საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/13/1603 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 16 დეკემბერი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 დეკემბერი 2021 11:59 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-10 ნაწილის, 171 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 ნაწილების, მე-6 ნაწილის მე-2 წინადადების, მე-7 ნაწილის, 172 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, მე-2 ნაწილის, მე-5 ნაწილის მე-2 წინადადების, მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და მე-8 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1603) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1603 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 24 მაისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 16 დეკემბერს.
2. №1603 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ბრალდებული სარგებლობს მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 171 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ გარკვეული კატეგორიის მსჯავრდებულთა ვიდეოპაემნის უფლებას, კერძოდ, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა და ამ კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულისა, უფლება აქვს, ისარგებლოს ვიდეოპაემნით (პირდაპირი ხმოვანი და ვიზუალური ტელეხიდით) ნებისმიერ პირთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლება ეზღუდება დისციპლინური სახდელის მოხდის, დისციპლინური პატიმრობის ან პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებისა და კრიზისული ვითარების პერიოდში. თავის მხრივ, პატიმრობის კოდექსის 171 მუხლის მე-3 ნაწილი აწესებს მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის ორგანიზების ფორმას და უთითებს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებზე. ზემოხსენებული ნორმის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ მსჯავრდებული ვიდეოპაემნით სარგებლობს საფასურის გადაუხდელად. პატიმრობის კოდექსის 171 მუხლის მე-6 ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დადგენილია უფლებამოსილი ორგანოების წარმომადგენელ პირთა მიერ ვიდეოპაემნის უფლების განხორციელებისას, ვიზუალური ან/და ელექტრონული მეთვალყურეობის განხორციელების თაობაზე მსჯავრდებულისთვის წინასწარ ინფორმაციის სავალდებულო მიწოდების მოთხოვნა. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებები, სადაც შესაძლებელია მსჯავრდებულებთან ვიდეოპაემნის განხორციელება, ასევე ვიდეოპაემნის უფლების განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. პატიმრობის კოდექსის 172 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება ადგენს ხანგრძლივი პაემნის ცნების საკანონმდებლო დეფინიციას. თავის მხრივ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დადგენილია მსჯავრდებულის შესაძლებლობა, შესაბამისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, ისარგებლოს ხანგრძლივი პაემნის უფლებით კანონით განსაზღვრულ პირებთან. პატიმრობის კოდექსის 172 მუხლის მე-5 ნაწილის მე-2 წინადადება აწესრიგებს შემთხვევას, როდესაც მსჯავრდებულს, მისივე წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტების ჩართულობითა და თანხმობით, შესაძლებელია, გაუგრძელდეს კუთვნილი ხანგრძლივი პაემანი წელიწადში ერთხელ, კანონმდებლობით დადგენილი საათობრივი ზღვრის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევა საკარანტინო რეჟიმში მყოფ მსჯავრდებულს და მსჯავრდებულს, რომელსაც შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა ან მოთავსებულია სამარტოო საკანში. პატიმრობის კოდექსის 172 მუხლის მე-8 ნაწილი მიუთითებს, რომ ხანგრძლივი პაემნის უფლების მიცემაზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის თანხმობა ან მოტივირებული უარი მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.
4. მოსარჩელე მხარის მითითებით, პრობლემურია სადავო ნორმების ის ცალკეული ნორმატიული შინაარსი, რომელიც პატიმრობაშეფარდებულ ბრალდებულს იმპერატიულად გამორიცხავს ხანგრძლივი პაემნისა და ვიდეოპაემნის უფლებით სარგებლობისგან.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმების საფუძველზე, განსხვავებით მსჯავრდებული პირებისგან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაშეფარდებულ ბრალდებულთა იმპერატიულად გამორიცხვა ხანგრძლივი და ვიდეოპაემნით უფლებით სარგებლობისგან იწვევს მათ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებას.
7. ამგვარად, მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, ბრალდებულები, რომელთაც კანონმდებლობის შესაბამისად პატიმრობა აქვთ შეფარდებული და იმყოფებიან პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულები, რომლებიც იხდიან სასჯელს და ამ მიზნით მოთავსებული არიან შესაბამისი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. კონსტიტუციურ სარჩელში განვითარებული მოსაზრებით, მართალია, საზოგადოდ, თავისი საპროცესო სტატუსისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, ბრალდებულს მსჯავრდებულისაგან განსხვავებული სამართლებრივი მდგომარეობა გააჩნია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა არსებითად თანასწორ პირთა მიმართ განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმის დაწესება, ვინაიდან როგორც ბრალდებული, ისე მსჯავრდებული, იმყოფებიან შეზღუდული თავისუფლების პირობებში, შესაბამისად, თანაბარი ინტერესი გააჩნიათ, ჰქონდეთ პირდაპირი, უშუალო კონტაქტი თავის ოჯახთან, მათ შორის, ინტიმური კავშირის შესაძლებლობა, რის საშუალებასაც იძლევა ხანგრძლივი პაემანი და ვიდეოპაემანი.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ბრალდებულთა მიმართ, მსჯავრდებულებისაგან განსხვავებული, დიფერენცირებული მოპყრობა ხორციელდება საპროცესო სტატუსის ნიშნით. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, დიფერენციაცია მაღალი ინტენსივობისაა, ვინაიდან სადავო ნორმები, ბლანკეტური შეზღუდვის პირობებში, სრულად ართმევს ბრალდებულს შესაძლებლობას, ისარგებლოს ხანგრძლივი პაემნისა და ვიდეოპაემნის უფლებით.
9. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ მსჯავრდებულ პირთა წრეს აქვს ხანგრძლივი პაემნითა და ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლება, ემსახურება მსჯავრდებულთა ინტერესების დაცვას და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების დაზოგვას, რომლებიც ისედაც შეზღუდულია. ამის მიუხედავად, მოსარჩელის აზრით, გასაჩივრებული რეგულაციების საფუძველზე დადგენილი წესი ვერ პასუხობს უფლებაში ჩარევის აუცილებლობის კონსტიტუციურ მოთხოვნას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს. კერძოდ, სახელმწიფოს შეუძლია, რომ ხანგრძლივი პაემნისა და ვიდეოპაემნის რაციონალური, ამასთან, სამართლიანი განაწილების შემთხვევაში, ასევე აღჭურვოს ბრალდებული ზემოხსენებული უფლებით და შეზღუდული მატერიალურ-ტექნიკური რესურსი თანაზომიერად გამოიყენოს ორივე კატეგორიის პირთა წრის მიმართ.
10. დამატებით, სადავო ნორმების კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან წინააღმდეგობის წარმოსაჩენად, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მიერ ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობა და მისი გამოყენების სიხშირე ვერ იქნება დაკავშირებული მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობასთან. შესაძლებელია, რომ ბრალდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში დაჰყოს 9 თვემდე ვადით და ბლანკეტურად დისტანცირებული იყოს ზემოხსენებული უფლებით სარგებლობისგან მაშინ, როდესაც სავსებით შესაძლებელია, მსჯავრდებული მისთვის შეფარდებული სასჯელის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფებოდეს უფრო ნაკლები დროით და დაუბრკოლებლად სარგებლობდეს ხანგრძლივი და ვიდეოპაემნის უფლებებით.
11. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განმარტებით, სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტს. მოსარჩელის განმარტებით, ხანგრძლივი პაემნისა და ვიდეოპაემნის უფლება ბრალდებულისთვის არის შესაძლებლობა, შეინარჩუნოს და განავითაროს ოჯახური ურთიერთობები, რის საშუალებასაც სადავო ნორმები მთლიანად უხშობს ბრალდებულს თავისუფლების შეზღუდვის მთელი პერიოდის განმავლობაში.
12. მოსარჩელის მითითებით, პირის მიმართ თავისუფლების შეზღუდვის გამოყენებისას ნიშანდობლივია ოჯახის წევრებთან და, ზოგადად, გარესამყაროსთან კავშირის შესაძლებლობის თანამდევი შეზღუდვაც. თუმცა ხსენებული არ გულისხმობს ოჯახის წევრებთან და გარესამყაროსთან კავშირის სრულ აკრძალვას.
13. მოსარჩელე არ უარყოფს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე დადგენილი წესი ემსახურება მსჯავრდებულთა უფლებების დაცვას, ჰქონდეთ ხანგრძლივი პაემნის და ვიდეოპაემნის საშუალებებით ოჯახური ურთიერთობებით სარგებლობის ეფექტიანი შესაძლებლობა. თუმცა იგი მიიჩნევს, რომ ამის მიუხედავად, იგი ვერ აკმაყოფილებს უფლებაში ჩარევის აუცილებლობის კონსტიტუციურ მოთხოვნას. კერძოდ, სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, ხანგრძლივი პაემნითა და ვიდეოპაემნით სარგებლობის საშუალებათა სამართლიანი და რაციონალური განაწილების შემთხვევაში, მხედველობაში მიიღოს ყველა თავისუფლებაშეზღუდული პირის რეალური საჭიროებები. შესაბამისად, არსებობს უფლების უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალებები, რომლებიც მეტ-ნაკლებად თანაბრად დააკმაყოფილებდა ორივე კატეგორიის - როგორც მსჯავრდებულის, ისე ბრალდებულის ინტერესებს და მომეტებულად არ შეზღუდავდა ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების კონსტიტუციურ უფლებას.
14. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც მიემართება მის მიერ მითითებულ კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე №1603 კონსტიტუციურ სარჩელში, მათ შორის, სადავოდ ხდის პატიმრობის კოდექსის 171 მუხლის პირველ ნაწილს, 172 მუხლის მე-2 ნაწილის და მე-5 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. პატიმრობის კოდექსის 171 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა და ამ კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულისა, უფლება აქვს, ისარგებლოს ვიდეოპაემნით (პირდაპირი ხმოვანი და ვიზუალური ტელეხიდით) ნებისმიერ პირთან. თავის მხრივ, პატიმრობის კოდექსის 172 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დადგენილია მსჯავრდებულის შესაძლებლობა, შესაბამისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, ისარგებლოს ხანგრძლივი პაემნის უფლებით კანონით განსაზღვრულ პირებთან. ამავე კოდექსის 172 მუხლის მე-5 ნაწილის მე-2 წინადადება აწესრიგებს შემთხვევას, როდესაც მსჯავრდებულს, მისივე წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტების ჩართულობითა და თანხმობით, შესაძლებელია, გაუგრძელდეს კუთვნილი ხანგრძლივი პაემანი წელიწადში ერთხელ კანონმდებლობით დადგენილი საათობრივი ზღვრის ფარგლებში.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს ჩამოყალიბებული პრაქტიკით დადგენილია შემდეგი: იმისათვის, რომ დადგინდეს სადავო ნორმასა და მოსარჩელის მიერ მითითებულ კონსტიტუციურ დებულებას შორის აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება, აუცილებელია, განისაზღვროს ნორმის მოქმედების ფარგლები და მოხდეს მისგან მომდინარე შესაძლო შეზღუდვის შინაარსის იდენტიფიცირება. მოსარჩელე ვალდებულია, სასამართლოს დაანახოს და დაუსაბუთოს, რომ მისი მიერ კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში მითითებული შეზღუდვა სწორედ სადავო ნორმიდან მომდინარეობს. ამისათვის აუცილებელია, რომ იგი ეყრდნობოდეს კანონის ტექსტის დასაშვები და გონივრული განმარტების მეთოდებს ან/და საერთო სასამართლოების განმარტებას ნორმის პრაქტიკაში გამოყენების საკითხზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №1/23/824 განჩინება საქმეზე, „საქართველოს მოქალაქე გიორგი დგებუაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
4. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული სადავო ნორმები, ერთი მხრივ, ადგენს გარკვეული კატეგორიის მსჯავრდებულთა ვიდეოპაემნის უფლებას და, ზოგადად, მსჯავრდებულ პირთა შესაძლებლობას, ისარგებლონ ხანგრძლივი პაემნის უფლებით კანონით განსაზღვრულ პირებთან. მეორე მხრივ, ისინი, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, აღჭურავს მსჯავრდებულებს კუთვნილი ხანგრძლივი პაემნის გაგრძელების შესაძლებლობით. გასაჩივრებული რეგულაციებით გათვალისწინებული წესი, მათ შორის, შემზღუდავი ხასიათის, რომელიც ითვალისწინებს ვიდეოპაემნის უფლების გაუვრცელებლობას განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა და პატიმრობის კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიმართ, შეეხება მხოლოდ პირთა განსაზღვრულ წრეს - მსჯავრდებულებს და მათ მიმართ შემოსაზღვრავს ნორმატიული მოქმედების ფარგლებს. დასახელებული სადავო ნორმები საერთოდ არ არეგულირებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, განსაზღვრული საკანონმდებლო ნორმის გარკვეულ ურთიერთობებზე გაუვრცელებლობა, ავტომატურად რაიმე უფლების შეზღუდვას, რა თქმა უნდა, არ განაპირობებს. ხსენებული ნორმები თავის არსით უფლებააღმჭურველი ბუნებისაა ან/და ზღუდავს მხოლოდ გარკვეული კატეგორიის მსჯავრდებულთა უფლებას, შესაბამისად, არ გააჩნია არავითარი მიმართება ბრალდებულის სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრასთან. დასახელებული ნორმები არ შეიცავს რაიმე ხელშესახებ შინაარს, რომელიც შეიძლება იწვევდეს ბრალდებულთა ხანგრძლივი პაემნისა და ვიდეოპაემნის უფლების შეზღუდვას. თავისთავად ის ფაქტი, რომ საკანონმდებლო მოწესრიგება მსჯავრდებულ პირთა წრეს რაიმე უფლებით/შესაძლებლობით აღჭურავს, არ იძლევა კონსტიტუციურად დასაბუთებულ საფუძველს, რომ ამ მოწესრიგებიდან ამოკითხვადი იყოს ბრალდებულის უფლების მზღუდავი შინაარსი. ამდენად, აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში ემყარება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1603 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
6. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის პატიმრობის კოდექსის 171 მუხლის მე-2 ნაწილის და 172 მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელისთვის პრობლემურია პატიმრობის კოდექსის ზემოხსენებული ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პატიმრობაშეფარდებულ ბრალდებულს იმპერატიულად გამორიცხავს ვიდეოპაემნისა და ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობისგან.
7. აღსანიშნავია, რომ პატიმრობის კოდექსის 171 მუხლის მე-2 ნაწილი, ისევე როგორც 172 მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები არ არეგულირებს ბრალდებულის ვიდეოპაემნის და ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობის საკითხს. აღნიშნული დანაწესი ადგენს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პირთა კონკრეტული წრის - მსჯავრდებულების ვიდეოპაემნის/ხანგრძლივი პაემნის უფლების შეზღუდვის საფუძვლებს. მისი მოქმედების არეალი ამოიწურება ამ საფუძვლების იდენტიფიცირებით და არანაირი კავშირი არ აქვს მოსარჩელის მიერ მითითებულ ნორმატიულ შინაარსთან.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1603 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
9. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, მათ შორის, სადავოდ ხდის პატიმრობის კოდექსის 171 მუხლის მე-3, მე-4 ნაწილების, მე-6 ნაწილის მე-2 წინადადების და მე-7 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პატიმრობა– შეფარდებულ ბრალდებულს იმპერატიულად გამორიცხავს ვიდეოპაემნის უფლებით სარგებლობისგან.
10. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული სადავო ნორმები ადგენს ვიდეოპაემნის პრაქტიკაში სათანადო ოპერირების რიგ ფორმალურ-სამართლებრივ, ფინანსურ და პროცედურულ საკითხებს. დასახელებული ცალკეული სადავო ნორმები უთითებს უფლებამოსილ ორგანოებზე, რომელთა უშუალო კომპეტენციას განეკუთვნება მსჯავრდებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე ვიდეოპაემნის ორგანიზება, ასევე, ექსპლიციტურად ადგენს მსჯავრდებულის უფლებას, საფასურის გადაუხდელად ისარგებლოს ვიდეოპაემნის უფლებით, განსაზღვრავს უფლებამოსილი ორგანოების წარმომადგენელ პირთა მიერ ვიდეოპაემნის უფლების განხორციელებისას ვიზუალური ან/და ელექტრონული მეთვალყურეობის განხორციელების თაობაზე მსჯავრდებულისთვის წინასწარ ინფორმაციის სავალდებულო მიწოდების ვალდებულებას და ახდენს იმ პენიტენციური დაწესებულებების განსაზღვრის უფლებამოსილების დელეგირებას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რომელშიც შესაძლებელია მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის განხორციელება. გარდა ამისა, უთითებს მსჯავრდებულის მიერ ვიდეოპაემნის განხორციელების წესისა და პირობების მინისტრის შესაბამისი აქტით მოწესრიგების თაობაზე.
11. როგორც ზემოხსენებული სადავო ნორმებით მოწესრიგებული ურთიერთობების ანალიზი ცხადყოფს, მისგან არ იკვეთება ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში პრობლემურად მიაჩნია მოსარჩელეს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. გასაჩივრებული საკანონმდებლო ნორმები არანაირად არ ეხება პატიმრობაშეფარდებული ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას და მით უფრო არ ახდენს აღნიშნულ პირთა წრის იმპერატიულ დისტანცირებას ვიდეოპაემნის უფლებით სარგებლობისგან.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1603 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
13. მოსარჩელე სადავოდ ხდის ასევე პატიმრობის კოდექსის 172 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მოსაზრებით, დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებებს ეწინააღმდეგება ზემოხსენებული ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პატიმრობაშეფარდებულ ბრალდებულს იმპერატიულად გამორიცხავს ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობისგან.
14. პატიმრობის კოდექსის 172 მუხლის პირველი ნაწილი მისი ტექსტუალური წაკითხვის პირობებში ადგენს მხოლოდ ხანგრძლივი პაემნის ცნების ლეგალურ დეფინიციას. ნორმა განსაზღვრავს ხანგრძლივი პაემნის ცნებას, უფლებით მოსარგებლე პირებს და უთითებს იმ პირობებს, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ამ სერვისით სარგებლობა. პატიმრობის კოდექსის აღნიშნული გასაჩივრებული საკანონმდებლო დებულება არ მიემართება ბრალდებულ პირს და არ აწესრიგებს ამ უკანასკნელის მიერ ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობის თუ ამ უფლებისგან მისი ბლანკეტურად გამორიცხვის პირობებს. გამომდინარე აქედან, ცალსახაა, რომ მოსარჩელე არასწორად ახდენს ზემოხსენებული ნორმის შინაარსის იდენტიფიცირებას და არასწორად აქვს მისი მოქმედების ფარგლები აღქმული.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1603 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
16. კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, სადავოდ არის ასევე მიჩნეული პატიმრობის კოდექსის 172 მუხლის მე-8 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პატიმრობაშეფარდებულ ბრალდებულს იმპერატიულად გამორიცხავს ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობისგან.
17. აღსანიშნავია, რომ დასახელებული ნორმა არეგულირებს იმ შემთხვევებს, როდესაც მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს მიმართავს ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით და ამ მიმართვის საფუძველზე, უფლებამოსილ პირი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ამასთან, პატიმრობის კოდექსის 172 მუხლის მე-8 ნაწილი არ აწესრიგებს მსჯავრდებულის ზემოხსენებულ თხოვნასთან დაკავშირებით მისაღები თანხმობის თუ უარის მატერიალურსამართლებრივ წინაპირობებს, იგი შემოიფარგლება მხოლოდ შესაბამისი ფორმალური მოთხოვნის დაწესებით. კერძოდ, ნორმა ადგენს, რომ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, იქნება ეს ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობაზე თანხმობა თუ უარი, წერილობითი ფორმით უნდა ეცნობოს მსჯავრდებულს. გასაჩივრებული საკანონმდებლო ნორმა საერთოდ არ არეგულირებს იმ ურთიერთობებს, რომელიც დაკავშირებულია ბრალდებულის ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობასთან ან მისგან იმპერატიულად გამორიცხვასთან. შესაბამისად, მოსარჩელე არასწორად აღიქვამს სადავო ნორმის შინაარსს და სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1603 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1603 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1603 („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-10 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე–15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1603 („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პატიმრობის კოდექსის 171 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 ნაწილების, მე-6 ნაწილის მე-2 წინადადების, მე-7 ნაწილის, 172 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, მე-2 ნაწილის, მე-5 ნაწილის მე-2 წინადადების, მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და მე-8 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. №1602 და №1603 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე