საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/1/1602,1603 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 7 მარტი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 მარტი 2025 15:07 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-10 ნაწილისა (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და 171 მუხლის პირველი ნაწილის (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები - მიხეილ შარაშიძე და ეკა მამრიკიშვილი; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - ქრისტინე კუპრავა, ლევან ღავთაძე და ნინო შარმანაშვილი; საჯარო დაწესებულების წარმომადგენელი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის სპეციალისტი დიანა კვარაცხელია; საჯარო დაწესებულების წარმომადგენელი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე თამთა რეხვიაშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისს კონსტიტუციური სარჩელებით (რეგისტრაციის №1602 და №1603) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1602 და №1603 კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 24 მაისს. №1602 და №1603 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 16 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის №1/12/1602 საოქმო ჩანაწერით, №1602 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის №1/13/1603 საოქმო ჩანაწერით, №1603 კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული. ამავე საოქმო ჩანაწერით №1602 და №1603 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდა ერთ საქმედ. №1602 და №1603 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2023 წლის 21 და 22 თებერვალს.
2. №1602 და №1603 კონსტიტუციურ სარჩელებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. №1602 კონსტიტუციური სარჩელით სადავო ნორმას წარმოადგენს პატიმრობის კოდექსის 171 მუხლის პირველი ნაწილი (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად: „პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა და ამ კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულისა, უფლება აქვს, ისარგებლოს ვიდეოპაემნით (პირდაპირი ხმოვანი და ვიზუალური ტელეხიდით) ნებისმიერ პირთან“. №1603 კონსტიტუციური სარჩელით კი სადავოდ არის გამხდარი პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-10 ნაწილი (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, ბრალდებული სარგებლობს მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
4. №1602 კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მოსაზრებით, სადავო ნორმის საფუძველზე, განსხვავებით დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულებისგან, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები ვერ სარგებლობენ ვიდეო პაემნის უფლებით, რაც იწვევს მათ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებას. ამდენად, მოსარჩელის პოზიციით, შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, მსჯავრდებულები, რომელთაც განაჩენის სახით შეფარდებული აქვთ თავისუფლების აღკვეთა და სასჯელს იხდიან დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ხოლო, მეორე მხრივ, იმ მსჯავრდებულთა წრე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, სასჯელს იხდის განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. კონსტიტუციურ სარჩელში განვითარებული მოსაზრებით, ზოგადად, დახურული ტიპისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები, მათგან მომდინარე პოტენციური საფრთხისა და მათი კრიმინალური წარსულიდან გამომდინარე, არ წარმოადგენენ იდენტურ კატეგორიას. თუმცა მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ, ცალკეულ შემთხვევაში, ისინი მეტ-ნაკლებად გათანაბრებული არიან სხვა უფლებებით პრაქტიკულ სარგებლობასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები ბლანკეტურად დისტანცირებული არიან ვიდეოპაემნით სარგებლობისგან. გარდა ამისა, ორივე კატეგორიის მსჯავრდებულებს თავისუფლების შეზღუდვისა და მისგან მომდინარე საჭიროებების გათვალისწინებით, აქვთ თანაბარი ინტერესი, შეინარჩუნონ კავშირი საკუთარ ოჯახთან და გარესამყაროსთან, რის საშუალებასაც, მათ შორის, იძლევა ვიდეოპაემანი. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულ პირთა მიმართ განსხვავებული, დიფერენცირებული მოპყრობა ხორციელდება მათი სამართლებრივი სტატუსით, კერძოდ, შესაბამისი კატეგორიის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის ნიშნით. ამასთანავე, მოსარჩელის მითითებით, დიფერენციაცია მაღალი ინტენსივობისაა, ვინაიდან სადავო ნორმა ბლანკეტურად მოქმედი შეზღუდვის პირობებში სრულად ართმევს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს შესაძლებლობას, ისარგებლოს ვიდეო პაემნის უფლებით.
5. მოსარჩელის განმარტებით, ვიდეო პაემნის უფლება, მათ შორის, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულისთვის, არის შესაძლებლობა, შეინარჩუნოს და განავითაროს ოჯახური ურთიერთობები, რაც ასევე მნიშვნელოვანია დამნაშავის რესოციალიზაციისა და მისი საზოგადოებაში რეინტეგრაციის კუთხით. აღნიშნულის საშუალებას კი სადავო ნორმით დადგენილი წესი მთლიანად ართმევს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ პირთა წრეს. შესაბამისად, ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაც. არსებითად განხილვის სხდომაზე, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა არ უარყო, რომ პირის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას და, ზოგადად, თავისუფლების შეზღუდვას, თავისთავად, თან სდევს ოჯახის წევრებთან და გარესამყაროსთან კავშირის შენარჩუნების შეზღუდვა. მიუხედავად ამისა, იგი მიიჩნევს, რომ ხსენებული არ გულისხმობს მსჯავრდებულის აბსოლუტურ იზოლირებას და მისთვის ოჯახის წევრებთან და გარესამყაროსთან კონტაქტის უპირობო აკრძალვას. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა იწვევს უფლებაში არათანაზომიერ ჩარევას, რაც არღვევს პირადი და ოჯახური ცხოვრების კონსტიტუციურ უფლებას.
6. №1603 კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მითითებით კი, პრობლემურია სადავო ნორმის ის ცალკეული ნორმატიული შინაარსი, რომელიც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაშეფარდებულ ბრალდებულს იმპერატიულად გამორიცხავს ხანგრძლივი პაემნისა და ვიდეო პაემნის უფლებით სარგებლობისგან, რაც იწვევს მის დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებას.
7. მოსარჩელის პოზიციით, შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, ბრალდებულები, რომელთაც, კანონმდებლობის შესაბამისად, პატიმრობა აქვთ შეფარდებული და იმყოფებიან პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულები, რომლებიც იხდიან სასჯელს და, ამ მიზნით, მოთავსებული არიან შესაბამისი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. №1602 კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შესადარებელ პირებს თანაბარი ინტერესი გააჩნიათ, ჰქონდეთ პირდაპირი, უშუალო კონტაქტი თავის ოჯახთან, მათ შორის, ინტიმური კავშირის შესაძლებლობა. ამრიგად, ბრალდებულთა მიმართ, მსჯავრდებულებისაგან განსხვავებული, დიფერენცირებული მოპყრობა საპროცესო სტატუსის ნიშნით მაღალი ინტენსივობისაა და სადავო ნორმები ბლანკეტურად ზღუდავს ბრალდებულის უფლებას, ისარგებლოს ხანგრძლივი და ვიდეო პაემნების უფლებით.
8. №1603 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელის მიერ წერილობითი ფორმით წარმოდგენილი დასკვნითი სიტყვის თანახმად, ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების შესადარებელ ჯგუფებად წარმოდგენის მიზნით, მხედველობაშია მისაღები ის, რის გამოც ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული: ა) ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა; ბ) ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა; გ) ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა. ამდენად, მოსარჩელის აზრით, პატიმრობა ემსახურება მხოლოდ ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას, მხოლოდ ზემოაღნიშნული მიზნებით არის შესაძლებელი იზოლირება ბრალდებულისა, რომელიც ჯერ კიდევ უდანაშაულოდ ითვლება მისი ბრალეულობის უტყუარად დამტკიცებამდე. მოსარჩელის მითითებით, ბრალდებულისგან მომავალი რისკები, რომლებიც გარესამყაროსთან კომუნიკაციას უკავშირდება და საფრთხეს უქმნის მნიშვნელოვან საჯარო ინტერესებს, განისაზღვრება არა იმპერატიულად, არამედ ინდივიდუალურად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რის თაობაზეც, უფლების შეზღუდვის პროპორციულობისპრინციპის დაცვით, გადაწყვეტილებას იღებს გამომძიებელი ან პროკურორი. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ გამოძიების ინტერესებისა და უსაფრთხოების ლეგიტიმური მიზნების დაცვისათვის განხორციელდეს შეზღუდვა ინდივიდუალურ საქმესთან მიმართებით და ეს შეზღუდვა იყოს დასაბუთებული. ასევე, მისი აზრით, მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ხანმოკლე პაემანი არ განიხილება საოჯახო/ხანგრძლივი პაემნების ალტერნატივად. შესაბამისად, ის სამართლებრივი გარემოება, რომ ბრალდებულს აქვს ხანმოკლე პაემნის უფლება, ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების უფლებისა და თანასწორობის უფლების სრულყოფილ რეალიზებას, რის გამოც, კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განმარტებით, სადავო ნორმა წინააღმდეგობაშია პირადი და ოჯახური ცხოვრების კონსტიტუციურ უფლებასთანაც. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს უფლებაში ჩარევის აუცილებლობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი.
9. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის პრაქტიკაზე.
10. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების პოზიციით, განსახილველი დავის გადაწყვეტის მიზნით, აუცილებელია სამართალურთიერთობის სრული ანალიზი, რათა მოხდეს შესადარებელ პირთა იდენტიფიცირება. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ №1603 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, ბრალდებული და მსჯავრდებული პირები არ უნდა იქნენ მიჩნეულნი არსებითად თანასწორ პირებად, რადგან ხანგრძლივი პაემანი, როგორც ოჯახთან კავშირის ერთ-ერთი საშუალება, განხილულ უნდა იქნეს არა როგორც პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებული პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების შემადგენელი უფლებრივი კომპონენტი, არამედ როგორც მხოლოდ გარკვეული კატეგორიის დაწესებულებაში მოთავსებულ პირთათვის ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალება, რომელიც, სათანადო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაბამისი რისკისა და ინდივიდუალური გარემოებების შეფასების შედეგად, ენიჭება მსჯავრდებულს. სწორედ ამიტომ, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ, მართალია, პირადი და ოჯახური ცხოვრების შენარჩუნების ინტერესი ბრალდებულს და მსჯავრდებულს შესაძლოა თანაბრად გააჩნდეთ, თუმცა ისინი მაინც ვერ იქნებიან მიჩნეული არსებითად ერთგვაროვან პირობებში მყოფ პირებად, ვინაიდან საკუთრივ ხანგრძლივი პაემნის უფლების არარსებობის გამოა შეუძლებელი მათი უფლებრივი თანასწორობა.
11. რაც შეეხება №1602 კონსტიტუციურ სარჩელზე მოპასუხე მხარის პოზიციას, საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე, მოპასუხე მხარეს სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილთან მიმართებით არ დაუსახელებია სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი, რაც დაასაბუთა იმ არგუმენტით, რომ ზოგადად, ვიდეოპაემანი, როგორც დამოუკიდებელი უფლება არ არსებობს. მისი აზრით, ვიდეოპაემანი არ წარმოადგენს პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის ერთ-ერთ უფლებრივ კომპონენტს, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას. ამგვარად, მოპასუხე მხარის მოსაზრებით, რაკი არ არსებობს უფლებაში ჩარევა, შესაბამისად, არც შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნის დასახელებაა შესაძლებელი და არც მისი გამართლებულობის შეფასება.
12. კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განხილვის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს ინიციატივით მოწვეულმა საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ სრულად იზიარებენ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა პოზიციას სადავო ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა დამატებით მიუთითეს, რომ პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულია მთელი რიგი უფლებები, რომლებიც ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს თავისუფლების შეზღუდვის/აღკვეთის დაწესებულების ტიპისა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიხედვით აძლევს შესაძლებლობას იქონიონ კავშირი გარე სამყაროსთან. მათი აზრით, სწორედ ეს განაპირობებს გასაჩივრებული რეგულაციების კონსტიტუციურობას. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლებმა განმარტეს ვიდეო პაემნის განხორციელების კანონმდებლობით განსაზღვრული წესი და პროცედურა, ასევე მიუთითეს იმაზე, რომ კანონმდებლობით არსებული კომუნიკაციის სხვადასხვა ალტერნატიული საშუალებები სრულად უზრუნველყოფს ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სამართლის წინაშე თანასწორობისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. სადავო ნორმების ძალადაკარგულობა
1. №1602 და №1603 კონსტიტუციური სარჩელებით მოსარჩელე სადავოდ ხდის პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-10 ნაწილისა (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და 171 მუხლის პირველი ნაწილის (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-10 ნაწილი (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) ადგენდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ბრალდებულის უფლებას მხოლოდ ხანმოკლე პაემანზე, ხოლო ამავე კოდექსის 171 მუხლის პირველი ნაწილი (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) კი უფლებას ანიჭებდა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა და ამ კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულისა, ესარგებლა ვიდეოპაემნით (პირდაპირი ხმოვანი და ვიზუალური ტელეხიდით) ნებისმიერ პირთან.
3. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3988-XIIIმს-Xმპ კანონის „პენიტენციური კოდექსის“ 147-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი „პატიმრობის კოდექსი“. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის გასაჩივრებული ნორმები ძალადაკარგულია. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ სადავო ნორმებმა ძალა დაკარგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვის დასრულების შემდგომ.
4. ყურადსაღებია, რომ პენიტენციური კოდექსით ახლებურად ჩამოყალიბდა ბრალდებულის უფლება ხანმოკლე პაემანთან დაკავშირებით. ასევე, განსხვავებულად განისაზღვრა ვიდეო პაემნის უფლებით სარგებლობის საკითხიც. კერძოდ, პენიტენციური კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, ბრალდებულს აქვს ხანმოკლე პაემნის უფლება და ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომლებიც ხორციელდება ამ კოდექსის 120-ე და 122-ე მუხლებით დადგენილი წესით, ხოლო ამავე კოდექსის 123-ე მუხლმა განსაზღვრა ვიდეო პაემნის არსი, რომლის თანახმად, ვიდეო პაემანი არის მსჯავრდებულის (გარდა ამ კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულისა) მიერ ამ მუხლით განსაზღვრულ პირთან ამ კოდექსით დადგენილი წესით პირდაპირი ხმოვანი და ვიზუალური ტელეხიდით კომუნიკაცია.
5. აღსანიშნავია, რომ პენიტენციური კოდექსი, ამავე კოდექსის 148-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ამოქმედდა და, შესაბამისად, პატიმრობის კოდექსი ძალადაკარგულად გამოცხადდა 2024 წლის პირველი იანვრიდან. №1602 და №1603 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განხილვა კი გაიმართა 2023 წლის 21 და 22 თებერვალს. შესაბამისად, ნათელია, რომ განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარმა ნორმებმა სამართლებრივი ძალა დაკარგა დასახელებული კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განხილვის სხდომის დასრულების შემდგომ.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმების გაუქმება/ძალადაკარგულად გამოცხადება, საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში წარმოშობს განსხვავებულ შედეგებს საქმის მიმდინარეობის შესაბამისი ეტაპის გათვალისწინებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-3). ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, „როდესაც სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა/გაუქმება ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულების შემდეგ (როდესაც სასამართლო იმყოფება სათათბირო ოთახში), არ არსებობს საკანონმდებლო საფუძველი საქმის შეწყვეტისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
7. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება ვერ გახდება საქმის შეწყვეტის საფუძველი. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს სამართალწარმოებას და შეაფასებს ძალადაკარგული ნორმების კონსტიტუციურობას.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში შესაფასებელია ბრალდებულის ხანგრძლივი და ვიდეო პაემნების უფლებისგან გამორიცხვისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის (გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა და პატიმრობის კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულისა) ვიდეო პაემნის უფლებისგან გამორიცხვის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებთან. აღსანიშნავია, რომ თითოეული საკითხი ინდივიდუალურად საჭიროებს კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით განმარტებას. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მათ ცალ-ცალკე შეაფასებს.
9. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებულის ხანგრძლივი და ვიდეო პაემნების უფლებისგან გამორიცხვის კონსტიტუციურობა შესაფასებელია როგორც ყველა ადამიანის სამართლის წინაშე თანასწორობის, ასევე პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებთან მიმართებით. შესაბამისად, ამ კუთხით, სასამართლომ უნდა დაადგინოს შესადარებელ პირთა წრე სწორედ პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შუქზე, ამ უფლების არსის გათვალისწინებითა და მისი რეალიზების მიზნით არსებულ, სადავო ნორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო საშუალებათა გაანალიზებით. სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უპირველესად, უნდა შეფასდეს სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით გარანტირებულ უფლებასთან მიმართებით, ხოლო შემდგომ, დადგინდეს პირთა სამართლებრივი სტატუსის მიხედვით, მათ მიმართ დიფერენცირებული მოპყრობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ობიექტური და რაციონალური გამართლებულობა.
2. ბრალდებულის ხანგრძლივი და ვიდეო პაემნების უფლებისგან გამორიცხვის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
2.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით დაცული სფერო
10. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა პირადი ცხოვრების უფლების, როგორც ინდივიდის დამოუკიდებელი განვითარების უმთავრესი საფუძვლის მნიშვნელობაზე და მის განსაკუთრებულ კავშირზე დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებულ ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების კონცეფციებთან მიმართებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-4). სასამართლოს განმარტებით, დასახელებული უფლება „სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანის თავისუფლების, თვითმყოფადობისა და თვითრეალიზაციისათვის, მისი სრულყოფილად გამოყენების ხელშეწყობა და დაცვა არსებითად განმსაზღვრელია დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2/519 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
11. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე არაერთხელ აღნიშნა, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება ფართო კონცეფციაა და შედგება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან, რომლებიც დაცულია კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით. ზოგადად, პირადი ცხოვრება გულისხმობს ინდივიდის ცხოვრებისა და განვითარების კერძო, პრივატული სფეროს არსებობას, პირის უფლებას, სახელმწიფოსა და საზოგადოებისგან დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ადგილი, დამოკიდებულება და კავშირი გარესამყაროსთან, ასევე ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მოახდინოს ინფორმაციისა თუ მოსაზრებების გაცვლა-გაზიარება მათთან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“).
12. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „უდავოა, რომ პირის ... პირადი ცხოვრება მოიცავს კავშირსა და ურთიერთობებს ოჯახის წევრებთან და მის „ახლო წრესთან“. ოჯახური ცხოვრება გულისხმობს ქორწინების ან ფაქტობრივი თანაცხოვრების შედეგად მეუღლეებს შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს, ადამიანის უფლებას განავითაროს კავშირები ოჯახის წევრებთან და ბიოლოგიურ ნათესავებთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-4). ამგვარად, ოჯახური ცხოვრება გულისხმობს პირთა ცალკეულ წრესთან დამყარებულ კერძო ურთიერთობებს და მოიცავს განსაკუთრებით „ახლო წრეში“ არსებულ კავშირებს, რომლებიც ძლიერი ემოციური ან/და ბიოლოგიური კავშირით ხასიათდება.
13. ოჯახური ცხოვრებისა და მის ფარგლებში არსებული ურთიერთობების, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი სოციალური კომპონენტის, დაცვისა და პატივისცემის მნიშვნელობა კონსტიტუციაში ხაზგასმულია არა მხოლოდ როგორც ძირითადი უფლების დაცვის კუთხით, არამედ ასევე სამართლებრივი პრინციპების დონეზე. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე, რომ იზრუნოს ოჯახის კეთილდღეობის დასაცავად. ამრიგად, საქართველოს კონსტიტუცია სახელდებით გამოყოფს ოჯახური ცხოვრების უფლებას, როგორც პირის პირადი ცხოვრების განსაკუთრებულ უფლებრივ კომპონენტს, რომლის დაცვის მნიშვნელობა სცდება მკაცრად ინდივიდუალურ ჩარჩოებს და ეხება როგორც ამგვარი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტებს, ასევე მთლიანად საზოგადოებას და იკავებს მნიშვნელოვან ადგილს კონსტიტუციურ ღირებულებათა სისტემაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/1/704 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
2.2. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების სტანდარტები პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთან მიმართებით
14. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ პირებთან მიმართებით უკვე დაადგინა პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დაცვის სტანდარტები. საკონსტიტუციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ მის მიერ ამა თუ იმ უფლების ფარგლების განმარტების და მისი დაცვის კონსტიტუციური სტანდარტების დადგენისას, მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს უფლების სუბიექტის სამართლებრივ სტატუსს, ასევე შესაფასებელი სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათსა და თავისებურებებს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ერთ-ერთი ამგვარი შემთხვევაა პირისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა კანონის საფუძველზე. ინდივიდის ამგვარი სტატუსი ქმნის განსაკუთრებულ სამართლებრივ რეალობას, რომელიც გავლენას ახდენს ამ უკანასკნელის მიერ იმ ძირითადი უფლებებით სარგებლობის ხარისხზე, რომელთა სრულყოფილი რეალიზაცია გარდაუვლად დაკავშირებულია ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებასთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/1/704 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).
15. ამავდროულად, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დაცვის ფარგლები და სტანდარტები, ცხადია, განსხვავებულია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების სპეციფიკის გათვალისწინებით. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირები, ცხადია მიეკუთვნებიან ... პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით დაცულ სუბიექტებს. თუმცა, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ აღნიშნული პირები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფებიან, რაც პირადი ცხოვრების დაცულობის მოლოდინის ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებს სხვა პირებთან შედარებით. შესაბამისად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ცალკეული კომპონენტების კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტები შესაძლოა განსხვავდებოდეს იმ სტანდარტებისაგან, რომლებიც ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც არ იმყოფებიან პენიტენციურ დაწესებულებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-101). მაგალითად, „პატიმარი უზრუნველყოფილია უფლებით შექმნას ოჯახი, მაგრამ შეზღუდულია შესაძლებლობაში შეხვდეს ოჯახის წევრებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-10).
16. საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ ოჯახური ცხოვრების უფლება განეკუთვნება იმ ძირითად უფლებათა კატეგორიას, რომელთა დაცვის კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტი განსხვავებულია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირების მიმართ. მსჯავრდებულს აქვს prima facie უფლება, დაამყაროს და შეინარჩუნოს ოჯახური ურთიერთობები, კავშირი ჰქონდეს საკუთარი ოჯახის წევრებთან პირადად თუ კომუნიკაციის დისტანციური საშუალებებით. ამავდროულად, ოჯახის წევრებთან კავშირს ვერ ექნება მუდმივი, უწყვეტი ხასიათი, ისევე, როგორც კომუნიკაციის პროცესი ვერ დაექვემდებარება პრივატულობის ისეთ ხარისხს, როგორც ეს შესაძლებელია იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც არ არიან მოთავსებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/1/704 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
17. მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების ვრცლად დადგენილი სტანდარტებისა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულთან მიმართებით, სასამართლოს აქამდე არ უმსჯელია პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის სტატუსის მქონე პირთა პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების სტანდარტებთან დაკავშირებით. ამ კუთხით, აუცილებელია, განიმარტოს, რომ ბრალდებულის სტატუსის გათვალისწინებით, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების ხელშესახები სტანდარტები გარესამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნების მიზნით, მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა, ვინაიდან მას ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად ეზღუდება მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოც ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების შესაბამის მიდგომებს ამ მიმართულებით ჩამოაყალიბებს.
18. საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საყოველთაოდ დადგენილ მიდგომებს და განმარტავს, რომ პატიმრობა ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ღონისძიება, რომელიც პირის თავისუფლებას ზღუდავს, ბუნებრივად იწვევს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებისთვის დამახასიათებელ შეზღუდვებს (Klamecki v. Poland (no. 2), no. 31583/96, § 144, 3 აპრილი, 2003 წელი; Lesiak v. Poland, no. 19218/07, § 73, პირველი თებერვალი, 2011 წელი). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო, თავისი პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში, უნდა დაეხმაროს ბრალდებულს, რომლის მიმართაც გამოყენებულია შესაბამისი საპატიმრო ღონისძიება, ისარგებლოს ოჯახური ცხოვრების უფლებით, შეინარჩუნოს ოჯახის წევრებთან კონტაქტი, განავითაროს იგი და ამისათვის უზრუნველყოს თავისუფლებაშეზღუდული პირი შესაბამისი შესაძლებლობებით. ციხის ევროპული წესების შესაბამისი დებულებით დადგენილი წესით, პატიმრობაში მყოფი პირის ოჯახთან შეხვედრის ღონისძიებები უნდა იყოს ისეთი, რომ ბრალდებულებს საშუალება მიეცეთ, შესაძლებლობის ფარგლებში, შეინარჩუნონ და განავითარონ ოჯახური ურთიერთობები. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთგზის აღნიშნა, რომ ისეთი შეზღუდვები, როგორებიცაა ოჯახური ვიზიტების შეზღუდული რაოდენობა, მათზე ზედამხედველობა, როდესაც ეს გამართლებულია დანაშაულის ბუნებით, საპატიმრო დაწესებულების სპეციალური რეჟიმით ან სპეციალური ვიზიტისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებით, წარმოადგენს პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას, მაგრამ თავისთავად არ არღვევს კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებს (Bogusław Krawczak v. Poland, no. 24205/06, §§ 107-108, 31 მაისი, 2011 წელი; Kučera v. Slovakia, no. 48666/99, § 127-8, სექტემბერი, 2007 წელი; Moiseyev v. Russia, no. 62936/00, § 246, 9 ოქტომბერი, 2008 წელი; Trosin v. Ukraine, no. 39758/05, § 39, 23 თებერვალი, 2012 წელი). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების ნებისმიერი შეზღუდვა განხორციელებული უნდა იყოს „კანონის შესაბამისად“, ემსახურებოდეს ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ ერთ ან რამდენიმე ლეგიტიმურ მიზანს და, გარდა ამისა, უნდა იყოს გამართლებული, როგორც „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“. ევროპული სასამართლოსეული განმარტების შესაბამისად, ცნება „აუცილებლობა“ ზემოხსენებული მუხლის მიზნებისთვის, ნიშნავს, რომ ჩარევა უნდა შეესაბამებოდეს „მწვავე სოციალურ საჭიროებას“ და, კერძოდ, უნდა იყოს ლეგიტიმური მიზნის პროპორციული საშუალება. (Estrikh v. Latvia, no. 73819/01, § 166, 18 იანვარი, 2007 წელი).
19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმისათვის, რათა დადგინდეს ბრალდებულთა სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მათი პატიმრობის დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის მინიმალური უფლებრივი სტანდარტები, აუცილებელია, პენიტენციური დაწესებულების კონკრეტული სახის, მასში მოთავსებული ბრალდებულის სამართლებრივი სტატუსისა და მოთავსების პერიოდის, მოთავსების მიზნებისა და საბოლოო სავარაუდო შედეგის საკანონმდებლო ანალიზი.
20. პატიმრობის კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, პენიტენციური დაწესებულება არის მინისტრის სამართლებრივი აქტით შექმნილი დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სამსახურის სისტემაში. პენიტენციური დაწესებულება მისთვის ამ კოდექსით მინიჭებული ცალკეული ფუნქციების შესრულებისას არის ადმინისტრაციული ორგანო. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) მიხედვით კი, პენიტენციური დაწესებულების სახეებია: ა) პატიმრობის დაწესებულება; ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება.
21. როგორც აღინიშნა, პატიმრობის დაწესებულება განსხვავდება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისგან, რაც, სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, არ განასხვავებს იქ მოთავსებულ ადამიანთა პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების შეზღუდვის საფუძვლებს, თუმცა საპატიმრო დაწესებულების სახის მიხედვით მოითხოვს განსხვავებულ მინიმალურ სტანდარტს სახელმწიფოსათვის მისი პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში. აღნიშნული გარემოება გამომდინარეობს სწორედ იქიდან, რომ საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებისა თუ აღკვეთის ღონისძიების მიზნები და, საკუთრივ, ბრალდებულის სტატუსი განაპირობებს სახელმწიფოს მხრიდან პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების იმგვარი სტანდარტის დადგენას, რომ მან, როგორც პირის თავისუფლების შემზღუდველმა, ერთი მხრივ, იზრუნოს და ხელი შეუწყოს ბრალდებულს გარესამყაროსთან კომუნიკაციაში, ხოლო, მეორე მხრივ, დაიცვას საჯარო ინტერესი - ეფექტიანად აღასრულოს მართლმსაჯულება. ამას ადასტურებს პატიმრობის კოდექსის (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისი მუხლების ანალიზიც. კერძოდ, პატიმრობის კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, პატიმრობის დაწესებულება არის დახურული, განსაკუთრებულად დაცული, სასაკნე ტიპის დაწესებულება, რომლის მიზანია ბრალდებულის იზოლაცია აღკვეთის ღონისძიების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით. ამასთან ერთად, პატიმრობის დაწესებულებაში განთავსებული არიან ბრალდებულები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან/და შერეული ტიპის დაწესებულების არსებობის შემთხვევისა. შერეული ტიპის დაწესებულებაში ბრალდებულები იზოლირებული უნდა იყვნენ მსჯავრდებულებისაგან, როგორც მინიმუმი, ერთმანეთისაგან განცალკევებული საცხოვრებელი ფართობებით. გარდა ამისა, ბრალდებულები პატიმრობის დაწესებულებაში განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი პატიმრობის კოდექსის 54-ე მუხლის (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისად.
22. ამის პარალელურად, მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სასჯელის აღსრულების დაწესებულებას. ამგვარად, მასში მოთავსებულ მსჯავრდებულთა პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების სტანდარტებიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სასჯელის მიზნებთან კორელაციაში იქნა განხილული და შესაბამისად შეფასებული. ბრალდებულთან მიმართებით კი სახეზე არ არის დასრულებული სისხლის სამართლის საქმისწარმოება; პირიქით, არსებობს იმის პრეზუმფციაც, რომ ბრალდებული შეიძლება გამართლდეს, სწორედ ამიტომ მისი იზოლაცია აღკვეთის ღონისძიების, კერძოდ, პატიმრობის გზით და მისი დახურულ, განსაკუთრებულად დაცულ, სასაკნე ტიპის დაწესებულებაში მოთავსება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფის მიზანთან, რაც ასე მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის პროცესში. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებრივი ასპექტებიც განხილული უნდა იყოს საპატიმრო დაწესებულებაში მისი მოთავსების მიზნების ჭრილში.
23. საპატიმრო დაწესებულებაში ბრალდებულის იზოლაცია ემსახურება აღკვეთის ერთ-ერთი ღონისძიების - პატიმრობის - გამოყენების ლეგიტიმური მიზნების უზრუნველყოფას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. რაც შეეხება პატიმრობას, ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით არ უნდა შეეფარდოს პატიმრობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მისი მიმალვის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეზე ზემოქმედების, მტკიცებულების განადგურების ან განაჩენის აღუსრულებლობის საფრთხე. ამასთანავე, ბრალდებულს პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება არ შეიძლება შეეფარდოს, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით. ამავე გარანტიას ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შეუძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით. პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლშიც. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული: ა) ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა; ბ) ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა და გ) ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა.
24. წინამდებარე საქმეში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გაიმეორებს მის მიერ დადგენილ პრაქტიკას და მიუთითებს, რომ ბრალდებულის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება, შეინარჩუნოს და განავითაროს ოჯახთან ურთიერთობა, წარმოადგენს კონსტიტუციით დადგენილ იმ მინიმალურ გარანტიებს, რომლებითაც სახელმწიფომ თავისი პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში უნდა უზრუნველყოს ბრალდებული, თუმცა რა კონკრეტული საშუალებით განახორციელებს იგი მას, ეს სახელმწიფოს მიხედულების ფარგლებს განეკუთვნება, დასაცავი სიკეთის გათვალისწინებით.
25. ბრალდებულმა, ისევე როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა, წინასწარ იცის, რომ თავისუფლების შეზღუდვის პერიოდში იგი სარგებლობს შეზღუდული უფლებებით, განსხვავებით ისეთი შემთხვევისგან, როდესაც მის მიმართ არ არის განხორციელებული თავისუფლების შეზღუდვის საპროცესო იძულების რომელიმე ღონისძიება. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების პროცესში ბრალდებულის მხრიდან მართლმსაჯულებისადმი ზიანის მიყენების საფრთხე უფრო მაღალია, რის გამოც მას მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა გააჩნია. თუმცა პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩარევის ინტენსივობას ამცირებს ის გარემოება, რომ მისი იზოლაცია შეზღუდულ კონსტიტუციურ/საკანონმდებლო ვადებს ეფუძნება.
26. წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ ბრალდებულს, მსგავსად მსჯავრდებულისა, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გარდა ხანმოკლე პაემნის უფლებისა, ისარგებლოს ხანგრძლივი და ვიდეო პაემნების უფლებითაც. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელთა განმარტებით, ბრალდებულისთვის ბლანკეტურად მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლების მინიჭებით, იმავდროულად, ხდება მისი ხანგრძლივი და ვიდეო პაემნების უფლების შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, გაუმართლებლად ზღუდავს ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას.
27. საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოთ მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, უკვე შეაფასა, თუ რა მინიმალური გარანტიები იგულისხმება სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაში, ხელი შეუწყოს ან/და დაეხმაროს ბრალდებულს, ისარგებლოს ოჯახთან კავშირის განხორციელების, შენარჩუნებისა და განვითარების შესაძლებლობით. ამავე საკითხზე სასამართლომ გარკვეულწილად იმსჯელა მის მიერ 2023 წლის 27 ივლისის №1/6/1737 გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და აღნიშნა, რომ „გარესამყაროსთან ბრალდებულების ნებისმიერი კომუნიკაცია მომეტებულ რისკებს შეიცავს გამოძიების ინტერესებისთვის. შესაბამისად, რაც მეტია კომუნიკაცია, მით მეტია გამოძიებისათვის საფრთხის შექმნის რისკიც. ამიტომ სახელმწიფოს მიზანი ვერ იქნება იმაზე კონცენტრირებული, რაც შეიძლება ფართოდ უზრუნველყოს ბრალდებულის კონტაქტები, რადგან ყოველი კონტაქტი გამოძიების ინტერესებისთვის პოტენციური საფრთხის შემცველია. ის გარემოება, რომ ბრალდებულებს აქვთ ხანმოკლე პაემნის უფლება, იმით აიხსნება, რომ ბრალდებული პატიმრის ოჯახისგან სრული იზოლაცია დაუშვებელია და მნიშვნელოვანია, რომ მან შეინარჩუნოს თავის ოჯახთან ურთიერთობის გარკვეული შესაძლებლობები ისე, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი გამოძიებისა და მართლმსაჯულების ინტერესებისთვის ხელის შეშლის რისკი“.
2.3. სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის იდენტიფიცირება
28. პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-10 ნაწილის (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, ბრალდებული სარგებლობს მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამგვარი აღმჭურველი წესი იმავდროულად გამორიცხავს ბრალდებულს ხანგრძლივი და ვიდეო პაემნების უფლებით სარგებლობისგან. შესაბამისად, ბრალდებულისთვის ბლანკეტურად მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლების მინიჭება წარმოადგენს პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ინტენსიურ და გაუმართლებელ ჩარევას, რაც არაკონსტიტუციურია.
29. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილების ფარგლებში უკვე განმარტა, რომ ბრალდებულს აქვს პირადი და ოჯახური კავშირების შენარჩუნებისა და განვითარების უფლება, რისთვისაც სახელმწიფო ვალდებულია აღჭურვოს იგი იმ მინიმალური შესაძლებლობით, რომლის მეშვეობით დაუბრკოლებლად და შეუფერხებლად განახორციელებს გარესამყაროსთან კონტაქტს, დაუკავშირდება ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და შეინარჩუნებს მათთან ემოციურ კავშირს. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო რელევანტურად მიიჩნევს, რომ, ოჯახთან ურთიერთობის თვალსაზრისით, გააანალიზოს ხანმოკლე, ხანგრძლივი და ვიდეო პაემნების კატეგორიები.
30. პატიმრობის კოდექსის 172 მუხლის პირველი ნაწილის (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, ხანგრძლივი პაემანი არის მსჯავრდებულის შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან და ძმასთან ერთად ცხოვრება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების წარმომადგენლის დაუსწრებლად. ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს, რომ ხანგრძლივი პაემანი მიმდინარეობს 23 საათის განმავლობაში, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს 47 საათამდე. რაც შეეხება კონტროლის მექანიზმებს, როგორც აღინიშნა, ხანგრძლივი პაემანი მიმდინარეობს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების წარმომადგენლის დაუსწრებლად და ყოველგვარი (აკუსტიკური თუ ვიზუალური) კონტროლის გარეშე. თავის მხრივ, ხანმოკლე პაემანს და მისი განხორციელების წესს არეგულირებს პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლი (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია), ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შეიძლება მიეცეს თავის ახლო ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) ხანმოკლე პაემნის უფლება. რაც შეეხება ხანმოკლე პაემნის მიმდინარეობის ვადას და კონტროლის მექანიზმებს, პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-7 ნაწილი (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) ადგენს, რომ ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლის ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობით, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამავე კოდექსის 171 მუხლი (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) განსაზღვრავს ვიდეო პაემნის არსს, ამ უფლებით მოსარგებლე სუბიექტებს, მისი განხორციელების წესსა და პირობებს. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ნორმის მოქმედება ცალსახად არ ვრცელდება ბრალდებულზე. შესაბამისად, ვიდეო პაემნით სარგებლობს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული (პირდაპირი ხმოვანი და ვიზუალური ტელეხიდით) ნებისმიერ პირთან. ამ მუხლის მე-3 ნაწილის (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, მსჯავრდებულთან ვიდეო პაემნის ორგანიზებას მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის საფუძველზე უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება, ხოლო პენიტენციური დაწესებულების გარეთ – სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), ხოლო ამ მუხლის მე-6 ნაწილი (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) ადგენს, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პენიტენციური დაწესებულებისა და სააგენტოს წარმომადგენლები ახორციელებენ მსჯავრდებულთან ვიდეო პაემნის ვიზუალურ ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობას, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე მსჯავრდებულისა და მასთან ვიდეო პაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა.
31. პაემნის ზემოხსენებული კატეგორიების შინაარსობრივი ურთიერთშედარების პრიზმაში აშკარაა, რომ ორივე კატეგორიის პაემანი, ხანმოკლე იქნება ის თუ ხანგრძლივი, ითვალისწინებს ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობას. განსხვავება ვლინდება დროის ხანგრძლივობასა და იმ გარემოებაში, შეხვედრა მეთვალყურეობით ხორციელდება თუ მის გარეშე. აგრეთვე, ხანგრძლივი პაემანი, თავისი ხანგრძლივობით, მეთვალყურეობის მექანიზმის არარსებობით, ხანგრძლივი პაემნის ოთახის მოწყობითა და სხვა გარემოებებით, ემსახურება თავისუფლებაშეზღუდული პირის კანონმდებლობით ნებადართულ პირებთან შეხვედრასა და მათთან ერთად ყოფნას საცხოვრებელთან და ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში, მათ შორის, ინტიმური/სექსუალური ურთიერთობების დაშვებით. კერძოდ, „მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 22 ივლისის №132 ბრძანებით (მე-7 მუხლი) დადგენილია პაემნის ოთახში ყოფნის პირობები და, მაგალითად, ეს ოთახი არის სასტუმროს ტიპის ოთახი, რომელიც უზრუნველყოფილია ძირითადი საყოფაცხოვრებო ნივთებით (საწოლი – ორი სტანდარტული და ერთი ბავშვის, მაგიდა, სკამი, ტუმბო) და აბაზანით, თეთრეულით, ჰიგიენური საშუალებებითა და სხვა. რაც შეეხება ვიდეო პაემანს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესი“ (შემდგომში - „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესი“) დეტალურად განსაზღვრავს ვიდეო პაემნის გამართვის პროცესის კოორდინაციისა და მსჯავრდებულთან ვიდეო პაემნის მსურველ პირთა მიღება-დაკავშირების უზრუნველყოფის წესს. ზემოხსენებული საკანონმდებლო რეგულაციების ანალიზის საფუძველზე, აშკარაა, რომ ვიდეო პაემანი არის შესაბამისი საკომუნიკაციო და ტექნიკური საშუალებებით, პირდაპირი ხმოვანი და ვიზუალური ტელეხიდით კავშირის დამყარების საშუალება. ხანგრძლივი პაემნისგან განსხვავებით, ვიდეო პაემნით სარგებლობისას, მსჯავრდებულს, თავისთავად, არ აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირებთან პირდაპირი ფიზიკური კავშირის შესაძლებლობა, ხოლო ბრალდებული სრულად გამორიცხულია ვიდეო პაემნის უფლებით სარგებლობისგან.
32. ამგვარად, სადავო ნორმით გათვალისწინებული პაემნების მეშვეობით, ოჯახური კავშირების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ამ უფლებაში ჩარევის ინტენსივობისა და მისი ხარისხის შეფასებისას გადამწყვეტია ის, დააკმაყოფილა თუ არა სახელმწიფომ პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დაცულობის მინიმალური კონსტიტუციური სტანდარტები ბრალდებულთათვის მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლების მინიჭებით და პასუხობს თუ არა ამ სტანდარტებს მათთვის ხანგრძლივი და ვიდეო პაემნების უფლების შეზღუდვა. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არის თუ არა ბლანკეტური და რამდენად იძლევა სადავო წესი ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინების შესაძლებლობას გადაწყვეტილების მიღებისას; ხომ არ ზღუდავს ის ბრალდებულთა უფლებებს იმაზე მეტად, ვიდრე ეს აუცილებელია ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში.
2.4. სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლება
33. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება არ არის აბსოლუტური და შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების მიხედვით, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია „მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“. ამრიგად, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ კანონის საფუძველზე, დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად და თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
2.4.1. უფლების კანონით შეზღუდვის ფორმალური მოთხოვნა
34. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი expressis verbis მიუთითებს, რომ პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება დასაშვებია, შეიზღუდოს „მხოლოდ კანონით“. განსახილველ შემთხვევაში სადავოდაა გამხდარი საქართველოს პატიმრობის კოდექსის (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) ნორმა. პატიმრობის კოდექსი (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) საქართველოს კანონია და მიეკუთვნება საკანონმდებლო აქტებს. შესაბამისად, სადავო ნორმა აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ფორმალურ მოთხოვნას პირადი და ოჯახური ცხოვრების კანონით შეზღუდვის თაობაზე.
2.4.2. თანაზომიერების პრინციპი
35. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თანაზომიერების პრინციპის თანახმად, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
36. ამავდროულად, პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიმართ განსხვავებულია არა მხოლოდ პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებით დაცული სფერო, არამედ - უფლების შეზღუდვის საფუძვლები და სტანდარტებიც. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დაწესებულების რეჟიმიდან, იქ არსებული რეგულაციებიდან, აგრეთვე დაწესებულების სპეციფიკის შესაბამისი უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაწესებულებაში მოთავსებულ პირს ვერ ექნება პირადი ცხოვრების დაცულობის ისეთივე მოლოდინი, როგორც ეს თავისუფლებაში მყოფ პირს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში განსხვავებული, ნაკლებად მკაცრია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის კონსტიტუციური მოთხოვნები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-102). შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ნაკლებად მკაცრი სტანდარტით შეაფასებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირების პირადი და ოჯახური ცხოვრების შეზღუდვის კონსტიტუციურობას.
ა. ლეგიტიმური მიზანი
37. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი სახელდებით ჩამოთვლის იმ ლეგიტიმურ მიზნებს, რომელთა მიღწევისათვის დასაშვებია პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა. ესენია - სახელმწიფო/საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ან სხვათა უფლებების დაცვა.
38. მოპასუხე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული აკრძალვის ლეგიტიმური მიზნებია მართლმსაჯულებისა და გამოძიების ეფექტიანად განხორციელება. დასახელებული ლეგიტიმური მიზნები შეესატყვისება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ მიზნებს, ვინაიდან უკავშირდება სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასაშვებია, მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად შეიზღუდოს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება.
ბ. გამოსადეგობა და აუცილებლობა
39. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ უფლებაში ჩარევა გამართლებულია. შეზღუდვის თანაზომიერებისათვის ასევე აუცილებელია, დაკმაყოფილებული იყოს გამოსადეგობის მოთხოვნაც. თავის მხრივ, ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48).
40. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებადმზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის აუცილებელი.
41. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმით გარკვეული კატეგორიის პირებისათვის - პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. როგორც აღინიშნა, ზემოხსენებული დანაწესი, გამორიცხავს ბრალდებულის მიერ ხანგრძლივი და ვიდეო პაემნებით სარგებლობის შესაძლებლობას. მოსარჩელის აზრით, ბრალდებულს, მსჯავრდებულის მსგავსად, უნდა ჰქონდეს ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. იმავდროულად, მისი მოსაზრებით, საფრთხის ქვეშ არ დადგება შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნების მიღწევა ბრალდებულის მიერ ვიდეო პაემნით სარგებლობის შემთხვევაშიც. საკონსტიტუციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ იგი არ დგას პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების ხელშეუხებლობის სტანდარტების ამომწურავი განმარტების საჭიროების წინაშე თავისუფლების აღკვეთისა თუ სხვაგვარი შეზღუდვის დაწესებულების კატეგორიის ან/და იქ მოთავსებული პირის სტატუსის გათვალისწინებით. ამდენად, სასამართლო არ დგას იმ ამოცანის წინაშე, აბსოლუტურ განზომილებაში შეაფასოს, არის თუ არა ბრალდებული პირებისთვის უზრუნველყოფილი კანონით გათვალისწინებული სადავო შეხვედრების ბუნება და სიხშირე შესაბამისობაში მათი პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებასთან კონსტიტუციის მე-15 მუხლის გაგებით. მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად აკმაყოფილებს ბრალდებულისთვის მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლების მინიჭებით მისი ხანგრძლივი და ვიდეო პაემნების უფლებით სარგებლობისგან იზოლირების შემთხვევა კონსტიტუციით დადგენილ მინიმალურ სტანდარტს.
42. საკონსტიტუციო სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილების ფარგლებში უკვე დაადგინა, რომ ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცულობა განპირობებულია გამოძიებისა და მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების ინტერესით. შესაბამისად, პატიმრობის დაწესებულებაში ბრალდებულის მოთავსების შემთხვევაში ამ უფლებათა დაცულობის ხარისხიც მცირდება, თუმცა საყურადღებოა, რომ იგი სრულად არ შორდება გარესამყაროსა და ოჯახთან კომუნიკაციის შესაძლებლობას, რაც, თავის მხრივ, ხაზს უსვამს სადავო ღონისძიების ვარგისიანობასა და მის ლოგიკურ და რაციონალურ კავშირს მართლმსაჯულებისა და გამოძიების ეფექტიან აღსრულებასთან.
43. სწორედ ამიტომ სასამართლო შემოიფარგლება იმის აღნიშვნით, რომ ბრალდებული პირებისათვის კანონმდებლობით უზრუნველყოფილი ხანმოკლე პაემნების რაოდენობა - 1 თვის განმავლობაში, არა უმეტეს 4 ხანმოკლე პაემანი - prima facie, აბსოლუტურ განზომილებაში, არ არის ისეთი ცოტა, რომელიც შეუძლებელს გახდიდა ოჯახური კავშირების შენარჩუნებას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის პერიოდში. შესაბამისად, დაწესებული შეზღუდვა, ბრალდებულის ხანგრძლივი და ვიდეო პაემნების უფლებისგან გამორიცხვის სახით, არ არის ისეთი ინტენსიური ბუნების, რომ ბრალდებულთა პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას გამოაცალოს ყოველგვარი შინაარსი, მისით სარგებლობა გახადოს ილუზორული და არ დააკმაყოფილოს ის მინიმალური გარანტიები, რაც ამ უფლებით არის ყოველ დემოკრატიულ სახელმწიფოში აღიარებული.
44. ამასთანავე, ყურადსაღებია, რომ ბრალდებულის მიერ გარესამყაროსთან ყოველი კონტაქტი წარმოშობს უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნებისთვის საფრთხის შექმნის რისკებს და ყოველი შემდგომი შესაძლებლობის მინიჭება (მათ შორის, ხანგრძლივი და ვიდეო პაემნების) ამ რისკებს ზრდის. ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ ხედავს უფლების შეზღუდვით დასახული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის, მსგავსად ეფექტიან და, იმავდროულად, ბრალდებულის უფლებების ნაკლებადმზღუდველ საშუალებას. სწორედ ამიტომ, სადავო ღონისძიება წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. საყურადღებოა ისიც, რომ არც მოსარჩელე მხარეს არ დაუსაბუთებია ის, თუ, რატომ ვერ ინარჩუნებს ბრალდებული ხანმოკლე პაემნის უფლების მინიჭებით ახლობლებთან კონტაქტს ან რატომ არ უშლის ხანგრძლივი ან/და ვიდეო პაემანი ხელს გამოძიების ინტერესებს; რატომ მიაჩნია, რომ ბრალდებულის მხრიდან ხანგრძლივი და ვიდეო პაემნების უფლებით სარგებლობის შემთხვევაშიც კი, მართლმსაჯულება ეფექტიანად და დაუბრკოლებლად აღსრულდებოდა.
გ. პროპორციულობა ვიწრო გაგებით
45. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, თანაზომიერების პრინციპი ასევე მოითხოვს, რომ დაცული იყოს პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto sensu). თანაზომიერების პრინციპის აღნიშნული ელემენტის მოთხოვნაა, რომ „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43). კერძოდ, სახელმწიფოს მიერ დაცული ინტერესი საკუთარი მნიშვნელობით უნდა აღემატებოდეს სადავო ნორმით შეზღუდულ ინტერესს.
46. განსახილველ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, ბრალდებულის კერძო ინტერესი - შეძლოს საკუთარი პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზაცია და კონტაქტი ჰქონდეს საკუთარი ოჯახის წევრებთან და ახლო ნათესავებთან, ხოლო, მეორე მხრივ, საჯარო ინტერესი - დაცულ იქნეს გამოძიების ინტერესები და, საბოლოოდ, მართლმსაჯულება განხორციელდეს ეფექტიანად.
47. როგორც აღინიშნა, პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებულ პირს აქვს პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის ნაკლები მოლოდინი, ვინაიდან იმყოფება ამგვარ დაწესებულებაში, კონკრეტული ვადით შეზღუდული აქვს თავისუფლება და იზოლირებულია საზოგადოებისაგან, მათ შორის, ოჯახის წევრებისაგან. ამავდროულად, არსებობს იმის პრეზუმფციაც, რომ შესაძლებელია, მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმისწარმოება დასრულდეს მის სასარგებლოდ და წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ ან შეწყდეს დევნა პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებისა თუ სხვა საკანონმდებლო საფუძვლების არსებობის გამო. ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის უფლებას, მათ შორის, პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებული პირების უფლებას, რომ, ერთი მხრივ, იქონიონ კავშირი საკუთარი ოჯახის წევრებთან, რათა შეინარჩუნონ შესაძლებლობა, რომ მათ მიმართ არსებული საპროცესო იძულების ღონისძიების გაუქმების შემდგომ კვლავ შეძლონ საზოგადოებაში ინტეგრაცია, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს უდგენს პოზიტიურ ვალდებულებას, კერძო ინტერესების დაცვის საპირწონედ აგრეთვე დაიცვას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოება და დაწყებული მართლმსაჯულება აღასრულოს ეფექტიანად, სამართლიანად და მიუკერძოებლად. შესაბამისად, ბრალდებულის იზოლირება, მისთვის ოჯახის წევრებთან უშუალო და ინტიმური კონტაქტის შესაძლებლობის შეზღუდვა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს აქვს მნიშვნელოვანი, წონადი საჯარო მიზნები. ამგვარ წონად საჯარო მიზნებად, ნამდვილად ჩაითვლება მართლმსაჯულების აღსრულებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნები, რომელთა დაცვასაც ემსახურება, საზოგადოდ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება, რასაც თან სდევს შესაბამის პირთა პირადი და ოჯახური ცხოვრების მომეტებული შეზღუდვა პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების, შეფარდების პერიოდში.
48. რაც შეეხება ბრალდებულისთვის საკუთრივ მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლების მინიჭებას და მოსარჩელის მოსაზრებას, რომ სავარაუდო რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინება თითოეულ პატიმართან მიმართებით ინდივიდუალურ შეფასებას უნდა ექვემდებარებოდეს, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს შემდეგს: საზოგადოდ, პატიმრობაში ყოფნის ფაქტი, უკვე არის ობიექტური მიმანიშნებელი, რომ გამოძიების ინტერესების დამაზიანებელი საფრთხე, ინდივიდუალურ შემთხვევაში, კონკრეტულ ბრალდებულთან მიმართებით უკვე არსებობს, ვინაიდან სწორედ ამგვარი საფრთხეების არსებობაა საჭირო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისთვის. შესაბამისად, ივარაუდება, რომ თუკი ბრალდებულს პატიმრობა აქვს შეფარდებული, მაშასადამე, გამოძიების ინტერესების დაზიანების საფრთხე არსებობს და ეს სწორედ ინდივიდუალური შეფასების საგანი იყო. შესაბამისად, სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელეს, რომ დაწესებული შეზღუდვა ბლანკეტურობის გამო ინდივიდუალური შემთხვევის თავისებურებებს არ ითვალისწინებს. როგორც ზემოთაც აღინიშნა, ზემოხსენებული ინდივიდუალური გარემოებები გამოკვლეულია სასამართლოს მიერ და სწორედ მათი არსებობა (მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურების ან/და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე) უდევს საფუძვლად, აღკვეთის ღონისძიების სახით, კონკრეტული ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას და მის საფუძველზე ბრალდებულისთვის თავისუფლების შეზღუდვას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის №1/6/1737 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-49).
49. იმ საფრთხეების არსებობა, რომლებიც პატიმრობის საფუძველია, ინდივიდუალური შეფასების საგანი რომ არის, ამას ის გარემოებაც ადასტურებს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა და, ზოგადად, მისი შემდგომი გამოყენებადობის აუცილებლობა, მუდმივი ინდივიდუალური მონიტორინგის საგანია სასამართლოს მხრიდან. კერძოდ, ბუნებრივია, არ გამოირიცხება, რომ ის კონკრეტული საფრთხე, რომლის არსებობის ფაქტიც საფუძვლად დაედო ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ აღარ არსებობდეს. ასეთ დროს ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობასაც ეცლება ლეგიტიმური საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, ბრალდებულს შეუძლია დააყენოს შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე, შეფარდებული პატიმრობა შეეცვალოს უფრო მსუბუქი სახის აღკვეთის ღონისძიებით, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლეც ვალდებულია, პირველივე წინასასამართლო სხდომაზე, თავისი ინიციატივით, განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, დააყენა თუ არა მხარემ შუამდგომლობა პატიმრობის შეცვლის ან გაუქმების შესახებ. ამის შემდეგაც, სასამართლო ვალდებულია, თავისი ინიციატივით, ორ თვეში ერთხელ მაინც განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2301 მუხლის თანახმად, „თუ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა გამოყენებული, სასამართლო სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანამდე თავისი ინიციატივით პერიოდულად, ორ თვეში ერთხელ მაინც განიხილავს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხს. ეს ორთვიანი ვადა აითვლება წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. ამ ნაწილით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესითა და სტანდარტით.“ ამგვარად, დასახელებული ნორმები ავალდებულებს სასამართლოს, სავალდებულო წესით, თვითინიციატივის საფუძველზე გადასინჯოს პატიმრობის მიზანშეწონილობა ყოველ ორ თვეში ერთხელ. ამასთანავე, ეს იმას არ გულისხმობს, თითქოს მოსამართლეს არ შეუძლია, უფრო მცირე ინტერვალებითაც განახორციელოს ასეთი შეფასება. ამგვარად, კანონმდებლობით უზრუნველყოფილია პროცესუალური შესაძლებლობები, სისტემატურად მოწმდებოდეს ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა, რაც სწორედ ზემოთ მითითებული საფრთხეების შემოწმებას გულისხმობს. თუ შუამდგომლობა დაკმაყოფილდება ან სასამართლო საკუთარი ინიციატივით მივა კონკრეტულ დასკვნამდე, რომ არ არსებობს პატიმრობის გამოყენების არც ერთი საფუძველი, ბრალდებული თავისუფლდება და მისი ოჯახური ცხოვრების უფლებებში ჩარევაც წყდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტული საფრთხე/საფრთხეები კვლავ აქტუალურია, იგი არ აკმაყოფილებს შუამდგომლობას. ამ შემთხვევაშიც და მაშინაც, როდესაც სასამართლო საკუთარი ინიციატივით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვისას გადაწყვეტს, რომ ბრალდებული უნდა დარჩეს პატიმრობაში, მიღებული გადაწყვეტილებები ისევ ინდივიდუალურ პატიმართან დაკავშირებული კონკრეტული საფრთხეების არსებობის შეფასებას ეფუძნება. ამრიგად, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ყოველი პატიმრობა, ინდივიდუალური შეფასების საგანი და მუდმივად გადამოწმებადი გარემოებაა. შესაბამისად, რაკი ყოველი შეფარდებული პატიმრობა სწორედ დასახელებულ საფრთხეებს უკავშირდება, ამიტომ ბრალდებული პატიმრების ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩარევებიც, მათ შორის, სადავო ნორმით გათვალისწინებული, ერთი მხრივ, ხანმოკლე პაემნის უფლების მინიჭება, ხოლო, მეორე მხრივ, ხანგრძლივი და ვიდეო პაემნების უფლების შეზღუდვაც, მხოლოდ ამგვარი საფრთხეების არსებობის შემთხვევაშია სამართლებრივად დაშვებული. ასეთი ლოგიკური და მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი, ერთი მხრივ, გამორიცხავს სადავო შეზღუდვის ბლანკეტურ ხასიათს (იმ გაგებით, რომ იგი ინდივიდუალურ შეფასებას ეყრდნობა), მეორე მხრივ, თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ ხანმოკლე პაემნის უფლების გარდა, ბრალდებულს პაემნის სხვა სახეობით სარგებლობის შესაძლებლობა ასევე გააჩნია, ხოლო, მესამე მხრივ, მინიმუმამდე ამცირებს ბრალდებულის ოჯახური ცხოვრების უფლებაში იმაზე მეტად ჩარევის ალბათობას, რაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის პირობებისათვის შესაბამისი საფრთხეების გათვალისწინებით შეიძლება იყოს დასაშვები. სასამართლომ, მათ შორის, უკვე ისაუბრა იმაზე, გამოძიებისა და მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, თუ რატომ შეიძლება იყოს პატიმარი ბრალდებულების ოჯახურ უფლებებში უფრო მეტი ჩარევა გამართლებული (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის №1/6/1737 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-50).
50. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიებით ბრალდებულს აქვს შესაძლებლობა დაამყაროს კავშირი ოჯახის წევრებთან მხოლოდ ხანმოკლე პაემნის მეშვეობით, ხოლო მისი კონტაქტი ოჯახსა და ახლობლებთან ხანგრძლივი და ვიდეო პაემნების უფლების გამორიცხვით იზღუდება იმის გამო, რომ არსებობს ბრალდებულის მიერ გამოძიების ინტერესებისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის რეალური საფრთხე, რაც წარმოშობს სახელმწიფოს მხრიდან სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საჭიროებას. კერძოდ, ბრალდებულისთვის, მისი ოჯახის წევრებთან დაწესებულების წარმომადგენლების მეთვალყურეობის გარეშე პირდაპირი და უშუალო კონტაქტის - ხანგრძლივი პაემნის გზით - შესაძლებლობის მინიჭებით, შესაძლოა მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნას გამოძიების ინტერესებს და, ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელებას. ასეთი კონტაქტისას, შესაძლოა, გაიზარდოს საქმეზე სინამდვილის დადგენის შეუძლებლობა, ამასთანავე, არსებობს შედარებით მცირე, მაგრამ გასათვალისწინებელი რისკი იმისა, რომ პატიმრობის დაწესებულებაში მოხვდეს აკრძალული ნივთები, ოჯახის წევრებთან კონტაქტის მეშვეობით, დამყარდეს (ან გაადვილდეს) კომუნიკაცია კრიმინალურ დაჯგუფებებთან ან მათთან ინფორმაციის გაცვლა. ამავდროულად, ყურადსაღებია ვიდეო პაემნის, როგორც ოჯახთან კავშირის შენარჩუნების დამატებითი საშუალებით სარგებლობისას, უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნებისთვის საფრთხის შექმნის რისკების არსებობის ფაქტიც. მოსარჩელის აზრით, ამგვარი რისკები შესაძლოა არსებობდეს სატელეფონო საუბრის დროსაც ინფორმაციის გაცვლის სახით. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას იმ გარემოებას, ვიდეო პაემნის გამართვის პროცესში, რამდენად მარტივად არის შესაძლებელი თუნდაც სხეულის ენით გამოძიების ინტერესების დაზიანება, რაც, თავისთავად, ხელს შეუშლის მართლმსაჯულების ეფექტიანად აღსრულებას. გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ვიდეო პაემანი ხორციელდება პენიტენციური დაწესებულებისა და სააგენტოს წარმომადგენლების მიერ ვიდეო პაემნის ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობით, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამდენად, სახელმწიფო მოკლებულია შესაძლებლობას, ვიდეო პაემნის მიმდინარეობისას, განახორციელოს აუდიო კონტროლი ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე, რაც ცალსახად ზრდის იმ საფრთხეების არსებობას, რომლებიც ზემოთ იქნა განხილული (იხ., მათ შორის, სამოტივაციო ნაწილის 83-ე პუნქტი). შესაბამისად, მოსარჩელის არგუმენტი ვიდეო პაემნისა და სატელეფონო საუბრის დროს არსებულ საფრთხეთა იდენტობის თაობაზე ლოგიკას მოკლებულია, ხოლო მათი ურთიერთშედარება - არაფრის მომცემი. ამგვარად, ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას მათთვის ხანგრძლივი და ვიდეო პაემნების მინიჭებაზე უარის თქმით სახელმწიფო ზღუდავს ისეთი ღირებული საჯარო ინტერესების დასაცავად, როგორიცაა მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების ლეგიტიმური ინტერესები.
51. დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო იმ აზრისაა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიების ლეგიტიმური მიზნების დაცვის საჭიროება გადაწონის მსჯავრდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის ინტერესს. შესაბამისად, სადავო ნორმით სამართლიანად არის დადგენილი ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის და ნორმა შეესაბამება თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს. საკონსტიტუციო სასამართლო იმეორებს, რომ მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ბრალდებულებს ხანმოკლე პაემნის უფლება არ ეკუთვნით უპირობოდ, მისი შეზღუდვა დასაშვებია გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. ამდენად, გამოძიების ინტერესების დაცვის მიზანი, ისევე როგორც მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელება, მნიშვნელოვანი, ღირებული კონსტიტუციური სიკეთეებია, რომელთა დასაცავადაც დასაშვებია პატიმრობაში მყოფი ბრალდებული პირებისათვის მხოლოდ ისეთ საშუალებათა მინიჭება, რომლითაც დაკმაყოფილდება კონსტიტუციით დადგენილი მინიმალური სტანდარტები ბრალდებულის პირადი და ოჯახური კავშირების შენარჩუნების თვალსაზრისით.
52. ამავდროულად, ყურადსაღებია, რომ მხოლოდ ხანმოკლე პაემნის გარდა, ბრალდებულს ასევე გააჩნდა სხვადასხვა უფლებები გარესამყაროსთან კავშირის შენარჩუნების თვალსაზრისით. მაგალითისთვის, პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლი (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) ითვალისწინებდა შემდეგს - ბრალდებულ პატიმარს უფლება ჰქონდა საკუთარი ხარჯით ეწარმოებინა მიმოწერა და ასევე 1 თვის განმავლობაში სამჯერ ჰქონოდა სატელეფონო საუბარი. ზემოხსენებული დანაწესი ცალსახად წარმოადგენდა ოჯახის წევრებთან ურთიერთობის ერთ-ერთ საშუალებას, შესაძლოა იმდენად ემპათიურს არა, როგორც ეს ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნის დროსაა, მაგრამ საკუთრივ ხაზს უსვამდა იმას, რომ ხანმოკლე პაემნის უფლების მიღმაც ჰქონდა ბრალდებულს სხვადასხვა საშუალებები დაემყარებინა კავშირი თავის ოჯახთან. ბრალდებულს, ხანგრძლივი და ვიდეო პაემნების უფლების გარდა, პაემნების სხვა ფორმებით სარგებლობის უფლება თავისთავად ეზღუდება 9 თვის განმავლობაში, რამდენადაც ბრალდებულის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. პატიმრობის მაქსიმალური 9 თვის განმავლობაში კი, ბრალდებულს გააჩნია ხანმოკლე პაემნისა და კომუნიკაციის უკვე განხილული ფორმებით სარგებლობის შესაძლებლობა. შესაბამისად, ამ პერიოდში, გარესამყაროსთან კონტაქტის სხვა ფორმების გათვალისწინებით, ხანმოკლე პაემნის მიღმა კანონმდებლობით დადგენილი ხანგრძლივი და ვიდეო პაემნების უფლებით სარგებლობის მიუნიჭებლობა არ აღწევს არაკონსტიტუციურობის ზღვარს.
53. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-10 ნაწილი (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, ბრალდებული სარგებლობს მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტს. შესაბამისად, ბრალდებულის გამორიცხვა ხანგრძლივი და ვიდეო პაემნების უფლებისგან ასევე არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით დადგენილ გარანტიებს.
3. ბრალდებულის ხანგრძლივი და ვიდეო პაემნის უფლებისგან გამორიცხვის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით დაცული სფერო
54. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია თანასწორობის უფლება, მისი ძირითადი არსი და მიზანი არის „ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
55. ამასთანავე, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).
56. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, „თანასწორობის უფლების შეზღუდვას ადგილი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა (ან არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-10). შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შეზღუდვა სახეზე იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნორმა არსებითად თანასწორ პირებს უქმნის განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს განსხვავებული უფლებებითა თუ ვალდებულებებით ან არსებითად უთანასწოროთა მიმართ გაავრცელებს ერთნაირ სამართლებრივ რეჟიმს.
57. ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული თანასწორობის უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირებისათვის უნდა დადგინდეს, იწვევს თუ არა სადავო ნორმა არსებითად თანასწორი პირების დიფერენცირებას. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოიკვეთოს შესადარებელი პირები.
3.2. სადავო ნორმით გათვალისწინებული შინაარსისა და შესადარებელ პირთა იდენტიფიცირება
58. წინამდებარე გადაწყვეტილების ფარგლებში სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის იდენტიფიცირება უკვე განხორციელდა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების გაგებით. ყველა ადამიანის სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებასთან მიმართებით კი, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ პირთა დიფერენცირება ხორციელდება პირთა სტატუსის მიხედვით, კერძოდ, ბრალდებული და მსჯავრდებული პირები პირადი და ოჯახური ცხოვრების შენარჩუნებისა და განვითარების ინტერესთან მიმართებით არსებითად თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენენ, რის გამოც ბრალდებულს, მსჯავრდებულის მსგავსად, ასევე უნდა გააჩნდეს არა მხოლოდ ხანმოკლე, არამედ ხანგრძლივი და ვიდეო პაემნების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობაც. ამგვარი შეზღუდვის პირობებში კი, ბრალდებულები იმყოფებიან გაუმართლებლად დიფერენცირებულ მდგომარეობაში. სწორედ ამიტომ, მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიციით, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
59. შესადარებელ პირებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული და მსჯავრდებული პირები არ არიან არსებითად თანასწორნი, რადგან ხანგრძლივი და ვიდეო პაემნების, როგორც ოჯახთან კავშირის შენარჩუნების საშუალებათა განხილვა არ უნდა მოხდეს პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებული პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების შემადგენელ უფლებრივ კომპონენტად. ხანგრძლივი პაემანი წარმოადგენს გარკვეული კატეგორიის დაწესებულებაში მოთავსებულ პირთათვის ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სათანადო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაბამისი რისკისა და ინდივიდუალური გარემოებების შეფასების შედეგად, ენიჭება მსჯავრდებულს. სწორედ ამიტომ მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ, მართალია, პირადი და ოჯახური ცხოვრების შენარჩუნების ინტერესი ბრალდებულს და მსჯავრდებულს შესაძლოა თანაბრად გააჩნდეთ, თუმცა ისინი მაინც ვერ იქნებიან მიჩნეული არსებითად ერთგვაროვან პირობებში მყოფ პირებად, ვინაიდან მსჯავრდებული პირების მიმართ უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი და, შესაბამისად, მათი მხრიდან, გამოძიების დაზიანების რისკი აღარ არსებობს, ხოლო მართლმსაჯულების აღსრულების დაბრკოლების რისკი კი გაცილებით მცირეა. რაც შეეხება ვიდეო პაემანს, კონტაქტის ეს კონკრეტული საშუალება მსჯავრდებულებთან მიმართებითაც შეზღუდული სახით მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ასეთი შეზღუდვა წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელებით ასევე სადავოდ არის გამხდარი განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებთან მიმართებით.
60. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს გააანალიზოს წინამდებარე სამართალურთიერთობის არსი, რათა დადგინდეს სახეზეა თუ არა არსებითად თანასწორ პირთა წრე და მხოლოდ ამის შემდეგ შეფასდეს პოტენციური დიფერენცირების ობიექტური და რაციონალური გამართლება.
61. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე იმსჯელა იმ საკითხზე, არიან თუ არა პატიმრობაში მყოფი ქალი მსჯავრდებული და ბრალდებული პირები (ორივე სქესისა) არსებითად თანასწორი სუბიექტები ოჯახური კავშირების შენარჩუნების ინტერესთან მიმართებით მაშინ, როდესაც საქმე შეეხებოდა „საოჯახო პაემნით“ სარგებლობის შემთხვევას. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ დაადგინა, რომ პატიმრობაში მყოფ ქალ მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს განასხვავებთ კონკრეტული საპროცესო სტატუსი. კერძოდ, ქალი მსჯავრდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული და თავისუფლების შეზღუდვის მიზანიც სწორედ შეფარდებული სასჯელის პრაქტიკულ აღსრულებაში ვლინდება. განსხვავებული მოცემულობაა ბრალდებულების შემთხვევაში, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ აქ შესადარებელ ჯგუფს წარმოადგენენ ის ბრალდებულები, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა და მათი თავისუფლების შეზღუდვის მიზანი არის არა სასჯელის აღსრულება და, უპირატესად, მათი რესოციალიზაცია, არამედ გამოძიებისა და მართლმსაჯულების ინტერესების დაცვა იმ საფრთხეებისაგან, რომლებიც საფუძვლად დაედო, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენებას. ამგვარი საფრთხეები, ჩვეულებრივ, უკავშირდება ხოლმე ბრალდებულის მიერ მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის რისკებს, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს გამოძიების ეფექტიანობასა და მართლმსაჯულების განხორციელებას. ამის მიუხედავად, ის ფაქტი, რომ ბრალდებულთა საპროცესო სტატუსი არ არის მსჯავრდებულის სტატუსის ანალოგიური, ეს საფუძველშივე არ გამორიცხავს შესადარებელ პირთა ჯგუფების არსებითად თანასწორობას და რელევანტურობას არ უკარგავს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის გამოყენებადობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის №1/6/1737 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
62. განსახილველი დავის ფარგლებში კი დასადგენია არა ის, თუ რამდენად მსგავს ან განსხვავებულ ვითარებაში იმყოფებიან ბრალდებულები (ორივე სქესისა) და კონკრეტული სქესის მსჯავრდებული პირები საოჯახო პაემნით სარგებლობის კონტექსტში, არამედ ის, საზოგადოდ, რამდენად არსებითად თანასწორ პირებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, ბრალდებულები, რომელთა მიმართ გამოყენებულია პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით და შეუძლიათ ისარგებლონ მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლებით და, მეორე მხრივ, მსჯავრდებულები, რომლებთან მიმართებითაც დასრულებულია სისხლის სამართლის საქმისწარმოება, მოთავსებულნი არიან შესაბამისი კატეგორიის პენიტენციურ დაწესებულებაში და სარგებლობენ როგორც ხანმოკლე, ასევე ხანგრძლივი და ვიდეო პაემნების უფლებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გასარკვევია ის, თუ ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობის შეზღუდვის კონტექსტში, რამდენად დიფერენცირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან ბრალდებული პირები და როგორია საკუთრივ დიფერენციაციის ხარისხი.
63. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შესაბამის პუნქტში (იხ., სამოტივაციო ნაწილის 23-ე პარაგრაფი) საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე იმსჯელა იმ საფრთხეებზე, რომლებსაც ბრალდებულ პირებთან მიმართებით სასამართლო აფასებს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესში. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა სისხლის სამართლის იმ საპროცესო მექანიზმებზე, რომლებიც დამატებით იძლევა როგორც სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით, ასევე თვითონ ბრალდებულის მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვის საკითხის პერიოდულად დაყენების შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისად განმარტა, რომ ბრალდებულის მიერ მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლებით სარგებლობა არ უნდა განხილულიყო ნორმის ბლანკეტური შეზღუდვის გადმოსახედიდან. სასამართლომ დაასაბუთა, თუ რა ინდივიდუალური გარემოებების ანალიზის საფუძველზე ხდება პირის მიმართ პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების შეფარდება. სწორედ ამიტომ, №1602 და №1603 კონსტიტუციურ სარჩელებზე, შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნების გათვალისწინებით სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულის მიერ, ერთი მხრივ, მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლებით სარგებლობა პოზიტიურ ვალდებულებათა ჭრილში წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც აკმაყოფილებდა პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებული პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების შენარჩუნებისა და განვითარების კონსტიტუციურ კრიტერიუმებს, ხოლო, მეორე მხრივ, მისი გამორიცხვა ხანგრძლივი და ვიდეო პაემნების უფლებით სარგებლობისგან ფუნდამენტურად არ ამცირებდა მისსავე უფლებას ოჯახის წევრებთან კავშირის შენარჩუნებისა და განვითარების თვალსაზრისით.
64. რაც შეეხება მსჯავრდებულთა მიერ ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობის შემთხვევას, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული საკითხი განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებთან მიმართებით უკვე შეფასებული აქვს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიებით მსჯავრდებულის კონტაქტი ოჯახის წევრებთან იზღუდებოდა იმის გამო, რომ არსებობდა სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების, იქ მოთავსებული პირებისა და, ზოგადად, საზოგადოების ინტერესების დაცვის საჭიროება. კერძოდ, მსჯავრდებულისა და მისი ოჯახის წევრების დაწესებულების წარმომადგენლების მეთვალყურეობის გარეშე პირდაპირი და უშუალო კონტაქტი შესაძლოა, გამხდარიყო საფრთხის შემცველი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისათვის. ასეთი კონტაქტისას შესაძლოა, გაზრდილიყო დაწესებულებაში აკრძალული ნივთების მოხვედრისა და ბრუნვის საფრთხე. ასევე, მსჯავრდებულისა და მისი ოჯახის წევრების კონტაქტის მეშვეობით შესაძლოა, დამყარებულიყო (ან გაადვილებულიყო) კომუნიკაცია კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის. შესაბამისად, სახელმწიფო მსჯავრდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას ზღუდავდა უაღრესად მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/1/704 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-56).
65. №1602 და №1603 კონსტიტუციურ სარჩელებზე სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას, საკონსტიტუციო სასამართლო, უპირველესად, ვალდებულია იმსჯელოს იმაზე, არსებობს თუ არა იმგვარი განმასხვავებელი ნიშნები ბრალდებულსა და მსჯავრდებულს შორის ხანმოკლე და ხანგრძლივი/ვიდეო პაემნებით სარგებლობის შემთხვევებში მათი მხრიდან გამოძიების ინტერესებისა და, ზოგადად, მართლმსაჯულების ეფექტიანად აღსრულებისთვის ხელის შეშლის საფრთხის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ერთობლიობაში შეფასდეს განსხვავებულ ვითარებად და სწორედ ამ მიზეზით მათ მიმართ განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმის დაწესება გამოიწვიოს. ხანმოკლე პაემნისა და ბრალდებულთა საპროცესო სტატუსის თაობაზე ვრცელი მსჯელობის გარდა, ასევე აუცილებელია გაანალიზდეს ხანგრძლივი/ვიდეო პაემნების ბუნება და მისი აღსრულების კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
66. ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნების კანონისმიერ განმარტებებსა და თავისებურებებზე სასამართლომ უკვე მიუთითა წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 30-ე პუნქტში. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ იმის ფონზე, რომ ბრალდებულთა ხანმოკლე პაემნის მიმდინარეობისას ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციურ გარანტიებთან მიმართებით დადასტურდა რეალური და ხელშესახები საფრთხეების არსებობა, სახელმწიფომ საკუთარი პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში მაინც იზრუნა პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებული პირების ოჯახის წევრებთან კავშირის შენარჩუნებისა და განვითარების ასპექტებზე, რათა შინაარსობრივად სრულად არ დაცლილიყო ბრალდებულთა გარესამყაროსთან კონტაქტის უფლება.
67. სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებასთან მიმართებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, სრულად განსხვავდებიან ბრალდებული და მსჯავრდებული პირები ერთმანეთისგან არა მხოლოდ მათი საპროცესოსამართლებრივი სტატუსის მიხედვით, არამედ ხანგრძლივი/ვიდეო პაემნების დროს ბრალდებულისა და მისი ოჯახის წევრებთან უშუალო შეხვედრების მიმდინარეობისას არსებული იმ რეალური და ხელშესახები საფრთხეების არსებობით, რომლებიც ხელს უშლის გამოძიების ინტერესებსა და, ზოგადად, მართლმსაჯულების ეფექტიანად აღსრულებას. სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი დააწესა განსხვავებულ ვითარებაში მყოფ სუბიექტებთან მიმართებით, რაც იმას გულისხმობს, რომ სახეზე არ არის ერთგვაროვან ვითარებაში მყოფ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული პირები - ბრალდებულები და მსჯავრდებულები - იმყოფებიან განსხვავებულ ვითარებაში და ისინი ვერ იქნებიან მიჩნეული არსებითად თანასწორ პირებად კონსტიტუციის მე-11 მუხლის გაგებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელე მხარის არგუმენტებს თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპთან სადავო ნორმების შეუსაბამობის თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ადგენს, რომ ისინი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ.
4. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის ვიდეო პაემნის უფლებისგან გამორიცხვის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით დაცული სფერო
68. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით დაცულ სფეროსთან დაკავშირებით უკვე იმსჯელა წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში (იხ., სამოტივაციო ნაწილის მე-10-მე-13 პარაგრაფები). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, იმსჯელოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ პირთა პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებრივ სტანდარტებზე.
4.2. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების სტანდარტები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ პირებთან მიმართებით
69. წინამდებარე გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ვრცლად იმსჯელა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებთან მიმართებით პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებით დადგენილ კონსტიტუციურ სტანდარტებზე. მათ შორის, გამოიყენა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებთან მიმართებით არ გამოიყენებს განსხვავებულ მიდგომებს იმისგან, რაც უკვე დადგენილია მის მიერ 2019 წლის 28 მაისის №2/1/704 გადაწყვეტილებით საქმეზე „გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/1/704 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17).
70. ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება და მის ფარგლებში საკუთარი ოჯახის წევრებთან კონტაქტი შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით და მეთოდით, რომლის ამომწურავად განსაზღვრა შეუძლებელია. ასევე, თანაბრად რთულია განისაზღვროს კონტაქტის თითოეულ ფორმასთან თუ მეთოდთან მიმართებით სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ფარგლები. შესაბამისად, თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების ძირითადი უფლების დაცვის ზემოაღნიშნული კონსტიტუციური სტანდარტის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს, სადავოდ გამხდარი რეგულირება, თავისი არსით, თავსებადია თუ არა პირის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან და მოითხოვს თუ არა აღნიშნულის უზრუნველყოფა სახელმწიფოსგან არაგონივრულად მძიმე ტვირთს.
4.3. სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრა და პირის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის დადგენა
71. პატიმრობის კოდექსის 171 მუხლის პირველი ნაწილის (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა და ამ კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულისა, უფლება აქვს, ისარგებლოს ვიდეოპაემნით (პირდაპირი ხმოვანი და ვიზუალური ტელეხიდით) ნებისმიერ პირთან. მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო ნორმის მხოლოდ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს ბლანკეტურად უკრძალავს ვიდეო პაემნის უფლებით სარგებლობას. მოსარჩელის პოზიციით, ვიდეო პაემნის უფლება, მათ შორის, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულისთვის არის შესაძლებლობა, შეინარჩუნოს და განავითაროს ოჯახური ურთიერთობები, რაც ასევე მნიშვნელოვანია დამნაშავის რესოციალიზაციისა და მისი საზოგადოებაში რეინტეგრაციის კუთხით. აღნიშნულის საშუალებას კი სადავო ნორმით დადგენილი წესი მთლიანად უხშობს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ პირთა წრეს, რაც იწვევს უფლებაში არათანაზომიერ ჩარევას, შესაბამისად, არღვევს პირადი და ოჯახური ცხოვრების კონსტიტუციურ უფლებას. კერძოდ, სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, დააწესოს უფლების ნაკლებად მზღუდავი და უფრო ვიწრო ხასიათის ღონისძიებები, რომლებიც, ერთი მხრივ, მიმართული იქნება ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნული ღონისძიების ადრესატები იქნებიან უშუალოდ ის მსჯავრდებულები, ვისგანაც მომდინარეობს ობიექტურად არსებული საფრთხე.
72. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვიდეო პაემანი პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულისათვის პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული გარესამყაროსთან კონტაქტის ერთ-ერთი საშუალებაა. საზოგადოდ, ამავე კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტის (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, მსჯავრდებულის უფლებად აღიარებულია ახლო ნათესავებთან შეხვედრა (პაემანი). შესაბამისად, ვიდეო პაემანი ამ უფლების ერთ-ერთი სახეობაა. გარესამყაროსთან კონტაქტის დამყარებისათვის მსჯავრდებულს შესაძლებლობა აქვს, მათ შორის, ისარგებლოს: ა) სატელეფონო საუბრით; ბ) მიმოწერით; გ) ხანმოკლე პაემნით; დ) ვიდეო პაემნით; ე) საოჯახო პაემნით (ქალი მსჯავრდებულის შემთხვევაში); ვ) ხანგრძლივი პაემნით; ზ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლებით. აღნიშნული საშუალებებიდან, პაემნით (როგორც ხანმოკლე, ასევე ხანგრძლივი) სარგებლობა არის საშუალება, რომელიც მსჯავრდებულს შესაძლებლობას აძლევს, პერიოდულად, კანონით განსაზღვრული ინტენსივობით, უშუალო პირადი კონტაქტი ჰქონდეს საკუთარი ოჯახის წევრებთან და ახლო ნათესავებთან. მისგან განსხვავებით, სატელეფონო საუბრები, ვიდეო პაემანი და მიმოწერა წარმოადგენს დისტანციური კომუნიკაციის საშუალებებს, რომლებიც იმავე ფუნქციის მატარებლებია ოჯახის წევრებთან კონტაქტის შენარჩუნების თვალსაზრისით.
73. პატიმრობის კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილი (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა სახეებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება, როგორც იქ მოთავსებული მსჯავრდებული სუბიექტების (კოდექსი ცალკე ითვალისწინებს არასრულწლოვანთა და ქალთა დაწესებულებებს), ასევე რისკების დონისა და ამგვარი რისკების შესაბამისი უსაფრთხოების ზომების ინტენსივობის გათვალისწინებით. აღნიშნულ დაწესებულებათაგან ერთ-ერთ კატეგორიას მიეკუთვნება განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელიც ამავე კოდექსის 121 მუხლის (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, ექვემდებარება განსაკუთრებულ დაცვას და მსჯავრდებულთა მუდმივ მეთვალყურეობას, ამ უკანასკნელთაგან მომდინარე საფრთხის მომეტებული რისკების გამო.
74. პატიმრობის კოდექსის 662 მუხლის (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში თავსდება მსჯავრდებული, რომლის პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებული გარემოებები თუ საკუთრივ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა, მას საშიშროების მაღალი რისკის მქონედ აქცევს. ამასთანავე, ამგვარი დაწესებულების მკაცრი რეჟიმი, უპირველესად, გავლენას ახდენს მსჯავრდებულთა გარესამყაროსთან კონტაქტის შესაძლებლობასა და მოცულობაზე, ისევე როგორც, დაწესებულების შიგნით ნებადართული ქმედებებისა თუ საქმიანობის ფარგლებზე. მაგალითისათვის, ასეთი მსჯავრდებულები ვერ სარგებლობენ შრომითი უზრუნველყოფის უფლებით, დაწესებულების ხანმოკლე ვადით დატოვების უფლებით, მათი კორესპონდენცია შეიძლება დაექვემდებაროს განსაკუთრებით მკაცრ შემოწმებას. ასევე, მათ, სხვა ტიპის დაწესებულებებთან შედარებით, დროის ყველაზე ნაკლები ხანგრძლივობითა და ნაკლები პერიოდულობით შეუძლიათ ისარგებლონ სატელეფონო საუბრით/ხანმოკლე პაემნით და, წინამდებარე საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმის მიხედვით, სრულად ეზღუდებათ ვიდეო პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა.
75. როგორც აღინიშნა, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება იცავს პირის შესაძლებლობას, იქონიოს კონტაქტი ოჯახის წევრებთან იმ ხარისხით, რაც თავსებადია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან და რომლის უზრუნველყოფაც არ მოითხოვს სახელმწიფოსგან არაგონივრულად მძიმე ტვირთს. თავისუფლების აღკვეთის სასჯელის გამოყენება თავისთავად არ მოითხოვს, რომ პირი უნდა იყოს სრულ იზოლაციაში და სრულად ჰქონდეს შეზღუდული კავშირი ახლო ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან. თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის გამოყენებასთან იმთავითვე შეუთავსებელი არ არის მსჯავრდებული პირის შესაძლებლობა, რომ გარკვეული დროით იქონიოს ვირტუალური კონტაქტი ოჯახის წევრებთან. როგორც უკვე აღინიშნა, „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესი“ არეგულირებს მსჯავრდებულთან ვიდეო პაემნის მსურველი პირებისთვის ვიდეოპაემნით სარგებლობისა და მისი ორგანიზების წესსა და პირობებს, მათ შორის, პირთა რეგისტრაციის, შესაბამისი გრაფიკის შედგენის, განსაზღვრული დაწესებულებების შესაბამისი ინფორმირების, ვიდეო პაემნის გამართვის პროცესის კოორდინაციისა და მსჯავრდებულთან ვიდეო პაემნის მსურველ პირთა მიღება-დაკავშირების საკითხებს. პატიმრობის კოდექსის 171 მუხლის მე-3 ნაწილისა (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და ზემოხსენებული წესის შესაბამისად კი, მსჯავრდებულთან ვიდეო პაემნის ორგანიზებას მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის საფუძველზე უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება, ხოლო პენიტენციური დაწესებულების გარეთ - სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო. ამასთანავე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პენიტენციური დაწესებულებისა და სააგენტოს წარმომადგენლები ახორციელებენ მსჯავრდებულთან ვიდეო პაემნის ვიზუალურ ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობას, მაგრამ მოსმენის გარეშე, რის თაობაზეც მსჯავრდებულისა და მასთან ვიდეო პაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა.
76. სადავო ნორმისა და შესაბამისი რეგულირების ანალიზით დგინდება, რომ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს არ აქვთ უფლება, ისარგებლონ ვიდეო პაემნით. პატიმრობის კოდექსის 663 მუხლის მე-2 ნაწილის (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით - თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი, ასევე 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით - წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი, 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 2 სატელეფონო საუბარი, თითოეული - არაუმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით - 1 სატელეფონო საუბარი არაუმეტეს 15 წუთისა. ამრიგად, სადავო ნორმისა და საკანონმდებლო სივრცის ანალიზის საფუძველზე, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს აქვთ პაემნებისა და სატელეფონო კომუნიკაციების უფლება, თუმცაღა, იმაზე შეზღუდულად, ვიდრე უფრო დაბალი რისკის დაწესებულებებში, ხოლო ვიდეო პაემნით სარგებლობის უფლება საერთოდ არ გააჩნიათ, მათ შორის, ოჯახის წევრებთან. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების შეზღუდვა.
4.4. სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის კონსტიტუციურობა
77. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება არ არის აბსოლუტური და შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების მიხედვით, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია „მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“. ამრიგად, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ კანონის საფუძველზე, დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად და თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
4.4.1. უფლების კანონით შეზღუდვის ფორმალური მოთხოვნა
78. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი expressis verbis მიუთითებს, რომ პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება დასაშვებია, შეიზღუდოს „მხოლოდ კანონით“. განსახილველ შემთხვევაში სადავოდაა გამხდარი საქართველოს პატიმრობის კოდექსის (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) ნორმა. პატიმრობის კოდექსი (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) საქართველოს კანონია და მიეკუთვნება საკანონმდებლო აქტებს. შესაბამისად, სადავო ნორმა აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნას პირადი და ოჯახური ცხოვრების კანონით შეზღუდვის თაობაზე.
4.4.2. თანაზომიერების პრინციპი
79. წინამდებარე გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე განმარტა თანაზომიერების პრინციპის არსი (იხ., სამოტივაციო ნაწილის 35-ე-36-ე პარაგრაფები). შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ნაკლებად მკაცრი სტანდარტით შეაფასებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირების პირადი და ოჯახური ცხოვრების შეზღუდვის კონსტიტუციურობას.
ა. ლეგიტიმური მიზანი
80. აღსანიშნავია, რომ საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე, მოპასუხე მხარეს სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილთან მიმართებით არ დაუსახელებია სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი, რამდენადაც, იგი საერთოდ არ აღიარებს უფლების შეზღუდვის ფაქტს, რასაც იმით ხსნის, რომ ვიდეო პაემნით კონტაქტის შესაძლებლობა არ წარმოადგენს პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობისათვის აუცილებელ უფლებრივ კომპონენტს.
81. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური კონტროლის განხორციელების ფარგლებში სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას, საკონსტიტუციო სასამართლო არ არის შებოჭილი მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნებით, ისევე როგორც მოპასუხე მხარის მიერ ლეგიტიმური მიზნის დასახელებისგან თავის შეკავება, თავისთავად, ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ვერ განაპირობებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №2/2/1428 გადაწყვეტილება საქმეზე „კობა თოდუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო განაგრძობს საკონსტიტუციო სამართალწარმოებას და თავად დაადგენს სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნებს.
82. №1602 კონსტიტუციური სარჩელისა და აგრეთვე საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ დადასტურებული პოზიციის შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე დადგენილი წესი ემსახურება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოსა და სამართალდამცავი ორგანოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ასევე დანაშაულისა და არეულობის აღკვეთის ლეგიტიმურ მიზნებს, ისევე როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მატერიალური და ადამიანური რესურსების რაციონალურად გამოყენების მიზნებს. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულთათვის ვიდეო პაემნის უფლებით სარგებლობის შეზღუდვის დასახელებული ლეგიტიმური მიზნები შეესატყვისება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ მიზნებს, ვინაიდან უკავშირდება სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, აგრეთვე სხვათა უფლებების, მათ შორის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასაშვებია, ზემოთ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად შეიზღუდოს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება.
ბ. გამოსადეგობა და აუცილებლობა
83. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმით გარკვეული კატეგორიის - განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულებისათვის გათვალისწინებულია ვიდეო პაემნის უფლებით სარგებლობის აკრძალვა. როგორც აღინიშნა, პატიმრობის კოდექსის 171 მუხლის პირველი ნაწილის (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ვიდეო პაემნით (პირდაპირი ხმოვანი და ვიზუალური ტელეხიდით) ნებისმიერ პირთან. „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის“ შესაბამისად, ვიდეო პაემნის განხორციელება შესაძლებელია ათი კალენდარული დღის განმავლობაში არაუმეტეს ერთხელ, სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. მსჯავრდებულებს წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეთ დამატებითი ვიდეო პაემანი. ვიდეო პაემნით სარგებლობის უფლება მსჯავრდებულს ეზღუდება დისციპლინური სახდელის მოხდის, დისციპლინური პატიმრობის ან პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებისა და კრიზისული ვითარების პერიოდში. მსჯავრდებულთან ერთჯერადი ვიდეო პაემნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს. ამასთანავე, ვიდეო პაემანი შესაძლებელია ვადამდე შეწყდეს მსჯავრდებულის სურვილის საფუძველზე ან უსაფრთხოების დაცვის მიზნით. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ ვიდეო პაემნის მიმდინარეობისას საფრთხე შეექმნას გარკვეულ კერძო და საჯარო ინტერესებს. შესაძლებელია, ვიდეოპაემანი გამოყენებულ იქნეს მსჯავრდებულებსა და მესამე პირებს შორის უკანონო კომუნიკაციის საშუალებად და ა. შ.. ამავდროულად, არსებობს მსჯავრდებულის მიერ ახალი დანაშაულის ორგანიზების ხელშესახები საფრთხეც. ამდენად, იზრდება დაწესებულების უსაფრთხოების, მათ შორის, უშუალოდ მსჯავრდებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების რისკები და იმის შესაძლებლობაც, რომ მსჯავრდებულმა ვიდეო პაემნის გამოყენებით, დაამყაროს კომუნიკაცია ამა თუ იმ დანაშაულებრივ ჯგუფთან ან/და დაგეგმოს ახალი დანაშაული. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმით გათვალისწინებული აკრძალვა განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს სრულად უზღუდავს ვიდეო პაემნით სარგებლობის შესაძლებლობას. შესაბამისად, სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება ამცირებს ზემოთ დასახელებულ საფრთხეებს და ამ თვალსაზრისით, უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მიღწევას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით გათვალისწინებული შემზღუდველი ღონისძიება გამოსადეგია დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად.
84. რაც შეეხება შეზღუდვის აუცილებლობას, მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის ამ კონკრეტული ელემენტის მოთხოვნებს, რამდენადაც მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, დააწესოს უფლების ნაკლებად მზღუდავი და უფრო ვიწრო ხასიათის ღონისძიებები, რომლებიც, ერთი მხრივ, მიმართული იქნება ლეგიტიმური მიზნების მიღწევისკენ, ხოლო, მეორე მხრივ, გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ მსჯავრდებულების მიმართ, ვისგანაც მომდინარეობს აშკარა და რეალური საფრთხე.
85. როგორც უკვე აღინიშნა, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის სპეციალური ტიპის პენიტენციური დაწესებულება, რომელშიც მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები, რაც, თავის მხრივ, უკავშირდება სწორედ აქ მოთავსებული პირებისგან მომდინარე საშიშროების მაღალ ხარისხს. კერძოდ, პატიმრობის კოდექსის 662 მუხლის (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად თავსდება საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებული, რომლის პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან/და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას ან გარშემომყოფთ, აგრეთვე საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებას. თავის მხრივ, აღნიშნული საშიშროების რისკების შეფასება ხდება თითოეულ მსჯავრდებულთან მიმართებით, სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური ფაქტორის გათვალისწინებით. სწორედ აღნიშნული რისკების შეფასების შემდეგ ხდება პირთა მოთავსება განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, დამატებით იქნეს გაანალიზებული, თუ როგორია თავად რისკების შეფასების აღნიშნული სისტემა, შეფასებაზე უფლებამოსილი სუბიექტი, შეფასების კრიტერიუმები, აგრეთვე ის, მოქმედებს თუ არა მსჯავრდებულის მიმართ ამგვარი შეფასების შედეგები თავისუფლების აღკვეთის მთელი პერიოდის განმავლობაში, ანდა, რამდენად ხშირად წარმოიშობა ამგვარი შეფასების გადასინჯვის საჭიროება.
86. პატიმრობის კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილის (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, დაწესებულების ტიპის შერჩევისას, უპირველესად, ყურადღება ექცევა, მდებარეობს თუ არა ამგვარი დაწესებულება მსჯავრდებულის საცხოვრებელთან ან მისი ახლო ნათესავის საცხოვრებელთან ახლოს. ეს გარემოება ნათელს ხდის, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს მსჯავრდებულთათვის პირადი და ოჯახური ურთიერთობების შენარჩუნებას. თუმცა პატიმრობის კოდექსის იგივე მუხლი (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) ითვალისწინებს ზოგადი წესიდან გამონაკლის შემთხვევებს, რომელთა შორის ერთ-ერთი უკავშირდება თავად მსჯავრდებულის პიროვნებიდან მომდინარე რისკებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოებას. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მოთავსების საკითხებს განსაზღვრავს, ერთი მხრივ, პატიმრობის კოდექსი, ხოლო, მეორე მხრივ, „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანების დანართით დამტკიცებული „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების პროცესი იწყება მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაციის დამუშავებით, რომლისთვისაც დაწესებულების დირექტორი ქმნის მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფს და ადგენს იმ მსჯავრდებულთა სიას, რომელთა მონაცემებიც უნდა დაამუშაოს ჯგუფმა. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ჩართულია სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ დაგეგმვაში, ჯგუფი ვალდებულია, მოცემული მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვოს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის შესაბამისი მულტიდისციპლინური გუნდისაგან, რომელიც ჯგუფს ინფორმაციას აწვდის დანართი №1-ის შესაბამისად. ამავე წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, გუნდი დამოუკიდებლად, მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე, ახორციელებს მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასებას და მისი რისკის სახის დადგენას.
87. ამასთანავე, გუნდი ინდივიდუალურად სწავლობს თითოეული მსჯავრდებულის შესახებ არსებულ ინფორმაციას და მითითებული ბრძანებით, წინასწარ დადგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, განსაზღვრავს თითოეული მსჯავრდებულისგან მომდინარე საფრთხეს. კრიტერიუმების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და, მათ შორის, მოიცავს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: ა) მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები; ბ) ჩადენილი დანაშაულის კატეგორია და დანაშაულის ჩადენის მოტივი; გ) დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი; დ) დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა; ე) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იმგვარი ქმედება, რომელიც იწვევს/გამოიწვევს დაპირისპირებას მსჯავრდებულთა მასასთან და საფრთხეს უქმნის/შეუქმნის მსჯავრდებულის/სხვა მსჯავრდებულების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას; ვ) დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან დამოკიდებულება, მათზე უარყოფითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა; ზ) დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება; თ) ალკოჰოლის, აზარტული თამაშების, ნარკოტიკული, ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულება; ი) მსჯავრდებულის მიერ წარსულში, ასევე დაწესებულებაში დანაშაულის ჩადენის ფაქტები; კ) დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობა; ლ) დაწესებულებიდან გაქცევის ან გაქცევის მცდელობის ფაქტები; მ) წარსულში დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემთხვევები; ნ) მსჯავრდებულის ასაკი; ო) ქურდულ სამყაროსთან/ტერორიზმთან დამოკიდებულება; პ) დაწესებულებაში არსებულ სარეაბილიტაციო/რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართულობა; ჟ) ისეთი თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტები, რომლითაც საფრთხე ექმნება ან შეიძლება შეექმნას დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას და წახალისების/დისციპლინური სახდელის/დისციპლინური პატიმრობის გამოყენების ფაქტი. გარდა ამისა, აღნიშნული ბრძანებით, დეტალურად არის გაწერილი, თუ რა ინფორმაციის გათვალისწინებით უნდა მოხდეს თითოეულ კრიტერიუმთან მიმართებით მსჯავრდებულის მახასიათებლების/გამოვლენილი ქცევის შეფასება.
88. შედეგად, ნათელია, რომ მსჯავრდებული პირის მხრიდან მომდინარე საშიშროების ხარისხის შეფასებისათვის დადგენილი სამართლებრივი ჩარჩო ამგვარ შეფასებაზე უფლებამოსილ ორგანოს საშუალებას აძლევს, შექმნას შეძლებისდაგვარად სრული სურათი, განახორციელოს ყოველმხრივი გამოკვლევა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში მოთავსების/გადაყვანის თაობაზე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამავე ბრძანების დანართით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს საშიშროების რისკის 4 სახეს (დაბალი, საშუალო, მომეტებული, მაღალი) და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში თავსდებიან მხოლოდ ის მსჯავრდებულები, რომელთა საშიშროების რისკი ყველაზე მაღალია.
89. რაც შეეხება მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების დროში მოქმედების საკითხს, ამგვარი რისკების გადაფასება ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლის თანახმად, საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულებთან მიმართებით ხდება პირველი/წინა შეფასებიდან არაუგვიანეს 12 თვისა, თუმცა შესაძლებელია რისკის ზემოაღნიშნული ვადის გასვლამდე გადაფასებაც განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მკვეთრად შეიცვალა პირის ქცევა, დამოკიდებულება ან სხვა გარემო პირობები ან/და მისი იმავე ტიპის დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია. იმავდროულად, დასახელებული ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-18 მუხლის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც მსჯავრდებული არ ეთანხმება შეფასების შედეგებს, რისკების შეფასების გუნდის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში.
90. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ, მართალია, უშუალოდ სადავო ნორმა მიემართება განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ ყველა მსჯავრდებულს და თითოეული მათგანის მიმართ ზღუდავს ვიდეოპაემნით სარგებლობის შესაძლებლობას, თუმცა ეს გარემოება არ არის ინდივიდუალური მიდგომების გამორიცხვის მაჩვენებელი. საკუთრივ ამგვარი ტიპის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მოთავსების მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო უზრუნველყოფს საშიშროების რისკების დადგენას სწორედ ინდივიდუალურ გარემოებებზე დაყრდნობით. კერძოდ, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსდებიან მსჯავრდებულები მხოლოდ ინდივიდუალური შეფასების შედეგად, რომელსაც ახორციელებს შესაბამისი კოლეგიური ორგანო და რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულია, მხედველობაში მიიღოს არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს მსჯავრდებულისგან მომდინარე რისკებს.
91. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ვინაიდან პენიტენციურ დაწესებულებებში, მათ შორის, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მსჯავრდებულების მოთავსება ხორციელდება მათი ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე, აქედან გამომდინარე, ვიდეო პაემნის, როგორც კომუნიკაციის საშუალების გამოყენების უფლების შეზღუდვა განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში, ეფუძნება მხოლოდ ინდივიდუალური მსჯავრდებულისაგან მომდინარე საფრთხეებს და სწორედ ამ საფრთხეების განეიტრალებას ისახავს მიზნად, იგი წარმოადგენს ეფექტიან და აუცილებელ საშუალებას ამ თვალსაზრისით. დამატებით, აუცილებლობაზე მსჯელობისას, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზეც, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევა შესაძლებელია განხორციელდეს არა ერთი კონკრეტული მექანიზმით, არამედ ღონისძიებათა მთელი სპექტრის გამოყენებით, მათ შორის, ვიდეო პაემნის უფლების შეზღუდვის მეშვეობით განსაკუთრებული რისკის მქონე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულთათვის. ყოველი შემდგომი მექანიზმის მოშლა შეამცირებს ამ რისკებისაგან დაცვის მექანიზმის ქმედითობასა და ეფექტიანობას. სწორედ ამიტომ, სადავო ღონისძიება წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას და არ არსებობს მსგავს დაწესებულებაში განთავსებული პირების უფლებების ნაკლებადმზღუდველი საშუალებით, თუმცა იმავე ეფექტიანობით, ლეგიტიმური მიზნების მიღწევის საშუალება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია კი სარწმუნოს არ ხდის სადავო ნორმით გათვალისწინებული აკრძალვის არათანაზომიერებას.
გ. პროპორციულობა ვიწრო გაგებით
92. განსახილველ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, მსჯავრდებულის კერძო ინტერესი - შეძლოს საკუთარი პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზაცია და კონტაქტი ჰქონდეს ოჯახის წევრებთან უშუალოდ ვიდეო პაემნის საშუალებით, მეორე მხრივ, საჯარო ინტერესი - დაცულ იქნეს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და თავიდან იქნეს აცილებული დანაშაული, რისი საფრთხეც იზრდება განსაკუთრებული რისკის მსჯავრდებულის ოჯახის წევრებთან ვიდეო პაემნის დროს, რაც აუდიო მეთვალყურეობის გარეშე ხორციელდება.
93. განსახილველ საქმეზე სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიებით მსჯავრდებულის კონტაქტი გარესამყაროსთან იზღუდება იმის გამო, რომ არსებობს საზოგადოების, სახელმწიფოსა და სამართალდამცავი ორგანოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ასევე დანაშაულისა და არეულობის აღკვეთის საჭიროება. კერძოდ, მსჯავრდებულისა და მისი ოჯახის წევრებთან თუ სხვა დაინტერესებული პირებთან დაწესებულების წარმომადგენლების მეთვალყურეობის გარეშე ვიდეო პაემნის საშუალებით კონტაქტი, შესაძლოა, გახდეს საფრთხის შემცველი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისა და საზოგადოებისთვის. ასეთი კონტაქტისას შესაძლოა მოხდეს დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გაცვლა, დამყარდეს (ან გაადვილდეს) კომუნიკაცია კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის, მოხდეს ახალი დანაშაულის დაგეგმვა და სხვა. შესაბამისად, სახელმწიფო განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას ზღუდავს უაღრესად მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად. იმავდროულად, მსჯელობა იმასაც უნდა შეეხოს, რომ საკითხი ეხება ვიდეო პაემანს, რომლის დროსაც, მართალია, სახეზე არ არის ოჯახის ან კანონმდებლობით დაშვებულ პირებთან პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი (ფიზიკური კონტაქტის მნიშვნელობის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით (მაგალითად, პირისპირ შეხვდეს მსჯავრდებული ოჯახის წევრს, რომელთანაც უფრო გულწრფელ, ახლო, ემოციურ კავშირს დაამყარებს, ვიდრე, მაგალითად, ვიდეოზარის მეშვეობით)), თუმცა ამგვარი შეხვედრა მიმდინარეობს სახელმწიფოს აუდიო კონტროლის გარეშე და არსებობს შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნებისთვის საფრთხის შექმნის რისკები. გარდა ამისა, მსჯავრდებულს გააჩნია სატელეფონო კონტაქტის, მიმოწერის საშუალება და ა. შ.. ზემოთ განხილული ღირებული ლეგიტიმური მიზნებისა და ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული ბალანსი არ არის აშკარად არასამართლიანი და არაკონსტიტუციური.
94. ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი ცხადყოფს, რომ განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მოთავსებას წინ უსწრებს თითოეული მსჯავრდებულის მხრიდან მომდინარე საშიშროების რისკების ინდივიდუალური შეფასება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ინდივიდუალური შეფასების შედეგების მიხედვით, სახელმწიფოს მიერ დასახული ლეგიტიმური მიზნებისათვის საშიშროების მომეტებული რისკის მატარებელია ყველა იქ მოთავსებული მსჯავრდებული. გარდა ამისა, საშიშროების რისკების ინდივიდუალური შეფასება და მსჯავრდებულის ყოფნა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არ გრძელდება ამ უკანასკნელის მიერ სასჯელის მოხდის მთელი პერიოდის განმავლობაში, არამედ ექვემდებარება პერიოდულ გადამოწმებას და, აღნიშნულთან დაკავშირებით, უფლებამოსილი კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილება შესაძლებელია გადაიხედოს სასამართლო წესით. შესაბამისად, კანონმდებელმა სადავო ნორმით გათვალისწინებული შემზღუდველი ღონისძიება გამოიყენა იმ პირებთან მიმართებით, რომელთათვისაც განსაკუთრებით მაღალია სასჯელაღსრულების დაწესებულებისა და სხვა პირების უსაფრთხოებისათვის რისკის შექმნის ალბათობა. სწორედ ამ საფრთხეების სერიოზულობასა და სიმწვავეს ეფუძნება გასაჩივრებული ღონისძიების გამოყენების აუცილებლობაც. ამავდროულად, სასამართლო ხაზს უსვამს თავდაპირველი შეფასების შედეგების პერიოდული გადაფასების შესაძლებლობას და ამ მიზნით შეფასების შედეგების სასამართლო წესით გასაჩივრების წესს, რაც დამატებით უზრუნველყოფს, რომ, ერთი მხრივ, მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროება მუდმივად ობიექტურ საფუძვლებს ეყრდნობოდეს, ხოლო, მეორე მხრივ, თავად მსჯავრდებულს გააჩნდეს შესაძლებლობა და მოტივაცია, მოახდინოს საკუთარი ქცევის კორექტირება და, შედეგად, გადაინაცვლოს ნაკლებად მკაცრი რეჟიმის პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს სასჯელის მოხდის შეღავათიანი, გაუმჯობესებული პირობებით და, მათ შორის, ვიდეო პაემნის უფლებით. გარდა ამისა, სასამართლო გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებასაც, რომ (რაც არა ერთხელ აღინიშნა წინამდებარე გადაწყვეტილებაში) განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს სრულად არ აქვს შეზღუდული გარესამყაროსთან კონტაქტის შესაძლებლობა. მას გააჩნია ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნების, სატელეფონო კომუნიკაციებისა და სხვა უფლებები. ვიდეო პაემანი მისთვის წარმოადგენს მხოლოდ დამატებით საკომუნიკაციო საშუალებას, რომლის არარსებობა, per se, არ გულისხმობს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ უფლებათა დაცვის კონსტიტუციური სტანდარტის დარღვევას. ამდენად, რისკის განსაზღვრის დროს შეცდომის ან თვითნებობის ალბათობა კანონმდებელმა დააზღვია რისკის პერიოდული გადამოწმებისა და სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობებით. დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით სამართლიანად არის დადგენილი ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის და ნორმა შეესაბამება ვიწრო პროპორციულობის მოთხოვნებს.
95. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ პატიმრობის კოდექსის 171 მუხლის პირველი ნაწილი (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
5. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის ვიდეო პაემნის უფლებისგან გამორიცხვის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
5.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით დაცული სფერო
96. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ყველა ადამიანის სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება. წინამდებარე გადაწყვეტილების ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არაერთხელ შეეხო ამ უფლებით დაცულ სფეროსა და შესადარებელ პირთა იდენტიფიცირების საკითხს. აგრეთვე, იმას, თუ როდის და რა შემთხვევაში აქვს ადგილი დიფერენცირებას და, შესაბამისად, რა წინაპირობების არსებობისას აკმაყოფილებს/არ აკმაყოფილებს იგი საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (იხ., სამოტივაციო ნაწილის 54-ე-57-ე პარაგრაფები). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო არარელევანტურად მიიჩნევს თანასწორობის უფლებით დაცულ სფეროზე განმეორებით მსჯელობას. შესაბამისად, სასამართლო გამოარკვევს მხოლოდ შესადარებელ პირთა წრეს და იმას, სახეზეა თუ არა განსხვავებული მოპყრობა, ხოლო ამის შემდგომ იმსჯელებს, რამდენად ობიექტურად და ლოგიკურად გამართლებულია არსებული დიფერენცირება.
5.2. სადავო ნორმით დადგენილი შინაარსისა და შესადარებელ პირთა იდენტიფიცირება
97. პატიმრობის კოდექსის 171 მუხლის პირველი ნაწილის (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა და ამ კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულისა, უფლება აქვს, ისარგებლოს ვიდეოპაემნით (პირდაპირი ხმოვანი და ვიზუალური ტელეხიდით) ნებისმიერ პირთან. მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო ნორმის მხოლოდ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს ბლანკეტურად უკრძალავს ვიდეო პაემნის უფლებით სარგებლობას.
98. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, მსჯავრდებულები, რომელთაც განაჩენის სახით შეფარდებული აქვთ თავისუფლების აღკვეთა და სასჯელს იხდიან დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ხოლო, მეორე მხრივ, იმ მსჯავრდებულთა წრე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, სასჯელს იხდის განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
99. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დახურული ტიპისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები, მათგან მომდინარე პოტენციური საფრთხისა და მათი დანაშაულებრივი წარსულიდან გამომდინარე, არ წარმოადგენენ იდენტურ კატეგორიას. შესაბამისად, დაშვება იმისა, რომ მათი უფლებები, მათ შორის, გარესამყაროსთან კომუნიკაციის სფეროში მეტ შეზღუდვებს შეიძლება ექვემდებარებოდეს, ვიდრე ნაკლები რისკის პატიმრებისა, ლოგიკურია და გამართლებული. ამასთანავე, სასამართლო არ უარყოფს, რომ ცალკეულ შემთხვევაში, დახურული ტიპისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები, მეტ-ნაკლებად გათანაბრებული არიან სხვა უფლებებით პრაქტიკული სარგებლობის სფეროში, თუმცა ვიდეო პაემნის განხორციელების შესაძლებლობისგან მხოლოდ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები არიან ბლანკეტურად დისტანცირებული. სწორედ ამ გარემოებას აფუძნებს მოსარჩელე თავის ლოგიკას თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევის თაობაზე. როგორც ის მიუთითებს, ორივე კატეგორიის მსჯავრდებულებს, თავისუფლების შეზღუდვისა და მისგან მომდინარე საჭიროებების გათვალისწინებით, გააჩნიათ თანაბარი ინტერესი, კავშირი შეინარჩუნონ საკუთარ ოჯახთან და გარესამყაროსთან, რის საშუალებასაც, მათ შორის, იძლევა ვიდეო პაემანი.
100. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულ პირთა მიმართ განსხვავებული, დიფერენცირებული მოპყრობა ხორციელდება მათი სამართლებრივი სტატუსის საფუძველზე. კერძოდ, შესაბამისი კატეგორიის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის ნიშნით. ამასთანავე, მოსარჩელის მითითებით, დიფერენციაცია მაღალი ინტენსივობისაა, ვინაიდან სადავო ნორმა, ბლანკეტურად მოქმედი შეზღუდვის პირობებში, სრულად ართმევს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს შესაძლებლობას, ისარგებლოს ვიდეო პაემნის უფლებით.
5.3. სახეზეა თუ არა განსხვავებული მოპყრობა
101. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეებზე, როდესაც მოსარჩელის მოთხოვნა უკავშირდება არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას რაიმე გამამართლებელი საფუძვლის გარეშე, პირველ რიგში, სწორედ განსხვავებული მოპყრობის ფაქტი უნდა დადგინდეს. მოცემულ შემთხვევაში, კერძოდ, უნდა დადგინდეს, რომ სადავო აქტით ხდება არსებითად თანასწორ პირთა მიმართ უთანასწორო, განსხვავებული მოპყრობა. საკონსტიტუციო სასამართლოში დავის განხილვისას დისკრიმინაციის საქმეებზე მტკიცების ტვირთის განაწილების მხედველობაში მიღებით, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, წარმოაჩინოს, ერთი მხრივ, საკუთრივ განსხვავებული მოპყრობის ფაქტი მის მიერ იდენტიფიცირებულ პირთა ჯგუფების მიმართ, ხოლო, მეორე მხრივ, ის გარემოება, რომ განსხვავებული მოპყრობა სწორედ სადავო ნორმებიდან მომდინარეობს. საკონსტიტუციო სასამართლო ადასტურებს, რომ სადავო ნორმა აწესებს განსხვავებულ, კერძოდ, ნაკლებად კეთილმოსურნე მოპყრობას განსაკუთრებული რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების მიმართ სხვა მსჯავრდებულებთან, მათ შორის, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებთან შედარებით. თუმცა სხვა საკითხია იმის შეფასება, წარმოადგენენ თუ არა სხვადასხვა ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები არსებითად თანასწორ სუბიექტებს პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის, მათ შორის, გარესამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნების ინტერესებთან მიმართებით და შეეხება თუ არა საქმე ერთგვაროვან/მსგავს გარემოებებში მყოფი პირების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას.
102. მოსარჩელე მხარე, როგორც ზემოთ აღინიშნა, შესადარებელ პირთა წრედ ასახელებს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს, რომელსაც აქვს ვიდეო პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა და გააჩნია განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულთან მიმართებით თანაბარი ინტერესი, შეინარჩუნოს კონტაქტი გარესამყაროსთან.
103. საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში გარესამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნების ინტერესი ყველა მსჯავრდებულს თანაბრად გააჩნია, თუმცა სასამართლოს ირელევანტურად მიაჩნია, რომ შესადარებელ პირთა არსებითად თანასწორობა დაეფუძნოს მხოლოდ ამ გარემოებას და არ გაითვალისწინოს საკუთრივ არსებული სამართალურთიერთობა და მსჯავრდებულების სხვადასხვა ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსების მიზეზები. განსახილველ საქმეზე სასამართლომ უკვე იმსჯელა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის რისკის შეფასების, მისი შესაბამის დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების, რისკის გადაფასებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება მიიღება თითოეულ მსჯავრდებულთან მიმართებით ინდივიდუალური მიდგომის შედეგად და რომ განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მოთავსება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ეფუძნება კონკრეტული მსჯავრდებულის ინდივიდუალურ გარემოებებს და მათთან დაკავშირებულ საფრთხეებს.
104. პატიმრობის კოდექსის მე-12 მუხლის (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, დახურული ტიპის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, როგორც შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, ისე სასიგნალიზაციო სისტემით აღჭურვილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისად. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისგან მას განასხვავებს შემდეგი მახასიათებლები: დახურული ტიპის დაწესებულება არის სასიგნალიზაციო სისტემით აღჭურვილი დაწესებულება, ხოლო განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები.
105. ვინაიდან მსჯავრდებულებისგან მომდინარე საფრთხე ჩვეულებრივ განსხვავებულია თავისი ხასიათითა და ხარისხით, გონივრულია, რომ მათ ათავსებდნენ სხვადასხვა ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში. მათ შორის, დახურული ტიპისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში იმთავითვე ერთმანეთისგან განსხვავებულად შეფასებულ მსჯავრდებულებს ათავსებენ. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ხვდებიან ის მსჯავრდებულები, რომლებთანაც დაკავშირებული საფრთხე, უფლებამოსილი ორგანოს შეფასებით, გაცილებით მეტია, ვიდრე იმ მსჯავრდებულებისა, რომელთა განწესება ხდება დახურული ტიპის დაწესებულებაში. მსჯავრდებულისგან მომდინარე რისკის შეფასებისას მხედველობაში მისაღები კრიტერიუმებისა და კანონმდებლობის სისტემური ანალიზი ცხადყოფს, რომ პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებით სარგებლობასთან მიმართებით თეორიულად თანაბარი ინტერესის მიუხედავად, დახურული ტიპისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები ვერ იქნებიან მიჩნეულნი როგორც არსებითად თანასწორები, რომელთა მიმართაც ერთგვაროვანი მოპყრობა უფრო გამართლებული იქნებოდა, ვიდრე გაუმართლებელი.
106. საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე არა ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ საფრთხეებზე, რომლებიც უკავშირდება განსაკუთრებული რისკის მსჯავრდებულის ოჯახის წევრებთან თუ სხვა პირებთან კომუნიკაციას ვიდეო პაემნის მეშვეობით, მათ შორის, ისაუბრა იმის ალბათობაზე, რომ ვიდეოპაემანი მათი მხრიდან შეიძლება გამოყენებულ იქნას არალეგიტიმური მიზნით, მაგალითად, უკანონო ქმედების ჩასადენად, დანაშაულში თანამონაწილეობისათვის და სხვა. სწორედ ამ მოსალოდნელობასა და ალბათობის ხარისხს უკავშირდება როგორც ამგვარი მსჯავრდებულების მიკუთვნება განსაკუთრებული რისკის კატეგორიისადმი, ისე მათთვის, სხვებთან შედარებით, უფრო მკაცრი პირობების დაწესება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დახურული ტიპისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოთავსებული მსჯავრდებულები არ წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მიზნებისათვის.
107. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებულია არსებითად უთანასწორო პირების (დახურული ტიპისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულების) მიმართ უთანასწორო მოპყრობა, რომელიც გამოიხატება, ერთი მხრივ, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულთათვის ვიდეო პაემნით სარგებლობის შესაძლებლობის მინიჭებით, ხოლო, მეორე მხრივ, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულთათვის ამ უფლების შეზღუდვით. ამდენად, აშკარაა, რომ სახეზე არაა არსებითად თანასწორ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა, რომელიც სასამართლოს დააყენებდა ამგვარი განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლებულობის შეფასების აუცილებლობის წინაშე. შესაბამისად, სასამართლო ამ ეტაპზევე წყვეტს შემდგომ დასაბუთებას, რაკი მიიჩნევს, რომ საქმე შეეხება განსხვავებულ ვითარებაში მყოფი/არსებითად უთანასწორო პირების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას, რაც არ წარმოადგენს აკრძალულ დიფერენციაციას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მიზნებისათვის. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1602 კონსტიტუციური სარჩელი არც ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს №1602 და №1603 კონსტიტუციური სარჩელები („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე