ა(ა)იპ "ქართველ მუსლიმთა კავშირი", სსიპ "ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია", სსიპ "სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო", სსიპ "საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია", ა(ა)იპ "საქართველოს ებრაელთა კავშირი", სსიპ "მეგობართა რელიგიური საზოგადოება (კვაკერები)" და სსიპ "დახსნილ ქრიტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1640 |
ავტორ(ებ)ი | ა(ა)იპ "ქართველ მუსლიმთა კავშირი", სსიპ "ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია", სსიპ "სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო", სსიპ "საქართველოს ევანგელურ- |
თარიღი | 29 ივლისი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი: ,,პრივატიზებას არ ექვემდებარება შემდეგი სახელმწიფო ქონება: „რელიგიური და საკულტო ნაგებობები (მოქმედი და უმოქმედო), მათი ნანგრევები, აგრეთვე მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ისინია განთავსებული;“ | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: ,,ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.” |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
მოსარჩელეები არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით არსებული რელიგიური გაერთიანებები, რომლებსაც გააჩნიათ თანაბარი ინტერესი საკუთრებაში მიიღონ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საკულტო ნაგებობები. „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 22 ოქტომბრის #1697 დადგენილების (შემდგომში კონსტიტუციური შეთანხმება) მე-7 მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებად გამოცხადდა ყველა მართლმადიდებლური ტაძარი, მონასტერი (მოქმედი თუ არამოქმედი), ასევე მათი ნანგრევები, ასევე ის მიწები, რომლებზეც ეს ნაგებობები არის განლაგებული. ამ ნორმით შესაძლებელი გახდა, მანამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მართლამდიდებლური ეკლესიის კუთვნილი ქონების ეკლესიისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა (პრივატიზაცია). კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლმა სადავო ნორმიდან გამორიცხა იმგვარი ნორმატიული შინაარსი, რაც საქართველოს საპატრიარქოს უკრძალავდა სახელმწიფოსგან მართლამდიდებლური ეკლესიების მიღების შესაძლებლობას. ნორმაში ამით დარჩა იმგვარი შინაარსი, რაც სხვა რელიგიურ გაერთიანებებს უკრძალავს, სახელმწიფოსაგან საკუთრებაში მიიღოს რელიგიური ნაგებობები. ამით სადავო ნორმა არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებაში.
სადავო ნორმა შემზღუდველი ხასიათისაა. ნორმა, ერთის მხრივ, მიემართება სახელმწიფოს და უკრძალავს მას რელიგიური დანიშნულების ნაგებობის/მისი ნანგრევების პრივატიზაციას, მეორეს მხრივ, კერძო პირს, მათ შორის, რელიგიურ ორგანიზაციას, უკრძალავს მოიპოვოს საკუთრების უფლება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საკულტო ნაგებობაზე. სადავო ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ პრივატიზაცია ეკრძალება ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, მათ შორის, რელიგიურ ორგანიზაციას, რომელსაც წარსულში ეკუთვნოდა ეს ნაგებობა. სადავო ნორმა რელიგიურ ორგანიზაციას უკრძალავს, როგორც სასყიდლით, ისე უსასყიდლოდ საკუთრებაში მიიღოს რელიგიური და საკულტო ნაგებობა, პრივატიზაციის ნებისმიერი ფორმით.
ვინაიდან სადავო ნორმა არეგულირებს სხვა რელიგიური ჯგუფებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საკულტო ნაგებობის საკუთრებაში გადაცემის აკრძალვას (როგორც სასყიდლით, ასევე უსასყიდლოდ), ხოლო კონსტიტუციური შეთანხმება უფლებას აძლევს მართლმადიდებელ ეკლესიას, უსასყიდლოდ მიიღოს მანამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ეკლესია-მონასტრები, ამით ხდება დიფერენცირება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ყველა სხვა რელიგიურ გაერთიანებას შორის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საკულტო ნაგებობების საკუთრებაში მიღებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობაში (იქნება ეს სასყიდლით თუ უსასყიდლოდ).
შესაბამისად, სადავო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ეხება სახელმწიფოს მიერ რელიგიური ნაგებობების ყველა სხვა პირისთვის, მათ შორის, ყველა რელიგიური ორგანიზაციისთვის, გარდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, გადაცემის აკრძალვას. შეზღუდულია ამ ობიექტების ვინმესთვის, მათ შორის, იმ რელიგიური კონფესიისთვის გადაცემა, რომელიც საბჭოთა რეპრესიამდე ფლობდა და რელიგიური დანიშნულებით იყენებდა აღნიშნულ ნაგებობას.
ამგვარად, ადგილი აქვს განსხვავებულ მოპყრობას ერთი მხრივ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და, მეორე მხრივ, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს შორის.
სადავო ნორმა გასაჩივრებულია კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში (უფლება კანონის წინაშე თანასწორობაზე). მე-11 მუხლი იცავს თანასწორობის უფლებას და კრძალავს დისკრიმინაციას. მართალია ნორმა თავისთავად, სიტყვა-სიტყვით არ გამოჰყოფს ადამიანთა ჯგუფს, რომელებსაც სხვებთან შედარებით უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს, მაგრამ კონსტიტუციურ შეთანხმებასთან ერთობლიობაში წაკითხვით იწვევს დისკრიმინაციულ შედეგს, მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველა სხვა დანარჩენ რელიგიურ ორგანიზაციას შორის, რომლის ინტერესიც არის წარსულში კუთვნილი ქონების პრივატიზება.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) გასაჩივრებულია კანონი, რომლის კონსტიტუციურობის დასადგენად არ არის აუცილებელი გასაჩივრდეს იერარქიულად ზემდგომი ნორმატიული აქტი.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1.სადავო ნორმის არსი
სადავო ნორმის თანახმად, პრივატიზებას არ ექვემდებარება რელიგიური და საკულტო ნაგებობები (მოქმედი და უმოქმედო), მათი ნანგრევები, აგრეთვე მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ისინია განთავსებული. სადავო ნორმა არ აკონკრეტებს რომელ სუბიექტზე ვრცელდება ეს აკრძალვა. იგულისხმება ის, რომ პრივატიზაცია ეკრძალება ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, მათ შორის რელიგიურ ორგანიზაციას, რომელსაც წარსულში ეკუთვნოდათ ეს ნაგებობა. ამ სარჩელის ფარგლებში დავის საგანს წარმოადგენს სადავო ნორმის ისეთი ნორმატიული შინაარსი, რაც რელიგიურ ორგანიზაციას, რომელსაც სახელმწიფოს, მათ შორის საბჭოთა რეჟიმის, საკუთრებაში აღმოჩენამდე, ეკუთვნოდა ეს საკულტო ნაგებობა და არა აქვს ამ რელიგიური და საკულტო ნაგებობების (მოქმედი და უმოქმედო), მათი ნანგრევების, აგრეთვე მიწის ნაკვეთების, რომლებზედაც ისინია განთავსებული სახელმწიფოსაგან საკუთრებაში დაბრუნების შესაძლებლობა.
პრივატიზაციის ცნება განმარტებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით. ეს არის ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით; ამგვარად, პრივატიზაციის შედეგად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი, თუ მოძრავი ქონება არამატერიალური ქონებრივი სიკეთე გადადის კერძო ფიზიკური თუ იურიდიული პირის საკუთრებაში. ამასთან პრივატიზაციის დროს მესაკუთრის ცვლილება შეიძლება მოხდეს განსაზღვრული საფასურის გადახდით ან ამის გარეშე. პრივატიზაცია თავის თავში შეიძლება მოიცავდეს სამოქალაქო ხელშეკრულების ისეთ ფორმებს როგორიცაა ნასყიდობა ან ჩუქება. ამგვარად, სადავო ნორმა რელიგიურ ორგანიზაციას უკრძალავს, როგორც სასყიდლით, ისე უსასყიდლოდ საკუთრებაში მიიღოს რელიგიური და საკულტო ნაგებობა, რაც მათ შორის წარსულში ამ რელიგიურ გაერთიანებას ან იმ ორგანიზაციას ეკუთვნოდა, რომლის მოძღვრებასაც მისდევს პრივატიზაციის მსურველი რელიგიური ორგანიზაცია.
ნორმა გასაჩივრებულია კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში. ეს უკანასკნელი იცავს თანასწორობის უფლებას და კრძალავს დისკრიმინაციას. ამ კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართების დასასაბუთებლად საჭიროა დადასტურდეს, რომ სუბიექტთა ერთი ჯგუფი მეორესთან მიმართებაში ხელსაყრელ ვითარებაშია ჩაყენებული. ნორმა თავისთავად, სიტყვა-სიტყვით არ გამოჰყოფს ადამიანთა ჯგუფს, რომელებსაც სხვებთან შედარებით უთანასწორო მდგომარეობაში ეპყრობა. სადავო ნორმა შემზღუდველი ხასიათისაა, ნორმა ერთი მხრივ მიემართება სახელმწიფოს და უკრძალავს მას, რელიგიური დანიშნულების ნაგებობის/მისი ნანგრევების პრივატიზაციას, მეორე მხრივ, კერძო პირს, მათ შორის, რელიგიურ ორგანიზაციას, უკრძალავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საკულტო ნაგებობაზე საკუთრების უფლების მოპოვებას. სადავო ნორმა, მისი შემზღუდველი ბუნების მიუხედავად, არ აწესებს სუბიექტების თვალსაზრისით გამონაკლისს, როდესაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საკულტო ნაგებობის შეძენა განსაზღვრული სუბიექტებისათვის ნებადართულია, სხვებისთვის აკრძალული. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ გადაწყვეტილებაში პირველად გამოიყენა ნორმის სისტემური განმარტების მეთოდი მისი კონსტიტუციურობის შესაფასებლად. ამ გადაწყვეტილების მეორე თავის მე-6 პუნქტის თანახმად, „სადავო ნორმა არ უნდა იყოს განხილული სხვა მასთან კავშირში მყოფი ნორმებისაგან იზოლირებულად, რადგანაც ამგვარმა მიდგომამ საკონსტიტუციო სასამართლო შეიძლება მიიყვანოს მცდარ დასკვნებამდე.“ აქედან გამომდინარე, სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვის სუბიექტების იდენტიფიცირებისათვის, უნდა განვიხილოთ სხვა ნორმები, რაც აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რელიგიური ნაგებობების სხვა სუბიექტისათვის საკუთრებაში გადაცემას, იმის გასარკვევად, ადგენს თუ არა სადავო ნორმა დიფერენცირებას.
ნორმა, რაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რელიგიური ნაგებობის სხვა სუბიექტისათვის გადაცემას არეგულირებს, არის „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი, სადაც აღნიშნულია: „სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული.“ ამგვარად, ამ ნორმით საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებად გამოცხადდა ყველა მართლმადიდებლური ტაძარი, მონასტერი (მოქმედი თუ არამოქმედი), ასევე მათი ნანგრევები, ასევე ის მიწები, რომლებზეც ეს ნაგებობები არის განლაგებული. ამ ნორმით შესაძლებელი გახდა, მანამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილი ქონების ეკლესიისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა (პრივატიზაცია). შესაბამისად, სადავო ნორმა, მისი შინაარსის დასადგენად წაკითხული უნდა იქნეს კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლის პირველ პუნქტთან კავშირში. ეს სისტემური წაკითხვა აუცილებელია სადავო, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის სუბიექტების და რეგულირების სფეროს ზუსტი განსაზღვრისათვის.
კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლის პირველმა პუნქტმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიაკუთვნა ყველა მართლამდიდებლური ეკლესია და მისი ნანგრევი. ამ გარემოების გათვალისწინებით, კონსტიტუციური შეთანხმება არის სპეციალური ნორმა (Lex specialis) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მიმართ. კონსტიტუციური შეთანხმებით კონკრეტულად დასახელებულია სუბიექტი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ასევე ობიექტი -მართლამდიდებლური ეკლესია-მონასტრები, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებიდან გადადის ეკლესიის საკუთრებაში. ასევე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლით, კონსტიტუციურ შეთანხმებას გააჩნია უპირატესი იურიდიული ძალა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლთან. შესაბამისად, ამ ორი ნორმატიული აქტის სისტემური განმარტებით, შეიძლება გავაკეთოთ შემდეგი დასკვნა:
სადავო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ეხება სახელმწიფოს მიერ რელიგიური და საკულტო ნაგებობების (მოქმედი და უმოქმედო), მათი ნანგრევების, აგრეთვე მიწის ნაკვეთების, რომლებზედაც ისინია განთავსებული, მართლმადიდებელი ეკლესიისსაპატრიარქოს გარდაყველა სხვა პირისათვის, მათ შორის, ყველა სხვა რელიგიური გაერთიანებისათვის, გადაცემის აკრძალვას. სადავო ნორმა არ არეგულირებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მართლამდიდებლური ეკლესია-მონასტრების მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გადაცემის საკითხს. ამ კანონის მიღებამდე, 2002 წელს დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით სახელმწიფომ თავის საკუთრებაში აღარ დაიტოვა მართლამდიდებლური ეკლესია-მონასტრები და ისინი კონსტიტუციური შეთანხმებით გამოაცხადა მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებად. მართლამდიდებლური ეკლესიების საკუთრების საკითხს არ არეგულირებს სადავო ნორმა. ამ ურთიერთობას არეგულირებს კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი, რომლითაც შესაძლებელი გახდა ყველა მართლამდიდებლური ეკლესიის, რასაც სახელმწიფო ფლობდა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გადაცემა. სადავო ნორმა ეხება მხოლოდ იმ რელიგიურ ნაგებობებს, რომლებსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ მიიჩნევს თავის საკუთრებად და კრძალავს ამ ობიექტების ვინმესთვის, მათ შორის იმ რელიგიური კონფესიისთვის გადაცემას, რომელიც საბჭოთა რეპრესიამდე ფლობდა და რელიგიური დანიშნულებით იყენებდა აღნიშნულ ნაგებობას.
ამგვარად, ადგილი აქვს განსხვავებულ მოპყრობას ერთი მხრივ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და, მეორე მხრივ, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს შორის. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლის საფუძველზე უსასყიდლოდ მიიღო მანამდე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მართლამდიდებლური ეკლესია-მონასტრები. ყველა სხვა რელიგიურ გაერთიანებას, სადავო ნორმის საფუძველზე ეკრძალება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რელიგიური ნაგებობის საკუთრებაში მიღება, მათ შორის, თანხის გადახდის სანაცვლოდ. ამასთან დიფერენცირება ხდება სადავო ნორმის და არა კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. სადავო ნორმის არ არსებობის შემთხვევაში, რელიგიური ორგანიზაციები „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის საფუძველზე, პრივატიზაციის წესით, საკუთრებაში მიიღებდნენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მათ ყოფილ ქონებას, ამით კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე წარმოშობილი განსხვავება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სხვა რელიგიურ გაერთიანებებს შორის არ იარსებებდა.
ამ თვალსაზრისით, შეგვიძლია პარალელი გავავლოთ ლევან ბერიანიძისა და გოჩა გაბოძის საქმესთან. ამ საქმეში მსმ-ის დონორობისათვის დადგენილი იყო 10 წლიანი ვადა, ხოლო იმ ჰეტეროსექსუალის სისხლის დონორობისათვის, რომელსაც სქესობრივი კავშირი ჰქონდა სისხლის გზით გადამდები ინფექციის (B და/ან C ჰეპატიტები, აივ ინფექცია, სიფილისი) მქონე პარტნიორთან, ერთი წელი. ამ საქმეში მოსარჩელემ გაასაჩივრა ის ნორმა, რომელიც ზღუდავდა მსმ პირს (10 წლიანი შეზღუდვის ვადა) და არა ნორმა, რომელიც ჰეტეროსექსუალს უფრო ხელსაყრელ ვითარებაში აყენებდა მისთვის სისხლის დონორობის ერთწლიანი შეზღუდვის სახით (საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების პირველი თავის მე-7 პუნქტი). საბოლოოდ სასამართლომ 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის პოზიცია გაიზიარა და გასაჩივრებული ნორმა საკუთარი გადაწყვეტილების დამძლევად და არაკონსტიტუციურად მიიჩნია.
ამ შემთხვევაშიც, დავის საგანს წარმოადგენს ნორმა, რომელიც კრძალავს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, სხვა რელიგიური გაერთიანების მიერ პრივატიზაციის გზით რელიგიური და საკულტო ნაგებობების (მოქმედი ან არამოქმედი), ასევე მისი ნანგრევების საკუთრებაში მიღებას. დავის საგანი არ არის და ვერც იქნება კონსტიტუციური შეთანხმება, რომელიც სახელმწიფოსაგან ქონების მიღების სახით პრივილეგიას ანიჭებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
ამგვარად, კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლმა სადავო ნორმიდან გამორიცხა იმგვარი ნორმატიული შინაარსი, რაც საპატრიარქოს უკრძალავდა სახელმწიფოსგან რელიგიური და საკულტო ნაგებობების (მოქმედი ან არამოქმედი), ასევე მისი ნანგრევების მიღების შესაძლებლობას. ნორმაში ამით დარჩა იმგვარი შინაარსი, რაც სხვა რელიგიურ გაერთიანებებს უკრძალავს, სახელმწიფოსაგან საკუთრებაში მიიღოს რელიგიური ნაგებობები. ამით სადავო ნორმა არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს.
2) არსებითი თანასწორობა და დიფერენცირების ნიშანი
აღნიშნული სარჩელის ფარგლებში შესადარებელ ჯგუფს წარმოადგენენ ერთი მხრივ, საქართველოს ავტოკეფალური მართლამდიდებლური ეკლესია, მეორე მხრივ, საქართველოში მოქმედი ყველა სხვა რელიგიური გაერთიანება. სამართლებრივი ურთიერთობა, რომელთან მიმართებითაც ხდება დიფერენცირება ეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ეკლესია-მონასტრების, მათი ნანგრევების რელიგიურ ორგანიზაციებზე პრივატიზაციას - ქონების სახელმწიფოდან რელიგიურ ორგანიზაციებზე განკერძოებას.
2018 წლის 3 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილება სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“ და სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ეხებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უსასყიდლოდ გადაცემას და სხვა რელიგიური ორგანიზაციებისათვის ამ შესაძლებლობის წართმევას. ამ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ რელიგიური გაერთიანებები მიიჩნია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ არსებითად თანასწორად სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ მიღების ნაწილში. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ საქმეში მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-9 პუნქტში განაცხადა: „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს რელიგიურ ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს რელიგიურ საქმიანობას და სადავო ნორმის საფუძველზე მას აქვს უფლება, სახელმწიფოსგან საკუთრებაში უსასყიდლოდ მიიღოს ქონება.“
„საქართველოს ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის“ საქმეში მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-10 პუნქტში ასევე აღნიშნულია: „ინსტიტუციურად ჩამოყალიბებული რელიგიური გაერთიანებები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ სახელმწიფოში რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მათ ეძლევათ სამართლებრივ ურთიერთობებში მორწმუნეთა ჯგუფის სახელით შესვლისა და შესაბამისი უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა. ამგვარი გაერთიანებების უმთავრესი მიზანი რელიგიური საქმიანობის განხორციელებაა. ხოლო ამ საქმიანობის ფარგლებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათ საკუთრებაში არსებული უძრავი თუ მოძრავი ქონება. მაგალითად, საკუთრების უფლების სარგებლობით რელიგიური ორგანიზაციები უზრუნველყოფენ აღმსარებლობისთვის აუცილებელ პირობებს შესაბამისი რელიგიის მიმდევრებისთვის. აქედან გამომდინარე, ყველა რელიგიურ ორგანიზაციას თანაბრად აქვს სახელმწიფოსგან ქონების უსასყიდლოდ მიღებისა და მათი რელიგიური მიზნებისთვის გამოყენების ინტერესი. შესაბამისად, შესადარებელი ჯგუფები არსებითად თანასწორ პირებს წარმოადგენენ. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ნორმით სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში მიღების უფლებამოსილება. ენიჭება მხოლოდ საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, აშკარაა, რომ სადავო ნორმა დიფერენცირებულად ეპყრობა არსებითად თანასწორ პირებს.”
ამგვარად, ვინაიდან სადავო ნორმაც არეგულირებს სხვა რელიგიური ჯგუფებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ეკლესია-მონასტრების საკუთრებაში გადაცემის აკრძალვას (როგორც სასყიდლით, ასევე უსასყიდლოდ), ხოლო კონსტიტუციური შეთანხმება უფლებას აძლევს მართლმადიდებელ ეკლესიას, უსასყიდლოდ მიიღოს მანამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ეკლესია-მონასტრები, ამით ხდება დიფერენცირება საქართველოს მართლამდიდებლურ ეკლესიასა და ყველა სხვა რელიგიურ გაერთიანებას შორის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საკულტო ნაგებობების საკუთრებაში მიღებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობაში (იქნება ეს სასყიდლით თუ უსასყიდლოდ). ყველა რელიგიურ ორგანიზაციას გააჩნია თანაბარი ინტერესი საკუთრებაში მიიღოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საკულტო ნაგებობები.
დიფერენცირებაზე გავლენას ვერ ახდენს ის გარემოება, რომ საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებაში ქონების დაბრუნების საკითხს აწესრიგებს იერარქიულად მაღლა მდგომი ნორმატიული აქტი - კონსტიტუციური შეთანხმება, ხოლო ამავე საკითხს სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან მიმართებაში ქონების გადაცემის აკრძალვის სახით არეგულირებს ჩვეულებრივი კანონი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „საქართველოს ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის“ საქმეში მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-18 პუნქტში განაცხადა: „ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება, ერთი შეხედვით, ისტორიული ფაქტის კონსტატაციასთან არის დაკავშირებული. თუმცა მისი მნიშვნელობა მხოლოდ კონკრეტული გარემოების აღიარებით არ ამოიწურება. აღნიშნულზე მიუთითებს უშუალოდ სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის მარეგულირებელი კონსტიტუციური ნორმები. უპირველესად, სწორედ ამ ნორმებში პოვებს გამოხატულებას ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს კონსტიტუციური შეთანხმების დადების სავალდებულოობას საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისობას კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, რაც მიუთითებს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული შეთანხმების სამართლებრივ მნიშვნელობაზე ნორმატიული აქტების იერარქიაში.” გადაწყვეტილების მეორე თავის მე-19 პუნქტში აღნიშნულია: „ძირითადი კანონი არ მოითხოვს კონსტიტუციური შეთანხმების დადებას სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან. შესაბამისად, კონსტიტუციის მოთხოვნები დაცული იქნება, თუ კონსტიტუციური შეთანხმება არ იქნება დადებული განსხვავებული რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან.“
ამის მიუხედავად, საქართველოს კონსტიტუციით დაშვებული კეთილმოსურნეობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ აქ სრულდება. როგორც საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის“ საქმეში მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-20 პუნქტში აღნიშნულია: „სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის მარეგულირებელი კონსტიტუციური ნორმები, მათ შორის ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება, არ გულისხმობს მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას.“ ხოლო გადაწყვეტილების 21-ე პუნქტში აღნიშნულია: „კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში“. კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი (ძველი რედაქცია) არ წარმოადგენს მხოლოდ კონსტიტუციური შეთანხმების მიმართ წაყენებულ მოთხოვნას. იგი იმავდროულად მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში მოქმედი საყოველთაო პრინციპების გათვალისწინების აუცილებლობაზე სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის განსაზღვრისას, მათ შორის თანასწორობის მოთხოვნათა დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის საკითხში.“
ამგვარად, ის გარემოება, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ეკლესია-მონასტრების საკუთრებაში გადაცემის პრივილეგიის საფუძველი გახდა კონსტიტუციური შეთანხმება, თავისთავად ეს გარემოება დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპიდან გამომდინარე ვერ გაამართლებს ჩვეულებრივი კანონით სხვა რელიგიური ორგანიზაციებისათვის ამ შესაძლებლობაზე უარის თქმას.
„საქართველოს ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის“ საქმეში მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-11 პუნქტში საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა: „მართლმადიდებელ ეკლესიას ენიჭება სადავო ნორმით გათვალისწინებული უფლება, ვინაიდან იგი წარმოადგენს მართლმადიდებელ ქრისტიანულ რელიგიას. იმავდროულად, საქმის განხილვისას ეჭვქვეშ არ დამდგარა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე გადაცემულ ქონებას ეკლესია იყენებს რელიგიური მიზნებისთვის. ამდენად, ამ რელიგიურ ორგანიზაციას, არსებითად თანასწორი პირებისგან განსხვავებით, ენიჭება სამართლებრივი უპირატესობა. რელიგიური საქმიანობის განსახორციელებლად, სახელმწიფო მას ეპყრობა უფრო კეთილმოსურნედ სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან შედარებით. შესაბამისად, აშკარაა, რომ დიფერენცირების ნიშანს წარმოადგენს რელიგია. აღნიშნულს აგრეთვე ადასტურებს მოპასუხე მხარე.” ამ საქმეშიც დიფერენცირების ნიშანი არის რელიგია, ვინაიდან კონსტიტუციური შეთანხმებით საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში ხდება საბჭოთა დროს ჩამორთმეული ყველა მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრის, მათი ნანგრევის გადაცემა, სხვა რელიგიური გაერთიანებებს, როგორც სასყიდლით, ისე უსასყიდლოდ ამ შესაძლებლობაზე უარს ეუბნებიან.
რელიგია პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით და წარმოადგენს დიფერენცირების კლასიკურ ნიშანს. „საქართველოს ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის“ საქმეში მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-12 პუნქტში განაცხადა: „საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, თუ დიფერენცირების ნიშანი არის კლასიკური საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირების შეფასებისთვის გამოიყენებს მკაცრ ტესტს. საკონსტიტუციო სასამართლო დიფერენცირების კონსტიტუციურობას მკაცრი ტესტის ფარგლებში აფასებს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით. „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.“ შემდეგ თავში საუბარი იქნება თანაზომიერების ტესტზე.
3) თანაზომიერების ტესტი
„საქართველოს ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის“ საქმეში მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-13 პუნქტში აღნიშნულია: „მკაცრი ტესტის“ ფარგლებში ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისათვის აუცილებელია, პირველ რიგში, დადგინდეს, ემსახურება თუ არა იგი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა ატარებს თვითნებურ ხასიათს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია ნორმის შემდგომი შემოწმების გარეშე“.
ლეგიტიმური მიზნის კონტექსტში მნიშვნელოვანია ეს საქმე გაიმიჯნოს 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებისაგან. ამ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ პირდაპირ ისაუბრა ამ სარჩელით სადავოდ ქცეული ნორმით დაცულ ობიექტზე, კერძოდ, 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებაში 25-ე პუნქტში აღნიშნულია: „პრივატიზებას არ ექვემდებარება რელიგიური და საკულტო ნაგებობები (მოქმედი და უმოქმედო), მათი ნანგრევები, აგრეთვე მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ისინია განთავსებული. საქმის არსებით განხილვაზე მოწვეულ მოწმეთა განმარტებით, აღნიშნული ქონება არ ექვემდებარება პრივატიზებას, რაც გულისხმობს, რომ ვერცერთი რელიგიური დაწესებულება ამგვარი ტიპის ქონებას სადავო ნორმის საფუძველზე საკუთრებაში ვერ მიიღებს.“
„საქართველოს ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის“ საქმეში მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 26-ე პუნქტში აღნიშნულია: „სადავო ნორმით ეკლესიას საკუთრებაში შესაძლოა გადაეცეს ნებისმიერი სახის სახელმწიფო ქონება, რომელიც გასხვისებისგან არ არის დაცული „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით. ამგვარი მოწესრიგება მიუთითებს, რომ სადავო ნორმა არ არის პირობადებული რაიმე ისტორიული გარემოებით, ამგვარი კავშირის დადასტურების აუცილებლობით. კანონმდებლობა სადავო ნორმის საფუძველზე ეკლესიისთვის გადასაცემ ქონებას ზღუდავს მხოლოდ ნეგატიური თვალსაზრისით (უსასყიდლოდ გადასაცემი ქონების აკრძალვით). სადავო ნორმაზე დაყრდნობით, ეკლესიამ შეიძლება საკუთრებაში უსასყიდლოდ მიიღოს პრივატიზებას დაქვემდებარებული ნებისმიერი სახის ქონება, თუ იარსებებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილება. ამგვარი ბლანკეტური მოწესრიგება შეუძლებელს ხდის საპრივატიზაციო ქონების გადაცემასა და ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარებას შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენას.”
ამგვარად, 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების დავის საგანი იყო, საკულტო ნაგებობების (მოქმედის ან არამოქმედის), მათი ნანგრევების გარდა, ნებისმიერი სხვა ქონება, რაც მთავრობის გადაწყვეტილებით, გადაეცემოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და არ გადაეცემოდა სხვა რელიგიურ გაერთიანებას. 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებაში დავის საგანი არ ყოფილა ისტორიულად რელიგიური გაერთიანებების საკუთრებაში არსებული საკულტო ნაგებობები, რაც საბჭოთა პერიოდში ამ გაერთიანებებმა დაკარგეს და დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე აღმოჩნდა საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში. 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებისაგან განსხვავებით, ამ საქმეში დავის საგანს, მეტწილად, ასეთი ქონება წარმოადგენს. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ასეთი ქონება საკუთრებაში კონსტიტუციური შეთანხმებით მიიღო, ხოლო სხვა რელიგიურმა გაერთიანებებმა ასეთი საკულტო ნაგებობები არათუ ვერ მიიღეს საკუთრებაში, არამედ გასაჩივრებული ნორმა ამას პირდაპირ კრძალავს. ლეგიტიმური მიზნის შეფასებისას გადამწყვეტია პასუხი გაეცეს შეკითხვას: რამდენად არის შესაძლებელი, დადგინდეს კონკრეტული ნაგებობის ისტორიული კავშირი კონკრეტულ კონფესიასთან.
კონსტიტუციური შეთანხმებით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში დაუბრუნდა ის ეკლესია-მონასტრები, მათი ნანგრევები, რაც ისტორიულად ეკუთვნოდა საქართველოს საპატრიარქოს და რაც ეკლესიამ დაკარგა მეფის რუსეთის და, განსაკუთრებით, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში. კონსტიტუციური შეთანხმების მე-11 მუხლში აღნიშნულია: „სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (გასაკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს, როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტობრივი მფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება 183; 12.04.90).“ ეს ნორმა მიუთითებს იმაზე, რომ ეკლესიის საკუთრების უფლება შეილახა იმით, რომ XIX-XX საუკუნეებში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მეფის რუსეთმა და საბჭოთა ხელისუფლებამ ჩამოართვა რელიგიური დანიშნულების ნაგებობა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, ეს ქონება გადავიდა მემკვიდრეობით დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს მფლობელობაში, რომელმაც აიღო ამ ქონების საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დაბრუნების ვალდებულება. საქართველოს სახელმწიფომ თავისი თავი გამოაცხადა ამ ქონების ფაქტობრივ მფლობელად, კონსტიტუციური შეთანხმების მე-11 მუხლით, ხოლო მე-7 მუხლით აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ ქონების მესაკუთრედ.
საბჭოთა რეჟიმმა ქონებრივი ზიანი მიაყენა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა სხვა რელიგიურ გაერთიანებებსაც. ეს გარემოება აღიარებულია „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე 2014 წლის 27 იანვრის საქართველოს მთავრობისN117 დადგენილებით, რომლის პირველ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულია: „საქართველოს მთავრობა ადასტურებს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებულ ზიანს, რომელიც მიადგა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში.” ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულია: „ამავე დროს საქართველოს მთავრობა აღიარებს საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს (შემდგომში – საბჭოთა რეჟიმის დროს) მიყენებულ ზიანს.“ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ ზიანი აუნაზღაურა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას იმით, რომ მის საკუთრებაში აღიარა XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში) ჩამორთმეული ეკლესია-მონასტრები, იმავეს გაკეთებას სახელმწიფო გამორიცხავს სადავო ნორმის მეშვეობით სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან მიმართებით.
დიფერენცირების ლეგიტიმურ მიზნად შესაძლოა დასახელდეს ნაგებობის კონფესიური კუთვნილების განსაზღვრის სირთულე. ეს განსაკუთრებით ეხება საკულტო ნაგებობის ნანგრევებს, რომელიც განადგურდა რამდენიმე საუკუნის წინ და ზუსტად უცნობია, ვინ სარგებლობდა ამ ნაგებობით. იგივე პრობლემა შეიძლება შეიქმნას არსებულ ნაგებობასთან დაკავშირებით, რომელიც სადავოა რამდენიმე კონფესიურ ჯგუფს შორის და საბჭოთა პერიოდიდან ჰქონდა სეკულარული ფუნქციები (მაგალითად, იყო ბიბლიოთეკა და ა.შ). მოსარჩელე მხარე არ გამორიცხავს იმას, რომ შესაძლოა არსებობდეს ზოგიერთი ნაგებობების ისტორიული მესაკუთრის კუთვნილების დადგენის სირთულე. თუმცა ამასთან ერთად შესაძლოა არსებობდეს ისეთი ვითარება, როცა საკულტო ნაგებობა იყოს მოქმედი და მისი კონფესიური კუთვნილებაც არ იყოს სადავო. მაგალითად, ბათუმის ისტორიული ჯუმა მეჩეთი ყოველთვის ეკუთვნოდათ ქართველ სუნიტ მუსლიმებს და დღესაც ამ კონკრეტულ მეჩეთში სუნიტური ღვთისმსახურება აღევლინება. ამ კონკრეტული ნაგებობის ისტორიული კუთვნილება აჭარაში მცხოვრები სუნიტური მიმართულების მუსლიმებისათვის უდავოა და დიდი ალბათობით მომავალშიც სადავო არ გხდება მაგალითად, შიიტების, ან სხვა კონფესიის წარმომადგენლთა მხრიდან. ამის მიუხედავად, მუსლიმი მრევლი მოკლებულია შესაძლებლობას, ეს კონკრეტული ისტორიული შენობა იქონიოს საკუთრებაში.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საკულტო ნაგებობა გადადის რელიგიური გაერთიანების სარგებლობაში, მისი პრივატიზაციის ნაცვლად. ამაზე მეტყველებს2018 წლის 17 აპრილის ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-2020 წლებისთვის) დამტკიცების შესახებ #182-ე დადგენილების #18.1.9 დანართში აღნიშნულია: „საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული არასადავო ისტორიული, მათ შორის რელიგიური ორგანიზაციების სარგებლობაში არარსებული, საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის პროცესი სისტემატიზირებული და გაგრძელებულია.“ ეს ჩანაწერი მიუთითებს იმაზე, რომ ამ დრომდე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროები მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა სხვა რელიგიურ გაერთიანებებს სარგებლობის უფლებით გადასცემენ იმ საკულტო ნაგებობებს, რომელის ისტორიული კუთვნილება უდავოა და სარგებლობაში გადაცემის მომენტისათვის მოსარგებლე რელიგიური დანიშნულებით იყენებს აღნიშნულ ნაგებობას.
ეს გარემოება მეტყველებს შემდეგზე: არსებობს რელიგიური ნაგებობები, რომელთა გადაცემა არ არის დაკავშირებული მისი ისტორიული მემკვიდრეობის დადგენის სირთულესთან, როდესაც ნაგებობის ისტორიულ-კონფესიური მემკვიდრე არ იწვევს დავას და სწორედ ამიტომაც ასეთი გაერთიანებას გადაეცემა კონკრეტული ნაგებობა სარგებლობის უფლებით. შესაბამისად, ლეგიტიმური მიზანი - ნაგებობის ისტორიული მემკვიდრის დადგენის სირთულე - ვერ ამართლებს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა სხვა რელიგიური გაერთიანების საკუთრებაში საკულტო ნაგებობების გადაცემის აკრძალვას სადავო ნორმით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი დიფერენცირებასა და ლეგიტიმურ მიზანს შორის.
ღონისძიება ასევე ნაკლებად მზღუდავია, ვინაიდან, დავის მიუხედავად, არსებობს შენობის სარგებლობით მიღების შესაძლებლობა ერთერთი მოდავე ჯგუფის მიერ, იმავდროულად სახელმწიფო ინარჩუნებს ამ ჯგუფისაგან ქონების გამოთხოვის შესაძლებლობას.
ამის მიუხედავად, დიფერენცირება ვერ იქნება ვიწრო გაგებით პროპორციული. საქმეში ხათუნა ფხალაძე საქართველოს პარლამენტის წინაღმდეგ მოსამართლეების გიორგი კვერენჩხილაძისა და მაია კოპალეიშვილის მიერ დაწერილი განსხვავებული აზრის მე-13 პუნქტში აღნიშნულია: ,,დამატებით, გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილებულია იმ ადმინისტრაციულ სირთულეებზე, რომელიც შეიძლება თან ახლდეს ინდივიდუალურ შეფასებას. ამ თვალსაზრისით აღვნიშნავთ, რომ ტექნიკური/ადმინისტრაციული სირთულეები არ შეიძლება ქმნიდეს უფლების ბლანკეტურად შეზღუდვის საფუძველს. ადმინისტრაციული სირთულეების ზიდვის ტვირთი ეკისრება სახელმწიფოს.”
ასევე აღსანიშნავია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კოლეგიის ოთხივე წევრის პოზიცია), რომლის მეორე თავის 29-ე პუნქტში აღნიშნულია: „სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ტექნიკური/ადმინისტრაციული სირთულეები [მათ შორის კონკრეტული პირების წარსული საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის მოძიების ნაწილში]არ შეიძლება ქმნიდეს საკმარის საფუძველს უფლების ბლანკეტურად და, მით უმეტეს, უვადოდ შეზღუდვისთვის. ადმინისტრაციული სირთულეების ზიდვის ტვირთი ეკისრება სახელმწიფოს.“
მუმლაური საქმის მსგავსად (რაც ეხებოდა კომუნისტური პარტიის ყოფილი წევრების მიერ თანამდებობის დაკავებას), რამდენიმე საუკუნის წინ საკულტო ნაგებობის კონფესიური მესაკუთრის შესახებ დოკუმენტის ან სხვა ტიპის ინფორმაციის მოძიების სირთულე, ცალკე აღებული, არ უნდა გახდეს ყველა არამართლმადიდებლური საკულტო ნაგებობების კონფესიური კუთვნილების ინდივიდუალურ შესწავლაზე ბლანკეტურად უარის თქმის საფუძველი, მით უმეტეს, იმ პირობებში რომ ხშირად კონფესიური კუთვნილების გარკვევის გარეშე, სახელმწიფომ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში გადასცა, მათ შორის ისეთი ეკლესიები, რომელზეც პრეტენზიას ასევე აცხადებდნენ სხვა რელიგიური კონფესიები. ამ კონფესიების ისტორიული კუთვნილება საკულტო ნაგებობაზე (მათ ნანგრევებზე) ისტორიული, საარქივო, სამეცნიერო, არქიტექტურული და არაერთი სხვა წყაროთი დასტურდებოდა. ეკლესიის კუთვნილების დასადგენად ხარჯების გაწევა წარმოადგენს ლეგიტიმურ მიზანს, გამოყენებული საშუალება ვარგისია, თუმცა ვინაიდან დიფერენცირება ხდება რელიგიის ნიშნით და ამიტომ გამოიყენება შეფასების მკაცრი და არა რაციონალური კავშირის ტესტი, საჭიროა დაცული იყოს პროპორციულობა გამოსაყენებელ საშუალებასა და მისაღწევ ლეგიტიმურ მიზანს შორის.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 26-ე პუნქტის განაცხადა: „ამოწურვადი რესურსების დაზოგვა, ზოგადად, შეიძლება წარმოადგენდეს უფლების შეზღუდვის მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს. ყურადსაღებია, რომ სახელწიფოს გააჩნია საკმაოდ ფართო მიხედულების ზღვარი, მაშინ როდესაც საქმე უკავშირდება შეზღუდვად რესურსებს და ეკონომიკური სტრატეგიის დაგეგმარებას. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამოწურვადი სახელმწიფო რესურსი, როგორიც სახელმწიფო ბიუჯეტია, პირველ რიგში, ადამიანის ძირითადი უფლებების ეფექტურ რეალიზაციას უნდა მოხმარდეს.“
როცა ერთ მხარეს დგას რელიგიური გაერთიანებების თანასწორობის უფლება, რაზედაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რელიგიური გაერთიანებების მიერ ღვთისმსახურების სათანადოდ აღსრულება საკულტო ნაგებობაში, ხოლო მეორე მხარეს საბიუჯეტო რესურსების დაზოგვის ინტერესი, ამ უკანასკნელმა ინტერესმა მეორე ადგილას უნდა გადაინაცვლოს იქ, სადაც ექსპერტთა ჩართულობით მაინც არსებობს სადავო რელიგიური ნაგებობის ისტორიული მესაკუთრის დადგენის შესაძლებლობა. სახელმწიფომ ყველა ზომა უნდა გაატაროს სადავო საკულტო ნაგებობის ისტორიული მესაკუთრის დასადგენად და ქონების მისთვის დასაბრუნებლად, ამ პროცესის თანმდევი ხარჯების მიუხედავად. საბიუჯეტო რესურსების დაზოგვის კონტექსტში მხედველობაში უნდა იყოს მიღებული შემდეგი გარემოება, რომ სახელმწიფო საკუთრებში არსებული საკულტო ნაგებობები, რომელთა დიდი ნაწილი ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, უფუნქციობის გამო ნადგურდება, სახელმწიფოს მათ შესანარჩუნებლად ისედაც დიდ რესურსის ხარჯვა მოეთხოვება. იმ შემთხვევაში, როდესაც საკულტო ნაგებობები იქნება რელიგიური ორგანიზაციების საკუთრებაში, რელიგიური გაერთიანება ამ ნაგებობას ღვთისმსახურების მიზნებისათვის გამოიყენებს, სახელმწიფოს ეს ფინანსური ტვირთი მოეხსნება. ამასთან აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სადავო საკულტო ნაგებობის მესაკუთრის დადგენა, ასრულებს დავას სხვადასხვა რელიგიურ კონფესიას შორის. ამგვარი დავის დასრულება არის ჰარმონიული თანაცხოვრების და რელიგიური სიმშვიდის აუცილებელი წინაპირობა. ამ მიზანთან შედარებით საბიუჯეტო რესურსების დაზოგვის ინტერესი ბევრად უმნიშვნელოა.
სადავო ნორმის არსებობის პირობებში, სრულად არის დარღვეული ბალანსი საჯარო ინტერესის სასარგებლოდ და კერძო ინტერესის საზიანოდ. სახელმწიფომ იმის მიუხედავად, რომ აღიარა მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა სხვა რელიგიური გაერთიანებებისათვის XIX-XX საუკუნეში მიყენებული ზიანი, ქონებრივი რესტიტუცია მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ განახორციელა. ამ დრომდე სახელმწიფოს არავითარი ქმედითი პროცედურული ღონისძიება არ განუხორციელებია სადავო ნაგებობების კონფესიური კუთვნილების დასადგენად. ამ გარემოების გათვალისწინებით დიფერენცირება არ არის პროპორციული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, არ აკმაყოფილებს შეფასების მკაცრი ტესტის მოთხოვნებს და არღვევს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
4) დასკვნა
ამგვარად, სადავო ნორმით იკრძალება საკულტო ნაგებობის პრივატიზაციის გზით მისი რელიგიური გაერთიანების საკუთრებაში გადაცემა. ეს შეზღუდვა მოქმედებს ყველა რელიგიურ გაერთიანებაზე, გარდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა. ეს ნორმა არ ეხება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელსაც კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლით საკუთრებაში გადაეცემა ეკლესია-მონასტრები, მათი ნანგრევები, რაც ჩამორთმეული იქნა განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში. ამით სადავო ნორმა რელიგიის ნიშნით ახდენს დიფერენცირებას ერთი მხრივ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მეორე მხრივ, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს შორის. შესადარებელ ჯგუფებს გააჩნიათ თანაბარი ინტერესი სახელმწიფოსაგან საკუთრებაში მიიღონ განსაკუთრებით ის ქონება, რომელიც ჩამოართვეს მეფის რუსეთსა და საბჭოთა პერიოდში. დიფერენცირება შეიძლება ემსახურებოდეს რესურსების დაზოგვის ინტერესებს, თუმცა, ამ მიზნის მისაღწევად, გამოუსადეგარი საშუალებაა ისეთი ნაგებობის რელიგიური გაერთიანებისათვის საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმა, რომელიც არ არის სადავო და რომლითაც უკვე სარგებლობს კონკრეტული რელიგიური გაერთიანება. არ არის სათანადო ბალანსი დაცული რესურსების დაზოგვის საჯარო ინტერესსა და რელიგიური გაერთიანების თანასწორობას შორის სადავო საკულტო ნაგებობის ისტორიული მესაკუთრისთვის დაბრუნების შემთხვევაშიც. სახელმწიფო არ დგამს მინიმალურ საპროცესო ნაბიჯსაც კი, იმისათვის, რომ გადაწყდეს ასეთი დავა და ქონება დაუბრუნდეს მის ისტორიულ მფლობელს. ამასთან საბიუჯეტო რესურსის დაზოგვა არ არის საკმარისი არგუმენტი, როცა ამგვარი ხარჯის გაღების გზით ისტორიული მესაკუთრის დადგენა შესაძლებელია. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.
ვითხოვთ, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას იმ ნორმატიული შინაარსით, რაც საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის გარდა, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს უკრძალავს რელიგიური და საკულტო ნაგებობების (მოქმედი და უმოქმედო), მათი ნანგრევების, აგრეთვე მიწის ნაკვეთების, რომლებზედაც ისინია განთავსებული პრივატიზაციას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა