არაგონივრულად მიიჩნია, პირს მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ქმედების გამო (საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის №3/1/708,709,710 განჩინება, II- 16).
10. „საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, ასევე დადასტურებულად არ მიიჩნია მარიხუანის მოხმარებასა და სხვა დანაშაულის ზრდას შორის კავშირი. იმავდროულად, სასამართლომ აღნიშნა, რომ „ვინაიდან არ გამოირიცხება მარიხუანის მოხმარებით ზოგადად ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხე, მისი გავრცელება შეიძლება იყოს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებადი, მათ შორის, იწვევდეს პასუხისმგებლობას. ამიტომ, როდესაც ნარკოტიკული საშუალების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ობიექტურად აჩენს რეალურ საფრთხეს მისი არა მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის, არამედ რეალიზაციის მიზნებისთვის შეძენა/შენახვის თაობაზე, მაშინ სახელმწიფო უფლებამოსილია, დააწესოს პასუხისმგებლობა, რომლის ზომა/ხარისხი შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ნარკოტიკული საშუალების რაოდენობასთან“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის №3/1/708,709,710 განჩინება, II- 17).
11. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა, მაღალი ალბათობით, არ მიანიშნებს მისი რეალიზაციის მიზნებისთვის შეძენა/შენახვის გარდაუვალობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიუთითა, რომ „როდესაც გამოირიცხება მარიხუანის რეალიზაცია, გამოირიცხება რეალიზაციის გზით სხვათა ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხეც. შესაბამისად, უსაფუძვლო, გაუმართლებელი და არაპროპორციული ხდება პირის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით პასუხისმგებლობის გამოყენება ... კანონმდებლის ვალდებულებაა, აღჭუროს სამართალშემფარდებელი შესაბამისი ინსტრუმენტებით, რათა გამოირიცხოს ადამიანის თავისუფლებაში სახელმწიფოს ჩარევა მაშინ, როდესაც ამის რეალური საფუძველი და უკიდურესი აუცილებლობა არ არსებობს. შედეგად, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, კანონით სამართალშემფარდებლის დავალდებულება, ხოლო, მეორე მხრივ, საამისოდ შესაბამისი ბერკეტების, მექანიზმების შეთავაზება, რომ მან, ყოველ ჯერზე. გაარკვიოს მარიხუანის შეძენა/შენახვის მიზანი და მხოლოდ მაშინ, როდესაც აშკარაა რეალიზაციის/გასაღების განზრახვა, გარდაუვალობა, ჩაერიოს ადამიანის თავისუფლებაში და მოახდინოს დანაშაულის პრევენცია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-93).
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგანაც გასაჩივრებული ნორმა ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას ისეთი ქმედებისთვისაც, რომელიც რეალურად არ წარმოადგენდა სხვათა ჯანმრთელობისთვის საფრთხეს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ის არ შეიძლება ჩათვლილიყო სახელმწიფოს აუცილებელ და პროპორციულ ჩარევად ადამიანის თავისუფლებაში. „საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო პასუხისმგებლობა იმთავითვე მხოლოდ ზოგად პრევენციას ემსახურება, რომ სხვებმაც არ ჩაიდინონ ასოციალური და საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის გამომწვევი ქმედება. რაც შეეხება სხვებისთვის ზიანის მიყენების საფრთხის თავიდან ასაცილებლად პასუხისმგებლობის დაკისრებას, მაშინ, როდესაც ასეთი საფრთხე ჰიპოთეტურია ან საერთოდ არ არსებობს, ან ყოველ ჯერზე მისი არსებობის მტკიცება შეუძლებელია, სასჯელი კვლავ მხოლოდ ზოგადი პრევენციის დომინირების იმედად რჩება, რაც დაუშვებელია და გაუმართლებელი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-101).
13. მოცემულ შემთხვევაში №1642 კონსტიტუციური წარდგინების ავტორი ითხოვს, რომ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრულ ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის (9,68 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო.
14. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით, ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის, გამომშრალი მარიხუანის საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალური გრაფის და ამავე დანართის შენიშვნის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული რეგულაციის ქვეშ ექცევა გამომშრალი მარიხუანის ის ოდენობა, რომელიც აღემატება 5 გრამს და არ აღემატება 70 გრამს. ამავე კანონის მე-3 მუხლის „ჯ“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანა ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტანას. საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორია შედგება საქართველოს სახმელეთო ტერიტორიისაგან, ტერიტორიული და შიდა წყლებისაგან და საქართველოს საჰაერო სივრცისაგან. საქართველოს საბაჟო ტერიტორია აგრეთვე მოიცავს განსაკუთრებულ საზღვაო ეკონომიკურ ზონაში განლაგებული დანადგარების, ნაგებობებისა და ხელოვნური კუნძულების ტერიტორიებს, რომლებზედაც ვრცელდება საქართველოს განსაკუთრებული იურისდიქცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულია, რომ „საქართველოს საბაჟო საზღვარი ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს“.
15. აშკარაა, რომ სხვაობა სადავო და არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმებს შორის ვლინდება დასჯადი ქმედების ხასიათში. კერძოდ, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, არაკონსტიტუციური ნორმა სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას განსაზღვრავდა ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანის (70 გრამამდე ოდენობით) უკანონოდ შეძენისა და შენახვისთვის, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანის (9,68 გრამის ოდენობით) საქართველოში უკანონოდ შემოტანა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, 9,68 გრამი გამომშრალი მარიხუანის საქართველოში უკანონოდ შემოტანა, თავისი არსით, წარმოადგენს თუ არა ისეთ ქმედებას, რომლის ჩადენისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების კონსტიტუციურობა უკვე შეფასებულია საკონსტიტუციო სასამართლოს N1/4/592 გადაწყვეტილებით.
16. 1988 წლის 19 დეკემბრის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ხელმომწერ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, ავალდებულებს, იბრძოლონ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ და სისხლისსამართლებრივი რეგულირების ქვეშ მოაქციონ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის ხელშემწყობი, მასთან დაკავშირებული ქმედებები. კონვენციით აღიარებულია, რომ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვა წარმოადგენს საერთაშორისო დანაშაულებრივ საქმიანობას, რომელთან საბრძოლველადაც აუცილებელია ყველა სახელმწიფოს კოორდინირებული მოქმედება საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. ამასთან, ამავე კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „a“ (i) ქვეპუნქტი ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, სისხლისსამართლებრივი წესით დასაჯონ, მათ შორის, ისეთი განზრახი ქმედება, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო იმპორტი.
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ზოგადად, ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო ბრუნვა საერთაშორისო მასშტაბით კომპლექსურ ღონისძიებებს მოიცავს. აღნიშნული პროცესის ერთ-ერთ ტიპურ გამოვლინებას წარმოადგენს ერთი სახელმწიფოს ტერიტორიიდან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეტანა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის N3/2/1239 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის (6,7 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო“, II-20). შესაბამისად, ნათელია, რომ სადავო რეგულაციის მეშვეობით, სახელმწიფო ცდილობს, საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, აღკვეთოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანა. „ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები საზღვრის ეფექტური კონტროლის კუთხით, შედის არა მარტო ამ სახელმწიფოს, არამედ სხვა სახელმწიფოთა ინტერესებშიც. მსგავსი რეგულაციებით, ზემოხსენებული კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოები ცდილობენ, ერთიანი ძალისხმევით იბრძოლონ ნარკოტიკულ საშუალებათა გავრცელების წინააღმდეგ, არ დაუშვან ერთი სახელმწიფოს ტერიტორიიდან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების შეტანა, რაც აუცილებელია მოცემულ დანაშაულთან ეფექტურად საბრძოლველად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის N3/2/1239 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის (6,7 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო“, II-20). აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ სადავო ნორმა მიზნად ისახავს, მათ შორის, ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას საერთაშორისო მასშტაბით, რაც წარმოადგენს ერთგვარი სოლიდარობის გამოხატულებას სხვა სახელმწიფოთა მიმართ ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ერთიანი ბრძოლის საკითხში.
18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე აღნიშნა, რომ „შესაძლებელია, ერთი მხრივ, ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანის, პირადი მოხმარების მიზნით, უკანონო შეძენა და შენახვა, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების, პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანა არ იყოს ერთმანეთის იდენტური საზოგადოებრივი საფრთხის შემცველი ქმედებები. ზოგადად, ამა თუ იმ ქმედებიდან მომდინარე მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე შესაძლოა მიუთითებდეს მისი განხორციელების ფორმის აშკარა ხასიათი. სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთა უკავშირდება უსაფრთხოების მიზნით განხორციელებული შემოწმების სპეციალური ფორმების გავლას, რა დროსაც მომეტებულია პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ ფლობის გამოაშკარავების შესაძლებლობა. დასახელებული დანაშაულის აღმსრულებელი უგულებელყოფს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ ფლობის გამოაშკარავების მომეტებულ რისკს, რაც შესაძლოა, მის მიერ განხორციელებული ქმედების მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე მიუთითებდეს“ (2020 წლის 14 თებერვლის N3/2/1239 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის (6,7 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო“, II-21).
19. ზემოთქმული მსჯელობიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის დასჯადობა უკავშირდება ისეთი დამატებითი საფრთხეების პრევენციას, რომლებიც არ არის დამახასიათებელი მისი შეძენა-შენახვისთვის. შესაბამისად, გასაჩივრებული რეგულაციით დასჯადი ქმედება, მისგან მომდინარე საფრთხის თვალსაზრისით, განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოს N1/4/592 გადაწყვეტილებით შეფასებული ქმედებისაგან. ამავე დროს, მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში შეიძლება შეფასდეს, პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის საქართველოში შემოტანიდან მომდინარე დამატებითი საფრთხეები რამდენად განაპირობებს დასახელებული ქმედებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესების კონსტიტუციურობას.
20. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ შეუძლებელია, განმწესრიგებელი განხილვის ფორმატში დადგინდეს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის საკითხი. იმ ლეგიტიმური მიზნებიდან და საზოგადოებრივი საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანის (9,68 გრამის ოდენობით) საქართველოში უკანონოდ შემოტანასთან, ამ ქმედებისათვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების კონსტიტუციურობის საკითხი საჭიროებს ცალკე გამოკვლევას საქმის არსებითი განხილვის ფორმატში. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მოთხოვნა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე განმწესრიგებელ სხდომაზე სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.
21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1642 კონსტიტუციური წარდგინება აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის 41 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად ბოლნისის რაიონული სასამართლოს №1642 კონსტიტუციური წარდგინება.
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
3. №1239 და №1642 კონსტიტუციური წარდგინებები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს განხილული.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, საქართველოს პარლამენტს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში