საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/12/1602 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 16 დეკემბერი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 დეკემბერი 2021 11:54 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: პატიმრობის კოდექსის 171 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1602) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1602 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 24 მაისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 16 დეკემბერს.
2. №1602 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. პატიმრობის კოდექსის 171 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა და ამ კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულისა, უფლება აქვს, ისარგებლოს ვიდეოპაემნით (პირდაპირი ხმოვანი და ვიზუალური ტელეხიდით) ნებისმიერ პირთან“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დასაცავად“.
5. მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს ბლანკეტურად უკრძალავს ვიდეოპაემნის უფლებით სარგებლობას.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმის საფუძველზე განსხვავებით დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულებისგან, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები ვერ სარგებლობენ ვიდეოპაემნის უფლებით, რაც იწვევს მათ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებას.
7. ამდენად, მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, მსჯავრდებულები, რომელთაც განაჩენის სახით შეფარდებული აქვთ თავისუფლების აღკვეთა და სასჯელს იხდიან დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ხოლო, მეორე მხრივ, იმ მსჯავრდებულთა წრე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, სასჯელს იხდის განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
8. კონსტიტუციურ სარჩელში განვითარებული მოსაზრებით, ზოგადად, დახურული ტიპისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები, მათგან მომდინარე პოტენციური საფრთხის და მათი კრიმინალური წარსულიდან გამომდინარე, არ წარმოადგენენ იდენტურ კატეგორიას. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ცალკეულ შემთხვევაში, ისინი მეტ-ნაკლებად გათანაბრებული არიან სხვა უფლებებით პრაქტიკულ სარგებლობასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები ბლანკეტურად დისტანცირებული არიან ვიდეოპაემნის განხორციელების შესაძლებლობისგან. მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნული გარემოება კიდევ უფრო გასაგებს და დასაბუთებულს ხდის სასარჩელო ლოგიკას თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით. გარდა ამისა, ორივე კატეგორიის მსჯავრდებულებს თავისუფლების შეზღუდვისა და მისგან მომდინარე საჭიროებების გათვალისწინებით, აქვთ თანაბარი ინტერესი, შეინარჩუნონ კავშირი საკუთარ ოჯახთან და გარესამყაროსთან, რის საშუალებასაც, მათ შორის, იძლევა ვიდეოპაემანი.
9. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულ პირთა მიმართ განსხვავებული, დიფერენცირებული მოპყრობა ხორციელდება მათი სამართლებრივი სტატუსის მხედველობაში მიღებით. კერძოდ, შესაბამისი კატეგორიის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის ნიშნით. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, დიფერენციაცია მაღალი ინტენსივობისაა, ვინაიდან სადავო ნორმა ბლანკეტურად მოქმედი შეზღუდვის პირობებში სრულად ართმევს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს შესაძლებლობას, ისარგებლოს ვიდეოპაემნის უფლებით.
10. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული წესი, რომელიც გამორიცხავს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის უფლებას, ისარგებლოს ვიდეოპაემნით, ემსახურება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს და სამართალდამცავი ორგანოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულისა, ასევე, არეულობის აღკვეთის ლეგიტიმურ მიზნებს და არის ამ მიზნების მისაღწევად გამოსადეგი საშუალება. მიუხედავად ამისა, მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმა ვერ პასუხობს აუცილებლობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს. კერძოდ, ზემოხსენებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევა შესაძლებელია უფრო ნაკლებად მზღუდავი ღონისძიებების გამოყენებით, იმგვარად, რომ, ერთი მხრივ, იმპერატიულად არ აიკრძალოს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულთა ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლება, ხოლო, მეორე მხრივ, კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, სახელმწიფოს არ დაეკისროს არაგონივრულად მძიმე ტვირთი.
11. მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული რეგულაცია ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტს. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ვიდეოპაემნის უფლება, მათ შორის, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულისთვის არის შესაძლებლობა, შეინარჩუნოს და განავითაროს ოჯახური ურთიერთობები, რაც ასევე მნიშვნელოვანია დამნაშავის რესოციალიზაციისა და მისი საზოგადებაში რეინტეგრაციის კუთხით. აღნიშნულის საშუალებას კი სადავო ნორმით დადგენილი წესი მთლიანად უხშობს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ პირთა წრეს.
12. მოსარჩელე, კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, არ უარყოფს, რომ პირის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას და, ზოგადად, თავისუფლების შეზღუდვას, თავისთავად, თან სდევს ოჯახის წევრებთან და გარესამყაროსთან კავშირის ქონის შესაძლებლობის შეზღუდვა. მიუხედავად ამისა, ხსენებული არ გულისხმობს მსჯავრდებულის აბსოლუტურ იზოლირებას, მისთვის ოჯახის წევრებთან და გარესამყაროსთან კონტაქტის უპირობო აკრძალვას.
13. მოსარჩელე ადასტურებს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე დადგენილი წესი ემსახურება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების, გარშემო მყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს და სამართალდამცავი ორგანოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულისა, ასევე არეულობის აღკვეთის ლეგიტიმურ მიზნებს და არის ამ მიზნების მისაღწევად გამოსადეგი საშუალება. მიუხედავად ამისა, იგი ვერ აკმაყოფილებს აუცილებლობის კონსტიტუციურ მოთხოვნას, რაც იწვევს უფლებაში არათანაზომიერ ჩარევას, შესაბამისად, არღვევს პირადი და ოჯახური ცხოვრების კონსტიტუციურ უფლებას. კერძოდ, სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, დააწესოს უფლების ნაკლებად მზღუდავი და უფრო ვიწრო ხასიათის ღონისძიებები, რომლებიც, ერთი მხრივ, მიმართული იქნება ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნული ღონისძიების ადრესატები იქნებიან უშუალოდ ის მსჯავრდებულები, ვისგანაც მომდინარეობს ობიექტურად არსებული საფრთხე.
14. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1602 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1602 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე