საქართველოს მოქალაქე მამუკა ნიკოლაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 571 |
ავტორ(ებ)ი | მამუკა ნიკოლაიშვილი |
თარიღი | 20 იანვარი 2014 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
,,საკონსტიტუციო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად საკონსტიტუციო სარჩელი განსახილველად არ მიიღება თუ ა) ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. წარმოდგენილი სარჩელი ფორმითა და შინაარსით სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, რადგან სარჩელი ფორმალურად გამართულია და აკმაყოფილებს საქართველოს კანონის "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" მე-16 მუხლის მოთხოვნებს. სარჩელში მითითებულია: ა)საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება; ბ) მოსარჩელისა და მოპასუხის დასახელებები და მისამართები; გ)კონსტიტუციური სარჩელის ფორმა დაცულია, შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, ვინაიდან მამუკა ნიკოლაიშვილის მიმართ უშუალოდ იქნა გამოყენებული გასაჩივრებული ნორმა. დ) სადავო სამართლებრივი აქტის დასახელება, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი; ე) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, მოსარჩელის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო სამართლებრივი აქტი; ვ) მტკიცებულებანი, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას; ზ) მოთხოვნის არსი; თ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას; ი) კონსტიტუციურ სარჩელზე დართული საბუთების ჩამონათვალი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმოებაშია მამუკა ნიკოლაიშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე N 7405860, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა ან გაფლანგვისთვის , რომელმაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი , ქმედება ჩადენილია არაერთგზის , დიდი ოდენობით და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით. (სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ „გ“ „დ“ ქვეპუნქტები , მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) . ბრალდებულის ქმედება ასევე დაკვალიფიცირდა , როგორც სამოხელეო დანაშაული 332-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და 341-ე მუხლით, რომელიც სამსახურეობრივ სიყალბეს ითვალისწინებს. მას საბოლო ბრალი დაუსწრებლად 2007 წლის 2 აპრილს წაუყენეს და ბრალდებულის დამცველს კანონის შესაბამისად გადაეცა ბრალდებულის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების ასლი, რაც ითვლება ბრალდების წაყენებად, რომლის საფუძველზეც სასამართლოს მიერ აღკვეთი ღონისძიების სახით მამუკა ნიკოლაიშვილს შეეფარდა პატიმრობა და აღნიშნულიდან გამომდინარე მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ აღნიშნული საქმე არსებითად განსახილველად არ გადაიგზავნა სასამართლოში, რითიც დაირღვა ბრალდებულის მთელი რიგი უფლებები, მათ შორის კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება. 2010 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი ბრალდებულს არ აძლევდა საშუალებას, რომ დაეცვა საკუთარი ინტერესები სასამართლოში. მუხლის ახალი რედაქცია კი მსგავს შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, ამავე დროს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მესამე ნაწილის ახალი რედაქციის შესაბამისად განსაზღვრულია, რომ ,, ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისიხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსის 168 პრიმა და 168 სეკუნდა მუხლებით გათვალისწინებული განრიდების გამოყენების შემთხვევებისა.“ აქედან გამომდინარეობს, რომ ერთი და იგივე კანონი დროის მიხედვით სხვადასხვაგვარად ვრცელდება პირებზე, რაც მიგვაჩნია, რომ არსებითად მოდის წინააღმდეგობაში როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-14 ასევე, 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან. საქართველოს კოსნტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ იმსჯელა აღნიშნულ უფლებასთან მიმართებით და სხვადასხვა საქმეთა ანალიზიდან შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე აუცილებელი კომპონენტი, რომელიც აღნიშნული უფლებიდან გამომდინარეობს. 42-ე მუხლის მეხუთე პუნქტით დაცულია კანონიერების ძირითადი პრინციპი, რომელსაც ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის . აღნიშნული მუხლის მეხუთე პუნქტი აბოლუტური უფლებაა, ეს კი ნიშნავს, რომ არ არსებობს მისი შეზღუდვის რაიმე კანონიერი საფუძველი. ამავე დროს ამ მუხლით დადგენილი გარანტია ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც სახეზეა პირის პასუხისმგებლობა. ამრიგად მნიშვნელოვანია, ის გარემოება, რომ როგორც მატერიალურ ისე საპროცესო კანონმდებლობაში, პირისათვის მდგომარეობის განსაზღვრისა და პასუხისმგებლობის დაკისრებასთან მიმართებით ნორმათა განმარტება ყოველთვის ინდივიდის სასარგებლოდ უნდა განხორციელდეს . ბრალდებულის დამცველმა არაერთხელ მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას. უკანასკნელი წერილი 2013 წლის 11 ოქტომბერს იქნა გაგზავნილი, რომლის პასუხადაც მთავარმა პროკურატურამ წერილობითი პასუხის სახით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის შემდეგნაირი განმარტება გააკეთა: ,,თქვენი 2013 წლის 11 ოქტომბრის განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ მამუკა ნიკოლაიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რედაქციით. აღნიშნული კოდექსის 75-ე მუხლი არეგულირებს პირის ბრალდებულად ცნობას, რომლის თანახმადაც დანაშაულის ერთი და იმავე შემთხვევის გამო პირი ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისმგობლობაში შეიძლება მიცემულ იყოს არა უმეტეს 12 თვისა, თუმცაღა ამ ვადაში არ ჩაითვლება ის დრო, რომლის განმავლობაშიც ბრალდებული ემალებოდა გამოძიებას და მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა. როგორც თვენთვის ცნობილია მამუკა ნიკოლაიშვილს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება, ხოლო სასამართლოს მიერ აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, რომლის საფუძველზეც მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. გამომდინარე ხსენებულიდან, ბრალდებულად ყოფნის 12 თვიანი ვადის ათვლა ამ შემთხვევაში არ მომხდარა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (2009 წლის 09 ოქტომბრის) 329-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დადგენილი წესით და შესაბამისად, ამ საფუძვლით არ არსებობს ბრალდებულ მამუკა ნიკოლაიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების შეწყვეტის საფუძველი." 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 75 -ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის ერთი და იმავე შემთხვევის გამო პირი ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში შეიძლება მიცემულ იყოს არა უმეტეს 12 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალდება. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე წყდება სისხლის სამართლებრივი დევნა პირის მიმართ ან საქმე წარიმართება სასამართლოში არსებითად განსახილველად“; აღნიშნულმა მუხლმა ასახვა ჰპოვა 2010 წლის 1 ოქტომბერს ამოქმედებულ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-8 ნაწილში, რომლის მიხედვითაც გაუმჯობესდა პირის წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე არსებული მდგომარეობა და მისი ბრალდებულად ყოფნის მაქსიმალური პერიოდი ნაცვლად 12 თვისა განისაზღვრა 9 თვემდე ვადით. კანონმდებელი 169-ე მუხლის მე-8 ნაწილში აყენებს პირობას, რომელიც ატარებს იმპერატიულ ხასიათს სახელმწიფო ბრალმდებლის მიმართ, რომლის მიხედვითაც პირის ბრალდებულად ყოფნის 9 თვიანი ვადის გასვლა იწვევს ამ პირის მიმართ ამ ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას და გამორიცხავს მომავალში მისთვის იმავე ბრალდების წაყენებას. რაც შეეხება ძებნილი პირების მიმართ გამოძიებული საქმის სასამართლოში გადაგზავნას: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლში შესული 2006 წლის 29 დეკემბრის ცვლილებების მიხედვით, გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" და ,,ბ" პუნქტები, რომლებიც სისხლის სამართლებრივი დენის შეჩერების საფუძვლებს წარმოადგენდა: „სისხლის სამართლებრივი დევნა ჩერდება თუ: ა) ბრალდებული მიიმალა - მის მოძებნამდე; ბ)უცნობია ბრალდებულის ადგილსამყოფელი - ამ გარემოების დადგენიდან ბრალდებულის მოძებნამდე;“ 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით პირის სისხლის სამართლებრივი დევნის შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა პირის მიმალვა, რის გამოც პროკურატურა აჩერებდა საქმეს და აღარ ხდებოდა საქმის სასამართლოში გადაგზავნა/განხილვა, სადაც ბრალდებულს შესაძლებლობა ეკარგებოდა მისი ან კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით დაეცვა თავი. ამასთან დაკავშირებით ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსმა გააუმჯობესა პირის მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც აღარ არსებობს ბრალდებულისათვის სისხლისსამარლებრივი დევნის შეჩერების ზემოხსენებული ორი საფუძველი და შესაძლებელია პირი სასამართლოში წარმოადგინოს მისი კანონიერი ინტერესების დამცველმა და აღნიშნული საუძვლები არ წარმოადგენს სასამართლო პროცედურის დაბრკოლების მიზეზს. შესაბამისად აღნიშნული კანონის ცვლილებამ უზუნველყო პროცესუალური უფლებებისა და მდგომარეობის გაუმჯობესება. ვინაიდან ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა აუმჯობესებს პირის მდგომარეობას სისხლის სამართლის პროცედურულ ნაწილში და ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილი თავისი შინაარსიდან გამომდინარე პირდაპირ უგულებელყოფს პირის მდგომარეობის გაუმჯობესებას, ერთი და იგივე დანაშაულისათვის 2010 წლის 1 ოქტობრამდე (ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღებამდე) და 2010 წლის 1 ოქტომბრის (ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღების შემდეგ) შემდგომ ბრალდებული პირები არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან, რაც გამოიხატება შემდეგში: 1.2010 წლის 1 ოქტომბრამდე ბრალდებული პირების მიმართ გამოიყენება 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის პერიოდს განსაზღვრავს 12 თვის ვადით და უშვებს დამატებით 2 პირობას, რომელიც სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების საფუძვლებს წარმოადგენს; თუ ბრალდებული მიიმალა მის მოძებნამდე ან/და უცნობია ბრალდებულის ადგილსამყოფელი - ამ გარემოების დადგენიდან ბრალდებულის მოძებნამდე პირისათვის პასუხისგებაში მიცემის 12 თვიანი პერიოდი ჩერდება და პირი ბრალდებულად რჩება მის მოძებნამდე (განუსაზღვრელი ვადით); 2.აღნიშნულთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის 2010 წლის 1 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის პერიოდს 12 თვიანი ვადის ნაცვლად 9 თვით განსაზღვრავს და ამავე კანონში გაუქმებულია სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების ზემოაღნიშნული ორი საფუძველი, რომელიც პირდაპირ დადებითად მოქმედებს ბრალდებულის მდგომარეობაზე და საშუალებას აძლევს პირს მის მოძებნამდე სასამართლოში კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით დაიცვას თავი; 3.წინამდებარე შემთხვევასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ ბრალდებულის მიმართ მისი დასწრების გარეშე გადაწყვეტილების გამოტანის საშუალებას იძლევა 2010 წლის 1 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განსხვავებით 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა, სადაც პირის წინააღმდეგ აღძრული საქმის სასამართლოსათვის გადაცემა სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა. სწორედ აქედან გამომდინარე ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლებით დადგენილი თანასწორობის პრინციპი, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულობის, სამართლებრიობისა და სამართლიანობის ნიშნულს განსაზღრავს. საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლი ადგენს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, სადავო ნორმა კი ცალსახად არღვევს ამ მუხლს , რადგან კანონი არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ბრალდებულ პირებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობის ნორმები არ მოდიოდეს წინააღმდეგობაში აღნიშნულ პრინციპთან, თუმცა ამის მიუხედავად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირობა პირდაპირ წინაღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, აგრეთვე საერთაშორისო სისხლის სამართლის ნორმებთან. (რომის წესდება 24-ე მუხლი: „1. დაუშვებელია წინამდებარე წესდების შესაბამისად პირს შეეფარდოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ ქმედებისთვის, რომელიც ჩადენილ იქნა წინამდებარე წესდების ძალაში შესვლამდე. 2. მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე გამოყენებულ კანონში ცვლილების შეტანის შემთხვევაში გამოიყენება იმ პირისათვის უფრო ხელსაყრელი კანონი, რომლის მიმართაც წარმოებს სასამართლო გარჩევა ან, რომელიც ბრალეულად არის მიჩნეული”). საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილი, თავისი არსითა და 2010 წლის 1 ოქტომბრამდე ბრალდებული პირების მიმართ ძველი საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებაზე მითითებით, პირდაპირ ახდენს პირის მდგომარეობის გაუარესებას, ვინაიდან ახალი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა აუმჯობესებს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სამართლებრივ მდგომარეობას. ამრიგად ყოველივე ზემოთ თქმულის საფუძველზე მიგვაჩნია, რომ 329-ე მუხლის მე-3 ნაწილი არღვევს, როგორც კონსტიტუციის 14-ე , ასევე 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებულ უფლებებს. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა