ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის (6,4 გრამის, 6,7 გრამის და 9,68 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N3/1/1239,1642,1674 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 21 აპრილი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 21 აპრილი 2022 17:37 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, ნარკოტიკული საშუალება ‒ გამომშრალი მარიხუანის (6,4 გრამის, 6,7 გრამის და 9,68 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო.
დავის საგანი: ა) №1239 კონსტიტუციურ წარდგინებაზე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ‒ გამომშრალი მარიხუანის (6,7 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
ბ) №1642 კონსტიტუციურ წარდგინებაზე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრულ ნარკოტიკული საშუალება ‒ გამომშრალი მარიხუანის (9,68 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
გ) №1674 კონსტიტუციურ წარდგინებაზე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრულ ნარკოტიკული საშუალება ‒ გამომშრალი მარიხუანის (6,4 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1239) მომართა ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე ‒ თეა ლეონიძე). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1642) მომართა ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე ‒ თეა ლეონიძე). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის პირველ თებერვალს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1674) მომართა ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე ‒ ლევან ბარდაველიძე).
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის №3/2/1239 საოქმო ჩანაწერით, №1239 კონსტიტუციური წარდგინება არსებითად განსახილველად იქნა მიღებული. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის №3/2/1642 საოქმო ჩანაწერით, №1642 კონსტიტუციური წარდგინება მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის №3/5/1674 საოქმო ჩანაწერით, №1674 კონსტიტუციური წარდგინება არსებითად განსახილველად იქნა მიღებული. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №3/5/1674 საოქმო ჩანაწერით, №1239, №1642 და №1674 კონსტიტუციური წარდგინებები გაერთიანდა ერთ საქმედ.
3. №1239, №1642 და №1674 კონსტიტუციურ წარდგინებებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას.
6. №1239 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, 2017 წლის 27 აპრილს ნიკოლაი სომონიანს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების - 6,7 გრამი ნარკოტიკული საშუალება – გამომშრალი მარიხუანის საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის. №1642 კონსტიტუციური წარდგინების მიხედვით, 2017 წლის 20 ნოემბრის დადგენილებით, აზატ მხითარიანს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალება – გამომშრალი მარიხუანის (9,68 გრამის ოდენობით) საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის, ხოლო №1674 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, 2019 წლის 2 დეკემბრის დადგენილებით, ალეკსანდრ პეტროსიანს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალება –გამომშრალი მარიხუანის (6,4 გრამის ოდენობით) საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის.
7. კონსტიტუციური წარდგინებების ავტორები მიუთითებენ, რომ სანქციის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ისეთი ქმედებისთვის, როგორიცაა – ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანის (6,4 გრამის, 6,7 გრამის და 9,68 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანა შესაძლოა, წარმოადგენდეს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.
8. კონსტიტუციური წარდგინებების ავტორები, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დაცული სფერო და სასჯელის შეფასების კონსტიტუციური სტანდარტები
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადამიანებს აბსოლუტურად იცავს ამავე ნორმით აკრძალული ქმედებებისგან. ანუ კონსტიტუციური აკრძალვა ... [არაადამიანური და დამამცირებელი] სასჯელის გამოყენების თაობაზე ადამიანების აბსოლუტური უფლებებია, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ჩარევას. ნიშანდობლივია, რომ ეს აკრძალვა ვრცელდება ომის და საგანგებო მდგომარეობის დროსაც. შესაბამისად, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, დაუძლეველი ინტერესი, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის (ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა, სახელმწიფო უსაფრთხოება და სხვა), რომლის დასაცავადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ უფლებებში ჩარევის გამართლება. კონსტიტუციამ პოტენციური კონფლიქტი ... [მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით] დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციით დასაცავ ნებისმიერ სხვა ღირებულ ინტერესს შორის, რომლის დაცვის მუდმივი ვალდებულებაც ქვეყნის ხელისუფლებას აქვს, იმთავითვე და უპირობოდ გადაწყვიტა ადამიანის ღირსების სასარგებლოდ. ცხადია, ხელისუფლება არ თავისუფლდება კონსტიტუციური ვალდებულებისგან, დაიცვას მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები, კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნები (სახელმწიფო უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, სხვათა უფლებები, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება და სხვა), თუმცა ვერც ერთი ამ სიკეთის დაცვა ვერ გაამართლებს ... [არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას]“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება ... [არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენების] კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).
3. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, კანონმდებელს სასჯელის პოლიტიკის სფეროში მიხედულების საკმაოდ ფართო არეალი გააჩნია. ამ თვალსაზრისით, საკანონმდებლო ორგანო ახდენს ადამიანის, საზოგადოებისა და, ზოგადად, სახელმწიფოსთვის საფრთხის შემქმნელი რისკების შეფასებას და პროგნოზირებას, ისევე როგორც ამავე რისკების დამზღვევი პასუხისმგებლობის კონკრეტული სახისა და ზომის ნორმატიულად განსაზღვრას. „კანონმდებელი უფლებამოსილია, ქვეყნის კრიმინოგენური მდგომარეობის, დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების შესაბამისად შეიმუშაოს სასჯელის პოლიტიკა და დააწესოს ამა თუ იმ დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების შესატყვისი სასჯელის ზომები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს სასჯელის პროპორციულობას მხოლოდ იმ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც აშკარაა დისპროპორცია სასჯელის ზომასა და დანაშაულის სიმძიმეს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). ამდენად, „იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის არაპროპორციულობაზე მსჯელობა ... [საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან] მიმართებით, სასჯელი დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასჯელის პოლიტიკის დაგეგმვისა და შემუშავების სფეროში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადამოწმებას ექვემდებარება საკანონმდებლო თავისუფლების გარე ზღვრის დაცვა და არა იმ საკითხების განხილვა, იპოვა თუ არა კანონმდებელმა კონკრეტულ შემთხვევაში ყველაზე მიზანშეწონილი, გონივრული და ოპტიმალური გამოსავალი. სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს მხოლოდ ის თუ რამდენად არის სასჯელის კონკრეტული ზომა შეთავსებადი კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დადგენილი არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენების აკრძალვასთან.
4. როგორც აღინიშნა, ზოგადად, კანონმდებელი როგორც დემოკრატიული ლეგიტიმაციის მქონე ორგანო, თვითონ არის უფლებამოსილი, დასახული კრიმინალ-პოლიტიკური მიზნებისა და შესაბამისი გამოწვევების გათვალისწინებით, მიიღოს პრინციპული გადაწყვეტილებები დასჯადი ქმედების სავარაუდო სამართლებრივი შედეგების სახესა და მასშტაბთან დაკავშირებით. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კანონმდებლის მიხედულება ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესაბამისად სათანადო სასჯელის განსაზღვრის სფეროში არ არის შეუზღუდავი. საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს დანიშნულებაა, შემოსაზღვროს ამ სფეროში კანონმდებლის თავისუფალი მოქმედების სივრცე. საქართველოს კონსტიტუცია ადგენს იმ ჩარჩოს და მინიმალურ მოთხოვნებს, რასაც კანონმდებლის მიერ გათვალისწინებული სასჯელი, მისი სიმკაცრე უნდა აკმაყოფილებდეს. აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი. ასეთი ტიპის სასჯელები იწვევს ადამიანის ობიექტად განხილვას და უნდა შეფასდეს როგორც არაადამიანური. სწორედ აქ მთავრდება სასჯელის პოლიტიკის თავისუფლად განხორციელების სივრცე და კანონმდებელი იჭრება კონსტიტუციით აბსოლუტურად აკრძალულ სფეროში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
5. ყოველივე ზემოხსენებულის შესაბამისად, სასჯელის პროპორციულობის შეფასებისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად შეესაბამება გამოყენებული სადამსჯელო ღონისძიების სიმკაცრე დანაშაულის სიმძიმეს, მის საზოგადოებრივ საშიშროებას. თავის მხრივ, სასჯელის პროპორციულობის შეფასება, ბუნებრივია, მოითხოვს მართლწესრიგისათვის დანაშაულებრივი ქმედების ობიექტური მნიშვნელობის გაზომვას. აუცილებელია, რომ კონკრეტული ქმედებისათვის დაწესებული სასჯელი დანაშაულისგან მომდინარე საფრთხეების ადეკვატური იყოს. ღირსების კონსტიტუციური უფლების კონცეფცია კრძალავს ქმედების სიმძიმესთან აშკარად დისპროპორციულ დამოკიდებულებაში მყოფი სასჯელის გამოყენებას. დამნაშავე არ შეიძლება, გახდეს დანაშაულთან ბრძოლის ობიექტი, მისი კონსტიტუციურად დაცული სოციალური ადგილისა და პატივისცემის მოთხოვნის უფლებათა დარღვევით. ასეთ დროს, „ამ თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია, სადამსჯელო ღონისძიებასა და სასჯელის მიზნებს შორის ურთიერთმიმართების დადგენა. სწორედ სასჯელის მიზნები და აკრძალული ქმედებით გამოწვეული საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი აძლევს კანონმდებელს სადამსჯელო ღონისძიების გამოყენებისა და, ზოგადად, სასჯელის პოლიტიკის შემუშავების ლეგიტიმაციას. შესაბამისად, აშკარად არაპროპორციული, არაადამიანური სასჯელის იდენტიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია, განისაზღვროს გამოყენებული სადამსჯელო ღონისძიების მიზნები და აკრძალული ქმედებით გამოწვეული საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხსა და სასჯელის სიმკაცრეს შორის ურთიერთმიმართება. იმ შემთხვევაში, თუ აკრძალული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი არის იმდენად დაბალი, რომ ვერ ამართლებს მკაცრი სადამსჯელო ღონისძიების გამოყენებას, აშკარა ხდება, რომ სახეზეა არაადამიანური სასჯელი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
2. სადავო ნორმების შინაარსისა და შესაფასებელი მოცემულობის განსაზღვრა
6. №1239, №1642 და №1674 კონსტიტუციური წარდგინებების ავტორები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრულ ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის (6,4 გრამის, 6,7 გრამის და 9,68 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჯ“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანა ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტანას. საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორია შედგება საქართველოს სახმელეთო ტერიტორიისაგან, ტერიტორიული და შიდა წყლებისაგან და საქართველოს საჰაერო სივრცისაგან. საქართველოს საბაჟო ტერიტორია აგრეთვე მოიცავს განსაკუთრებულ საზღვაო ეკონომიკურ ზონაში განლაგებული დანადგარების, ნაგებობებისა და ხელოვნური კუნძულების ტერიტორიებს, რომლებზედაც ვრცელდება საქართველოს განსაკუთრებული იურისდიქცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულია, რომ „საქართველოს საბაჟო საზღვარი ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს“.
8. მოცემულ საქმეზე სადავოდაა გამხდარი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის შემდეგი ოდენობები – 6,4 გრამი, 6,7 გრამი და 9,68 გრამი. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალური გრაფის და ამავე დანართის შენიშვნის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამომშრალი მარიხუანის დასახელებული ოდენობები წარმოადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ სადავო ნორმა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას აწესებს, მათ შორის, ისეთი ქმედებისთვის, როგორიცაა – ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანის (6,4 გრამის, 6,7 გრამის და 9,68 გრამის ოდენობით) საქართველოში უკანონოდ შემოტანა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციური წარდგინებების ავტორები მიუთითებენ პირადი მოხმარების (და არა რეალიზაციის) მიზნებისთვის დასახელებული ოდენობების გამომშრალი მარიხუანის საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის დაწესებული სასჯელის არაპროპორციულობაზე.
9. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოცემული დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაფასებელ მოცემულობას წარმოადგენს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების კონსტიტუციურობა ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანის (6,4 გრამის, 6,7 გრამის და 9,68 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო.
10. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტების მიხედვით, სასჯელი იმ შემთხვევაში ჩაითვლება აშკარად არაპროპორციულად, თუ აკრძალული ქმედებიდან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი და სადამსჯელო ღონისძიების სიმკაცრე აშკარად არათანაზომიერ დამოკიდებულებაში იქნება ერთმანეთთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს სადავო ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევის სიმძიმისა და გამოყენებული სასჯელის ურთიერთმიმართება. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასჯელის პროპორციულობის შეფასებისას „პირველ რიგში, უნდა დადგინდეს სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედების კრიმინალიზების მიზნები. ამის შემდეგ უნდა გაირკვეს ამ ქმედებისთვის გათვალისწინებული სასჯელის კონკრეტული ზომა არის თუ არა დასახელებული ლეგიტიმური მიზნების ვარგისი და პროპორციული საშუალება და უზრუნველყოფს თუ არა თავად სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობას“ („საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
3. გამომშრალი მარიხუანის (6,4 გრამის, 6,7 გრამის და 9,68 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის სასჯელის დაწესების მიზნები
11. ზოგადად, მარიხუანის, ისევე როგორც სხვა ნარკოტიკული საშუალებების, საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის სასჯელის დაწესება მიზნად ისახავს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციას. 1988 წლის 19 დეკემბრის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ხელმომწერ სახელმწიფოებს, მათ შორის, საქართველოს ავალდებულებს, იბრძოლონ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ და სისხლისსამართლებრივი რეგულირების ქვეშ მოაქციონ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის ხელშემწყობი, მასთან დაკავშირებული ქმედებები. კონვენციით აღიარებულია, რომ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვა წარმოადგენს საერთაშორისო დანაშაულებრივ საქმიანობას, რომელთან საბრძოლველადაც აუცილებელია ყველა სახელმწიფოს კოორდინირებული მოქმედება საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. ამასთან, ამავე კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „a“ (i) ქვეპუნქტი ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, სისხლისსამართლებრივი წესით დასაჯონ, მათ შორის, ისეთი განზრახი ქმედება, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო იმპორტი.
12. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნარკოტიკული საშუალებების ლეგალური ბრუნვიდან ამოღება არ წარმოადგენს სახელმწიფოს თავისთავად, თვითკმარ მიზანს. „ამა თუ იმ ნივთიერების/საშუალების თავისუფალი ბრუნვიდან ამოღების ამოცანა თავისთავად ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურ მიზნად. მარიხუანის, ისევე როგორც სხვა ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების პრევენცია კონსტიტუციით დაცული სიკეთის - ადამიანის ჯანმრთელობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას უნდა უკავშირდებოდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-73). ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, მათ შორის, საპატიმრო სასჯელების დაწესებით, ემსახურება ნარკოდანაშაულის რიცხვის ზრდის თავიდან აცილებას, სხვა დანაშაულისა და ასოციალური ქცევის პრევენციას, შედეგად საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვას/გაუმჯობესებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-67). შესაბამისად, „სახელმწიფო უფლებამოსილია, არეგულიროს ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვა მათი მოხმარებისგან მომდინარე ჯანმრთელობის დაზიანების თუ სხვა საფრთხეებისგან საზოგადოების დაცვის მიზნით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22).
13. განსახილველ შემთხვევაშიც გამომშრალი მარიხუანის (6,4 გრამის, 6,7 გრამის და 9,68 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის სასჯელის დაწესება მიზნად ისახავს ჯანმრთელობის დაცვას (როგორც უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის, ასევე მთლიანად საზოგადოების), საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას საერთაშორისო მასშტაბით, რაც ასევე ემსახურება სხვა სახელმწიფოთა ინტერესებს. საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობას თითოეულ დასახელებულ მიზანთან მიმართებით ცალ-ცალკე შეაფასებს.
3.1. თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ჯანმრთელობის დაცვის მიზნით
14. ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანის საქართველოში უკანონოდ შემოტანა აჩენს მისი მოხმარების და ამ გზით მისი მომხმარებლის ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე შეფასებული აქვს ის საფრთხეები, რომლებიც მარიხუანის მოხმარებით შეიძლება მიადგეს ადამიანის ჯანმრთელობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"). აღნიშნულ გადაწყვეტილებებში სასამართლომ მიუთითა, რომ მარიხუანის მოხმარება, პოტენციურად, ჯანმრთელობისთვის საფრთხის მატარებელია. „მიუხედავად იმისა, რომ როგორც ნარკოდამოკიდებულების ჩამოყალიბება, ისე კონკრეტული ზიანის დადგომა, ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ხარისხი დამოკიდებულია როგორც ყოველი მომხმარებლის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, ისე მოხმარების ხანგრძლივობაზე, თავისთავად, ასეთი საფრთხეების გამორიცხვა, უგულებელყოფა არ შეიძლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-76).
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ამა თუ იმ ქმედების მიმართ სასჯელის დაწესებას შემაკავებელი ეფექტი აქვს და მისი ჩადენის პრევენციას ემსახურება. შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დასჯადობა თავად მისი მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვისკენ არის მიმართული. აშკარაა, რომ ამა თუ იმ ნივთიერების მოხმარების მართლსაწინააღმდეგოდ გამოცხადება და მისი მოხმარებისთვის სასჯელის დაწესებას გააჩნია შემაკავებელი ეფექტი მოხმარების მიმართ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34). ამ თვალსაზრისით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ნათელია კავშირი მარიხუანის საქართველოში შემოტანის დასჯადობასა და უშუალოდ მარიხუანის მომხმარებლის ჯანმრთელობას შორის.
16. თავისუფლების აღკვეთა დაკავშირებულია ადამიანის თავისუფლების კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვასთან. იგი ინდივიდის ფიზიკურ თავისუფლებაში ჩარევის ყველაზე მძიმე ფორმას წარმოადგენს. თავის მხრივ, პიროვნების თავისუფლება კონსტიტუციურ უფლებათა არქიტექტურაში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს, მათ შორის, არის სხვა კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებათა პრაქტიკული რეალიზაციის წინაპირობა. ადამიანის თავისუფლებაში სახელმწიფოს შეჭრა მხოლოდ მაშინაა დასაშვები, როცა იგი საჭიროა სხვათა და საზოგადოების დასაცავად პროპორციულობის პრინციპის მხედველობაში მიღებით. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს სასჯელის ყველაზე მკაცრ სახეს, ადამიანის თავისუფლებაში ჩარევა განსაკუთრებით მნიშვნელოვან მიზეზებზე მითითებას მოითხოვს. მაქსიმალურად დასაბუთებული უნდა იყოს, რომ მისი გამოყენება ხდება მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად. „თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს რა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ზოგადად, სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მისი უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებაზე ორიენტირებული. ამასთან, უნდა იგულისხმებოდეს არა მხოლოდ მოსამართლის მიერ მისი ასეთი მიდგომით გამოყენება, არამედ კანონის დონეზეც ამა თუ იმ ქმედებისთვის სასჯელის სახით პატიმრობის მხოლოდ იმ შემთხვევაში გათვალისწინება, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია ქმედების სიმძიმის, გამოწვევადი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა. ამასთან, მაშინაც კი, როდესაც პირის ქმედების რეგულირება აუცილებელია, თუ პასუხისმგებლობის სხვა ზომები/სახეები ობიექტურად საკმარისია კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად, კანონი უნდა უბიძგებდეს სამართალშემფარდებელს, სწორედ არასაპატიმრო ალტერნატივების გამოყენებისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-96).
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სრულწლოვანი პირის დასჯა თავისუფლების აღკვეთით საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გამო გაუმართლებელია. „საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ემსახურება მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს, რომ სხვამაც არ ჩაიდინოს იგივე ქმედება და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს. მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანი, კონსტიტუციური გამაშუალებლის ანუ პროპორციულობის გარეშე მიემართება კონკრეტულ ინდივიდს და აქცევს მას ძალაუფლების ობიექტად, რადგან სასჯელი ლეგიტიმაციას არ იღებს ქმედებისგან, მას არ ამართლებს პირის ქმედებიდან მომდინარე საშიშროება. ამგვარად, ადამიანი იქცევა ინსტრუმენტად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რაც გარდაუვლად იწვევს მისი ღირსების ხელყოფას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-83). „ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციის შეუსაბამოა პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ. უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-84). შესაბამისად, განსახილველ საქმეზეც, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესებას ვერ გაამართლებს სახელმწიფოს მიზანი - ამ გზით დაიცვას პირი საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებისგან.
18. ამავდროულად, სადავო ნორმით დადგენილი ღონისძიების ეფექტი მხოლოდ უშუალოდ მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვით არ შემოიფარგლება. „ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვა კომპლექსურ ღონისძიებებს მოიცავს. აღნიშნულ პროცესს თან ახლავს სხვადასხვა ხელშემშლელი და ხელშემწყობი ფაქტორები. ამ ბრუნვის მონაწილეა როგორც ნარკოტიკული საშუალების დამამზადებელი, მწარმოებელი, მომყვანი, ასევე მისი გამსაღებელი, შემძენი და მომხმარებელი. ბრუნვის ნებისმიერი მონაწილე, გარკვეული ხარისხით, ხელს უწყობს ამ ნივთიერებების უკანონო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-35). მარიხუანის საქართველოში უკანონოდ შემომტანი მონაწილეობს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში და ხელს უწყობს მას.
19. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის აღკვეთა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს და სახელმწიფო უფლებამოსილია, დასახელებული მიზნის მისაღწევად მიიღოს ზომები, მათ შორის, უკანონო ბრუნვის ხელშემწყობი ქმედებების აკრძალვისა და სასჯელის დაწესების გზით. „ამავე დროს, თითოეული აკრძალული ქმედების მიმართ დაწესებული სასჯელი და მისი სიმკაცრე უნდა შეესატყვისებოდეს იმ საზოგადოებრივ საშიშროებას, რომელსაც ეს ქმედება წარმოშობს. მნიშვნელოვანია, ავტონომიურად შეფასდეს უკანონო ბრუნვის ხელშემწყობი აკრძალული ქმედება და მისთვის დამახასიათებელი საზოგადოებრივი საშიშროება, აგრეთვე სადამსჯელო ღონისძიების სიმკაცრე და მისი პროპორციულობა სასჯელის მიზნებთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52). „ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა ნამდვილად ღირებული ინტერესია. ამასთან, აუცილებელია, დასახელებული მიზნის მისაღწევად გამოყენებული თითოეული ღონისძიება ავტონომიურად იყოს მიზნის მიღწევის თანაზომიერი და მისი საშუალებით მიღებულმა დადებითმა ეფექტმა გადაწონოს შეზღუდვით გამოწვეული ნეგატიური შედეგები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-53). ყურადღება უნდა მიექცეს, მათ შორის, ამკრძალავი ნორმის დარღვევის გამო ინდივიდის თავისუფლების სფეროში შეჭრასთან დაკავშირებით სასჯელის მუქარას. დაუშვებელია, რომ სასჯელი და მისი კონკრეტული სახე დასჯადად გამოცხადებული ქმედების ტიპთან და სიმძიმესთან აშკარად შეუსაბამო იყოს. კანონის ფაქტობრივი ელემენტი და სასჯელის საკანონმდებლო მოწესრიგება მატერიალური სამართლიანობის თვალსაზრისით, შესაბამის კორელაციაში უნდა იყოს.
20. ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა ბუნებრივად უკავშირდება ისეთ ქმედებებს, როგორებიცაა – ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა. შესაბამისად, ნათელია, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული ქმედების ამსრულებელს თავისი წვლილი შეაქვს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის ხელშეწყობის პროცესში. აქვე ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანა პირადი მოხმარების მიზნით, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნული ქმედება განხორციელებული გასაღების მიზნით. პირადი მოხმარების მიზნით, მარიხუანის შემოტანა აჩენს მისი გასაღებისა და ბრუნვაში მოქცევის მხოლოდ მინიმალურ, ჰიპოთეტურ რისკებს. „პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილი ნივთიერება, როგორც წესი, უშუალოდ მოხმარებისთვის არის გამიზნული. შესაბამისად, ამ მხრივაც, დაბალია დასახელებული ქმედებით სხვა პირთა ჯანმრთელობისათვის საფრთხის მიყენების რისკები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-54). ცხადია, ეს ყოველივე არ გამორიცხავს სახელმწიფოს ლეგიტიმურ შესაძლებლობას, აღკვეთოს, მარიხუანის გასაღებისა და ბრუნვაში მოქცევის მიზნით, საქართველოში შემოტანის შემთხვევები, თუმცა გასაღების მიზნის დადასტურების გარეშე იმ ოდენობის მარიხუანის საქართველოში შემოტანა, რომელიც არ აჩენს მისი გავრცელების ავტომატურ რისკს, თავისთავად, არ მიუთითებს ამ ნარკოტიკული საშუალების ბრუნვაში ხელახლა მოქცევისა და სხვა პირებისათვის ხელმისაწვდომობის საფრთხეზე.
21. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ ოდენობის მარიხუანის საქართველოში შემოტანა, რომელიც არ შეიცავს მისი გასაღების ავტომატურ საფრთხეებს, ქმნის სხვა ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის დაბალ რისკებს. ამდენად, მინიმალურია ის დადებითი ეფექტი, რასაც სახელმწიფო აღწევს დასახელებული ქმედების ამსრულებლისთვის თავისუფლების აღკვეთით. საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ გამომშრალი მარიხუანის 70 გრამამდე ოდენობით ფლობა არ მიანიშნებს მისი გავრცელების და ამ გზით სხვა პირთა ჯანმრთელობის დაზიანების მაღალ ალბათობაზე. მოცემულ საქმეზე სადავოდ გამხდარი გამომშრალი მარიხუანის ოდენობები (6,4 გრამი, 6,7 გრამი და 9,68 გრამი) მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 70 გრამს. შესაბამისად, ნათელია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მარიხუანის გავრცელების და ამ გზით სხვა პირთა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის რისკები კიდევ უფრო ჰიპოთეტურია.
22. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 6,4 გრამი, 6,7 გრამი და 9,68 გრამი გამომშრალი მარიხუანა a priori ვერ ჩაითვლება იმ ოდენობად, რომელიც არ არის განკუთვნილი მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის და რომელიც ავტომატურად ქმნის მისი გავრცელების და ამ გზით სხვა პირთა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის რისკებს. შესაბამისად, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ვერ იქნება გამართლებული სხვა პირთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.
3.2. თავისუფლების აღკვეთის გამოყენება საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით
23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები უკავშირდება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა მოხმარებაც იწვევს მასზე დამოკიდებულების სწრაფად ჩამოყალიბებას ან/და აგრესიული ქმედებების განხორციელებას. „ისეთი ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, რომელიც ადვილად იწვევს შეჩვევას ან რომლის მოხმარების შემთხვევაში პირი ხდება აგრესიული და სჩადის ძალადობრივ ქმედებებს, შეიცავს რისკებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის. აბსტინენციის პირობებში ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლები მიდრეკილი არიან დანაშაულისა თუ სხვა ანტისოციალური ქმედებების ჩადენისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-42). „ისეთი ნივთიერებების მოხმარება, რომლებიც ხასიათდება სწრაფი შეჩვევით ან რომელთა მოხმარება იწვევს პირის მიერ აგრესიულ ქმედებებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სხვა პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამგვარ ნივთიერებებთან მიმართებით აშკარაა, ერთი მხრივ, ის მყისიერი საფრთხე, რასაც აგრესიის გამომწვევი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარება წარმოშობს, მეორე მხრივ კი, ანტისოციალური, არამართლზომიერი ქმედებების ჩადენის რისკი, რომელსაც ძლიერი აბსტინენციის მდგომარეობა იწვევს. ხელშესახებია აგრესიული ქმედებების ჩადენის გამომწვევი ნივთიერებების მოხმარების დასჯის მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი. ასეთ შემთხვევაში სასწორზეა საზოგადოების უსაფრთხოება და მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესი, დაცული იყოს თითოეული საზოგადოების წევრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ნებისმიერი პირის მიერ გამოხატული ძალადობრივი და ანტისოციალური ქმედებებისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-57).
24. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთ საქმეზე მოუწია შეეფასებინა მარიხუანის მოხმარების ეფექტი და ის საფრთხეები, რომლებიც მის მოხმარებას შეეძლო შეექმნა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"). საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „არ არსებობს დადასტურებულ მეცნიერულ კვლევებზე ან ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მტკიცებულება, რომლის საფუძველზე სასამართლო დაასკვნიდა, რომ მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ქმნის პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მომეტებულ საფრთხეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36).
25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე უკვე დაადგინა, რომ მარიხუანის მოხმარება არ იწვევს მასზე დამოკიდებულების სწრაფად ჩამოყალიბებას. „№732 სარჩელის არსებით განხილვაზე მოწვეულმა, ისევე როგორც №592, №701, №722 და №725 კონსტიტუციური სარჩელების განხილვისას დაკითხულმა მოწმეებმა და სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ მარიხუანის მოხმარებამ მასზე შეჩვევა შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ მისი ხანგძლივი დროის განმავლობაში ჭარბი ოდენობით მოხმარების შემთხვევაში. მარიხუანის პერიოდული, შედარებით ნაკლებ ინტენსიური გამოყენება შეჩვევას, მასზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებას არ იწვევს. ზოგადად, ხანგრძლივი პერიოდით და დიდი ოდენობით მოხმარების შემთხვევაში შეჩვევა შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლმაც. თუმცა ალკოჰოლის მოხმარების პრაქტიკა მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მას მოიხმარს კულტურული ან/და გასართობი მიზნებისათვის, ხოლო ალკოჰოლზე დამოკიდებულება კი მხოლოდ ინდივიდუალურ შემთხვევაში ვითარდება. ამდენად, ალკოჰოლის მსგავსად, მარიხუანის შემთხვევაშიც ჰიპოთეტურია დასკვნა, რომ მისი მოხმარება აბსტინენციის ჩამოყალიბებას გამოიწვევს და აბსტინენციის მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ, ნარკოტიკული საშუალების მოპოვების მიზნით დანაშაულის ჩადენას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37).
26. იმის გათვალისწინებით, რომ მარიხუანის მოხმარება არ იწვევს მასზე დამოკიდებულის სწრაფად ჩამოყალიბებას, ასევე მისი ზემოქმედების ქვეშ, როგორც წესი, პირი არ ხდება აგრესიული და დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი, კონსტიტუციურ წარდგინებებში მითითებული ოდენობით მარიხუანის საქართველოში შემოტანისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დაწესება ვერ ჩაითვლება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებად.
3.3. თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში
27. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო ბრუნვა საერთაშორისო მასშტაბით კომპლექსურ ღონისძიებებს მოიცავს. აღნიშნული პროცესის ერთ-ერთ ტიპურ გამოვლინებას წარმოადგენს ერთი სახელმწიფოს ტერიტორიიდან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეტანა. სადავო რეგულაციის მეშვეობით სახელმწიფო ცდილობს, საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, აღკვეთოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანა. ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები საზღვრის ეფექტური კონტროლის კუთხით, შედის არა მარტო ამ სახელმწიფოს, არამედ სხვა სახელმწიფოთა ინტერესებშიც. მსგავსი რეგულაციებით ზემოხსენებული კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოები ცდილობენ, ერთიანი ძალისხმევით იბრძოლონ ნარკოტიკულ საშუალებათა გავრცელების წინააღმდეგ, არ დაუშვან ერთი სახელმწიფოს ტერიტორიიდან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების შეტანა, რაც აუცილებელია მოცემულ დანაშაულთან ეფექტურად საბრძოლველად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის №3/2/1239 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის (6,7 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო“, II-20).
28. „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 1988 წლის 19 დეკემბრის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციით აღიარებულია, რომ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვას მოაქვს დიდი ფინანსური მოგება ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაციებისთვის, რაც ძირს უთხრის ლეგალურ ეკონომიკას, სახელმწიფოთა სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და სუვერენობას. ასეთი ორგანიზაციების მიზანია, მოახდინონ რაც შეიძლება დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია ე.წ. „შავ ბაზარზე“ და მიიღონ მაღალი ფინანსური სარგებელი. საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანისთვის სასჯელის დაწესების მიზანი არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ საფრთხეების პრევენციით, რომლებიც ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანით შეიძლება მიადგეს საზოგადოების ჯანმრთელობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. აღნიშნული ქმედებისთვის სანქციის დაწესება ასევე მიზნად ისახავს ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაციების გამოვლენასა და მათი უკანონო საქმიანობისთვის ხელის შეშლას.
29. აღნიშნულის გათვალისწინებით, ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის დასჯადობა ყოველთვის არ შემოიფარგლება მხოლოდ მისი ფლობიდან მომდინარე საფრთხეების პრევენციით. რიგ შემთხვევებში, იგი შესაძლოა, ასევე ემსახურებოდეს, საერთაშორისო თანამშროლობის ფარგლებში, უცხო ქვეყნებისთვის დახმარების გაწევას, რათა მათ გაუმარტივდეთ საკუთარ ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული ფაქტების გამოვლენა. ამ თვალსაზრისით, უპირველს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმა მარიხუანის საქართველოში შემოტანისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას აწესებს ისე, რომ მხედველობაში არ იღებს მოცემული ნარკოტიკული საშუალების მიმართ იმ სახელმწიფოს დამოკიდებულებას, რომლიდანაც ხდება მისი შემოტანა. გასაჩივრებული რეგულაცია სანქციის სახედ თავისუფლებას აღკვეთას განსაზღვრავს იმ სახელმწიფოს ტერიტორიიდან მარიხუანის შემოტანისთვისაც, რომელშიც მარიხუანის შეძენა და ფლობა ლეგალური გზითაა შესაძლებელი. ამგვარ შემთხვევაში, ბუნებრივია, ნაკლებად რელევანტურია სხვა სახელმწიფოსთან თანამშრომლობის საკითხი. ასეთ პირობებში მარიხუანის საქართველოში შემოტანის საფრთხეები, არსებითად, მისი შენახვიდან მომდინარე საფრთხეების იდენტურია.
30. ამავე დროს მნიშვნელოვანია, აღინიშნოს მარიხუანასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ლიბერალიზაციის ის მზარდი საერთაშორისო ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეიმჩნევა. ზოგიერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მარიხუანა უკვე ჩაეშვა ლეგალურ ბრუნვაში, რაც, თავისთავად, ამცირებს მოთხოვნას ამ პროდუქტის მიმართ „შავ ბაზარზე“. შესაბამისად, დღეს არსებულ რეალობაში არაგონივრულია, საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს ჰქონდეთ მოლოდინი იმისა, რომ სადავოდ გამხდარი ოდენობების მარიხუანის საქართველოში შემოტანისათვის პირი დაისჯება სასჯელის ისეთი მკაცრი ფორმით, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის შეზღუდვის მიზნით, საერთაშორისო თანამშრომლობის სათანადოდ განხორციელება შესაძლებელია, მიღწეულ იქნეს სადავოდ გამხდარი ოდენობის მარიხუანის საქართველოში შემოტანისთვის თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სანქციის დაწესების გზით.
31. საკონსტიტუციო სასამართლომ მოცემული საქმის საოქმო ჩანაწერებში ასევე მიუთითა, რომ ამა თუ იმ ქმედებიდან მომდინარე მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე შესაძლოა, მიუთითებდეს მისი განხორციელების ფორმის აშკარა ხასიათი (იხ. მაგ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის №3/5/1674 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, ნარკოტიკული საშუალება ‒ გამომშრალი მარიხუანის (6,4 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო”, II-18). ბუნებრივია, მარიხუანის საქართველოში შემოტანა უკავშირდება სასაზღვრო კონტროლის გავლას, რაც მოიცავს უსაფრთხოების მიზნით განხორციელებულ სპეციალურ ღონისძიებებს. შესაბამისად, მოცემული დანაშაულის ამსრულებელი მოქმედებს იმ დაშვებით, რომ არსებობს მის მიერ განხორციელებული ქმედების გამოაშკარავების შედარებით მაღალი რისკი.
32. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ მარიხუანის საქართველოში უკანონოდ შემოტანა შესაძლოა, მიუთითებდეს არსებული სამართლებრივი წესრიგის მიმართ მომეტებული საფრთხის არსებობაზე. ასეთ შემთხვევაში, დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირი არა მარტო ავლენს ნორმატიულად დადგენილი ვალდებულებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას, არამედ განხორციელებული ქმედების აშკარა ხასიათისა და ბუნების გათვალისწინებით, უპირისპირდება მას. ბუნებრივია, რომ აღნიშნულმა გარემოებამ შეიძლება, დაამძიმოს მის მიერ განხორციელებული ქმედების საშიშროება. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, კონსტიტუციურ წარდგინებებში მითითებული ოდენობებით მარიხუანის შემოტანა მიზნად არ ისახავს მართლწესრიგის რაიმე საზოგადოებრივად მომეტებულად საშიში მიზნით დარღვევას. შესაბამისად, თავისი არსით, პირადი მოხმარების მიზნით, მოცემულ საქმეზე სადავოდ გამხდარი ოდენობების მარიხუანის შემოტანა არ წარმოადგენს იმგვარ ქმედებას, რომლის განხორციელებაც მის საზოგადოებრივ საშიშროებას არსებითად ამძიმებს, რის გამოც, არ იმსახურებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.
33. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენი პირის პასუხისმგებლობის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში მის როლს, ბრალის ხარისხს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34). გამომშრალი მარიხუანის (6,4 გრამის, 6,7 გრამის და 9,68 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანის ამსრულებლის როლი საერთაშორისო მასშტაბით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში უმნიშვნელოა. როგორც უკვე აღინიშნა, ამ ოდენობების გამომშრალი მარიხუანა არ წარმოშობს მისი გავრცელების და ბრუნვაში ხელახლა მოქცევის აშკარა, გარდაუვალ საფრთხეს. მიზერულია ის ფინანსური მოგებაც, რომელიც ამ ოდენობის გამომშრალი მარიხუანის გასაღებამ შეიძლება მოუტანოს ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებს. არსებული გარემოებების გათვალისწინებით, პირისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დაწესება ვერ იქნება გამართლებული საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში სხვა სახელმწიფოთა ინტერესების დაცვის მიზნით.
34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრულ ნარკოტიკული საშუალება ‒ გამომშრალი მარიხუანის (6,4 გრამის, 6,7 გრამის და 9,68 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი, მე-5 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 273 მუხლის მე-2 პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის და 44-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრულ ნარკოტიკული საშუალება ‒ გამომშრალი მარიხუანის (არაუმეტეს 9.68 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
თეიმურაზ ტუღუში